Posted by: burusi | March 1, 2019

ქართველი სტუდენტების დამოკიდებულება (ადიქცია) სერიალებზე

ქართველი სტუდენტების დამოკიდებულება (ადიქცია) სერიალებზე

ლია ბაღდოშვილი, მარიამ კოზოლაშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება.

აბსტრაქტი

სერიალი მასობრივი კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს ჟანრი უკვე წლებია საზოგადოებაში პოპულარობას ინარჩუნებს, იხვეწება გადაღების და მონტაჟის ტექნიკები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას საზოგადოებისთვის. სერიალები არ კარგავენ მაყურებელს, რადგან რეჟისორები და პროდიუსერები მაქსიმალურად ცდილობენ მოახდინონ სერიალის ყოველდღიურობასთან ადაპტაცია და მოარგონ ისინი საზოგადოების მოთხოვნილებებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს დამოკიდებულება, მაგალითად, მავნე ნივთიერებებზე ან აზარტულ თამაშებზე, მაგრამ 21-ე  საუკუნეში სულ უფრო რაღაც იწვევს ადიქციას, მათ შორის სერიალებიც. მეცნიერების უმრავლესობა თანხმდება, რომ სერიალების ყოველდღიურად განსაზღვრულ დროზე დიდხანს ყურება იწვევს ადიქციას. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც სტუდენტები დღეში რვა საათზე მეტ ხანს უთმობენ სერიალებს, რაც კვირაში 40 საათზე მეტია და უტოლდება სამუშაო საათების რაოდენობას. აღნიშნული დიდ გავლენას ახდენს სტუდენტების ფსიქიკურ ჯამრთელობაზე. სერიალებს აქვთ როგორც ნეგატიური გავლენა, ასევე ისეთი დადებითი მხარეები, როგორიცაა სოციალიზაცია, ახალი კულტურისა და ენის შესწავლა და ა.შ. კვლევის მიზანია დადგინდეს თუ რამდენად შეინიშნება ეს ტენდენცია ქართველ სტუდენტებში. მეთოდოლოგია. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების გამოკითხვა. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ ქართველი სტუდენტებში არ იკვეთება სერიალებისადმი დამოკიდებულება (ადიქცია), მიუხედვად იმისა, რომ სერიალები ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარულია.

საკვანძო სიტყვები: სერიალები, ქართველი სტუდენტები, ადიქცია, დამოკიდებულება 

Addiction to TV series among Georgian students

Abstract

Introduction. TV series are part of the mass media culture. this genre has been keeping popularity for years now. Shooting and editing techniques are getting better, this fact makes TV series more attractive for the society. Due to high demand TV series are not losing audition. Producers and directors try to produce TV shows which are very close to people’s requests. We all know that something can cause addictions, for example, drugs or video games, but in the 21st century, even TV series can become a source of addiction. A goal of our research was to investigate if there was this tendency in Georgian students. Methodology.  Within quantitative research, we interviewed students from various of universities in Tbilisi. Results:  According to our research, we got the result that in spite of the fact that TV series are very popular among Georgian Students, they are not addicted to them.

Keywords: Serials, Georgian Students, Addictions, Attitude

შესავალი

21-ე საუკუნე  დიდი ტექნოლოგიური მიღწევების პერიოდია. შესაბამისად მასმედიის გავლენა საზოგადოებაზე სულ უფრო ძლიერდება. მასობრივი კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სერიალები, რომელთა პოპულარობაც წლებთან ერთდ კიდევ უფრო იმატებს. იხვეწება გადაღების, მონტაჟის, გახმოვანების ტექნიკები და ეს ყოველივე მეტად მიმზიდველს ხდის მას მაყურებლისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის.

საქართველოში სერიალებს დიდი აუდიტორია ჰყავს, როგორც ტელე ისე ინტერნეტ სივრცეში. ბრაზილიური საპნის ოპერები, თურქული,  ინდური და ამერიკული სერიალები ქართველი მაყურებლის გულს აქტიურად იპყრობს.

  სერიალებს სხვადასხვა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც გასართობი  და სოციალიზაციის, ასევე შეიძლება შეითავსოს შემეცნებითი ფუნქცია.  ხშირად იყენებენ სერიალებს უცხო ენისა და კულტურის შესასწავლად, მაგრამ უფრო მეტად მას გართობის და დროის გაყვანის როლი აქვს.

ერთი შეხედვით, ასეთ უწყინარ გასართობს შესაძლებელია თუ არა ჰქონდეს ნეგატიური გავლენები? მაგალითად ისეთი, როგორიცაა მასზე დამოკიდებულება (ადიქცია)

ნაშრომში ‘’Prevalence of the Addictions: A Problem of the Majority or the Minority?‘’ აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება ადიქციების რაოდენობაც. ყველასთვის ცნობილია, რომ მაგალითად მავნე ნივთიერებების სისტემატიური მოხმარება ან აზარტულ თამაშებში ჩართვა იწვევს დამოკიდებულებას, მაგრამ საზოგადოება ნაკლებად აქცევს ყურადღებას, რომ იგივე ეფექტი შესაძლოა სერიალების ყურებამაც გამოიწვიოს. [5]

ნაშრომში ‘’Just entertainment: effects of TV series about intrigue on young adults’’ აღნიშნულია, რომ ზოგიერთი სერიალი და იქ განითარებული მოვლენები ახალგაზრდების მენტალიტეტზე ცუდ გავლენას ახდენს. [2]

სტატიაში „How Binge-Watching TV Is Almost As Harmful As Drug Addiction“ საუბარია იმაზე თუ რა ემციები შეიძლება გამოიწვიოს სერიალებზე დამოკიდებულებამ. მაგალითად  ისეთი გრძნობები როგორიცაა თვით უკმაყოფილება და საკუთარი იმიჯის შელახვა. ზოგჯერ ახალგზარდები იმ დროს რომელიც შიეძლება უფრო პროდუქტიულად გამოიყენენონ სერიალების ყურებას უთმობენ. ყოველი ახალი სერიის ჩართვა და კიდევ ერთი საათის „დაკარვა“ მათში იწვევს გაღიზიანებას საკუთარი თავის მიმართ. [3]

საქართველოში ჯერ-ჯერობით ეს თემა  მკვეთრად გამოხატულ პრობლემად არ აღიქმება, მაგრამ მიუხედავად ამისა ნაშრომის მიხედვით ‘’ახალგაზრდობის კვლევა საქართველოში’’ –  ახალგაზრდების 61% სისტემატიურად  უყურებს სერიალებს. [7 გვ.176]

როგორც ზემოთ ვახსენეთ, სერიალების ყურებას შესაძლოა ჰქონდეს როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური გავლენა. სტატიაში ‘’Is Watching TV Actually a Good Way to Rest Your Brain?’’აღნიშნულია, რომ  ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა მიზნით ვუყურებთ ჩვენ  მას. მეცნიერების აზრით, ტვინს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ესაჭიროება დასვენება, ამის ერთ-ერთ გზას კი სერიალები წარმოადგენს, რა დროსაც ტვინი ნაკლებად იტვირთება. მისი ყურებისას ჩვენი სხეული დუნდება და გამოიყოფა ენდორფინები , რასაც „ბედნიერების ჰორმონსაც“ უწოდებენ. ამ დროს ჩვენ არ ვფიქრობთ სამუშაოსა და ყოვედღიურ პრობლემეზე. [1]

კვლევის მიზანია გავიგოთ არიან თუ არა ქართველი სტუდენტები სერიალებზე დამოკიდებულები. ახდენს თუ არა გავლენას სერიალების ყურება სტუდენტების ყოველდღიურობაზე, მათი განათლების ხარისხზე, ჩვევებზე და მსოფმხედველობაზე.

მეთოდოლოგია

თემის უკეთ შესწავლის და ინფორმაციის მოპოვების მიზნით გამოვიყენეთ რაოდენობრივი კვლევის ისეთი მეთოდი, როგორიცაა ანკეტირებაშევისწავლეთ ამ თემის გარშემო არსებული ლიტერატურა და კვლევები. მონაცემების და ინფორმაციის გაცნობის შემდეგ უფრო ნათლად გამოიკვეთა საქართველოში არსებული ვითარება ჩვენი საკვლევი თემის ირგვლივ.

რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა  როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებში. კვოტები გავანაწილეთ ფაკულტეტების მიხედვით, ხოლო სტუდენტთა გამოკითხვა მოხდა ადგილზე, პირისპირ (უნივერსიტეტების ტერიტორიაზე) შემთხვევითი შერჩევის შედეგად. ეს ყოველივე დაგვეხმარა რესპონდენტისგან დეტალური ინფორმაციის მოპოვებაში.

ინფორმაციის შეგროვების  შემდგომ დაიწყო მონაცემთა დამუშავება, რისთვისაც გამოვიყენეთ პროგრამა SPSS-ი.

ნაშრომის ჰიპოთეზა  : ქართველ  სტუდენტებს ახასიათებთ სერილებზე დამოკიდებულება (ადიქცია)

 შედეგები

   კვლევის შედეგად გამოიკითხა 525 ადამიანი.  აქედან 319 მდედრობითია და 206 მამრობითი. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რესპოდენტთა ნახევარზე მეტი სერიალების მაყურებელია. ‘’უყურებთ თუ არა სერიალებს ?‘’ ამ კითხვას გამოკითხულთა 98,1 % (n=515) უპასუხა. კითხვას არ უპასუხა 1,9%-მა (n=10).  აქედან 53.4% (n=275)  უყურებს სერიალებს, ხოლო 46,6% (n=240) არა.

პროცენტულ მაჩვენებლებზე დაკვირვებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ამერიკულ სერიალებს ანიჭებს უპირატესობას. კითხვაზე ‘’ძირითადად რომელი ქვეყნის სერიალებს ანიჭებთ უპირატესობას?’’, უპასუხა  303-მა ადამიანმა აქედან- ამერიკულ სერიალებს უყურებს 74.9%, ქართულს – 9.9%, თურქულს – 5.0%, რუსულს – 2.3%. პასუხის გაცემა უჭირს 5.3%-ს. აღნიშნული მიგვანიშნებს იმაზე,რომ ქართველ სტუდენტებში ყველაზე პოპულარული ამერიკული სერიალებია.

  რაც შეეხება სერილებზე დამოკიდებულებას, რესპონდენტთა უმრავლესობა თავს სერიალებზე დამოკიდებულად არ თვლის. ამას პროცენტული მაჩვენებელიც ამტკიცებს კითხვაზე ‘’მიიჩნევთ თუ არა თავს სერიალებზე დამოკიდებულად?’’ 55.2% პასუხობს რომ არაა დამოკიდებული სერიალებზე, დადებითი პასუხი 3.5%-მა დააფიქსირა. აქედან ვასკვნით, რომ სტუდენტებში სერიალებზე დამოკიდებულება არ შეინიშნება. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ კითხვაზე „საშუალოდ რამდენ საათს უთმობთ სერიალების ყურებას’’, 256 რესპოდენტიდან, მხოლოდ 27-მა დააფიქსირა 15 საათზე მეტი.

      გამოიკვეთა ტენდენცია, რომ სერიალები გარკვეულ გავლენას ახდენს ადამიანურ ურთიერთობებზე სტუდენტებში. გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა (68.9%) აღნბიშნავს, რომ სერიალები განხილვის საგანს წარმოადგენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან. მხოლოდ 26.6%-მა გასცა ამ კითხვას უარყოფითი პასუხი. მიუხედავად ამისა, სერიალები არ წარმოადგენენ სტუდენტისთვის სოციალურად სასურველობის ფაქტორს. ამას ამტკიცებს მონაცემებიც, რომლის მიხედვით, კითხვაზე „ძირითადად რა მიზნით უყურებთ სერიალებს?“ მხოლოდ 6.2% უპასუხა – „ჩემი მეგობრები უყურებენ და მეც ვუყურებ“.

გავლენა გამოიკვეთა ასევე აკადემიურ მოსწრებაზეც. კითხვაზე ‘’ ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც სერიალის ყურების გამო მეცადინეობა არ დაგიწყიათ?’’ 76.8%-მა უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევა ყოფილა. რესპოდენტთა 23% აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევა ხშირად მომხდარა, 26.6%-მა დააფიქსირა პასუხი ზოგჯერ, ხოლო 27.2%-მა – იშვიათად. მხოლოდ 19%-მა აღნიშნა, რომ სერიალის გამო მეცადინეობაზე უარი არასდროს უთქვამს.

კითხვაზე ‘’ახდენს თუ არა გავლენას სერიალები თქვენს აკადემიურ მოსწრებაზე’’ მიღებული  პროცენტული მაჩვენებელი თანხვედრაში არ მოდის. 50.2% მტკიცედ უპასუხა, რომ მათ აკადემიურ მოსწრებაზე სერიალებს გავლენა არანაირი გავლენა არ აქვს, 38.6 % აღიარებს გარკვეულ გავლენას, მხოლოდ 11.1% აფიქსირებს გავლენის არსებობას. აღნიშნული ამტკიცებს, რომ პასუხები ბოლომდე სანდო არ არის.

რაც შეეხება სერიალების მიერ სტუდენტებზე ფსიქოლიური ზეგავლენას, მივიღეთ შემდეგი შედეგები. კითხვაზე ‘’ახდენს თუ არა გავლენას სერიალები თქვენს ჩაცმის სტილზე’’ გამოკითხულთა უმრავლესობა 55.4% არ აღიარებს ზეგავლენას. ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სერიალები მათ საუბრის მანერაზეც არ მოქმედებს (47.2%). რესპონდენტთა  უმრავლესობა ასევე არ აღიარებს, რომ სერიალები ზეგავლენას ახდენს მათ გემოვნებაზე (32.3%).  თუმცა, კითხვაზე  ‘’რომელიმე საკითხზე ხომ არ შეგიცვლიათ აზრი სერიალების ყურების შემდეგ?’’ 70% გამოკითხულთაგან გვპასუხობს, რომ ისინი განიცდიან სერიალების გარკვეულ გავლენას, მხოლოდ 30% აღნიშნავს, რომ არასდროს შეცვლია სერიალის გამო  აზრი რომელიმე საკითხზე.

კროსტაბულაციის შედეგების გაცნობის შემდგომ არ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი განსხვავებები სქესის ნიშნით. მაგალითად, კითხვაზე  სერიალებს უყურებს გამოკითხულ მამაკაცთა 46.8%, ხოლო მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა 57,5%, მაგრამ განსხვავებული შედეგები მოგვცა კითხვაზე – ‘’შეიძლება თუ არა სერიალების ყურება თქვენს ჰობად ჩაითვალოს?’’- მიღებულმა პასუხებმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მამაკაცთა 50%  და მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა 33% მიიჩნევს, რომ სერიალების ყურება მათი ჰობია.

    რაც შეეხება სხვადასხვა მონაცემის ერთმანეთთან კორელაციას. დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რამდენიმე კავშირი. მაგალითად ერთმანეთთან მაღალ კორელაციაშია სერიალების ყურება და უნივერსიტეტში სტიპენდიის ქონა.  ასევე სერიალების ყურება მაღალ კორელაციაშია სოციალური ქსელების მოხმარებასთან. ერთმანეთთან კავშირშია სტუდენტების ასაკი და სერიალების ყურებით გამოწვეული ფსიქოლოგიური ზეგავლენები.

დასკვნა

მიუხედავად არსებული თეორიისა, რომ სერიალების ყურება იწვევს ადიქციას, პრაქტიკაში ჩატარებულმა კვლევამ განსხვავებული შედეგი მოგვცა.

ჩვენი კვლევის მიზანს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ წარმოადგენდა იმის დადგენა იყვნენ თუ არა ქართველი სტუდენტები სერიელებზე დამოკიდებულნი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ჰიპოთეზა: ქართველი სტუდენტებს ახასიათებთ სერილებზე დამოკიდებულება (ადიქცია), არ გამართლდა.

როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტებისთვის სერიალები ძირითადად განტვირთვის საშუალებას წარმოადგენს და მათი ყურება სტუდენტების ყოველდღიურობაზე ნეგატიურ გავლენას არ ახდენს. გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა სერიალების ყურებას დიდ დროს არ უთმობს და შესაბამისად ეს უარყოფითად არ აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე, ძილის განრიგსა თუ სოციალურ ურთიერთობებზე.

  წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნის მიხედვით მეცნიერები ასკვნიან, რომ დღეში ექვსი საათის განმავლობაში სერიალების ყურება ადიქციის ერთ-ერთი სიმპტომია. ეს  ტენდენცია ჩვენს კვლევაში არ დაფიქსირდა. მხოლოდ 27 გამოკითხული უყურებს სერიალებს  15 საათი კვირის განმავლობაში, რაც ზღვარზე ბევრად დაბალია, ეს მიუთითებს, რომ ამ დასკვნის ქართველ სტუდენტებზე განზოგადება არ ხდება.

ნაშრომის ‘’watching TV affect Social Interactions’’- ის მიხედვით სერიელები წარმოადგენენ სოციალურ ხიდს დამიანებს შორის. მათი ყურება საზოგადოებაში სოციალიზაციის განუყოფელი ნაწილია.  [4] ეს ტენდენცია ჩვენი კვლევის ფარგლებშიც დადასტურდა. გამოკითხულთა უმრავლესობამ  დააფიქსირა აზრი, რომ სერიალების ყურება მის სამეგობრო წრეში საერთო ინტერესს და განხილვის თემას წარმოადგენს, რაც მათ ეხმარებათ კომუნიკაციის დამყარებაში.

ნაშრომში “Effect of TV Fashion Shows on Dressing Style of Female Students” აღნიშნულია, რომ სერიალებს განუზაზღვრელი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი ჩაცმის სტილზე. ეს დავადასტურეთ ჩვენი კვლევის შედეგებითაც. რესპოდენტთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სერიალებში არსებული მოდური ტენდენციები აქტიურად გადმოაქვთ რეალობაში. [6]

 

გამოყენებული ლიტერატურა

[1] Meghan Neal. (2016 წლის 18 Jan). From https://motherboard.vice.com/amp/en_us/article/3daqaj/is-watching-tv-actually-a-good-way-to-rest-your-brain?fbclid=IwAR1-jUMgIky44vcqa11G6nThFIBxLWeT7SZTLal-bkUYxmd07ErJwF4wMbM

[2] Fei Wang, Shengdong Lin, Xue Ke. (2015 წლის 25 April). http://www.ncbi.nlm.nih.go. From https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4429808/

[3] Heid, M. (2017 წლის 5 september ). http://www.menshealth.com. From https://www.menshealth.com.sg/health/how-binge-watching-tv-almost-harmful-drug-addiction/?fbclid=IwAR3gNjhukyQ3wpAsuVo_9Y90Q_MJo6W0aPM0Ils_wvaLaxvncOo_Rr4utqI

[4] Lokhandwala, H. (n.d.). From https://www.academia.edu/31343304/Does_Binge-watching_TV_affect_Social_Interactions

[5] Steve Sussman, Nadra Lisha, Mark Griffiths. (2011 წლის 11 Jul). http://www.ncbi.nlm.nih.gov. From https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3134413/

[6] Zareen, S. (n.d.). From https://www.academia.edu/5189993/Effect_of_TV_Fashion_Shows_on_Dressing_Style_of_Female_Students

[7] სოფო ომანაძე, ნინო გაჩეჩილაძე, ანა ლებანიძე, სოფო ჩაჩანიძე. (2016). http://www.fes-caucasus.org. From http://www.fes-caucasus.org/fileadmin/Publications/2016/Geo_YouthStudy_Georgia_Web.pdf

 

 

 

 

 

 

 


Leave a comment

Categories