Posted by: burusi | August 17, 2019

მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში

მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში: მოსახლეობის დამოკიდებულებები

ელენე ფიცხელაური1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. თანამედროვე ეტაპზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და ახალი იდეების გენერირებაში არსებით მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების აზრს და ხმას ანიჭებს. ევროპული ქვეყნების საზოგადოების შეხედულების, განწყობისა და დამოკიდებულების შესწავლის მიზნით, ევროკომისიის მიერ სისტემატურად ტარდება კვლევები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე. ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა მოსახლეობის დამოკიდებულება მეცნიერებისა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ და პირველ ეტაპზე ჩავატარეთ პილოტური კვლევა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში. მეთოდოლოგია. კვლევისათვის გამოყენებული იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.  რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი პრინციპის გამოყენებით. გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად შემუშავებული სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. შედეგები და დისკუსია. ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში კვლევის შედეგად გამოვლინდა რესპონდენტების უპირატესად პოზიტიური დამოკიდებულება მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ. და ამასთან ერთად, ადამიანის საქმიანობისა და ქცევის ზემოქმედების ხარისხთან შედარებით გამოვლინდა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოზიტიური პოტენციალის უპირატესობა. დასკვნა. კვლევამ გამოავლინა ინფორმირებულობის დაბალი დონე, მაგრამ გამოკითხული რესპონდენტების ზოგადი განწყობა სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართ პოზიტიურია. სასურველია ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რაც დეტალურად შეგვიქმნის წარმოდგენას საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებებზე მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ.

საკვანძო სიტყვები: მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები, ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფერო,  მოსახლეობის დამოკიდებულება, ინფორმირებულობის დონე.

ციტირება: ელენე ფიცხელაური. მეცნიერება, ტექნოლოგიები და ინოვაციები ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში: მოსახლეობის დამოკიდებულებები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2).

Science, Technology and Innovation in Health and Medical Care: Public Attitude

 Elene Pitskhelauri1

PhD candidate, Faculty of Economics and Business, Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

Abstract

Introduction. World Health Organization underlines the importance of public opinion in regard to the quality of health care and innovative ideas in health care. Studies are conducted in European countries by the European Commission in a regular manner in order to have a better understanding about the public attitude and opinion towards science, technologies and innovation. Our aim is to study population’s attitude towards science, technologies and innovation. We have conducted the pilot study in area of Health and Medical Care. Methodology. For our study we have used quantitative methods. Respondents were selected randomly.  We have used specially elaborated and structured questionnaire for this particular study. Results and discussion. The majority of the respondents are having a positive attitude towards science, technology and innovation in Health and Medical Care field. According to the majority of respondents they are giving priority to the positive potential of the technologies and science in Health and Medical Care compared to the human actions and behaviors and its affect’s grade. Conclusion. The research revealed that the level of Information about new discoveries in Health and Medical Care among respondents is low, however generally the respondents have positive attitudes towards science, technology and innovation. It is important to conduct a large-scale survey in order to explore the public attitude of Georgian population towards science, technology and innovation more in detail.

Key words: Science, technology and innovation, Health and medical service, Public attitude, Level of information.

Quote: Elene Pitskhelauri. Science, Technology and Innovation in Health and Medical Care: Public Attitude. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (2).

შესავალი

საზოგადოების მიერ მათ ცხოვრებაში მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციებისათვის მინიჭებული მნიშვნელობა სათანადოდ ასახავს ქვეყნის კულტურას, კეთილდღეობას და ეკონომიკას. ამავდროულად  იგი მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ამ საზოგადოების  განვითარების შესაძლებლობებზე. მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების განვითარება დაკავშირებულია როგორც სარგებელთან,  ისე რისკებთან. მათი თანაფარდობის გამოვლენას ხშირად გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა სწორედ სარგებლის და რისკის თანაფარდობა და ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების დროს აღმოცენებული მორალური საკითხები წარმოადგენს მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების თემაზე საზოგადოებაში არსებული მწვავე დისკუსიების ძირითად თემას.

განსაკუთრებული კომპლექსურობით და სირთულით გამოირჩევა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვის დროს აღმოცენებული ეთიკური და სამართლებრივი საკითხები. მიჩნეულია, რომ თანამედროვე ეტაპზე, არსებულ გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება უფრო მარტივია, თუ საზოგადოების ყველა წევრი  აქტიურად იქნება ჩართული ინოვაციური გადაწყვეტილებების, პროდუქტებისა და მომსახურების შექმნაში. ეს ყოველივე კი მოითხოვს, რომ კვლევებისა და ინოვაციების პროცესში ჩართული და ინფორმირებული უნდა იყოს უშუალოდ საზოგადოება, რათა საწყის ეტაპზევე უზრუნველყოფილი იქნეს უკეთესი კავშირი ერთის მხრივ კვლევის პროცესსა და შედეგებს და მეორეს მხრივ, მოქალაქეების ღირებულებებს, საჭიროებებსა და მოლოდინს შორის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დოკუმენტში ,,ჯანმრთელობა 2020: ევროპის პოლიტიკის ჩარჩო მთავრობებისა და საზოგადოების ქმედების მხარდასაჭერად  ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის’’ აღნიშნულია, რომ თანამედროვე ეტაპზე არსებითი მნიშვნელობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფასა და ახალი იდეების გენერირებაში სწორედ სამოქალაქო საზოგადოების აზრს და ხმას ენიჭება (WHO, 2013).

ევროკომისიის მიერ სისტემატურად ტარდება კვლევები მეცნიერებაზე, ტექნოლოგიებზე და ინოვაციებზე ევროპის ქვეყნების საზოგადოების შეხედულების, განწყობისა და დამოკიდებულების შესწავლის მიზნით. კვლევების შედეგად ნათელი ხდება თუ რომელ სფეროებში სურთ მეცნიერული კვლევის ფოკუსირება მოქალაქეებს, რომელია მათთვის პრიორიტეტული მიმართულება და რა არის მათი მოლოდინი  მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებიდან საზოგადოების კეთილდღეობისათვის შესაძლო წვლილთან დაკავშირებით (EC, 2005, 2005a, 2006, 2008, 2008a, 2010, 2013, 2014, 2015).

საქართველოში ამ ტიპის კვლევები ჩატარებული არ არის. ამდენად, ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა მოსახლეობის დამოკიდებულება მეცნიერებისა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ და პირველ ეტაპზე ჩავატარეთ პილოტური კვლევა ერთ კონკრეტულ, კერძოდ კი ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების, სფეროში.

ლიტერატურული მიმოხილვა

 ევროკომისიის მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავდა ევროპის ქვეყნების  მოსახლეობის მიერ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების აღქმის შესწავლას და ამავე დროს მოქალაქეების განწყობას იმ ინოვაციების მიმართ, რომლებიც მომავალი 15 წლის განმავლობაში დაინერგება შემდეგ ოთხ სფეროში: ბინა და საცხოვრებელი (1), ჯანმრთელობა და სამედიცინო მომსახურება (2), საყოველთაო კომუნიკაცია და ინტერაქცია (3) და გარემო (4). კვლევამ გამოავლინა მოქალაქეების პოზიტიური დამოკიდებულება მეცნიერებისა და ინოვაციური  ტექნოლოგიების მიმართ და ამავე დროს მათ მიერ  შესაძლო თანმდევი ნაკლოვანებების გაცნობიერება. რესპონდენტების მიერ მეცნიერებისა და ინოვაციური  ტექნოლოგიების ყველაზე მნიშვნელოვან  მაგალითად დასახელდა ინტერნეტი და მობილური ტექნოლოგიები, ხოლო სპონტანური პროგნოზირებისას, კი – მომავალში მეცნიერებისა და ინოვაციური  ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან შესაძლო ინოვაციად დასახელდა საცხოვრებელი, ასევე ჯანმრთელობა და სამედიცინო მომსახურება (EC, 2015).

2014 წელს ევროკომისიის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელშიც შესწავლილი იქნა როგორც მოსახლეობის აზრი მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მომავალი განვითარების შესახებ, ასევე მოსახლეობის მიერ  მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების აღქმა. აღნიშნულ კვლევაში გამოვლენილი იქნა მომავალი 15 წლის განმავლობაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების პრიორიტეტები მოსახლეობისათვის, ასევე მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების გავლენა სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება, გარემოს დაცვა, მოქალაქეთა უსაფრთხოება, სამუშაო ადგილების შექმნა, ჯანმრთელობა და სამედიცინო მომსახურება და ა.შ. კვლევების შედეგებმა გამოავლინა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რესპონდენტების უმეტესობას შესწავლილი ჰქონდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხები მათი განათლების სხვადასხვა ეტაპზე (სკოლა, კოლეჯი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება). ქვეყნებში ძირითად პრიორიტეტად დასახელებული იქნა ჯანმრთელობა და სამედიცინო მომსახურება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამასთანავე 16 ქვეყანაში პირველ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნა დასახელდა,  10 ქვეყანაში (ლუქსემბურგი, ბელგია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, მალტა, ჰოლანდია, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ესტონეთი) – ჯანმრთელობა და სამედიცინო მომსახურება, ხოლო ორ ქვეყანაში (დანია და შვედეთი) – კლიმატის ცვლილებებზე ზრუნვა.  კვლევაში რესპონდენტების უმეტესობამ გამოხატა რწმენა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას დადებითი გავლენა ექნება მომავალი 15 წლის განმავლობაში ისეთ დარგებში, როგორიცაა: ჯანმრთელობა და სამედიცინო მომსახურება, განათლება და უნარები, ტრანსპორტი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგიის მოხმარება, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებაზე ზრუნვა, საცხოვრებელის ხარისხი (EC, 2014).

2010 წელს ევროკომისიის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელშიც შესწავლილი იქნა მოქალაქეების ინტერესი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ, მათი ინფორმირებულობა აღნიშნულ საკითხებზე და მათი ჩართულობა საქმიანობებში, რომლებიც დაკავშირებულია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებასთან. აღნიშნულის გარდა, შესწავლილი იქნა მოსახლეობის დამოკიდებულებები ჯანდაცვაში მეცნიერებასა და ტექნოლოგიებთან მიმართებაში EC (2010).

მეთოდოლოგია

კვლევა ჩატარდა თბილისში, 2019 წლის იანვარში. კვლევისათვის გამოყენებული იქნა რაოდენობრივი კვლევის მეთოდები.  რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა შემთხვევითი პრინციპის გამოყენებით. კვლევაში ჩართვის კრიტერიუმი იყო ასაკი (16 წელი და მეტი) და საქართველოს მოქალაქეობა.

გამოკითხვა ჩატარდა სპეციალურად შემუშავებული სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენებით. ინტერვიუს დაწყებამდე რესპონდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია კვლევის ანონიმურობის შესახებ.

შედეგები და დისკუსია.

კვლევაში მონაწილეობა შეთავაზებული იქნა 206 მოქალაქისათთვის, დაფიქსირდა 27,18% უარის თქმა. საპილოტე გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო სულ 150 რესპონდენტმა. გამოკითხულთა შორის უმეტესობა იყო 25-39 ასაკის ქალი რესპონდენტი. დემოგრაფიული მონაცემები ასახულია ცხრილში №1.

ცხრილი №1 რესპონდენტთა დემოგრაფიული მონაცემები

დამოუკიდებელი ცვლადები რაოდენობა n პროცენტი %
სქესი
ქალი 83 55,3
კაცი 67 44,7
ასაკი
15-24 64 42,7
25-39 45 30,0
40-54 24 16,0
55+ 17 11,3

კვლევის შედეგად გამოვლინდა რესპონდენტების უპირატესად პოზიტიური და ოპტიმისტური (რესპოდენტთა სულ 57%)  დამოკიდებულება პირველი დებულების – ,,მეცნიერება და ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას უფრო ჯანმრთელს ხდის’’ – მიმართ.  ამასთანავე, დებულებას სრულიად დაეთანხმა 33%, დაეთანხმა – 24%, ხოლო დებულებას არ დაეთანხმა რესპონდეტთა 27%.

ევროკომისიის მიერ 2010 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, პოზიტიური პასუხების ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და შეადგინა 71% (სრულიად დაეთანხმა 50% და დაეთანხმა 21%). დებულებას არ დაეთანხმა 19%.  ყველაზე ნაკლებად ოპტიმისტური აღმოჩნდა ლატვიის მოსახლეობა, სადაც პოზიტიური პასუხების ჯამმა 64%  (სრულიად დაეთანხმა 38% და დაეთანხმა 26%) შეადგინა. პოზიტიური პასუხების ყველაზე მაღალი 82% (სრულიად დაეთანხმა 69% და დაეთანხმა 13%) მაჩვენებელი დაფიქსირდა ესპანეთში. დებულებას არ დაეთანხმა 12% (EC, 2010).

ცხრილი №2 რესპონდენტთა აზრი დებულებასთან: ,,მეცნიერება და ტექნოლოგიები  ჩვენს ცხოვრებას უფრო ჯანმრთელს ხდის’’ მიმართებაში

ქვეყანა სრულიად დაეთანხმა დაეთანხმა არ დაეთანხმა არ ვიცი
საქართველო 33% 24% 27% 16%
ევროკავშირი 50% 21% 19% 4%
ლატვია 38% 26% 31% 4%
ესპანეთი 69% 13% 12% 6%

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რესპონდენტების უმეტესობას (45% სრულიად დაეთანხმა, ხოლო 29% დაეთანხმა) მიაჩნია, რომ შესაძლებელია მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა ხანდახან ადამიანებს მორალური ზიანი მიაყენოს. დებულებას არ დაეთანხმა რესპონდენტების 12%.

ევროკომისიის მიერ 2010 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, პოზიტიური პასუხების ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო და შეადგინა 81% (სრულიად დაეთანხმა 62% და დაეთანხმა 19%). დებულებას არ დაეთანხმა 15%.  მოცემული დებულება ყველაზე ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა ირლანდიის მოსახლეობისთვის, სადაც პოზიტიური პასუხების ჯამმა 70%  (სრულიად დაეთანხმა 47% და დაეთანხმა 23%) შეადგინა. პოზიტიური პასუხების ყველაზე მაღალი 92% (სრულიად დაეთანხმა 82% და დაეთანხმა 10%) მაჩვენებელი დაფიქსირდა კვიპროსში. დებულებას არ დაეთანხმა 3%  (EC, 2010).

ცხრილი №3 რესპონდენტთა აზრი დებულებასთან: ,,შესაძლებელია მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა ხანდახან ადამიანებს მორალური ზიანი მიაყენოს’’ მიმართებაში

ქვეყანა სრულიად დაეთანხმა დაეთანხმა არ დაეთანხმა არ ვიცი
საქართველო 45% 29% 27% 14%
ევროკავშირი 62% 29% 15% 4%
ირლანდია 47% 23% 16% 14%
კვიპროსი 82% 10% 3 5

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობის 83%  (51% სრულიად დაეთანხმა, ხოლო 32% დაეთანხმა) აზრით, თუ ახალ ტექნოლოგიებს აქვთ  დაუზუსტებელი რისკი, მისი განვითარება უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაშიც თუკი  სარგებელი მოსალოდნელია. დებულებას არ დაეთანხმა რესპონდენტების 10%.

ევროკომისიის მიერ 2010 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, პოზიტიური პასუხების ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო და შეადგინა 72% (სრულიად დაეთანხმა 49% და დაეთანხმა 23%). დებულებას არ დაეთანხმა 22%.  მოცემული დებულება ყველაზე ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა ირლანდიის მოსახლეობისთვის, სადაც პოზიტიური პასუხების ჯამმა 70%  (სრულიად დაეთანხმა 47% და დაეთანხმა 23%) შეადგინა. პოზიტიური პასუხების ყველაზე მაღალი 82% (სრულიად დაეთანხმა 66% და დაეთანხმა 16%) მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში. დებულებას არ დაეთანხმა 14%  (EC, 2010).

ცხრილი №4 რესპონდენტთა აზრი დებულებასთან: ,,თუ ახალ ტექნოლოგიებს აქვთ  დაუზუსტებელი რისკი, მისი განვითარება უნდა შეჩერდეს იმ შემთხვევაშიც თუკი  სარგებელი მოსალოდნელია’’ მიმართებაში

ქვეყანა სრულიად დაეთანხმა დაეთანხმა არ დაეთანხმა არ ვიცი
საქართველო 51% 32% 10% 7%
ევროკავშირი 49% 23% 22% 6%
ნიდერლანდები 36% 20% 42% 2%
საფრანგეთი 66% 16% 14% 4%

 შეკითხვაზე, თუ როგორია თქვენი ინფორმირებულობის დონე ახალ სამედიცინო აღმოჩენებთან მიმართებაში, გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ 5%-მა აღნიშნა, რომ არის საკმარისად კარგად ინფორმირებული, 31%-მა – საშუალოდ, ხოლო 57%-მა – მწირედ.

ევროკომისიის მიერ 2010 წელს ჩატარებულ გამოკითხვაში რესპონდენტების 11% აღმოჩნდა საკმარისად კარგად ინფორმირებული,  54%-კარგად ინფორმირებული, ხოლო 34%-მწირედ (EC, 2010).

ცხრილი №5 რესპონდენტთა ინფორმირებულობის დონე ახალ სამედიცინო აღმოჩენებთან მიმართებაში

ქვეყანა ძალიან კარგად ინფორმირებული კარგად

ინფორმირებული

მწირედ

ინფორმირებული

არ ვიცი
საქართველო 5% 31% 57% 7%
ევროკავშირი 11% 54% 34% 1%

 გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა 57%, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის ანალოგიურად (55%), დაეთანხმა დებულებას, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის მომავალი 15 წლის განმავლობაში განსაკუთრებული პრიორიტეტი უნდა იყოს ჯანმრთელობა და სამედიცინო მომსახურების სფერო (EC, 2014).

ევროკავშირის ქვეყნებში (გარდა იტალიისა, გერმანიისა და სლოვენიისა) რესპონდენტთა უმეტესობის  მიერ პრიორიტეტულად დასახელდა ჯანრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფერო. ამასთანავე, აღნიშნული სფერო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ესპანეთში (69%), ნიდერლანდებში (64%), კვიპროსში (65%), საბერძნეთში (64%), საფრანგეთში (62%), ირლანდიაში(62%), ლატვიასა (62%) და  პორტუგალიაში (61%).

ამავე დროს, რესპონდენტების 51%-მა გამოხატა რწმენა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას განსაკუთრებით დადებითი გავლენა ექნება მომავალი 15 წლის განმავლობაში ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში. ევროკომისიის კვლევის შედეგების თანახმად აღმოჩნდა, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, გარდა იტალიისა, რესპონდენტების უმეტესობამ (51%-83%) გამოხატა რწმენა, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას განსაკუთრებით დადებითი გავლენა ექნება მომავალი 15 წლის განმავლობაში ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში (EC, 2014).

ცხრილი №6 ქვეყნების რანჟირება მოსახლეობის დამოკიდებულებების შესაბამისად

მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების პოზიტიური გავლენა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროზე
71%-84% 61%-70% 51%-60% 50% და ნაკლები
ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ესპანეთი, საფრანგეთი, კვიპროსი, ლიტვა, მალტა, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი ევროკავშირი, გერმანია, ხორვატია, ლატვია,  ლიუქსემბურგი, ავსტრია, პორტუგალია, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია იტალია

ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ანალოგიურად, ჩვენმა კვლევის შედეგებმაც (45%) დაადასტურა, რომ  ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროზე ადამიანის საქმიანობისა და ქცევის ზემოქმედების ხარისხთან შედარებით, ევროპის უმეტეს ქვეყანაში, გამოიხატა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოზიტიური პოტენციალის  უპირატესობა (EC, 2014).

ცხრილი №7 ქვეყნების რანჟირება მოსახლეობის დამოკიდებულებების შესაბამისად

ადამიანის საქმიანობისა და ქცევის პოზიტიური გავლენა ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროზე
71%-84% 61%-70% 51%-60% 50% და ნაკლები
მალტა დანია, ესტონეთი, ფინეთი, შვედეთი

 

ბელგია, ბულგარეთი,

ირლანდია, ესპანეთი, კვიპროსი, ლიტვა, ნიდერლანდები

საქართველო, ევროკავშირი, ჩეხეთი, გერმანია, საბერძნეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ხორვატია,  იტალია, ლატვია, ლიუქსემბურგი, ავსტრია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი

კვლევის შეზღუდვა. საპილოტე კვლევაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გამო მიღებული შედეგების განზოგადებას ვერ მოვახდენთ საქართველოს მოსახლეობაზე, თუმცა კვლევამ მოახდინა ევროკავშირის სხვადასხვა წლებში ჯანმრთელობასა და სამედიცინო მომსახურების საკითხების კვლევისთვის გამოყენებული კითხვარების ვალიდაცია და გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა რესპონდენტთა დამოკიდებულებაზე.

დასკვნა

სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების შესახებ საზოგადოების დამოკიდებულებების და ინფორმირების გარკვეული დონე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს ჩამოაყალიბოს მოსაზრება ამ საკითხებთან მიმართებაში, რაც თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას. მართალია კვლევამ გამოავლინა ინფორმირებულობის დაბალი დონე, მაგრამ გამოკითხული რესპონდენტების ზოგადი განწყობა სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების მიმართ პოზიტიურია. სასურველია ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება, რაც წარმოდგენას შეგვიქმნის საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებებზე მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. WHO (2013). Health 2020. A European policy framework and strategy for the 21st century. World Health Organization, Regional Office for Europe.
  2. EC (2005). Social values, science and technology. European Commission, Brussels.
  3. EC (2005). Europeans, science and technology. European Commission, Brussels.
  4. EC (2006). Medical and health research. European Commission, Brussels.
  5. EC (2008). Young people and science. European Commission, Brussels.
  6. EC (2008). The image of science and the research policy of the EU. European Commission, Brussels.
  7. EC (2010). Science and technology. European Commission, Brussels.
  8. EC (2013). Responsible research and innovation, science and technology. European Commission, Brussels.
  9. EC (2014). Public perceptions of science, research and innovation. European Commission, Brussels.
  10. EC (2015). Public opinion on future innovations, science and technology. European Commission, Brussels.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: