Posted by: burusi | January 9, 2019

თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში

თამბაქოს მოხმარების დაწყების მიზეზები ახალგაზრდებში

დავით ნემსაძე –სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თენგიზ ვერულავა –  ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი, ბიზნესის ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. თამბაქოს მოხმარებაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემო, განსაკუთრებით ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა განათლების და ინფორმირებულობის დონე, ახლო სოციალური წრე, მშობლების ქცევა, ოჯახის წევრთა მხარდაჭერა.კვლევის მიზანია იმ თვისებათა და ფაქტორთა გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში. მეთოდოლოგია. ჩატარდა თვისებრივი კვლევა, პირდაპირი გამოკითხვისა და ფოკუს-ჯგუფის სახით, არაშემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ახალგაზრდებში. შედეგები. რესპონდენტების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს არასრულწლოვან ასაკში. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სამეგობრო წრის და ოჯახის გავლენა. თამბაქოს მოხმარების დაწყებისადმი გადამწყვეტი როლი ახლო სოციუმმა ითამაშა. ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თამბაქოს მოხმარება ვიდრე უარყოფითად. რესპოდენტებმა თამბაქოს მოხმარება პირველად მეგობრებისა და კლასელების წრეში დაიწყო. იმისმიუხედავდ, რომ ახალგაზრდების ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებდა თამბაქოს მოხმარებაზე, ისინი ამ ქცევას მაინც აგრძელებდნენ. დისკუსია. ახალგაზრდები საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ თამბაქოს, ამგვარი ქცევა სხვაზე ორიენტირებულია, მათთვის ახდენს იმის აფიშირებას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და ზრდასრული წევრები არიან,  ემსახურება სხვათა მიმართ მათი ქცევითი, ნებითი თუ ვიზუალური მხარის დადებითი რეპუტაციის შექმნის მიზანს. დასკვნა. მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშემწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.

საკვანძო სიტყვები: თამბაქოს მოხმარება, ქცევა.

ციტირება: დავით ნემსაძე, თენგიზ ვერულავა. თამბაქოს მოხმარების დაწყებაზე მოქმედი ფაქტორები ახალგაზრდებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2).

Reasons for smoking among the teenagers of Georgia

Davit Nemsadze, Tengiz Verulava

Abstract

Introduction: Influence on tobacco consumption makes social environment. Especially such factors as the friend’s and parent’s attitude towards behavior, also level of the information about tobacco real damages. This research aims to identify the characteristics and factors that contribute to tobacco use in the launch of the teenager. Methodology: Qualitative research method was carried out in direct interviews, among young people selected by the non-random selection principle. Results: All respondents have consumed tobacco consumption at a juvenile age. In all cases, the community played a decisive role in tobacco consumption. Respondents started smoking in the circle of friends and classmates. Interviews show, that the youth’s organism responded negatively to tobacco consumption, but despite this, they continued to do this behavior. The surveyor showed that consumption of tobacco, in the teenagers, is perceived as good reputable social behavior. Those who didn’t consumption nowadays tobacco, says, that they didn’t have communication with those community, in which relationship times was started smoking. Conclusion – It is advisable to encourage tobacco use restrictions. In this regard, it is welcome to introduce the Law on Tobacco Control in Georgia that prohibits tobacco consumption and advertising in public places, particularly in educational and other institutions, as well as selling tobacco products near schools.

Keywords: tobacco consumption, behavior

Quote: David Nemsadze, Tengiz Verulava. Reasons for smoking among the teenagers of Georgia. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (2)

შესავალი

მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. იგი იწვევს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებებს, ფილტვის კიბოს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით [1], გლობალურად  ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 6 მილიონზე მეტი ადამიანი თამბაქოს პირდაპირი მოხმარების, ხოლო 890 000 ადამიანი პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის ზემოქმედების) მსხვერპლია. მსოფლიოში  მილიარდი ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია, რომელთაგან 80%  განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილის ტვირთი მძიმეა[2]. თამბაქოს მოხმარებით განსაკუთრებით გამოირჩევიან მამაკაცები, მოზარდები, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის და განათლების ადამიანები[3].

თამბაქოს მოხმარება აქტუალური პრობლემაა საქართველოშიც[4]. 2016 წელს ჩატარებული „არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის“ მონაცემებით[5], ზრდასრული მოსახლეობის 31% (მამაკაცების 57% და ქალების 7%), რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სიკვდილის გამომწვევ ძირითად რისკ ფაქტორებს შორის მას მე-3 ადგილი უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ქალებს შორის მწეველების ოფიციალური მაჩვენებელი ჯერ კიდევ შედარებით დაბალია (დაახლოებით 10%), ბოლო წლების განმავლობაში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა საქართველოში. ყოველი მეოთხე სკოლის მოსწავლე მოიხმარს თამბაქოს რომელიმე პროდუქტს. მოსახლეობის 40%-ზე მეტი, მათ შორის ბავშვები და ორსულები, თამბაქოს კვამლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფება.

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოზარდებში თამბაქოს მოხმარება [6]. მსოფლიო ბანკის ცნობით, ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99 000-მდე მოზარდი და ახალგაზრდა ხდება თამბაქოს რეგულარული მომხმარებელი[7]. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თამბაქოს ახალი მომხმარებლების დაახლოებით 60%-ს 18 წლამდე ასაკის მოზარდები და ახალგაზრდები შეადგენდნენ[8]. ჩინეთში 15-18 წლის ახალგაზრდების 28% მოიხმარს თამბაქოს[9]. თურქეთში ჩატარებული კველევების მიხედვით, სტუდენტებს შორის თამბაქოს მოხმარება მერყეობს 24%-დან 52%-მდე[10].

2016 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით[11], მასში მონაწილე 14-დან 25 წლამდე ასაკის 210 რესპონდენტიდან 40%-ს გასინჯული ჰქონდა თამბაქო. სიგარეტის გასინჯვის ასაკი ვარირებდა 4-დან 19 წლამდე; სიგარეტის ყოველდღიური მოხმარების დაწყების ასაკი მერყეობდა 12-დან 24 წლამდე, საშუალო ასაკი იყო 15 წელი. თამბაქოს რეგულარულ მომხმარებლებს შორის, დღეში 1-5 ღერ სიგარეტს ეწევა გამოკითხულთა 15%, დღეში 6-10 სიგარეტს – 10%, დღეში ერთ კოლოფამდე ეწევა ახალგაზრდების 11%, ხოლო დღეში ერთ კოლოფზე მეტის მოხმარებას აღიარებს გამოკითხულთა 4%. მოზარდები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ ყოველდღიურად თამბაქოს მოხმარების საფრთხეს; ყოველდღიურად 10 ღერ სიგარეტზე ნაკლების მოხმარებას მაღალი რისკის შემცველად გამოკითხულთა მხოლოდ 40% მიიჩნევს, ხოლო ყოველი მესამე რესპონდენტის აზრით, დღეში 1 კოლოფი სიგარეტის მოწევა არ შეიცავს მაღალ რისკს. კვლევა ხაზს უსვამს, რომ ბავშვობიდან მოზარდობასა და ზრდასრულ ცხოვრებაში გადასვლისას განსაკუთრებით მძაფრდება თამბაქოს მოხმარების, როგორც სიახლის გამოცდის ფაქტორი.

2016 წელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით[12], ქართველ მოსწავლეებში თამბაქოს მოხმარების გავრცელება 43%-ია (გოგონებში – 30%, ბიჭებში – 54%). მოსწავლეების 18%-მა განაცხადა, რომ სიგარეტი მოწია უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში (ბიჭებში – 26%, გოგონებში – 9%). რეგულარული მწეველია მოსწავლეთა 12% (ბიჭების 19% და გოგონების 4%). მოსწავლეთა 21%-მა (ბიჭების 28% და გოგონების 13%) მოწევა პირველად 13 წლის ან უმცროს ასაკში სცადა. მოსწავლეთა 4% (ბიჭების 6% და გოგონების 2%) აღნიშნავს, რომ ყოველდღიური მოწევა 13 წლის ასაკში ან უფრო ადრე დაიწყო. 60%-მა განაცხადა, რომ სიგარეტის შოვნა საკმაოდ ადვილი ან ძალიან ადვილია.

კვლევები ადასტურებენ, რომ თამბაქოს მოხმარებაზე გავლენას ახდენს სოციალური გარემო, განსაკუთრებით ოჯახი. ამ მხრივ, გამოიკვეთა ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ოჯახის განათლების და ინფორმირებულობის დონე, მშობლების ქცევა, ოჯახის წევრთა მხარდაჭერა, ახლო სოციალური წრე[13],[14].

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება ხდება მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი აცნობიერებს მის მავნე ზემოქმედებას. თამბაქოზე დამოკიდებულებას ხელს უწყობს, როგორც რუტინულად დასწავლილი ქცევა და სოციალური ფაქტორები, ასევე თამბაქოში შემავალი ნიკოტინი, რომელიც დამოკიდებულების, შეჩვევის მაღალი მაჩვენებელით ხასიათდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, თამბაქოზე დამოკიდებულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა დაავადებათა შორის[15].

საქართველოში 2015 წელს ჩატარდა კვლევა,  რომლის მიზანს შეადგენდა თამბაქოს და სხვა ქცევითი რისკ‐ფაქტორების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის,  შეხედულებებისა და ქცევის შესწავლა[16]. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ არსებობს კავშირი თამბაქოს მოხმარებასა და ცოდნა-დამოკიდებულებს შორის. მოსახლეობაში დაბალია თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების შედეგად განვითარებული დაავადებების (მაგ., გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) შესახებ ცოდნის დონე, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე პირებში.  რესპოდენტებს, ვისაც არ ჰქონდა ინფორმაცია თამბაქოს მავნებლობის შესახებ ჯანმრთელობისათვის, ან ვისაც მიაჩნდა რომ, თამბაქოს მეორადი კვამლი არაა საზიანო, საშუალოდ 1.3-ჯერ მეტი შანსი ჰქონდათ ყოფილიყვნენ თამბაქოს მომხმარებლები. თითქმის 8-ჯერ მაღალი იყო თამბაქოს მოხმარების შანსი იმ პირებში, რომელთა მეგობრები მოიხმარდნენ სიგარეტს. 1.2-ჯერ და 1.3-ჯერ მაღალი იყო თამბაქოს მოხმარების შანსი მათში ვისაც არ ჰქონდა თამბაქოს მოხმარების აკრძალვის წესი სახლში და მანქანაში. თითქმის სამჯერ მაღალი იყო თამბაქოს მოხმარების შანსი პირებში, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვისა და თამბაქოს პროდუქტებზე გადასახადების გაზრდის პოლიტიკას.

თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე ყველაზე უფრო ეფექტურად მოქმედებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებები: საზოგა­დოებრივი განათლება, სიგარეტზე გადასახადების გაზრდა და თამ­ბაქოს მოხმარების შეზღუდვა საზოგადოებრივ ადგილებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ძალაში 2005 წლის 27 თებერვალს შევიდა. საქართველომ მოახდინა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირება (2005 წ.), რითაც აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ხელშეწყობის მიზნით, 2017 წლის 17 მაისს საქართველოში მიღებულ იქნა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ”, რომლის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა 2018 წლის 1 მაისიდან დახურულ საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილებში, აგრეთვე ზოგიერთი ღია ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასევე იკრძალება თამბაქოს ნებისმიერის გზით რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა.

კვლევის მიზანია იმ თვისებათა და ფაქტორთა გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში.

კვლევის კითხვა – რატომ იწყებენ ახალგაზრდები თამბაქოს მოხმარებას?

კვლევის ჰიპოთეზა – ახალგაზრდები სტუდენტობის პერიოდში საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ თამბაქოს, ამგვარი ქცევა სხვაზე ორიენტირებულია, მათთვის ახდენს იმის აფიშირებას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და ზრდასრული წევრები არიან,  ემსახურება სხვათა მიმართ მათი ქცევითი, ნებითი თუ ვიზუალური მხარის დადებითი რეპუტაციის შექმნის მიზანს.

მეთოდოლოგია

ჩატარდა თვისებრივი კვლევა, პირდაპირი გამოკითხვისა და ფოკუს-ჯგუფის სახით, არაშემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეულ ახალგაზრდებში, რაც აჩვენებს მოხმარების დაწყების ტენდენციებს ახალგაზრდებში.

თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 17 დან 21 წლამდე ასაკის 4 რესპონდენტი, სიღრმისეული ინტერვიუს პრინციპით. ინტერვიუს მიმდინაროების პროცესში დაისვა დამატებითი კითხვები. თითო რესპონდენტის გამოკითხის დრო 90 წუთი. თანაბრად არის წარმოდგენილი ორივე სქესი.

შედეგები

ინტერვიუ 1  – 17 წლის,  მამრობითი სქესის

ზოგად შეკითხვაზე თუ რატომ იწყებენ ახალგაზრდები თამბაქოს მოხმარებას, რესპონდენტმა უპასუხა, რომ გასინჯვის ინტერესით. ინტერვიუს შემდგომ მიმდინარეობიდან კი გამოირკვა, რომ გასინჯვის ინტერესი პირდაპირ დაკავშირებული იყო მის ახლო სოციუმთან, მეგობრებთან:

„მე-6 კლასში დავიწყე მარკების შეგროვება,  რომელიც სიგარეტის კოლოფებისგან კეთდებოდა. რადგან ისეთი წრე ჩამოყალიბდა, სადაც მსგავსი თემა იყო აქტუალური, მარკებს ვინც აგროვებდა ჩვენზე ორი წლით უფროსები იყვნენ, 14 წლისები, და ისინი ეწეოდნენ. მაშინ ჩემთვის ისინი დიდები იყვნენ. შემდეგ მე და ჩემმა თანატოლმაც მოვინდომეთ მოწევა, მაგრამ ნაფაზის დარტყმა არ ვიცოდით და რო გავსინჯეთ შევეშვით”.

ორგანიზმის უარყოფითი რეაქციის მიუხედავად განაგრძობდა მოწევას, რაც სხვაზე ორიენტაციის ჰიპოთეზის მნიშვნელობას კიდევ უფრო წარმომადგენლობითს ხდის.

“ბავშვობიდან  ვვარჯიშობდი და ჩემი ორგანიზმი ვერ ეგუება. ერთი ღერის ან ორი ღერის მერე  ცუდად ვხდები და გული მერევა.”

მოცემული რესპონდენტი სიგარეტის ხელახალ მოხმარებას უბრუნდება 15 წლის ასაკში, მე-9 კლასში. ხაზი უნდა გაესვას გარემოებას, რომ სიგარეტის განმეორებითი მოხმარებაც სოციუმთან კავშირმა გამოიწვია:

“გარემომ იმოქმედა. ორი დღით ვიყავით კლასი წასული ექსკურსიაზე და ერთი ღერი მოვწიე. ერთი ბიჭი ეწეოდა ამ პერიოდში ხშირად და იმან შემოგვთავაზა დანარჩენებს.”

ინტერვიუ აჩვენებს, რომ თამბაქოს მოხმარებას კლასელები ზრდასრულობის, სიმწიფის, გამომხატველ ქცევად მიიჩნევენ და მათი ქცევა, უწინარესად თუ არა, მნიშვნელოვანწილად იყო განპირობებული სხვაზე ორიენტაციის საფუძვლით.

„სიგარეტს უკიდებდნენ გოგოებთან და კაცობდნენ, ეგონათ ამით სხვაზე ძლიერად წარმოაჩენდნენ თავს“.

ასევე რესპონდნეტის მშობლებიც იყვნენ თამბაქოს მომხმარებლები.

შეკითხვაზე, “თამბაქოს მოხმარება ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თუ უფრო უარყოფითად?”, რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს ქცევა, ახალგაზრდებში, უფრო დადებითად აღიქმება. კითხვაზე, თუ რატომ თვლიდა ასე მნიშვნელოვნად, შენიშნავს ასაკობრივ გამოცდილებას:

„ბევრის გონება გვიან ყალიბდება, ზოგს ახალგაზრდა ასაკში უყალიბდება, მაგრამ უმეტესი ვერ ხვდება. მაგ ასაკში მე რომ ეს ჭკუა მქონოდა, მაშინ არანაირ სიგარეტს არ გავსინჯავდი, მაგრამ ბევრი ჩემს ასაკშიც ვერ ხვდება.“

ქცევისა და ორგანიზმის ბიოლოგიურ მიმართებათა დამოკიდებლებებს შორის დომინანტური წილის საპოვნელად, რესპონდენტს დაესვა შეკითხვა, თუ ძირითადად რა სიტუაციებში მოიხმარდა თამბაქოს და თვლიდა თუ არა ამას აკვიატებულ ქცევად, თუ უფრო მეტად ფიზიოლოგიურ სიამოვნების განცდას თვლიდა ამ ქცევის მასტიმულირებლად.

„სიგარეტი აწყნარებსო იძახიან, მაგრამ მე მაინც მგონია რო მაგ დროს ფსიქოლოგიურად გგონია, რომ გაწყნარებს, ისე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ნერვებზე“.

კვლევის ძირითადი ჰიპოთეზის გარდა, ინტერვიუს პროცესში გამოიკვეთა კიდევ ერთი ფაქტორი, სტრესის როლი.

„მე-9 კლასი რომ მოვრჩი დიდი ტრავმა გადავიტანე და მინდოდა რამე მექნა და ყოველდღე 1 პაჩკას ვეწეოდი ალბათ.“

უნდა აღნიშნოს, რომ ამ პერიოდისათვის თამბაქოს მოხმარება ინდივიდს უკვე დასწავლილი ჰქონდა ახლო სოციუმის გავლენით, ამდენად ეს წმინდა ტიპის, თავისთავად, ავტონომიურ ფაქტორად ვერ იქნება მხედველობაში მიღებული, ვინაიდან არ ვიცით, მოწევდა თუ არა თამბაქოს სტრესის დროს მოცემული ინდივიდი, რომ არა მოხმარებასთან დაკავშირებული წინარე გამოცდილება.

ინტერვიუ 2 – 21 წლის, მდედრობითი სქესის

რესპონდენტმა თამბაქოს მოხმარება დაიწყო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების პერიოდში, როდესაც მშობლიური ქალაქიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, რამაც მისი ახლო სოციუმის შემადგენლობა დიდწილად განაახლა. შესაძლოა, ეს ერთის შეხედვით ცვლილებისადმი სტრესის გამო წარმოქმნილი ქცევაა, მაგრამ რესპონდენტის გამოკითხვით დასტურდება, რომ უმთავრესი როლი, ძირითადი ზეგვალენა, კვლავ სოციუმის მხრიდან, თამბაქოს მოხმარების, დადებითი რეპუტაციის მქონე ქცევად დანახვამ მოახდინა.

“ამ ქცევაში თავისუფლებას ვხედავდი.” – ეს ციტატა ხაზს უსვამს სწორედ იმას, რომ ინდივიდი ამას თვლიდა, როგორც ზრდასრულობის, სიმწიფის გამომხატველ ქცევას, რის დემოსტრირებასაც ახდენდა იმ ინდივიდების მიმართ, რომელნიც მისი სოციუმის მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ.

კითხვაზე, თუ როგორ აღიქვამდა თავდაპირველად მისი თანატოლების მხრიდან თამბაქოს მოხმარებას, ვიდრე თავად დაიწყებდა მოწევას, რესპონდენტმა აღნიშნა, რომ დადებითად მიიჩნევდა.

დღეისათვის მოხმარებას თავი დაანება და შენიშნავს:

“დღეს იშვიათად ვხედავ, ადრე ყოველდღიურად ვხვდებოდი მაგ ადამიანებს, ვისთან ურთიერთობის დროსაც დავიწყე მოწევა”.

ინტერვიუ 3 – 19 წლის, მამრობითი სქესის

რესპონდენტთან იტერვიუში პირდაპირ და ცხადად გამოიკვეთა ჰიპოთეზის პირდაპირი დადასტურება:

“აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული და როცა ამ საქმიანობას ჩამოვშორდი, სკოლაში კლასელების გავლენის გამო გადავდგი ეს ცუდი ნაბიჯი.”

პირველ ინტერვიუში გამოკითხულმა პიროვნებამ აღნიშნა სტრესის როლი, შესაბამისად, შემდგომ ინტერვიუშიც არ დარჩა სტრესის და სიამოვნების ფაქტორები ყურადღების მიღმა, და რესპონდენტს დაესვა შესაბამისი კითხვები ამ ცვლადების მნიშვნელობის გამოსარკვევად, მის შემთხვევაში.

” – როგორ ფიქრობთ რატომ მოიხმარენ ადამიანები თამბაქოს?

 – სიამოვნების მისაღებად ან სტრესული გარემოს შესამსუბუქებლად.

– მოხმარების დაწყების მიზეზადაც ამას თვლით თუ არა?

– არ ვთვლი. ზოგი ადრეულ ასაკში ინტერესდება და მიმბაძველი ხდება ამ მავნე ჩვევის მიმართ.”

ამრიგად ეს პასუხი ხაზს უსვამს კვლევის ჰოპოთეზის სწორ ფორმულირებას, რომ მოხმარების დაწყების მიზეზები, ახალგაზრდებში, სწორედ, რომ სოციალურად არსებულ რეპუტაციულ ქცევად აღიქმება, რაც იწვევს მათ ინტერესს თამბაქოს მოხმარებისადმი.

შეკითხვაზე, ახლო სოციუმის გარდა, სხვა რა ფაქტორებს გამოკვეთდა სიგარეტის მიმართ მისი ინტერესის გამოწვევაში, შენიშნავს კინოს როლს, რამაც ეს ქცევა კიდევ უფრო ესთეტიკურად წარმოუდგინა.

„უფრო მეტად „ესთეტიკის“  გამო მოვიხმარდი, კინოკულტურის გავლენაც იყო.”

ასევე გამოკითხული პიროვნება თვლიდა, რომ ახალგაზრდებში კინოგმირების მიერ თამბაქოს მოხმარება, უმეტესობისათვის დადებითად აღიქმება. ჩაძიებულ შეკითხვაზე, თუ რატომ თვლიდა ასე, რესპონდენტმა უპასუხა:

“მაგ ასაკში ყურადღება არ ექცევა იმ ცუდ ფაქტორებს, რაც შეიძლება თამბაქომ გამოიწვიოს. ამ ცუდ შედეგებზე არც მეფიქრებოდა ოდნავადაც კი, სანამ თმის ცვენა არ გამიხშირდა და მივხვდი, რომ საშინელება იყო თამბაქოს მოხმარება.”

გამოიკვეთა ასევე მოხმარების სიხშირე და გარემოება, თუ რა ვითარებაში მოიხმარდა ძირითადად თამბაქოს.

“კვირაში დაახლოებით 2 კოლოფს, მეგობრების ან კლასელების გარემოცვაში.”

ფიზიოლოგიურ სიამოვნებასთან დაკავშირებით შენიშნა, რომ ამას ყველაზე ნაკლებად განიცდიდა.

“ეგ ყველაზე ნაკლებად იყო, დიდ დისკომფორტს განვიცდიდი, რადგანაც აქტიური სპორტით ვიყავი დაკავებული. იმ მავნე ნივთიერებებს ჩემი ორგანიზმი მარტივად ვერ ეგუებოდა, ენდოკრინული სისტემა განსაკუთრებით.”

რამდენადაც ჰიპოთეზაში აღნიშნულია სხვაზე ორიენტაციის მიზანი, იმდენად მრავალფეროვანია სხვისთვის საკუთარი დადებითი რეპუტაციის მოხდენის განზომილებები, ქცევით რამდენიმე ასპექტი იხსნება, როგორც საკუთარი სიმწიფის ასევე საკუთარი, მსუბუქი ფორმის “ნარცისიზმის” აფიშირება ხდება, ფრომის[17] თვალსაზისით, აუცილებელი არ არის ნარცისულმა ადამიანმა თავისი ნარცისიზმის ობიექტად მთელი პიროვნება აქციოს: ზოგჯერ ნარცისულ შეფერილობას იძენს პიროვნების რაიმე ასპექტი – ფიზიკური უნარები, მახვილგონიერება, ქცევითი შესაძლებლობა თუ სხვა.  ამ შემთხვევაში კი რესპონდენტმა თამბაქოს მოხმარების ქცევაში, შემდეგი რამ აღნიშნა:

“მოწევით მეგობრებთან  ლამაზ, გრძელ თითებს ვუხდენდი აფიშირებას. თითქოს თავდაჯერებულს გხდის.”

ინტერვიუ 4 – 18 წლის,  მდედრობითი სქესის

რესპონდენტმა თამბაქოს მოხმარება მეცხრე კლასში დაიწყო, როცა ძველი სკოლიდან ახალ სკოლაში გადავიდა. შეკითხვას, მოიხმარდა თუ არა მისი ახალი კლასის უმეტესი ნაწილი თამბაქოს, მან დადებითი პასუხი გასცა. გარდა ამისა, სხვაზე საორიენტაციო „მაქსიმად“, იქცა სიმპათია ბიჭის მიმართ, რომელიც თავად მოიხმარდა თამბაქოს.

კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო თამბაქოს მოხმარება, აღნიშნა:

“ყველა ერთი მიზეზით იწყებს რა, რო კაი ტიპი გამოჩნდეს.”

ასევე მისი ოჯახის წევრებიც მოიხმარენ თამბაქოს, მამა და ძმა.

ინტერვიუში გამოირკვა, რომ მას არაერთხელ უცდია თავის დანებება, თუმცა, მუდამ ხვდებოდა ისეთ სიტუაციაში, სადაც სოციუმის უმეტესობას მწეველები შადგენდნენ და ხელახლა იწყებდა მის მოხმარებას. ამასთან, ჯგუფისადმი იდენტობის გამოსახატავად, გოგონა მიმართავდა თამბაქოს მოხმარებას.

სტრესის როლი მოცემული რესპონდენტის შემთხვევაშიც გამოიკვეთა, შევნიშნავ, რომ სტრესთან თამბაქოს მოხმარებით გამკლავება, როგორც პასუხებიც გვიჩვენებს, წარმოადგენს შედეგს იმისა, რომ მოცემული ქცევა დანახულია სწორ ნორმად, რომელიც გამოხატავს პიროვნების სიმწიფეს, თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას.

დასკვნა

რესპონდენტების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს არასრულწლოვან ასაკში. ამ მხრივ ასევე მნიშვნელოვანია სამეგობრო წრის და ოჯახის გავლენა.   გამოკითხული ოთხი რესპონდენტიდან ორმა სრულად დაანება თამბაქოს მოხმარებას თავი, ერთი პასიურ მწეველად რჩება, ერთი კი კვლავ აქტიურად აგრძელებს. სამმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მათ აღარ აქვთ მჭიდრო კავშირი იმ სოციუმთან რომელშიც ყოფნის დროსაც დაიწყეს თამბაქოს მოხმარება. ხსენებულ სამს შორის არის ორი რესპონდენტი, რომელმაც თავი დაანება მოხმარებას და ერთი, რომელიც პასიურად განაგრძობს სიგარეტის მოწევას. ერთი, რომელიც აქტიური მწეველია, კვლავ ურთიერთობს იმ სოციუმთან ინტენსიურად, რომელთან ურთიერთქმედების პერიოდშიც დაიწყო თამბაქოს მოხმარება.

ჩატარებული ინტერვიუებიდან გამომდინარე, დამატებით შეინიშნება შემდეგი:

  • რომ ახალგაზრდების ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებდა თამბაქოს მოხმარებაზე, ისინი ამ ქცევას მაინც აგრძელებდნენ.
  • რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში უფრო დადებითად აღიქმება თამბაქოს მოხმარება ვიდრე უარყოფითად.
  • მათგანის შემთხვევაში, თამბაქოს მოხმარების დაწყებისადმი გადამწყვეტი როლი ახლო სოციუმმა ითამაშა.

ინტერვიუს ბოლოს ოთხივე რესპონდენტს წარედგინა კვლევის ჰიპოთეზა. ოთხივე მათგანმა ცალსახად დაადასტურა თანხმობა, მოცემული ჰიპოთეზის შინაარსის მიმართ.

კვლევის ხასიათიდან გამომდინარე ის არ გენერირდება სრულ ერთობლიობაზე, პოპულაციაზე, თუმცა კვლევის შედეგები საგულისხმოა ტენდენციის გამოსაკვეთად, ოთხივე შემთხვევაში საერთო ფაქტორები მეორდებოდა.

მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშემწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.   

გამოყენებული ლიტერატურა


[1] WHO. (2018). Tobacco, Key facts. World Health Organization. [Link]

[2] Hosseinpoor, A. R., Parker, L. A., Tursan d’Espaignet, E., & Chatterji, S. (2011). Social determinants of smoking in low- and middle-income countries: results from the World Health Survey. PloS one, 6(5), e20331. [PMC]

[3] Bergman, A. W. Caporaso, N. Cigarette smoking. journal of the national cancer Institute, 1999; 91 (16)

[4] ვერულავა თ. ჯანდაცვის პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი 2016.

[5] ჯანმრთელობის დაცვა, სტატისტიკური ცნობარი, საქართველო 2016. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2017.

[6] Reddy KS, Gupta PC, editors. Report of tobacco control in India. New Delhi: Ministry of Health and Family Welfare, Government of India; 2004.

[7] Jha P, Chaloupka FJ, eds. Curbing the Epidemic: Governments   and   the   Economics   of   Tobacco Control. Washington DC: The World Bank; 1999.

[8] Smoking and Adolescent. National institute on drug abuse. [Link]

[9] Grenard J. L., Guo Q., Jasuja G. K., et al. (2006). Influences affecting adolescent smoking behavior in China. Nicotıne & Tobacco Research, 8(2): 245–255.

[10] Suzuki K., Ohida T., Yokohama E., Kaneita Y., Takemura S. (2005). Smoking among Japanase nursıng students: natıonwide survey. Journal Of Advanced Nursıng, 49(3): 268–275.

[11] თამარ სირბილაძე, მაია კობაიძე, მაია ჯავახიშვილი, დავით ღონღაძე, გიორგი თავბერიძე, თამარ ჭიჭინაძე. (2016). ჯანსაღი ცხოვრების წესთან წესთან დაკავშირებული ქცევა თელავის მუნიციპალიტეტის მოზარდებსა და ახალგაზრდებში. კვლევის ანგარიში. თბილისი.

[12] დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. (2016). ალკოჰოლის, თამბაქოსა და  სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასწავლო კვლევა.  გვ: 16-17. [Link]

[13] Telli C. G., Aytemur S. Z., Ozol D., Sayiner A. (2004). The smoking habits of new university students. Respiratory Journal, 6(3): 101–106.

[14] Inal S., Yildiz S. (2006). The investigation of the knowledge and belief of smoking in elementary school students and the smoking status of the family members and teachers. Journal of Ataturk University Nursing School, 9(1): 1-9.

[15] Çavuşoğlu F., Bahar Z. Influence of Socioeconomic Factors and Family Social Support on Smoking and Alcohol Use among Health School Students. International Journal of Caring Sciences, 2010; 3 (2).

[16] თამბაქოსა და სხვა ქცევითი რისკ-ფაქტორების შესახებ, ინფორმირებულობის, შეხედულებებისა და ქცევის კვლევა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, 2015.

[17] სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი /- თბ.: ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ.; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: