Posted by: burusi | December 31, 2017

სურსათის  ეტიკეტირება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების  ხელშეკრულებით გათვალისწინებული  პირობები

სურსათის  ეტიკეტირება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების  ხელშეკრულებით გათვალისწინებული  პირობები

თამარ გურჩიანი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტი

ხელმძღვანელი – თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, No 4.

შესავალი

2016 წლის, 30 სექტემბერს ევროპის ფონდმა დაასრულა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვაში. პროექტი ხორციელდებოდა ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ საუსათის უვნებლობასთან დაკავშირებულმა კანონმდებლობამ და პრაქტიკამ პოზიტიური ცვლილებები განიცადა, რაც სასურსათო პროდუქტების ეტიკეტირებასა და სასურსათო საწარმოების ინსპექტირების გამჭირველობაში გამოიხატა. პროექტი ასევე მიზნად ისახავდა სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ამ სფეროში დასაქმებულთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.

საქართველოს საჯარო უწყებებმა აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემუშავებული 18 რეკომენდაცია გაითვალისწინეს. მაგალითად საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის პროდუქტების შესახებ, რომელმაც აკრძალა რძის პროდუქტების სახელწოდების დატანა ისეთი პროდუქტების ეტიკეტზე, რომლებიც მცენარეულ ცხიმს შეიცავენ.

პროექტის ფარგლებში ევროპის ფონდი და მისი პარტნიორი ორგანიზაციები სურსათის უვნებლობის სფეროში მიმდინარე რეფორმების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ და შეფასების გზით განსაზღვრავენ თუ რამდენად სრულდება ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

სურსათის უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგს ახორციელებენ პროექტის გრანტის მიმღები ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებელთა 2500-ზე მეტ მიმართვას გამოეხმაურნენ. ჯამში დაფიქსირდა სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების დარღვევის 260 შემთხვევა, საიდანაც 145 ან თავად მეწარმის მიერ ან საჯარო უწყებების ჩარევის შედეგად გამოსწორდა.

საქართველოში არსებობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხისადმი მიძღვნილი ვებ-გვერდი www.momxmarebeli.ge, რომელშიც 703 000 წევრია გაერთიანებული, რაც ქვექნის მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით არც ისე ბევრია.

სასურსათო პროდუქტების უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სურსათის ეტიკეტია, რომელზე დატანილი ინფორმაციაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს განსაზღვროს ესა თუ ის პროდუქტი რამდენად შეესაბამება მის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია სურსათის ეტიკეტირებისას დაცული იყოს ყველა სავალდებულო მოთხოვნა და მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს იმ პროდუქტის შესახებ რომელსაც ყიდულობს და ყოველდღიურად მოიხმარს, სურსათის ეტიკეტი საშუალებას უნდა იძლეოდეს  ნებისმიერმა ადამიანმა ამა თუ იმ პროდუქტის შეძენამდე მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

საქართველოში სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების თვალსაზრისით არაერთი პრობლემა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურ და სამართლებრივ დონეზე კანონმდებლობა დაიხვეწა, პრაქტიკაში ხშირად ვხვდებით დარღვევებს, დაბალია საზოგადოების ინფორმირებულობაც, რაც საბოლოო ჯამში სურსათის მწარმოებელ სხვადასხვა ორგანიზაციებს დღემდე საშუალებას აძლევს გვერდი აუარონ სავალდებულო მოთხოვნებს და მოგებაზე აქცენტირებით, შეამცირონ სურსათის წარმოების ხარჯები, ხარისხის შემცირებით და აწარმოონ დაბალი თვითღირებულების პროდუქცია, რომლის რეალიზაციასაც შემდგომში უფრო დაბალ ფასად შეძლებენ. ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსახლეობის უმრავლესობა სასურსათო პროდუქციის შეძენის დროს ძირითადად სურსათის ფასის მიხედვით ხელმძღვანელობს, რაც უფრო დაბალია ფასი, მით უფრო მაღალია პროდუქტის მოხმარება. მომხმარებელთა ბაზრის ამ თავისებურებას ქვეყანაში მოქმედი ყველა სურსათის მწარმოებელი ორგანიზაცია ითვალისწინებს. მომხმარებელთა მხრიდან ხარისხიან პროდუქციაზე მეტად მოთხოვნაა დაბალ ფასიან პროდუქტზე, შესაბამისად მწარმოებელთა მხრიდანაც აქცენტი გადატანილია ფასზე, ხარისხის ნაცვლად.

სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია ინფორმირებული საზოგადოება, ვინაიდან ინფორმირებული მომხმარებლის გარეშე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების სრულყოფილი შესრულება შეუძლებელია.

სურსათის უვნებლობისა და ეტიკეტირების კუთხით ყველაზე პრობლემატურ პროდუქტებად რძის და ხორცის ნაწარმია მიჩნეული. ევროკავშირში საქონლის ხორცის ეტიკეტირება ძროხის ღრუბლისებრი ენცეოფალოპათიის გავრცელების შემდეგ დაინერგა. ამ დაავადების გამო, რომელიც თავის ტვინის უჯრედების დაშლას იწვევს 100-მდე ადამიანი დაიღუპა. ცოფიანი ძროხის ხორცის გასაღებისთვის ხელისშესაშლელად, დაავადებული ცხოველების გამოსავლენად და მისი პრევენციისთვის უამრავი თანხა დაიხარჯა, აიკრძალა საქონლის თავის ქალის, თავის ტვინის, ზურგის ტვინის, თვალების, ზურგის ტვინის სითხის, ნაწლავების, ელენთის გაყიდვაში გამოტანა. გასაყიდად ან დასაკლავად გასაყვანი ყველა ცხოველისთვის კი ვეტერინარული შემოწმება სავალდებულო გახდა, სავალდებულო გახდა ხორცის ეტიკეტირებაც, დაკვლის ადგილისა და დროის მითითებით.

ამჟამად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხორცპროდუქტების ყველა მწარმოებელი ვალდებულია სასურსათო ჯაჭვის ყველა ეტაპზე ჰქონდეს მიკვლევადობა დანერგილი.

კომპანია – “მარშე” , რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა,  მომხმარებელს 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქციას, მათ შორის: ნახევარფაბრიკატებს, თევზის პროდუქტებს, პურ-ფუნთუშეულსა და ძეხვეულს სთავაზობს,  კომპანიამ საქართველოში პირველმა მიკვლევადობა უკვე დანერგა.

მიკვლევადობის სქემა ასე მუშაობს: მიმწოდებლებს სერტიფიცირებული სასაკლაოდან მიაქვთ საქონლის ხორცი ფორმა N2-ით ( ფორმა N2 არის მიმწოდებლის და სასაკლაოს იდენტიფიკაცია). საწყობი ავსებს საკონტროლო სიას თარიღებით და მიმწოდებელთა პარტიის ნომრით. თუ მიმწოდებელს არა აქვს პარტიის ნომერი, მას კომპანია საკუთარ შიდა ნომერს ანიჭებს. ვეტერინარი ამოწმებს ტემპერატურას და იღებს ნიმუშს ლაბორატორიული ანალიზისთვის. ხორცი გადადის ნახევარფაბრიკატების და სოსისების განყოფილებაში, სადაც ტექნოლოგი ავსებს თავის საკონტროლო სიას ყველა ინგრედიენტებით (სახელი, პარტიისნომერიდა რაოდენობა) საბოლოო პროდუქტისთვის. საბოლოო პროდუქტს ენიჭება საკონტროლო ნომერი, წარმოების თარიღი და ვარგისიანობის ვადა.

კომპანია მარშემ თანამშრომლობა დაიწყო ისეთ საერთაშორისო ფრანჩაიზებთან, როგორებიცაა Wendy’s, Donkey Donuts, Domino’s Pizza, Old Wild West, Hard Rock Café. კომპანიამ მოიგო სამთავრობო ტენდერები ჯარისთვის და პოლიციისთვის პროდუქციის მიწოდებაზე, იწყებს ექსპორტს აზერბაიჯანის, უკრაინის და პოლონეთის ბაზრებზე. მარშეს პოლონეთში ექსპორტზე ხორცის ნაწარმი გააქვს, თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოში ხორცის მწარმოებელ კომპანიებს ჯერ მიკვლევადობა არ აქვთ დანერგილი, მარშე იძულებულია საექსპორტო პროდუქციისთვის საჭირო ხორცი ევროკავშირიდან შემოიტანოს.

საქონლის ხორცის ეტიკეტირება და სურსათის მიკვლევადობა

სურსათის მიკვლევადობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია საქონლის ხორცის ეტიკეტირება. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „ტექნიკური რეგლამენტი – საქონლის ხორცისა და  ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის შესახებ. რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ხორცისა და ხორცპროდუქტის ეტიკეტირება განახორციელოს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

ბიზნეს-ოპერატორი, რომელიც ახორციელებს ხორცის წარმოებასა და რეალიზაციას, ვალდებულია, დანერგილი ჰქონდეს მიკვლევადობის სისტემა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კავშირის დადგენა ხორცსა და ცალკეულ ცხოველს ან/და ცხოველებს შორის.

სავალდებულოა ეტიკეტირების სისტემამ უზრუნველყოს კავშირის დადგენა ტანხორცს, ტანხორცის მეოთხედს, ხორცის ნაჭრებსა და ცალკეულ ცხოველს შორის. ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია მომხმარებლისათვის უნდა იყოს სრული, გასაგები და ადვილად წასაკითხი.

ტექნიკური რეგლამენტით სავალდებულოა ხორცის, ხორცის პარტიის შემადგენლობის, გატარებული ხორცის, ხორცის ანაჭერის, ასევე დაჭრილი შეფუთული და შეუფუთავი ხორცის ეტიკეტირება. ანუ, საქონლის ხორცის არცერთი ნაჭერი არ გაიყიდება ეტიკეტირების გარეშე, მათ შორის არც გატარებული ხორცი. ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს საცნობარო ნომერი ან საცნობარო კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას ბიზნეს-ოპერატორის მიერ. ეს შესაძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანზე განთავსებული საიდენტიფიკაციო ნომერი ან ბიზნეს-ოპერატორის მიერ სასაკლაოზე ცხოველთა ჯგუფისთვის მინიჭებული ნომერი, რომლისგანაც მიღებულია ხორცი.

თუ ხორცი მიღებულია იმ ცხოველისაგან ან ცხოველების  ჯგუფისაგან, რომელიც დაიბადა, გაიზარდა და დაიკლა საქართველოში („წარმოშობა- საქართველო“), ეტიკეტზე მითითებულ უნდა იქნეს ასევე სასაკლაოზე ცოცხალი ცხოველის მიმყვანი პირის პირადი ნომერი. ხორცის ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

2017 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირების გაგრძელებას უფლება აღარ აქვთ იმ სასაკლაოებს, რომელსაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) სრულყოფილად არ აქვთ დანერგილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ლიცენზირებულია ცხოველთა 91 სასაკლაო, აქედან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) სრულყოფილად მხოლოდ რამდენიმეს აქვს დანერგილი. სასაკლაოების უმეტესობა ამ სისტემას ახლა ნერგავს, ნაწილი კი სააგენტოს მიერ მითითებული ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობს.

უცხოური გამოცდილება

სერბეთი

სერბიამ კანონმდებლობის და წარმოების პრაქტიკის ჰარმონიზება ევროკავშირთან 2001 წელს დაიწყო. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში 2009 წლიდან 2014 წლამდე მიღებულია 25 ახალი კანონი და 80 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.
2009 წლიდან 500-ზე მეტმა ობიექტმა დანერგა სტანდარტები სამთავრობო გრანტებით/სესხებით ობიექტის აღიარების, დანადგარების საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მეშვეობით. საკვების ეტიკეტირების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანის პროცესი დაიწყო 2012 წელს. ამავე წლიდან სერბია მონაწილეობს ვაჭრობის კონტროლისა და ექპერტიზის სისტემაში (TRACES).

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) პრინციპები სავალდებულოა მსხვილ საწარმოებში, მცირე საწარმოებში (ყველა სექტორი) მოქნილი HACCP-ის სისტემა მოქმედებს.

საუკეთესო ჰიგიენის პრაქტიკის (GHP) და საუკეთესო წარმოების პრაქტიკის (GMP) მოთხოვნები სავალდებულოა ყველა მწარმოებლებისათვის.

“ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტს წინ უსწრებდა მრავალი რეფორმა სურსათის უვნებლობის სფეროში. ამჟამად სერბეთში 80 სასაკლაო და 183 გადამამუშავებელი საწარმოა. აქედან სერტიფიცირებული HACCP-ის სისტემა დანერგილი აქვს 54%-ს, მოქნილი HACCP-ის სისტემა დანერგილი აქვს 35%-ს, დანერგვის პროცესშია 8%, 3%-ს კი ეს პროცესი ჯერ არ დაუწყია. მიკვლევადობის სისტემა ჯერ კიდევ განვითარების სტადიაშია. ზოგიერთ მცირე მწარმოებელს და ტრადიციულ მწარმოებელს სერიოზული პრობლემები აქვთ HACCP-თან და მიკვლევადობასთან დაკავშირებით. სასაკლაოებს უნდა ჰქონდეთ ჩანაწერები, რომლებიც იძლევა შესყიდვების, დაკლული საქონლის, ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ცირკულაციის და ცხოველთა პროდუქტების მიკვლევადობის საშუალებას. ჩანაწერები უნდა ინახებოდეს 3 წლის განმავლობაში და უნდა წარედგინოს ვეტერინარულ ინსპექტორს მოთხოვნის შესაბამისად.  ამჟამად სრული მიკვლევადობა მიიღწევა მხოლოდ საექსპორტო საქონელზე. ერთი რამ ცხადია, ევროკავშირის წესებთან და საწარმოო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის სტიმულირებამ გაზარდა ხორცის ექსპორტის მოცულობა. თუ 2010 წელს სერბეთიდან ექსპორტზე 59.5 მლნ აშს დოლარის ოდენობის ხორცი გავიდა ექსპორტზე, 2014 წელს ამ თანხამ 147.3 მლნ დოლარს მიაღწია. ხორცი და მისი ნაწარმი ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ბოსნია-ჰერცოგოვინა, მონტენეგრო, კოსოვო, მოლდოვა, იტალია, ისრაელი, თურქეთი, რუსეთი და ხორვატია,” – ამბობს პროფესორი გორდანა რისტიჩი, EBRD-ის კონსულტანტი.

სლოვაკეთი

ევროკავშირში გაწევრიანებამდე სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მწარმოებლებს HACCP-ის გარეშე არ შეეძლოთ ტრადიციული პროდუქტების გაყიდვა. ამის გამო ბევრი მწარმოებელი იძულებული გახდა ტრადიციული ხორცის პროდუქტების წარმოებისათვის თავი დაენებებინა. გაიზარდა მსგავსი პროდუქტების იმპორტი სხვა ქვეყნებიდან.

სლოვენია

HACCP სისტემის დანერგვა არ მოეთხოვებოდათ იმ საწარმოებს, სადაც ხორცის წარმოება წელიწადში 26 000 კილოგრამზე ნაკლები იყო. სამაგიეროდ, მათ მოეთხოვებოდათ ისეთი სტანდარტების დანერგვა, როგორებიცაა GHP და GMP. ამით შენარჩუნდა ტრადიციული ხორცის პროდუქტების წარმოება და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებიც დაკმაყოფილდა.

საქართველოში სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებით მოქმედი რეგულაციები

საქართველოს კანონმდებლობა ადგენს, თუ როგორი უნდა იყოს და რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს გასაყიდად გამოტანილი სასურსათო პროდუქტების ეტიკეტი. 2012 წელს გაუქმდა სურსათის კონტროლის ეროვნული სააგენტო, რის შემდეგაც ამ მიმართულებით მრავალი პრობლემა წარმოიშვა.   2014 წლის 1 იანვრიდან კვლავ ძალაში შევიდა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული რეგულაციები და ჯარიმები  ამოქმედდა სურსათის ეტიკეტირების წესების დარღვევისთვის. საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად არაერთ მცირე თუ მსხვილ საწარმოს დაეკისრა ფულადი ჯარიმები ეტიკეტირებისა და ზოგადად სურსათის უსაფრთხოების კუთხით არსებული დარღვევების გამო.

ეტიკეტირების ძირითადი მოთხოვნები

საქართველოს კანონმდებლობა, ევროპული გამოცდილებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით საკმაოდ მოწესრიგებულია სურსათის ეტიკეტირების კუთხით, ვინაიდან ფორმალურ დონეზე გაწერილია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი ყველა რეგულაცია, მათ შორის ფუნდამენტური პრინციპებია:

  1. სურსათის ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის დასახელება;
  2. მითითებული უნდა იყოს პროდუქტის შემადგენლობა;
  3. გარკვეული ტიპის სურსათზე დამატებით უნდა მიეთითოს მასში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემცველობა;
  4.  უნდა მიეთითოს სურსათის წონა ან მოცულობა;
  5.  სურსათის წარმოშობის ქვეყანა და დამამზადებლისა და იმპორტიორის საფირმო სახელწოდება;
  6.  დამზადების თარიღი, ვარგისობის/შენახვის ვადა;
  7.  თუ სურსათის, ან მისი რომელიმე ინგრედიენტის წონის 0,9%-ზე მეტს გენმოდიფიცირებული პროდუქტი შეადგენს, აუცილებელია მასზე მიეთითოს  „გმო შემცველი“;
  8.  თუკი სურსათი დასხივებულია მაიონიზებელი რადიაციით (მაგალითად, სტერილიზაციის მიზნით), მის დასახელებასთან ახლოს ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შესაბამისი წარწერა ან  ნიშანი
  9. სურსათის ეტიკეტი შეფუთულ ერთეულზე მიმაგრებული ან განთავსებული უნდა იქნეს ისე, რომ ადვილად არ სცილდებოდეს.
  10. ეტიკეტზე განთავსებული სავალდებულო ინფორმაცია მომხმარებლისთვის უნდა იყოს სრული, გასაგები, შესამჩნევი, ადვილად წასაკითხი. დაუშვებელია წარწერის გადაფარვა სხვა წარწერით ან ნახატით.
  11. დასაშვებია ეტიკეტზე წერილობითი, ბეჭდური ან გრაფიკული გამოსახულების განთავსება.
  12. ეტიკეტზე სურსათის დასახელება და შემადგენლობა განთავსებული უნდა იქნეს გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში.
  13. სურსათში გამოყენებული ინგრედიენტების ჩამონათვალი მოცემული უნდა იქნეს შესაბამისი სათაურით“შემადგენლობა”, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სურსათი შეიცავს მხოლოდ ერთ ინგრედიენტს.
  14. სურსათის ეტიკეტზე ინფორმაცია უნდა განთავსდეს ქართულ ენაზე.
  15. სურსათის მცირე ზომის დაფასოებული ერთეულისათვის, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, არ არის სავალდებულო ეტიკეტზე პარტიის, ინგრედიენტების ჩამონათვალის, შენახვის ვადისა და გამოყენების ინსტრუქციის შესახებ ინფორმაციის განთავსება.
  1. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში რეალიზაციისათვის განკუთვნილ სურსათსა და სასურსათო ნედლეულზე სავალდებულო ინფორმაცია მოცემულ უნდა იქნეს თანმხლებ დოკუმენტაციაში.

კვებითი ღირებულების აღნიშვნა

  1. ეტიკეტზე სურსათის კვებითი ღირებულების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიუთითებს სურსათში ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების რაოდენობრივ შემცველობაზე ანუ კალორიულობაზე (ენერგეტიკულ ღირებულება).
  2.   ეტიკეტზე ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების რაოდენობრივი შემცველობისა და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ ინფორმაციის განთავსება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, როდესაც რეკომენდირებულ სადღეღამისო ნორმაში ან 100 გ ან 100 მლ სურსათში მათი შემცველობა 2%-ზე მეტია.
  3.   სავალდებულოა ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ მითითებული იქნეს 100 გ (100 მლ) სურსათისათვის, ან ერთეული უფისათვის, ულუფის ოდენობის ჩვენებით.
  4.   ინფორმაცია ენერგეტიკული ღირებულების შესახებ გამოსახული უნდა იქნეს კილოკალორიებში (კკალ) ან კილოჯოულებში (კჯ).
  5. ნახშირწყლების შესახებ ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყველა იმ ნახშირწყალს (მათ შორის პოლიოლებს), რომელთა მეტაბოლიზმი ხდება ადამიანის ორგანიზმში.
  6. ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების (მათ შორის შაქრების), უჯრედისის, ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების, ნატრიუმის შემცველობას გამოსახავენ გრამებში; ვიტამინებსა და მინერალური ნივთიერებებს საერთაშორისო სისტემის ერთეულებში, ან საერთაშორისო ერთეულებში.
  7.  დასაშვებია კვებითი ღირებულება არ იქნეს მითითებული ჩაის, ყავის, ძმრის, სუფრის მარილის, სუნელების, სანელებლების, საღეჭი რეზინის, საკვები დანამატების, არომატიზატორების, გადაუმუშავებელი სურსათის (თევზი, ხორცი, სოკო, ბოსტნეული, ხილი) ეტიკეტზე.

გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირება

  1. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას.
  2.   თუ სურსათი შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, მაშინ წარწერა “გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი” “(გმო)” უნდა მიეთითოს სურსათის დასახელებასთან ახლოს.
  3.  თუ სურსათის შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ინგრედიენტი, რომელთაგან ერთერთი გენმოდიფიცირებულია, მაშინ წარწერა “გმო” უნდა განთავსდეს “შემადგენლობაში” ინგრედიენტთა ჩამონათვალში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის გასწვრივ.
  4. სურსათი, რომელიც არ შეიცავს დნმ-ს და დამზადებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმისაგან, ექვემდებარება სავალდებულო აღნიშვნას ეტიკეტზე ნედლეულის წარმოშობის ქვეყნის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის შესაბამისად.
  5. “გმო”-ს შემცველ დაუფასოებელ სურსათს, თუ ის განკუთვნილია საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისთვის, თან უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართები ან/და ბუკლეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის.
  6.  “გმო”-ს შემცველ მცირე ზომის დაფასოებულ სურსათზე, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, აუცილებელია განთავსდეს ინფორმაცია -”გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი” ან “გმო შემცველი”.

დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დატანილი შეიძლება იყოს სურსათის ეტიკეტზე

  1. რელიგიური წეს-ჩვეულებებისათვის სურსათის გამოსადეგობის მითითება (მაგ. ”სამარხვო”);
  2. ისეთი შეუცვლელი საკვები ნივთიერებების შემცველობის მითითება, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, საკვები ბოჭკოები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, ბაქტერიული კულტურები. თუ ეს კომპონენტები სურსათში დამატებულია (ანუ სურსათი ფორტიფიცირებულია), დაიშვება მიეთითოს იმ სპეციალური თვისებების შესახებ, რომელიც ამ დამატებით სურსათმა შეიძინა;
  3. ზოგადი ინფორმაციის განთავსება პროდუქტში შემავალი ამა თუ იმ ნივთიერების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ;
  4. მკაცრად არის დადგენილი თუ რას ნიშნავს და როდის შეიძლება გამოიყენებოდეს ისეთი ტერმინები როგორებიცაა “დაბალი ენერგეტიკული ღირებულება”, “ქოლესტერინის გარეშე”, “ცილების მარალი შემცველობა” და ა.შ. მსგავსი ინფორმაციის განთავსებისას პროდუქციას თან უნდა ახლდეს აღნიშნული შემცველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

საკვლევი საკითხის აქტუალურობა

საქართველოს კანონმდებლობა ფორმალურ დონეზე განსაზღვრავს და აწესრიგებს სურსათის ეტიკეტირების ფორმატს, თუმცა 2011 წელს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გაუქმდა, რის გამოც მწარმოებლების უმრავლესობა აღარ იცავდა ეტიკეტირების წესებს. 2014 წელს ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მწარმოებელი ეტიკეტირების წესების დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე 800, ხოლო მომდევნოზე 1200 ლარით ჯარიმდება, ამასთანავე ამოქმედდა ევროკავშირის რეგულაციები, თუმცა დღემდე ამ კუთხით ქვეყანაში არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა, რადგან არ არსებობს დარღვევებზე რეაგირების მომხდენი ეფექტური მექანიზმები და ინსტიტუტები.

მომხმარებელი.გე  (სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტი) 2014 წლიდან ინტენსიურად ამოწმებს სურსათსა და სხვადასხვა პროდუქტებს. მათ აღმოუჩენიათ ეტიკეტირების წესის დარღვევები. მომხმარებელი.გე-ს მიერ აღმოჩენილი დარღვევების ნაწილი ეტიკეტირებასთან დაკავშირებით ასე გამოიყურება;

  • 2016 წლის 3 აგვისტოს ,,გუდვილში’’ იყიდეს მიერალური წყლის, ,,ფლატეს’’ ბოთლი, რომელსაც ძირითადი ინფორმაცია ეტიკეტზე ჰქონდა უცხო ენაზე. კანონმდებლობის მიხედვით, ეტიკეტი ქართულ ენაზე უნდა იყოს შედგენილი
  • 2016 წლის 1 აპრილი: დარღვევა ყველის  ეტიკეტზე, რომელსაც არ ჰქონდა მითითებული მწარმოებელი ქვეყანა, ხოლო სულგუნს არ ჰქონდა მითითებული მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • 2016 წლის 20 მარტს ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინეს ,,გრანინის’’ ფირმის ანანასის წვენი, რომლის უცხო ენოვანი და ქართულენოვანი ეტიკეტი ერთმანეთს არ ემთხვეოდა.
  • 2015 წლის 5 ოქტომბერს ,,კარფურში’’ შეიძინეს ,,როშენის’’ ვაფლი, რომელსაც არ ჰქონდა ეტიკეტი ქართულ ენაზე.
  • 2015 წლის 4 სექტემბერს შეიძინეს ,,მხნეობის’’ პური, რომლის ეტიკეტზე დატანილი მასა არ ემთხვეოდა რეალურ წონას.
  • 2014 წლის 9 სექტემბერს შეიძინეს ,,კარფურში’’ თურქული ქათამი, რომლის ეტიკეტზე არ იყო მითითებული ვარგისიანობის ვადები, რის გამოც, სააგენტოს ცნობით, მაღაზია 1200 ლარით დააჯარიმეს.

სტრატეგიული განვითარების ცენტრის გარდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორებიც მთელი წლის განმავლობაში  დადიან და ამოწმებენ სურსათს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ  აღმოჩენილი დარღვევები 2014 წლის მონაცემებით, რომელიც აღებულია სააგენტოს ვებ-გვერდიდან:

  • საქართველოს მაშტაბით სულ 5184 ინსპექტირება განხორციელდა, 2424 ბიზნესოპერატორი გადაამოწმეს, 26934 რეკომენდაცია გასცეს. აქედან ეტიკეტირების შესაბამისობის დარღვევას მოქმედ საკანონმდებლო აქტთან შეეხებოდა 494;
  • ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 400 ლარით დააჯარიმეს 161 ბიზნეს-ოპერატორი, ხოლო 1200 ლარით დააჯარიმეს 3 ბიზნეს-ოპერატორი;
  • ინსპექტირება შეეხო ხორცის, ნაყინის, თევზის, რძის პროდუქტების ნაწარმს, პურფუნთუშეულსა და საცხობებს, ყავასა და ჩაის საწარმოებს, უალკოჰოლო სასმელებს და სხვა სახეობის სურსათს.
  • სურსათის ნიმუშების ლაბორატორიულ კვლევაზე გაიცა 773 რეკომენდაცია.

საინტერესოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2016-2017 წლებში მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევებიც, თუმცა ვებ-გვერდზე ამ პერიოდის შესახებ ინფორმაცია არ დევს.

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ სურსათის ეტიკეტირების დარღვევებთან დაკავშირებული სტატისტიკური მასალა საკმაოდ მრავალფეროვანია და ამ მიმართულებით არსებულ რთულ და კომპლექსურ პრობლემებზე მეტყველებს.

კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია

კვლევის მიზანია შეისწავლოს რამდენად დაცულია ქართულ სავაჭრო ცენტრებში საკვების ეტიკეტირების ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესები.

მონაცემების შეგროვებისთვის გამოყენებულ იქნა თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია – დაკვირვების მეთოდი.

კვლევის არეალი

დაკვირვებები განხორციელდა თბილისის სამ ჰიპერმარკეტსა და აგრალურ ბაზარში. დაკვირვების ობიექტად შეირჩა საკვები პროდუქტების 4 კატეგორია: ხორცისა და  რძის პროდუქტები, პური, ტკბილეული (შოკოლადი) და ჰიპერმარკეტების მიერ, ადგილზე დამზადებული მზა საკვები. სასურსათო პროდუქტების სარეალიზაციო ადგილების შერჩევა განხორციელდა მომხმარებელთა სეგმენტისა და პროდუქციის ღირებულებებიდან გამომდინარე.

დაკვირვებები მიმდინარეობდა 10.05.2017-დან 10.06.2017 ჩათვლით.

ძირითადი მიგნებები

დაკვირვებების შედეგად გამოვლინდა, რომ სურსათის ეტიკეტირების სტანდარტების დაცვას სხვადასხვა სავაჭროო ცენტრში განსხვავებული ყურადღება ექცევა.

ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი ხორცის პროდუქტების ეტიკეტირებაა. დაკვირვებების პროცესში ხორცის პროდუქტებთან დაკავშირებით ეტიკეტირებისა და უსაფრთხოების ნორმები ყველაზე კარგად ჰიპერმარკეტ გუდვილში იყო დაცული. აქ სარეალიზაციოდ წარმოდგენილ ყველა ხორცპროდუქტის ეტიკეტზე შესაძლებელი იყო მიკვლევადობის განსაზღვრა. ჰიპერმარკეტ გუდვილში ძირითადად სარეალიზაციოდ წარმოდგენილია კომპანია „მარშეს“ პროდუქცია. კომპანია მარშე არის გუდვილის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია და ამავდროულად ერთადერთი კომპანია საქართველოში, რომელსაც დანერგილი აქვს მიკვლევადობა მის ქსელში. მარშეს წარმოებული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს და ხდება მისი ექსპორტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში.

კომპანია მარშეს პროდუქცია წარმოდგენილია ფუდმარტშიც, თუმცა მხოლოდ ძეხვეულის ხაზით. ფუდმარტში მარშეს პროდუქციასთან ერთად ვხვდებით ნიკორას, იოლის წარმოებულ ხორცპროდუქტებს, რომლებშიც სრულად არ არის დაცული ეტიკეტირების სტანდარტები.  სარეალიზაციოდ წარმოდგენილი  ხორცპროდუქტები განთავსებულია ნახევრად ღია საყინულეებში, ხორცპროდუქტების წინ, განთავსებულია მცირე ზომის ნიშნები, რომლებზეც მოცემულია პროდუქციის ღირებულება, სხვა ტიპის ინფორმაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.  უმეტეს შემთხვევაში ყურადღებას იქცევს ხორცპროდუქტებზე  სააქციო ფასები, რომლებიც მთლიანად ფარავს პროდუქტის მთლიან მახასიათებლებს. ხორცპროდუქტების შეძენისას შეუძლებელია მათი წარმოების ქვეყნის, წარმოების ვადისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარჩევა, განსაკუთრებით რთულია გაყინული ხორცპროდუქტების ეტიკეტის წაკითხვა. გაყინული ხორცპროდუქტები ძირითადად ეტიკეტით არის წარმოდგენილი, თუმცა, ამ ეტიკეტის წასაკითხად აუცილებელია მათი საყინულიდან ამოღება, ხშირ შემთხვევაში საყინულეში განთავსებული პროდუქციის ეტიკეტი დაზიანებულია და შეუძლებელია მასზე რაიმე ინფორმაციის გარჩევა.

ხორცპროდუქტების თვალსაზრისით ყველაზე რთული მდგომარეობა აგრალურ ბაზარშია, სადაც დარღვეულია უსაფრთხოებისა და ეტიკეტირების ყველა ნორმა. ხორცპროდუქტები სარეალიზაციოდ გამოტანილია ღია სივრცეში, არ არის დაცული მწერებისა და დაბინძურებისაგან. დახლებზე განთავსებულ ხორცპროდუქტებს არ აქვთ ეტიკეტი ან საინფორმაციო ბარათი, რომლითაც შესაძლებელი იქნება პროდუქტის მიკვლევადობის განსაზღვრა. აგრალურ ბაზარში ხორცპროდუქტების რეალიზების პროცესში არსებული გარემო და პრაქტიკა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და მომხმარებლებისთვის  უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ გაურკვეველი წარმოშობის სერთიფიკატებია, რომლებიც პროდუქციის გამსაღებლებს დახლებთან აქვთ წარმოდგენილი.

ხორცპროდუქტებთან შედარებით ბევრად მოწესრიგებულია რძის პროდუქტების ეტიკეტირების საკითხი.  ჰიპერმარკეტებში სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ყველა რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ცდილობს დაიცვას ეტიკეტირების ნორმები. რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის გამორჩეულია „სანტეს“ და „მილკო ფუდის“ პროდუქცია, რომელთა ეტიკეტზეც ქართულად, სრულად არის წარმოდგენილი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტიკეტირების  მოთხოვნები.

რძის პროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებით ძირითადად დარღვეულია ეტიკეტზე სურსათის დასახელებისა და შემადგენლობის  გამოსაჩენ ადგილას, ხედვის ერთ არეალში განთავსება. რძის პროდუქტების მწარმოებელ ყველა კომპანიას ეტიკეტირების საკუთარი მოდელი აქვს და საერთო  მიდგომა არ არის შემუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების შეფუთვებზე არსებული ეტიკეტების უმრავლესობაზე დაცულია პროდუქციის შემადგენობასთან, მასასთან და კალორიულობასთან დაკავშირებული ინფორმაციის დატანის ყველა წესი, მათი ეტიკეტები მომხმარებლებისთვის მაინც დამაბნეველია, რადგან ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაცია გაბნეულია შეფუთვის სხვადასხვა არეში.  სანტეს, მილკო ფუდი, სოფლის ნობათის, მარგოს წარმოებულ პროდუქციაზე ვარგისიანობის ვადა, კალორიულობა, პროდუქციაში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების შემადგენლობა, მასა შეფუთვის სხვადასხვა ნაწილში არის დატანილი.  მაგალითად სანტეს წარმოებულ მაწონზე ვადა მოცემულია თავსახურზე, კალორიულობა და შემადგენლობა, შეფუთვის ძირითად ნაწილში სხვადასხვა მხარეს, მილკო ფუდის პროდუქციაზე კი აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ძირითად შეფუთვაზე, რაც მომხმარებლისთვის საკმაოდ დამაბნეველია და ინფორმაციის მისაღებად საგანგებოდ, ყურადღებით უხდებათ მთლიანი შეფუთვის დათვალიერება და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიგნება.

გუდვილისა და ფუდმარტის ქსელებში სარეალიზაციოდ წარმოდგენილია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ტკბილეული, რომელთა შორისაც უმრავლესობა  უცხოურია. სარეალიზაციოდ წარმოდგენილ შოკოლადის ფილებს შეფუთვაზე ხშირად არ აქვთ ქართული ეტიკეტი, ამ მხრივ გამონაკლისია ქართული წარმოების ბარამბო. მიუხედავად ქართული ეტიკეტის არ არსებობისა, შოკოლადის შეფუთვებზე წარმოდგენილია ცხრილი, რომელშიც დეტალურად წერია პროდუქტის შემცველობა და კალორიულობა. უცხოური წარმოების ტკბილეულს შორის ეტიკეტირების ნორმების დარღვევით გამოირჩევა უკრაინული კომპანია „როშენის“ მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც საკმაოდ ფართე სპექტრით არის წარმოდგენილი ყველა სავაჭრო ცენტრში. კომპანია „როშენის“ მიერ სარეალიზაციოდ წარმოდგენილია ტკბილეული, რომელიც იყიდება წონით და მცირე შეფუთვებად არ არის დაფასოებული. ასეთ შემთხვევებში პროდუქციის შემადგენლობის, ვადის, კალორიულობის შესახებ მომხმარებელს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნიათ და მხოლოდ მაღაზიის კონსულტანტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციის იმედად არის დარჩენილი.

განსაკუთრებით პრობლემატურია სავაჭრო ობიექტებში სარეალიზაციოდ წარმოდგენილი მზა პროდუქცია. ჰიპერმარკეტ გუდვილში და ფუდმარტში წარმოდგენილია მათი დამზადებული მზა კერძებიც, ტკბილეული, ცომეული, სალათები და ა.შ. რომლებსაც უმეტეს შემთხვევაში ღირებულების გარდა სხვა ინფორმაცია არ აქვთ მითითებული. ჰიპერმარკეტ გუდვილის შემთხვევაში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ იქვე არსებულ ღია კაფეში მიირთვან ის კერძები, რომელსაც გუდვილში შეიძენენ, თუმცა ამ კაფეს არ აქვს მენიუ რომელშიც ამა თუ იმ პროდუქტის შემადგენლობა და კალორიულობა იქნება ასახული.

 მზა კერძებს შორის სეზონურად ძალიან პოპულარულია ე.წ ფრეშ სალათა, რომელიც სხვადასხვა სახის ბოსტნეულის შერევით მზადდება, მომხმარებლებს საშუალება აქვთ სალათა დაამზადებინონ მათი მოთხოვნის შესაბამისად, თავად შეუძლიათ აირჩიონ შემადგენელი ინგრედიენტები და მათი პროპორცია, ასევე შესაძლებელია ქათმის ხორცის, ყველის, მაიონეზის, სხვადასხვა ტიპის ზეთის დანამატი ინგრედიენტის სახით გამოყენებაც. ამ შემთხვევაშიც მთლიანად დარღვეულია ეტიკეტირების ნორმები, ვინაიდან ხორცის, ყველის და მაიონეზის შემთხვევაში არსად არ არის მითითებული მათი კალორიულობა, შემადგენლობა, ქვეყანა სადაც დამზადდა აღნიშნული პროდუქცია და ა.შ, მომხმარებლებს როგორც უმრავლეს შემთხვევაში „ბრმად“ უხდება საკვები პროდუქტის შეძენა.

საერთო ჯამში სარეალიზაციოდ წარმოდგენილ პროდუქტებს შორის ეტიკეტირების ნორმები უფრო მეტად დაცულია შეფუთულ ან დაფასოებულ პროდუქტებზე, რომლებიც ჰიპერმარკეტებში უკვე შემოწმების გავლის შემდეგ ხვდება, ადგილზე წარმოებულ საკვებ პროდუქტებზე კი მომხმარებლებს მხოლოდ მასისა და ფასის შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია, რაც მხოლოდ შეძენილი პროდუქტის ღირებულების განსაზღვრისა და გადახდისთვის არის საჭირო.

ყველაზე რთული სიტუაციაა პურთან დაკავშირებით. საქართველოში არ არსებობს პურში საღებავების  ლაბორატორიული შემოწმების შესაძლებლობა.  გუდვილში და ფუდმარტში წარმოდგენილია სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული, ათეულობით სახის პური, რიმელთა უმრავლესობა ეტიკეტირებულია.  პურის სხვადასხვა სახეობებს შორის ეტიკეტირების ნორმების დაცვით გამოირჩევა შავი პური, ხოლო თეთრ პურზე, განსაკუთრებით ტრადიციული ქართული მეთოდით ნაწარმოებზე, როგორიცაა შოთის პური, არანაირი ინფორმაცია პროდუქტის შემადგენლობის, მასისა და კალორიულობის შესახებ დატანილი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ შავი პურების შემთხვევაში ეტიკეტირების სტანდარტით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნის შესაბამისად არის ინფორმაცია განთავსებული, საეჭვოა ამ ინფორმაციის სანდოობა და ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს პურში საღებავების შემოწმების ლაბორატორიული საშუალება და არც ქვეყნის გარეთ ხდება მისი შემოწმება ხარჯების გამო, მომხმარებელი ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ შავი პურის სახით შეძენილი პროდუქცია ნამდვილად შავი პურია.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში ეტიკეტირების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება შედის, მდგომარეობა მაინც რთული რჩება, რადგან სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს ამ ეტაპზე არ აქვს შესაბამისი ადამიანური და ინსტიტუციური რესურსები იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები ეფექტურად გადაჭრას.

სასურსათო ფროდუქტებში უსაფრთხოების ნორმების დაცვას სჭირდება მუდმივი მონიტორინგი. სარეალიზაციოდ წარმოდგენილ პროდუქტებზე განთავსებულ ეტიკეტზე პასუხისმგებელია ის ობიექტი, სადაც პროდუქციაა განთავსებული. ის ვალდებულია ეტიკეტის შესაბამისად მიიღოს პროდუქცია. თუმცა ერთია ეტიკეტის შესაბამისობა კანონთან და მეორეა ეტიკეტის შესაბამისობა თავად პროდუქტთან. იმისთვის, რომ დადგინდეს ესა თუ ის ეტიკეტი ზუსტად ასახავს თუ არა თავად სურსათის შემადგენლობას ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა საჭირო, რაც შავი პურის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება, სხვა პროდუქციის შემთხვევაში კი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ახდენს ტენდერით შერჩეულ ლაბორატორიებში.

მიუხედავად ფორმალურ დონეზე არსებული რეგულაციებისა და ქვეყანაში სურსათის უვნებლობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სააგენტოსი, ასევე ევროკავშირთან პარტნიორობით მოქმედი რამდენიმე პროექტისა საქართველოში ამ მიმართულებით მდგომარეობა საკმაოდ რთულია, რაც თვალშისაცემია ნებისმიერ სარეალიზაციო ობიექტში ვიზიტისას. მდგომარეობას ართულებს ამ კუთხით მომხმარებლების არაინფორმირებულობა და მათ მიერ სურსათის უსაფრთხოების უგულვებელყოფა. დაკვირვებების წარმოების პროცესში მოხდა აგრეთვე მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვებაც. პროდუქტის შეძენის მსურველ პირებს შორის იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ინტერესდებიან ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციით, ისინი ძირითადად ხელმძღვანელობენ ფასით.

ვინაიდან სურსათის ეტიკეტირების კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრა მხოლოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ მოხდება, ამ მხრივ მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და ამ პროცესში მათი აქტიური ჩართვა. სურსათის ეროვნული სააგენტო მის მიერ წარმოებულ მონიტორინგთან ერთად, ცხელი ხაზის საშუალებით მუდმივ კონტაქტზე იმყოფება მომხმარებლებთან და მათ შეუძლიათ დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, თუმცა, ამისთვის პირველ ეტაპზე საზოგადოებში უსაფრთხო სურსათის შეძენის კულტურის დამკვიდრება უნდა მოხდეს, რისთვისაც საინფორმაციო-პრევენციული ღონისძიებების ჩატარებაა საჭირო, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმისთვის, რომ სრულად დააკმაყოფილოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეძლოს ერთიანი ევროპული სივრცისთვის დამახასიათებელი უსაფრთხო, მომხმარებელბის ინტერესებზე მორგებული პროდუქციის წარმოება.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს კანონი, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/25426
  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება №441. ტექნიკური რეგლამენტის „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე

https://matsne.gov.ge/ka/document/download/2187143/0/ge/pdf

  1. ეკა ლეკაშვილი. სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის. თსუ მეცნიერება. თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტი

https://www.tsu.ge/science/?leng=ge&lcat=jurnal&jnomeri=4&tid=18

  1. სასურსათო უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკის დაგეგმარების გამჭოლი კონცეფცია. ევროკავშირი საქართველოსათვის. ENPARD – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისათვის. 2015

http://enpard.ge/ge/food-security-as-a-crosscutting-concept-for-policy-making-in-georgia/

  1. გურამ ალექსიძე, ზურაბ ცქიტიშვილი. სურსათის უვნებლობის სისტემების განვითარება საქართველოში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტი „სურსათის უვნებლობის გაუმჯობესება საქართველოს რძის სექტორში ცოდნის გადაცემის გზით“. 2016

http://georgiandairy.org/ka/post/sursatis-uvneblobis-sistemebis-ganvitareba-sakartveloshi

 

აბსტრაქტი

ნაშრომში განხილულია ქართულ სავაჭრო ცენტრებში, საკვების ეტიკეტირების, ნორმების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. საქართველოს კანონმდებლობა სურსათის ეტიკეტირების კუთხით საკმაოდ მოწესრიგებულია და ფორმალურ დონეზე მთლიანად იზიარებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედ ყველა რეგულაციასა და ფუნდამენტურ პრინციპს, თუმცა ქვეყანაში არ არსებობს ეფექტური მექანიზმები და ინსტიტუტები, რომლებიც სათანადო რეაგირებას მოახდენენ კანონით დადგენილი ნორმების დარღვევაზე, ასევე პასუხისმგებლობას აიღებენ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაზე, ქვეყანაში სურსათის შეძენისა და მოხმარების კულტურის ამაღლებაზე. ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ის პრობლემები, რომლებიც ქართულ სასურსათო ბაზარზე არსებობს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნდამენტური ნორმების შესრულების კუთხით. ნაშრომი მოიცავს თვისებრივ კვლევას, კერძოდ დაკვირვების მეთოდს, რომელიც გამოყენებულ იქნა თბილისში სასურსათო პროდუქციის რეალიზაციის 4 ყველაზე მსხვილ ლოკაციაზე. დაკვირვების ობიექტად შერჩეულ იქნა სურსათის 4 კატეგორია. სურსათის სარეალიზაციო ლოკაციები შეირჩა მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტის მოცვით, ხოლო სურსათის კატეგორიების გამოყოფა მოხდა სასურსათო ბაზარზე სხვადასხვა პროდუქტის მოხმარების სტატისტიკაზე დაყრდნობით. დაკვირვებების პროცესში განხორციელდა მომხმარებლების ქცევის ანალიზიც. დაკვირვების მეთოდის გამოყენების შედეგად წარმოჩნდა, რომ სურსათის ეტიკეტირების ნორმების დაცვის კუთხით საქართველოში მდგომარეობა საკმაოდ რთულია. სურსათის სარეალიზაციო არცერთ ობიეტტში არ არის დაცული ძირითადი ნორმები, საკვებ პროდუქტებზე დატანილი ინფორმაცია მომხმარებელს ბუნდოვან წარმოდგენას უქმნის მისი შემადგენლობისისა და ვარგისიანობის შესახებ, დაბალია მომხმარებელთა ინფორმირებულობაც, პროდუქტის შეძენის მსურველ პირებს შორის იშვიათად შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც ინტერესდებიან ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციით. მომხმარებელთა და საკვების სარეალიზაციო ობიექტში დასაქმებულ პირთა მიერ ძირითად შემთხვევებში აქცენტირებულია პროდუქციის ღირებულება და არა ინფორმაცია მისი მახასიათებლების შესახებ.

Food labeling and Conditions Envisaged by the EU-Georgia Association Agreement
Tamar Gurchiani – Master Student of Social and Political Sciences Faculty at the Iv. Javakhishvili Tbilisi State University

Abstract

The paper refers to the situation in Georgian trade centers, food labeling and protection of the regulations. The Georgian legislation is a very clear regarding food labeling and completely shares the regulations and fundamental principles of all EU member states at formal level, but there are no effective mechanisms and institutions in place to react to the violation of the established regulations of the law, as well as to be responsible on the increase of public awareness, raising the food purchase and consumption culture. The aim of the thesis is to show problems in the Georgian food market in terms of fulfillment of fundamental norms envisaged under the Association Agreement. The paper includes qualitative research, in particular the method of observation applied in 4 major locations of the sale of food products in Tbilisi. 4 categories of food were selected for the observation object. Food sales locations were selected including different segments of consumers, while food categories were allocated based upon the statistics on use of various products in the food market. Analysis of behavior of consumers was also carried out during the observation process. In the result of applying the observation method, it has shown that the situation in Georgia in terms of food labeling norms, is quite complicated. The fundamental rules are met in no object of food sales, the information printed on food products creates the obscure presentation for customers regarding its content and suitability, the level of awareness of consumers is very low, among individuals wishing to purchase products, you rarely can meet people who are interested in details about the label information. The consumers and individuals employed in the food sale objects focus on the price of products not on the information about its characteristics.

ციტირება:

თამარ გურჩიანი. სურსათის ეტიკეტირება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, No 4. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: