Posted by: burusi | September 2, 2018

ბავშვთა იმუნიზაციის შესახებ დედების ცოდნა და დამოკიდებულებები, არასრული იმუნიზაციის მიზეზები

ბავშვთა იმუნიზაციის შესახებ დედების ცოდნა და დამოკიდებულებები, არასრული იმუნიზაციის მიზეზები

თენგიზ ვერულავა1, მარიამ ჯაიანი2

1 ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. იმუნიზაცია და ვაქცინაცია პროფილაქტიკურ ღონისძიებათა სისტემაა, რომელიც მიმართულია ინფექციური დაავადებების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ. კვლევის მიზანია დედების ცოდნის დონისა და დამოკიდებულებების, გამოცდილებების განსაზღვრა იმუნიზაციასთან დაკავშირებით. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევის ფარგლებში წინასწარ შედგენილი სტრუქტურირებული, თვითადმინისტრირებადი კითხვარის მეშვეობით ჩატარდა 188 დედის გამოკითხვა, რომლებსაც ყავთ 5 წლამდე შვილი. შედეგები. დედების უმრავლესობას (97%) აქვს დადებითი დამოკიდებულება იმუნიზაციასთან მიმართებით. მათი აზრით, ვაქცინაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დაავადებების პრევენციაში.  თუმცა, გამოკითხულთა 32%-ს არ აქვს საკმარისი ცოდნა პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ, რა ასაკში რომელ ინფექციებზე კეთდება ვაქცინაცია. ბავშვების 64%-ს ჩატარებული აქვს სრული, ხოლო 36%-ს არასრული ვაქცინაცია. არასრულყოფილი ვაქცინაციის ძირითადი მიზეზებია დედის ნაკლები განათლება პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ (25,5%), აცრის მეორე ან მესამე დოზის საჭიროებასთან მიმართებით ნაკლები ინფორმირებულობა (18.6%), პოსტვაქცინაციის გართულებების შიში (16%). მშობლების მოუცლელობა (10.1%), ბავშვის ავადმყოფობა (9.6%). ბავშვთა ვაქცინაციაზე გავლენას ახდენენ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დედის განათლება და დასაქმება, ბავშვების რაოდენობა. სრული იმუნიზაცია უფრო მეტად აქვთ ჩატარებული უმაღლესი განათლების მქონე და უმუშევარი დედების შვილებს. პირველ ბავშვზე სრული იმუნიზაცია შედარებით ნაკლებია, ვიდრე მეორე და მესამე ბავშვზე, რაც ცხადყოფს დედის განათლების, ცნობიერების და გამოცდილების დადებით გავლენას იმუნიზაციის სტატუსზე.  იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის ყველაზე მთავარ წყაროდ დასახელდა  სამედიცინო პერსონალი (49.5%), შემდეგ ინტერნეტ-რესურსები (21.3%). დასკვნა. საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისათვის იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ, საჯარო განათლების გაძლიერება, ტრენინგების ჩატარება სამედიცინო პროფესიონალებისათვის. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით სასურველია გააქტიურდეს კამპანიები იმუნიზაციის დადებითი მხარეების გაცნობის მიზნით.

საკვანძო სიტყვები: იმუნიზაცია, ბავშვთა იმუნიზაცია, ინფექციური დაავადებები, პრევენცია

ციტირება: თენგიზ ვერულავა, მარიამ ჯაიანი. იმუნიზაციის შესახებ დედების ცოდნისა და დამოკიდებულებების კვლევა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

A Study of Knowledge and Attitude on Immunization of Children in Georgia

Tengiz Verulava, Mariam Jaiani

Abstract

Background: Vaccination is the administration of a vaccine to help the immune system develop protection from a disease. It is the most cost-effective mechanism for disease prevention that allows people to have better protection from specific bacteria and viruses. Objective: The goal of the research is to determine mothers’ knowledge, attitudes and practices towards child immunization. Methods: In the framework of cross-sectional study, 188 mothers with children from three to five years of age, were surveyed in 7 kindergartens of Tbilisi (capital city of Georgia). The semi-structured questionnaire was administered in a face-to-face manner. Result: The majority of interviewed mothers (97%) have positive attitude towards immunization and believe that vaccination plays an important role in disease prevention. 32% do not have the sufficient information about routine vaccination schedule and subsequently 36% of children have incomplete vaccination. The reasons for incomplete vaccination are: a lack of knowledge about a routine vaccination schedule (25.5%), limited information about the necessity of the second or the third dose of vaccination (18.6%), fear of post-vaccination side effects (16%) and fear of a child illness (9.6%). Significant association was found between mothers’ education, practice and attitude regarding immunization. Health institutions (49.5%) and internet sources (21.3%) were the most popular sources of information about immunization. Conclusion: Incomplete immunization is related to mother’s lack of information about the immunization schedules, limited awareness about the second and the third dose of vaccination, and it is also related to fear of child getting sick after the vaccination. Some respondents believe that vaccination is not safe and can cause serious side effects. But the majority of mothers have positive attitude towards child immunization, but their levels of awareness is very low and they do not have comprehensive information about routine vaccination schedule. It is necessary to raise public awareness of the importance of immunization by implementing educational programs and by a traditional and social media.

Key words: Immunization, Vaccination, Child immunization, Infectious Diseases, Prevention, Georgia.

Quote: Tengiz Verulava, Mariam Jaiani. A Study of Knowledge and Attitude on Immunization of Children in Georgia. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1)

შესავალი

ვაქცინაცია პრევენციულ ღონისძიებათა სისტემაა, რომელიც მიმართულია ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ. იგი დაავადებათა პრევენციის ყველაზე ხარჯ-ეფექტური მექანიზმია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ადამიანის ორგანიზმს უკეთ დაიცვას თავი კონკრეტული ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან.

მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა. ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიოში ყოველწლიურად ბავშვთა მოსახლეობის ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით გადარჩეილია 2,5 მილიონამდე სიცოცხლე, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით კი  600 000 ადამიანის სიცოცხლე[1]. 2017 წლის მდგომარეობით, ბავშვთა დაახლოებით 85% (116.2 მილიონი) მიიღო დიფტერია-ტეტანუს-ყივანახველას (DTP3) ვაქცინის 3 დოზა. 2017 წლისთვის 123 ქვეყანაში მიღწეული იყო DTP3 ვაქცინის არანაკლებ 90%-იანი მოცვა[2].

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად. ქვეყანაში 1996 წლიდან მოქმედებს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა. მისი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ეფექტურად დაცვა ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისაგან, მაღალი მოცვის და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფით. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ასევე, საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით,  2017 წლიდან  დაიწყო 2008-2009 წლებში დაბადებული გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაციის პილოტური პროგრამა. ვაქცინების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს[3].

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროგრამის დაფინანსება (2012 წლიდან 2018 წლის პერიოდში იგი 4 მილიონი ლარიდან 22,4 მილიონამდე გაიზარდა). 2002 წლიდან საქართველო სერთიფიცირებულია როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისაგან თავისუფალი ქვეყანა. 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შედეგად გაუმჯობესდა როგორც მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა[4][5], ასევე იმუნიზაციით მოსახლეობის მოცვა, რომელიც ვაქცინების გარკვეული ნაწილისათვის სტაბილურად აღემატება 90%-ს (BCG, პოლიომიელიტი)[6].

მიუხედავად აღნიშნულისა, გარკვეულ ვაქცინებზე მოცვის სასურველი 95-96 %-ის ნაცვლად გვაქვს 90-92 %-იანი მოცვა. ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი წითელას და წითურას ინფექციური დაავადებები, რომლებიც ისევ რჩებიან ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთერთ ძირითად მიზეზად. საქართველოში 2017 წელს დაფიქსირდა წითელას 94 შემთხვევა. შემთხვევების 13% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 33%  – 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე[7]. ტეტანუსის, დიფთერიის, მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლები კრიტიკულად დაბალია და შეადგენს 75%-ს და ქვემოთ[8].

ვაქცინაციის დაფარვის დაბალი მაჩვენებლების აღმოსაფხვრელად ბევრს მიაჩნია, რომ იგი უნდა იყოს სავალდებულო, სხვები ხაზს უსვამენ იმ რისკებსა და ფაქტორებს, რომლებიც შეიძლება თან ახლდეს სავალდებულო იმუნიზაციას, მათ შორისაა საზოგადოების წინააღმდეგობა ვაქცინაციის მიმართ.

ვაქცინაციის შესახებ ცოდნა, მისდამი დადებითი დამოკიდებულება და შესაბამისი აღქმა ინფექციური დაავადებების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებებია[9][10]. კვლევები ადასტურებენ, რომ იმუნიზაციის სტატუსზე პოზიტიურ გავლენას ახდენს დედის განათლება[11],[12],[13], კერძოდ ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობა საგრძნობლად მაღალია უმაღლესი განათლების მქონე დედებში და ასევე, იმ ქალბატონებში, რომლებიც დედები ზრდასრულ ასაკში გახდნენ[14],[15],[16]. ასევე გავლენას ახდენს  იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება[17],[18][19][20] (Bhuiya et al., 1995). სოციალურ-კოგნიტიურმა მოდელებმა უზრუნველყვეს სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას, განსაკუთრებით ვაქცინის ზიანის შესახებ შიშის, როგორც იმუნიზაციის ბარიერის, დასაძლევად[21].

იმუნიზაციის სტატუსზე გავლენას ახდენს ვაქცინების ხელმიუწვდომლობა. ინდოეთში განხორციელებული კვლევის[22] მიხედვით, რესპოდენტთა 30.5%-ს ჩატარებული ჰქონდა არასრული ვაქცინაცია, რომლის მთავარ მიზეზად დასახელდა ვაქცინების ხელმიუწვდომლობა.

ბავშვთა ვაქცინაციის ერთ-ერთ მთავარ ბარიერად მიიჩნევენ მშობლების ნეგატიურ დამოკიდებულებას, მაგალითად, ვაქცინაციის მიმართ დედის შიშს, ასევე ვაქცინაციის არასასურველი ეფექტების და უკუჩვენებების გაუაზრებლობას, მსუბუქი ავადმყოფობის შემთხვევაში თავის შეკავებას. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით[23], ვაქცინაციაზე უარისა და იმუნიზაციით დაფარვის დაბალი მაჩვენებლის მთავარ გამომწვევ ფაქტორს წარმოადგენს მოსახლეობაში იმუნიზაციის ირგვლივ არსებული უარყოფითი დამოკიდებულებები.  ვაქცინაციაზე რეზისტენტული დედები არ ცრიან საკუთარ ბავშვებს, არ იძიებენ დამატებით ინფორმაციას ჯანდაცვის მუშაკებისა (სრული უნდობლობა) და სხვა წყაროებიდან და ეყრდნობიან მხოლოდ იმ პროფესიონალების ექიმთა რჩევებს, რომლებიც ვაქცინაციის წინააღმდეგნი არიან. იმუნიზაციის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ასევე მიუძღვით წვლილი სპეციალისტებს, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი იმუნიზაციაში და იზიარებენ უარყოფით შეხედულებებს[24]. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, აშშ-ში ძალიან გავრცელებულიი მშობელთა რწმენა, რომ ვაქცინებმა შესაძლოა გამოიწვიოს აუტიზმი[25].

კვლევები ადასტურებენ, რომ იმუნიზაციის მაღალი მოცვა მიღწეულ იქნა პირველადი ჯანდაცვის სისტემის ძალისხმევით; ანუ იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ეფექტური პირველადი ჯანდაცვის სისტემა, სრული იმუნიზაციის დონე უფრო  მაღალია[26].

ვაქცინაციის ჩატარებაზე მნიშვნელოვანია მედიის, ინტერნეტის და სოციალური მედიის როლი, რომელიც განაპირობებს მითების, ჭორებისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებას. დედები ინტერნეტს განიხილავენ, როგორც ინფორმაციის ყველაზე სანდო წყაროს ოჯახის ექიმების შემდეგ. კვლევამ დაადასტურა იმუნიზაციაში ჩართული ჯანდაცვის მუშაკების როგორც ტექნიკური შესაძლებლობების, ასევე მათი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაძლიერების საჭიროება, რადგან დედების უმეტესობა მაინც ეყრდნობა მათ, როგორც ინფორმაციის საიმედო წყაროს.

კვლევის მიზანია დედათა ცოდნის, დამოკიდებულების და ქცევის შეფასება ბავშვთა ვაქცინაციის მიმართ. იგი საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ არასრული იმუნიზაციის მიზეზები, ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ვაქცინაცის ჩატარებაზე, რაც დაგვეხმარება იმ ინტერვენციების დაგეგმვაში, რომლებიც მიზნად ისახავენ ვაქცინაციის მოცვის გაფართოებას და დროულობას.

მეთოდოლოგია

შერჩეული იქნა არაალბათური, რაოდენობრივი, ჯვარედინ-სექციური კვლევა. გამოკითხვა ჩატარდა წინასწარ შედგენილი სტრუქტურირებული, თვითადმინისტრირებადი კითხვარის მეშვეობით. კვლევა მიმდინარეობდა 3 თვის განმავლობაში (2018 წლის მარტი-მაისი).

გამოკითხვა ჩატარდა თბილისის 3 საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით. კვლევის ფარგლებში გამოიკითხნენ დედები, რომლებსაც ყავთ 5 წლამდე შვილი/შვილები. ჯამში გამოიკითხა 188 რესპონდენტი.

დაცული იყო კონფიდენციალურობა, კვლევაში მონაწილეობა იყო ნებაყოფლობითი. კვლევის მიზნების გაცნობის შემდეგ დედებისგან მიღებულ იქნა ზეპირი თანხმობა.

კვლევის მონაცემთა სტატისტიკური ანალიზისთვის გამოყენებული იქნა SPSS და ჩატარდა უნივარიაციული და სიხშირეთა კროსტაბულაციური ანალიზი

შედეგები

გამოკითხული ქალბატონებისგან უმრავლესობა (48.4%) წარმოადგენდა 26-დან 30 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. დედის საშუალო ასაკი შეადგენდა 27.12 ± 2.5 წელს. განათლების დონის თვალსაზრისით რესპონდენტთა ჯგუფები ხასიათდებიან შედარებით არაჰომოგენური შემადგენლობით. რესპოდენტთა ძირითად ნაწილს აქვს უმაღლესი განათლება (58.5% ფლობს ბაკალავრის ხარისხს, 8% – მაგისტრის ხარისხს), მესამედს აქვს სრული საშუალო განათლება (28,2%). დედების უმრავლესობა (77,7%) უმუშევარია. გამოკითხულთა 51.1%-ს ყავს 2 შვილი (ცხრილი 1).

ცხრილი 1. გამოკითხულ დედების სოციალურ-დემოგრაფიული მონაცემების განაწილება

Picture1

დედების შეფასებით, მათ უმრავლესობას (66%) აქვს დადებითი დამოკიდებულება იმუნიზაციასთან მიმართებაში, 71% კმაყოფილია სახელმწიფოს მიერ ჩატარებული იმუნიზაციის კამპანიით. რესპოდენტთა 58% მიიჩნევს რომ დაავადებების პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციის მეშვეობით, მხოლოდ 4% მიიჩნევს რომ ვაქცინაცია გარკვეულწილად მავნეა, გამოკითხულთა 63%-მა იცის პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ, რა ასაკში რომელ ინფექციებზე კეთდება ვაქცინაცია; 73% მიიჩნევს რომ აუცილებელია ვაქცინაცია ტარდებოდეს დაბადებიდან; 34%-ის აზრით, სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დავადებების მქონე ბავშვს არ უნდა გაუკეთდეს ვაქცინაცია; 49% არ მიიჩნევს, რომ ცხელების მქონე ბავშვს შესაძლებელია გაუკეთდეს ვაქცინაცია, 42%-ის აზრით, დიარეის მქონე  ბავშვს შესაძლებელია გაუკეთდეს ვაქცინაცია.

ცხრილი 2. დედების ცოდნის, დამოკიდებულების და აღქმის შეფასება (n = 188)

Picture2

კვლევაში ჩართული დედების 64%-ის განცხადებით, მათ ბავშვებს ჩატარებული აქვთ გეგმიური აცრები სრულად, ხოლო 36% ბავშვს აქვს არასრული ვაქცინაცია. არასრულყოფილი ვაქცინაციის ძირითად მიზეზად დასახელდა დედის დაბალი განათლება პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ, რა ასაკში რომელ ინფექციებზე კეთდება ვაქცინაცია (25,5%). ასევე, აცრის მეორე ან მესამე დოზის საჭიროების შესახებ ნაკლები ინფორმირებულობა (18.6%). რესპოდენტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არ არის უსაფრთხო და აქვთ გართულებების შიში (16%).

ცხრილი 3. არასრული ვაქცინაციის მიზეზები (n = 188)

Picture3

ცხრილი 4. კავშირი სოციალურ-დემოგრაფიულ მაჩვენებლებსა და იმუნიზაციის სტატუსს შორის

Picture4

შესწავლილ იქნა კავშირი იმუნიზაციის სტატუსსა და დემოგრაფიულ ცვლადებს  შორის: დედის განათლება, დედის დასაქმება, ბავშვების რაოდენობა. კვლევამ დაადასტურა, რომ დედის განათლება გავლენას ახდენს ვაქცინაციის ჩატარებაზე. უმაღლესი განათლების მქონე დედების უმრავლესობას თავიანთ შვილებზე ჩატარებული აქვთ სრული იმუნიზაცია. მაგისტრი დედების 86.7%-ის და ბაკალავრი დედების 86.4%-ის შვილებს ჩატარებული აქვთ სრული იმუნიზაცია. მაშინ როდესაც, უმეტესი არასრული საშუალო განათლების დედების შვილებს ჩატარებული აქვთ არასრული იმუნიზაცია.

პირველ ბავშვზე სრული იმუნიზაცია შედარებით ნაკლებია, ვიდრე მეორე და მესამე ბავშვზე. ამის მიზეზი შეიძლება იყოს დედის ცნობიერების ამაღლება, იმუნიზაციის უპირატესობების შესახებ გაუმჯობესებული ცოდნა.

იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის ყველაზე მთავარ წყაროდ დასახელდა  მედიცინის მუშაკები (49.5%), მეორე ადგილი დაიკავეს ინტერნეტ-რესურსებმა (21.3%). ინფორმაციის მიწოდება ასევე ხორციელდება ტელევიზიით (14.4%) და პრესით (3.7%) (ცხრილი ).

ცხრილი 5. იმუნიზაციის შესახებ ინფორმაციის წყაროები

Picture5

დისკუსია

კვლევის შედეგებიდან ნათელია, რომ გამოკითხული დედების დამოკიდებულებები იმუნიზაციასთან დაკავშირებით არის დადებითი და უმრავლესობა მათგანი შვილს უტარებს ვაქცინაციას. დედების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დაავადებების პრევენციაში. კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა დედის განათლება დედის დასაქმება, ბავშვების რაოდენობა გავლენას ახდენენ ბავშვთა ვაქცინაციის ჩატარებაზე. სრული იმუნიზაცია უფრო მეტად აქვთ ჩატარებული უმაღლესი განათლების მქონე დედების შვილებს. დედის განათლებასა და იმუნიზაციის სტატუს შორის მსგავსი კავშირი დაფიქსირდა სხვა კვლევებშიც[27][28],[29],[30],[31]. უმუშევარი დედების შვილებს უფრო მეტად აქვთ ჩატარებული სრული იმუნიზაცია, ვიდრე დასაქმებული დედების შვილებს.  დედის დასაქმებასა და იმუნიზაციის სტატუს შორის მსგავსი კავშირი დაფიქსირდა სხვა კვლევებშიც[32],[33]

პირველ ბავშვზე სრული იმუნიზაცია შედარებით ნაკლებია, ვიდრე მეორე და მესამე ბავშვზე. აღნიშნული ცხადყოფს დედის განათლების, ცნობიერების და გამოცდილების დადებით გავლენას იმუნიზაციის სტატუსზე. ბავშვის რიგითობასა და იმუნიზაციის სტატუს შორის მსგავსი კავშირი დაფიქსირდა სხვა კვლევებშიც[34],[35].

კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვთა თითქმის მესამედს აქვს არასრული ვაქცინაცია, რაც უმთავრესად დაკავშირებულია დედის ნაკლებ განათლებასთან პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ, აგრეთვე აცრის მეორე ან მესამე დოზის საჭიროებასთან მიმართებით ნაკლებ ინფორმირებულობასთან. რესპოდენტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არ არის უსაფრთხო და აქვთ გართულებების შიში. არასრული ვაქცინაციის ძირითად მიზეზად ასევე დასახელდა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრის პერიოდში.

კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის ყველაზე მთავარი წყაროა სამედიცინო პერსონალი. საჭიროა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების (ტელევიზია, რადიო, პრესა, ინტერნეტი) გამოყენების გაზრდა იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ამ მხრივ, ბოლო წლებში ელექტრონული მედია საშუალებების ძალისხმევამ შეიძლება გაზარდოს იმუნიზაციის მაჩვენებელი.

დასკვნა

დედების უმრავლესობას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ბავშვთა ვაქცინაციის მიმართ, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ვაქცინაციას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება დაავადებების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ შედარებით დაბალია მათი ინფორმირებულობა. დედების უმრავლესობა შვილს უტარებს ვაქცინაციას, მაგრამ შედარებით ნაკლები ინფორმაცია აქვთ პროფილაქტიკური აცრების კალენდარის შესახებ, თუ რა ასაკში რომელ ინფექციებზე კეთდება ვაქცინაცია.

საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ. აუცილებელია იმუნიზაციის შესახებ საჯარო განათლების გაძლიერება. ასევე საჭიროა იმუნიზაციის ტრენინგების ჩატარება სამედიცინო პროფესიონალებისათვის.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით სასურველია გააქტიურდეს კამპანიები იმუნიზაციის დადებითი მხარეების გაცნობის მიზნით, რათა ქვეყანაში მინიმუმამდე შემცირდეს იმ დედათა რიცხვი, რომლების ბავშვებს ვაქცინაციას უსაფუძვლო ეჭვების გამო არ უტარებენ.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Global Health Observatory (GHO) data. WHO. 2018. Link.
  2. Immunization coverage, Key facts, WHO. 2018. Link.
  3. Verulava T, Jorbenadze R, Barkalaia T. Introduction of universal health program in Georgia: Problems and Perspectives. Georgian Medical News, 2017; 262 (1): 116-120. Link Google  Scholar.
  4. Asatiani M., Verulava T. (2017). Georgian Welfare State: Preliminary Study Based on Esping-Andersen’s Typology. Economics and Sociology, 10 (4): 21-28. Link,  Google Scholar
  5. Verulava T., Maglakelidze T. (2017). Health Financing Policy in the South Caucasus: Georgia, Armenia, Azerbaijan. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, 11 (2): 143-150. Link,  Google Scholars
  6. Unicef. Children in Georgia. Immunization. Link
  7. ევროპის იმუნიზაციის კვირეული. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი.  Link
  8. Mooney E. Improving Immunization Coverage Through Policy in Georgia. 2018. Link.
  9. Tabassum, M.N., Gureja, A.W., Tabassum, S., Qamar, S., Asrar, A. Knowledge, attitude and practice of mothers regarding vaccination among the children under the age of five years. Pakistan Journal of Medical and Health Sciences 2017; 11(2):645-647. Link,  Google Scholar
  10. Alpert PT. An ounce of prevention is worth a pound of cure? Home Health Care Management and Practice 2009; 21(3):214-216. Link
  11. Nisar N, Mirza M, Qadri MH. Knowledge, Attitude and Practices of mothers regarding immunization of one-year old child at Mawatch Goth, Kemari Town, Karachi. Pak J Med Sci, 2010; 26(1): 183-186. Link,  Google Scholar
  12. Shah B, Sharma M, Vani S. Knowledge, attitude and practice of immunization in an urban educated population. Ind J Pediatr, 1991; 58 (5): 691–695. Link,  Google Scholar
  13. Tagbo BN, Uleanya ND, Nwokoye IC, Eze JC. Omotowo IB. Mothers’ knowledge, perception and practice of childhood immunization in Enugu. Nigerian journal of paediatrics 2012; 39(3):90-96. Link,  Google Scholar
  14. Angelillo IF, Ricciardi G, Rossi P, Pantisano P, Langiano E, Pavia M. Mothers and vaccination: knowledge, attitudes, and behaviour in Italy. Bulletin of the World Health Organization, 1999, 77 (3):224-9. PubMed Google Scholar
  15. Streatfield K, Singarimbun M, Diamond I. Maternal education and child immunization. Demography, 1990; 27: 447-455. Link, PubMed, Google Scholar
  16. Bhuiya A, Bhuiya I, Chowdhury M. Factors associating acceptance of immunization among children in rural Bangladesh. Health Policy Plan, 1995; 10: 304-311. Link, PubMed,  Google Scholar
  17. Jamil K, Bhuiya A, Streatfield K, Chakrabarty N. The immunization programme in Bangladesh: impressive gains in coverage, but gaps remain. Health Policy Plan, 1999; 14: 49-58. Link, Google Scholars
  18. Cui FQ, Gofin R. Immunization coverage and its determination in children aged 12-23 months in Gaunsu, China. Vaccine, 2007; 25: 664-671. Link,  Google Scholar
  19. Brown DW, Feeney G, Burton AH. Raising awareness among immunization programme managers to the potential bias resulting from the application of fixed factors to obtain target population size estimates. Open Public Health Journal 2012; 5:15-18. Link, Google Scholar
  20. Hayat H, Khan PS, Hayat G, Hayat R. Knowledge and attitude of caretakers of children regarding immunization. Eastern Journal of Medicine 2012; 17(3):126-129. Link, Google Scholar
  21. Peter M Harrington, Catherine Woodman, William F Shannon. Low immunization uptake: Is the process the problem? J Epidemiol Community Health, 2000; 54: 394–400. Link, PMC,  Google Scholar
  22. Mugada V, Chandrabhotla S, kaja DS, Macha SGKM. Knowledge towards childhood immunization among mothers & reasons for incomplete immunization. Journal of Applied Pharmaceutical Science, 2017; 7 (10):157-161. CrossMark, Google Scholar
  23. ქვეყანაში როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის დაინტერესებული მხარეების იმუნიზაციისადმი დამოკიდებულების შესწავლა. ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. 2012. link
  24. Tobin-West C, Alex-Hart B. Identifying barriers and sustainable solution to childhood immunization in khana local government area of Rivers State, Nigeria. International Quarterly of Community Health Education 2011; 32(2):149-158. Link,  Google Scholar
  25. Smith MJ, Woods CR, Marshall GS. Parental vaccine concerns in Kentucky. J Ky Med Assoc, 2009; 107: 342-349. PubMed,  Link,  Google Schore
  26. Bradley J, IGALS S. Improving the quality of child health services: participatory action by provinces. Int J Qual Health Care, 2005; 17:391-399. Link,  PubMed, Google Scholars.
  27. Bernsen RM, Al-Zahmi FR, Al-Ali NA, Hamoudi RO, Ali NA, Schneider J, Al-Mutawa J, Grivna M. Knowledge, Attitude and Practice towards Immunizations among Mothers in a Traditional City in the United Arab Emirates. Journal of Medical Sciences 2011; 4(3): 114-121.
  28. Bruce G. Gellin, Edward W. Maibach, and Edgar K. Marcuse. Do parents understand immunizations? A national telephone survey. Pediatrics, 2000; 106 (5): 1097–1102. Link,  PubMed, Google Scholar.
  29. Nath B, Singh JV, Awasthi S, Bhushan V, Kumar V, Singh SK. KAP study on immunization of children in a city of North India — A 30 cluster survey. Online J Health Allied Sci, 2008; 7: 2. Link,  Google Scholar
  30. Borràs E, Domínguez A, Fuentes M, Batalla J, Cardeñosa N, Plasencia A. Parental knowledge of paediatric vaccination. BMC Public Health, 2009; 9:154. Link, PubMed, Google Scholar.
  31. Soundarya Mahalingam, Abhijna Soori, Pradhum Ram, Basavaprabhu Achappa, Mukta Chowta, Deepak Madi. Knowledge, attitude and perceptions of mothers with children under five years of age about vaccination in Mangalore, India. Asian Journal of Medical Sciences, 2014; 5 (4): 52-57. Link,  Google Scholar
  32. Vilas RM, Hrishikesh Khadilakar, Rajesh NL, Umesh SJ, Sonali GC. Assessment of Sociodemographic Factors Affecting Immunization Status of Children in Age Group of 12-23 Months in a Rural Area. Indian Medical Gazette, 2013: 164-169. Link,  Google Scholar
  33. John Lekan Oyefara. Mothers’ Characteristics and Immunization Status of Under-Five Children in Ojo Local Government Area, Lagos State, Nigeria. SAGE Open, 2014: 1–10. Link,  Google Scholar
  34. Elizabeth T. Lumen, Steven B. Black, Henry R. Shinerfield, Marie Chelino. Maternal characteristics associated with the vaccination of young children. Pediatrics, 2003; 111: 1215-1218. Link,  Google Scholar.
  35. Bhola Nath, J. V. Singh, Shally Awasthi, Vidya Bhushan, Vishwajit Kumar, S. K. Singh. A study on determinants of immunization coverage among 12-23 months old children in urban slums of Lucknow district, India. Indian J Community Med, 2007; 32(4): 96-100. Link,  Google Scholar

 


Leave a comment

Categories