Posted by: burusi | December 30, 2017

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში

ლიკა ფეიქრიშვილი, ანა არევაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები

ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, No 4.

შესავალი

მეცნიერული ინტერესი საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის შესახებ ხაზგასმულია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის მიერ მომზადებულ ნაშრომში „ერთი საზოგადოება, მრავალი ეთნოსი (ეთნიკური მრავალფეროვნება და სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში)“ როგორც გია ნოდია წერს:

როგორც წესი, მსგავსი რეგიონების არაქართველი მოსახლეობის უმეტესობა ქართულ ენას ვერ ფლობს და კულტურული თვალსაზრისით მცირედინტეგრირებულია უმრავლეს მოსახლეობასთან. ეს პრობლემების ორ წყებას ქმნის. ერთი მხრივ, ასეთი ინტეგრირების არარსებობა ობიექტურად ეღობება პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში უმცირესობების რეალურ მონაწილეობას და ამცირებს ეკონომიური და კარიერული წარმატების მათ შანსებს. (ნოდია, 2003)

მეორე მხრივ, თვითონ ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდი ჯგუფები ქართულ ენას ვერ ფლობენ, ქართული მოსახლეობის გადაჭარბებულ უნდობლობას იწვევს: მათ უღრმავდებათ ეჭვი, რომ უმცირესობების წარმომადგენლები არასაკმარისად ლოიალურები არიან ქართული სახელმწიფოს მიმართ.

უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის (ECMI) მიერ ჩატარებულ 2009 წლის კვლევაში „განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები საქართველოში“ ხაზგასმულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ამ ჯგუფების განათლების პროცესში იკვეთება. უპირველეს ყოვლისა, გამოიყოფა ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე, რაც განაპირობებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის ნაკლებობას. საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობები ინფორმაციას ძირითადად თავიანთი ეთნიკური წარმოშობის ქვეყნების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან იღებენ. ენობრივი ბარიერი ერთგვარ უფსკრულს ქმნის ქართველ თანატოლებთან ურთიერთობის დროსაც. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მათ განათლების მიღებაში ხელს უშლით, არის არაქართულენოვანი სკოლების ნაკლებობა. ამასთანავე, მაღალმთიანი რეგიონების არაქართულენოვან სკოლებს  სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა მცირე რაოდენობით ან საერთოდ არ მოეპოვებათ. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძიების პროცესში იყო.

მრავალენოვანი განათლება სასწავლო პროცესში ორი ან მეტი ენის გამოყენებას ითვალისწინების, რაც შედეგად მშობლიური ენის შენარჩუნებასა და იმავდროულად სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობას ქმნის. ეს მეთოდი მსოფლიოს ბევრ სხვა მრავალეროვან ქვეყანაში იქნა აპრობირებული და ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების მართვის ეფექტურ საშუალებად იქცა. (გვ 23)

მერი ლობჟანიძე ნაშრომში „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს რეგიონებში: ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“ აღნიშნავს, რომ არაქართველი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაციის დაბრკოლების მიზეზია ქართული ენის არცოდნა, რაც იწვევს გაუცხოებას ქართული და არაქართული თემების ეთნოსთა შორის. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო სხვა ეთნოსის მოსახლეობის უმეტესობა გარკვეულ სირთულეებს აწყდება. ერთმანეთთან საკომუნიკაციო ენის არქონა ხშირად ქმნის გაუგებრობას და აღვივებს „უნდობლობას“ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის (ლობჟანიძე, 2009, პარაგრაფი 1.3).

გრაჰამ & ჯუვინენის (Graham, S., & Juvonen, J. (2002) და ჰანიშ & გუერას (Hanish, L., & Guerra, N. (2000) რასობრივი/ეთნიკური ჯგუფების კვლევაში, „ეთნიკურად, თანატოლების შევიწროვება და კონფლიქტების რეგულირება საშუალო სკოლებში: საკვლევი თემა“ (Ethnicity, peer harassment and adjustment in middle school: An exploratory study) დადასტურდა, რომ ვიქტიმიზაციის მსხვერპლი უფრო ხშირად არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები (Graham, S., & Juvonen, J., Hanish, L., & Guerra, N., 2002).

მეთოდოლოგია

კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა, კერძოდ, მათი ურთიერთობა ქართველ თანატოლებთან და იმ არსებული პრობლემების დადგენა, რომლებსაც აწყდებოდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, საველე სამუშაოების ჩატარებამდე ჩამოყალიბდა საკვლევი კითხვა : როგორია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაციის გამოცდილება?

თემის უკეთ შესასწავლად გამოყენებულ იქნა თვისებრივი სოციოლოგიური კვლევის ერთ-ერთი მეთოდი, ფოკუს ჯგუფი. მისი დადებითი მხარე მდგომარეობდა იმაში, რომ მცირე დროში გამოიკითხა ერთდროულად რამდენიმე რესპონდენტი და  არსებული თემის შესახებ სიღრმისეული ინფორმაცია იქნა მიღებული. გარდა ამისა, რადგან საქმე ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ფოკუს ჯგუფის მეთოდის გამოყენებამ მათთან სოციალური დისტანციის შემსუბუქება, იქედან გამომდინარე, რომ აქ რესპონდენტი მარტო არ იყო და მასთან ერთად დისკუსიაში სხვებიც მონაწილეობდნენ. ეს, ერთი მხრივ, ხსნიდა დაძაბულობასა და ხელს უწყობდა საჭირო ინფორმაციის მოპოვებას. თუმცა, აღნიშნულ მეთოდს თავისი სუსტი მხარეებიც გააჩნია. ახალბედა მკვლევრებისთვის რთული იყო მოდერატორის ამპლუაში ყოფნა და წარმატებული მუშაობისთვის ხელის შეწყობა, რაც გულისხმობს ყველა რესპონდენტისთვის თანაბარი პირობების შექმნას და კვლევისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას ეთიკის ნორმების დაცვით.

ფოკუს ჯგუფის ფარგლებში ძირითადი ინსტრუმენტი იყო სადისკუსიო გეგმა, რომელიც შედგებოდა 11 შეკითხვისაგან, მათგან პირველი იყო გამხსნელი კითხვა, რომელიც რესპონდენტებს საშუალებას აძლევდა გაცნობოდნენ ერთმანეთს. შემდეგი კითხვები კი შეეხებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ სოციალური ინტეგრაციის ცნების გაგებას, მათ ურთიერთობას ქართველ თანატოლებთან და ლექტორებთან, საუნივერსიტეტო და სხვა სოციალურ აქტივობებში ჩართულობასა და იმ ძირითად პრობლემებს, რომლებსაც სწავლის პროცესში აწყდებიან.

რაც შეეხება შერჩევის დიზაინს, მონაწილეები შეირჩნენ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები.  არსებული კვლევის ფარგლებში ჩატარდა სამი ფოკუს ჯგუფი და, საერთო ჯამში, გამოიკითხა 21 რესპონდენტი, აქედან, 10 მამრობითი სქესის და 11 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი. გამოკითხულთაგან 7 სტუდენტი ეროვნებით სომეხი იყო, ერთი – იეზიდი, ხოლო 13 – აზერბაიჯანელი. თითოეული ფოკუს ჯგუფი, დაახლოებით, 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ფოკუს ჯგუფების დამთავრების შემდგომ დაიწყო მონაცემთა დამუშავება, რომლის პირველი საფეხურიც იყო კატეგორიზება. გამოიყო 8 თემატური ჯგუფი: 1) სოციალური ინტეგრაცია და მისი ძირითადი ასპექტები; 2) საუნივერსიტეტო გარემოსთან შეგუება; 3) ურთიერთობა ქართველ თანატოლებთან; 4) ურთიერთობა ლექტორებთან; 5) დისკრიმინაცია; 6) სირთულეები სასწავლო პროცესში; 7) საუნივერსიტეტო და სხვა სახის აქტივობები; 8) ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ხარვეზების გამოსწორების მექანიზმები.

არსებულ შედეგებს ზღუდავს ის ფაქტი, რომ შერჩევისას დაირღვა ფოკუს ჯგუფის ერთ-ერთი პირობა – რესპონდენტების უმრავლესობა ერთმანეთთან მეგობრობდა. გარდა ამისა, რესპონდენტთა ჰომოგენურობა ჯგუფების მიხედვით არ იყო დაცული, არათანაბარი განაწილება იყო სქესობრივი ნიშნითაც. ასევე, სიღრმისეული ინფორმაციის მოსაპოვებლად ფოკუს ჯგუფების რაოდენობა არ იყო საკმარისი, რაც, რა თქმა უნდა, არ იძლევა შედეგების განზოგადების საშუალებას მთლიან ეთნიკურ უმცირესობებზე.

 მონაცემთა ანალიზი და შედეგები

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა. კვლევითი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაციის გამოცდილება ? აქვე, ჩამოვაყალიბეთ 3 ძირითადი ქვეკითხვა:

  1. როგორ არიან ჩართული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები  სასწავლო პროცესებში?
  2. როგორ ურთიერთობენ თანატოლები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან?
  3. როგორ არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები ჩართული საუნივერსიტეტო სოციალურ აქტივოვებებში ?

მონაცემების მოპოვების შემდეგ, გამოვყავით 8 თემატური ჯგუფი:

  1. სოციალური ინტეგრაცია და მისი ძირითადი ასპექტები;
  2. საუნივერსიტეტო გარემოსთან შეგუება;
  3. ურთიერთობა ქართველ თანატოლებთან;
  4. ურთიერთობა ლექტორებთან;
  5. დისკრიმინაცია;
  6. სირთულეები სასწავლო პროცესში;
  7. საუნივერსიტეტო და სხვა სახის აქტივობები;
  8. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ხარვეზების გამოსწორების მექანიზმები.

1. სოციალური ინტეგრაცია და მისი ძირითადი ასპექტები

„სოციალური ინტეგრაციის“ ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით, რესპონდენტების მხრიდან, ძირითადად, ერთნაირი შეხედულება დაფიქსირდა, თუმცა, მათ შორის იყო განსხვავებული აზრიც.

გამოიკვეთა, რომ რესპონდენტებმა იციან არსებული ცნების მნიშვნელობა. ისინი შეეცადნენ ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხები გაეცათ ამ შეკითხვაზე და რაც შეიძლება ბევრი ასპექტი განეხილათ.

უმრავლობა მიიჩნევს, რომ სოციალური ინტეგრაცია არის სხვადასხვა ერის წარმომადგენლის ერთმანეთთან დაახლოება, რომელიც ორმხრივი პროცესია და გულისხმობს, „შეინარჩუნო შენი ადათ-წესები, ტრადიციები და, ამავდროულად, პატივი სცე სხვა ერის კულტურას“ (ერჯან).

ჯანა ჯავახიშვილისა და ნოდარ სარჯველაძის მეთოდურ სახელმძღვანელოში „ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა“ ვკითხულობთ, რომ ეთნიკური უმციერესობებისათვის განსაკუთრებული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს მულტიკულტურალიზმის მოდელი, რაშიც იგულისხმება მათი თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება. პარალელურად ამისა, განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენელს ეძლევა საშუალება შეინარჩუნოს ეროვნული/ეთნიკური იდენტობაც, რომელიც არ გახდება დისკრიმინაციისა თუ ეთნოკონფლიქტის მიზეზი, პირიქით, იქნება აღიარებული და პატივცემული ( ჯავახიშვილი, სარჯველაძე, 2007, გვ. 35).

ერთ-ერთმა რესპონდენტმა ინტეგრაცია განსაზღვრა, როგორც სრულფასოვნების განცდა იმ საზოგადოებაში, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს: „იყო ჯგუფის სრულფასოვანი წევრი და გქონდეს იგივე უფლებები და შესაძლებლობები, რაც სხვებს“ (ლიანა). უმრავლესობისგან განსხვავებით, ერთმა სტუდენტმა უფრო მეტად დაავიწროვა საკითხი და გამოყო არა სხვადასხვა ერს შორის ურთიერთობა, არამედ ერთი ერის შიგნით რეგიონსა და ქალაქში მცხოვრები ხალხის ერთმანეთთან დაახლოება “მაგალითად ახლა რეგიონებიდან ჩამოდიან თბილისში, ესეც ერთ-ერთი ინტეგრაციაა“ (ასლანი).

რესპონდენტებიდან ერთმა მათგანმა სოციალური ინტეგრაციის უფრო ფართო განსაზღვრება მოგვცა, რომლის მიხედვითაც: „სოციალური ინტეგრაციისთვის აუცილებელია  სახელმწიფოებრივი აზრონების ასპექტების ცოდნა, იმიტომ რომ თუ არ იცი საზოგადოება, სახელწიფო რა მიმართულებით მიდის, მაშინ ძალიან გაგიჭირდება.“ (თაქუშა)

საპირისპირო შეხედულება დაფიქსირდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში „ეთნიკური ქისტების ინტეგრაციის საკითხი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში“. ქისტმა რესპონდენტებმა მთავარი პასუხისმგებლობა დააკისრეს არა ეთნოსს, არამედ სახელმწიფოს და აღნიშნეს, რომ მათი ინტეგრაციის პროცესში მთავრობას გააჩნია არაერთი ბერკეტი, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პანკისის ხეობაში არსებული უამრავი პრობლემის მოგვარება. ამისთვის აუცილებელია საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება (2015, გვ. 27).

ერთმა სტუდენტმა, საკუთარი აზრის უკეთ წარმოსაჩენად, მოიყვანა მაგალითი პირადი გამოცდილებიდან:

როდესაც ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში ვიყავი, იქ ყველას გვეკეთა ბეიჯები სახელითა და გვარით და, როცა  ვინმე ხედავდა, რომ არაქართული გვარი მქონდა, არ მეკითხებოდნენ ჩემს ეროვნებაზე.  ჩემთან მანამდე დამეგობრდნენ, სანამ ჩემს ეროვნებას გაიგებდნენ“ (ნათია).

სოციალურ ინტეგრაციაზე საუბრისას გამოიყო ძირითადი ასპექტები: ურთიერთგაგება, პატივისცემა, ტოლერანტობა, თანაგრძნობა, მეგობრობა, თანაბარუფლებიანობა. პატივისცემას ერთ-ერთი რესპონდენტი შემდეგნაირად განმარტავს: „პატივისცემა ოჯახიდან მომდინარეობს იმიტომ, რომ ოჯახში თუ არ აქვთ კულტურა, სხვა ერსაც არ სცემენ პატივს“ (სადაი).

გარდა ამისა, აღსანიშნავია კიდევ ერთი აზრი, რომელიც ფოკუს ჯგუფის მსვლელობისას მონაწილის მიერ დაფიქსირდა. მისი თქმით,  სოციალურ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებასთან ართულებს ის, რომ სამცხე-ჯავახეთი ძალიან კომპაქტურად არის დასახლებული და იქ მცხოვრებ მოსახლეობას მხოლოდ ერთმანეთთან აქვთ ურთიერთობა. ეს ქმნის ენის ბარიერსაც : „შეიძლება სკოლაში ისწავლონ ქართული ენა, მაგრამ პრაქტიკაში ვერ იყენებენ და ამიტომ, ვფიქრობ, ასე კომპაქტურად არ უნდა იყვნენ დასახლებულები. ცოტა გაშლილად უნდა იყვნენ რომ მოახერხონ ურთიერთობა“ (გიორგი)

გია ნოდია, ნაშრომში „ერთი საზოგადოება, მრავალი ეთნოსი (ეთნიკური მრავალფეროვნება და სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში)“ ამბობს, რომ როგორც წესი, კომპაქტურად დასახლებული  რეგიონების არაქართველი მოსახლეობის უმეტესობა ქართულ ენას ვერ ფლობს და კულტურული თვალსაზრისით მცირედ ინტეგრირებულია უმრავლეს მოსახლეობასთან. ერთი მხრივ, ასეთი ინტეგრირების არარსებობა ობიექტურად ეღობება პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში უმცირესობების რეალურ მონაწილეობას და ამცირებს ეკონომიური და კარიერული წარმატების მათ შანსებს. მეორე მხრივ, თვითონ ის ფაქტი, რომ მოსახლეობის დიდი ჯგუფები ქართულ ენას ვერ ფლობენ, ქართული მოსახლეობის გადაჭარბებულ უნდობლობას იწვევს: მათ უღრმავდებათ ეჭვი, რომ უმცირესობების წარმომადგენლები არასაკმარისად ლოიალურები არიან ქართული სახელმწიფოს მიმართ. (ნოდია, გ. 2003)

საბოლოო ჯამში, სოციალური ინტეგრაცია ეს არის საზოგადოების შიგნით ადამიანებს შორის ნებისმიერი სახის ურთიერთქმედება, რომელიც ეფუძნება ტოლერანტობას, თანაბარუფლებიანობას, მეგობრობას და ინდივიდს
საშუალებას აძლევს, განურჩევლად რასისა, გახდეს არსებული სოციუმის სრულფასოვანი წევრი.

  1. საუნივერსიტეტო გარემოსთან შეგუება

პროცესის მსვლელობისას გამოიყო ორი ტიპის რესპონდენტები: 1. რომლებსაც საერთოდ არ გასჭირვებიათ საუნივერსიტეტო გარემოსთან შეგუება და 2. რომლებსაც შეექმნათ გარკვეული დისკომფორტი ამ მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა აღნიშნა რომ საერთოდ არ ჰქონდათ პრობლემები, მაინც იზიარებენ მეორე ტიპის რესპონდენტების პოზიციას.

სტუდენტების ნაწილი ამბობს, რომ უნივერსიტეტის პირველი დღის გახსენება არ სურს. ამის მიზეზად ასახელებს რამდენიმე ფაქტორს: ენის არცოდნა, უცხო სოციუმი, განსხვავებული გარემო. ერთ-ერთი რესპონდენტი ამბობს: „პირველ დღეს არავის არ ვიცნობდი, არც ლექტორებს, არც სტუდენტებს. შევედი აუდიტორიაში და მივხვდი, რომ მარტო ვიყავი“. (სადაი) გარდა ამისა, ძირითადი ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის არცოდნაზე, რის გამოც ურთიერთობა მხოლოდ საკუთარი ეთნოსის წარმომადგენლებთან ჰქონდათ და ეს პრობლემა, დაახლოებით, ერთი სემესტრი მაინც გაგრძელდა:

პირველი დღის სირთულე იმაში გამოიხატება, რომ ენა არ ვიცით. მოვედი უნივერსიტეტში და ვისთვის უნდა მეთქვა გამარჯობა, არავის ვიცნობდი. პირველივე დღეს შემეშალა და შევედი მეოთხე კურსელებთან. ისაუბრა ლექტორმა და ვერაფერი ვერ გავიგე. მერე გავიგე, რომ ჩემი საგანი არ ყოფილა, თან არც ვიცნობდი, რომ რამე მეთქვა ან მეკითხა. (ფარიზი)

ამავე პრობლემებზე საუბრობს მერი ლობჟანიძე ნაშრომში „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს რეგიონებში: ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“. არაქართველი მოსახლეობის საზოგადოებაში ინტეგრაციის დაბრკოლების მიზეზია ქართული ენის არცოდნა, რაც იწვევს გაუცხოებას ქართული და არაქართული თემების ეთნოსთა შორის. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო სხვა ეთნოსის მოსახლეობის უმეტესობა გარკვეულ სირთულეებს აწყდება. ერთმანეთთან საკომუნიკაციო ენის არქონა ხშირად ქმნის გაუგებრობას და აღვივებს „უნდობლობას“ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს შორის (ლობჟანიძე, 2009, პარაგრაფი 1.3).

ამის საპირისპიროდ, დაფიქსირდა აზრი, იმის შესახებ, რომ ზოგიერთს არანაირი პრობლემა არ შექმნია ახალ გარემოში და ყველაფერს მარტივად შეეგუა. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, ის თავს უნივერსიტეტში, ქართველ თანატოლებთან უფრო კარგად გრძნობდა, ვიდრე საკუთარი ეთნოსის წარმომადგენლებთან: „დავდიოდი სომხური დიასპორის ორგანიზაციაში, გვიტარებდნენ ტრენინგებს, აქციებში ვიღებდით მონაწილეობას და იქ უფრო ვგრძნობდი გაუცხოვებას რადგან არ ვიცი სომხური და აქ პირიქით, რადგან ვფლობ ენას შემიძლია კომუნიკაციის დამყარება“ (კატერინა). ასევე, ერთ-ერთი სტუდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ ძალიან მეგობრული გარემო დახვდა, რის გამოც, არ გასჭირვებია ადაპტაცია: „არ გამჭირვებია ისეთი გარემო დამხვდა აქ რომ ნამდვილად ხელი შემიწყვეს, ყველა მეგობრულად მექცეოდა და არანაირი დისკომფორტი არ მიგვრძვია იმით, რომ მე სომეხი ვარ.“(თაქუშა)

აღმოჩნდა, რომ ახალ გარემოსთან შეგუება დიდი დოზით არის დამოკიდებული თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებზე. თუკი ადამიანი მონდომებულია და აქტიურად ერთვება  ქართველებთან ინტერაქციაში, მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა გასართობ ან შემეცნებით ღონისძიებაში, იგი მარტივად გაივლის ადაპტაციას  და დაიმკვიდრებს თავს  უცხო სოციუმში და გარშემომყოფთაგანაც პოზიტიურ დამოკიდებულებას მიიღებს.

საბოლოოდ, დადგინდა, რომ ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ქართული ენის ცოდნის პრობლემა ჰქონდათ, რაც მათ ხელს უშლიდა კომუნიკაციის დამყარებაში და ისევ საკუთარი ეთნოსის წარმომადგენლებთან ამჯობინებდნენ ურთიერთობას.

3. ურთიერთობა ქართველ თანატოლებთან

ფოკუს ჯგუფის შედეგად დადგინდა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ ქართველ თანატოლებთან, რაც გამოიხატა იმაში, რომ ისინი ყოველთვის გამოთქვამდნენ დახმარების მზაობას: „მე ენის პრობლება მაქვს, ქართველმა მეგობრებმა დამეხმარეს იმაში რომ შეცდომას თუ იტყვი არაუშავს ჩვენ გავასწორებთო“
(ზეინები). ასევე, აღინიშნა, რომ ქართველ თანატოლებთან არსებული სირთულე არ იყო განპირობებული ეთნიკური ნიშნით და ეს შეიძლება გაიგივდეს ნებისმიერ უცხო ადამიანთან ურთიერთობასთან.

სტუდენტების ნაწილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ქართველ თანატოლებთან ერთად ხშირად დადის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებზე: „ სულ ქართველები იყვნენ ჩემი ჯგუფელები და სულ მათთან ვიყავი. ვქეიფობდით, ანუ სულ კარგად ვიყავით ერთმენეთში და მეგობრულად ვიყავით“ (ასლანი). ასევე, რესპონდენტი თაქუშას თქმით, ის ბაქსვუდის საზაფხულო ბანაკში დაუმეგობრდა ქართველ ახალგაზრდებს და იქიდან მოყოლებული მათთან ერთად აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა შემეცნებით პროექტში.

კაომ (Kao) და ჯოინერმა (Joyner) თავიანთ ანგარიშში „რასისა და ეთნიკურობის საკითხი მნიშვნელოვანია მეგობრებს შორის?“ (Do Race And Ethnicity Mater Among Friends?, 2004)  გამოიკვლიეს სხვადასხვა აქტივობა (მაგალითად: სწავლის შემდგეგ შეკრება, ტელეფონზე საუბრები.) მეგობრობის ხარისხის გასაზომად რასათა შორის და ეთნოსთა შორის დონეებზე და დაასკვენს, რომ ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები იყო აქტივობების სიხშირე, ვიდრე ჰომოგენური ჯგუფის შემთხვევაში (Kao & Joyner, 2004, გვ. 45).

თუმცა, დისკუსიის დროს გამოვლინდა ისეთი ასპექტებიც ქართველი თანატოლების მხრიდან, რომლებიც არასასიამოვნო იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის, მაგრამ არა – დისკრიმინაციული. ერთი სტუდენტი აღნიშნავს: „პოსტებს რომ ვხედავ ფეისბუქზე აი რაღაც ისეთი მემართება როცა ეთნიკურ უმცირესობებზე რაღაცეებს წერენ და სამარცხვინოა როცა ქართველები მასეთ რაღაცეებს იძახიან“ (ალიკა). გარდა ამისა, აღსანიშნავია ერთ-ერთი რესპონდენტის ცხოვრებისეული გამოცდილების მაგალითი, რომელშიც ყურადღება გაამახვილა ქართველი თანატოლის სიტყვებზე: „მე ჩემს ქვეყანაში თვითონ ვარ დაჩაგრული იმიტომ, რომ შენ გქონდეს რაღაც პრივილეგია“. ეს გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ რესპონდენტი ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი გამოცდით.

მსგავსი ტენდენცია გამოიკვეთა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის(TDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში „სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი“, რომლის თანახმადაც, მამრობითი სქესის ქართველი სტუდენტებისგან იგრძნობოდა აგრესიული დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობებისადმი და ხშირად მეორდებოდა ფრაზა – „ჩვენ უფრო დაჩაგრული ვართ“. მიუხედავად იმისა, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ლოიალურები იყვნენ არაქართველი მოსახლეობის მიმართ, მათ საუბრებშიც აქტიურად ვლინდებოდა ნაციონალისტურ-რელიგიური განწყობები. (2017, გვ. 26-27)

ასეთივე დამოკიდებულება გაიხსენა ერთმა რესპონდენტმაც და ხაზი გაუსვა თავისი თანატოლი კლასელების შურის გრძნობას: „როცა მე ჩავაბარე ქართული, ჩემი კლასელები ძირითადად ქართველები იყვნენ და ავიღე საკმაოდ მაღალი ქულა – 69 და ძალიან გაუკვირდათ როგორ შეიძლება რომ სომეხმა აიღოს ყველაზე მაღალი ქულა ჩვენს კლასშიო“ (კატერინა).

გრაჰამ & ჯუვინენის (Graham, S., & Juvonen, J. (2002) და ჰანიშ & გუერას (Hanish, L., & Guerra, N. (2000) რასობრივი/ეთნიკური ჯგუფების კვლევაში, „ეთნიკურად, თანატოლების შევიწროვება და კონფლიქტების რეგულირება საშუალო სკოლებში: საკვლევი თემა“ (Ethnicity, peer harassment and adjustment in middle school: An exploratory study) დადასტურდა, რომ ვიქტიმიზაციის მსხვერპლი უფრო ხშირად არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები (Graham, S., & Juvonen, J., Hanish, L., & Guerra, N., 2002)

საბოლოოდ კვლევამ დაადგინა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ქართველ თანატოლებთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას. რესპონდენტების თქმით, ურთიერთობებში მათი წარმოშობა გავლენას არ ახდენს და ენის ბარიერის გადალახვის შემდგომ მარტივად ახერხებენ კომუნიკაციას. თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ურთიერთობა აქვთ სომხებთან და აზერბაიჯანელებთან, თუმცა უნივერსიტეტში ძირითადად ქართველებთან მეგობრობენ.

 4. ურთიერთობა ლექტორებთან

კვლევის პროცესის დროს, რესპონდენტების აზრი ლექტორებთან ურთიერთობის შესახებ ერთნაირია. ყველა ამბობს, რომ პროფესორები მათ მიმართ ძალიან კარგად არიან განწყობილნი და ეთნიკური ნიშნის მიხედვით ქართველი თანატოლებისგან არ განასხვავებენ. სტუდენტების თქმით, ლექტორები ყოველთვის ეხმარებიან და გვერდში უდგანან მათ: „მე უარყოფითი შემთხვევა არ მქონია. ჩემი ლექტორები ძალიან დამეხმარნენ ინტეგრაცია გამეკეთებინა. ისინი მოტივაციას მაძლევდნენ და მეხმარებოდნენ  მარტო საგნების მხრივ კი არა, ცხოვრებაშიც და ასე შემდეგ“ (ზეინები). გარდა ამისა, ერთ-ერთმა რესპონდენტმა ისაუბრა სასწავლო პროცესის სირთულეებზეც, რაც ძირითადად განპირობებულია იმით, რომ მათ არ იციან ქართული ენა სრულყოფილად და უჭირთ მასალის ათვისება. ამ შემთხვევაში კი ლექტორები ეხმარებიან და ხელს უწყობენ შეძლებისდაგვარად: „პროფესორები პირიქით, მეხმარებიან. ერთხელ ფილოსოფიის ლექტორს ვუთხარი, რომ მოყოლა მიჭირდა და ვერ მოვუყვებოდი და მითხრა, რომ დამეწერა. ეს უფრო ადვილი იყო ჩემთვის“ (სადაი). ამ ფაქტზე საუბრობს სხვა რესპონდენტიც: „ძირითადად შიში მქონდა ქართულად ლაპარაკის და იმ შიშის დაძლევაში დამეხმარეს. ლექციის დროს ან შესვენებებს შორის დახმარებას მიწევდნენ ლექტორები“ (ზეინები).

ლექტორებთან ურთიერთობაზეა საუბარი ბრიტანეთის ბაკალავრიატის სტუდენტების კვლევაშიც „სტუდენტების აკადემიური გამოცდილების მიმოხილვა“ (Student Academic Experience Survey, 2017), რომლის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, უმრვლესობის წარმადგენელ სტუდენტებთან შედარებით, აქვთ ლექტორებთან ინტერაქციის დაბალი ხარისხი. ასევე დაფიქსირდა მხარდაჭერისა და ურთიერთობის ნაკლებობა იქიდან გამოდინარე, რომ მათი მოლოდინები არ გამართლდა ლექტორებთან მიმართებაში. სწავლების ხარისხი არის დაბალი ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებში, და ეს გვაძლევს იმის დამტკიცების საშუალებას, რომ  ლექტორებთან ცუდი ურთიერთობა შეიძლება იწვევდეს აკადმიური მოსწრების დაბალ ხარისხს ( Jonathan Neves & Nick Hillman, 2017).

ნაშრომში „თანამედროვე საგანმანათლებლო ფსიქოლოგია“ (Contemporary Educational Psychology, 1999) ვკითხულობთ, რომ თუკი სტუდენტი გრძნობს სასწავლებლისადმი მიკუთვნებულობას და დახმარების მზაობას ლექტორებისა და ჯგუფელების მხრიდან, ის არის უფრო მეტად მოტივირებულები, რომ  მაქასიმალურად ჩაერთოს სასწავლო ჯგუფის პროცესში, რაც საბოლოოდ მის სწავლებაზე დადებითად აისახება. (Anderman & Anderman, 1999).

დისკუსიის ერთმა მონაწილემ გამოყო მეტყველების პრობლემაც და თქვა, რომ ენა საკმარისად იცის, თუმცა, უჭირს გარკვეული სიტყვებისა და ბგერების გამოთქმა, რაშიც საკუთარი ლექტორი ანგარიშს უწევს და ისევე არ სთხოვს მას სწავლას, როგორც ეთნიკურად ქართველ სტუდენტებს:

მეტყველების ლექტორი მეხმარება. მე როგორც ქართველი ისე მეტყველება არ მაქვს. ისინი ვარჯოშობენ მეც ვარჯიშობ მაგრამ მათ დონეზე არ ვარ. თან ისეთი ასოებია და ენისგასატეხები, რომ მე მაგას ვერ ვიზამ, რაც არ უნდა ვეცადო. ლექტორი რაკი აზერბაიჯანელი ვარ ხელს მიწყობს ამ მხრივ (თოხუ).

ასევე, ერთ-ერთმა სტუდენტმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ დაეხმარა ლექტორი მას, მაშინ როდესაც ახალი მოსული იყო უნივერსიტეტში და ჯერ ისე არ ფლობდა ქართულ ენას, რომ ლექციაზე აუდიტორიის წინაზე თამამად გასულიყო:

ორი-სამი შემთხვევის მერე ლექტორმა თვითონ მოვიდა და მკითხა რა გჭირს რატო არ ლაპარაკობ? მდგომარეობა ავუხსენი და კარგიო, ესა და ეს ნაწილი ისწავლეო და მოდიო.მერე ვისწავლე  ის, რაც მითხრა. შემდეგ დღეს შემეკითხა მოყევი ის რაც იციო და ასე ნაწილ-ნაწილ მაჩვევდა გარემოს. ერთი-ორი თვე გამიჭირდა მერე მივეჩვიე“ (შუქრი)

მსგავსი სიტუაციაა ახსნილი ნაშრომში „ემოციური უსაფრთხოება მასწავლებლებთან და ბავშვების სტრესის რეაქტიულობა“ (Emotional security with teachers and children’s stress reactivity, 2003). სტუდენტები, რომლებიც გრძნობენ ახლო და მხარდამჭერ ურთიერთობას მასწავლებლებათან, არიან  მოტივირებულნი, რომ იმუშაონ უფრო და უფრო მეტი. ისინი ამჟღავნებენ შეუპოვრობას სირთულეების პირისპირ, იღებენ მასწავლებლების მითითებებს და კრიტიკას, უფრო უკეთესად უმკლავდებიან სტრესს და უფრო ყურადღებით არიან მასწავლებლებთან ურთიერთობისას ( Little & Kobak, 2003)

ამ საკითხზე საუბრისას, რესპონდენტმა თოხუმ მოკლედ შეაჯამა მათი ლექტორებთან ურთიერთობა. მისი თქმით, ადამიანს გააჩნია, უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება მეგობრისგანაც ვიგრძნოთ გარკვეულ სიტუაციაში და ამიტომ ლექტორისგანაც არ იქნება გასაკვირი. თუმცა, მოპოვებულ ინფორმაციაში გამოჩნდა, რომ ლექტორებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან და მათ ყველანაირად უწყობენ ხელს.

  1. დისკრიმინაცია

დისკრიმინაციაზე საუბრისას, რესპონდენტებმა მოიყვანეს საკუთარი ცხოვრებიდან მაგალითები, რომლებიც ძირითადად უკავშირდებოდა სკოლაში სწავლის პერიოდს.  ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ ხშირად ისმოდა მის მიმართ დისკრიმინაციული განცხადებები:

როცა სკოლაში ვსწავლობდი იქ იყო დაცინვის მომენტები ბავშვების მხრიდან. ეს დამოკიდებულია განათლების დონეზე, რადგან ვხედავ, რომ უნივერსიტეტში არავის არანაირი რეაქცია არ აქვს იმაზე, რომ მე სომეხი ვარ. პირიქით, კარგად მექცევა ყველა(კატერინა). 

გარდა ამისა, ფოკუს ჯგუფის მსვლელობის დროს ერთმა სტუდენტმა ისაუბრა ფაქტზე, რომლის მიხედვითაც ის დისკრიმინაციას განიცდიდა სკოლის მასწავლებლისგან:

მე-9 კლასში ვიყავი, როცა ქართველი ქართულის მასწავლებელი მოვიდა. მანამდე იყო აზერბაიჯანელი და მას არ ჰქონდა უმაღლესი განათლება, მგონი კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული, კარგადაც ვერ ლაპარაკობდა ქართულად. შემდეგ ის ქართველი მასწავლებელი
მოვიდა, რომელიც საგარეჯოდან იყო და, სხვათაშორის, არ მომწონდა, რადგან სულ დისკრიმინაციულ განცხადებებს აკეთებდა. ლაპარაკობდა ხოლმე შაჰ-აბასზე, თურქებზე, ილანძღებოდა. ეს რამდენჯერმე გავასაჩივრეთ(ფარიზი).

ვაგნერი, ზაიკი და პეტიგრიუ (Wagner, Zick, Pettigrew) შეეცადნენ, დაედგინათ, იყო თუ არა დისკრიმინაცია ადამიანის ღირსებასა და სოციალურ ურთერთობებთან დაკავშირებული წინასწარ შექმნილი ცრურწმენებით გამოწვეული. მათი მონაცემებიდან ჩანს, რომ წინარწმენა მნიშვნელოვნად წინასწარმეტყველებს, როგორც იმას, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან კონტაქტს გაურბიან, ასევე, იმას, რომ გარე ჯგუფის წევრების მიმართ აგრესიული ქცევის განზრახვები აქვთ („ეთნიკური წინარწმენა და დისკრიმინაცია ევროპაში“, 2008)

ასევე, არსებულ საკითხზე რესპონდენტებიდან ერთმა მათგანმა უფრო ფართოდ განიხილა დისკრიმინაციის მაგალითი და ისაუბრა არა პირად მაგალითზე, არამედ ეთნიკურ დაპირისპირებებზე როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც:

თურქეთში, საქარველოში და რუსეთში ქვეყნის სახელია ეთნიკური უმრავლესობის სახელი. თურქეთში ცხოვრობენ სხვადასხვა ეთნოსები და ყველა ისინი არიან თურქები. ხოლო ქურთები ამბობენ რომ ჩვენ არ ვართ თურქები და მაგიტომ პრობლემა აქვთ. როგორც საქართველოში აფხაზებთან და ოსებთან პრობლემა გვაქვს და ამბობენ, რომ ჩვენ ქართველი არ ვართ. ანუ თუ ქვეყნის სახელია ეთნიკური უმრავლესობის სახელი, იქ იწყება ეთნიკურ უმცირესობების დისკრიმინაცია(შუქრი). 

მეთოდურ სახელმძღვანელოში, „ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა“, საუბარია იმაზე, რომ ერი-სახელმწიფოები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორ არის გაგებული მათთან ერის ცნება და როგორ არის ჩამოყალიბებული ეროვნული იდენტობა. განასხვავებენ ერის გაგების გერმანულ და ფრანგულ მოდელს. გერმანული მოდელის მიხედვით, ერის გაგება ეფუძნება შეხედულებას საერთო წარმომავლობის, ენის, კულტურისა და ისტორიის შესახებ. ამ მიდგომის მიხედვით, ეთნიკური ჯგუფის იდენტობა ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოში. ეთნიკური ჯგუფი გამოირჩევა მისთვის თანდაყოლილი ურთიერთსოლიდარობის გრძნობით, ამიტომ მას ახასიათებს სხვა ჯგუფებისაგან გამიჯვნის ტენდენცია და დაყოფა კატეგორიებად „ჩვენ“ და „სხვები“. შესაბამისად, ეთნიკური ჯგუფი იღებს „ჩვენს“ და შეუწყნარებელია „სხვების“ მიმართ. ეს მოდელი თანდაყოლილ კონფლიქტს გულისხმობს. ფრანგული მოდელი ეყრდნობა ერის გაგებას მოქალაქეობრივ ჩარჩოებში. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, აქვს თანაბარი შესაძლებლობები და იდენტობის დადგენაში გადამწყვეტია მათი მოქალაქეობა (ჯავახიშვილი, სარჯველაძე, 2007, გვ. 35).

დისკუსიის მსვლელობისას გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციაც ერთი რეპონდენტის მხრიდან. ის მიიჩნევს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები მხოლოდ მაშინ არიან დისკრიმინირებულნი, როდესაც მათ არ იციან ენა და ვერ ამყარებენ კონტაქტს საზოგადოებასთან. მისი თქმით, ისინი ორი ქვეყნის შვილები არიან და ორი სახელმწიფო ენა ერთ დონეზე უნდა იცოდნენ: „როდესაც თანაბრად კარგად იცი ორივე ენა, არც შენ ხარ დისკრიმინირებული, არც სხვა გიყურებს სხვანაირად, არც ლექტორი და არც კურსელი, ყველას უყვარხარ“ (ლიანა).

ეკა კოპაძე, ნაშრომში „სახელმწიფო ენის პრობლემა სამცხეჯავახეთში“ აღნიშნავს: ის, რომ არაქართველმა მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის სახელმწიფო ენა, ქმნის არაერთ სირთულეს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სირთულეები, რომლებსაც ეთნიკური უმცირესობები სახელმწიფო დაწესებულებებთან მიმართებაში და დასაქმების სფეროში ხვდებიან. ენის არცოდნა ეთნიკურ უმცირესობებს ხელს უშლის მიიღონ გარკვეული სახის მომსახურება ან სამუშაო ადგილები საჯარო სექტორში, დაამყარონ კონტაქტები საზოგადოებასთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა აბრკოლებს მათ, იყვნენ ქვეყნის აქტიური მოქალაქეები, აქტიურად ჩაერთონ და ამონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვის, წარმოებისა და მონიტორინგის პროცესში (კოპაძე, 2009, პარაგრაფი 2.1).

საბოლოოდ, კვლევამ დაადგინა, რომ ეთნიკური უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი ყოფილა დისკრიმინაციის მსხვერპლი და ეს ფაქტი მათზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ საქართველო მათი სამშობლოა და „შეიძლება ზოგ ქართველს ქართველი ერი ისე არ უყვარს, როგორც ჩვენ, პირადად მე“ (ალიკა).

  1. სირთულეები სასწავლო პროცესში

ფოჯუს ჯგუფის მსვლელობის დროს გამოიკვეთნენ ორი სახის რესპოდენტი:    1 – რომელიც არ აწყდებოდა სირთულეებს სასწავლო პროცესში და 2- რომელსაც შეექმნა გარკვეული სახის სირთულეები. ამ უკანასკნელი ტიპის რესპოდენტებმა დაასახელეს, ძირითადად, ორი სახის სირთულე: პირველი იყო ენის პრობლემა, და მეორე – სასწავლო მასალის დიდი მოცულობა. რესპონდენტი ასლანი ამბობს: “ძირითადად, რასაც ვსწავლობთ დიდი მასალაა და ესაა პრობლემა.” უმრავლესობა კი იზიარებს ენის ბარიერის დაბრკოლებას. მაგალითისთვის, რესპოდენტი რავილი ამბობს: “ჩვენ ვსწავლობთ. ძირითადად. სასაუბრო ენას და აკადემიურ დონეზე უკვე ძალიან რთულია. სამართლის წიგნს რომ ვშლი ვერ ვხვდები რა წერია”. ენის პრობლემაზე საუბრობს რესპოდენტი ლიანაც, რომელიც საკუთარი გამოცდილებიდან იხსენებს პირველ კურსს, როცა ძალიან უჭირდა ქართული ენა, და, შესაბამისად, ტექსტის აღქმაც უძნელდებოდა. ერჯანიც იზიარებს ამ აზრს და დამატებით მოჰყავს მაგალითი პირადი გამოცდილებიდან: „ჩვენს შემთხვევაში, ჯერ უნდა ვთარგმნოთ ჩვენს ენაზე რა აინტერესებს ლექტორს, შემდეგ იმის პასუხი უნდა ვიპოვოთ, თანაც ფიზიკას ვსწავლობ და ისეთი რთული საგანია, რომ სანამ პასუხს ვეუბნებით, მანამდე უკვე დრო გადის“

ამავე პრობლემებზე საუბრობენ არნოლდ სტეპანიანი და აგიტ მირზოევი ნაშრომში „ეროვნულ უმცირესობათა ენებზე განათლება საქართველოში“: როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა არ იცის სრულყოფილად იმ ქვეყნის ენა, რომელშიც ცხოვრობს ძალიან ძნელია მათთვის აკადემიური ნაშრომის გაგება და სპეციალური ტერმინების გაშიფვრა. ყოველდღიური სასაუბრო ენის ცოდნა სრულიად არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ მათ შეისწავლონ სამეცნიერო ლიტერატურა. პრობლემა-დღეს ეთნიკური უმცირესობები, იღებენ რა ცოდანას მშობლიურ ენებზე, არა აქვთ შესაძლებლობა საჭირო დონეზე შეისწავლონ სახელმწიფო ენა და, ბუნებრივია, არ შეუძლიათ განაგრძონ განათლების მიღება ქართულ ენაზე. ამით ისინი, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ამცირებენ თავიანთი სამოქალაქო გამოსადეგობის კოეფიციენტს და იზოლაციაში რჩებიან საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან (სტეპანიანი, მირზოევი, 2003).

ფოკუს ჯგუფის მსვლელობისას ოდნავ განსხვავებულ სირთულეზე გააკეთა აქცენტი  ერთ-ერთმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტმა:

შარშანაც მქონდა და ახლაც მაქვს ერთი პრობლემა. ზოგიერთ საგანში აუდიტორიაში უმეტესობა არის ქართველი. სემინარს რომ ვამზადებ ვერაფერს ვლაპარაკობ ლექტორთან და ბავშვებთან. შემიძლია მოვიკლა თავი და მოვყვე რაც გავიგე მაგრამ კიდე შეცდომების დაშვების შიში მაქვს. მეშინია რას მეტყვიან, როგორ გაიგებენ. ეს ხელს მიშლის მაღალ ქულების მიღებაში. მასალები ჩემთვის გასაგებია(ზეინები)

ნაშრომში, „საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების პრობლემები“, რომელშიც მოცემულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან ინტერვიუს ანალიზი, მნიშვნელოვანია მათ მიმართ ქართული საზოგადოების განწყობის ზოგადი შეფასება. ისინი აღნიშნავენ, რომ ენის არცოდნა მათ ხშირად აყენებთ უხერხულ სიტუაციებში. უხერხული სიტუაციები იქმნება ყოველდღიურ ცხოვრებაში: ხშირად ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტში, მაღაზიებში რაიმეს ყიდვის დროს, ან ტრანსპორტით მგზავრობისას, ქართულად ცუდად ლაპარაკის გამო, მათთვის დაუცინიათ. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნავენ, რომ ქართული სამეზობლო გარემო მათ მიმართ კეთილგანწყობილია, მათთან ურთიერთობას არ გაურბიან. განსაკუთრებით აღნიშნავენ თანატოლების გვერდით დგომასა და მხარდაჭერას (ჯაჯანიძე, 2013, გვ. 8).

ასევე, რესპონდენტის კატერინას მიერ გამოითქვა აზრი  იმის შესახებაც, რომ ის სპეციფიკურ სირთულეებს კი არ აწყდება, არამედ, პირიქით, სწავლის პროცესში უპირატესობასაც ფლობს ქართველებთან შედარებით, რადგან მან იცის რუსული და ინგლისური ენები მაღალ დონეზე. ის თავის არგუმენტს ამყარებს იმით, რომ, ძირითადად, თავის ფაკულტეტზე მასალები ზემოთ აღნიშნულ ენებზეა ხელმისაწვდომი. ამასთანავე, არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ ვაკანსიების მოძებნის დროსაც, ეს ფაქტორი მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

უცხოური კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ და კითხულობენ ორ ენაზე, აქვთ მეტი უპირატესობა მათ მონოლინგვისტ თანატოლებთან შედარებით (Byalystok, 1997, 2001). მკვლევარები ამბობენ, რომ ბავშვები, რომლებიც ორ ენაზე კითხულობენ (ქართულ-სომხურად და ქართულ- აზერბაიჯანულად, ქართულ კონტექსტში) უფრო სწრაფად ითვისებენ იმას, რომ სიტყვები მნიშვნელობების სიმბოლოებს აღნიშნავენ (Baker, 2006). კვლევის შედეგებით, აკადემიური, ლინგვისტური და კითხვის უნარები უმცირესობების ენებში ძალიან მარტივად ტრანსფორმირდება მეორე ენაში (სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი, 2013, გვ. 6) .

აქედან გამომდინარე, ეთნიკური უმცირესობები უშუალოდ სწავლის პროცესში მნიშვნელოვან პრობლემებს არ აწყდებიან. მათი ძირითადი სირთულე ისევ და ისევ ქართული ენის არასრულყოფილ ცოდნაში მდგომარეობს, რაც, თავის მხრივ, ართულებს მასალების სწავლას და სპეციფიკური ტერმინების გაგებას. ეს კი განაპირობებს იმას, რომ მათ ქართველ სტუდენტებთან შედარებით უფრო მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდებათ სასწავლად.

  1. საუნივერსიტეტო და სხვა სახის აქტივობები

საუნივერსიტეტო აქტივობებზე საუბრისას ორი ძირითადი ჯგუფი გამოიყო: პირველი დაკომპლექტდა იმ სტუდენტებით, რომლებიც შეძლებისდაგვარად ხშირად ესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგს  და მონაწილეობას იღებენ სამეცნიერო კონფერენციებში, ხოლო მეორე ჯგუფში მოხვდნენ ისეთი სტუდენტები, რომლებიც, დროის სიმცირისა და სასწავლი მასალის დიდი მოცულობის გამო, ვერ ახერხებენ ვერც ტრენინგებზე და ვერც კონფერენციებზე სიარულს.

პირველი ნაწილის თქმით, ტრენინგები ენის სწავლის კარგი საშუალებაა და, რადგანაც „ოთხი წელი ცოტა დროა, ამიტომ კარგად უნდა გავატაროთ და ბევრი რამე ვისწავლოთ“ (ზეინები). გარდა ამისა, დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის თუ ახალგაზრდული ცენტრის წევრია და თავადაც ატარებს მსგავს აქტივობებს: „ვმუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში „მოაზროვნე მოქალაქე“, იქ ვატარებ ტრენინგებს ზუსტად ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან დაკავშირებით“ (ერჯან). რესპონდენტი თაქუშა აღნიშნავს, რომ ჩართული იყო პროგრამაში სახელწოდებით „არგონავტები“, სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ბათუმში, ქართულ ოჯახში და სწავლობდა ქართულ სკოლაში ქართველებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ამ პროგრამას დაფინანსება შეუწყდა, იგი ცდილობს მის აღდგენას. ერთი რესპონდენტი  კი გაწევრიანებულია ფეისბუქზე არსებულ სტუდენტთა კლუბში, სადაც თანატოლებთან ერთად გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას უნივერსიტეტის ფარგლებში.

გარდა ამისა, რესპონდენტი გიორგის აზრით, კარგი იქნებოდა შიდა გაცვლითი საზაფხულო პროგრამები, „მაგალითად, სამცხე-ჯავახეთიდან 50 ახალგაზრდა გაემგზავნებოდა შუაგულ იმერეთში და იცხოვრებდა ერთი თვე“.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ბანაკები ყოველწლიურად ეწყობა. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში“ ვკითხულობთ, რომ 2015წლის 15 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით მოეწყო ინტეგრირებული საზაფხულო ბანაკი, რომელშიც ჩართული იყო 150 არაქართულენოვანი მოსწავლე და პროგრამის 30 კონსულტანტ-მასწავლებელი (2015, გვ, 23).

ამავე საკითხზეა გამახვილებული ყურადღება „ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ანალიზში“, სადაც საუბარია, რომ პრაქტიკულად არ ხორციელდება ისეთი პროგრამები, რაც საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის, განსაკუთრებით ქართველებსა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის კულტურული კავშირების გამყარებას შეუწყობდა ხელს. ამ მხრივ გამონაკლისია ახალგაზრდებისათვის დასასვენებლად განკუთვნილი პატრიოტული ბანაკები. კულტურული კავშირების ნაკლებობა ხელს უწყობს ეთნიკურ უმცირესობებზე ნეგატიური სტერეოტიპების ჩამოყალიბებას (2008, გვ. 24).

რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მათი თქმით, ძალიან რთულია ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება, როცა უნივერსიტეტში საკმაოდ დატვირთულები არიან სასწავლო მასალით და ენის კარგად არ ცოდნის გამო დიდხანს უნდებიან მეცადინეობას: „არც ტრენინგებზე და არც კონფერენციებზე არ მივლია. ამის მიზეზი ის არის, რომ სასწავლო მასალას საკმაოდ ბევრს გვაძლევენ და დრო არ მყოფნის. ძირითადად უნივერსიტეტის საგნებს ვმეცადინეობ“ (ფარიზ). აქვე, რესპონდენტი ზეინები აღნიშნავს ინფორმაციაზე მიუწვდომლობის ფაქტს. მისი თქმით, ყველა სტუდენტს არ აქვს ინფორმაცია უნივერსიტეტში არსებული პროექტებისა და აქტივობების შესახებ და, შესაბამისად, მასში ვერ მონაწილეობს.

ინფორმირებულობა ძირითადი საკითხია. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მონაწილეობის მიღება სახელმწიფოს ცხოვრებაში, აუცილებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს. ეს მოქალაქის ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური უფლებაა. ინფორმაციის უკმარისობა იწვევსს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას. ამან კი სახელმწიფოს სოციალური პროგრამების არაეფექტურობით, ეკონომიკური ჩამორჩენილობით და მსგავსი მიზეზებით გამოწვეულ პრობლემებს შეიძლება ეთნიკური შეფერილობა მიანიჭოს (სტეპანიანი, ხალილოვი, 2003).

კვლევის პროცესში ყურადღება გამახვილდა ისეთ აქტივობებზეც, რომლებიც უნივერსიტეტს გარეთ იმართება და რომლებშიც რესპონდენტები აქტიურად ერთვებიან. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა სწავლასთან ერთად მუშაობასაც ახერხებს:

უნივერსიტეტის გარდა სხვა რაღაცებშიც ვერთვები. თუ რამე მომწონს და დრო არ მაქვს, მაინც ვიზამ ყველაფერს და წავალ. მაგალითად, სტაჟირებები და ასეთი რაღაცები, არასამთავრობოები, ტრენინგები. მთავარია მე გამომადგეს. სწორედ ამის გამო ვმუშაობ კახეთში, იორმუღალოს  ქართულ რადიოში (თოხუ).

ფოკუს ჯგუფების მონაწილეები ხშირად დადიაბ გასართობ ღონისძიებებზე, ესწრებიან სპექტაკლებს ქართველ თანატოლებთან ერთად, დადიან კინოში. რესპონდენტი სადაის თქმით, კვირაში ერთხელ მაინც მიდის ფილმის სანახავად, თანაც, აუცილებლად ქართული გახმოვანებით, რათა უფრო მეტი შეხება ჰქონდეს ენასთან. აღმოჩნდა, რომ კინოთეატრი დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილეს ეხმარება ქართული ენის უკეთ შესწავლაში: „მახსოვს, როცა პირველად მივდიოდი კინოში, თან მქონდა ლექსიკონის რვეული და რაც იქიდან ჩემთვის ახალი სიტყვა იყო სულ ვიწერდი ხოლმე და სახლში რომ ვბრუნდებოდი ასე ნელ-ნელა ვსწავლობდი ახალ სიტყვებს“ (ერჯან).

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტების უმრავლესობა აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო, კულტურულ  და გასართობ ღონისძიებებში. ესწრება საგანმანათლებლო სახის შეხვედრებს და თავადაც ცდილობს დაგროვილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებას.

  1. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო ხარვეზების გამოსწორების მექანიზმები

რესპონდენტებმა განათლების სისტემაში არსებული ხარვეზების გამომწვევ მიზეზებზეც ისაუბრეს და მათი აღმოფხვრის გზებიც დასახეს. ისინი ერთხმად აღნიშნავენ „კატისა“ და ეროვნული გამოცდების სიმარტივეს და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ მეტი სირთულე შეიტანოს, რათა უნივერსიტეტში მხოლოდ ისინი მოხვდნენ, ვინც შემდგომ შეძლებს იქ
სწავლას. „კარგი იქნება, თუ დანიშნავენ გასაუბრებას, გაზრდიან ბარიერს, ანდაც ისეთი მოსამზადებელი კურსი უნდა იყოს რომ ბავშვმა კარგად ისწავლონ ქართული“ (თოხუ). სტუდენტები იმასაც აღნიშნავენ, რომ, მარტივი გამოცდების გამო, მათ მოტივაცია არ აქვთ, მეტი ისწავლონ:

თუ იცი პომიდვრის და ფორთოხლის ფერის გარჩევა, იმ გამოცდას აბარებ. აქედან გამომდინარე, მე სტიმული აღარ მაქვს უკვე, რომ ვისწავლო კარგად. მგონი კარგი იქნება, თუ ჩვენი გამოცდა იქნება ქათული სკოლების გამოცდის იდენტური. გართულდეს და უკვე დავიწყებ იმაზე ფიქრს, რომვეფხისტყაოსანივისწავლო(ლიანა).

მართალია რესპონდენტები ამბობენ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ძალიან მარტივია მათთვის, რადგან ერთი გამოცდით აბარებენ,  მაგრამ რეალური სურათი არც თუ ისე სახარბიელოა. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში“ ვკითხულობთ, რომ 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სომხურენოვან უნარების ტესტზე დარეგისტრირდა 427 აბიტურიენტი და აქედან სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა მხოლოდ 224-მა, ხოლო აზერბაიჯანურზე დარეგისტრირდა 1181 აბიტურიენტი და სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა მხოლოდ 541-მა. აქედან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ მათთვის გამოცდის ჩაბარება არც თუ ისე ადვილია (2015, გვ. 19).

გამოიკვეთა პრაქტიკის ნაკლებობის პრობლემაც. რესპონდენტი ზეინების თქმით, ის ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში ღებულობს, მისთვის საკმარისი არაა, რადგან  მხოლოდ თეორიით შემოიფარგლება. მიიჩნევს, რომ სამსახურის დაწყებისას პრაქტიკული გამოცდილების არქონა ხელს შეუშლის საქმის კარგად კეთებაში.

დისკუსიის მონაწილეთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართველი სტუდენტების დაახლოებას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ სტუდენტებთან, მხოლოდ, ისინი თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ ჩართულნი, „თუ აზერები ან სომხები იქნებიან ქართველებზე მეტი, აზრი არ ექნება, რადგან ისევ ერთმანეთთან იქნებიან კავშირში“(ალიკა).

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კვლევის დროს გამოიყო, არის კონფერენციების ნაკლებობა სხვა ენებზე. რესპონდენტი კატერინას თქმით, ცუდია, რომ მათი უმრავლესობა მხოლოდ ქართულ ენაზეა.

ამასთანავე, დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სახელმწიფომ ყურადღება უნდა მიაქციოს რეგიონში არსებულ არაქართულენოვან სკოლებს და უზრუნველყოს მათთვის ქართული ენის მაღალ დონეზე შესწავლა: რეგიონებში არის, რა თქმა უნდა, მასწავლებლების და სახელმწიფოს პრობლემა, თბილისში უკვე მოსწავლეების პრობლემაა იმიტომ, რომ ზოგი ფიქრობს, რომ მშვენივრად იცის ქართული და დახვეწა აღარ სჭირდება“(ლიანა).

არაქართული სკოლის მნიშვნელობაზე საუბრობს გია ნოდიაც ნაშრომში „ერთი საზოგადოება, მრავალი ეთნოსი (ეთნიკური მრავალფეროვნება და სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში)“:

უმცირესობების წარმომადგენლებს უნდა გააჩნდეთ რეალური შესაძლებლობა განათლების სისტემის მეშვეობით შეინარჩუნონ თავიანთი კულტურული და ენობრივი თვითმყოფადობა. ამიტომ არაქართული სკოლების სისტემა პრინციპში უნდა შენარჩუნდეს. მაგრამ თუ ეს სახელმწიფო სკოლებია, ისინი იმავდროულად მოვალენი არიან საქართველოს მომავალი მოქალაქეები მოამზადონ, რომლებიც შეძლებენ ქართულ უნივერსიტეტებში (ე.ი. ქართულ ენაზე) ისწავლონ, იმუშაონ ქართულ ორგანიზაციებში, იმსახურონ ქართულ ჯარში, ქართულ ტელევიზიას უცქირონ ანუ სრულფასოვნად იფუნქციონირონ და იმეტოქეონ ქართულ საზოგადოებაში. ამისათვის კი კურსდამთავრებულებმა, – პრაქტიკულად, მშობლიურის დონეზე უნდა იცოდნენ ქართული ენა.  (ნოდია, 2003).

ამგვარად, ფოკუს ჯგუფის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საგანმანათლებლო ხარვეზები უნდა გამოსწორდეს იმით, რომ გაიზარდოს სხვადასხვა პროგრამის რაოდენობა, ყურადღება მიექცეს პრაქტიკულ სწავლებას და მათთვისაც ისევე გართულდეს გამოცდები, როგორც ქართველი მოზარდებისთვისაა. დისკუსიის ბოლოს მონაწილეები ამბობენ, რომ უნივერსიტეტში არსებული პრობლემები მხოლოდ მათ არ აწუხებთ და ის, რაც გაკეთდება, ყველა სტუდენტისთვის უნდა გაკეთდეს. „რამე თუ გაკეთდება უნდა იყოს სომხებისთვის, ქართველებისთვის და აზერბაიჯანელებისთვისაც“ (თოხუ).

დასკვნა

კვლევამ აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობის წამომადგენელი სტუდენტები აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში, მონდომებით ასრულებენ იმ დავალებებს, რომლებიც სხვადასხვა საგანში ეძლევათ და ცდილობენ პოზიტიური და მეგობრული დამოკიდებულებით დაიმკვიდრონ თავი განსხვავებული ეთნოსის გარემოცვაში.  გამოიკვეთა ის ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი, რომელიც აბრკოლებს მათ ინტეგრაციასა და კომუნიკაციას ქართველებთან – ქართული ენის ცოდნა დაბალ დონეზე. სწორედ ამ პრობლემის გამო ერიდებიან ინტენსიურ ურთიერთობას ქართველებთან და ისევ საკუთარ ეთნიკურ ჯგუფთან კონტაქტს ამჯობინებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს კატეგორიულ უარს ქართველ თანატოლებთან ურთიერთობაზე. ეთნიკური უმცირესობის უმეტესობა მათთან მეგობრობს და მთელი ძალისხმევით ცდილობს, გადალახოს ყველა ის ბარიერი, რომელიც ინტერაქციის პროცესს წინ ეღობება. იმავეს თქმა შეიძლება ლექტორებისადმი დამოკიდებულებაზეც. ორივე შემთხვევაში, ისინი გარშემომყოფთაგან დახმარებასა და თანადგომას გრძნობენ. მიუხედავად ამისა, წარმოჩინდა დისკრიმინაციისა და უსამართლო ჩაგვრის შემცველი ფაქტებიც, მაგრამ მსუბუქ ფორმებში. ხაზგასასმელია ისიც, რომ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი სტუდენტები ჩართულნი არიან საუნივერსიტეტო, კულტურულ  და გასართობ ღონისძიებებში. ესწრებიან სხვადასხვა ტრენინგს, სამეცნიერო კონფერენციასა თუ საჯარო ლექციას და დაგროვილი ცოდნას თავადაც უზიარებენ სხვებს.

იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული თემა აქამდეც შეუსწავლიათ, ძირითადი ყურადღება ექცეოდა იმას, თუ რა დონეზე იცოდნენ ქართული ენა და როგორ აისახებოდა სახელმწიფო პროგრამების გავლენა მათზე. ამ კვლევამ კი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაციის არსებული  მდგომარეობა და ხარვეზები გამოყო. მის მთავარ ღირებულებად შეიძლება ჩაითვალოს პრობლემათა გადაჭრის გზების დასახვა. ასევე, ისიც, რომ, რაკი რესპონდენტებს შეხება ჰქონდათ მკვლევარ სტუდენტებთან, სოციალური დისტანცია მინიმუმამდე იყო დაყვანილი, რაც სიღრმისეული ინფორმაციის მოპოვებას უწყობდა ხელს.

რეკომენდაციის სახით, სასურველია, რომ სახელმწიფომ გარკვეული ცვლილებები შეიტანოს განათლების რეფორმაში, კერძოდ, დღის წესრიგში დადგეს ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლების საკითხი, რაც პირდაპირ აისახება ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე. ასევე, გართულდეს სკოლის დამამთავრებელი და ეროვნული გამოცდები, რათა განსხვავებული ეთნოსის წარმომადგენელი ახალგაზრდები მეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ სწავლას. უნივერსიტეტებში გაიზარდოს სხვადასხვა პროგრამის რაოდენობა და  ყურადღება მიექცეს პრაქტიკულ სწავლებას.

გამოყენებული ლიტერატურა

1.) ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ანალიზი., (2008) თბილისი: სი-ჯი-ესი.

2.)   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი., (2015). ეთნიკური ქისტების ინტეგრაციის საკითხი თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.  თბილისი.

3.) კოპაძე, ე., (2009). სახელმწიფო ენის პრობლემა სამცხეჯავახეთში. თბილისი.

4.) ლობჟანიძე, მ., (2009). სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს რეგიონებში: ჩართულობა ადგილობრივ თვითმმართველობაში. თბილისი.

5.) ნოდია, გ., (2003). ერთი საზოგადოება, მრავალი ეთნოსი (ეთნიკური მრავალფეროვნება და სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში). თბილისი.

6.) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში., (2015). თბილისი.

7.) სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი., (2013). ორენოვანი წიგნიერების განვითარება არაქართულენოვან სკოლებში.,  თბილისი.

8.)  სტეპანიანი, ა., მირზოევი, ა., (2003). ეროვნულ უმცირესობათა ენებზე განათლება საქართველოში. თბილისი.

9.) სტეპანიანი, ა., ხალილოვი, ზ., (2003). ეთნიკური უმცირესობების მდგომარეობა ქართულ საზოგადოებაში. თბილისი.

10.) ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).,(2017). სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი.,თბილისი.

11.) უმცირესობათა საკითხების ეროვნული ცენტრი (ECMI)., (2009). განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები საქართველოში., თბილისი.

12.) ჯავახიშვილი, ჯ., სარჯველაძე,ნ., (2007). ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვა. თბილისი: ნეკერი.

13.) ჯაჯანიძე, ე., (2013). საქართველოში სამოქალაქო ინტეგრაციის განვითარების პრობლემები. თბილისი.

14.) Anderman & Anderman., (1999). Contemporary Educational Psychology

15.) Graham, S.,  Juvonen, J., Hanish, L.,  Guerra, N., (2002). Ethnicity, peer harassment and adjustment in middle school: An exploratory study

16.) Kao & Joyner., (2004). Do Race And Ethnicity Mater Among Friends?

17.) Little, M.,  Kobak, R., (2003). Emotional security with teachers and children’s stress reactivity

18.) Neves, J.,  Hillman, N., (2017). Student Academic Experience Survey

19.) Zick A., Pettigrew T.F. & Wagner U. (2008). Ethnic Prejudice and Discrimination in Europe. Journal of Social Issues, 64 (2): 233–251

 

აბსტრაქტი

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 16,2%-ს ეთნიკური უმცირესობები წარმოადგენენ. ისინი ქართულ საზოგადოებაში შედარებით ხანგრძლივად და მეტი ძალისხმევით გადიან სოციალიზაციის ეტაპებს და უჭირთ თავის დამკვიდრება.  სწორედ ამიტომ, კვლევის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების  სოციალური ინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა.  ამ მიზნიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ძირითადი ამოცანები: რა სახით არიან ჩართულები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები სასწავლო პროცესში, როგორ ურთიერთობენ ქართველი თანატოლები მათთან და   ღებულობენ თუ არა მონაწილეობას საუნივერსიტეტო სოციალურ აქტივობებში.  კვლევის ფარგლებში ჩატარდა 3 ფოკუს ჯგუფი, რომელმაც მოიცვა 21 რესპონდენტი, მათ შორის იყვნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, სომეხი და იეზიდი სტუდენტები.  ინფორმაციის მოპოვების მთავარი ინსტრუმენტი იყო სადისკუსიო გეგმა.  მონაწილეები, რომლებიც სწავლობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩნენ.  კვლევისას მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის შემდგომ, გამოვლინდა 3 ძირითადი შედეგი: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები სასწავლო პროცესში ისევე აქტიურად არიან ჩართულები, როგორც ქართველები, თუმცა, პრობლემები ექმნებათ მასალების ათვისებისას, რაც გამოწვეულია სახელმწიფო ენის არასრულყოფილი ცოდნით.  გარდა ამისა, მათ მეგობრული, თბილი, უშუალო, სტაბილური და ხშირი ურთიერთობა აქვთ ქართველ სტუდენტებთან და, ამ მხრივ, დისკომფორტს არ გრძნობენ.  რაც შეეხება საუნივერსიტეტო სოციალურ აქტივობებში მონაწილეობას, სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლები მათში მეტ-ნაკლებად ერთვებიან, რადგან საკმარისი დრო არ აქვთ და ქართული ენას შესაბამის დონეზე ვერ ფლობენ.   საბოლოოდ, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები სოციალური ინტეგრაციის პროცესში პრობლემებს არ აწყდებიან და საკუთარ თავებს საქართველოს ისეთივე სრულუფლებიან მოქალაქეებად მიიჩნევენ, როგორც ეთნიკურად ქართველები.

Social integration of Ethnic minority students in Georgian society

Lika Peikrishvili, Anna Arevadze – Students of Social and Political Sciences Faculty at the Iv. Javakhishvili Tbilisi State University.

Abstract

16.2% of the population of our country are ethnic minorities. They pass through the stages of socialization with much effort and find it difficult to establish in Georgian society. Therefore, the aim of the research was to study the experiences of ethnic minority students in social integration. Due to this goal, the main tasks were identified: How they are involved in the study process, how Georgian peers are interacting with them and if they take part in university social activities. Within the scope of the survey, 3
focus groups were conducted, which included 21 respondents, including ethnic Azeri, Armenian and Yezidi students. The main tool for obtaining information was the guide of
focus group. Participants who were studying in Tbilisi State University were selected by random selection. After analyzing the information obtained during the study, three major outcomes were identified: Ethnic minority students are as actively involved in the learning process as Georgians, however, they have problems with learning materials that are caused by the imperfect knowledge of the state language. In addition, they have friendly, warm, direct, stable and frequent relationships with Georgian students. As for the participation in university social activities, the target group representatives are more or less involved in them because they do not have enough time and do not know Georgian language at the appropriate level. Finally, the research showed that students of ethnic minorities do not face problems in the process of social integration and consider themselves as full-fledged citizens of Georgia.

ციტირება:

ლიკა ფეიქრიშვილი, ანა არევაძე (2018) ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების სოციალური ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, No 4. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: