Posted by: burusi | August 14, 2018

ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში

ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში

მარიკა გაჩეჩილაძე1, სალომე აბულაშვილი1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5(1)

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში ინკლუზიური განათლების მოდელის სრულყოფილად დანერგვის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირთა ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არ წარმოადგენს მარტივ პროცესს. მიუხედავად მდგომარეობის გამოსწორების აქტიური მცდელობისა, საზოგადოების ნაწილი მაინც არასაკმარის ინფორმაციას ფლობს ინკლუზიური განათლების მოდელთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ფიზიკურად არაადაპტირებული სკოლების დიდი რაოდენობა და შესაბამისი სასწავლო მასალების არარსებობა. ინკლუზიური განათლების მოდელის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი აკადემიური პერსონალისა და  მშობლების აქტიური ჩართვა სასკოლო პროცესში. კვლევის მიზანია იმ პრობლემებისა და ბარიერების იდენტიფიკაცია, რომლებიც აქვთ საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეებს. ამავდროულად, კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენს იმ ხელისშემშლელი ფაქტორების შესწავლა, რომელიც ხელს უშლის მოსწავლეს მიიღოს სრულფასოვანი განათლება თავის თანატოლთან ერთად. მეთოდოლოგია. კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა: სიღრმისეული ინტერვიუ, მეორეულ მონაცემთა ანალიზი. მიზანმიმართულად შეირჩა 8 რესპონდენტი: ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, მანდტურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი, სკოლის პედაგოგები, ტიპიური განვითარების მქონე მოსწავლის მშობლები და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელი. შედეგები. ინკლუზიური განათლების გარშემო არსებულ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინკლუზიური განათლების მხრივ ინფორმირებულობის დაბალი დონეა. მშობლები და მასწავლებლები ამ საკითხს ბოლომდე არ იცნობენ, არ ფლობენ სრულფასოვან ინფორმაციას მათი უფლებების და ვალდებულებების შესახებ, რის გამოც ხშირად მოქმედებენ არასწორად და ექმნებათ პრობლემები. მასწავლებლები და ზოგადად ამ სფეროში მომუშავე ადამიანები საჭიროებენ კვალიფიკაციის ამაღლებას. მეორე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებსა და  მასწავლებლებს  შორის დამოკიდებულება. ასევე იკვეთება დამოკიდებულების პრობლემა მშობლებსა და სსმ მოსწავლეებს შორის. ხშირად მშობლებს არ სურთ მათმა შვილმა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან ერთ კლასში  ისწავლოს.  რეკომენდაციები.  მიზანშეწონილია დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფისათვის. აუცილებელია ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შექმნა უნივერსალური დიზაინის შესაბამისად. დამხმარე სპეციალისტების დაფინანსების საკითხის გადახედვა. ინფორმაციის დონის ასამაღლებლად და ინკლუზიური პრინციპების გასაცნობად საჭიროა გრძელვადიანი და ეფექტური ტრენინგების ჩატარება. ასევე, მნიშვნელოვანია სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის და კომუნიკაციის გაუმჯობესება და სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა საგანმანათლებლო სისტემაში.

საკვანძო სიტყვები: ინკლუზიური საგანმანათლებლო მოდელი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  (სსსმ) მოსწავლე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ), ადაპტირებული გარემო.

ციტირება:  მარიკა გაჩეჩილაძე, სალომე აბულაშვილი. ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევა საქართველოს საჯარო სკოლებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

 Abstract

Introduction:  Today there are many hindering factors in Georgia, which cause problems in the educational system. One of the most important issue is an inclusive educational model. It is not easy to implement it perfectly in Georgian schools. Involvement of special education needs in general education institutions is not a simple process. Despite the active efforts to improve the situation, the public still lacks information about the inclusive education model. Additionally, a large number of physically unadulterated schools and the absence of appropriate educational materials is a particular problem. Active involvement of each person, especially academic staff and parents in the school process is important for establishing an inclusive education model. Increasing of their role will lead to reach new successes to establish this model in the system. It will help new generation to development their skills and the level of education. The research aim is to identify the problems and barriers that have student of special educational needs  in public schools. At the same time, we are interested in to research the hindering factors that prevent students from taking full-fledged education with their peers. Methodology: Methods of qualitative research used in the study, such as in-depth interviews, analysis of second data, observation and review of literature. We deliberately chose 8 respondents: inclusive education specialist, psychologist of psychological center on the basis of mandatory, school teachers, parents of typical development students and parent of a special educational need student. Results: The most important of the problems around inclusive education is the low level of awareness of inclusive education. According to the specialist, parents and teachers are not fully aware of this issue, they do not possess full information about their rights and obligations, which often do not work properly, so there are to many problems. Teachers and people in general in this field need to increase their qualifications. The second biggest obstacle is the attitude of students with special needs and teachers. There is also a problem of dependence p between parents and special needs students. Parents often do not want their children to learn in a class with a special needs pupil. Recommendations: Additional financial and human resource allocation for educational resources. It is necessary to create an adaptive physical environment in accordance with universal design. Review the issue of funding of supporting specialists. Long-term and effective trainings should be made to increase the level of information and to learn about inclusive principles. It is also important to improve cooperation and communication between the school and family and introduce the institute of social work in the educational system.

Keywords: inclusive educational model, a student with educational needs, person with disability, adopted environment.

Quote: Marika Gachechiladze, Salome Abulashvili. Research  of hindering factors in inclusive education in Georgian public schools. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1)

 

შესავალი

საქართველოს ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი ადამიანური კაპიტალია [1]. შესაბამისად, განათლება და მეცნიერება ქვეყნის განვითარების პრიორიტეტული სფეროებია, სახელმწიფოს წარმატება მათ ეფექტურობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამ სისტემამ უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული ღირებულებების მქონე მოქალაქეთა აღზრდა [1]. უკეთ რომ ვთქვათ, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის, რადგან მიიღო განათლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება. თანაბარი შესაძლებლობები ყველასათვის  გამორიცხავს დისკრიმინაციას, ეთნიკური, რელიგიური თუ რასობრივი კუთხით. წლების განმავლობაში აქტიურად იბრძოდნენ საყოველთაო, ინკლუზიური მოდელის დასანერგად მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემებში. ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების (სსსმ) ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად.  აღსანიშნავია, რომ 2004 წელს ქვეყნის განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ, ინკლუზიური განათლების დანერგვა/განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტად იქნა აღიარებული. თუმცა დღესდღეობით ნამდვილად ბევრი პრობლემა არსებობს საქართველოს სკოლებში ინკლუზიური განათლებასთან დაკავშირებით. კვლევების თანახმად ირკვევა, რომ სკოლების უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ არსებობს ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის (შშმ), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე  მოსწავლეებისთვის მოდიფიცირებული მასალები, პრობლემებია მუშაობის  და მართვის დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასთან. რეალურად საქართველოში ინკლუზიური ღირებულებების ჩამოყალიბების მხრივ, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

   გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა კონვენცია შესაძლებლობას აძლევს  მოსწავლეს მიიღოს სრულყოფილი განათლება თანატოლებთან ერთად თანასწორ პირობებში.სოციალური მოდელი გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას.დღეს ყველას აქვს უფლება მიიღოს განათლება.ინკლუზიური განათლება  ჯანსაღი საზოგადოების შენების საწინდარია.

ინკლუზიური განათლების მოდელმა საქართველოში განსაკუთრებული აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც, 2006 წლის ზოგადი განათლების შესახებ კანონით, სახელმწიფომ აღიარა შშმ პირთა უფლება, მიიღონ განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სხვა მოსწავლეებთან ერთად. შესაბამისად, არცერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას აღარ აქვს უფლება, უარი უთხრას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სკოლაში მიღებაზე [2].

კვლევის მიზანია პრობლემებისა და ბარიერების იდენტიფიკაცია, რომლებიც აქვთ საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეებს, სკოლის სრულფასოვან წევრად გახდომის ხელის შემშლელი ფაქტორების დადგენა.

კვლევის ამოცანებია:

  • სკოლის პერსონალის დამოკიდებულების შესწავლა სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მიმართ.
  • იმ პრობლემები და დაბრკოლებების იდენტიფიცირება, რომელსაც აწყდებიან შშმ მოსწავლეთა და სსსმ მოსწავლეთა მშობლები.

მეთოდოლოგია

კვლევაში გამოვიყენეთ თვისებრივი კვლევის ისეთი მეთოდები, როგორებიცაა:

  • სიღრმისეული ინტერვიუ
  • დაკვირვება
  • მეორეულ მონაცემთა ანალიზი
  • ლიტერატურის მიმოხილვა

კვლევისთვის მიზანმიმართულად შევარჩიეთ 8 რესპონდენტი. აქედან 1 ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, 1 მანდატურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი, 2 სკოლის პედაგოგი, 3 ტიპური განვითარების მქონე მოსწავლის მშობელი და 1 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელი.

დაკვირვება ჩატარდა ქალაქ თბილისის ორ საჯარო სკოლაში და რუსთავის ერთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კვლევის ეთიკის საკითხები

რესპონდენტებს გავაცანით კვლევის მიზანი და ამოცანები. საკითხის შესწავლის შემდეგ მათგან მივიღეთ ინფორმირებული თანხმობა. (ყველა რესპონდენტი არის სრულწლოვანი) კვლევაში კონფიდენციალობის დაცვის მიზნით მონაწილეების გვარები და სახელები არ არის გამოყენებული ან შეცვლილია.

ლიტერატურის მიმოხილვა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვები და ახალგაზრდები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მარგინალურ და ღარიბ ფენას წარმოადგენენ. იუნესკოს მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში შშმ ბავშვთა 98% კვლავ არ დადის სკოლაში და შშმ გოგონათა 99% წერა–კითხვის უცოდინარია [3]. მთელ მსოფლიოში ხშირია გამოცდილება, როდესაც შშმ ბავშვები და ახალგაზრდები ტოვებენ სკოლას და საბოლოოდ, რჩებიან დასაქმების და ეკონომიკის მიღმა. ახალგაზრდა შშმ ქალები და მამაკაცები, როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, უფრო მეტ დისკრიმინაციას და მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ და სამოქალაქო უთანასწორობას განიცდიან, ვიდრე მათი თანატოლები, რომელთაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა. მრავალ ქვეყანაში მცხოვრები შშმ ბავშისთვის და ახალგაზრდისთვის ასეთი გარიყვა, იზოლაცია, ისევე, როგორც განათლების მიღებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობის არ არსებობა ყოველდღიურ გამოცდილებას წარმოადგენს.

 საქართველოში არ არსებობს შშმ ბავშვების და ახალგაზრდების შესახებ ზუსტი სტატისტიკა. 2015 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 0-18 წლამდე ასაკის მხოლოდ 9,177 შშმ ბავშვი [3] აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრა ჯერ კიდევ სამედიცინო მოდელის მიხედვით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც არ ხდება განვითარებასთან დაკავშირებული შეფერხებების შეფასება და დიაგნოსტირება და შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭებაც; აღნიშნული განაპირობებს შშმ პირების არასანდო და არასრულ სტატისტიკას და აფერხებს შშმ პირების საჭიროებებისა და პოტენციალის გამოვლენას. შესაბამისად, ქვეყნის სოციალური და განათლების პოლიტიკაც და მომსახურებებიც ნაკლებად ეფუძნება ინდივიდუალურ საჭიროებებს. [3]

   1994 წელს სალამანკას დეკლარაციამ და 12 წელიწადში (2006 წელს) – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებათა კონვენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანთა განათლებისადმი დამოკიდებულება. სალამანკის დეკლარაციით სათავე დაედო ინკლუზიური განათლების მოდელის საყოველთაოდ აღიარების პროცესს. აღნიშნული მოდელის თანახმად, ყველა ადამიანი, განურჩევლად შესაძლებლობებისა და შეზღუდვებისა, განათლებას უნდა იღებდეს თანატოლებთან (უმრავლესობასთან) ერთად.

   გაერთიანებული ერების კონვენციამ ბავშვის უფლებების შესახებ შექმნა ახლებური აღქმა, რომლის მიხედვითაც ბავშვები სარგებლობენ თავიანთი უფლებებით, მათ გააჩნიათ ასაკის შე­საბამისი ვალდებულებები და არ წარმოადგენენ მხოლოდ მშობლების საკუთრებას ან კმაყოფა­ზე მყოფ უსუსურ, დაუცველ არსებებს. ბავშვის უფლებები მოიცავს ბავშვებისა და მოზარდების ცხოვრების ყველა ასპექტს, რომელთა დაყოფაც შესაძლებელია შემდეგ ძირითად კატეგორიებად:

  გადარჩენისათვის აუცილებელი უფლებები: სიცოცხლის უფლება და ძირითადი საჭიროებე­ბის დაკმაყოფილების უფლება (მაგალითად, ცხოვრების სათანადო პირობები, თავშესაფა­რი, კვება, სამედიცინო მომსახურება);განათლების უფლება საყოველთაო ხასიათისაა და განკუთვნილია იმისათვის, რომ მისით ისარგებლოს ყველამ, განურჩევლად შესაძლებლობებისა, რასისა, ეთნიკური წარმოშობისა, რე­ლიგიისა, სქესისა, ეროვნებისა, სექსუალური ორიენტაციისა, კლასისა ან სხვა რომელიმე ფაქ­ტორისა, რომელიც პიროვნების იდენტურობას განსაზღვრავს.საშუალო სკოლა ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. ესაა პერიოდი, როდესაც ბავშვი იქცევა მოზარდად, გადადის ზრდასრულობის ეტაპზე და როდესაც იგი იძენს იმ აუცილებელ უნარ-ჩვევებს, რომლებიც განსაზღვრავს ბავშვის მონაწილეობას შრო­მის ბაზარზე და მის წვლილს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში.

  გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ინფორმაციით, საშუალო სკოლაში ჩარიცხვის მთლიანი მაჩვენებელი 1999 წელს 79%-დან 2009 წელს 90,1%-მდე გაიზარდა და არ აღნიშნულა გენდერული უთანასწორობა [4].

  2013 წელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის, მათ შორის ინკლუზიური განათლების საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვანი წელი იყო. 2013 წლის 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) რატიფიცირების შესახებ.

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური განათლების დანერგვა ზოგადი განათლების საფეხურზე კონვენციის რატიფიცირებამდე ბევრად ადრე, 2006 წელს დაიწყო. შედეგად, საქართველოს მასშტაბით ინკლუზიურ განათლებაში 1000-ზე მეტი სკოლაა ჩართული, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა კი 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით 4,743-ს შეადგენს. სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევის (საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორთან პარტნიორობით) მიუხედავად, ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესში მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი, რათა გამოსწორდეს არსებული ხარვეზები და ხელი შეეწყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ დაკისრებული ვალდებულებების დროულად და ეფექტურად შესრულებას. აუცილებელია ინკლუზიური განათლების საკანონმდებლო ბაზის კონვენციასთან ჰარმონიზიაცია. მიუხედავად იმისა, რომ ორგანული კანონების დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება განათლებაზე საქართველოში აღიარებულია, ბარიერები არსებობს ამ უფლების რეალიზების კუთხით. ინკლუზიური განათლების საკანონმდებლო ჩარჩო არ ქმნის ბავშვისა და სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სტრუქტურიზებულ და მოქნილ სისტემას. [5]

  გავაანალიზეთ  კვლევა – „ინკლუზიური განათლების მაჩვენებელი საქართველოში“. [6] აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა საქართველოში ინკლუზიური განათლების რეფორმის შეფასებას. მოცემული კვლევა სწორედ წარმოადგენს საწყისი მონაცემების შეგროვების მცდელობას.

 მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი განათლების კანონის თანახმად ყველა ბავშვი უნდა უზრუნველყოფილი იყოს ზოგადი განათლების საცხოვრებელ სახლთან ახლომდებარე სკოლაში მიღებით, არ არსებობს სკოლების ფიზიკურ ადაპტაციასთან დაკავშირებით რაიმე კანონი ან ნორმატიული აქტი. აღნიშნული ამცირებს თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლებას. ასევე, არ არის განსაზღვრული საკლასო ოთახების ზომები და მათი ინდივიდუალური საჭიროებებისადმი მორგების შესაძლებლობა. შესაბამისად, პრაქტიკაშიც ვლინდება ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული შეზღუდვები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების მშობლები არჩევანს აკეთებენ იმ სკოლებზე, რომლებიც შესაბამისი რესურსებით მეტადაა უზრუნველყოფილი და არა საცხოვრებელ ადგილთან სიახლოვით. ნორმატიული დოკუმენტებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები უნდა სწავლობდნენ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით. აღნიშნული უნდა უზრუნველყოფდეს საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამის აკომოდაციას და ადაპტაციას. რეალურად, ადამიანური რესურსების (სპეციალური პედაგოგი, სკოლის ფსიქოლოგი) სიმწირის გამო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა მხოლოდ ნაწილისთვის არის შემუშავებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და მიმდინარეობს ამ გეგმის შესაბამისი სწავლება.

პრობლემას წარმოადგენს ადაპტური ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა საჯარო სკოლებში. ამ ეტაპზე მათი გამოყენება უზრუნველყოფილია მხოლოდ სპეციალური პროფილის სკოლებში. [6]

  გამოვიყენეთ „სენსიტიური ჯგუფის ბავშვთა სკოლაში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორთა კვლევა.“ [7]  პროექტი  დაიგეგმა და განხორციელდა იმ ფაქტორების დასადგენად, რომელიც ხელს უშლის განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვას და მათ თანატოლებთან ინტეგრაციას. კვლევის შედეგებმა შესაძლებელი გახადა პრობლემების იდენტიფიკაცია, რომელიც მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებს ექმნებათ საჯარო სკოლებში. გამოვლინდა მათი სკოლის სრულფასოვან წევრად გახდომისთვის ხელის შემშლელი ფაქტორები.

 მონაცემების მიხედვით სკოლის დღევანდელი შესაძლებლობების, ასევე სენსიტიური ჯგუფის ბავშვთათვის დამახასიათებელი პრობლემების გათვალისწინებით არსებობს ბარიერები მათი ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის, რომლებიც აიძულებენ ყველაზე მეტად გარიყულ ბავშვებსა და ახალგაზრდებს დარჩნენ სასკოლო პროცესის ანუ ფორმალური განათლების მიღმა. მათ შესამცირებლად აუცილებელია სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შემუშავება. რაც გულისხმობს სამიზნე ჯგუფებისთვის საგანმანათლებლო საჭიროებების შესაბამისი რეკომენდებული სერვისების მომზადებას. [7]

  აგრეთვე ვიხელმძღვანელეთ „ინდივიდუალური სასწავლო გეგმით- გზამკვლევი მასწავლებლებისთვის“, [8] რომელშიც დაწვრილებით არის განხილული რას გულისხმობს ინკლუზიური განათლება, როგორ ხდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის იდენტიფიკაცია და შეფასება; რა სირთულეებთან არის დაკავშირებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, განხორციელება და მონიტორინგი.

  გამოვიყენეთ „ინკლუზიური განათლებისადმი საზოგადოების განწყობა-დამოკიდებულებების კვლევის ანგარიში“ [9]. მოცემული ანგარიშის მიზანი არის ინკლუზიური განათლებისადმი საზოგადოების განწყობა-დამოკიდებულებების აღწერა. დოკუმენტში წარმოდგენილია მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ინფორმირებულობასა და ინკლუზიური განათლებისადმი მათ დამოკიდებულებებს. I, II, III და IV თავები მოიცავენ ჩატარებული ფოკუს-ჯგუფებისა და ჩაღრმავებული ინეტრვიუების შედეგების ანალიზს, რომლებიც ჩატარდა 2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში.

  მოცემულ დოკუმენტში, გარდა ინკლუზიური განათლებისადმი ზოგადი განწყობა – დამოკიდებულებებისა, წარმოდგენილია უარყოფითი და დადებითი ასპექტები, რომლებსაც მასწავლებლები, მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში – შშმ) ბავშვები და შშმ ბავშვების მშობლები ხედავენ ინკლუზიურ განათლებაში და, აგრეთვე, მათი ინკლუზიური განათლებისადმი განწყობის მიზეზები.

 დოკუმენტში, ასევე, განხილულია, თუ რა სახით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით. თითოეული საკვლევი ჯგუფის განწყობა-დამოკიდებულებები და ინფორმირებულობის ხარისხი ანგარიშში ცალკე თავებად არის წარმოდგენილი.

კვლევის შედეგები და მონაცემთა ანალიზი

   კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ინკლუზიური განათლების გარშემო არსებულ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი ინკლუზიური განათლების მხრივ ინფორმირებულობის დაბალი დონეა. სპეციალისტის თქმით მშობლები და მასწავლებლები ამ საკითხს ბოლომდე არ იცნობენ, არ ფლობენ სრულფასოვან ინფორმაციას მათი უფლებების და ვალდებულებების შესახებ , რის გამოც ხშირად მოქმედებენ არასწორად და ექმნებათ პრობლემები. მასწავლებლები და ზოგადად ამ სფეროში მომუშავე ადამიანები საჭიროებენ კვალიფიკაციის მეტად ამაღლებას. მეორე დიდ დაბრკოლებად ექსპერტი დამოკიდებულებას ასახელებს, როგორც თვითონ ტიპური და სპეციალური საჭიროების მოსწავლეებს მასწავლებლებს  შორის, ასევე მათი მშობლების. ხშირად ტიპური განვითარების მშობლებს არ სურთ მათმა შვილმა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან ერთ კლასში  ისწავლოს.“ძალიან ბევრ ადამიანს მიაჩნია,რომ შშმ პირების სწავლა სკოლაში თანატოლებთან ერთად არ არის სწორი და მათი აზრით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ცალკე სკოლებში უნდა სწავლობდნენ.“ -ამბობს მანდატურის ბაზაზე არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგი.

  სიღრმისეული ინტერვუებიდან იკვეთება  საქართველოში ზოგადად აქტუალური პრობლემა, დაბალ ხელფასებთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით  ჩნდება მასწავლებლების დამოკიდებულება , რომლებსაც მიაჩნიათ რომ  სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება, დამატებითი შრომაა და საჭიროებს დამატებით ანაზღაურებას. მსგავსი პრობლემები გამოიკვეთა ასევე რეგიონებში, მაგრამ ამ შემთხვევაში იქ არსებული სირთულეები უფრო მწვავეა, რადგან მასწავლებლებისთვის ძირითადად ხელმიუწვდომელია გადამზადების პროგრამები, რომელიც თბილისში ტარდება. „მასწავლებელთა სახლი არის თბილისში და მათი გადამზადების პროგრამებიც ამ წუთას  მხოლოდ თბილისში ტარდება“ – აღნიშნა ინკლუზიური განათლების ექსპერტმა.

 სპეციალისტთან საუბრისას გამოიკვეთა მასწავლებლის მიერ სპეც. პედაგოგის სტატუსის შეთავსება, დამატებითი ანაზღაურების გამო. აგრეთვე აქცენტი გამახვილდა, უმაღლესი განათლები დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელ ფაქტორებთან დაკავშირებით. მიუხედვად იმისა, რომ უნივერსიტეტი ვალდებულია იზრუნოს სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის საგანმანათლებლო პირობების შექმნაზე, რეალობა ბევრად განსხვავდება მოლოდინებისგან. ამ პრობლემის მიზეზად სპეციალისტი თვითონ განათლების სისტემას ასახელებს, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ შეძლო ეროვნული გამოცდების სისტემის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე ადაპტირება.

   კვლევის შედეგებიდან ვხედავთ რომ არა მარტო ინკლუზიური ფონის განვითარებისთვის, არამედ სკოლაში არსებული დაბრკოლებების დასაძლევად  აუცილებელია სოციალური მუშაკის, როგორც ინსტიტუტის სკოლაში დანერგვა და მისი როლის გაზრდა. ამასთან ერთად ცალსახაა სკოლაში საჭირო ინვენტარის და თანამშრომლების  ნაკლებობა: ბრაილის შრიფტი იქნება ეს თუ ჟესტური ენის თარჯიმანი.

  ინკლუზიურ განათლებაში დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ფსიქოლოგების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება.“მშობლების უმრავლესობა ფიქრობს, რომ  ფსიქოლოგთან მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები დადიან.  ისინი თავის შეხედულებებს აქტიურად ახვევენ თავს , როგორც მათ გარშემო მყოფ ადამიანებს ისე თავიანთ შვილებს. ამიტომ  ბავშვები პრობლემის არსებობის შემთხვევაშიც კი ცდილობენ თავი აარიდონ ფსიქოლოგთან საუბარს“. განაცხადა ქვემო ქართლის ფსიქოლოგიური ცენტრის ფსიქოლოგმა. ამ საკითხს კიდევ ერთხელ მივყავართ ინფორმირებულობის დაბალ დონესთან და ტრენინგების ჩატარების აუცილებლობასთან. ფსიქოლოგის თქმით , ის არსებული პრობლები , რომელსაც დღეს ვხედავთ გარკვეულ წილად არასრულია, რაც გამოწვეულია სკოლებში სსსმ მოსწავლეების წილის ნაკლებობით. ჩანს , რომ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ნახევარი მაინც რომ იღებდეს განათლებას საჯარო სკოლებში უფრო მეტი პრობლემა გამოაშკარავდებოდა.

  სამწუხაროდ , სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული სისტემა არ არსებობს. ამ დროისთვის მონიტორინგის სისტემა ამოწმებს  მხოლოდ ტექნიკური ნაწილს. ვერ ახერხებს გაეცნოს და აკონტროლოს ქვეყნის მაშტაბით ინკლუზიურ განათლებაში არსებული პრობლემები და მდგომარეობა. ამას იწვევს როგორც კადრებისა ისე ფინანსების ნაკლებობა. კვლევის პროცესში შესაძლებელი გახდა დაგვენახა  წლების განმავლობაში განვლილი პროგრესი ინკლუზიური განათლების მხრივ. მიუხედავდ იმისა, რომ ჯერჯერობით სისტემაში ბევრი ხარვეზია და აქცენტებიც გარკვეულ წილად არასწორად კეთდება, ქვეყანა ამ მხრივ მაინც სწორ გზას ადგას.

   დაკვირვების დროს გამოიკვეთა, მშობლების როლი ინკლუზიური განათლების პროცესში. ეს ეხება მათ წინააღმდეგობას ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასთან დაკავშირებით. უმეტესად მშობლებს არ სურთ საკუთარი შვილისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათი შვილის სტიგმატიზაციას გამოიწვევს. კონკრეტულად პირველ კლასში , მიუხედავად იმისა, რომ ისგ არ ჰქონდათ შედგენილი, რეალურად სსსმ მოსწავლედ ბევრი ითვლებოდა.სწორედ ამიტომ დიდი პრობლემა იკვეთება მშობლებთან დაკავშირებით, მათ არ სურთ თავიანთ ბავშვებს ისგ შეუდგინონ, არადა რეალურად კლასიდან 4 მოსწავლეს აქვს ქცევითი პრობლემა. მსგავსი შემთხვევები გვაფიქრებინებს, რომ მშობლების ინფორმირებულობის დონე ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ დაბალია.

  როგორც აღმოჩნდა, ქცევითი პრობლემები ბევრ ბავშვს აქვს და ამ მხრივ რთული სიტუაციაა დღესდღეობით. მაგალითად X ბავშვი სრულიად უეცრად იწყებს ყვირილს და ცდილობს ჩაშალოს საგაკვეთილო პროცესი,  აღენიშნება, გაღიზიანება და ცდილობს სხვებიც აიყოლიოს. სსსმ მოსწავლის მცდელობის მიუხედავად, მასწავლებელი მაქსიმალურად შეეცადა ხარისხიან, შედეგზე ორიენტირებული განათლების მიწოდებას და ფოკუსირებული იყო ინდივიდზე. მშობლების ინფორმირებულობის დაბალ დონეზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ X ბავშვის მამა თვლის, რომ  ფსიქოლოგთან სიარული ნორმალური არ არის და კატეგორიულად ცდილობს ხელი შეუშალოს კონსულტაციებს ცენტრში. განათლების სფეროში ჩართული სპეციალისტები მიუთითებენ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების კუთხით დიდი წინააღმდეგობები არსებობს. საზოგადოება, ამ შემთხვევაში მშობლები არ არიან მზად იყვნენ სოლიდარული თუნდაც ფსიქოლოგის ინსტიტუტის მიმართ.

  გაირკვა, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები დღემდე არსებობს სსსმ მოსწავლეების მიმართ. „ხშირად მიწევდა  ჩემი შვილის თანაკლასელების მშობლებთან კამათი. თავად გამოხატავდნენ აგრესიას და ვცდილობდი არ ავყოლოდი პროვოკაციას და კონფლიქტი არ შემექმნა -აცხადებს სსსმ მოსწავლის მშობელი, 28 წლის ეკა.

 ჩატარებული სიღრმისეული იტერვიუებიდან გამოიკვეთა, რომ სკოლის პერსონალისთვის, კერძოდ, პედაგოგებისთვის გადამზადების კუთხით მეტი სამუშაოა საჭირო და მეტი პრაქტიკა. ამას ადასტურებს თავად პედაგოგის შემდეგი სიტყვები : „ყველა ტრენინგი არ იძლევა სათანადო ინფორმაციას. საჭიროა უფრო მეტი პრაქტიკული ტრენინგი და შეხვედრა, რომელიც დაგვეხმარება უფრო მეტი გავიგოთ. კარგი იქნება უცხოური მიდგომები დავისწავლოთ და გამოვიყენოთ სწავლების პროცესში. რაც უფრო მეტი შეხვედრები გვექნება და მეტ ცოდნას გაგვიზიარებენ, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება სსსმ მოსწავლეებთან მუშაობისას“ . ასევე  პედაგოგების მხრიდანაც და მშობლების მხირდანაც ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ რთულია ერთდროულად ჩართო საგაკვეთილო პროცესში ტიპური განვითარების მქონე მოსწავლეებიც და სსსმ მოსწავლეებიც.

  ნათელი ხდება, რომ იზრდება მარგინალიზებული მოსწავლეების რაოდენობა და დამრიგებლის, მანდატურის, ფსიქოლოგის თუ სპეციალური მასწავლებლის გარდა, საჭიროა სოციალური მუშაკის ჩართვა ამ პროცესში. მისი ერთ-ერთი ფუნქცია იქნებოდა ინდივიდების, ოჯახების კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა საკითხებზე და მშობლებთან მუშაობა ბავშვის  სკოლასა და გარემოში ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის. ამ კონკრეტულ სიტუაციაში სოციალური მუშაკი უფრო ადრე მიაღწევდა შედეგს ინფორმაციის მიწოდების, სერვისების შეთავაზების და ტრენინგების ჩატარების თვალსაზრისით.

   მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები მაქსიმალურად ცდილობენ ერთნაირად ჩართონ ყველა მოსწავლე სწავლის პროცესში, მაინც გამოიკვეთა ინკლუზიური განათლების ხელისშემშლელი ფაქტორები. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საკმაოდ ხშირად მასწავლებლები, რომლებიც საკუთარი რესურსებით ვერ ჭრიან პრობლემებს კლასში, უკავშირდებიან სპეციალურ პედაგოგს და სთხოვენ, წაიყვანოს ბავშვი რესურს ოთახში, რაც ხელს უშლის ბავშვის ინტეგრაციას კლასში. მესამე კლასში, სადაც ორი სსსმ მოსწავლეა, ბავშვები ერთმანეთთან კარგად ეწყობოდნენ, თუმცა  თავისი მოთხოვნილებები ჰქონდათ, არ შეეძლოთ ერთ ადგილას გაჩერება, და ხშირად იყოლიებდნენ ტიპურ მოსწავლეებს.ყოფილა შემთხვევა, როცა შედარებით უკონტროლო გახდა სიტუაცია ან სსსმ მოსწავლეს დაეწყო სიცილის შეტევა, რომელიც ხშირად ახასიათებს მას. რეალურად კი მასწავლებელს მოუწია სპეც. პედაგოგის დახმარება და კლასიდან ბავშვების გაყვანა.

   რეალურად ამ კონკრეტული საჯარო სკოლის შემთხვევაში ინკლუზიური განათლების მაჩვენებლის დამაბრკოლებელ ფაქტორად ადაპტირებული მასალების არ ქონა და სკოლაში მხოლოდ ერთი ფსიქოლოგის არსებობაა, რომელიც ვერ შეძლებს ყველა ბავშვის სათანადოდ მომსახურებას.  სკოლის ფსიქოლოგი ერთბაშად ვერ მოემსახურება ყველა ბავშვს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაახლოებით 500 მოსწავლეა. აგრეთვე  სპეციალური განათლების პედაგოგის გარდა, სკოლას ესაჭიროება მეტყველების- ენის თერაპევტი, რადგან სულ მცირე ერთ-ერთ კლასში მოსწავლეს აქვს ამ სფეროსთან დაკავშირებული სიძნელეები. ლოგოპედი დაეხმარება მოსწავლეებს კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. იმუშავებს კლასთან ან ცალკეულ ბავშვებთან მეტყველების განვითარებაზე.

  მეოთხე კლასში დაკვირვებისას რადიკალურად განსხვავებული ქცევის მქონე ბავშვები აღმოჩნდნენ. Y მოსწავლეს, რომელსაც შედგენილი აქვს ისგ, მუდამ ეძინება და არ კონტაქტობს ბავშვებთან. თუმცა მასწავლებელი გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით ინტენსიურად უსვამდა კითხვებს. მეგობრული გარემო მას ეხმარება და არ ხდის იზოლირებულს სხვა ბავშვებისგან. ეს მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე პედაგოგი ცდილობს ყველა ჩართოს საგაკვეთილო პროცესებში, მიაწოდოს ხარისხიანი განათლება და შეიმუშავოს ინდივიდუალური მიდგომა მოსწავლეებთან. ამ ადამიანებს რა რესურსებიც გააჩნიათ, სანაცვლოდ ყველაფერს აკეთებენ. პრობლემა კი –  არ არსებული სერვისები, ნაკლები პერსონალი და სისტემის გაუმართაობაა, რაც საერთშორისიო დონეზე გადახედვას საჭიროებს.მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ მაღალ კლასებს, ვინაიდან დაწყებითების მასწავლებლები უფრო ლოიალურები და ნაკლებად მკაცრები არიან მოსწავლეების მიმართ. მაღალ კლასებში კი უფრო მატულობს დაპირისპირება, კონფლიქტი და დაძაბული სიტუაცია. შესაბამისად საჭიროა მედიაცია, რაც გულისხმობს  კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას, ორივე მხარესთან მუშაობით.

   მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პრობლემა არსებობს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით, ეს საერთოდაც არ გამორიცხავს დადებითი და ხელშემწყობი ფაქტორების არსებობას. პირველ რიგში, ზოგადი განათლების მასწავლებლების აქტიური მცდელობა კლასის პროცესებში  ჩართოს ყველა მოსწავლე და ეცადოს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, ნამდვილად ინკლუზიური განათლების მხარდამჭერად ჩაითვლება. გარდა ამისა, ტარდება სხვადასხვა აქტივობები, შემეცნებითი ხასიათის კონკურსები ან თუნდაც თამაშები, რომლებიც ხელს უწყობს მეგობრული გარემოს შექმნას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ეფექტური უნარ-ჩვევათა გაძლიერება-დასწავლას.

 აღსანიშნავია, რესურს-ოთახის არსებობა, რითიც შეუძლიათ ისარგებლონ შშმმ და სსსმ მოსწავლეებმა. კაბინეტი თანამედროვედ არის აღჭურვილი და ხელს უწყობს ინკლუზიური განათლების მიმდინარეობას. იქ არსებული რესურსები, მასალები და ზოგადად შექმნილი გარემო დაეხმარება სსსმ ან შშშმ მოსწავლეს დამატებითი ცოდნა და გამოცდილება შეიძინოს. თუმცა, სამწუხაროდ,  ადაპტირებული ტექნოლოგიების სიმცირე მაინც იგრძნობა საჯარო სკოლებში.

   დაკვირვებიდან ირკვევა, რომ ადაპტირებულ გარემოსთან დაკავშირებით სკოლაში დიდი პრობლემაა, რადგან არ არსებობს არანაირი პანდუსი და ხელისშემწყობი ფიზიკური სივრცე. სწორედ ამით აიხსნება, რომ სკოლას არ ჰყავს ეტლით მოსარგებლე მოსწავლე.

დასკვნა

გამოკითხული რესპონდეტების პასუხებიდან გამოიკვეთა ძირითადი ტენდენციები.  რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა ინფორმაციის სიმცირეა. ის მშობლები, რომლებიც წინააღმდეგნი არიან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენაზე, როცა ბავშვი ნამდვილად ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მასალებს, შეგვიძვლია ვთქვათ, რომ მას არ აქვს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია. ამ შემთხვევაში ყველა მშობელს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები, ლექციები ან შეხვედრები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, აუცილებელიაა იცოდნენ რას ნიშნავს ინკლუზიური განათლება და რა პრინციპებზეა დაფუძნებული.

   გამოიკვეთა სპეციალურ პედაგოგთა კადრების არასათანადო რაოდენობის პრობლემა.ზოგიერთ სპეციალურ მასწავლებელს სსსმ და შშმ მოსწავლეების დიდ რაოდენობასთან უწევს მუშაობა, რაც მათ მუშაობას არაპროდუქტიულს ხდის. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ზოგიერთ მოსწავლესთან საერთოდ არ მუშაობს სპეციალური პედაგოგი, რაც სტიგმის გაღრმავებას უწყობს ხელს.

 ადამიანურ რესურსებთან ერთად, დიდი პრობლემაა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობა. პედაგოგებს არ აქვთ საკმარისი დამატებითი სახელმძღვანელოები და სსსმ მოსწავლეებთან სამუშაოდ. ასევე, მწირია სტანდარტული ბეჭდური წიგნების ალტერნატიული მასალა- აუდიო წიგნები, ბრაილის შრიფტით დაწერილი ლიტერატურა და ა.შ. შესაბამისად, პედაგოგებს უჭირთ მოერგონ სხვადასხვა შეზღუდვის მქონე შშმ პირების საჭიროებებს.

  განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს სკოლების ინფრასტრუქტურა.  უმეტეს შემთხვევაში, შენობები არ არის ადაპტირებული შშმ პირების  საჭიროებების მიხედვით, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ სასწავლო პროცესში ჩართვას. განსაკუთრებით ზარალდებიან ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები, რადგან ისინი სკოლის გარემოში ვერ გადაადგილდებიან. ეს სიტუაცია პრობლემას წარმოადგენს სკოლებისთვისაც, რადგან, ერთი მხრივ, მათ არ შეუძლიათ უარი უთხრან შშმ პირს სკოლაში მიღებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არ აქვთ შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო. არსებული მდგომარეობა ინკლუზიური  განათლების მიმდინარეობას აფერხებს და ბარიერს უქმნის მოსწავლეს მიიღოს განათლება სასურველ სკოლაში.

  ადაპტირებული გარემო ხელსშეუწყობდა ინკლუზიურ- ყველასათვის ხელმისაწვდომ განათლებას. სალამანკას დეკლარაციაც ამას ითვალისწინებს, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს ბავშვებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესში, რათა მოხდეს მისი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება. შესაბამისად უნდა გავითვალისწინოთ, რომ გარე ფაქტორების ცვლილება მიზნად უნდა ისახავდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭირობების დაკმაყოფილებას და იგი ასევე სასარგებლო უნდა იყოს საზოგადოების ყველა სხვა წევრისათვის.

რეკომენდაციები

  • პირველ რიგში, საჭიროა დამატებითი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფისათვის. აუცილებელია ადაპტირებული ფიზიკური გარემოს შექმნა უნივერსალური დიზაინის შესაბამისად.
  • მნიშვნელოვანია, დამხმარე სპეციალისტების დაფინანსების საკითხის გადახედვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჭიროა სკოლის უზრუნველყოფა მეტყველების თერაპევტით, სანიტრით, რამდენიმე ფსიქოლოგით, სოციალური მუშაკით და სხვა სპეციალისტებით.
  • ინფორმაციის დონის ასამაღლებლად და ინკლუზიური პრინციპების გასაცნობად უნდა ჩატარდეს ტრენინგები.ინფორმაციის მიწოდება არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის , არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებების მთელი პერსონალისთვის და უშუალოდ მოსწავლეებისთვის უნდა იყოს შესაძლებელი.
  • წარმატების მისაღწევად, აუცილებელია სკოლასა და ოჯახს შორის თანამშრომლობის და კომუნიკაციის გაუმჯობესება. სხვადსხვა კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობა.
  • რაც მთავარია, სკოლაში გამოკვეთილ სიძნელეებთან ბრძოლის ერთ-ერთ საუკეთესო გზა სკოლაში სოციალური მუშაობის განვითარებაა. დასაწყისისთვის, სკოლას შეუძლია აქტიურად გამოიყენოს იმ მოხალისე სტუდენტების რესურსიც, რომლებიც ამ პროფილით იღებენ უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვერულავა თ. ადამიანის ჯანმრთელობა – ეკონომიკური ზრდის საფუძველი (საქართველოს მაგალითზე). I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ შრომათა კრებული. თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016; 224-229 Link Google Scholar
  2. გელაძე ნ, ლიქოკელი თ, ჭყოიძე ა, ვერულავა თ. შშმ ბავშვების სოციალური ინტეგრაციის პრობლემა საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2017; (3):98-102. Link, Google Scholar
  3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების ფორმალური განათლების სისტემაში ჩართვისა და განათლების საბაზო საფეხურის დამთავრების ბარიერებისა და მხარდამჭერი ფაქტორების კვლევა საქართველოში. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია. თბილისი, 2015. Link
  4. სოფერი რ, პეტრიაშვილი ი, ჭიაბრიშვილი ნ. ბავშვთა უფლებები განათლებაში და განათლებისათვის. წყარო. 2015. Link
  5. ჭანტურია რ, გორგოძე ს, ჩხაიძე თ. ინკლუზიური განათლების პრაქტიკა. სამოქალაქო განათლების ინსტიტუტი, 2016. Link
  6. ჭინჭარაული თ, ჯავახიშვილი ნ. ინკლუზიური განათლების მაჩვენებლები საქართველოში, კვლევის ანგარიში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2013. Link
  7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო. სენსიტიური ჯგუფის ბავშვთა სკოლაში ინტეგრაციის ხელისშემშლელ ფაქტორთა კვლევა. Link
  8. ბაგრატიონ-გრუზინსკი მ, კვაჭაძე ჟ, ლორთქიფანიძე რ, გაჩეჩილაძე ნ. სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში (გზამკვლევი მასწავლებლებისთვის). გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) და ვორლდ ვიჟენ საქართველო. 2015. Link
  9. ინკლუზიური განათლებისადმი საზოგადოების განწყობა-დამოკიდებულებების კვლევის ანგარიში. 2007. Link

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: