Posted by: burusi | January 15, 2018

ევროკავშირის შრომის ბაზარზე დაშვების წინაპირობები და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება  

ევროკავშირის შრომის ბაზარზე დაშვების წინაპირობები და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება

ნონა გელიტაშვილი

ეკონომიკის დოქტორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი

2016 წლის 1 ივლისიდან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, შეუძლიათ ფუნდამენტური თავისუფლებების რეალიზება, თუმცა, – არა სრულყოფილად. 2017 წლის 28 მარტიდან უკვე ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რაც 4 ფუნდამენტური თავისუფლებიდან ერთ-ერთის – ადამიანთა თავისუფალი მოძრაობის შემადგენელი ნაწილია. კერძოდ, ქართველებს ახლა უკვე შეუძლიათ, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტებით, შენგენის ტერიტორიაზე ევროკავშირის ვიზის გარეშე შესვლა. მაგრამ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ გამგზავრება და ევროკავშირში დარჩენა არაუმეტეს  90 დღისა 180 დღის განმავლობაში. [1]

საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის წინადადება 2016 წლის 9 მარტს გამოქვეყნდა. კომისიამ დაასკვნა, რომ ქვეყანამ შეასრულა ყველა მოთხოვნა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. თუმცა, დროის ლიმიტის დაწესება უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ გადაადგილების უფლება არ ნიშნავს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხანგრძლივად ცხოვრებისა და დასაქმების უფლებასაც. ეს შეზღუდვა გაურკვეველი ხანგრძლივობით დაწესდა და, სავარაუდოდ, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავა.

გადაადგილების თავისუფლება არის უფლება, რომლითაც შეუძლია ისარგებლოს ევროკავშირის ნებისმიერმა მოქალაქემ და წარმოადგენს ერთ-ერთს ევროკავშირის ოთხი ფუნდამენტური თავისუფლებიდან.  ევროკავშირის ყველა მოქალაქეს უფლება აქვს, თავისუფლად გადაადგილდეს ევროკავშირის ფარგლებში, შევიდეს და ცხოვრობდეს ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოში. ეს უფლება გარანტირებულია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-18 მუხლით. [2] ოთხი ფუნდამენტური თავისუფლების განსახორციელებლად აუცილებელია ქვეყანაში არსებული კანონების ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.

ფუნდამენტური თავისუფლებების ადრესატები ძირითადად წევრი სახელმწიფოები არიან. ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლება ძალაში შევიდა 1993 წლიდან. ადამიანთა თავისუფალი მოძრაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე გულისხმობს საზღვრებზე კონტროლის გაუქმებას, უვიზო მიმოსვლას, ქვეყანაში შესვლის და თავშესაფრის მიღების, ასევე სამუშაო ნებართვის გარეშე დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების ან ფილიალის გახსნის თავისუფლებას.  ევროკავშირში ახლად გაწევრიანებული ქვეყნებისთვის გარკვეული შეზღუდვები არსებობს, რაც ჩვეულებისამებრ, 6-7 წლამდე გრძელდება. თუმცა, ყველა შემთხვევა ფაქტობრივად უნიკალურია, რადგან კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ინდივიდუალური სქემების შემუშავება ხდება.

ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, CEC (Central and Eastern European Countries), ანუ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა – უნგრეთმა (1991), პოლონეთმა (1991), რუმინეთმა (1993), ბულგარეთმა (1993), ჩეხეთის რესპუბლიკამ (1993), სლოვაკეთმა (1993), ბალტიისპირეთის სამმა სახელმწიფომ – ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ (1995), ასევე სლოვენიამ (1996) – ევროპის ხელშეკრულებების სახით გააფორმეს ევროკავშირთან ე.წ. სწრაფი და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულებები. ევროკომისიის მიგრაციის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელის – მარტინ შიფერის თქმით, აღნიშნული შეთანხმების მიუხედავად, რაც გულისხმობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მომზადებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი ხელშესახები გარანტიები არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ სამუშაო ადგილებზე იკრძალებოდა   სამართლებრივ საფუძვლებზე უკვე დასაქმებული ადამიანების დისკრიმინაცია. [3, გვ.194]

გერმანელი პოლიტიკოსის – ჰანს პეტერ ულის კომენტარების თანახმად, პოლონეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, უნგრეთის, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესახებ: „დაინტერესებულ მოქალაქეებს აქვთ უფლება, იყვნენ თვითდასაქმებულნი და შექმნან და მართონ კომპანიები, კერძოდ, ისეთი კომპანიები, რომლებსაც ისინი რეალურად გააკონტროლებენ“. [3, გვ.70]

1957 წელს ევროპის თანამეგობრობის (EC – European Community) შექმნის შემდეგ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ სრული უფლება, იცხოვრონ და იმუშაონ სხვა წევრ სახელმწიფოებში. კაპიტალისა და საქონლის შეუფერხებელი ტრანსპორტირებისა და მომსახურების გაწევის გარდა, პირთა თავისუფალი მოძრაობა ყოველთვის ცენტრალურ  როლს ასრულებდა ევროკავშირის ძალისხმევაში, რათა შექმნილიყო ერთიანი ბაზარი ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. თუმცა, გერმანიისა და ავსტრიის ზეწოლის გამო, რომლებიც გაწევრიანების ყველაზე დიდი რაუნდის ხელშეკრულების ხელმოწერამდე, ჯერ კიდევ 2003 წელს, ხედავდნენ იმის საფრთხეს, რომ პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან და სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნებიდან მათი მიმართულების მიგრაციის დიდი ნაკადები დაიძვრებოდა, ახალი წევრი ქვეყნების თავისუფალი მოძრაობის პრინციპი შეიზღუდა 2011 წლამდე. ცხრილში 1 ნაჩვენებია გარდამავალი ღონისძიებების ვადები:

ცხრილი 1. ევროკავშირის შრომის ბაზარზე ახალი წევრი სახელმწიფოების დაშვების ფაზების მიმოხილვა (2 + 3 + 2)

Picture2

2004 წლის 1 მაისს, კვიპროსთან და მალტასთან ერთად,  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანა:  ჩეხეთის რესპუბლიკა, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და სლოვენია შეუერთდა ევროკავშირს. ეს იყო ისტორიული თარიღი – ევროკავშირის გაფართოების ყველაზე დიდი რაუნდით ევროპის გაყოფის დასასრული პოლიტიკურად დადასტურდა და ევროპის კონტინენტის ინტეგრაცია საგრძნობლად დაწინაურდა.

თუმცა, ადამიანების თავისუფალი გადაადგილება ინტეგრაციის საწყის ეტაპზე გამოირიცხა. ევროკავშირმა დამატებით შემოიღო  გარდამავალი შეთანხმებები  ახალ წევრი ქვეყნებიდან მოქალაქეთა მიღების თაობაზე. ამან საშუალება მისცა ძველ წევრ ქვეყნებს, დაახლოებით შვიდი წლის მანძილზე შეეზღუდათ  ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის სამუშაო ძალის  თავისუფალი გადაადგილება. მალტასა და კვიპროსს დაუყოვნებლივ მიენიჭათ გადაადგილების თავისუფლება, მათი მცირე მოსახლეობისა და შედარებით ძლიერი ეკონომიკის გამო.

    სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილების გარდამავალი პერიოდი საკმაოდ განსხვავებული იყო წევრი სახელმწიფოების მიხედვით. დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ და შვედეთმა გაწევრიანების შემდეგ დაუყოვნებლივ გახსნეს რვა ახალი წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შრომის ბაზრები. 2006 წლიდან, გარდამავალი პერიოდის მეორე ეტაპზე, სხვა წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობამ უკვე დაუშვა გადაადგილების თავისუფლება. მხოლოდ გერმანიამ და ავსტრიამ ამოწურეს მაქსიმალური შვიდწლიანი გარდამავალი პერიოდი. ძველი ევროკავშირი-15-ის ქვეყნებიდან მათ ყველაზე გვიან მიიღეს გადაწყვეტილება შრომის ბაზრის გათავისუფლების შესახებ. ფედერალური მთავრობა შიშობდა, რომ გაზრდილი შრომითი მიგრაცია  შრომის ბაზარზე უფრო მეტ ზეწოლას და ხელფასების შემცირებას გამოიწვევდა. [4]

    2011 წლის 1 მაისს გერმანიის შრომის ბაზარი სრულად გაიხსნა რვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნისთვის. მოსალოდნელი იყო, რომ შრომითი მიგრაციის ზრდა გერმანიის შრომით ბაზარზე კვალიფიციურ მუშახელზე გაზრდილ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა.

    გერმანიის სტატისტიკურმა სამსახურმა, იმავე 2011 წლის აპრილში, ჩაატარა მოსახლეობის გამოკითხვა შრომის ბაზრის გათავისუფლების საკითხზე. კითხვა შემდეგნაირად იყო დასმული: „მიესალმებით თუ არა იმ ფაქტს, რომ 2011 წლის 1 მაისიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ შეიძლება გერმანიაში შეზღუდვების გარეშე მიიღოს მუშაობის უფლება?“ რესპოდენტების 64%-მა დააფიქსირა უარყოფითი პასუხი, 22% დადებითად გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს, 11%-ისთვის სულერთი იყო, რას მოიტანდა ეს გადაწყვეტილება, 3%-მა კი უბრალოდ არ იცოდა, რა პასუხი გაეცა დასმულ შეკითხვაზე. [5]

მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა და დასაქმების თვალსაზრისით გარანტიების ნაკლებობისა, EU8-ის ქვეყნებიდან EU15-ის ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, 2005-2013 წლების განმავლობაში მიგრაციული ნაკადების არნახული ზრდა დაფიქსირდა (იხ. ნახ.1).

ნახ. 1. მიგრაციული ნაკადები EU8-ის ქვეყნებიდან EU15-ის ქვეყნებში (რაოდ.1000)

Picture1

წყარო: The European Union Labour Force Survey (EU LFS) based data, 2014.

განსხვავება საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ევროკავშირის მიერ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რვა ქვეყანასთან ხელშეკრულებების გაფორმების საწყის ეტაპზევე, ცხადი იყო, თუ რა ნაბიჯები მოჰყვებოდა შემდგომში ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველოს შემთხვევაში კი, პირიქით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების მომდევნო ეტაპი ევროკავშირში გაწევრიანება იქნება.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება არეგულირებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მოძრაობის საკითხებს. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმების მე-4 ნაწილი – „ფიზიკური პირების დროებითი წარმომადგენლობა საქმიანი მიზნებისთვის“ – შეეხება მხარეების მიერ გატარებულ ზომებს მათ ტერიტორიებზე ძირითადი პერსონალის, სტაჟიორების, ბიზნესის გამყიდველების, საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების და დამოუკიდებელი პროფესიონალების შესვლასთან და დროებით ყოფნასთან დაკავშირებით.  [6, გვ.144]

აღნიშნული მე-4 ნაწილის 92-ე მუხლის – “პროფესიონალების” თანახმად, და შეთანხმების XIV-D და XIV-H დანართების შესაბამისად, მხარეებმა უნდა დართონ ნება მათ ტერიტორიაზე მეორე მხარის დამოუკიდებელ პროფესიონალებს მომსახურების მიწოდებაზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.

კიდევ უფრო საყურადღებოა იმავე მე-4 ნაწილის 89-ე მუხლი – „ძირითადი პერსონალი და სტაჟიორები“, სადაც ნათქვამია შემდეგი:

იმ სექტორებში, სადაც ვალდებულება აღებულია ამ თავის მე-2 ნაწილის (დაფუძნება) და ამ შეთანხმების XIV-A და XIV-E დანართებით ან, ამ შეთანხმების XIV-C და XIV-G დანართებით განსაზღვრული დათქმების შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დართოს ნება მეორე მხარის მეწარმეებს, რომ მათ, მათ მიერ დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტში დაასაქმონ ამ მეორე მხარის ფიზიკური პირები, სადაც, ეს დასაქმებულები წარმოადგენენ ძირითად პერსონალს ან სტაჟიორებს, წინამდებარე შეთანხმების 88-ე მუხლის შესაბამისად. ძირითადი პერსონალის ან სტაჟიორების დროებითი შემოსვლა და დროებითი ყოფნა შესაძლებელია პერიოდით, რომელიც არ აღემატება 3 წელიწადს კორპორაციის შიგნით გადაადგილებული პირებისათვის, 90 დღეს ნებისმიერ 12-თვიან პერიოდში ბიზნეს ვიზიტორებისათვის დაფუძნების მიზნით და 1 წელიწადს სტაჟიორებისათვის. [6, გვ.149]

გრძელვადიან პერსპექტივაში, „სიღარიბის მიგრაციის“ შეჩერება ან აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით წარმოშობის ქვეყნებში. ასოცირების შესახებ შეთანხმება და DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცმველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება) უზრუნველყოფს საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. იგი ითვალისწინებს სავაჭრო ბარიერების გაუქმებას და კანონმდებლობის დაახლოებას, აგრეთვე – acquis communautaire-ის 80%-ის მიღებით საქართველოს ინტეგრაციას ევროპის შიდა ბაზარზე. ყოველივე ამან კი საქართველოში  სათანადო წინაპირობები უნდა შექმნას ევროკავშირის შრომის ბაზრის უფრო მეტად გახსნისთვის.

ბიბლიოგრაფია

  1. The European Council. Press releases 05/10/2016. Visas: Council agrees its negotiating position on visa liberalisation for Georgia
  2. Consolidated version of the Treaty on the Functioning of the European Union. This is the version of the 1992 Maastricht Treaty on European Union(TEU), originally in force from 1 November 1993 (entry into force of this form: 1 December 2009), as amended by the Treaty of Amsterdam, Treaty of Nice, Treaty of Lisbon and accession treaties to the European Union of 1994, 2003 and 2005.

http://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2016/10/05/visas-georgia/

  1. Hailbronner, Kay (Hrsg.). 30 Jahre Freizügigkeit in Europa. Beiträge anläßlich des Symposiums vom 3.-5.Dezember 1997 in Konstanz. C.F. Müller Verlag. Heidelberg. 1998.
  2. Freizügigkeit für osteuropäische Arbeitnehmer. Arbeitnehmerfreizügigkeit (29.04.2011). Bundeszentrale für politische Bildung.
  3. გერმანიის სტატისტიკური სამსახურის პორტალი. https://de.statista.com/statistik/daten/studie/183219/umfrage/meinung-zur-freizuegigkeit-fuer-arbeitskraefte-aus-osteuropa/
  4. ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის.

Preconditions for access to the EU labor market and the EU-Georgia Association Agreement

Nona Gelitashvili

Doctor of Economics, Professor of Tbilisi Humanitarian Teaching University

             Abstract 

Freedom of movement is a right that belongs to every EU worker and is one of the four fundamental freedoms of the European Union. Every citizen of the Union has the right to move freely within the European Union, to enter and reside in any other Member State. This right is guaranteed by Article 18 of the EC Treaty.

Addressees of the fundamental freedoms are mainly the Member States. In the European Union, the free movement of persons has been guaranteed since 1993 as one of the four fundamental freedoms, in addition to the free movement of goods, the freedom to provide services and the free movement of capital. The free movement of persons includes freedom of movement for workers and freedom of establishment.

Freedom of movement means the abolition of residence and work permit requirements, as well as the abolition of personal checks at the borders, or visa-free movement. For the new accession countries of the EU there were some restrictions up to 6-7 years. In order to realize these freedoms, it is often necessary to harmonize the laws.

From 2016, following the entry into force of the Association Agreement with the EU, Georgia will be able to implement these fundamental freedoms, but not completely. Georgians can enter the Schengen area of ​​the EU from 28 March 2017 without a visa and only with biometric passports.

The difference between Georgia and the Eastern European post-socialist countries, which started agreements with the EU in 1990 years, is that it was clear from the beginning which steps would follow after the association agreement. However, in the case of Georgia it is less likely that at the end of the satisfying all requirements of the association agreement membership in the EU will follow.

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: