Posted by: burusi | August 19, 2018

მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ

მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ

ბექა კუტივაძე1, ირინა ლურსმანაშვილი1, თენგიზ ვერულავა2

1 სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2 მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი, ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია  2019; 5 (1)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. პირველადი ჯანდაცვის ადექვატური უტილიზაცია პირდაპირ აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ჯანდაცვის დანახარჯების ეფექტურობაზე. საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალია. კვლევის მიზანია საქართველოში ოჯახის ექიმთან მიმართვიანობის პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარით გამოკითხულ იქნა 20 ოჯახის ექიმი და 300 ბენეფიციარი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახის ექიმებთან მიმართვიანობა დაბალია, რაც განპირობებულია მათ მიმართ უნდობლობით, დაბალი ინფორმირებულობით ოჯახის ექიმის კომპეტენციების შესახებ. არაადექვატური ანაზღაურების გამო ოჯახის ექიმებს არ აქვთ სათანადო მომსახურების ჩატარების საკმარისი მოტივაცია. უწყვეტი პროფესიული განათლების სათანადო სისტემის განუვითარებლობა  ნეგატიურად ზემოქმედებს პროფესიულ განვითარებაზე. დასკვნა, რეკომენდაცია. მიზანშეწონილია პირველადი ჯანდაცვის სისტემის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება, ოჯახის ექიმთა ანაზღაურების ეფექტური მეთოდების დანერგვა, უწყვეტი პროფესიული განათლების როლის და ხელმისაწვდომის გაზრდა.

საკვანძო სიტყვები: პირველადი ჯანდაცვა, ოჯახის ექიმი, საოჯახო მედიცინა, მიმართვიანობა.

ციტირება: ბექა კუტივაძე, ირინა ლურსმანაშვილი, თენგიზ ვერულავა. მზრუნველობამოკლებული მოზარდების პრობლემები თავშესაფრის დატოვების შემდეგ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Abstract

Introduction. After leaving the shelter, young people without parental care have various problems, which is related to finding a residential apartment and employment. The goal of survey is to study problems about people who became adult and left shelter. Methodology. Within the qualitative research was conducted in-depth interviews  with social workers and young people without parental care. Results. Conclusion. After leaving the shelter, the state no longer helps young people, which causes bad consequences on certain contingencies. The majority of adults can’t return home and have problems about employment and finding a place of residence. Considering this, in order to improve situation of young people it is necessary that through joint efforts of state and private structures to continue to care for them, conduct various vocational training and promotion of employment.

Keywords: Aging out, foster care, transition to independence, youths’ perspectives

Quote: Beka Kutivadze, Irina Lursmanashvili, Tengiz Verulava. Challenges Faced By Youth Aging Out of Foster Care. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1)

____________________________________________________________________________________________

შესავალი

2010 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ეროვნული სამოქმედო გეგმა. მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების ე.წ. “ბავშვთა სახლების” დახურვაზე და მათ ნაცვლად მინდობითი აღზრდის სისტემისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების განვითარებაზე. განხორციელებული რეფორმის შედეგად გადამზადდა სოციალური მუშაკები, რომლებიც აწარმოებენ ოჯახურ გარემოში ახლადგანთავსებული ბავშვების მონიტორინგს.

საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სრული რაოდენობა 1643-ია. აქედან მინდობითი აღზრდის პროგრამაში ჩართულია 1205 ბავშვი, ხოლო საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში 335 ბავშვი ცხოვრობს.

18 წლამდე მოზარდების ყოველდღიურ ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. მათთვის სწავლა ზრდასრულ ასაკშიც უფასოა. 18 წლის ასაკში, ანუ სრულწლოვანების მიღწევისას ბენეფიციარი თავისუფლდება სახელმწიფო მზრუნველობისგან, ანუ თავად უწევს საცხოვრებელსა და ყოველდღიურ შემოსავალზე ზრუნვა.

მზრუნველობამოკლებულ პირთა სახელმწიფო მზრუნველობისგან გათავისუფლების ასაკი სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირია. თუმცა, როგორც წესი, მზრუნველობამოკლებულ პირებს 18 წლამდე ყველა სახელმწიფო აძლევს თავშესაფარს. ევროპის ზოგი ქვეყანა მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდას საშულებას აძლევს  21 ან 27 წლამდე ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერით. მაგალითად, ავსტრიაში შესაძლებელია მზრუნველობამოკლებული ბავშვებზე სახელმწიფო დახმარება გაგრძელდეს 21 წლამდე, ხოლო იგი წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე ექნება ნაპოვნი სამუშაო და აქვს შესაბამისი პირობები. გერმანიაში შესაძლებელია ასეთ ბავშვებზე სახელმწიფოს მზრუნველობა 27 წლამდე გაგრძელდეს. უნგრეთში თუ ახალგაზრდა განათლებას იღებს სასწავლო დაწესებულებებში, მათზე სახელმწიფო მზრუნველობა 25 წლამდე გრძელდება. ნორვეგიაში 18 წლამდეა სახელმწიფო მზრუნველობა, რომლის შემდგომ ინდივიდმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვებს თავშესაფარს, თუ დარჩება სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ. მათ შეუძლიათ 12 თვე გაიხანგრძლივონ დარჩენის პერიოდი, ან ჩაერთონ მზრუნველობის შემდგომ ეტაპში და 23 წლამდე იყვნენ სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაწერონ მომდევნო წლების ცხოვრების გეგმა. გეგმის მოწონების შემთხვევაში მათ აძლევენ მისი განხორციელების საშუალებას და ტოვებენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ.

კვლევები ადასტურებენ, რომ სრულწლოვანების მიღწევისას თავშესაფრის დატოვების შემდეგ მოზარდების უმრავლესობა სერიოზულ პრობლემებს განიცდიან, მათ შორის უსახლკარობა, სიღარიბე, ადრეული ორსულობა და არასტაბილური დასაქმება [1, 2]. ხშირია შემთხვევები, როდესაც მათ არსად აქვთ წასასვლელი [3]. ოჯახში დაბრუნების შემთხვევაშიც უმეტესწილად ისინი დგებიან ბიოლოგიურ ოჯახთან ადაპტაციის პრობლემის წინაშე, რადგან ის მიზეზები, რის გამოც ბავშვი, თავის დროზე, სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში გადაიყვანეს, კვლავ არსებობს (მაგალითად, ოჯახური ძალადობა, უკიდურესი სიღარიბე, ოჯახის წევრთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები) და არ აქვთ სამომავლოდ განვითარების საშუალება, რაც მათ მომავალს უზრუნველყოფდა [4, 5, 6].

ექსპერტები გამოყოფენ შემდეგ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც აუცილებელია თავშესაფრის დატოვების შემდეგ ახალგაზრდების ფუნქციონირებისათვის: დასაქმება, განათლება, საცხოვრებელი პირობები, მხარდამჭერი ქსელები, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, სამართლებრივი ჩართულობა, საზოგადოებაში ცხოვრებისათვის მზადყოფნა [2, 3]. თავშესაფრის დატოვების შემდეგ მზრუნველობამოკლებული მოზარდთა 20% მყისიერად ხდება უსახლკარო. 24 წლის ასაკისთვის მათგან მხოლოდ ნახევარია დასაქმებული [7, 8]. 20 000-ზე მეტი ახალგაზრდა ვერ დაუბრუნდა ოჯახს და ვერ მოიძია მუდმივი საცხოვრებელი. სრულწლოვნობის მიღწევის შემდეგ მხოლოდ 6% აგრძელებს სწავლას უფრო მაღალ საფეხურზე და მათგან მხოლოდ 50% იღებს სასწავლებლის დასრულების დიპლომს [9, 10, 11].

ექსპერტთა აზრით, ამ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ინდივიდებისა და ოჯახების, ეკლესიის, კორპორაციებისა და სამთავრობო ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით და მათი რესურსების გამოყენებით. მზრუნველობამოკლებული ბავშვების აყვანით ინდივიდებსა და ოჯახებს შეუძლიათ ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი მათ დასახმარებლად. თუმცა, მზრუნველობამოკლებული ბავშვების მინდობით აღზრდა და აყვანა არ არის ერთადერთი გზა მათ დასახმარებლად. ინდივიდებს შეუძლიათ იყვნენ მოხალისეები მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარებისათვის განკუთვნილ სპეციალურ სასწავლო პროგრამებში. კორპორაციებს შეუძლიათ განახორციელონ ტრენინგები და სტაჟირება მინდობით აღსაზრდელი ბავშვებისთვის. ბიზნესს შეუძლია ახალგაზრდებს მისცეს საჭირო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას. უნივერსიტეტებმა დაიწყეს პროგრამების განხორციელება სპეციალურად მინდობით აღსაზრდელი ბავშვებისათვის, რაც გულისხმობს ფინანსურ დახმარებას, საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფას, ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების გამომუშავებას,  კონსულტაციას სხვადასხვა საკითხებში, კარიერის დაგეგმვასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

საქართველოში ზრუნვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც სრულწლოვანებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაში ეხმარება, „SOS ბავშვთა სოფელი საქართველოში“ და „ჩვენი სახლი – საქართველოა“. პროექტი ხორციელდება ფონდ „ნატახტარის“ მხარდაჭერით მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში. მას შემდეგ, რაც მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბავშვი 15 წლის გახდება, ფსიქოლოგი  მასთან იწყებს მუშაობას: მიმდინარეობს მათი საჭიროებების შესწავლა, უნარების შეფასება, სურვილებისა და ინტერესების გარკვევა. ამის საფუძველზე ხდება ინდივიდუალური გეგმის შემუშავება, რომელიც მათ ეხმარება დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის შემზადებაში. გეგმა შეიძლება მოიცავდეს სასკოლო საგნებში, პროფესიული კოლეჯისთვის მომზადებას, პროფორიენტაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას, ადგილობრივ ოსტატთან ბენეფიციარის შეგირდად მოწყობას, გამოცდებისთვის მომზადებას, წიგნებისა და სამუშაო იარაღების შეძენას, სოციალური უნარების განვითარების მიმართულებით მუშაობას. პროექტის ფარგლებში ბავშვებს უფინანსდებათ პროფესიული განათლება. ფსიქოლოგი მუდმივად თვალყურს ადევნებს, აწყდებიან თუ არა ისინი პრობლემებს სწავლის, შემდგომ კი მუშაობის პროცესში.

ფსიქოლოგის მუშაობა ბენეფიციართან გრძელდება ახალგაზრდის სრულ დამოუკიდებლობის მიღწევამდე, შეიძლება 22-24 წლის ასაკამდეც. იმ შემთხვევებში, როდესაც ახალგაზრდა ტოვებს მცირე საოჯახო ტიპის სახლს და არ აქვს თავშესაფარი, ფონდი მას უნიშნავს „სტიპენდიას“ რომელსაც გამოიყენებს საცხოვრისის ქირის, ტრანსპორტისა და კომუნალური ხარჯების დასაფარად. ფონდის თანხა არ არის შეუზღუდავი, ამიტომ თანხა გაიცემა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საკოორდინაციო საბჭო ყოველთვიურად განიხილავს თითოეული ბენეფიციარის პრიორიტეტებს და საჭიროებისამებრ გასცემს დახმარებას.

როდესაც მოზარდი გაერკვევა, თუ რისი შესწავლა სურს მას, ამის შემდეგ პერსონალურად მისთვის დგება განვითარების გეგმა, რომლის შედგენას ხელმძღვანელობს ფსიქოლოგი. გეგმა არის 3-6 თვიანი და მისი განახლება ხდება პერიოდულად. ფსიქოლოგი ბენეფიციარს ასწავლის CV-სა და სამოტივაციო წერილის შედგენას, გასაუბრებაზე მოქცევის წესებს, სამსახურის საძიებო საიტებთან მუშაობას და დაკავშირებას. ფსიქოლოგოები მუშაობენ დასაქმებისთვის აუცილებელი უნარების განვითარებაზე. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა თვითონ პოულობს სამსახურს.

სამწუხაროდ, საქართველოში ნაკლებად ტარდება კვლევები მზრუნველობამოკლებული ბავშვების შესახებ. ასევე,   უცნობია, როგორ გრძელდება მათი ცხოვრება 18 წლის ასაკში თავშესაფრის დატოვების შემდეგ, რამდენად ახერხებენ რესოციალიზაციას საზოგადოებაში.

კვლევის მიზანია მზრუნველობამოკლებულ მოზარდთა პრობლემების შესწავლა თავშესაფრის დატოვების შემდეგ.

მეთოდოლოგია

თვისებრივი კვლევის ფარგლებში განხორციელდა მზრუნველობამოკლებული სრულწლოვანი ახალგაზრდების და სოციალური მუშაკების სიღრმისეული ინტერვიუ. კვლევისათვის შეირჩა 15 მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდა, რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი და დატოვეს თავშესაფარი. მათი ასაკი არ აღემატება 25 წელს.  ასევე, შეირჩა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე 3 სოციალური მუშაკი.

რესპოდენტთა შესარჩევად გამოყენებულ იქნება  შერჩევის ერთ – ერთ  ხელსაყრელი სახე,  არაალბათური შერჩევა  და მისი  ყველაზე მოსახერხებელი ტიპი – თოვლის გუნდა. კვლევის ინსტრუმენტია ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი, რომელიც თითოეული რესპონდენტის შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს  საჭიროებისამებრ შევცვალოთ კითხვები.

კვლევის  შეზღუდვები

კვლევის შერჩეული მეთოდები არ იძლევა პასუხების განზოგადების საშუალებას, მისი მეშვეობით შესაძლებელია არსებული სოციალური მოვლენის სიღრმისეული ანალიზის ჩტარება. მეორე მნიშვნელოვანი შეზღუდვა დაკავშირებულია საჭირო რაოდენობის რესპოდენტების მოძიების სირთულესთან. ასევე, კვლევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა შეიძლება აღმოჩნდეს რესპონდენტის გულახდილობა, განსაკუთრებით მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების შემთხვევაში. არაგულწრფელი ინტერვიუ კი, რა თქმა უნდა, რეალობის საერთო სურათს დაამახინჯებს და ობიექტური დასკვნის გაკეთების საშუალებას არ მოგვცემს.

შედეგები

ჩვენი რესპონდენტები ბავშვობიდან თავშესაფრის ბინადრები არიან, ამიტომ ბევრი სალაპარაკო თავშესაფრამდე პერიოდზე არ აქვთ, თუმცა იხსენებენ როგორ ცხოვრობდნენ დედასთან, მამასთან და ოჯახის წევრებთან ერთად.  რესპონდენტების უმრავლესობა თავშესაფარში მშობლების გარდაცვალების შემდეგ მოხვდნენ.  თავშესაფრამდე ცხოვრება არ იყო მარტივი, რადგან სიღარიბეში უწევდათ არსებობა.

პირველი რესპოდენტი: „დავიბადე თბილისში, ეროვნებით ვარ ქურთი… თავიდან ვიზრდებოდი ტრადიციულ ქურთულ ოჯახში… ქურთულად ვლაპარაკობდი, ყველაფერი ქურთული მქონდა… მერე, დაახლოებით 4 წლის ასაკში, გარკვეული პრობლემების გამო წავედი ძეგვის თავშესაფარში. მე და დედა ვიყავით ამ თავშაფარში, მამა თბილისში ცხოვრობდა და ხანდახან ჩამოგვაკითხავდა ხოლმე. ახლა გარდაცვლილია ორივე, ასე რომ აღარცერთან აღარ მაქვს ურთიერთობა. მერე, უკვე ვიყავი ათი წლის, როცა ძეგვიდან გადავედი ბედიანის ბავშთა ცენტრში და იქ გავატარე ცხოვრება“.

მეორე რესპონდენტი: ,,მე დავიბადე ბორჯომში. მამა ადრე გარდამეცვალა. 8 წლის ვიყავი, როცა დედა დამეღუპა. ბიძაჩემს და ბიცოლეჩემს უნდა გავეზარდე, მაგრამ რადგან მათაც ყავდათ შვილები და იმ პერიოდში ყველას უჭირდა, ეს დაახლოებით 2003 წლის ამბავია, როცა ცუდი ამბები ხდებოდა და გამომარიდეს ასე ვთქვათ ყველაფერს და გადაწყვიტეს რომ ბავშვთა სახლში დავეტოვებინე. ფიქრობდნენ, რომ იქ უკეთ მომივლიდნენ. უნდოდათ უფრო ისეთ ადგილას მოვხვედრილიყავი… ხო ხვდებით, მონასტერი… გაიგო ძეგვზე და მანდ მიმიყვანა და მანდედან ერთ კვირაში გადამიყვანეს ბედიანში, სადაც ირმა მასწავლებელთან მოხვდი  და ბოლომდე იმასთან ვიყავი“.

რესპოდენტები ბავშვთა სახლში მცირე ასაკში, მშობლების გარდაცვალების გამო მოხვდნენ. თუმცა, ერთი რესპონდენტი ბავშვთა სახლში ოჯახის წევრებთან, ანუ მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, ბავშვთა სახლში ეკონომიკური პრობლემების გამო მოუწიათ გადასვლა, იმ პერიოდში კი ბავშვთა სახლებში შესაძლებელი იყო ოჯახთან ერთად ცხოვრება.

რესპონდენტებმა აღწერეს ძეგვის და ბედიანის თავშესაფარში ცხოვრების პირობები. როგორც მათი საუბრიდან შევიტყვეთ, ძეგვის თავშესაფართან შედარებით, ბედიანში ცხოვრების პირობები უკეთესი იყო.

„ახლა იცი რას ვფიქრობ? ბევრ ბავშვთა სახლი ვარ ნამყოფი, ბედიანის ბავშთა სახლშიც ვარ ნამყოფი, ძეგვშიც,  იმედის ბავშთა ცენტრშიც და ყველაზე ცუდი ადგილი, სადაც ვარ ნამყოფი ახალდაბის ბავშთა ცენტრში იყო. იცი როგორ სიტუაცია იყო? აი სრული განუკითხაობა და  იმედის ბავშთა ცენტრი ცოტა ნორმალური იყო, მაგრამ მანდაც მაგარი არეულობა იყო, ყურადღებას არ აქცევდნენ საერთოდ ხალხს… თან იყო ერთი სივრცე, 5 ბავშვს კი არა ბატალიონს ეძინა ერთ ოთახში… თან უფროსები უმცროსებს ჩაგრავდნენ… ძეგვში ჩემი ტოლები საერთოდ არ იყვნენ და მოვიწყენდი ხოლმე. 2 წელი ვიყავი ახალდაბაში, 2-3 თვე იმედის ბავშთა ცენტრში, ძეგვში ერთი კვირა  და მერე ბედიანში. ბედიანში არის როგორი სიტუაცია იცი? ოჯახის ტიპისაა, პატარა კოტეჯებია, 2-3 ბავშვი და ერთი აღმზრდელი, ყველაფერი ჩვეულებრივად კეთილმოწყობილი.“

რესპონდენტებს ვთხოვეთ აღეწერათ თავშესაფარში ცხოვრების ერთი დღე ან ერთი კვირა:

„ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ასეთი: იღვიძებდი დილას, ასე დაახლოებით 8 საათზე. ვიღვიძებდი რაა, ძალით მაღვიძებდნენ და მივდიოდი სკოლაში. სკოლა იყო ბავშვთა ცენტრის კი არა, საჯარო. სოფელია პატარა, ძალიან ისეთი საყვარელი, ლამაზი, შეხება გვქონდა მარტო ბავშთა ცენტრის ბავშვებთან კი არა, ზოგადად, სოფლის ბავშვებთან და არა მარტო ქართველებთან, სომხებთან, აზერბაიჯანელებთან. ინტერნაციონალური სოფელია მოკლედ რა… მივდიოდი სკოლაში, ვესწრებოდი გაკვეთილებს, მერე მოვდიოდი და ვსწავლობდი, ჩვეულებრივად, მეხმარებოდნენ მასწავლებლები, ჩემი კოტეჯის აღმზრდელიც ისტორიას მასწავლიდა სკოლაში და ბოლოს დირექტორიც გახდა და დირექტორი სახლში მყავდა… ჩვეულებრივად ვმეცადინეობდი, ვსადილობდი და ა.შ. არანაირი განსხვავება ოჯახიდან.“

რესპონდენტების თქმით, ძალიან ხშირად ტარდებოდა საგანმანათლებლო პროექტები (ექსკურსიები, მუზეუმების დათვალიერება), რომლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ვმეგობრობდით სკოლებთან, საიდანაც ძალიან ბევრი მეგობარიც შევიძინე.  ჩამოდიოდნენ ჩვენთან, ხან კი  ჩვენ ჩავდიოდით, მუზეუმებშიც დავდიოდით და სპექტაკლებსაც ვესწრებოდით. ექსკურსიებზე ხო ძალიან ხშირად დავდიოდით. მთელი საქართველო მაქვს მოვლილი ლაშქრობით, პარაპლანითაც მაქვს ნაფრენი… ასე რომ, რომ ვთქვა ბავშვობაში რამე დამაკლდა-მეთქი არა, ამ ხალხის წყალობით ნამდვილად არაფერი დამკლებია.“

,,ერთი პროექტი იყო, აღარ მახსოვს რა ერქვა, მაგრამ მიზანი იყო ის, რომ ყოველ კვირა ჩამოდიოდა ერთ-ერთი სკოლა და ერთობლივად რაღაცა საგანმანათლებლო პროექტებს ვაკეთებდით, შემეცნებითს. ბავშვობიდან სულ მახსოვს, რომ უცხოელი სტუმრები სულ გვსტუმრობდნენ, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, აკეთებდნენ საკუთარ პროექტებს და აქტიურად ვერთვებოდით. უცხოელ სკოლებთან ერთობლივი საზაფხულო ბანაკები გვქონდა…“

„ორ კვირაში ერთხელ მაინც გქვონდა ხოლმე გასვლა, კინოთეატრში დავდიოდით, მუზეუმებში, ნატახტარის ქარხანაშიც… კონცერტებზე. მოძრაობის თეატრი როა, ჩვენი მეგობრები არიან, გვპატიჟებენ ხოლმე და თვითონაც ჩამოდიან და ა.შ.“

კითხვაზე, რას განიცდიდნენ როცა ფიქრობდნენ, რომ თავშესაფრის დატოვება მოუწევდათ მალე, აღმოჩნდა, რომ რესპონდენტებს გაცნობიერებული ჰქონდათ, რომ თავშესაფარში ვერ დარჩებოდნენ სიცოცხლის ბოლომდე, ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით ფსიქოლოგიურად მომზადებულები იყვნენ და განსაკუთრებული სტრესი არ ჰქონიათ. თუმცა, ერთგვარი შიში ჰქონდათ. ყველაზე დამთრგუნველი გაურკვევლობის გრძნობა იყო, არ იცოდნენ სად ან როგორ უნდა დაეწყოთ მუშაობა. თავშესაფარმა, ამ მხრივ, მაქსიმალური ხელშეწყობა გამოუცხადა ახალგაზრდებს.

,,ბავშვთა ცენტრი კაია, იმიტომ რომ, ვიდრე შენს გზას არ მოძებნი გეხმარებიან ბოლომდე. თვითონ ბავშთა სახლი გეხმარება, აბა მოდი სამსახური მოძებნე, აბა მოდი ეს გააკეთე, აქ სწავლა გინდა? მოდი აქ ისწავლე და სანამ არ დადგები და ბევრი დადგა უკვე ასე თავის გზაზე და ოჯახები შექმნეს და სამსახურებიც აქვთ და ეს ყველაფერი იმის ხარჯზე, რო თავიდან ბოლომდე გვერდზე ედგა ეს ბავშთა სახლი… დაჟე ასეთი გამონათქვამი აქვთ: ,,წადი, ნებისმიერ დროს დაგჭირდით? დარეკეთ, შენს გვერდით ვართ„ და ა.შ. მე პირადად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე ბაკალავრი და თესეუში მაგისტრატურა და ამხნის განმავლობაში ქირის ფულსაც თავშესაფარი მიხდიდა და სწავლისაც“.

რესპოდენტებს ვკითხეთ, თუ როგორ წარიმართა ცხოვრება თავშესაფრის დატოვების შემდეგ, გააგრძელეს თუ არა ურთიერთობა თავშესაფრის მობინადრეებთან, ახლა რა გამოწვევების წინაშე დგანან და ა.შ.

ერთ-ერთი რესპონდენტი ახლა ბიძაშვილებთან ერთად ქირაობს ბინას და მუშაობს, თუმცა გვიყვება რომ ყოველთვის ასე არ ყოფილა.

„ჯერ ვემზადებოდი და მერე კოლეჯი დავათმავრე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფინანსურად ზვიადი მეხმარებოდა ბედიანის ბავშვთა სახლიდან, მერე საცხობში დავიწყე მუშაობა კარფურში და წელიწად ნახევარი ვიმუშავე. ახლა ბიძაშვილებთან ერთად ვცხოვრობ და ისევ საცხობში ვმუშაობ, ოღონც სხვაგან“.

სხვა რესპონდენტი კი აღნიშნავს, რომ თავშესაფარში მყოფ ადამიანს უბრალოდ პერსონალს ვერ დაუძახებს, რადგან მათთან ისეთი ურთიერთობები აქვს, როგორც ოჯახის წევრებთან.

„პერსონალთან? არა, მათ პერსონალს, რა თქმა უნდა, ვერ დავუძახებ, იმიტომ რომ ჩემი ოჯახი არი რა… ჩემი ძმაკაცები არიან ყველა.. იქ ვინც არის, დღემდე ერთად ვართ, ახლა დიდი ხანია იქ აღარ ვყოფილვარ, მაგრამ ტელეფონით ურთიერთობა სულ გვაქვს“.

შემდეგი კითხვა შეეხო სახელმწიფოს მრიდან დახმარების აღმოჩენას 18 წლის მერე, თავშესაფრის დატოვების შემდეგ. რესპოდენტებმა ერთხმად აღიარეს, რომ ასეთი სახელმწიფო პროგრამის შესახებ არც კი სმენიათ. თუმცა, აღნიშნეს თავშესაფარში ყოფნის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან დახმარება.

„პირადად მე არავინ შემხმიანებია და არც გამიგია, მაგრამ, როცა ბედიანის თავშესაფარში ვიყავი მაშინ გვეხმარებოდა, როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიც. დახმარებაში იგულისხმება ჰუმანიტარული დახმარებები. სხვადასხვა პროექტები, რომლებშიც ჩვენ ვმონაწილეობდით, რა თქმა უნდა, ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თუნდაც პარაპლანი რომ ვთქვი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. ყველა ახალ წელს რა სურვილსაც ვწერდი ხოლმე ყველაფერი გვიხდებოდა, მაგალითად ლეპტოპი და ძალიან ძვირიანი რაღაცეები მაჩუქეს… ეს საჩუქრები სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე ჯგუფებმა თავისი სურვილით გააკეთეს.“

„ჩემთან უშაულოდ არავინ გამოსულა, ერთი ის იყო რო ვისოლ ჯგუფიდან დამირეკეს და ეგ სახელმწიფო არის თუ არა არ ვიცი, ბეზინგასამართ სადგურზე თუ სადღაცა… სხვა არ ვიცი, არავინ არ შემხმიანებიან.“

„წარმოდგენა არა მაქვს სახელმწიფოს მხრიდან თუ ხდება რამე, არავინ არასდროს არ დამკავშირებია. არსამთავრობოზეც არ ვიცი, კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში არავის არაფერი გაუკეთებია. არასამთავრობოში იცი როგორ შეიძლება? ჩვენ ჩერეზ-ჩერეზ გვყავს ვიღაცეები და ნაცნობობის გამო შეიძლება რომ დასაქმება შემომთავაზონ, თორე ისე არა. არც ვიცი რას აკეთებენ სიმართლე გითხრა და არც არავისგან გამიგია რამე“.

 კითხვაზე, მათი აზრით, რა შეიძლება რომ სახელმწიფომ ან არასამთავრობო სექტორმა გააკეთოს ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყების გასაადვილებლად, შემდეგი პასუხები დაფიქსრდა:

„სახელმწიფო იმასაც ვერ აკეთებს სტუდენტები დაასაქმოს, ხელი შეუწყოს, დასაქმების უფრო მეტი არჩევანი მისცეს, ახალგაზრდობას დაეხმაროს და როგორ გითხრათ, ბავშვთა სახლებზე რა უნდა გააკეთოს? მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი რატომ ჰგონიათ,  რომ ბავშთა სახლში გაზრდილები მენტალურად უფრო დაბალ საფეხურზე არიან? თუ  ასე ფიქრობენ, მითუმეტეს, სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა სცადოს. რავი, რასაც თანამედროვე ქართველი ახალგაზრდებისთვის გააკეთებს, იგივე რო გააკეთოს და ცოტა კიდე უფრო მეტი, ბავშვთა სახლებში მცხოვრები ადამიანებისთვის, უფრო კარგი იქნებოდა.“

„ბავშვებს რომ ქონდეთ თავშესაფრის გარეთ არსებული ცხოვრების ნახვის საშუალება კარგი იქნება, როგორ უნდა მოიქცე, როგორი ქცევის და ცხოვრების წესი უნდა გამოიმუშავო და ა.შ. თორე ჩაკეტილობა ცუდია, ბავშვებმა უნდა იცოდნენ რომ სხვა რეალობაც არსებობს, იმიტომ რომ ბავშვთა სახლში როცა ხარ და გივლის ყველა და თავსგევლება, გგონია, რომ ეგ არის ცხოვრება და ეგრე იქნება და ეგრე კიდე არ იქნება, უნდა გახვიდე გარეთ და ნახო როგორია ცხოვრება, სხვა სამყარო“.

„რომ ვთქვა, რომ არაფერი შეუძლიათ მეთქი მოგატყუებთ, ელემენტარული ყურადღების გამოჩენა იქნება კარგი, თუნდაც ის, რომ სახელმწიფოს თითოეული ასეთი ბავშვის მონაცემთა ბაზა ჰქონდეს, რომ ბავშვთა სახლიდან წასვლის შემდეგ ელემენტარული ყურადღება მიაქციოს…“

 და ბოლოს სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ გეგმები დიდი აქვთ. ერთ-ერთი რესპონდენტი აპირებს თავისი მომავალი ისევ ბავშთა სახლს დაუკავშიროს, რადგან თვლის რომ უკეთესს საქმეს და უფრო სასარგებლოს ვერაფერს გააკეთებს. ფიქრობს, რომ მას აქვს იმდენი ცოდნა და გამოცდილება რომ სხვა ბავშვებს შეუქმნას ცხოვრების უკეთესი და უფრო მრავალფეროვანი პირობები. ერთ-ერთი რესპონდენტი საკუთარი ბიზნესის დაწყებას აპირებს, თუმცა, ისევ ბავშვთა სახლის დახმარებით. სხვები კი აპირებენ გამოიყენენონ ის თანხა, რომელიც სრულწლოვნობამდე ერიცხებოდათ სახლმწიფოს მხრიდან და რომელიც არ დაუხარჯავთ.

 სოციალური მუშაკების გამოკითხვის შედეგები

გამოვკითხეთ სამი სოციალური მუშაკი. მათთან საუბრის ძირითად თემას წარმოადგენდა სრულწლოვანების პერიოდის დადგომისას მზრუნველობამოკლებული მოზარდების მიერ  თავშესაფრის დატოვების შედეგად წარმოქმნილი პრობლემები.

ყველა ექსპერტი აღიარებს, რომ სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ახალგაზრდებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საცხოვრისის არარსებობა.

„ყველაზე მწვავედ დგას საცხოვრისის პრობლემა. სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ ზოგი მოზარდი ბრუნდება თავის ბიოლოგიურ ოჯახს, საიდანაც ის თავის დროზე წამოვიდა. მოზარდების ნაწილს საერთოდ არსად წასასვლელი არ აქვს, არც მანამდე ჰქონდა და არც მერე ექნება. ასეთი ამ ბავშვების  დაახლოებით 30-40%-ია. შეიძლება დავსვათ კითხვა, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო ხარჯები, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე 18 წლის ასაკამდე იხარჯება, თუ მას არ აქვს განგრძობითობა“

ექსპერტების მტკიცებით, საცხოვრისის პრობლემის მოგვარებაში ცენტრალურ სამთავრობო ორგანოებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობა უფრო შედეგიანი და ქმედითი შეიძლება იყოს.

„წლის განმავლობაში მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მიმღებ ოჯახებს საქართველოს მასშტაბით 50-მდე ახალგაზრდა ტოვებს. ახალგაზრდები გაფანტულნი არიან საქართველოს მასშტაბით და თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიძლება 4-6 ახალგაზრდა იყოს კონცენტრირებული. შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გამოიყოს თანხა ამ ახალგაზრდების საცხოვრებლის, ტრანსპორტირებისა და კომუნალური გადასახადების გადახდისთვის“.

ექსპერტებს მზრუნველობამოკლებული მოზარდების მიერ  თავშესაფრის დატოვების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებად მიაჩნიათ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება და მათთვის სათანადო პროფესიული განათლების მიცება. ფსიქოლოგების მეთვალყურეობა და მუშაობა ახალგაზრდებთან უზრუნველყოფს იმას, რომ ისინი ეცდებიან, რაც შეიძლება ხანმოკლე იყოს სახელმწიფო რესურსით სარგებლობის პერიოდი და სწრაფად გახდნენ დამოუკიდებლები. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები მათთვის ატარებენ სხვადასხვა პროფესიულ ტრენინგებს.

„ტრენინგებით ვასწავლით მათთვის საჭირო საკითხებს, რაც მათ გამოადგებათ, ვაწვდით კვალიფიციურ ინფორმაციას რეპროდუქციული ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტების შესახებ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავდაცვის საშუალებების შესახებ, ადამიანის უფლებების შესახებ და ა.შ. ანუ ვაწვდით იმ ცოდნას რა საჭიროებებიც აქვთ მათ“.

მიუხედავად ასეთი აქტივობებისა, პროფესიული ტრენინგები არასაკმარისად ტარდება. განსაკუთრებით მწვავედ რეგიონებში დგას აღნიშნული პრობლემა. ამ მხრივ ახალგარდების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში სახელმწიფო ხელშეწყობა გაცილებით დაბალია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო 21 წლამდე ახდენს ბაკალავრიატზე სწავლის გადასახადის სრულად დაფინანსებას, სამწუხაროდ, უმრავლესობას არ აქვს სურვილი უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 18 წლის ზემოთ ასაკის, სახელმწიფო ზრუნვიდან გასული ბავშვებისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდაზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან 21-24 წლამდე გრძელდება. სასურველია საქართველომაც გაიზიაროს ეს მოდელი.

„სოციალური მომსახურების სააგენტოს რამდენიმე ორგანიზაციასთან ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლებიც სრულწლოვანების შემდეგ მზრუნველობამოკლებული ბავშვების საკითხებზე მუშაობენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გლობალურად პრობლემის გადაჭრის გზა არ არის, ამიტომ უმჯობესია სახელმწიფომ შეიმუშავოს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა“.

დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს თავშესაფრის დატოვების შემდეგ  უწყდებათ სახელმწიფო დახმარება, რის გამოც დგანან მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ფსიქოლოგიური გამოწვევების წინაშე. ასეთ მოზარდთა მეტი წილი ვერ უბრუნდება ოჯახს და აქვთ არასტაბილური საცხოვრისის, დასაქმების, საზოგადოებაში ინტეგრაციის პრობლემა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საჭიროა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ერთობლივი ძალისხმევით მათზე ზრუნვის გაგრძელება, სხვადასხვა პროფესიული ტრენინგების ჩატარება, საზოგადოებაში ინტეგრაციის სხვადასხვა პროგრამების შემუშავება, დასაქმების ხელშეწყობა.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Kushel MB., Yen IH, Gee L, Courtney ME. Homeless and Health Care Access After Emancipation. Archives of Pediatrics & Adolescent Medicine, 2007; 161 (10): 986-993. Link, PubMed, Google Scholar
  2. Courtney ME, Dworsky A, Pollack H. Issue Brief: When Should the State Cease Parenting? Evidence from the Midwest Study. Chicago: Chapin Hall Center for Children, 2007; 4. Link, Google Scholar
  3. Mech EV. Foster youths in transition: Research perspectives on preparation for independent living. Child Welfare, 1994; 73 (5): 603-623. Link, Google Scholar
  4. Courtney ME. The difficult transition to adulthood for foster youth in the US: Implications for the state as a corporate parent. Social Policy Report 2009: 23(1): 3–19.  Link, Google Scholar
  5. Courtney ME, Dworsky. Early outcomes for young adults transitioning from out-of-home care in the USA. Child and Family Social Work, 2006; 11(3): 209–219.  Link, Google Scholar
  6. Courtney ME, Dworsky A, Cusick GR, Havlicek J, Perez A, Keller T. Midwest Evaluation of the Adult Functioning of Former Foster Youth: Outcomes at Age 21. Chicago Chapin Hall, 2007.  Link, Google Scholar
  7. Levin-Epstein J, Greenberg M. Leave no youth behind: Opportunities for Congress to reach disconnected youth. Washington, DC: Center for Law and Social Policy, 2003. Link, Google Scholar
  8. Cunningham MJ, Diversi M. Aging out: Youths’ perspectives on foster care and the transition to independence. Qualitative Social Work 2012; 12(5): 587 – 602. Link, Google Scholar
  9. Aging Out of Foster Care Statistics, National Foster Youth Institute. 2017.  Link
  10. Aging Out of Foster Care: 18 and On Your Own. Shared Justice. 2017.  Link
  11. Thompson SJ, Pollio DE, Constantine J, Reid D, Nebbitt V. Short-Term Outcomes for Youth Receiving Runaway and Homeless Shelter Services. Research on Social Work Practice 2002; 12(5); 589 – 603 Link, Google Scholar

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: