Posted by: burusi | August 19, 2018

სტუდენტების დამოკიდებულება გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ

სტუდენტების დამოკიდებულება გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ

ანა ასათიანი1, ჯილდა თირქია1

1 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5(1)

Download PDF

 

აბსტრაქტი

შესავალი. გარემოს დაბინძურებამ კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე გლობალური ხასიათი მიიღო. მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა. კვლევის მიზანია სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლა გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ. მეთოდოლოგია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფი და 4 სიღრმისეული ინტერვიუ. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, გამოვიყენეთ ტრიანგულაციური მიდგომა. კვლევის საწყისს ეტაპზე გავესაუბრეთ ექსპერტს.  სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე. შედეგები. რესპონდენტებს აქვთ განსხვავებული მიდგომები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. მათი აზრით, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ჰაერის, წყლის რესურსებისა და ნიადაგის დაბინძურება, ვინაიდან ეს სამი კომპონენტი ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რესპონდენტები ნაკლებად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით ღონისძიებებში. დასკვნა. გარემო დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამ მხრივ, საჭიროა ადამიანის ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში.

საკვანძო სიტყვები: გარემოს დაბინძურება, ჯანსაღი ცხოვრების წესი

ციტირება: ანა ასათიანი, ჯილდა თირქია. სტუდენტების დამოკიდებულება გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Abstract

Introduction. Environmental pollution has been a global character at the present stage of human development. From global threats, environmental pollution has become one of the most important factors. The aim of this study was to examine the attitude of young people, particularly students in environmental issues. Methodology. Within the scope of the study, we have used a triangular approach to study the issue in details. We talked to the expert at the beginning of the research. Furthermore, we conducted 2 focus groups and 4 in-depth interviews. The target group were students who are studying at the university of bachelor’s and master’s level. Students were selected through non-profit selection, namely based on targeted or evaluative selection. Results. As for the results of the research, it is revealed that the respondents have different associations regarding environmental protection. According to the respondents, the most important problem in Georgia is air pollution, water resources and soil pollution, as these three components are of vital importance to human beings. Respondents are less involved in environmental activities. The part of the respondents who have never participated in such a measure justifies their actions by the fact that the environment is not delayed by its individual actions. Respondents think that actions taken by government for solving problems of state environment are more or less useful, but the implementation and monitoring of the law is less and it is necessary to tighten it. Education is very important in terms of raising awareness of human consciousness. It emphasizes both informal and formal education, which envisages studying environmental issues in schools and universities. Conclusion. To summarize, the environment where we are living has a great influence on ourselves and our health, maintaining the environment and cleanness in every human’s interest, since the damaged environment is harmful to people who live in an unhealthy way of life.

Keywords: environmental pollution, healthy lifestyle

Quote: Ana Asatiani, Jilda Tirkia. Students’ attitude towards environmental problems. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1).

შესავალი

გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებასა და გარემოში არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. თანამედროვე ცივილიზაცია და ბიოსფერო ვეღარ უმკლავდება ბუნებაზე მავნე ზეგავლენას, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, რის გამოც, იგი უკვე განიცდის დეგრადაციას.

სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა და საწარმოო ძალების სწრაფმა განვითარებამ მსოფლიო მიიყვანა ბუნებისა და საზოგადოების ძირფესვიან ცვლილებებთან. თუ წარსულში ეკოლოგიურ კრიზისებს ლოკალური ხასიათი ჰქონდათ და არ იწვევდნენ ბუნების რადიკალურ ცვლილებებს, ახლანდელი კრიზისი საყოველთაო ხასიათით გამოირჩევა, რომელსაც მივყავართ გლობალურ კატასტროფამდე. მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის ნიშნებია: კლიმატის გლობალური ცვლილებები, ოზონის შრის შემცირება, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა, მჟავაშემცველი ნალექები, სოციალური გარემოს გაუარესება, ნიადაგის ეროზია და სხვა ნეგატიური მოვლენები.

ზემოთაღნიშნული პრობლემები საერთოა საქართველოსთვისაც, რომლის გეოპოლიტიკური მდებარეობა კიდევ უფრო ამძაფრებს მდგომარეობას. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, სადაც გადის თანამედროვე ნავთობსადენი და გაზსადენი, გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის მხრივ, დიდი საშიშროების წინაშეა. გარდა ამისა, საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რომელიც განიცდის ბუნებრივი მოვლენების მხრივ აქტიურ ზემოქმედებას. იგი ვლინდება არც თუ იშვიათი მიწისძვრების, წყალდიდობების, მეწყრების, ღვარცოფებისა, კლდეზვავებისა და სხვა კატასტროფების სახით.

მსოფლიოში არსებული გლობალური საფრთხეებიდან გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესია. დაბინძურებათა უშუალო ობიექტებია მიწა, წყალი, ნიადაგი, ატმოსფერო, ხოლო არაპირდაპირი – მცენარეები, ცხოველები, მიკროორგანიზმები და ადამიანი [1].

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2011 წელს ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზემოქმედების ანალიზი გამოაქვეყნა. ფაქტებმა წარმოაჩინა დიდი განსხვავება ქვეყნებს შორის და ცხადყო, რომ ადამიანთა ჯანმრთელობა შეიძლება საგრძნობლად გაუმჯობესდეს ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შემცირებით, როგორებიცაა დაბინძურება, სახიფათო სამუშაო გარემო, ულტრაიისფერი რადიაცია, ხმაური, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული საფრთხეები, კლიმატისა და ეკოსისტემის ცვლილება. კვლევებმა აჩვენა, რომ გარემოს გაჯანსაღებით შესაძლებელია მსოფლიოში ყოველწლიურად 13 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენცია, გარემოს გაჯანსაღებისკენ მიმართული კარგად გააზრებული ღონისძიებებით კი მხოლოდ ევროპაში სიკვდილიანობის 20%-ის თავიდან აცილება მოხერხდება [2].

მსოფლიოს 23 ქვეყანაში სიკვდილიანობის მიზეზი ასიდან 10-ზე მეტ შემთხვევაში გარემოსთან დაკავშირებული რისკფაქტორებია: დაბინძურებული წყალი, დაბინძურებული ჰაერი, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

გარემოს დაბინძურების წყაროები შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: ბუნებრივი, საწარმოო და საყოფაცხოვრებო. დაბინძურების ბუნებრივ წყაროებს წარმოადგენს ენდოგენური (მიწისძვრები, ვულკანიზმი და ა.შ) და ეგზოგენური ფაქტორები (კლიმატი ანუ ჰავა, ქარი, ყინული, ნიადაგის ეროზია, მდინარეთა წყალდიდობა და სხვ.) ხოლო ანთროპოგენულ წყაროებს მიეკუთვნება საწარმოო და საყოფაცხოვრებო დაბინძურების ფაქტორები [3].

ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა წყალი, ჰაერი და საკვები. შესაბამისად, წყლის რესურსების, ჰაერისა და ნიადაგის მოფრთხილება პრიორიტეტული უნდა იყოს. საქართველოში ამ მხრივ მნიშვნელოვანია ჰაერისა და ნიადაგის მდგომარეობა, ვინაიდან, ასე თუ ისე, ჩვენს ქვეყანაში საწარმოების ძალიან მცირე ნაწილი ფუნქციონირებს, დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს მანქანების გამონაბოლქვი, მდგომარეობას კი აუარესებს ხე-ტყის ჩეხვა. რაც შეეხება წყლის რესურსებს, მდინარეში საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენების ჩარეცხვა იწვევს წყლის რესურსების დაბინძურებას და ასევე ნიადაგის დაბინძურებასაც, რადგან მდინარის წყალს ხშირად ნიადაგის მოსარწყავადაც იყენებენ, ასეთი წყლით მორწყულ მიწაზე ცხადია საკვებიც არაჯანსაღი მოდის, რაც საბოლოოდ აისახება კიდეც ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამი ფაქტორიდან ნიადაგის დაბინძურებაა, ვინაიდან შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების შერბილება ხეების დარგვით, ასევე წყლის რესურსების გაფილტვრაც, ხოლო ნიადაგი ბიოსფეროს პრაქტიკულად აღუდგენელ კომპონენტს წარმოადგენს, რომლის მდგომარეობაზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საყურადღებოა არასწორი მიწათმოქმედება, ასევე გადაძოვების პრობლემა, გადასარეკი ბილიკების არარსებობა და შხამ-ქიმიკატების უკონტროლო გამოყენება [4].

ბევრი კვლევა მიეძღვნა სტუდენტთა დამოკიდებულებას ინტერესს და ქცევას გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ (5, 6, 7; 8; 9). კვლევები ადასტურებენ, რომ სტუდენტებს პოზიტიური ქცევა და დამოკიდებულება აქვთ გარემოსთან მიმართებით (10). უფრო მეტიც, ისინი გამოხატავენ მაღალ ემოციური განწყობას გარემოს მიმართ, აქვთ მაღალი ინტერესი გარემოსდაცვით პრობლემებზე და სურთ იპოვონ მათი გადაწყვეტის გზები (11). ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ სტუდენტებს დადებითი გარემოსდაცვითი დამოკიდებულება გააჩნიათ, მაგრამ მათი ცოდნა გარემოს შესახებ არაადეკვატურია (8).

კვლევის მიზანს წარმოადგენს სტუდენტების დამოკიდებულების შესწავლა გარემოსდაცვითი პრობლემებისადმი და მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლება მოცემულ საკითხთან მიმართებაში. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, კვლევის ძირითადი ამოცანებია:

  • გარემოსდაცვით აქტივობებში სტუდენტების ჩართულობის კვლევა;
  • საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მიმოხილვა;
  • სტუდენტების მიერ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის გზების ძიება;

დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად ისმის განცხადებები გარემოსდაცვითი პრობლემებით გამოწვეული საფრთხეებისა და მიღებული შედეგების შესახებ, გადავწყვიტეთ გამოგვეკვლია, თუ როგორია საზოგადოების ახალგაზრდა ფენის, კერძოდ სტუდენტების დამოკიდებულება გარემოსდაცვითი პრობლემების მიმართ.

მეთოდოლოგია

თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფი და 4 სიღრმისეული ინტერვიუ. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით, გამოვიყენეთ ტრიანგულაციური მიდგომა. კვლევის საწყისს ეტაპზე გავესაუბრეთ ექსპერტს.  სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უნივერსიტეტებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე. სტუდენტების შერჩევა განხორციელდა არაალბათური შერჩევის გზით, კერძოდ, მიზნობრივი ანუ შეფასებითი შერჩევის საფუძველზე.

შედეგები

ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები

ექსპერტთა გამოკითხვის საფუძველზე მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. ექსპერტთა აზრით, საქართველოში ეკოლოგიურად რთული მდგომარეობაა. ამ მხრივ, თითოეული რეგიონი განსხვავებული პრობლემებით ხასიათდება.

გარემოსდაცვითი მიდგომები რეგიონების მიხედვით უნდა დაიყოს, ვინაიდან მხოლოდ ერთი მიდგომით ვერ მოხერხდება პრობლემის პრევენცია მთასა და ბარში. თუ ქალაქში გამონაბოლქვის პრობლემაა, იგივეს ვერ ვიტყვით სოფელზე, სადაც ჰაერი ბუნებრივი კორიდორების მეშვეობით ნიავდება“.

უმთავრეს ეკოლოგიურ პრობლემად დასახელდა დიდ ქალაქებში ნარჩენების მართვა. მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ საქართველოში არსებული საწარმოების უმრავლესობა 30-40 წლის წინაა აშენებული, რომლებიც არ არიან აღჭურვილი გაფრქვევების გაფილტვრის მოწყობილობებით. არასწორი სამშენებლო საინჟინრო საქმიანობა და კომპეტენტურ პირთა მოსაზრებების გაუთვალისწინებლობა დიდ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.

თბილისი მაღალრისკიან სეისმურ გარემოში მდებარეობს. შენობანაგებობათა გარკვეული ნაწილი არ არის ადაპტირებული სეისმურ პირობებთან. მიწისძვრამ შესაძლებელია კატასტროფული შედეგები განაპირობოს“.

ექსპერტებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს წყლის დაბინძურების პრობლემას.

მდინარეების მეშვეობით ირწყვება ნიადაგი, რომელზეც მოყვანილ საკვებს ადამიანი მიირთმევს, შესაბამისად, ორგანიზმში საკვების სახით შესაძლოა მოხვდეს სახიფათო ნივთიერებები. ბევრი მდინარე ისეა დაბინძურებული, რომ მასში დაჭერილმა თევზმა ადამიანზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, ჭიათურაში არსებული მიწისქვეშა მდინარეები, რომლებიც წყლის დიდ მარაგს წარმოადგენენ, ბინძურდებიან სამრეწველო საწარმოების მძიმე მეტალებით, რომელთა ორგანიზმში მოხვედრა სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანისთვის. მარნეულის რაიონში დიდ ფართობი ირწყვება მდინარე კაზრეთულას მეშვეობით. მდინარეში კაზრეთის სამრეწველო საწარმოებიდან მომავალი წყალი ჩაედინება. ამ დროს არავინ არ იცის მარნეულიდან მიღებულ პროდუქტებში მძიმე მეტალების შემცველობის შესახებ“.

ექსპერტთა აზრით, გარემოსდაცვითი პრობლემების პრევენციისთვის მხოლოდ სათანადო ინფრასტრუქტურას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა.

ზოგ ქვეყნებში, გარკვეულ სოფლებში საერთოდ არ არსებობს სათანადო ინფრასტრუქტურა, მაგრამ მოსახლეობა ნაგავს წვავს და ფიზიკურად ის გარემოში აღარ რჩება. თუმცა, ასევე არის ტერიტორიები, სადაც ინფრასტრუქტურა არსებობს, მაგრამ მოსახლეობა ნაგავს იქვე მდინარეში ან მღვიმეებში ყრის და ცდილობს ნაგავი უფრო ადვილად მოიცილოს თავიდან. შედეგად იგი სასმელ წყალში, ჭაში ხვდება. ამიტომ აუცილებელია, რომ მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია, ამგვარი ქმედებების შედეგად თავის სასიცოცხლო გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ.

ექსპერტთა აზრით, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად ყველაზე დიდი  როლი ეკისრება სოციალურ ინსტიტუტებს, მასმედიას.

სოციალურ ქსელებს, რეკლამებს, სატელევიზიო პროგრამებს უფრო შესწევთ ძალა შეცვალონ რაიმე, ვიდრე ბუკლეტებს და დარგის სპეციალისტთა შეხვედრებს, რადგან ბუკლეტს თითქმის არავინ კითხულობს, ხოლო შეხვედრებზე მხოლოდ დაინტერესებული პირები დადიან“.

ადამიანის ცნობიერების დონის ამაღლებაში დიდი როლი ეკისრება ოჯახსა და სკოლას.

ბავშვი თავდაპირველად ჯერ ოჯახში ყალიბდება პიროვნებად, შემდეგ კი სკოლაში, სადაც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს ეკოლოგიური განათლება. ეკოლოგიის საგანი იმ ტიპის ცოდნას შეიცავს, რომელიც ადამიანმა ადრინდელი ასაკიდანვე უნდა დაისწავლოს და მოიქცეს შესაბამისად. განათლების სამინისტრო უფრო მეტს უნდა ხარჯავდეს ეკოლოგიურ განათლებაზე. გარემოსდაცვითი პრობლემების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებისა და სამეცნიერო წრეების ჩართულობა, ვინაიდან სტუდენტები ხალისიანად ასრულებენ სასარგებლო სამუშაოს და არ არიან ტენდენციურები, ხოლო სამეცნიერო წრეების წევრები კი კომპეტენტური პირები არიან და მათ შესწევთ ძალა ინფორმაცია მიაწოდონ როგორც საზოგადოებას, ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით, ასევე სახელმწიფოსსწორი გადაწყვეტილებების მიღებისათვის.

ფოკუსჯგუფების შედეგები

კვლევის ფარგლებში ჩატარდა 2 ფოკუს-ჯგუფი. ორივე ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა. კითხვაზე – რას გულისხმობს გარემოს დაცვა, რესპონდენტებისგან მივიღეთ მეტნაკლებად განსხვავებული და საინტერესო პასუხები. გარემოს დაცვა ნაწილისთვის არის სამოქალაქო ვალდებულება, ნაწილისთვის გარემოზე ზრუნვა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვა-გათვალისწინება, ზოგისთვის ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება, ზოგისთვის  ჩვენი თავის მიმართ გამოვლენილი მზრუნველობა და ბოლოს, რესპონდენტთა ნაწილმა გარემოს დაცვა შინაგან კულტურასთან გააიგივა:

(ლელა) – “ჩემი აზრით, გარემოს დაცვა ეს არის სამოქალაქო ვალდებულება”

(ჯონი) – “გარემოს დაცვა გულისხმობს სახელმწიფოსა და ზემდგომი ინსტიტუტების მიერ შემუშავებული კანონების, წესების და რეგულაციების მაქსიმალურ დაცვასა და გათვალისწინებას.”

(მაკა) – “ვეთანხმები წინა ორი რესპოდენტის აზრს და ანუ, მინდა დავამატო ის, რომ გარემოს დაცვა, უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბუნებრივი რესურსების გაფრთხილება.”

(ვახო) – “ჩემი აზრით, გარემოს დაცვა არის პირველ რიგში არა გარემოს, არამედ ჩვენი თავის მიმართ გამოვლენილი მზრუნველობა, რადგან როცა ჩვენ ვაზიანებთ გარემოს ამით პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ გამოგვაქვს სასიკვდილო განაჩენი.”

(ლეილა) – “ჩემი აზრით გარემოს დაცვა გულისხმობს შინაგან კულტურას, ანუ როგორი ადამიანიც ხარ და როგორი აღზრდილიც ხარ, ისე ექცევი გარემოს. იმას ვგულისხმობ, რომ არ უნდა დააბინძურო გარემო, რადგან იგი ისევ შენზე აისახება უარყოფითად.”

კითხვაზე – თუ რამდენად აქტუალურია ეს თემა, პასუხები თითქმის ერთნაირი აღმოჩნდა. ფოკუს-ჯგუფის თითოეულმა მონაწილემ ხაზი გაუსვა ამ თემის აქტუალობას, ვინაიდან ეს ის პრობლემებია, რომლებსაც ადამიანი ყოველდღიურად აწყდება და რომლებიც გავლენას ახდენენ მათ სასიცოცხლო გარემოზე:

(ნინა) – “რა თქმა უნდა აქტუალურია ეს თემა, პირველ რიგში იმიტომ, რომ გარემოს დაცვა და ეკოლოგიური სისუფთავე ჩვენს ჯანმრთელობას და ჩვენს სიცოცხლეს ეხება.”

(თორნიკე) – “დღესდღეობით საქართველოში ძაან დიდი პრობლემაა. თბილისის მთავარი ქუჩები არ არის იმდენად დაბინძურებული, როგორც გარე უბნები, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას.”

კითხვაზე – გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ რა პრობლემებს გამოყოფთ საქართველოში? თქვენ რომელი მიგაჩნიათ უფრო მნიშვნელოვნად? რატომ? პასუხები აღმოჩნდა ძალიან საინტერესო, ვინაიდან რესპონდენტებმა ერთმანეთისგან განსხვავებული თვალსაზრისები წარმოაჩინეს. გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: ზღვის დაბინძურება, გამონაბოლქვი, მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელები, ხე-ტყის ჩეხვა, წყლისა და ჰაერის დაბინძურება, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ჰესების მშენებლობა:

(მაკა) – “პირად მაგალითზე ვისაუბრებ, მე ვარ ბათუმიდან და ზღვის დაბინძურება ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა საქართველოში. მოგეხსენებათ, ბათუმის პორტში ხდება ნავთობის იმპორტი და ხშირად ეს ნავთობი იღვრება და ნარჩენები რჩება ზღვაში. ეს კი ყველაფერთან ერთად იწვევს აუტანელ სუნს.”

(თამუნა) – “პრობლემებიდან ყველაზე მეტად გამოვყოფ მანქანების გამონაბოლქვს თბილისში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანაა და დიდ საშიშროებას უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.”

(ჯონი) – “ჩემი აზრით, საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ხე-ტყის ჩეხვა, განსაკუთრებით შემოდგომის მიწურულს, როცა ზამთარი მოდის ხდება ხე-ტყის უკანონო ჭრა და ეს ჯანმრთელობის პრობლემებს გვიქმნის, რადგან ჟანგბადი საკმარისი დოზით არ მოგვეწოდება.”

(ფაიგა) – “ჩემთვისაც ყველაზე მწვავე წყლის და ჰაერის რესურსების დაბინძურებაა, იმიტომ, რომ ეს არის ორი ისეთი ფაქტორი, რომლებთანაც ყოველდღიურად გვაქვს შეხება. ვფიქრობ, დაბინძურებული წყალი და ჰაერი ყველაზე მეტად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე.”

(სალომე) – “ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემა არის საყოფაცხოვრებო ნარჩენები. კონკრეტულად პოლიეთილენის პარკებზე მაქვს საუბარი, რადგან გაქრობას ბუნებაში შეიძლება საუკუნეები დასჭირდეს და ძალიან საშიშია, როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანისთვის…”

(ვახო) – “მთავარი პრობლემაა ჰესების მშენებლობა. ეს ერთი შეხედვით ჩანს, რომ სუფთა ენერგიის მიღების წყაროა და საერთოდ არ აზიანებს გარემოს, მაგრამ თუ კარგად ჩავუკვირდებით, ახალი ჰესების მშენებლობა იწვევს უდიდეს პრობლემებს. ზოგი ფიქრობს, რომ ეკონომიკის ხარჯზე ღირს გარემოს განადგურება, ანუ მათთვის მთავარია ეკონომიკური და არა ეკოლოგიური ფაქტორი, რადგან მიაჩნიათ, რომ ეკოლოგია არის უფრო სამომავლო პრობლემა და ახლა მათ ეს არანაირ პრობლემას არ უქმნის.”

რესპონდენტთა აზრით, საქართველოში გარემოს დაცვის მდგომარეობა არასახარბიელოა. სოფლად და ქალაქად განსხვავებული პრობლემებია. ნაწილისთვის ქალაქში არსებული პრობლემები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ნაწილისთვის კი პირიქით. ქალაქში ჰაერის დაბინძურება არის აქტუალური, ხოლო სოფელში – ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, უადგილოდ დაყრილი ნაგვის გროვები. ორივე ერთნაირად უქმნის საფრთხეს ადამიანის სასიცოცხლო გარემოს.

(ლელა) – “…ქალაქებში უფრო რომ ვხვდებით ამ პრობლემებს, მე არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, სოფლებში უფრო მძიმე მდგომარეობა, სადაც არაა ნაგვის ბუნკრები და მოსახლეობა მდინარეში ყრის ნაგავს, ან კიდევ ხევში. “

(ფაიგა) – “ჩემი აზრით, ქალაქში უფრო მწვავეა ეს პრობლემები და მათგან მთავარია გამონაბოლქვი, ტრანსპორტის სიმრავლით გამოწვეული.”

(ჯონი) – “ჩემი აზრით, წამოჭრილი პოლემიკა ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავებაზე ალოგიკურია. განსხვავებულ პრობლემებთან გვაქვს საქმე ორივეგან. ეკოლოგიური პრობლემები აქტუალურია სოფლადაც და ქალაქადაც. რეალურად სოფელში სხვა პრობლემებს ვხვდებით ეკოლოგიური თვალსაზრისით და ქალაქში სხვას, და ვერცერთი ვერ გადაწონის მეორეს.”

რაც შეეხება გარემოსდაცვით ღონისძიებებს, რესპონდენტთა უმრავლესობას ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ, თუმცა უმეტესობას მონაწილეობა არ მიუღია არც ერთ გარემოსდაცვით ღონისძიებაში, რაც ზოგიერთმა მათგანმა დროის უქონლობას, ნაწილმა კი არაინფორმირებულობას დააბრალა. რესპონდენტთაგან რამდენიმემ აღნიშნა, რომ მიუღია მონაწილეობა ეგრედწოდებულ “შაბათობა”-ში და ერთჯერადი მონაწილეობა ისეთ აქტივობებში, როგორიცაა მასობრივი დასუფთავების ღონისძიება:

(თამუნა) – “ძალიან კარგი იქნებოდა გარემოსდაცვითი ღონისძიებების არსებობა საქართველოში, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუნდაც დილით, იმიტომ რომ საზღვარგარეთ არცერთი სტუდენტი არ არის ჩვენნაირად დაუსაქმებელი. სტუდენტები დილით დგებიან და ალაგებენ თავიანთ ქალაქს, რაც ჩემთვის მისაღებია და საქართველოში სამწუხაროდ ამის შესახებ არ გამიგია.”

(ჯონი) – “სამწუხაროდ, დროის უქონლობის გამო არასდროს არ მიმიღია გარემოსდაცვით ღონისძიებაში მონაწილეობა, მაგრამ მსმენია ისეთი ღონისძიებების შესახებ, როგორებიცაა “არა ჰუდონჰესს”, “პანორამა თბილისი”, “დავიცვათ იპოდრომი”, რომელიც დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. საქართველოში გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარების მხრივ ყველაზე, ესე რომ ვთქვათ, აქტიურები არიან ორგანიზაციები: “მწვანე მუშტი” და “პარტიზანი მებაღეები”.

(ვახო) – “როგორც ასეთი მსმენია და ბევრშიც მიმიღია მონაწილეობა, მაგალითად, “არა ჰუდონჰესს”. საბოლოოდ ყველა ჩვენი წამოწყება კრახით დასრულდა, თუმცა კარგი რამეც მოხდა, რომ საზოგადოებაში გაიზარდა ცნობიერების დონე.”

(ლეილა) – “სკოლაში რაღაც ხეები დავრგეთ ბავშვებმა, შაბათობას. ალბათ იმიტომ, რომ მერე გაგვეზარდა მომავალი თაობისთვის მეტი ხე და ჯანსაღი გარემო, რაც შეეხება ღონისძიებები… (დუმილი) ანუ ღონისძიებებში არ მიმიღია მონაწილეობა…”

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანგანიზაციებს, სტუდენტების უმრავლესობას არ ჰქონდა მათ შესახებ ინფორმაცია, ისინი ძირითადად იცნობენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც სტუდენტების მიერაა ჩამოყალიბებული. ნაწილმა უნდობლობაც გამოხატა არასამთავრო ორგანიზაციების მიმართ და ერთ-ერთმა გრანტიჭამიებიც კი უწოდა, რომლებიც რეალურად საქმეს არ აკეთებენ:

(გიორგი) – “გამიგია ტელევიზიით რაღაცა ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ასუფთავებენ რომელიღაც ტერიტორიას, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, არის მათი პიარი. რაღაც პატარა ადგილს დაასუფთავებენ და მერე ამაზე ხდება დიდხნიანი რეპორტაჟის გაშვება ტელევიზიაში. “

(ნინა) – “მწვანე მუშტი”, რომელიც არის საქართველოში, ერთ-ერთი საკმაოდ აქტიური ორგანიზაციაა. სტუდენტების შექმნილია და ერთ-ერთი ლიდერი ჩვენი ფაკულტეტის წარმომადგენელია, რომელიც ძალიან ზრუნავს ჩვენს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველები, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ ჰუდონჰესის და სხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.”

რესპონდენტთა აზრით, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა ამ მხრივ არაა ეფექტური. ნაწილის აზრით, ის სანქციები, რომლებიც დაწესებულია არ ფუნქციონირებს, რადგან არ არსებობს მონიტორინგის სამსახური. ნაწილის აზრით, საზოგადოების ცნობიერების დონეა დაბალი და ეს ქმნის პრობლემას. ზოგიერთის აზრით კი, სახელმწიფო სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებს ანიჭებს უპირატესობას და გარემოსდაცვითი საკითხები უკანა პლანზე რჩება.

(სალომე) – “რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას, გვაქვს შესაბამისი კანონი, რომელიც სჯის გარემოს დაბინძურებას, მაგრამ რეალურად ამგვარი მე ქმედება არ მინახავს. შეიძლება ათასში ერთხელ რომ ვიღაცა დაეჯარიმებინათ, და ამიტომ ვფიქრობ რომ კანონი ცხოვრებაშიც აუცილებლად უნდა გატარდეს.”

(ოთარი) – “ჩემი აზრით, სახემწიფოს მხრიდან არის მცდელობა, მაგრამ იგი ეფექტური არ იქნება მანამ, სანამ  საზოგადოების ცნობიერება არ ამაღლდება.”

ფოკუს ჯგუფის მონაწილეების უმეტესობამ ხაზი გაუსვა ადამიანების ცნობიერების დონეს, რომ მთავარია ინდივიდუალური მოქმედება. საკითხის დაკონკრეტების მიზნით, მათ ვკითხეთ – საჭიროა თუ არა ადამიანის ცნობიერების ამაღლება? და როგორ შეიძლება მოქალაქის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მიმართულებით?

(ნინა) – “ჩემი აზრით, შეუძლებელია ამ პრობლემის აღმოფხვრა ადამიანის ცნობიერების ამაღლების გარეშე. ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ეს არის ის პრობლემა, რომელიც აისახება მის ჯანმრთელობაზე. მაგრამ რა უნდა ელაპარაკო ადამაინს, რომელიც საკუთარი კორპუსის ფანჯრიდან ყრის ნაგავს. აქედან გამომდინარე, უნდა მოხდეს ადამიანის ცნობიერების ამაღლება მედიის, სკოლის, უნივერსიტეტის საშუალებით. განსაკუთრებით, ბავშვობიდანვე უნდა მოხდეს ამ საკითხთან მიმართებით ადამიანის ცნობიერების ჩამოყალიბება, ოჯახი როლი ასევე მნიშვნელოვანია.”

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობამ ცნობიერების დონეს ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა, გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრის ალტერნატიულ საშუალებად კანონის მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი მათი მხრიდან. სწორედ ამიტომ, დავინტერესდით, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ბევრმა მათგანმა იცოდა ამ კანონმდებლობის შესახებ. თუმცა, თავიანთ ზრუნვას გარემოზე, ხსნიდნენ არა ამ კანონიდან, არამედ თავიანთი მენტალიტეტიდან და კულტურიდან გამომდინარე. პრობლემაც სწორედ ეს არის მათი აზრით, რომ კანონის დაწესება არაფერია თუ არ მოხდა შემდეგ, მისი კონტროლი და შესაბამისი სანქციების დაწესება.

(ოთარი) – “ჩემი აზრით, არანაირი შედეგი არ გამოუღია, რადგან სიგარეტის ბიჩოკის გადაგდებას აკონტროლებს პოლიცია. ეს არის როგორ ვთქვა, სულელური ბერკეტი, იმიტომ რომ შეუძლებელია გამვლელემა პოლიციელმა შეამჩნიოს პირი, რომელიც სიგარეტის ბიჩოკს ისვრის. ჩემი აზრით რა ნორმებიც არსებობს სამართლებრივი კუთხით არცერთი არაა ქმედითი, უნდა გატარდეს გარკვეული ცვლილები, შეგვიძლია ეს გადმოვიღოთ უცხო ქვეყნის მაგალითზე, რომლეთაც ეს საკითხები უკვე მოწესრიგებული აქვთ.”

ბოლოს, ფოკუს ჯგუფის მონაწილეებს ვკითხეთ, თუ როგორ ესახებათ საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობა – მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი პრობლემები იმ დონემდეა მისული, რომ შეუძლებელია ეს სიტუაცია გაუმჯებესდეს, თუმცა შესაძლებელია იმის გაკონტროლება, რომ მდგომარეობა უარესობისკენ არ შეიცვალოს. ასევე, მათი თვალსაზრისით, მოსალოდნელია საზოგადოების მსოფლმხედველობის შეცვლა, ანუ მათი მხრიდან იმის გაცნობიერება, რომ გარემოზე ზიანის მიყენებით უარყოფით გავლენას ახდენენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

(ჯონი) – “ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენს ქვეყანაში და ასევე მსოფლიო მაშტაბით ეკოლოგიური პრობლემები გამოსწორდება. ვფიქრობ, რომ ჩვენ სტუდენტებს და ახალგაზრდა თაობას უფრო დიდი როლი გვეკისრება. თაობათა ცვლა მენტალობის ცვლილებასთანაცაა დამოკიდებული, სწორედ ამიტომ ძველ თაობებში უფრო რთულია მენტალიტეტის შეცვლა, ცნობიერების შეცვლა… სწორედ ამიტომ საყრდენ ძალად ისევ ახალგაზრდობა მიმაჩნია.”

სიღრმისეული ინტერვიუს შედეგები

სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდით გამოკითხულ სტუდენტთა აზრით გარემოს დაცვა გულისხმობს სისუფთავის და ინფრასტრუქტურის დაცვას, ბუნებრივ რესურსებზე ზრუნვას და ხეების დარგვას. ყოველივე ეს კი მათი აზრით განპირობებული უნდა იყოს ადამიანის შინაგანი კულტურით, ვინაიდან გარემოს დაცვას სწორედ ამ უკანასკნელთან აიგივებენ.

რესპონდენტთა აზრით, საქართველოში აქტუალურია შემდეგი სახის პრობლემები: ტყის ჩეხვა, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

გამოკითხულთა მიხედვით, საქართველოში ქალაქების მოსახლეობის უმთავრესი პრობლემაა სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი, ხოლო სოფლებში – ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, კერძოდ, არ არსებობს სანაგვე ურნები და მოსახლეობა ნაგავს სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ყრის. ასეთი ნაგავსაყრელები ძირითადად მოთავსებულია სოფლის დასაწყისში და ბოლოში, ხევებში, ან მდინარეებში. მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, რამხელა ზიანს აყენებს ასეთი ქმედებით თავის სასიცოცხლო გარემოს.

(რატი) – “… სოფლებში და რაიონებში კიდევ სხვა პრობლემები იჩენს თავს. თუ ქალაქში გამონაბოლქვი გვაწუხებს ყველაზე მეტად, სოფლებში და რაიონებში უადგილო ადგილას დაყრილი ნარჩენებია ძაან პრობლემატური. დაბინძურებულია ბუნება და წყალი. ბევრ სოფელში წყაროს წყალს სვამენ და გიმტკიცებენ ასეთ სუფთას ქალაქში ვერ დალევო, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ რო ნაგავს და უბედურებას ყრიან შიგნით და სანამ გასუფთავდება ვინმე აუცილებლად დალევს და ეს რამხელა ზიანს მიაყენებს მერე ადამიანის ორგანიზმს ცალკე საკითხია.”

(თაკო) – “რა თქმა უნდა ახდენს. ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ მოწამლული წყლით იწამლება ხალხი, ტელევიზორშიც ყოფილა რეპორტაჟი მაგასთან დაკავშირებით რომ ადამიანები იწამლებიან და ხშირად სავალალო შედეგებიც მოაქვს ამ ყველაფერს. გარდა ამისა, დაბინძურებულ ნიადაგზე მოყვანილი მოსავალიც ხომ ცუდ ზეგავლენას იქონიებს ადამიანზე რომ აღარაფერი ვთქვა გამონაბოლქვზე და ფილტვების დაბინძურებაზე, სტატისტიკურად არ ვიცი რა როგორაა, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი გაუაზრებელი ქმედებით ჩვენსავე სიცოცხლეს ვუქმნით საფრთხეს. იმ დღეს “facebook”-ზე ვნახე, რომ გლობალური დათბობა უკვე დაწყებულია და 2 გრადუსითაა ტემპერატურა მომატებული.”

რესპონდენტთა აზრით, სახელმწიფო გარემოს დაცვის პრობლემების მოგვარებას მეტნაკლებად ხელს უწყობს, შეიმჩნევა გარკვეული ტიპის აქტივობებიც, თუმცა ძალიან იშვიათად, ამიტომ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის იანვარში გამოიცა „ნარჩენების მართვის კანონი“, ვერ ვიტყვით, რომ ამ კანონის შემოღებამ დიდი გავლენა მოახდინა არსებულ მდგომარეობაზე, ვინაიდან კანონის აღსრულება და მონიტორინგი ნაკლებად მიმდინარეობს.

(ოთო) – “არსებობს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, მაგრამ იგი არაქმედითუნარიანია. ამ ბოლო დროს დაბინძურებაზე ჯარიმები დაწესდა, მაგრამ მაინც  ჩემი აზრით ვერ ხორციელდება ეფექტურად, რადგან ქვეყანაში არის უფრო აქტუალური მთელი რიგი სოციალური და პოლიტიკური პრობლემები და გარემოს დაცვისთვის სახელმწიფო იმდენად ვეღარ იცლის, თუმცა, თავისი მნიშვნელობით ეს უკანასკნელი ხსენებულ ორ პრობლემას არაფრით არ ჩამოვარდება, ზოგისთვის უფრო მნიშვნელოვანიც კი არის… ვფიქრობ, სახელმწიფო უფრო მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს კანონის დაცვას, რადგან ისეთი ერი ვართ, რომ თუ კანონით არ მოგვმართეს, ჩვენი კეთილი ნებით, დიდი ალბათობით ვერაფერს შევცვლით. თუმცა, თუ თითეულმა ჩვენგანმა არ გავიაზრეთ ჩვენი მოვალობა ბუნების წინაშე, მარტო სახლმწიფო ვერაფერს უშველის.”

რესპონდენტების ნაწილმა დადებითად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა ამ პროფილით, ხოლო ნაწილმა გამოამჟღავნა უნდობლობა და ნეგატიური დამოკიდებულება მათ მიმართ, რაც არასამთავროების მიმართ გაჩენილი სტერეოტიპით ახსნეს, რომ ისინი არიან ეგრედწოდებული “გრანტიჭამიები”.

(ფაიგა) – “როგორც ვიცი არსებობს რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია. მაგალითად, „მწვანეები“. ეს ორგანიზაცია მოუწოდებს მოქალაქეებს არ დააბინძურონ გარემო, გაუფრთხილდნენ მას და წელიწადში 2-ჯერ მაინც აქტიურად ჩაერთონ მის დასუფთავებაში, დარგონ ხეები და გაამწვანონ გარემო. სხვა ორგანიზაციის სახელები სამწუხაროდ, არ არის ჩემთვის ცნობილი, თუმცა ტელევიზიით ან ინტერნეტით ხშირად ვხედავ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ამგვარ კამპანიებს. “

(ოთო) – “საერთოდ არცერთი არასამთავობა ორგანიზაცია არ ვიცი, რომელიც გარემოს დაცვისთვის ზრუნავს, შესაბამისად არ არის საერთოდ მათი მხრიდან რაიმე აქტივობა. ისე სიმართლე გითხრა დადებითად არ ვარ განწყობილი ამ არასამთავრობოების მიმართ, ცარიელი სიტყვების კორიანტელის მეტი არაფრი მოდის მათი უმრავლესობისგან. მსმენია სტუდენტურ მოძრაობებზე. მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ მოძრაობებს “მწვანე მუშტი”, “პარტიზანი მებაღეები” აქვთ პერიოდული აქციები გარემოს დასუფთავებასთან დაკავშირებით.”

რაც შეეხება მასმედიას, თითოეულმა რესპონდენტმა ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. თუმცა, ისიც აღინიშნა საუბრის დროს, რომ ეს უკანასკნელი არ იყენებს თავის შესაძლებლობებს.

(თამარი) – “მასმედიის, როგორც მეოთხე ხელისუფლების როლი უზარმაზარია ხალხის ცნობიერების ამღლებაში, მაგრამ სამწუხაროდ მასმედიაში, ძირითადად ტელევიზიას ვგულისხმობ სერიალებს უფრო დიდი განაკვეთი უჭირავთ ვიდრე სხვადასხვა შემეცნებით გადაცემებს, საჭიროა ამ ყველაფრის გამოსწორება, ვინაიდან ისეთი ტელეარხი როგორიცაა მაგალითად „ბიბისი“ ამ კუთხით აქტიურად მუშაობს, ზოგადად მასმედია უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ამ სფეროში მომუშავეებმა უნდა გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა რაც მათ აკისრიათ.”

რესპონდენტთა აზრით, ადამიანის ცნობიერების ამაღლების მხრივ, განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მათივე აზრით, ადამიანმა პატარაობიდანვე უნდა ისწავლოს მშობლებისგან გარემოს დაცვა და მისი მნიშვნელობა. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია არაფორმალურ განათლებასთან ერთად ფორმალური განათლებაც, რაც გულისხმობს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას სკოლებსა და უნივერსიტეტებში. საინტერესოა ერთ-ერთი რესპონდენტის თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტებში კარგი იქნება თუ ჩატარდება სემესტრში ერთხელ მაინც სპეციალური ლექცია გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

(ოთო) – “ჩემი აზრით, ბავშვს თუ ბავშვობიდან, სკოლის ასაკიდან ჩაუნერგავ რომ გარემო არ უნდა დააბინძუროს ეს მას გაყვება მთელი ცხოვრების მანძილზე. სკოლებში, როგორც ვიცი ისწავლებოდა ესეთი საგანი ეკოლოგია გარკვეული წლების წინ, მაგრამ ახლა აღარ ისწავლება. ჩემი აზრით საჭირო საგანია. ასევე უნდა ჩატარდეს გარკვეული ღონისძიებები, საჯარო ლექციები, სადაც გარემოს დაცვის ექსპერტები ისაუბრებენ, თუ რატომ უნდა დავიცვათ გარემო.  ასევე მნიშვნელოვანია ოჯახში მიღებული განათლება, მშობლების დარიგება, მეგობრების და ნათესავების რჩევები გარემოს დაცვაზე.”

რესპონდენტებმა ასევე ისაუბრეს ნაჭრის პარკებზე, ბამბის პაკეტებსა და მათ სარგებლიანობაზე გარემოსთვის. ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ თითოეულ მათგანს აქვს ინფორმაცია მათ შესახებ და მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც მოითხოვს პოლიეთილენის პარკების ჩანაცვლებას რომელიმე მათგანით, განსაკუთრებით კი ნაჭრის პარკებზე გაკეთდა აქცენტი.

(ფაიგა) – “დიახ, მსმენია. ნაჭრის პარკები და ბამბის პაკეტები საკმაოდ ეფექტურია გარემოს დაცვის თვალსაზრისით, რადგან ისინი ჩაანაცვლებენ პოლიეთილენის პარკებს. ცნობილია, რომ პოლიეთილენის პარკის განადგურებას სჭირდება ასი ათასობით წელიწადი, შესაბამისად, ნაჭრის პარკები აუცილებელიც კია. სამწუხაროდ, საქართველოში იგი არ გამოიყენება ფართოდ. ქვეყნის უმეტესი მაღაზიები პოლიეთილენის პარკებს იყენებენ, ალბათ საკმაოდ რთულიც იქნება ნაჭრის პარკით მათი ჩანაცვლება.”

რესპონდენტებმა ასევე ისაუბრეს განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და აღნიშნეს მათი დადებითი მხარეებიც, თუმცა მათი დაყენება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

(თამარი) – “დიახ მსმენია, ძალიან კარგია, საქართველოში ალბათ ძირითადად მაინც მზის ენერგიის გამოყენება მოხდება. მინახავს ეგრეთწოდებული მზის ბატარიები, რომლებიც ძალიან ეკონომიურია, მაგრამ ამ რესურსების გამოყენება მაინც თანხებთანაა დაკავშირებული და ალბათ, საქართველო ჯერ არ არის მზად ამისათვის.”

(ფაიგა) – “დიახ, მსმენია. როგორც ვიცი განვითარებულ ქვეყნებში ისინი საკამოდ აქტიურად და ეფექტურად გამოიყენება. განვითარებად ქვეყნებში კი, მაგალითად, საქართველოში არ არის მათი გამოყენების სახსრები. მიუხედავად იმისა, რომ წყალი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, მაინც ვერ გამოიყენება ამ კუთხით.”

დასკვნა

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რესპონდენტებს აქვთ განსხვავებული ასოციაციები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. რესპონდენტთა აზრით, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ჰაერის, წყლის რესურსებისა და ნიადაგის დაბინძურება, ვინაიდან ეს სამი კომპონენტი ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დაბინძურებული გარემო პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებასთან. რესპონდენტები ნაკლებად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით ღონისძიებებში.  ძირითადად ეს ღონისძიებები შემოიფარგლება ეგრეთწოდებული შაბათობითა და ერთჯერადი კამპანიებით. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ცნობიერების ამაღლებას, განათლებას. იგი გულისხმობს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლას სკოლებსა და უნივერსიტეტებში. გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს რეკრეაციული ზონების შექმნას, როგორებიცაა პარკები, სკვერები, ბაღები, ნაკრძალები; მოიზიდოს ინვესტიციები და დააფინანსოს წყლის, ჰაერისა და მზის ენერგიის სპეციალური დანადგარების მშენებლობის პროექტები.

გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე და ჩვენს ჯანმრთელობაზე. გარემოს შენარჩუნება და სისუფთავე ყოველი ადამინის ინტერესებში უნდა შედიოდეს, ვინაიდან დაზიანებული გარემო ისეთივე ზიანს აყენებს ადამიანს, როგორსაც არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია სკოლებში სპეციალური საგნის სწავლება, რომელიც ბავშვების ინფორმირებულობას აამაღლებს. ასევე, მნიშვნელოვანია მასმედიის აქტიურად ჩართვა პრობლემის პრევენციის პროცესში, კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამებისა და რეკლამების შექმნა. საჭიროა სახელმწიფოს მიერ გარემოსდაცვითი პრობლემების წინ წამოწევა, ვინაიდან დღესდღეობით ის მეორეხარისხოვან პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფომ, ასევე, უნდა უზრუნველყოს არსებული კანონმდებლობის დახვეწა, საჭიროებისას ცვლილებების შეტანა, შემდგომ კი აუცილებლად, მისი მონიტორინგი.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Steffana JJ, Brevika EC, Burgess LC, Cerdà A. The effect of soil on human health: an overview. European Journal of Soil Science, 2018; 69: 159–171. Link, Google Scholar
  2. საქართველოს მთავრობა, 2012. საქართველოს გარემოს დაცვის მეორე ეროვნული პროგრამა: 2012-2016. დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2012 წ. 24 იანვრის #127 განკარგულებით. Link
  3. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, 2011. 2007-2009 წლების საქართველოს ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის შესახებ. დამტკიცებულია საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წ. 9 დეკემბრის #ი-54 ბრძანებით. Link
  4. Derek Walls, 2010. The No-Nonsense Guide to Green Politics, New Internationalist TM Publications Ltd. Link, Google Scholar
  5. Miller, G. Tyler (George Tyler), 2000. Living in the environment: principles, connections and solutions, Brooks/Cole Pubishing Company, A division of International Thomson Pubishing Inc. Link,  Google Scholar
  6. Huang H, Yore LD. A comparative study of Canadian and Taiwanese grade 5 children’s environmental behaviors, attitudes, concerns, emotional dispositions, and knowledge. International Journal of Science and Mathematics Education, 2003; 1(4): 449‐448. Link, Google Scholar
  7. Makki MH, Abd-El-Khalick F, Boujaoude S. Lebanese secondary school students’ environmental knowledge and attitude. Environmental Education Research, 2003; 9: 21-33. Link, Google Scholar
  8. Negev M, Sagy G, Garb Y, Salzberg A, Tal A. Evaluating the environmental literacy of Israeli elementary and high school students. The Journal of Environmental Education, 2008; 39(2): 3-20. Link, Google Scholar
  9. Alp, E., Ertepinar, H., Tekkaya, C., & Yilmaz, A. (2006). A study on children’s environmental knowledge and attitudes: The effect of grade level and gender. International Research in Geographical and Environmental Education, 15, 210-223. Link, Google Scholar

Leave a comment

Categories