Posted by: burusi | June 12, 2018

მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულებები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით საქართველოში

მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულებები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით საქართველოში

ლია ბაღდოშვილი1, მარიამ კოზოლაშვილი1

1 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია 2019; 5 (1)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. ინკლუზიური განათლება ეფუძნება იდეას, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება თანასწორუფლებიან გარემოში მიიღოს სრულფასოვანი განათლება და მაქსიმალურად გამოავნილოს თავისი პოტენციალი. ინკლუზიური განათლების პროცესი მნიშვნელოვანია ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემისთვის და მისი არსებობა ქვეყნის დემოკრატიულობას  უსვამს ხაზს. საქართველოში ინკლუზიური განათლების პროცესის დანერგვა 2006 წლიდან დაიწყო და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. კვლევის მიზანია სკოლის პედაგოგების და მშობლების მიერ საქართველოში ინკლუზიური განათლების მხრივ მიმდინარე პროცესების შეფასება. მეთოდოლოგია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა მშობლების და პედაგოგების გამოკითხვა. შედეგები. კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი ინფორმირებულობის გამო მშობლები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ინკლუზიურ განათლებას. სასწავლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის გაუმართაობისა და რესურსების ნაკლებობის გამო ინკლუზიური განათლების პროცესი სრულფასოვნად ვერ მიმდინარეობს.

საკვანძო სიტყვები:  ინკლუზიური განათლება, განათლების სისტემა.

ციტირება: ლია ბაღდოშვილი, მარიამ კოზოლაშვილი. მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულებები ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Abstract

Introduction. Inclusive education is based on the idea that every every child has the right to an education. Inclusive education was developed in Georgia from 2006 and this process continues. We were interested in what kind of opinions school teacher’s and parent’s have about this process. Methodology. Within qualitative research we interviewed 17 respondents. We selected 10 parents, 5 schoolteachers and 2 psychologists as our respondents and we were observing two school in Tbilisi. Results. Parents of typically developing children do not have discriminative attitude towards children with special educational needs, but because of lack of information, they can not realize the importance of inclusive education. Parents of children with special educational needs appreciate system of inclusive education, but they think that in Georgia their children can not get all benefits from this process because of not straightened infrastructure and lack of special resources. Majority of schoolteachers understands importance of inclusive education for education system of Georgia, but they find this system badly arranged in our reality.

Keywords: inclusive educational model, a student with educational needs, person with disability, adopted environment.

Quote: Lia Bagdoshvili, Mariam Kozalashvili. Attitudes of parents and teachers regarding inclusive education in Georgia. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1).

 __________________________________________________________________________________________

შესავალი

განათლების უფლება თითოეული ადამიანისთვის ფუნდამენტური უფლებაა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებსაც წლების განმავლობაში არ შეეძლოთ მათ თანატოლებთან ერთად ესწავლათ სკოლებში თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დღეს უკვე ეძლევათ საშუალება, რომ მიიღონ სრულფასოვანი განათლება. ინკლუზიური განათლება არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან ერთად. [7]

1994 წელს სალამანკას დეკლარაციამ და 2006 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციამ მნიშვნელოვნად განაპირობა საქართველოში ინკლუზიური განათლების პროცესის დაწყება და ინკლუზიური განათლების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ქცევა. 2006 წლიდან ინკლუზიური განათლების დანერგვა მხოლოდ სკოლებში მიმდინარეობდა, 2013 წლიდან კი მისი განხორციელება პროფესიული განათლების დონეზეც დაიწყო.

შშმ პირები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები ინკლუზიური განათლების პრინციპეპის გათვალისწინებით ჩართულნი უნდა იყვნენ ზოგადსაგანმანათლებლო პროცესსში. მათთვის იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც მთლიანად მათ საჭიროებებზეა მორგებული. ინკლუზიური განათლება რადიკალურად განსხვავდება ინტეგრაციის პროცესისგან, ვინაიდან, მისი საბოლოო შედეგი უნდა იყოს ხარისხიანი განათლების მიღება კონკრეტული შშმ თუ სსსმ პირის შესაძლებლობიდან გამომდინარე.

მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური განათლება საქართველოში უკვე დანერგილია და ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, მაინც ვხვდებით ბევრ გამოწვევას, თავად მასწავლებლების და მშობლების მხრიდან დამოკიდებულებების თვალსაზრისით. დამოკიდებულებები საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ინკლუზიური განათლების პროცესის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე.

კვლევებით გამოვლინდა მკაფიო უარყოფითი დამოკიდებულება შშმ ბავშვებისა და ინკლუზიური განათლების მიმართ მოსწავლეთა მშობლების მხრიდან [5]

კვლევის მიზანია მასწავლებლების და მშობლების დამოკიდებულებების კვლევა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით და იმ პრობლემების გამოვლენა რომლებიც დღესდღეობით ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს. საკვლევი კითხვაა, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ მასწავლებლებსა და მშობლებს  ინკლუზიური განათლების შესახებ.

მეთოდოლოგია

კვლევაში გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა: სიღრმისეული ინტერვიუ, დაკვირვება, მეორედ მონაცემთა ანალიზი.

შესწავლილ იქნა ამ თემის გარშემო არსებული ლიტერატურა და კვლევები. მონაცემების და ინფორმაციის გაცნობის შემდეგ უფრო ნათლად გამოიკვეთა საქართველოში ინკლუზიური განათლების მდგომარეობა, რამაც საშუალება მოგვცა, კვლევა სწორი მიმართულებით წაგვეყვანა.

სიღრმისეულ იინტერვიუ და დაკვირვება გამოყენებულ იქნა უშუალოდ საველე სამუშაოების დროს. სიღრმისეული ინტერვიუს უპირატესობა არის ის, რომ თვალნათლივ გვაჩვენებს მიზან-შედეგობრივ კავშირს. მისი საშუალებით ჩვენ შეგვიძლია პირველადი მონაცემების მოპოვება და თეორიული ინფორმაციის პრაქტიკაში დანახვა. იგი დაგვეხმარა რესპონდენტისგან დეტალური ინფორმაციის მოპოვებაში.

სიღრმისეული ინტერვიუს საშუალებით, ვერბალურად მივიღეთ ბევრი ინფრმაცია, შემდეგ კი ავირჩიეთ დაკვირვების მეთოდი, რათა ბუნებრივ გარემოში დავკვირვებოდით ჩვენი სამიზნე ჯგუფის არავერბალურ მესიჯებს, როგორებიცაა მაგ: მოქმედებები, ქცევები და ურთიერთობები. დაკვირვების მეთოდის გამოყენება გახდა საჭირო, რადგან, ხშირ შემთხვევაში, არსებობს ისეთი ქცევები და დამოკიდებულებები, რომელთა სიტყვიერად აღწერას და გადმოცემას რესპონდენტისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, ეს მისთვის ბუნებრივი და ორგანულია.

კვლევის ფარგლებში ძირითადი ინსტრუმენტები იყო სადისკუსიო გეგმა და დაკვირვების დღიური. მიზანმიმართული შერჩევის შედეგად  შერჩეულ იქნა ათი მშობელი, რომელთაგან ხუთ მათგანს ჰყავს სსსმ ბავშვი და ხუთი ტიპური განვითარების მქონე ბავშვის მშობელია. ასევე შევარჩიეთ 5 მასწავლებელი და 2 სკოლაში მომუშავე ფსიქიოლოგი. რაც შეეხება დაკვირვებას, მეთოდი განხორციელდა თბილისის ორ საჯარო სკოლაში.

ინფორმაციის შეგროვების  შემდგომ დაიწყო მონაცემთა დამუშავება, რომლის პირველი საფეხურიც იყო კატეგორიზება. თემიდან გამომდინარე გამოვყავით რამდენიმე მნიშვნელოვანი კატეგორია:

  • ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მშობლების დამოკიდებულება სსსმ პირების მიმართ.
  • ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მშობლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების პროცესის მიმართ.
  • სსსმ ბავშვების მშობლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ.
  • მასწავლებლების პოზიტიური დამოკიდებულებები.
  • მასწავლებლების ნეგატიური დამოკიდებულებები.
  • ნეგატიური დამოკიდებულებების ფსიქოლოგიური ასპექტები.

შედეგები

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს მასწავლებლებისა და მშობლების დამოკიდებულებების შესწავლა ინკლუზიური განათლების მიმართ საქართველოში. მონაცემთა ანალიზის პროცესში ჩამოვაყალიბეთ სამი ქვე-კითხვა:

  • როგორ აღიქვამენ მშობლები ინკლუზიური განათლების პროცესს?
  • როგორ აღიქვამენ მასწავლებლები ინკლუზიური განათლების პროცესს?
  • რამდენად მაღალია ინკლუზიური განათლების მიმღებლობა მშობლებსა და მასწავლებლებში?

მონაცემების მოპოვების შემდეგ, გამოვყავით 6 თემატური ჯგუფი:

  • ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მშობლების დამოკიდებულება სსსმ პირების მიმართ.
  • ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მშობლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების პროცესის მიმართ.
  • სსსმ ბავშვებისმშობლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ.
  • მასწავლებლების პოზიტიური დამოკიდებულებები.
  • მასწავლებლების ნეგატიური დამოკიდებულებები.
  • ნეგატიური დამოკიდებულებების ფსიქოლოგიური ასპექტები.
  • ტიპური განვითარების მქონე ბავშვის მქონე მშობლის დამოკიდებულება სსსმ ბავშვების მიმართ

ტიპური განვითარების მქონე ბავშების მშობლებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუს შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე მკაფიოდ განსაზღვრული დამოკიდებულება. მშობლების უმრავლესობა თვლის, რომ სსსმ ბავშვები  საზოგადოების სრულფასოვანი წვერები არიან და აქვთ ყველა ის ფუნდამენტური უფლება, რომელიც ვრცელდება ტიპური განვითარების მქონე ნებისმიერ ბავშვზე.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მშობელთა 82.9 %-ს პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ შშმ პირების მიმართ [6].

„სსსმ მოსწავლეს აღვიქვამ როგორც სრულფასოვან პიროვნებას. არ მაქვს პრობლემა, რომ ჩემ ბავშვთან ერთად სწავლობდეს. ლოაიალური ვარ ამ საკითხის მიმართ.“ (ტიპიური განვითარების მქონე მშობელი, ინტერვიუ).

უმრავლეს შემთხვევაში მშობლების მხიდან არ ხდება ბავშვების დიფერენცირება განვითარების მიხედვით. თუმცა, გამოიკვეთა რამდენიმე შემთხვევა, როცა სსსმ ბავშვი აღიქმებოდა, როგორც შეცოდების ობიექტი. ძირითადად ეს დამოკიდებულება ჩნდებოდა მაშინ, როცა სსსმ ბავშვს გააჩნდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა.

„ვაიმე, ეტლით უწევს სიარული საწყალს. ბავშვებთანაც კი ვერ თამაშობს თავისი გაჭირვება ეყოფა მე რაღა მეთქმის ცუდი.’’  (ტიპიური განვითარების მქონე მშობელი ,ინტერვიუ).

სამიზნე ობიექტები დაკვირვებისას  აქტიურად შედიოდნენ კონტაქტში სსსმ ბავშვების მშობლებთან და არ ჰქონდათ არანაირი გართულება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ბავშვები ერთად თამაშობდნენ, მაგრამ აქაც გამოიკვეთა ერთი შესამჩნევი მომენტი: რამდენიმე მშობელმა გააფრთხილა შვილი, რომ ფრთხილად მოპყრობოდნენ მათ კლასელ შშმ მოსწავლეს. ინტერაქციისას ხშირად ისმოდა ფრაზები:  ‘’დაუთმე’’ , ‘’ფრთხილად! არაფერი ატკინო.‘’

ტიპური განვითარების მქონე ბავშვის მშობლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების პროცესის მიმართ

ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მშობლებთან ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუს შემდეგ გამოიკვეთა ინფორმაციის ნაკლებობა  ზოგადად ინკლუზიური განათლების შესახებ.

ერთი კვლევის მიხედვით, მშობლების უარყოფითი დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ გამოწვეულია შიშით, გაუგებრობით და ინფორმაციის ნაკლებობით [ 5.გვ.16].

მშობლების უმრავლესობა თვლის,რომ მათი შვილები ზარალდებიამ სასწავლო პორცესის მიმდინარეობის პროცსსში, ვინაიდან, მასწავლებლები სსსმ მოსწავლეზე არიან ორიენტირებული და ტიპური განვითარების მქონე ბავშვებს სათანადო ყურადღებას ვეღარ აქცევენ.

„კი, არანაირი პრობლემა არ მაქვს და მაგ ბავშვს არ ვერჩი, მაგრამ ისედაც ამდენი ბავშვია ერთ კლასში და ხანდახან მგონია, რომ მასწავლებლები იმდენად დიდ ენერგიას ხარჯავენ ამ ერთ ბავშვზე სხვების გამოკითხვას ვეღარც ასწრებენ“ (ტიპიური განვითარების მქონე მშობელი, ინტერვიუ)

მას შემდეგ რაც მშობლებს, განვუმარტეთ თუ რას გულისხმობდა ინკლუზიური განათლების ძირითადი არსი, უმრავლესობამ აღნიშნა, რომ სსსმ ბავშვები   სპეციალეზებულ სკოლებში ან კლასებში უფრო უკეთესად მიიღებენ განათლებას, ვიდრე ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთან ერთად.

„ხანდახან როცა სპეციალური საჭიროების რთულ  ფორმიან ბავშვს დავინახავ, აი მაგალითად რომელსაც სიარული არ შეუძლია, ცოტა მეცოდება, რადგან მესმის როგორ შეიძლება უჭირდეს ერთ ადგილზე ყოფნა ბავშვს, რომელიც ენერგიითაა სავსე.აქედან გამომდინარე, მგონია, ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში ასეთი ბავშვები დაიჩაგრებიან.ზოგს ისეთი შეზღუდვა აქვს არ მგონია იმან რამე ისწავლოს” (ტიპიური განვითარების მქონე მშობელი, ინტერვიუ).

მიუხედავად იმისა, რომ მშობლების უმრავლესობა ინკლუზიურ განათლებას არ მიესალმება, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ინფორმაცის ნაკლებობიდან გამომდინარე გამოწვეულ დამოკიდებულებად, მათი მხრიდან სსსმ და შშმ პირების მიმართ დისკრიმინაციული და უარყოფითი დამოკიდებულება არ ვლინდება. ეს ყოველივე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა.

„ტიპური განვითარების მქონე ბავშებს სსსმ მოსწავლეებთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.მათი მშობლები კი განსაკუთრებულად გამოხატულ დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას არ ავლენენ ‘’ (დაკვირვების დღიური, 25.04.2018)

ნაშრომში ‘’მშობლების დამკიდებულებების კვლევა ინკლუზიური განათლებისადმი’’ აღნიშნულია – ‘’ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მშობლებს სჯერათ, რომ ინკლუზიური განათლება ზრდის მათი ბავშვების შემეცნების შესაძლებლობას, ხდის მათ უფრო ადამიანურებს და უმძაფრებს სხვისი დახმარების სურვილს“ [3].

ერთ-ერთი მშობლის თქმით, მას შემდეგ, რაც კლასში სსსმ მოსწავლემ დაიწყო სწავლა, მისი შვილი უფრო ტოლერანტი გახდა. ამ ყოველივემ მის ქცევაზე დადებითად იმოქმედა.

„ჩემი შვილი ძალიან აქტიურია, ამიტომ ყველსთან ადვილად ამყარებს კონტაქტს. მას შემდეგ, რაც მის კლასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა მიიყვანეს, იგიარა მარტო ძალიან კარგად შევიდა მასთან კონტაქტში, არამედ კიდევ უფრო მზრუნველი გახდა და ყველას საყვედურობს, ვინც ცოტა უხეშად ეპყრობა ამ გოგოს.  სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მახარებს მისი ასეთი დამოკიდებულება და ცოტა ვამაყობ კიდეც. ‘’(ტიპიური განვითარების მქონე ბავშვის მშობელი, ინტერვიუ)

საბოლოო ჯამში მშობლების მხრიდან გამოიკვეთა არც ისე პოზიტიური დამოკიდებულება ინგლუზიური განათლების მიმართ. მათი უმრავლესობა არ მიესალმება იმ ფაქტს, რომ მათ შვილებთან ერთად კლასში სსსმ მოსწავლე, განსაკუთრებით კი მკაფიოდ გამოხატული შეზღუდვის ან ჰიპერაქტიური ქცევის მქონე სსსმ მოსწავლე იღებდეს განათლებას.

„ხანდახან ისეთი დაძაბული ვარ მეშინია რამე არ დაუშავოს ჩემს შვილს ან კიდევ ხომ შეიძლება ქცევაში მიბაძოს კიდეც ჩემმა ბავშვმა. მასწავლებელი ყველას ასე ერთად როგორ მიაქცევს ყურადღებას ’’(ტიპიური განვითარების მქონე ბავშვის მშობელი, ინტერვიუ)

სსსმ ბავშვის მშობლის დამოკიდებულება ინკლუზუირი განათლების მიმართ

კლევის პროცესში გამოიკვეთა სსსმ ბავშვების მშობლების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებები ინკლუზიური განათლების მიმართ. ზოგიერთი მათგანი  კარგად იაზრებს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას და მიესალმება მათი ბავშვების ამ სისტემაში ჩართულობას.

ნაშრომში  ‘’მშობლების დამოკიდებულებები და გამოცდილებები ინკლუზიური განათლების ლოკალური და საერთაშორისო სერვისების მიმართ’’ აღნიშნულია, რომ მშობელთა უმრავლესობა მიესალმება შვილების ინკლუზიური განათლების სისტემაში ჩართვას [4.გვ.81]

ჩვენ მიერ გამოკითხულ მშობელთა  უმრავლესობა თვლის, რომ ინკლუზიური განთლების პროცესი კარგად აისახება მათი შვილების განვითარებაზე, ეხმარება მათ გარემოსთან ადაპტაციაში და უვითარებს საჭირო უნარ-ჩვევებს.

„მას შემდეგ რაც სკოლაში შევიყვანე მდგომარეობა გამოუსწორდა, უფრო გახსნილი და აქტიური გახდა. თავიდან ცოტა მეშინოდა, თვითონაც დაძაბული ჩანდა, მაგრამ გაგვიმართლა იმაში, რომ სკოლა და კლასი კარგი შეგხვდა, თან ახალგაზრდა დამრიგებელი ჰყავს. თავიდან ბავშვებს შორის იყო გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ მასწავლებელის და სხვა ბავშვების მშობლების ჩართულობით ადვილად დავძლიეთ ეს პრობლემა. ‘’ (სსსმ ბავშვის მშობელი, ინტერვიუ)

ერთ-ერთი მშობელი მიესალმება ინკლუზიურ განათლებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს სისტემა საქართველოში გამართულად არ მუშაობს. პირველ რიგში, გამოყოფს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, საჭირო ინვენტარის და პანდუსების არარსებობას. ასევე ხაზს უსვამს ზოგიერთი მასწავლებლის და მშობლის შეფარულ უარყოფით დამოკიდებულებას.

იყო შემთხვევა, როცა მშობელმა ინკლუზიური განათლება მიიჩნია არასწორ მიდგომად. მისი აზრით, ნაცვლად იმისა რომ დახმარებოდა მის ცხოვრებაში არაფერი შეცვალა.

„ვერ ვხვდები ასეთი რაღაც რატო მოიგონეს, რა საჭირო იყო. არ მომწონს, მაგრამ ბავშვს სახლში ხომ არ დავსვამ, სხვა საშუალება არ მაქვს. მასწავლებელი კი მელაპარაკება რაღაცებს, მაგრამ მაგან რა იცის ჩემზე მეტი ჩემს შვილზე. არც მეგობრები შეუძენია და არც არაფერი უსწავლია მაგ სკოლიდან. ‘’(სსსმ ბავშვის მშობელი, ინტერვიუ)

მასწავლებლების პოზიტიური დამოკიდებულებები

ნაშრომში “მასწავლებლების დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ (Teachers’ Attitudes Tiwards Inclusive Education)” აღნიშნულია, მასწავლებელთა პოზიტიური დამოკიდებულებების სიმრავლე ინკლუზიური განათლების მიმართ. ნაშრომის მიხედვით მასწავლებლები თვლიან, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს აქვთ სრული უფლება ისწავლონ თანასწორუფლებიან გარემოში ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეებთან ერთად. [2]

ჩვენ მიერ გამოკითხულ მასწავლებელთა  უმრავლესობა თვლის, რომ ინკლუზიური განათლება დადებითი პროცესია, როგორც სსსმ ბავშვებისთვის, ასევე ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეებისთვის.  ეს პროცესი მათ ეხმარებათ  წინსვლასა  და ახალი უნარჩვევების ათვისებაში.  ამის დახმარებით ბავშვებს თავიდანვე უვითარდებათ ტოლერანტული დამოკიდებულება და განსხვავებულის მიმღებლობის უნარი.

“მყავს ორი სსსმ მოსწავლე. ერთ-ერთ მათგანს უკვე სამი წელია ვასწავლი, მერვე კლასელი. მეორე მეხუთე კლასელია მასთან წელს პირველად მაქვს შეხება. ზოგადად, მივიჩნევ, რომ ინკლუზიური განათლება პროგრესისკენ მიმართული პროცესია და მგონია, რომ ის აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემისთვის. ბავშვები აბსოლუტურად არ აღიქვამენ იმას, რომ სსსმ მოსწავლე შესაძლოა რაღაცით ტიპური განვითარების მოსწავლისგან განსხვავდებოდეს. უსმენენ, და უხარიათ, როცა გაკვეთილს სწავლობს. ერთი სიტყვით არანაირი წინააღმდეგობა არ არის.” (სკოლის პედაგოგი, ინტერვიუ)

რესპონდენტთა უმრავლესობა თვლის, რომ ინკლუზიური განათლების პროცესი მათ პროფესიულ განვითარებასაც უწყობს ხელს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბავშვების დიფერენცირება არ უნდა ხდებოდეს, რადგან მასწავლებლის მოვალეობაა, ასწავლოს ბავშვებს განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა.

“ჩემი აზრით, თუ მასწავლებელი მრავალფეროვნებას არ აღიარებს და თითოეულ მოსწავლეს, როგორც განსხვავებულ ინდივიდს ისე არ აღიქვამს, მისი ადგილი საგანმანათლებლო სივრცეში ნამდვილად არ არის. ‘’(სკოლის პედაგოგი, ინტერვიუ)

ისინი კარგად იაზრებენ თავიანთ როლს ინკლუზიურ განათლებაში. ცდილობენ ფეხი აუწყონ ახალ სტანდარტებს, უზრუნველყონ მოსწავლეების თანაბარი ჩართვა საგაკვეთილო პროცესში და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

„საგაკვეთილო პროცესისი დროს, სსსმ მოსწავლესთან ვმუშაობ როგორც ინდივიდუალურად, ასევე სხვა მოსწავლეებთან ერთად ვრთავ ჯგუფურ აქტივობებში. როდესაც მე ამ ბავშვთან ვმუშაობ, ვაკითხებ, კითხვებს ვუსვამ და ა.შ, ამ დროს ის დანარჩენი მოსწავლეები წერით დავალებას ასრულებენ, შესაბამისად კლასი მიანც არ არის დავალების გარეშე, მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ სსსმ და ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეები ერთადაც ერთვებიან სასწავლო პროცესში. როდესაც მაგალითად გაკვეთილს ვხსნი, ფრონტალურ კითხვებს ვსვამ და კითხვებიდან რამდენიმეს, რომლებიც უფრო შესაფერისია სსსმ  მოსწავლის შესაძლებლობასთან ვუსვამ მას და ის ბავშვიც არის ჩართული სასწავლო  პროცესში დანარჩენებთან ერთად. ‘’ (სკოლის პედაგოგი, ინტერვიუ)

დაკვირვების დროს გამოიკვეთა ის, რომ მასწავლებლები ცდილობდნენ საგაკვეთილო პროცესის სწორად წაყვანას და სსსმ მოსწავლის ჩართვას.

„მასწავლებელი, ფსიქოლოგი, დამხმარე მასწავლებელი და მშობელი გარემოებიდან გამომდინარე ერთობლივად აკონტროლებენ ბავშვის განვითარებას და უზრუნველყოფენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებას.‘’ (დაკვირვების დღიური, 25.04.2018)

მასწავლებლების ნეგატიური დამოკიდებულებები

მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვლენილა ინკლუზიური განათლების, როგორც სისტემის, მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, გამოიკვეთა რამდენიმე ასპექტი, რომლებიც მასწავლებლების უკმაყოფილებას იწვევს.

გამოკითხულ მასწავლებელთა უმრავლესობა თვლის, რომ კლასებში ბავშვთა რაოდენობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ოცს აღემატება, აფერხებს ინკლუზიური განათლების პროცესს.

ნაშრომში „მშობლების და მასწავლებლების წარმოდგენები მათი როლის შესახებ ინკლუზიურ განათლებაში“ აღნიშნულია, რომ მასწავლებლებს ყველაზე მეტად სირთულეს უქმნით სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა სხვა მოსწავლეებთან ერთად.  ისინი ვერ ახერხებენ დროის და ყურადღების თანაბრად გადანაწილებას“ [9].

„მოსწავლეთა დიდი რაოდენობის გამო კლასში ერთგვარი პრობლემა ჩნდება რა იცით,ბავშვი მაინც ბავშვია და ხშირად მაინც ცდილობს, რომ ისარგებლოს.როცა სსსმ მოსწავლეს მიუბრუნდება მასწავლებელი და მასზე კონცენტრირებული კლასის სხვა მოსწავლეები ამ დროს ხშირად იწყებენ საუბარს,ჩოჩქოლს და ასე შემდეგ.“ (სკოლის პედაგოგი, ინტერვიუ)

გამოიკვეთა ეკონომიკური ფაქტორიც. მასწავლებლები აქტიურად უსვამდნენ ხაზს დაბალ ხელფასს, რაც მათ პროფესიულ მოტივაციას უკარგავს. მათი თქმით, სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვა არის დამატებითი შრომა და დამატებით ანაზღაურებას საჭიროებს.

„ხელფასი ძალიან დაბალი გვაქვს მასწავლებლებს იმასთან შედარებით რამხელა შრომასაც ვდებთ ჩვენს საქმეში. ჯერ მარტო რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ბავშების და მშობლების წინაშე. ამას კიდევ ეს ინკლუზიური განათლებაც დაემატა. ძალიან ბევრს ითხოვენ ჩვენგან და არაფრის ფასად. მაღალ სტანდარტებს გვთხოვენ და ხელფასის მომატებაზე არავინ საუბრობს.“ (სკოლის პედაგოგი, ინტერვიუ)

სიღრმისეული ინტერვიუებიდან ჩანს, რომ მასწავლებლები ტრენინგების ნაკლებობას უჩივიან. ისინი იაზრებენ, რომ ინკლუზიურ განათლებას სპეციალური მომზადება სჭირდება, რომელსაც სახელმწიფო არასრულფასოვნად სთავაზობს მათ.

„სამწუხაროდ, ტრენინგი არ გამივლია, თუმცა, სპეციალურ მასწავლებლებთან თანამშრომლობის შედეგად ვახერხებ სსსმ მოსწავლეებთან ურთიერთობას და, რავიცი, ჩემი აზრით, ნორმალურად ვართმევ თავს. ტრენინგების გავლასთან დაკავშირებით რამდენჯერმე დავწერე კიდეც მოთხოვნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მივაწვდინე ხმა უწყებებს,რომლებიც არეგულირებენ ამ საკითხს. ‘’

ერთ-ერთი მასწავლებელი კი მშობლების ინტერესის ნაკლებობას უჩივის. თვლის, რომ მშობლები არ არიან დაინტერესებულნი ბავშვის განათლებით და ხელს არ უწყობენ მასწავლებლებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესრულებაში.

კვლევის ანგარიშში ‘’ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში „აღნიშნულია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, მშობელი აქტიური მონაწილეა საკუთარი შვილის განათლების სივრცის (სპეციალური პროფილის სკოლა თუ საჯარო სკოლა) და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიზნების განსაზღვრის პროცესში. თუმცა აღნიშნული უფლების პრაქტიკული განხორციელება ხშირ შემთხვევაში არ ხდება. [1.გვ.9]

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა,  რომ ერთ-ერთ სკოლაში, რომელშიც რამდენიმე სსსმ მოსწავლეა, ფსიქოლოგი საერთოდ არ ჰყავთ და მხოლოდ ერთი სპეციალური მასწავლებელი მუშაობს ბავშვებთან.

„სკოლაში ფსიქოლოგი არ ჰყავთ და, შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებთან მხოლოდ სპეციალურიმასწავლებელი მუშაობს.“ (დაკვირვების დღიური, 25.04.2018)

ნეგატიური დამოკიდებულებების ფსიქოლოგიური ასპექტები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენ ასევე ჩავატარეთ სიღრმისეული ინტერვიუ ორ ფსიქოლოგთან, რომლებთანაც ძირითადად ნეგატიურ დამოკიდებულებებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე ვისაუბრეთ.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ უარყოფითი დამოკიდებულება ინკლუზიური განათლების მიმართ შეიძლება გაჩნდეს, როგორც ტიპური განვითარების მქონე ბავშვის მშობლის, ასევე სსსმ ბავშვის მშობლის მხრიდანაც.

„უარყოფითი დამოკიდებულებები შეიძლება გაჩნდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის მშობლისგან, რომელიც თვლის რომ, მისი შვილი ვერ იქნება  ჩართული ინკლუზიურ განათლებაში და ვერ მიიღებს ხარიასხიან განათლებას.მეორე მხარეა ტიპური განვითარების მქონე ბავშვის მშობელი, რომელსაც მიაჩნია,  რომ მისი შვილი დაიჩაგრება და მასწავლებლისგან უყურადღებოდ დარჩება ‘’ (ფსიქოლოგი, ინტერვიუ)

ასეთი დამოკიდებულების გაჩენის მთავარ მიზეზად ისინი ინფორმაციის ნაკლებობას და საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს უკავშირებენ. მაგალითად იმას, რომ შშმ პირები საშიშნი არიან საზოგადოებისთვის ან იმსახურებენ შეცოდებას.

ნაშრომში ‘’How and When Stereotypes Relate to Helping Behavior toward People with Disabilities’’ აღნიშნულია, რომ შეზღუდვას ბევრი ადამიანი ხედავს, როგორც ტრაგედიას და იმის მიზეზს თუ რატომ უნდა შეიცოდოს ადამიანი. ბევრს მიაჩნია, რომ შშმ პირები ქველმოქმედების ობიექტები უნდა იყვნენ. ეს ყოველივე წარმოქმნის  ‘’პოზიტიურ დისკრიმინაციას’’. ნაშრომში ასევე საუბარია იმაზე, რომ ამ დამოკიდებულებას იწვევს შშმ პირების მოწყვლადობა და კომუნიკაციის ნაკლებობა მათთან.’’ [8]

„პირადად მე მქონია გამოცდილება, როცა ტიპური განვითარების მქონე ბავშვის დედა წინააღმდეგი იყო მისი შვილის კლასში შშმ პირს ესწავლა, რომელსაც კერძოდ აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქონდა. ეს მშობელი ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ შესაძლოა ამ შეზღუდვას მისი შვილის ჯანმრთელობაზე ცუდად ემოქმედა’’ (ფსიქოლოგი, ინტერვიუ)

რაც შეეხება მასწავლებელთა ნეგატიურ დამოკიდებულებებს, ფსიქოლოგების თქმით, ისინი ხშირად ფსიქოლოგიურად არ არიან მზად სწორად და უშეცდომოდ წარმართონ ინკლუზიური განათლების პორცესი. მკაფიოდ გამოხატული უარყოფითი და დისკრიმინაციური დამოკიდებულებები სსსმ მოსწავლეების მიმართ ძირითადად ასაკოვან მასწავლებლებში გამოვლინდა, რაც ფსიქოლოგების თქმით, სულაც არაა გასაკვირი, ვინაიდან, სტერეოტიპული დამოკიდებულებები შშმ პირების მიმართ წარსულში უფრო მკაფიოდ იყო გამოხატული.

„დიახ, ასაკოვან მასწავლებლებს ნამდვილად უფრო ხშირად უჭირთ სსსმ მოსწავლეებთან ურთიერთობა მთელი რიგი მიზეზების გამო. მათ იცხოვრეს რეალობაში, სადაც შშმ პირები იზოლირებული იყვნენ საზოგადოების სხვა წევრებისგან და კიდევ უფრო მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენდნენ ვიდრე ეს დღესაა“ ( ფსიქოლოგი, ინტერვიუ)

დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ ტიპური განვითარების მქონე ბავშვების მშობლებისგან ძირითად შემთხვევაში არ ვლინდება დისკრიმუინაციული დამოკიდებულება სპეციალური საგანმანათლებლობა საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ, მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობის გამო ისინი ვერ იაზრებენ ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას. მათი წარმოდგენები ინკლუზიური განათლების, როგორც სისტემის მიმართ ბუნდოვანია.

სსსმ მოსწავლეების მშობლების უმეტესობა მიესალმება ინკლუზიურ განათლებას, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ ინფრასტრუქტურის გაუმართაობისა და რესურსების ნაკლებობის გამო პროცესი სრულფასოვნად ვერ მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ისინი აფასებენ ინკლუზიური განათლების, როგორც სისტემის დიდ როლს თავიანთი შვილების განვითარებაში.

პედაგოგების უმრავლესობა იაზრებს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას საგანმანათლებლო სისტემისთვის, მაგრამ მიიჩნევენ, რომ სისტემა საქართველოში არ არის ორგანიზებულად დანერგილი.ისინი ხაზს უსმევენ არსებული სისტემის უარყოფით მხარეებს, მაგალითად- ტრენინგების, სპეციალური მასწავლებლების, ფსიქოლოგების ნაკლებობას, რაც მკვეთრად ამცირებს ინკლუზიური განათლების ეფექტურობას.

რეკომენდაციები

დისკრიმინაციული სიტუაციების პრევენციის მიზნით სკოლამ წინასწარ განსაზღვრული გეგმა უნდა შეიმუშაოს. მაგალითად, დაწყებით კლასებში მშობლებს ჩაუტარდეთ შეხვედრები და ტრენინგები, რომლებიც აამაღლებენ მათ ცნობიერებას ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, რაც, რა თქმა უნდა, მომავალში სოციალური ბარიერების არსებობას შეამცირებს.

სკოლის პერსონალი ინკლუზიური განათლებასთან დაკავშირებულ პრობლემებს უნდა მიუდგეს სისტემურ დონეზე და ეს პრობლემები მხოლოდ სკოლაში არ დატოვოს. სკოლის თანამშრომლებმა უნდა გადასცენ ინფორმაცია განათლების სამინისტროს და მიაწოდონ რეკომენდაციები ინკლუზიური განათლების უკეთესი ფუნქციონირებისთვის.

აუცილებელია შესაძლებლობის მიხედვით სკოლაში სპეციალური მასწავლებლის და ფსიქოლოგის რაოდენობის გაზრდა. ზოგიერთი სკოლა საკმაოდ დიდია და ამ პროფესიის მხოლოდ თითო წარმომადგენელი, მონდომების მიუხედავად, საქმეს წარმატებით თავს ვერ გაართმევს.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ ინკლუზიურ განათლებაში აუცილებელია მათი სისტემატიური გადამზადება. კლასებში დაახლოებით ოცდაათამდე მოსწავლეა, თითოეულს ესაჭიროება ყურადღება. მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს თოთოეული ბავშვის მდგომარეობა და შეეძლოს მათი შეფასება.

მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს სკოლაში სოციალური მუშაობის განვითარებას და სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვას. ეს კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ინკლუზიურ განთლებას და ხელს შეუწყობს არსებული სიძნელეების სწრაფ მოგვარებას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ჭინჭარაული თ, ჯავახიშვილი ნ. ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში. საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო. Link
  2. Al-Zyoudi M. Teachers attitudes inclusive education in Jordanian schools. International journal of special education, 2006; 21 (2). Link.
  3. Narumanchi A, Bhargava S. Perceptions of parents of typical children towards inclusive education. Disability, CBR & Inclusive Development. 2011; 22 (1): 120-129. Link
  4. Armstrong D, Kane G. National Survey of Parental Attitudes to and Experiences of Local and National Special Education Services, Link
  5. Dimitrova-Radojichich D, Chichevska-Jovanova Parents attitude inclusive education of children with disability. International Journal of Cognitive Research in Science, Engineering and Education, 2014; 2 (1). Link
  6. Nelissen P, Hülsheger UR, Ruitenbeek GMC, Zijlstra How and When Stereotypes Relate to Helping Behavior toward People with Disabilities. Special Issue of the International Journal of Human Resource Management: People with disabilities in the workplace. Link.
  7. Beauregard F. Représentations sociales des parents et des enseignants de leurs rôles dans l’intégration scolaire d’un élève dysphasique en classe ordinaire au primaire. Revue des sciences de l’éducation, 2006; 32(3), 545–565. Link
  8. სოზაშვილი ნ, გორგაძე ნ, მოსიაშვილი თ. ბავშვთა უფლებები განათლებაში და განათლებისათვის. 2015 Link

Leave a comment

Categories