Posted by: burusi | August 5, 2018

ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის

ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის

თენგიზ ვერულავა1

1მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, ჯანდაცვის და დაზღვევის ინსტიტუტი, ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1)

Download PDF

 

აბსტრაქტი

შესავალი: ხანდაზმულები ჯანმრთელობის თვალსაზრისით განეკუთვნება ერთ-ერთ მაღალრისკიან ჯგუფს. საქართველოში პენსიონერები მოცულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, ხოლო სოციალურად დაუცველი ქრონიკული ავადმყოფებისათვის დამატებით მოქმედებს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. კვლევა მიზანია ხანდაზმულთათვის მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის შეფასება. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა 700 პენსიონერის გამოკითხვა სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. შედეგები: რესპოდენტთა უმრავლესობა ქალია (56,4%), საშუალო ასაკი შეადგენს 68 წელს. უმრავლესობა მედიკამენტების მომხმარებელია, რომელთაგან 54% ერთდროულად იყენებს სამზე მეტ მედიკამენტს. ყველაზე ხშირად იყენებენ გულსისხლძარღვთა სისტემის მედიკამენტებს (66%). უმრავლესობა მედიკამენტებს იძენს ოჯახის ექიმთან მიმართვის გარეშე (57%) და ეწევა თვითმკურნალობას (37%). საშუალო თვიური შემოსავალი 220 ლარია, რომლისგან 76%-თვის შემოსავლის მთავარი წყარო სახელმწიფო პენსიაა. რესპოდენტთა მეტი წილი (39%) თვეში ხარჯავს 51-75 ლარის მედიკამენტს. მედიკამენტებზე საშუალო ხარჯი შეადგენს 72 ლარს, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 33%-ია. რესპოდენტთა 27% ჯიბიდან არაფერს იხდიან მედიკამენტებზე, რადგან ისინი ჩართულნი არიან სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში. რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები ისევ მაღალია. პენსიონერთა 29% თვეში ჯიბიდან იხდის 51-75 ლარს. მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული საშუალო ხარჯი შეადგენს 56 ლარს, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 25%-ია. გამოკითხულთა საკმაო ნაწილმა მთავარ პრობლემად მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები დაასახელა (26%). თითქმის მესამედმა (31%) სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, ხოლო 15%-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეძლო მისი შეძენა. უმეტესობამ (64%) არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ანაზღაურებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული კატეგორიის პენსიონერებს. დისკუსია: ხანდაზმულთა მიერ მედიკამენტების შეძენა ოჯახის ექიმის გარეშე აჩვენებს მათ არარაციონალურ არჩევანს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის დროს. 2017 წელს ამოქმედებულმა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ გარკვეულწილად შეამსუბუქა ხანდაზმულების, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობა. თუმცა, რესპოდენტები უმთავრეს პრობლემად გამოყოფენ მედიკამენტების შეძენას. დაბალია დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, მედიკამენტებზე დანახარჯები მძიმე ტვირთად აწვება იმ ხანდაზმულთა შემოსავლებს, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველნი. მიზანშეწონილია, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ, სოციალურად დაუცველების გარდა, მოიცვას საპენსიო ასაკის ქრონიკული ავადმყოფებიც, რადგან პროგრამით მოუცველ პენსიონერთათვის მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები, არაიშვიათად შესაძლოა კატასტროფული და შესაბამისად მათი გაღატაკების მიზეზი აღმოჩნდეს.

საკვანძო სიტყვები ხანდაზმულები, პერსონალური შემოსავლები, მედიკამენტებზე დანახარჯები, მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა.

ციტირება: თენგიზ ვერულავა. ამბულატორიული მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობა ხანდაზმულთათვის. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2019; 5 (1).

Abstract

Objectives. Pension age population belong to the largest risk group within insurance sphere. Healthcare for pensioners often represents catastrophic expenses and has become the major reason for their impoverishment. This paper examines financial access to medicines for pension age population.

Methodology. Using a randomized selection method, 700 pension age persons were interviewed by means of direct questioning.

Results: Reduction of catastrophic healthcare expenses should become the chief aim of the government health policy. It applies to the high risk population, those under poverty line and pension age population, as well as those with chronic diseases. Accordingly, based on the findings, it is reasonable to expand the universal health care program for the pension population and also provide more reasonable coverage of medication expenses.

Keywords: Georgia; Catastrophic out-of-pocket payments; Financial access to healthcare; Pension age population.

Quote: Tengiz Verulava. Access to Medicines of Pension Age Population in Georgia. Health Policy, Economics and Sociology 2019; 5 (1)

____________________________________________________________________________________________

შესავალი

საქართველოში, ისევე როგორც ბევრ ქვეყნებში შეინიშნება მოსახლეობის დაბერება, ანუ მოსახლეობაში ხანდაზმული ასაკის პირების წილის ზრდა. 1989 წელს ხანდაზმულთა – 65 წლისა და უფროსი ასაკის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში შეადგენდა 8,8 პროცენტს, ხოლო 2014 წელს – 14,3 პროცენტს (1). გაეროს პროგნოზის თანახმად, 65 წლისა და უფროსი ასაკის პირების წილი მთლიან მოსახლეობაში მიაღწევს 18,9 პროცენტს 2030 წელს და ეს მაჩვენებელი 25,3 პროცენტამდე გაიზრდება 2050 წლისათვის (2).

მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, საქართველოში სულ უფრო მკვიდრდება დასავლური ცხოვრების სტილი. ამ ცვლილებების შედეგად, წლიდან წლამდე იზრდება იმ ხანდაზმულთა წილი, რომლებიც ცხოვრობენ მარტო ან მხოლოდ მეუღლესთან ერთად. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის 32.9% ცხოვრობს დამოუკიდებლად: ან მეუღლესთან ერთად (16,6%) ან მარტო (16,3%). იგივე ასაკის მოსახლეობის 35,6% მეუღლის გარეშე ცხოვრობს, კერძოდ, ეს კატეგორია ან არასდროს ყოფილა ქორწინებაში, ან, ხშირ შემთხვევაში ქვრივია და ცხოვრობს 65 წლამდე ასაკის ოჯახის წევრებთან – უმეტეს შემთხვევაში, შვილებთან ერთად. დარჩენილი 31,5% ძირითადად, არიან ხანდაზმული წყვილები, რომლებიც ცხოვრობენ მათზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან ერთად (2). კვლევები ადასტურებენ, რომ საცხოვრებელი პირობები, კერძოდ მარტო ცხოვრება, ხელს უწყობს ჯანმრთელობის დაბალ თვითშეფასებას და შეზღუდული შესაძლებლობებისა და დეპრესიის მაღალ დონეს ხანდაზმულ ქრონიკულ ავადმყოფებში (3-7).

ხანდაზმულებში მედიკამენტების მოხმარების ზრდა იწვევს ჯანდაცვის ხარჯების ზრდას [8-10]. ხანდაზმულები, განსაკუთრებით მარტოხელები არიან სოციალური იზოლირების მაღალი რისკის ქვეშ [11]. ამასთან საქართველოს, როგორც დაბალშემოსავლიან ქვეყანას არ გააჩნია სათანადო სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, როგორიცაა ხანდაზმულთა პენსია. აღნიშნული განაპირობებს ხანდაზმულთა სიღარიბეს [12].

კვლევების მიხედვით, ხანდაზმული მოსახლეობის 84,2 პროცენტისთვის პენსია შემოსავლის ძირითად წყაროა (2). ხანდაზმულებს უფრო ხშირად აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ქრონიკული დაავადებები და დაავადებები, რომლებიც იწვევენ შესაძლებლობების შეზღუდვას და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას [13]. დაბერების შედეგად სუსტდება იმუნური სისტემა, ქვეითდება ორგანიზმის თვითაღდგენის უნარი და იზრდება სხვადასხვა დაავადებების განვითარების საფრთხე. ხანდაზმული ასაკის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად იზრდება მათ ჯანდაცვაზე და ხანგრძლივ ზრუნვაზე გასაწევი ხარჯები [14].

2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა. საპენსიო ასაკის პირები სარგებლობენ პროგრამით გათვალისწინებული სრული მომსახურებით (15). პროგრამით გათვალისწინებულია როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული გეგმიური და გადაუდებელი სერვისები (15).

საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის 2017 წლის კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობა (16). 2015-2017 წლებში იმ შინამეურნეობების პროცენტული წილი, რომლებსაც ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ, 43.1%-დან 22.3%-მდე შემცირდა.

2015 წლის კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევის (17) თანახმად, პენსიონერთა ორი მესამედისთვის (65 პროცენტი) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სამედიცინო ხარჯების დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენს. დარჩენილი ერთი მესამედისთვის, სამედიცინო ხარჯები ძირითად შინამეურნეობის ბიუჯეტიდან ან მეგობრებისა და ნათესავებისაგან მიღებული დახმარებით იფარება. ექიმთან უკანასკნელი ვიზიტის დროს სამედიცინო კონსულტაციებზე ხანდაზმულების მიერ გაღებული თანხა (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ დაფარული ხარჯების მიღმა) საშუალოდ 25 ლარს შეადგენს.

2017 წლის ივლისიდან ამოქმედდა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა. პროგრამით სარგებლობა შეუძლია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დარეგისტრირებული ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს, რომლის სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება და აქვს შემდეგი ტიპის დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, დიაბეტი (ტიპი 2), ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებები (18). პროგრამა ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას. თუმცა, პროგრამა ვრცელდება მხოლოდ იმ პენსიონერებზე, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სასურველი იქნებოდა, პროგრამას მოეცვა არამარტო სოციალურად დაუცველები, არამედ საპენსიო ასაკის ქრონიკული ავადმყოფები, რადგან პროგრამით მოუცველ პენსიონერთათვის სამკურნალო მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები, არაიშვიათად შესაძლოა კატასტროფული და შესაბამისად მათი გაღატაკების მიზეზი აღმოჩნდეს.

სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯები ფინანსურად კატასტროფული ხდება როდესაც იგი საფრთხეს უქმნის ოჯახს შეინარჩუნოს ჩვეულებრივი ცხოვრების დონე (19) და აღემატება მის გადამხდელუნარიანობას. ოჯახის შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება ის ბარიერი, რომლითაც მის მიერ ჯიბიდან დანახარჯები განაპირობებს ფინანსურად კატასტროფულ ხარჯებს (19). მაგალითად, ხარჯები ფინანსურად კატასტროფული შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდის ხარჯები აღემატება ოჯახის საშუალო წლიური შემოსავლის 15%-ს (20). სხვა კვლევების მიხედვით, ჯანდაცვის ხარჯები „კატასტროფულად“ მიიჩნევა, თუ იგი შინამეურნეობის ხარჯების 10 პროცენტზე მეტს ან შინამეურნეობის არასასურსართო ხარჯების 25 პროცენტზე მეტს შეადგენს (16). ჯანდაცვაზე კატასტროფული ხარჯების შესაფასებლად სხვადასხვა მკვლევარები სხვადასახვა ზღვარს იყენებენ, რომელიც მერყეობს ოჯახის საშუალო წლიური შემოსავლის 5 პროცენტიდან 20 პროცენტამდე (21).

საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის 2017 წლის კვლევის მიხედვით (16), ზოგიერთი შინამეურნეობის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები კატასტროფულად მაღალია. აღნიშნულმა ხარჯებმა მთლიანი ხარჯის 10 პროცენტზე მეტი შეადგინა შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 34.2%-ისთვის – რაც 2015 წლის მაჩვენებელს (29.8%) აღემატება. გარდა ამისა, შინამეურნეობების 26.4%-ისთვის, ჯანდაცვის ხარჯებმა არასასურსათო ხარჯის 25%-ზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემს (25.1%) აღემატება. აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ მიზეზად მედიკამენტების ღირებულება სახელდება. შინამეურნეობების დაახლოებით 27.8%-მა (2015 წ. – 26.4%) აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო. მედიკამენტებზე გაწეული ხარჯების საშუალო მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა ხარჯების სხვადასხვა კვინტილში (16).

ამ მხრივ რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან საპენსიო ასაკის ბენეფიციარები, რომლებშიც თავიანთი ასაკის გამო უფრო ხშირია ავადობა და განეკუთვნებიან ერთ-ერთ მაღალრისკიან ჯგუფს [22]. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყნებში მოსახლეობის ამ ნაწილის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის მედიკამენტებით უზრუნველყოფას სახელმწიფო ფარავს.

საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების ყველაზე მზარდი და დიდი წილი მედიკამენტებზე მოდის [23]. სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევებით დასტურდება, რომ საქართველოში პაციენტები მედიკამენტებზე საშუალოდ ორჯერ მეტს ხარჯავენ,  ვიდრე ევროპაში. კვლევები ადასტურებენ, რომ შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის (16), რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. ევროპის ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი საშუალოდ 16-17%-ის ფარგლებში მერყეობს (24). ამის მიზეზებია: არარაციონალური ფარმაკოთერაპია, გენერიკული მედიკამენტების ნაკლებად გამოყენება და დანიშვნა, რეცეპტურის მექანიზმების ნაკლოვანება ან არასაკმარისი გამოყენება, პაციენტთა მიერ თვითმკურნალობა, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში მედიკამენტების არასაკმარისი ფინანსური ლიმიტი, აგრეთვე ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან აგრესიული მარკეტინგი (24).

თუ გავითვალისწინებთ, რომ სამედიცინო მომსახურების მომხმარებელი უმეტესად საპენსიო ასაკისაა, ადვილი წარმოსადგენია ჯანდაცვის სერვისებზე და განსაკუთრებით მედიკამენტებზე მათი ფინანსური ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები [25-26].

კვლევა მიზნად ისახავდა საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის შეფასებას.

მეთოდოლოგია

რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მიზნობრივ ჯგუფად განისაზღვრა  საპენსიო ასაკის მოსახლეობა. იმის გამო, რომ კვლევა ტარდებოდა შეზღუდულ დროში, კვლევის არეალს წარმოადგენდა ქ. თბილისში მცხოვრები საპენსიო ასაკის ბენეფიციარები, რომლებიც სარგებლობენ ლიბერთი ბანკის ერთი კონკრეტული სერვის ცენტრის მომსახურებით. ბენეფიციართა შერჩევის მეთოდად გამოყენებულ იქნა მარტივი შერჩევის მეთოდი. შეირჩა 700 ბენეფიციარი.

კვლევაში გამოყენებული იქნა პირისპირ ინტერვიუირების მეთოდი. ინტერვიუ ჩატარდა სპეციალური სტრუქტურირებული კითხვარების მეშვეობით. კვლევა ჩატარდა 2018 წლის თებერვალი-ივნისის პერიოდში. ბენეფიციართა ინტერვიუს ხანგრძლივობა იყო დაახლოებით 30-45 წთ.

შედეგები

გამოკითხული 700 ხანდაზმული რესპონდენტიდან 56,4% ქალი იყო (395) და 43,5 % (305) კაცი. გამოკითხულ ხანდაზმულთა ასაკი მერყეობდა 60 წლიდან 80 წლამდე, რომელთა საშუალო ასაკი შეადგენდა 68 წელს (SD=5.2). რესპოდენტთა უმეტესი რაოდენობა 66-დან 70 წლის ასაკისაა (36,3%).

როგორც ცხრილშია ნაჩვენები, გამოკითხულთა შორის ქვრივები სჭარბობს (50%). რესპოდენტთა 16% ცხოვრობს დამოუკიდებლად: ან მეუღლესთან ერთად, ხოლო რესპოდენტთა 17% – მარტო. რესპოდენტთა 36% ცხოვრობს ერთ ან მეტ 60 წლამდე ასაკის ოჯახის წევრებთან – უმეტეს შემთხვევაში, შვილებთან ერთად, მეუღლის გარეშე. რესპოდენტთა 31% არიან ხანდაზმულები, რომლებიც ცხოვრობენ მათზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებთან ერთად. გამოკითხულთა უმრავლესობის შინამეურნეობის თვიური შემოსავალი 500-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს (287 პირი, 41%). იმის გათვალისწინებით, რომ რესპოდენტთა უმრავლესობისათვის (76%) შემოსავლის მთავარი წყარო პენსიაა, პერსონალური შემოსავალი შეადგენს 200 ლარზე ნაკლებს, ხოლო საშუალო შემოსავალი – 220 ლარს. 78% და 75 წელზე მეტი ასაკის 92%. რესპოდენტთა 20% (140) ერთდროულად იყენებს ხუთზე მეტ მედიკამენტს, ხოლო 34% (238) – სამიდან ხუთ მედიკამენტს. საშუალოდ თითოეული პირის მიერ გამოყენებული მედიკამენტების რაოდენობა შეადგენდა 3.1 (SD = 2.3) (ცხრილი 2). ხანდაზმულები ყველაზე ხშირად იყენებენ გულსისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებებს (66%).

კითხვაზე, ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში რა ქმედებებს განახორციელებენ, რესპოდენტთა უმრავლესობამ უპასუხა, რომ ისინი მედიკამენტებს შეიძენენ აფთიაქში რეცეპტის გარეშე (57%), ასევე მაღალია იმ რესპოდენტთა წილი ვინც ეწევა თვითმკურნალობას (37%). თუმცა, ექიმთან კონსულტაცია აღნიშნა რესპოდენტთა საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმა (46%).

რესპოდენტთა მეტი წილი (39%) თვეში ხარჯავს 51-75 ლარის მედიკამენტს. მედიკამენტებზე საშუალო ხარჯი შეადგენს 72 ± 13, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 33%-ია. რესპოდენტთა 27% ჯიბიდან არაფერს იხდიან მედიკამენტებზე, რადგან ისინი ჩართულნი არიან სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში. რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯები ისევ მაღალია. პენსიონერთა 29% თვეში ჯიბიდან იხდის 51-75 ლარს, ხოლო 16% – 76-100 ლარს. მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული საშუალო ხარჯი შეადგენს 56 ± 11, რაც პენსიონერის პერსონალური შემოსავლის 25%-ია.

ცხრილი 1. რესპოდენტების მონაცემები

Picture1

*მრავალი არჩევანის კითხვა

გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა ოჯახში არსებულ მთავარ პრობლემად დაბალი პენსია (28%) დაასახელა, შემდეგ მოდის მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები (26%). რესპოდენტთა თითქმის მესამედი (31%) აღნიშნავს, რომ სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, ხოლო გამოკითხულთა 15%-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეძლო მისი შეძენა. პენსიონერთა 54% შეძლო დანიშნული მედიკამენტის სრულად შეძენა.

ცხრილი 2. რესპოდენტები და მედიკამენტები

Picture2

შესწავლილ იქნა პენსიონერთა ინფორმირებულობის დონე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. რესპოდენტთა პასუხებმა გვაჩვენა, რომ ამ მხრივ ხანდაზმულთა ინფორმირებულობის დონე დაბალია. გამოკითხულ პენსიონერთა უმეტესობამ (64%) არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ანაზღაურებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული კატეგორიის პენსიონერებს. აღნიშნულის შესახებ რესპოდენტთა მხოლოდ 36%-ს ჰქონდა ინფორმაცია.

დისკუსია

კვლევის შედეგებით გამოკითხულთა შორის ქვრივების სიჭარბე აჩვენებს ოჯახური კავშირების და ურთიერთობების ცვლილებებს ხანდაზმულობის ასაკში. კერძოდ, ამ ასაკში ხდება პარტნიორული ურთიერთობების შეწყვეტა ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების გამო. შედეგად, ხანდაზმულები მოკლებული არიან მეუღლეების პრაქტიკულ და ემოციურ თანადგომას. მეუღლის გარდაცვალება ასევე ნიშნავს ორიდან ერთი პენსიის დაკარგვას, რაც შინამეურნეობის დონეზე აღარ იძლევა მასშტაბის ეკონომიის მიღწევის საშუალებას. შედეგად, დაქვრივება აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას. ხანდაზმულები სოციალური იზოლაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის საფრთხის წინაშე დგანან.

ჩატარებული კვლევის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ ხანდაზმულთათვის მედიკამენტები ჯანდაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია. მედიკამენტების მომხმარებელ ხანდაზმულთა რაოდენობა 78-92%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მცირედ აღემატება საერთაშორისო კვლევებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს (27).

კვლევით დადგინდა პოლიფარმაცია, ანუ პაციენტი იღებს იმაზე მეტ წამლებს, ვიდრე კლინიკურად ნაჩვენებია ავადმყოფის მდგომარეობისათვის. რესპოდენტთა 54% ერთდროულად იყენებს სამზე მეტ მედიკამენტს (20% – ხუთზე მეტს, ხოლო 34% – 3-5-ს).

რესპოდენტთა უმრავლესობა (57%) ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში ექიმის ნაცვლად მიმართავს აფთიაქს, სადაც ყიდულობს მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე. სხვა კვლევებით რეცეპტის გარეშე მედიკამენტების ყიდვა შეადგენს 37%-ს (28). ასევე, მაღალია იმ რესპოდენტთა წილი ვინც ეწევა თვითმკურნალობას. აღნიშნული აჩვენებს ხანდაზმულთა არარაციონალურ არჩევანს საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემის დროს. ამ მხრივ, აფთიაქი და თვითმკურნალობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამედიცინო მომსახურების არაფორმალურ ქსელში. იგივე შედეგები დაფიქსირდა სხვა საერთაშორისო კვლევებში (26). მიუხედავად ამისა, რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მედიკამენტების მიღების მთავარი წყარო ექიმია (46%).

რესპოდენტთა შინამეურნეობის საშუალო თვიური შემოსავალი 500-1000 ლარის ფარგლებში მერყეობს (41%), რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დადგენილი ერთ შინამეურნეობაზე საშუალო თვიურ შემოსავალს (1110.7 ლარი) ჩამორჩება. პენსიონერები საშუალოდ საკუთარი შემოსავლის 33%-ს ხარჯავენ მედიკამენტებზე. მიუხედავად ამისა, კვლევა აჩვენებს, რომ ხანდაზმულთა უმრავლესობა (54%) ახერხებს შეიძინოს მათთვის საჭირო მედიკამენტები. თუმცა, რესპოდენტები ოჯახის უმთავრეს პრობლემად გამოყოფენ მედიკამენტების შეძენას (26%). რესპოდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის მედიკამენტებზე ჯიბიდან დახარჯული თანხა 50 ლარს აღემატება, ხოლო საშუალო თვიური დანახარჯი საკუთარი პერსონალური შემოსავლის 25%-ია. რესპოდენტთა თითქმის მესამედი (31%) აღნიშნავს, რომ სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, ხოლო გამოკითხულთა 15%-მა სიძვირის გამო საერთოდ ვერ შეძლო მისი შეძენა. ჩატარებული კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ სამკურნალო საშუალებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა ისევ პრობლემად რჩება პენსიონერთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის.

თუმცა, სამკურნალო საშუალებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა შედარებით გაუმჯობესდა. 2014 წელს ჩატარებულ კვლევასთან [30] შედარებით, გამოვლინდა, რომ თუ დღეისათვის რესპოდენტთა დიდი ნაწილისათვის მთავარი პრობლემაა დაბალი პენსია (28%), ხოლო შემდეგ – მედიკამენტებზე მაღალი ხარჯები (26%), 2014 წელს ჩატარებული კვლევის დროს მთავარ პრობლემად დასახელდა მედიკამენტების შეძენა (36%). იმ პენსიონერთა რაოდენობა, რომლებმაც სიძვირის გამო სრულად ვერ შეიძინა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი 38%-დან 31%-მდე შემცირდა. ხოლო იმ პენსიონერთა რაოდენობა, რომლებმაც საერთოდ ვერ შეძლეს მისი შეძენა 32.4%-დან 15%-მდე შემცირდა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ 2017 წელს ამოქმედებულმა სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ გარკვეულწილად შეამსუბუქა ხანდაზმულების, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობა.

დაბალია დაზღვეულთა ინფორმირებულობის დონე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ. ხანდაზმულთა უმეტესობამ არ იცის, რომ სახელმწიფო ანაზღაურებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული კატეგორიის პენსიონერებს.

დასკვნა

2017 წლის ივლისიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის შემოღებამ დადებითი როლი ითამაშა სოციალურად დაუცველ ქრონიკულ ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურების ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად ამისა, მედიკამენტებზე დანახარჯები მძიმე ტვირთად აწვება იმ ხანდაზმულთა შემოსავლებს, რომლებიც რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. კვლევამ აჩვენა, რომ მედიკამენტებზე საშუალო დანახარჯები ხანდაზმულთა საპენსიო შემოსავლების საკმაო ნაწილს შეადგენს.

სასურველი იქნებოდა, პროგრამას მოეცვა არამარტო სოციალურად დაუცველები, არამედ საპენსიო ასაკის ქრონიკული ავადმყოფები, რადგან პროგრამით მოუცველ პენსიონერთათვის სამკურნალო მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები, არაიშვიათად შესაძლოა კატასტროფული და შესაბამისად მათი გაღატაკების მიზეზი აღმოჩნდეს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2018. საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა ასაკისა და სქესის მიხედვით. Link
  2. ბრუნი ბ, ჭითანავა მ. მოსახლეობის დაბერება და ხანდაზმულები საქართველოში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდი. თბილისი, 2017. Link
  3. Fortin M, Hudon C, Haggerty J, Akker M, Almirall J. Prevalence estimates of multimorbidity: a comparative study of two sources. BMC Health Serv Res. 2010;10:111. Medline, Google Scholar.
  4. Do YK, Malhotra C. The effect of coresidence with an adult child on depressive symptoms among older widowed women in South Korea: an instrumental variables estimation. J Gerontol Ser B Psychol Sci Soc Sci. 2012;67(3):384–391. Link, Google Scholar,
  5. Zunzunegui MV, Beland F, Otero A. Support from children, living arrangements, self-rated health and depressive symptoms of older people in Spain. Int J Epidemiol. 2001;30(5):1090–1099. Medline, Google Scholar.
  6. Dong X, Simon M, Fulmer T, Mendes LCF, Rajan B, Evans DA. Physical function decline and the risk of elder self-neglect in a community-dwelling population. The Gerontologist. 2010;50(3):316–326. Medline, Google Scholar.
  7. Sarwari AR, Fredman L, Langenberg P, Magaziner J. Prospective study on the relation between living arrangement and change in functional health status of elderly women. Am J Epidemiol. 1998;147(4):370–378. Link, Google Scholar.
  8. Morgan SG, Agnew JD, Barer ML. Seniors’ prescription drug cost inflation and cost containment: evidence from British Columbia. Health Policy. 2004;68(3):299–307. Medline, Google Scholar.
  9. Thomas CP, Ritter G, Wallack SS. Growth in prescription drug spending among insured elders. Health Aff. 2001; 20(5):265–277. Link, Google Scholar.
  10. Alpert PT. Issues Surrounding Polypharmacy. Home Health Care Management and Practice. 2015; 27(4):256-258. Sage Journals, Google Scholar.
  11. Iliffe S, Tai SS, Haines A, Gallivan S, Goldenberg E, Booroff A, Morgan P. Are elderly people living alone an at risk group? BMJ. 1992;305(6860):1001–1004. Medline, Google Scholars.
  12. Verulava T, Adeishvili I, Maglakelidze, T. Home Care Services for Elderly People in Georgia. Home Health Care Management Practice. 2016;28 (3):170-177. DOI: 10.1177/1084822315627785. Sage Journals, Google Scholars.
  13. McDonald MV, Peterson LE, Dugan L. Finding success in medication management. Home Health Care Management and Practice. 2008;20(2):135-140. Sage Journals, Google Scholars.
  14. Verulava T, Grdzelishvili A, Magaldadze M, Makharashvili A, Chibukhaia G, Jorbenadze R, Dangadze. B. Social problems of Alzheimer’s patients and their family members. Home Health Care Management & Practice. 2018. Sage Journals, Google Scholars.
  15. Verulava T, Jorbenadze R, Barkalaia T. Introduction of universal health program in Georgia: Problems and Perspectives. Georgian Medical News. 2017;262 (1): 116-120. Medline, Google Scholars.
  16. გაეროს ბავშვთა ფონდი (2018). მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მოკლე მიმოხილვის ანგარიში. Link.
  17. UNICEF (2016). The Welfare Monitoring Survey Summary. Tbilisi, UNICEF. Link.
  18. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N01-177/ო, 8 აგვისტო 2017 წელი. ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დაავადებათა ჩამონათვალისა და მედიკამენტების გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ. Link
  19. Berki SE. A Look at Catastrophic Medical Expenses and the Poor. Health Affairs. 1986;5(4):138-145. Medline, Link. Google Scholar.
  20. Wyszewianski L. Financially catastrophic and high-cost cases: definitions, distinctions, and their implications for policy formulation. Inquiry. 1986;23(4):382-394. Medline, Google Scholar.
  21. Xu K, Evans DB, Carrin G, Aguilar Rivera AM, Musgrove P, Evans T. Protecting household from catastrophic health spending. Health Affairs. 2007;26(4):972-83. Medline, Link, Google Scholars.
  22. Verulava T. Pension System in South Caucasus: Challenges and Reform Options. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 2018;12 (1):168-174. Link, Google Scholars.
  23. Verulava T, Maglakelidze T. Health Financing Policy in the South Caucasus: Georgia, Armenia, Azerbaijan. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences. 2018;11(2): 143-150. Link, Google Scholar.
  24. ჯანდაცვის სამინისტრო. 2013. ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შეფასების ანგარიში. Link.
  25. Verulava T, Sibashvili N. Accessebility to Psychiatric Services in Georgia. African Journal of Psychiatry (South Africa). 2015;18 (3):1-5. DOI: 10.4172/Psychiatry.1000278. Link, Google Scholar.
  26. Verulava T, Gabuldani Accessibility of Urgent Neurosurgery Diseases by the State Universal Healthcare Program in Georgia (country). Gazi Medical Journal. 2015;26(2): 42-45. DOI: 10.12996/GMJ.2015.14. Link, Google Scholar.
  27. Chen YF, Dewey ME, Avery AJ. Analysis Group of The MRCCFA Study. The Medical Research Council Cognitive Function and Ageing Study (MRC CFAS). Self-reported medication use for older people in England and Wales. J Clin Pharm Ther. 2001;26(2):129-140. Medline, Google Scholar.
  28. Coelho, Filho JM, Marcopito LF, Castelo A. Medication use patterns among elderly people in urban area in Northeastern Rev Saude Publica. 2004;38(4):557-564. Link, Google Scholar.
  29. Verulava T. Access to Medicines within the State Health Insurance Program for Pension Age Population in Georgia (country). HealthMED. 2014;8(9):1078-1082. Link, Google Scholar.verulava

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: