Posted by: burusi | January 15, 2018

საზოგადოება, როგორც დამატებითი სტრეს ფაქტორი განქორწინებულ ქალებში

საზოგადოება, როგორც დამატებითი სტრეს ფაქტორი განქორწინებულ ქალებში

თამთა ჭიჭინაძე და სალომე მუშტაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები.

ხელმძღვანელი – თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, No 4.

შესავალი

საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია სტერეოტიპული შეხედულებები განქორწინებული ქალების მიმართ. UNDP-ის 2013 წლის კვლევამ აჩვენა, რომ საერთო ჯამში, განქორწინებისადმი შეუწყნარებლობა საკმაოდ ძლიერია და მოსახლეობის ნახევარზე მეტი მას გაუმართლებლად მიიჩნევს. [1]

განსაკუთრებით საკითხი რთულდება, როდესაც ვსაუბრობთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლების განქორწინებაზე, რადგან ხდება სქესის ნიშნით სტიგმატიზაცია. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი განქორწინებას გაუმართლებლად მიიჩნევს. გენდერული როლების ტრადიციული აღქმა საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია – ქალებს უპირველეს ყოვლისა მიიჩნევენ დიასახლისებად, მეუღლეებად და დედებად. საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულების გამო ხშირად საუბრობენ განქორწინების შემდეგ ოჯახში დაბრუნებული ქალის სირცხვილზე, ასევე მეზობლებისა და ნათესავების უარყოფით დამოკიდებულებაზე. სტერეოტიპები გავლენას ახდენენ საზოგადოების წევრებზე და პოტენციურ დამსაქმებლებზეც.

საქართველოში, როგორც წესი განქორწინების შემდგომ ქალებს ექმნებათ საზოგადოებაში ინტეგრირების პრობლემები. საზოგადოების ნაწილისთვის რთული წარმოსადგენია ქალის მიერ ოჯახის დანგრევა და  განქორწინებული ქალი უფრო მიუღებელია, ვიდრე მამაკაცი. აღნიშნული ქალბატონების რესოციალიზაციის პროცესს უფრო ართულებს და დასაქმების შესაძლებლობას ამცირებს.

ოჯახი ქართული საზოგადოების ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია. ადამიანების გარკვეული ნაწილი ოჯახის დანგრევას დიდ ტრაგედიად აღიქვამს. იმისათვის, რომ ოჯახი შეინარჩუნონ ქალებს ხშირად ბევრ დათმობაზე უწევთ წასვლა. დათმობაში შესაძლოა მოიაზრებოდეს ღალატი მეუღლის მხრიდან, ძალადობა, როგორც ფიზიკური, ისევე მორალური და ფსიქოლოგიური. ყოველივე ეს პირდაპირ უკავშირდება სტრესს, რადგან ადამიანს მუდმივად უწევს იცხოვროს დაძაბულ გარემოში.

სტრესი არის  ორგანიზმის ზოგადი რეაქციაა მეტისმეტად ძლიერ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ გამღიზიანებელზე. როდესაც სტრესი დიდი ხანი გრძელდება, ადამიანის ორგანიზმის რესურსები გამოიფიტება, ვითარდება უფრო მძიმე დაავადებები და შესაძლოა სიკვდილიც. სტრესორები სოციალური ფაქტორებია, რომლებიც ხელს უწყობენ სტრესს.  სტრესორების სახეებია: ცხოვრებისეული მოვლენები, ქრონიკული დაძაბულობა. სტრესულ ცხოვრებისეულ მოვლენებს შორის კი არის განქორწინება. განქორწინება, როგორც მოვლენა სტრესის განმაპირობებელია, თუმცა, განქორწინებამდე არსებული სიტუაციაც ადამიანისთვის სტრესულია. აქ ვგულისხმობთ რა თქმა უნდა, ქრონიკულ დაძაბულობას, პრობლემებს მეუღლეებს შორის. განქორწინება და განქორწინების შემდგომი პერიოდი სტრესია, რადგან განქორწინებულ ადამიანს თან სდევს დაძაბულობა. განქორწინებას თან სდევს ახალ ადგილთან შეგუება, რიგ შემთხვევებში მეგობრების დაკარგვა, ბავშვებისათვის სკოლის შეცვლა, ახალი ადამიანების გაცნობა, განქორწინებული მშობლებისთვის ახალი ცხოვრების დაწყება.  [2]

ქალი, რომელიც აღარაა ქორწინებაში, საზოგადოებაში იწვევს ერთის მხრივ თანაგრძნობას და ნუგეშს და მეორეს მხრივ არასერიოზულ დამოკიდებულებას. ქმარი ვერ შეინარჩუნა, არ მოითმინა, მეორედაც იზამს, განათხოვარ ქალთან ადვილია ზედაპირული ურთიერთობების გაბმა და ა.შ. ყოველივე ამის გამო ქალები ითვალისწინებენ არა მხოლოდ ოჯახის, როგორც მათთვის ყველაზე ღირებული ინსტიტუტის შეხედულებებს, არამედ საზოგადოების აზრსაც, რადგან  ისინი გაბატონებული ღირებულებების მიხედვით არიან აღზრდილები და უმთავრესი არის ოჯახის შენარჩუნება. თითოეულ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თუ კულტურისათვის დამახასიათებელ ღირებულებებს არ გაიზიარებს, საზოგადოება მის სტიგმატიზაციასა და გარკვეულწილად სოციუმიდან მის გარიყვას მოახდენს.

საზოგადოების აზრი განქორწინებულ ქალებთან ერთად გავლენას ახდენს მათი ოჯახის წევრებზეც. მშობლებს უჭირთ დააბრუნონ ოჯახში განქორწინებული შვილი, რადგან მათთვის საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანი და ხშირად გადამწყვეტია.

დასაქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება განქორწინებული ქალისათვის, რადგან ხშირად მარტო უწევს ისეთი ფინანსური პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა შვილების სწავლის ხარჯები, კომუნალური გადახადები და ა.შ. არაიშვიათად, ისინი იძულებული არიან დათანხმდნენ დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ რთულ სამუშაო პირობებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელს არ სურს  დაასაქმოს განქორწინებული ქალი, რომელსაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილები.

საზოგადოება, როგორც დამატებითი სტრეს ფაქტორი განქორწინებულ ქალებში აქტუალური და პრობლემური საკითხია, რომელიც ნაკლებად არის შესწავლილი და საჭიროებს კვლევას.

აღსანიშნავია ის, რომ ქალაქში განქორწინებათა რაოდენობამ  2013 წელს გადააჭარბა 1990 წლის მაჩვენებელს. შეილება ითქვას, რომ ბოლო წლებში ქორწინებათა რაოდენობა სტაბილურია და არ იცვლება, მაშინ როდესაც განქორწინებათა რაოდენობა იზრდება.

კვლევის მიზანია განქორწინებულ ქალებში საზოგადოების, როგორც დამატებითი სტრესის გამომწვევი ფაქტორის ზეგავლენის შესწავლა; კერძოდ, როგორ აღიქვამენ გარშემომყოფები განქორწინებულ ქალებს, როგორია ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამოკიდებულება, არსებობს თუ არა კავშირი განქორწინებასა და დასაქმებას შორის.

ამგვარად, საკვლევი ამოცანებია:

  • გარშემომყოფების დამოკიდებულების შესწავლა განქორწინებული ქალების მიმართ.
  • ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამოკიდებულების შესწავლა განქორწინებული ქალების მიმართ.
  • არსებობს თუ არა კავშირი განქორწინებასა და დასაქმებას შორის.
  • საკვლევი კითხვები:
  • რა დამოკიდებულება გააჩნია საზოგადოებას განქორწინებული ქალების მიმართ?
  • რა დამოკიდებულება გააჩნიათ განქორწინებულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს?
  • არსებობს თუ არა კავშირი განქორწინებასა და დასაქმებას შორის?

შესაბამისად, კვლევის ჰიპოთეზაა:

  1. საზოგადოება გარკვეულწილად ახდენს განქორწინებული ქალების მარგინალიზაციას.
  2. ოჯახის წევრებსა და ახლობლება უჭირთ განქორწინებული ქალის უკან მიღება.
  3. განქორწინებულ ქალებს უჭირთ სამსახურის დაწყება.

კვლევის მეთოდოლოგია

კვლევითი ნაშრომი დაფუძნებულია თეორიული მასალის შესწავლასა და ემპირიული მონაცემების შეგროვებაზე. სოციოლოგიური კვლევა ეყრდნობა რაოდენობრივი კვლევის მეთოდებს, შესასწავლი საგნის კითხვარების საფუძველზე შესწავლას და ანალიზს. შესწავლის შემდეგ მოხდება ძირითადი პრობლემების განსაზღვრა.

ემპირიული მონაცემების მოპოვება განხორციელდა ანკეტირების მეთოდით. ემპირიული სოცილოგიური კვლევის ინსტრუმენტია სტრუქტურირებული სოციოლოგიური კითხვარი, რომელიც დაყოფილია თემატურ ბლოკებად.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო თბილისში მცოვრებმა 50-მა  განქორწინებულმა რესპონდენტმა, რომელთა ასაკიც მიეკუთვნება 17-35 წლის ასაკობრივ კეტეგორიას. შერჩევა განხორციელდა თოვლის გუნდის პრინციპით (snowbolling), რომელიც შემდეგში მდგომარეობს: რესპონდენტთა შერჩევა ხდება რესპონდენტების ერთმანეთის ნაცნობობის მეშვეობით. დაცული იყო რესპონდენტების ანონიმურობა. ინტერვიუების ხანგრძლივობა შეადგენდა 12 წუთს. ინტერვიუები ჩატარდა 2017 წლის მაისში.

კვლევის შეზღუდვას წარმოადგენდა ის გარემოება, რომ იგი ვერ იქნება რეპრეზენტატული. რამდენიმე ინტერვიუს მონაცემს ვერ განვაზოგადებთ მთლიან პოპულაციაზე,

ლიტერატურის მიმოხილვა

განქორწინების შემდგომ ქალისათვის იწყება რესოციალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს ,,თვით-იმიჯისა და ღირებულებების დაკარგვის პროცესს, რომელსაც ჩვეულებრივ თან მოსდევს ღირებულებებისა და თვით-აღქმის განსხვავებულ სისტემაში რესოციალიზაცია“. რესოციალიზაცია კი არის ,,ნორმებისა და ღირებულებების ახალი წყების გათავისება, რომელიც სრულიად განსხვავებულია აქამდე ჩვენთვის არსებული ნორმებისა და ღირებულებებისგან“.[3] იწყება მისთვის ახალი ცხოვრება და რესოციალიზაცია საზოგადოებაში, ხელახალი სოციალიზაცია, ანუ ინდივიდი ითვისებს სოციალურ ნორმებს, კანონებს, ქცევებსა და ღირებულებებს. სოციალიზაცია აქტიური პროცესია. მაგრამ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში განქორწინებული ქალების ხელახალი სოციალიზაციის პროცესი არც თუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს. განქორწინებული ქალების რესოციალიზაციასა და დასაქმებას ხელს უშლის სტიგმის არსებობა „განქორწინებული“  სტატუსის გამო.

სტიგმა სტერეოტიპულ შეხედულებათა კომპლექსი, სოციალური იარლიყია, რომელიც ამ იარლიყის მქონე ადამიანს უარყოფითად ახასიათებს  და ირგვლივმყოფების თვალში ღირსებაშელახულ ან არასრულფასოვან პიროვნებად აქცევს; ასეთ ადამიანებში სტიგმა  დეპრესიას, გარიყულობის,  არასრულფასოვნების, დაუცველობის განცდას იწვევს. [4]. საზოგადოებაში  სტიგმის გავრცელებას ხელს უწყობს ინფორმაციის  ნაკლებობა.

მცირეა ლიტერატურა, რომელშიც საუბარია საზოგადოებაზე, როგორც დამატებით სტრეს ფაქტორზე განქორწინებულ ქალებში. განქორწინება ოჯახური წყვილის კრიზისული განვითარების შედეგია. დიდი ხნის წინ განქორწინება ცალსახად ნეგატიურ მოვლენად განიხილებოდა. დღეისათვის, ზოგ შემთხვევებში, განქორწინება პოზიტიურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სტრესული სიტუაციიდან თავის დაღწევა. განქორწინება განიხილება როგორც პროცესი და არა მოვლენა. განქორწინების პროცესში შეიძლება გამოვყოთ 4 ფაზა [5]:

  1. ფიქრი განქორწინებაზე და გადაწყვეტილების მიღება – ამ პერიოდში ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი და კონფორტაცია ქრონიკული ხდება. მატულობს შფოთვა, უნდობლობა, ემოციური გულგრილობა, გარიყულობა. ეს პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს რამოდენიმე დღიდან, რამდენიმე წლის განმავლობაში.
  2. ოჯახის ლიკვიდაციის დაგეგმვა – ეს ფაზა იწყება მაშინ, როდესაც წყვილი მიიღებს განქორწინების გადაწყვეტილებას. ამ ფაზისთვის დამახასიათებელია ემოციური დაძაბულობა და ფრუსტრაცია, რაც ხელს უშლის კრიზისიდან გონივრული და საუკეთესო გამოსავლის პოვნის შესაძლებლობას.
  3. სეპარაცია – წყვილი იწყებს ცალ-ცალკე ცხოვრებას. თუ ისინი ცხოვრებას ერთ ბინაში აგრძელებენ, ხდება ოთახების, ბიუჯეტის, მეურნეობის გაყოფა და ახალი ნორმებისა და წესების შემოღება.
  4. განქორწინების შემდგომი პერიოდი – ამ ფაზის განმავლობაში ხდება ოჯახური სისტემის გარდაქმნა და სტაბილიზაცია, რომელიც გაივლის სამ ეტაპს: 1. უშუალოდ განქორწინების შემდგომი პერიოდი. 2. გარდაქმნის ეტაპი. 3. სტაბილიზაციის ეტაპი. ამ ეტაპზე უკვე ოჯახის სტრუქტურის გარდაქმნა დასრულებულია და ყოფილი წყვილი ამყარებს მშვიდ გაწონასწორებულ ურთიერთობას. [5]

განქორწინება ასოცირებულია ქცევის და ემოციურ ცვლილებებთან, ახალი ცხოვრების დაწყებასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ წყვილს ჰყავს შვილები. განქორწინებულ ქალებს ხშირ შემთხვევაში უხდებათ მარტო დარჩნენ ბავშვებთან ერთად. იცვლება საცხოვრებელი გარემო, ჩნდებიან ახალი ნაცნობები და ა.შ.

კვლევამ [1], რომელიც ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ მყარია ტრადიციული შეხედულებები გენდერულ როლებზე: ქალის ფუნქციაა შვილების მოვლა და აღზრდა, საშინაო საქმეების კეთება, ხოლო კაცის-ოჯახის ეკონომიური უზრუნველყოფა. მიუხედავად იმისა რომ ოჯახის მარჩენალთა 30% ქალია, მოსახლეობას მიაჩნია, რომ ეს არ არის იდეალური მდგომარეობა და თუ იქნება შესაძლებლობა უმჯობესია ქალი არ მუშაობდეს ან ნაკლებად დატვირთული „ქალისთვის შესაფერისი“ სამუშაო ჰქონდეს. ასევე ქალი ქმრის მორჩილი უნდა იყოს და დაუთმოს კაცს ლიდერის პოზიცია სხვადასხვა ასპარეზზე. [1]

გამოკითხულთა აზრით, კაცი უკეთესი ლიდერია, ვიდრე ქალი. ქალი პოლიტიკაში წარმოუდგენიათ, თუმცა ისევ „ქალისთვის შესაფერის“ პოზიციებზე და სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ. თავად ქალებსაც ისეთი სფეროები, როგორიცაა ბიზნესი წარმოუდგენიათ, როგორც „კაცების სფერო“. [1]

კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადოებისთვის მისაღები ქალის თვისებებია სიკეთე, ოჯახის ერთგულება, სინაზე, პასიურობა, ხოლო კაცი აქტიური და ოჯახის მარჩენალი უნდა იყოს. [1] . კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ქალებმა იციან, რომ მათი როლი დაქვემდებარებულია და რომ მათ ბევრის დათმობა უწევთ. ამან თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. ქალები ირჩევენ ტანჯულის როლს. მათი აზრით, ქართველი ქალი სხვა ქვეყნის ქალებთან შედარებით ამტანია. მით უმეტეს რომ საზოგადოებაც მოითხოვს ქალისგან მოითმინოს შეურაცხყოვა ქმრისგან ოჯახის შენარჩუნების მიზნით და იყოს ამტანი. ამ მდგომარეობას ამტკიცებს ასევე ის ფაქტი, რომ განქორწინება უარყოფითად აღიქმება საზოგადოებაში.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით რთული ცხოვრებისეული მოვლენები, როგორებიცაა უმუშევრობა, განქორწინება, იწვევენ ქრონიკულ დაძაბულობას; მუდმივი დაძაბულობა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და განაპირობებს სტრესსა და ხშირ შემთხვევაში – დეპრესიას [6].

კვლევის შედეგები

საკითხის შესწავლის მიზნით გამოიკითხა თბილისში მცხოვრები 50 განქორწინებული ქალი, რომელთა ასაკი მერყეობდა 17-35 წლამდე. მათგან უმეტესობას ჰქონდა საშუალო განათლება (62%), უმაღლესი განათლების მქონე რესპოდენტები შეადგენდნენ – 38%-ს.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ოჯახი უპირველესად არის ნდობა, ერთგულება, შვილები და პატივისცემა. უმრავლესობა დაქორწინდა ნაადრევ ასაკში, უფრო კონკრეტულად კი მათი დიდი ნაწილის ქორწინება შედგა 16 დან 22 წლამდე. რაც შეეხება განქორწინებას, უმრავლესობა განქორწინდა ქორწინებიდან 10 წლამდე პერიოდში. მათი უმრავლესობა იყვნენ 20-დან 30 წლამდე ასაკის. განქორწინების მიზეზად ძირითადად ასახელებდენ ნდობის დაკარგვას, ოჯახის წევრების ჩარევას და ემოციურ შეუთანხმებლობას. გამოკითხულთა 81%-ს ჰყავს შვილები, ხოლო 29%-ს კი არ ჰყავთ შვილები.

ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მოცემულია რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები (ცხრილი 1). რესპოდენტთა უმრავლესობის (46%) აზრით, საზოგადოებას უჭირს მიიღოს განქორწინებული ქალი. რესპოდენტთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ საზოგადოებას უჭირს მიიღოს განქორწინებული კაცი. უმრავლესობა (54%) თვლის, რომ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ უგრძვნიათ გარშემომყოფების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება. ასევე რესპოდენტთა მეტი ნაწილის (45%) აზრით, საზოგადოების მხრიდან იყო გაკიცხვის შემთხვევები.

რესპოდენტთა 45% მიიჩნევს, რომ მათი მშობლებისათვის რთული იყო განქორწინებასთან შეგუება. ნაწილობრივ რთული იყო რესპოდენტთა 35%-სათვის. რესპოდენტთა 45% თვლის, რომ მათი ნათესავებისათვის ნაწილობრივ რთული იყო განქორწინებასთან შეგუება, ძალიან რთული – 25%-თვის. კითხვაზე: უჭერდნენ თუ არა ახლობლები მხარს თქვენს გადაწყვეტილებას?  უმრავლესობა ანუ 45% აღნიშნავს, რომ „ნაწილობრივ“, 30% – დიახ და 25% – არა.

კითხვაზე, იყო თუ არა ახლობლების მხრიდან ზეწოლა განქორწინების გადაწყვეტილების შეცვლაზე, რესპოდენტთა 40%-მა დადებითი პასუხი გასცა, 40% თვლის, რომ ნაწილობრივ იყო ზეწოლა მათზე. მხოლოდ 20% ამბობს, რომ ზეწოლა არ იყო მათზე.

რესპოდენტთა 30% ცხოვრობს მშობლებთან, 15% – ახლობელთან, 35% – ქირით, 10%-ს აქვს საკუთარი სახლი და მხოლოდ 10%-მა შექმნა ახალი ოჯახი.

რესპოდენტთა უმრავლესობა (68%)  დაქორწინებამდე არ იყო დასაქმებული, მხოლოდ 22%-მა აღნიშნა, რომ იყო დასაქმებული. რესპოდენტთა 47%-ს მოუხდა სამსახურის დატოვება დაქორწინების შემდგომ, ხოლო 53% – არა. რესპოდენტთა უმრავლესობა (74%) ამჟამად დასაქმებულია, მხოლოდ 26% არ არის დასაქმებული. რესპოდენტთა 45% თვლის, რომ საქართველოში განქორწინებული ქალისათვის სამსახურის დაწყება რთულია, 40%-ის აზრით, ნაწილობრივ რთულია და მხოლოდ 15%-თვის არ არის რთული.

ცხრილი 1: რესპოდენტთა გამოკითხვის შედეგები (%-ლი მონაცემები)

Picture1

დასკვნა და რეკომენდაციები

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ქალები განქორწინების შემდგომ აწყდებიან პრობლემებს. წინააღმდეგობები გამოწვეულია მათი სტატუსის გამო. საზოგადოება ახდენს განქორწინებული ქალების სტიგმატიზაციას. მათ პრობლემები ექმნებათ საკუთარი ოჯახის წევრებთანაც, რომელთაც უჭირთ უკან მიიღონ განქორწინებული ქალი. გამოიკვეთა ისიც, რომ განქორწინებული ქალებისათვის რთულია სამსახურის დაწყება. რესპოდენტები აღნიშნავენ, რომ იყო საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შემთხვევები, რაც ბუნებრივია სტრესული მოვლენაა.

რესპოდენტთა უმრავლესობას აქვს მხოლოდ საშუალო განათლება მიღებული. აგრეთვე, მათი უმრავლესობა დაქორწინდა ადრეულ ასაკში და ქორწინებაში იყო 3-დან 10 წლამდე პერიოდში. უმთავრესად, პრობლემები განქორწინებულ ქალებს ექმნებათ ოჯახის წევრებისგან, ხოლო ახლობლების დამოკიდებულება უმეტეს შემთხვევებში გაცილებით ლოიალურია.

რესპოდენტთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ ახლობლები და ოჯახის წევრები ნაწილობრივ მხარს უჭერდნენ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია რომ მათთვის ეს მოვლენა რთულად შესაგუებელი იყო. რესპოდენტთა უმრავლესობა აფიქსირებს, რომ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მათზე იყო ზეწოლა ოჯახისა და ახლობლების მხრიდან. ეს გამოწვეულია პირველ რიგში იმ სტერეოტიპებით, რაც საზოგადოებაშია გავრცელებული. ისინი თვლიან, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს და დათმობებზე წავიდეს.

განქორწინებული ქალების  აზრით, საზოგადოებისათვის უფრო მიუღებელია ქალის განქორწინება, ვიდრე მამაკაცის, რაც იწვევს რესოციალიზაციის პროცესის უფრო გართულებას.

რაც შეეხება განქორწინების შემდგომ ცხოვრებას, გამოკითხულთა უმრავლესობა ცხოვრობს ქირით, დაახლოებით იგივე რაოდენობა კი დაბრუნდა მშობლების სახლში. ძალიან ცოტაა ისეთი რესპოდენტები, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი სახლი.

უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დაოჯახებამდე არ ყოფილა დასაქმებული, ეს შესაძლოა იმითაც იყოს განპირობებული, რომ რესპოდენტთა უმრავლესობამ ოჯახი შექმნა ადრეულ ასაკში.  განქორწინებული ქალების უმრავლესობა დასაქმებულია, რადგან მათ იტვირთეს პასუხისმგებლობა შვილებზე და ბუნებრივია სჭირდებათ სამსახური. თუმცა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სამსახურის დაწყება რთულია.

განქორწინების შემდგომ ქალები აწყდებინ უამრავ პრობლემებს. შვილების აღზრდაზე პასუხისმგებლობის აღება, წინააღმდეგობები საკუთარი ოჯახისგან და საზოგადოების მხრიდან ხელს უწყობენ სტრესის განვითარებას. კვლევის შედეგად დადასტურდა  ჩვენი ჰიპოთეზა, რომ საზოგადოება გარკვეულწილად ახდენს განქორწინებული ქალების მარგინალიზაციას, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უჭირთ განქორწინებული ქალის უკან მიღება, ხოლო განქორწინებულ ქალებს უჭირთ სამსახურის დაწყება.

აღნიშნული კვლევის შედეგები ეყრდნობა რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც ბუნებრივია ვერ მოიცავს ისეთ ნიუანსებს, როგორიცაა: მათ განცდები სამსახურის ძიებისას ან თავად სამსახურში ან ოჯახში და ა.შ. ამისათვის საინტერესო და ინფორმაციული იქნება ჩატარდეს თვისებრივი კვლევა, სადაც გამოყენებული იქნება სიღრმისეული ინტერვიუები, რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ თუ რა სახის პრობლემებს აწყდებიან განქორწინებული ქალები სამსახურის ძიებისას, როგორია მათი გამოცდილება, რა პირობებში უწევთ მუშაობა, როგორ ართმევენ ისინი თავს სამსახურსა და შვილებზე პასუხისმგებლობას და ა.შ.

ბიბლიოგრაფია

  1. საზოგადოებრივი დამოკიდებულებები გენდერულ თანასწორობაზე პოლიტიკასა და ბიზნესში. გაეროს განვითარების პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“. თბილისი, 2013

http://www.ge.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/GE_UNDP_Gender_Research_GEO.pdf

  1. თენგიზ ვერულავა, ჯანდაცვის სოციოლოგიის შესავალი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ცენტრი, 2017
  2. კალჰუნი, ქრეგ, ლაითი, დონალდ, კელერი, სუზენ, სოციოლოგია, სოციალიზაცია ზრდასრულ ასაკში, დესოციალიზაცია და რესოციალიზაცია, 2008
  3. შიდსი მეგობრობით არ გადადის!“ – რა უნდა გავაკეთოთ, რომ აივ-ინფიცირებულთა მიმართ დისკრმინაციული დამოკიდებულება შეიცვალოს. რეპორტიორი.გე http://reportiori.ge/old/aww.ge/marao.ge?menuid=74&id=62200&lang=1
  4. კუბლაშვილი, ბაია, განქორინება და მისი სოციალურ -ფსიქოლოგიური  მახასიათებლები. ge. ბოლო წვდომა 20.06.17
  5. William R. Avison and R. Jay Turner, Stressful Life Events and Depressive Symptoms: Disaggregating the Effects of Acute Stressors and Chronic Strains, 2016

აბსტრაქტი

ნაშრომში წარმოდგენილია საზოგადოების, როგორც დამატებითი სტრეს ფაქტორის გავლენა განქორწინებულ ქალებზე, გარშემომყოფების მიერ მათი მდგომარეობის აღქმა,  ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამოკიდებულება, კავშირის დადგენა განქორწინებასა და დასაქმებას შორის. ინფორმაცია მოპოვებულია სოციოლოგიური კვლევის რაოდენობრივი მეთოდის გამოყენებით, რომლის დროსაც რესპონდენტებს – თბილისში მცხოვრებ 17 დან 35 წლამდე განქორწინებულ ქალებს დაურიგდათ კითხვარები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეგვესწავლა განქორწინებულ ქალებში საზოგადოების, როგორც დამატებითი სტრესის გამომწვევი ფაქტორის ზეგავლენა. კერძოდ, როგორ აღიქვამენ გარშემომყოფები განქორწინებულ ქალებს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების დამოკიდებულება, არსებობს თუ არა კავშირი განქორწინებასა და დასაქმებას შორის. კვლევა მნიშვნელოვანია განქორწინებული ქალებისათვის, მათი ოჯახებისათვის, დამსაქმებლებისათვის და ამ საკითხით დაინტერესებული პირებისათვის. დღეისათვის არ არსებობს კვლევა, რომელიც ეხება განქორწინების შემდგომ საზოგადოების, როგორც სტრესის გამომწვევი ფაქტორის ზეგავლენას.

საკვანძო სიტყვები: სტრესი, ოჯახი, რესოციალიზაცია, სტიგმატიზაცია, დისკრიმინაცია,  სტატუსი.

 

ციტირება:

თამთა ჭიჭინაძე და სალომე მუშტაშვილი. საზოგადოება, როგორც დამატებითი სტრეს ფაქტორი განქორწინებულ ქალებში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, No 4. 2018.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: