Posted by: burusi | July 24, 2019

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედება ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოხმარებაზე

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედება ახალგაზრდების მიერ თამბაქოს მოხმარებაზე

მარიამ მუქერია1, ბესო კიკნაძე1, თენგიზ ვერულავა1

1 მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 2 მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტი

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი: თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ქმნის ჯანმრთელობის სრიოზულ რისკებს. თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ხელშეწყობის მიზნით, მისი მოხმარება აიკრძალა 2018 წლიდან დახურულ საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილებში, აგრეთვე ზოგიერთი ღია ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. კვლევის მიზანია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედების შესწავლა სტუდენტთა მხრიდან თამბაქოს მოხმარებაზე. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ფოკუს-ჯგუფის მეთოდი. შედეგები: რესპონდენტები ინფორმირებულნი იყვნენ როგორც თამბაქოს მავნებლობის, ასევე კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ. რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა მოწევა გარდატეხის ასაკში თანატოლების ზეგავლენით დაიწყო, ხოლო მეორე ნაწილმა სტუდენტობის პერიოდში სოციალური სასურველობისა და რაიმე ახლის გასინჯვის ინტრიგით. მწეველი რესპონდენტების ნაწილს არაერთხელ უშედეგოდ უცდია თამბაქოსათვის თავის დანებება, ხოლო მეორე ნაწილმა წარმატებით მოახერხა მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა. რესპონდენტების უმრავლესობა, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს აღნიშნავს, რომ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ კანონში შესულმა ცვლილებებმა მიაღებინა. როგორც მწეველი, ასევე არამწეველი და წარსულში მწეველი რესპონდენტების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს მიღებულ კანონს და თვლის რომ ეფექტურია, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს არ მოწონთ კანონში შესული ზოგიერთი ცვლილება და თვლიან რომ ეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საერთოდ არ ემსახურება და სულაც არღვევს ადამიანების უფლებებს. დასკვნა: მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშემწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.

საკვანძო სიტყვები: თამბაქოს მოხმარება, ქცევა.

ციტირება: მარიამ მუქერია, ბესო კიკნაძე, თენგიზ ვერულავა. თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედება სტუდენტთა მიერ თამბაქოს მოხმარებაზე. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2)

The impact of tobacco control law on adolescent smoking

Mariam Mukeria1, Beso Kiknadze1, Tengiz Verulava2

1 Faculty of Sciences and Arts, Ilia State University

2  Doctor of Medicine, Professor, Health and Insurance Institute, Georgia

Abstract

Introduction: Tobacco consumption is one of the global problems that create serious health risks in any country around the world. In order to limit tobacco use, it has been prohibited, Since 2018, in public transport, indoor public and work places, and in several public open areas. The research aims to study the effectiveness of tobacco control legislation on tobacco consumption by students. Methodology: Focus group method has been used within qualitative research. Results: Respondents were informed about the negative health effects of tobacco and all the concerning legislative changes. The majority of respondents started smoking in their teenage years under the impact of smoking peers. While others – seeking new experiences and social sympathy during their bachelor studies. Part of the smoker respondents have repeatedly and unsuccessfully tried to quit, while other part easily disposed of this harmful habit.  The majority of the respondents who quit smoking said that the decision to do so was mostly an effect of the changes made in law. Smokers, non-smokers and ex-smokers positively respond on the adopted law and are sure in its effectiveness. Although, in some cases, participants do not think that new legislation are connected to health improvement, moreover they believe that these changes even violate human rights. Conclusion: It is advisable to support the prevention of tobacco consumption. In this regard, law on tobacco control in Georgia is compliant; as it prohibits tobacco consumption and advertising in public areas, particularly in educational, medical and other institutions, and selling tobacco products near schools as well.

Keywords: tobacco consumption, health, prevention

Quote: Mariam Mukeriia, Beso Kiknadze, Tengiz Verulava. The impact of tobacco control law on adolescent smoking. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (2).

შესავალი

თამბაქოს მოხმარება ერთ-ერთი გლობალური პრობლემაა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ქმნის ჯანმრთელობის სრიოზულ რისკებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალურად  ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად, აქედან 7 მილიონი თამბაქოს პირდაპირი მოხმარების, ხოლო 1 მილიონზე მეტი ადამიანი პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის ზემოქმედების) მსხვერპლია [[1]]. მსოფლიოში  მილიარდი ადამიანი თამბაქოს მომხმარებელია, რომელთაგან 80%  განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს, სადაც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების და სიკვდილის ტვირთი მძიმეა [[2]]. თამბაქოს მოხმარებით განსაკუთრებით გამოირჩევიან მამაკაცები, მოზარდები, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის და განათლების ადამიანები [[3], [4], [5]].

თამბაქოს მოხმარება აქტუალური პრობლემაა საქართველოშიც [[6]]. 2016 წელს ჩატარებული „არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევის“ მონაცემებით [[7]], ზრდასრული მოსახლეობის 31% (მამაკაცების 57% და ქალების 7%) თამბაქოს მომხმარებელია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ძალაში 2005 წლის 27 თებერვალს შევიდა. საქართველომ მოახდინა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირება (2005 წ.), რითაც აიღო ვალდებულება ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კუთხით სრულფასოვანი ღონისძიებების გატარებაზე.

თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ხელშეწყობის მიზნით, 2017 წლის 17 მაისს საქართველოში მიღებულ იქნა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ”, რომლის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალა 2018 წლის 1 მაისიდან დახურულ საზოგადოებრივ და სამუშაო ადგილებში, აგრეთვე ზოგიერთი ღია ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. გამონაკლისს მიეკუთვნება მხოლოდ კერძო ბინა, ფსიქიატრიული საავადმყოფო, სამორინე და  სასჯელაღსრულების დაწესებულება. ასევე იკრძალება თამბაქოს ნებისმიერის გზით რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა.

აღნიშნულ შეზღუდვებსა და თამბაქოს მოხმარების რეგულირების კუთხით გატარებულ სხვა ცვლილებებს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. დღესაც აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია გატარებული ცვლილებების საჭიროებისა და ეფექტურობის შესახებ.

კვლევის მიზანია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის ზემოქმედების შესწავლა სტუდენტთა მხრიდან თამბაქოს მოხმარებაზე.

კვლევის ამოცანებია:

  1. გამოვიკვლიოთ რამდენად ფლობენ ინფორმაციას თამბაქოს მავნებლობის შესახებ
  2. დავადგინოთ როგორი დამოკიდებულება აქვს სტუდენტებს თამბაქოს მოხმარების მიმართ?
  3. დავადგინოთ როგორ აფასებენ სტუდენტები თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას
  4. შევაფასოთ რამდენად იმოქმედა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანამ სტუდენტთა მხრიდან თამბაქოს მოხმარებაზე

მეთოდოლოგია

რადგან კვლევა ორიენტირებული იყო სიღრმისეული მონაცემების მიღებასა და დამოკიდებულებების შესწავლაზე ჩატარდა თვისებრივი მეთოდოლოგიის გამოყენებით, კერძოდ კი ფოკუს-ჯგუფის მეთოდით. ფოკუს-ჯგუფმა საშუალება მოგვცა სიღრმისეულად გვეკვლია საკითხი და დავკვირვებოდით რესპონდენტთა არავერბალურ ქცევას, რამაც კვლევისათვის დამატებითი მასალა მოგვაწოდა.

კვლევის ფარგლებში გამოვიყენეთ მიზნობრივი შერჩევა. გენერალურ ერთობლიობას წარმოადგენდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები. სულ გამოიკითხა 14 რესპონდენტი, აქედან 6 იყო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ხოლო 8-მამრობითის. მონაწილეების საშუალო ასაკი 20-იდან 24 წლამდე მერყეობდა.

კვლევის ძირითადი ინსტრუმენტი გახლდათ ნახევრად სტრუქტურიზებული ინტერვიუ. არამწეველებისა და ყოფილი ან მოქმედი მწეველებისთვის შემუშავდა განსხვავებული გზამკვლევები, რომლებიც მოიცავდა შემდეგ პუნქტებს: 1) თამბაქოს მავნებლობა 2) თამბაქოს მოხმარება 3) თამბაქოს მოხმარების კონტროლი და სახელმწიფო.

კვლევის ფარგლებში ჩავატარეთ ორი ფოკუს-ჯგუფი, არამწეველი და წარსულში ან ამჟამად მწეველი სტუდენტებისათვის, რადგან გვქონდა განსხვავებული მოსაზრებების შედარების საშუალება, შემდეგ კი თითოეული მათგანისთვის გავაკეთეთ ტრანსკრიფტი, სადაც კონფიდენციალობის დასაცავად თითოეულ რესპონდენტს მივანიჭეთ კოდი. ამ ნედლი მასალის გასაანალიზებლად საჭირო იყო მონაცემების კატეგორიზება და თემატური ანალიზი.

კვლევას გააჩნია კონკრეტული შეზღუდვები. პირველ რიგში, შეზღუდვა უკავშირდება შერჩევას, რესპონდენტთა უმრავლესობა წარმოადგენს ერთი და იმავე ფაკულტეტის სტუდენტებს, რაც არ გვაძლევს მიღებული შედეგების ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტზე განზოგადების საშუალებას. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევის ფარგლებში ჩატარდა მხოლოდ 2 ფოკუს-ჯგუფი, რაც, ასევე, შესაძლოა გახდეს მონაცემთა გენერალიზებაში ხელის შემშლელი ფაქტორი, შესაბამისად კვლევას აქვს დაბალი გარეგანი ვალიდობა.

მიუხედავად შეზღუდვებისა, კვლევა ღირებულია. იგი მომავალში უფრო დიდი რაოდენობრივი კვლევის დროს გამოყენებული იქნება ინსტრუმენტის შესამუშავებლად, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ რაოდენობრივი კვლევის შინაგანი ვალიდობა.

შედეგები

ინფორმირებულობა თამბაქოს მავნებლობის შესახებ

როგორც მწეველი, ასევე არამწეველი რესპონდენტები ინფორმირებულნი იყვნენ თამბაქოს მოხმარების რისკების შესახებ. მათი აზრით, თამბაქოს მოხმარება იწვევს ისეთ დაავადებებს როგორებიცაა: ფილტვის კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

„ზოგადად ვიცი, რომ თამბაქო გამოყოფს ბევრ ძალიან მავნე ნივთიერებას, რომელიც ქმნის კარგ გარემოს დაავადების გაჩენისა და გავრცელებისთვის ორგანიზმში“.

ყველა რესპონდენტმა იცოდა თუ რას ნიშნავდა პასიური მწეველი და მათი უმრავლესობა ყოფილა პასიური მწეველი. მწეველი რესპონდენტების გარკვეულ ნაწილს კი თავადაც შეუქმნია მსგავსი სიტუაცია. ისინი ძირითადად პასიური მწევლები ხდებოდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში, სტადიონებზე, ბარებსა და ტაქსებში, ასევე კერძო სახლებსა და მანქანებში.

თამბაქოს მოხმარების პირადი გამოცდილება

რესპონდენტების ნაწილმა მოწევა გარდატეხის ასაკში (14-16), ხოლო მეორე ნაწილმა სრულწლოვნობის შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებასთან ერთად დაიწყო (19-20).

რაც შეეხება მიზეზებს თუ რატომ დაიწყეს რესპონდენტებმა მოწევა ისინი ამ გადაწყვეტილებას ძრითადად რაიმე ახლისადმი ინტერესსა და სოციალურ სასურველობას უკავშირებენ.

„რაღაცა ახალი იყო, რაღაცა ისეთი იყო ძერსკი, თან საშინელი გემო ჰქონდა, მაგრამ მაინც ძალით ვეწეოდით მე და ჩემი მეგობარი“.

„ერთი ბიჭი მომწონდა, რომელიც ეწეოდა და მოწონდა გოგოები რომ ეწეოდნენ და მაშინ დავიწყე მოწევა, თავიდან ნაფაზსაც ვერ ვურტყამდი და უბრალოდ ბოლს ვუშვებდი ხოლმე, ვითომ ვეწეოდი“.

ზოგი მოწევის დაწყებას ისეთ სოციალურ ჯგუფებს უკავშირებს, როგორიც მეგობრებია.

„ჩემმა სამეგობრო წრემ დაიწყო და მათ ავყევი“.

რესპონდენტთა ნაწილისათვის მოწევა ყურადღების გადატანის საშუალება იყო.

„რაღაც სახის ემოციებს ვდებდი და გადამქონდა სიგარეტზე, ასე ვთქვათ ჩამნაცვლებელი იყო ჩემთვის რაღაც სახის მოთხოვნილებებისა და ემოციების“.

რესპონდენტთა უმეტესობას არაერთხელ უცდია უარი ეთქვა თამბაქოს მოხმარებაზე, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდგომ კვლავ თავიდან იწყებდნენ მოწევას, რასაც სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.

„მეტი ემოციური დატვირთვა ცხოვრების მიმართ იყო საკმარისი, რომ დამენებებინა მოწევისთვის თავი, თუნდაც სიყვარულიც ყოფილა მიზეზი და შემდგომ, როცა ეს ყველაფერი ქრებოდა ამის შესავსებად თავიდან ვიწყებდი მოწევას“.

ზოგიერთ მათგანს სიგარეტისთვის თავის დანებება სიგარეტის უარყოფითმა მხარეებმა გადააწყვეტინა, როგორებიცაა სუნი, ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება და ასე შემდეგ, თუმცა მათი ნაწილისთვის ეს მხოლოდ დროებითი აღმოჩნდა.

„დამინებებია თავი რამოდენიმეჯერ სიგარეტის უარყოფითი ზეგავლენის გამო, თუნდაც სუნიც მაღიზიანებდა, ენერგიას მართმევდა, მაგრამ რამოდენიმე თვის მერე დავმთვრალვარ და თავიდან დამიწყია, ასე ხდება ყველა ჯერზე“.

რესპონდენტთა ნაწილმა მოწევას თავი რამოდენიმე თვის წინ დაანებეს და თვლიან, რომ ეს მათი საბოლოო გადაწყვეტილებაა, რადგან ამ პერიოდში არც კი მონდომებიათ ისევ მწეველები გამხდარიყვნენ.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეების აზრით, მოწევაზე დიდწილად ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ჰქონდათ, რაც აისახა ფიზიკურ დამოკიდებულებაშიც.

„ერთხელ მეგობრები წავედით აგარაკზე, სიგარეტი გამითავდა, მაღაზია დაკეტილი იყო. გამთენიისას მოწევა ისე მინდოდა ბიჩოკებს ვეწეოდი რო ფსიქოლოგიურად მოწევის იმიტაცია შემექმნა, დილით როგორც კი გავიღვიძე ეგრევე მაღაზიაში გავვარდი და სიგარეტი ვიყიდე“.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები მოწევას ადარებენ რიტუალს, და გამოყოფენ ისეთ სოციალურ სიტუაციებს, სადაც მწეველი ადამიანისთვის მოწევა უბრალოდ ჩვევაა და სხვა არაფერი. მაგალითად: ნერვიულობა, ყავის დალევასთან ერთად მოწევა, ალკოჰოლური სასმლის დალევასთან ერთად მოწევა და ა.შ.

„ფსიქოლოგიურია, რადგან როგორც ვიცი მწეველ ადამიანს 6-7 ღერი სჭირდება დღეში ფიზიკური დამოკიდებულების შემთხვევაში და დანარჩენი ძაან ფსიქოლოგიურია იმიტომ, რომ რაღაც მოქმედებებთან ვაკავშირებთ მაგალითად პირადად მე რომ გამოვალ სახლიდან უნდა მოვწიო მინდა არ მინდა ვეწევი ხოლმე“.

მწეველების მიმართ დამოკიდებულება

არამწეველთა და მწეველთა უმრავლესობას თანაბრად არ მოსწონთ როდესაც სხვა მოიხმარს თამბაქოს.

„სხვათაშორის სხვების  სუნიც კი მაღიზიანებს. სხვა რო მოიხმარს თამბაქოს მაგის სუნი უფრო მაღიზიანებს ვიდრე მე რო ვეწევი“.

ასევე ისინი თანხმდებიან იმაზეც, რომ მოწევა ცუდია არამარტო გამაღიზიანებელი სუნის ან ჯანმრთელობის საფრთხის გამო არამედ საჯაროდ მოწევით მწეველი ადამიანები ცუდ მაგალითს აძლევენ სხვებს, რამაც შესაძლოა სხვასაც უბიძგოს მსგავის ქმედებისკენ. მხოლოდ ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ მოწონს როდესაც სხვა მოიხმარს თამბაქოს, მაგრამ მისი დამოკიდებულება განსაზღვრულია დემოგრაფიული მახსიათებლით, კერძოდ მწეველის სქესით.

„ძალიან მომწონს გოგო რო სიგარესტს ეწევა თუ უხდება გოგოს ძალიან სექსუალურია“.

საპასუხოდ კი გამოკითხულთა მცირე ნაწილს პირიქით სწორედ ქალის მხრიდან მოწევა აღიზიანებს ყველაზე მეტად.

„აუ არ ვიცი, ახლა შეიძლება თქვან ჩამორჩენილიაო, მარა ქალი რო ეწევა განსაკუთრებით მაღიზიანებს, იმიტო კი არა რო აი რას კადრულობს, არა მომავალი დედაა და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ ჩაგდება უფრო არ ეპატიება, ვიდრე კაცს“.

გამოკითხულთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ  განსაკუთრებით აღიზიანებთ, როცა თამბაქოს მომხმარებლები არასრულწლოვნები არიან და ცდილობენ გარკვეული ზომების მიღებასაც.

„როცა მაღაზიაში არასწრულწლოვანი მთხოვს, რომ სიგარეტი ვუყიდო რადგან თვითონ ვერ ყიდულობს, ძალიან ვბრაზდები და არა მარტო უარით ვისტუმრებ, ხურდაში ვმოძღვრავ კიდეც,  რადგან როგორც მწეველმა ყველაზე კარგად ვიცი რა საზიზღრობაცაა მოწევა“.

თამბაქოს მოხმარებაზე მოქმედი ფაქტორები

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა აზრით, თამბაქოს მოხმარებაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. რესპონდენტთა აზრით, ყველაზე მეტად თამბაქოს მოხმარებას ხელს უწყობს სოციალური გარემო, პასიური მწეველობა, მიმბაძველობა და ა.შ. მათ შორის, შესაძლოა სოციალური გარიყულობაც გამოიწვიოს

„დასვენების დროს, რომ ვიღაცეები ერთად გადიან სადღაც ჯგუფად, თუ არ ეწევი, შეიძლება უცებ თავი გარიყულად იგრძნო.“

ასევე მოქმედებს სტრესი და არაჯანსაღი გარემო.

თამბაქოს მოხმარების პრევენციაზე გავლენას ახდენს ჯანსაღი ცხოვრებისა და თამბაქოს მვნებლობის შესახებ წარმოებული პიარ კამპანიები, თამბაქოს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარებაზე დაწესებული ჯარიმები, თამბაქოს ფასის ზრდა, თამბაქოს შეფუთვაზე დატანილი ფოტოები და ა.შ. თუმცა, რესპონდენტების უმრავლესობის აზრით სიგარეტის ფასის ზრდა არ არის კარგი პრევენციის საშუალება, რადგან ვინც სიგარეტზეა დამოკიდებული ძვირსაც იხდის ან სულაც მას ანაცვლებს ალტერნატიული საშუალებით მაგალითად თუთუნით.

თამბაქოს მოხმარების კონტროლი და სახელმწიფო

თამბაქოს კონტროლის კანონში შესულ ცვლილებებს რესპონდენტთა ნაწილი გუგული მაღრაძის კანონის სახელით იცნობს. ისინი მეტ-ნაკლებად ინფორმირებულები არიან თუ რა აკრძალვები მოჰყვა ამ კანონს და როგორი სანქციებით დაისჯება კანონდარღვევა.

„ვიცი რომ ბარებში მოწევა არ შეიძლება, ასევე სტადიონებზე, უნივერსიტეტების ეზოებში და ტრანსპორტში“.

„მე რადგან ვეწევი და ყველა ცვლილება ვიცი ასე თუ ისე,  ყველაზე შესამჩნევია სიგარეტის ახალი შეფუთვები“.

„მე არ ვარ მწეველი მაგრამ ვიცი რასაც მოიცავს ეს კანონი, თან ისედაც ეტყობა უნივერსიტეტის ეზოები დაცარიელდა“. 

რესპონდენტები ასევე ფლობდნენ ინფორმაციას თუ რომელი რიცხვიდან შევიდა აკრძალვები ძალაში და ასევე იმასაც თუ დამატებით რა რეფორმების გატარება იგეგმება.

რაც შეეხება უშუალოდ შეფასებებს რესპონდენტთა ნაწილი დადებითად აფასებს ამ ცვლილებებს და თვლის, რომ მოკლედ დროშიც პოზიტიური შედეგი შესამჩნევია. არამწეველ რესპონდენტთა თითქმის სრული უმრავლესობა ყველა ცვლილებას პოზიტიურად აფასებს და მიაჩნია, რომ ასე მათი უფლებები აღარ დაირღვევა და მათ ჯანმრთელობას ნაკლები ზიანი მიადგება.

„ძალიან მომწონს ეს კანონი რაა, განსაკუთრებით ის ნაწილი ბარებში რო არ უნდა მოწიო. კონცერტებზე, რომ მივდიოდი შებოლილი მოვდიოდი იქედან სიგარეტის სუნად ვყარდი და პალტოდან 1 კვირა ვერ გამყავდა სუნი, ეგ სუნი რო არ ამივიდეს და ეგ კვამლი რო არ ვყლაპო მაგიტო არ ვეწევი და მაიძულებდნენ მეყლაპა“.

თუმცა არამწეველი რესპონდენტების უმცირესობა (მხოლოდ 2 რესპონდენტი) თვლის, რომ ადამიანის თავისუფლების დარღვევაა მსგავსი ცვლილებები.

„მე არ ვარ მწეველი, მაგრამ მგონია რომ მწეველი ადამიანების უფლებებს ვარღვევთ რა, ადრე თუ არამწეველთა უფლებები ირღვეოდა ახალა პირიქითაა ის ადამიანი, რომელიც ეწევა და შედის ბარში იქ იხდის ფულს ღირსია, რომ თავი იგრძნოს კომფორტულად რაღაცნაირად უნდა დავაბალანსოთ ეს თემა“.

რაც შეეხება მწეველ ან წარსულში მწეველ რესპონდენტებს აქ აზრი ორად გაიყო მათ ნაწილს მოსწონს გატარებული ცვლილებები და აღნიშნეს, რომ ეს აკრძალვები დაეხმარათ თავი დაენებებინათ ან შეემცირებიანათ თამბაქოს მოხმარება.

„ჯერ ფასი მოემატა ძალიან სიგარეტს და ვიფიქრე ნაკლებს მოვწევთქო თან სამსახურში ადრე სამზარეულოში ვეწეოდი და ეხლა მე-5 სართულიდან ქვევით სიარული ყველა საათში მეზარება. ამიტომ გაცილებით ნაკლებს ვეწევი“.

,,ყველაზე მეტს ვეწეოდი ხოლმე დალევის დროს ბარში და ახლა გარეთ გასვლა ისეთ დისკომფორტს მიქმნის გაცილებით ნაკლებს ვეწევი“.

ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს შორის აღმოჩდნენ ისეთებიც, ვინც მოწევას თავი სწორედ ამ რეგულაციების გამო დაანება.

„6 თვეა საერთოდ არ მომიწევია, სიგარეტი იმდენად გაძვირდა დავფიქრდი რაში ვყრიდი ფულს, მერე ვარჯიში დავიწყე და სურვილიც ნელ-ნელა დამეკარგა“.

თუმცა აღნიშნულს მოსაზრებას ყველა არ იზიარებს. რესპონდენტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები უშედეგოა და მხოლოდ მოსახლეობის უფრო გაღარიბებას ემსახურება.

„ოღონდ თვითონ იშოვონ ფული მაგ სიგარეტებით და სულ არ აინტერესებთ მოსახლეობის ჯანმრთელობა“.

„მე, მაგალითად, თუთუნზე გადავედი. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩემი ფილტვებისთვის თუთუნს მოვწევ თუ სიგარეტს ორივე არ მავნებს?“

საბოლოო ჯამში რესპონდენტთა უმრავლესობა მაინც დადებითად აფასებს  გატარებულ ცვლილებებს და იმედოვნებს, რომ ეს პოზიტიურად იმოქმედებს ჯანსაღი ცხოვრების სტილის დამკვიდრებაზე და შეამცირებს ისეთი დაავადებების რისკს რასაც თამბაქოს მოხმარება იწვევს.

დასკვნა

შესაჯამებლად შეიძლება ითქვას, რომ რესპონდენტები ინფორმირებულნი იყვნენ როგორც თამბაქოს მავნებლობის, ასევე კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ. მათი დიდი ნაწილი გამხდარა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პასიური მწეველი. რაც შეეხება უშუალოდ მწეველ ან წარსულში თამბაქოს მომხმარებელ რესპონდენტებს, მათმა დიდმა ნაწილმა მოწევა გარდატეხის ასაკში თანატოლების ზეგავლენით დაიწყო, ხოლო მეორე ნაწილმა სტუდენტობის პერიოდში სოციალური სასურველობისა და რაიმე ახლის გასინჯვის ინტრიგით.

მწეველი რესპონდენტების ნაწილს არაერთხელ უშედეგოდ უცდია თამბაქოსათვის თავის დანებება, ხოლო მეორე ნაწილმა წარმატებით მოახერხა მავნე ჩვევისგან თავის დაღწევა. რესპონდენტების უმრავლესობა, რომლებმაც მოწევას თავი დაანებეს აღნიშნავს, რომ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ კანონში შესულმა ცვლილებებმა მიაღებინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოკუს-ჯგუფის მონაწილეების უმრავლესობას აღიზიანებს, როდესაც სხვა მოიხმარს თამბაქოს და რიგ შემთხვევებში ეს დამოკიდებულება განპირობებულია სქესით. მაგალითად არ მოწონთ ქალის მხრიდან თამბაქოს მოხმარება, ამის საპირისპიროდ კი ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ მიესალმება, როდესაც ქალი მოიხმარს თამბაქოს.

რაც შეეხება კანონს, როგორც მწეველი ასევე არამწეველი და წარსულში მწეველი რესპონდენტების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს მას და თვლის რომ ეფექტურია, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში ფოკუს-ჯგუფის მონაწილეებს არ მოწონთ კანონში შესული ზოგიერთი ცვლილება და თვლიან რომ ეს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას საერთოდ არ ემსახურება და სულაც არღვევს ადამიანების უფლებებს.

გამოყენებული ლიტერატურა

[1] WHO (2018). Tobacco, Key facts. World Health Organization. [Link]

[2] Hosseinpoor, A. R., Parker, L. A., Tursan d’Espaignet, E., & Chatterji, S. (2011). Social determinants of smoking in low- and middle-income countries: results from the World Health Survey. PloS one, 6(5), e20331. [PMC]

[3] Bergman, A. W. Caporaso, N. Cigarette smoking. journal of the national cancer Institute, 1999; 91 (16)

[4] მარიამ კახეთელიძე, ქეთევან წულაძე, მარიამ ხალიბაური, მარიამ შაქარიშვილი. თამბაქოს მომხმარებელთა ქცევის პატერნებისა და ინფორმირებულობის დონის კვლევა. IV სამეცნიერო კონფერენციის „ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები“ შრომების კრებული. თბილისი, 2018.

[5] დავით ნემსაძე, თენგიზ ვერულავა. თამბაქოს მოხმარების დაწყებაზე მოქმედი ფაქტორები ახალგაზრდებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (2).

[6] ვერულავა თ. ჯანდაცვის პოლიტიკა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისი 2016.

[7] ჯანმრთელობის დაცვა, სტატისტიკური ცნობარი, საქართველო 2016. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი 2017.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: