Posted by: burusi | December 30, 2017

რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად მიგრირებული სტუდენტების სოციალიზაცია და ჯანმრთელობა

ნინო კაპანაძე1, სოფიკო ჩილინგარაშვილი1, ბექა თათოშვილი1, თამარ ფანჩულიძე1, თენგიზ ვერულავა2

1სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

2 მედიცინის დოქტორი, ბიზნესის სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Download PDF

აბსტრაქტი

შესავალი: ბოლო წლებში, რეგიონებიდან დედაქალაქში  სტუდენტთა მიგრაციამ მაშტაბური ხასიათი მიიღო, ამის ძირითად მიზეზს კი თბილისში არსებული უამრავი უნივერსიტეტი წარმოადგენს. კვლევის მიზანია შეისწავლოს ის ძირითადი პრობლემები, რომელთაც სტუდენტები დედაქალაქში ჩამოსვლისას აწყდებიან და წარმოაჩინოს  ამ ფაქტორების  გავლენა მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს-ჯგუფი რეგიონებიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებთან ნახევრადსტრუქტურიზებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები, დისკუსია: კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტებს პირველ წლებში ძალიან გაუჭირდათ ადაპტაცია ქალაქთან, ისინი ნაკლებად სტუმრობდნენ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, არ იყვნენ ჩართულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ზოგიერთს თრგუნავდათ დამოუკიდებლობის მაღალი მაჩვენებელი, ზოგიერთისთვის  კი სტრესული აღმოჩნდა საოჯახო საქმეები. ამასთან, ადაპტაციის პრობლემა გამოიკვეთა ისეთ ფაქტორებთან  დაკავშირებით, როგორიცაა ხმაური, გადაადგილება, ტრანსპორტი, კვება და ა.შ., რომელთა გამოც სტუდენტები უძილობას, გაღიზიანებას, წონაში მომატებას, დაღლასა და  ჯამრთელობის სხვადასხვა პრობლემებს უჩივიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩამოსვლიდან 2-3 წლის შემდეგ  ადაპტაციის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად შემსუბუქდა მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის გარკვეული ტრენინგების ჩატარება და საუბრები მათი პრობლემების შესახებ. ამასთან, მათთვის უფრო მოქნილი და მორგებული გარემოს  შექმნა, აქტიური ჩართვა სხვადასხვა აქტივობებში, რათა გაიზარდოს მათი სოციალიზაციის ხარისხი.

ციტირება: ნინო კაპანაძე, სოფიკო ჩილინგარაშვილი, ბექა თათოშვილი, თამარ ფანჩულიძე, თენგიზ ვერულავა. რეგიონებიდან თბილისში სასწავლებლად მიგრირებული სტუდენტების სოციალიზაცია და ჯანმრთელობა. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2018; 4.

Socialization and health of students migrated to study in Tbilisi from regions

Nino Kapanadze1, Sopiko Chilingarashvili1, Beka Tatoshvili1, Tamar Fanchulidze1, Tengiz Verulava2

1 Faculty of Sociology of Social and Political Sciences, Ivane Javakhishvili Tbilisi State University.

2 Doctor of Medicine, School of Business,  Ilia State University

 Abstract

Introduction: In recent years, the migration of students from regions to the capital city has grown very much, the main reason of this is that most of the good universities are in Tbilisi. The goal of the research is to study the major problems that students face when they come to the city and it shows the impact of these factors on their psychological and physical condition. Methodology: For this research, one of the methods of qualitative research was conducted with the students from regions. We performed a focus group using semi-structured questionnaire. Results, Discussion: The research has shown that in the beginning, students from regions had difficulty adapting to the capital city. They rarely visited public places, were not involved in university life. Some were depressed by the high sense of independence; it was stressful to deal with domestic activities. In addition, the problem of adaptation has been revealed with regard to factors such as noise, transport, meals, etc. Because of this student complain of insomnia, irritability, weight gain, tiredness and various health problems. However, it should be noted that after 2-3 years of their arrival, the quality of adaptation has significantly increased, and therefore their physical and psychological condition has improved. Recommendations: It is necessary to conduct training sessions for students from regions and talk about their problems. We should create a positive and comfortable environment for them to involve in various activities in order to increase the quality of their socialization.

Keywords: migration of students, adaptation

Quote: Nino Kapanadze, Sopiko Chilingarashvili, Beka Tatoshvili, Tamar Fanchulidze, Tengiz Verulava Socialization and health of students migrated to study in Tbilisi from regions. Health Policy, Economics and Sociology 2018; 4.

შესავალი

მიგრაციის საკითხი მთელი მსოფლიოსთვის აქტუალურ თემასა და პრობლემას წარმოადგენს. საყოველთაო მიგრაციის ძირითად მიზეზებად შეიძლება ჩვათვალოთ: დასაქმება, განათლება და ცხოვრების გაუმჯობესება.

საქართველოს მაგალითზე ფოკუსირება შეგვიძლია მოვახდინოთ სამივე ასპექტზე. ეს მიზეზები განაპირობებს, როგორც გარე მიგრაციების, ანუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხალხის გადინებას, ასევე  შიდა მიგრაციებსაც. აღსანიშნავია მიგრაციები რეგიონებიდან  დიდი ქალაქებისკენ განათლების მიღების მიზნით. ყოველწლიურად თბილისში  რეგიონებიდან უამრავი ახალგაზრდა ჩამოდის.

ახალ გარემო პირობებში სტუდენტები მთელ რიგ გამოწვევებს აწყდებიან, მათ შორის ყველაზე აშკარა კი გარემოსთან ადაპტირებაა. მათ უჭირთ დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი ფაქტორების გადატანა, ეს იქნება ხმაური, ხალხმრავლობა, საცობები თუ სხვა. ასევე, ხშირად, ჩამოსული სტუდენტები ხდებიან დისკრიმინაციული შეხედულებების მსხვერპლი ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანების მხრიდან, რაც იწვევს მათში სტრესს, დეპრესიას, დათრგუნვას. მორალურ-ფსიქოლოგიურ პრობლემებს ემატება ფინანსური ფაქტორიც. საშუალოდ, სტუდენტს თვეში სჭირდება 600 ლარი  საცხოვრებლად და თავის შესანახად. ამას ემატება სწავლის გადასახადიც (არსებობის შემთხვევაში) და საბოლოოდ, სტუდენტი უამრავი პრობლემის წინაშე დგება, რაც, რა თქმა უნდა, მის ჯანმრთელობაზეც აისახება.

საქართველოში ჩატარებული ერთი კვლევის მიხედვით [1. გვ. 17], სადაც განხილულია ახალგაზრდების ფინანსური დამოუკიდებლობის ხარისხი, ახალგაზრდების 62%-ს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან. პირადი შემოსავალი უფრო ხელმისაწვდომია თბილისში, სადაც რესპონდენტების 35% აცხადებს, რომ აქვს პირადი შემოსავალი. სხვა ქალაქებში პირადი შემოსავალი აქვს ახალგაზრდების 27%-ს, ხოლო სოფლად – ყოველ მეხუთე ახალგაზრდას. ასევე, კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები კმაყოფილების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ოჯახურ ცხოვრებას აფასებენ. სამიზნე სეგმენტის დაახლოებით 4/5 ამტკიცებს, რომ თავიანთი ოჯახური ცხოვრებით საკმაოდ ან სრულიად ბედ- ნიერია. პირადი/ინტიმური ურთიერთობებით და საქმიანობით კმაყოფილების იგივე გამოცდილება აქვს ახალგაზრდების დაახლოებით 60%-ს.

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, რომლებიც თბილისის გარდა სხვა ურბანულ დასახლებებში ცხოვრობენ მეტად კმაყოფილები არიან ცხოვრების სამივე ასპექტით, ვიდრე თბილისში და სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები. ცხოვრებით კმაყოფილების დონეზე მოქმედებს მაღალი სოციალური ფენისადმი კუთვნილებაც, რამდენადაც მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები სხვა ფენებთან შედარებით მეტად კმაყოფილები არიან როგორც თავიანთი ოჯახური ცხოვრებით, ასევე საქმიანობით. საქმიანობით კმაყოფილების მაჩვენებელი თითქმის თანაბარი იყო ქალების, 14-18 წლის ახალგაზრდების, ჯერ ისევ განათლების ეტაპზე მყოფი ახალგაზრდებისა და დასაქმებულ ახალგაზრდების ჯგუფებში [1].

სტრესის დონე უნივერსიტეტის სტუდენტებში მუდმივად იზრდება. 2009 წელს თურქეთში ჩატარდა კვლევა, სადაც შემთხვევით არჩეულ 40 უნივერსიტეტსა და კოლეჯში გამოიკითხა 2240 ბაკალვარიატის სტუდენტი. 85% განაცხადა რომ ყოველდღიურად განიცდის სტრესს. შედარებისათვის, 2008 წელს იგი 80%-ს შეადგენდა. ამასთან, პირველ სასწავლო წელს სტუდენტთა 40 პროცენტი მიმართავს ფსიქოლოგიურ საკონსულტაციო ცენტრებს [2].

კვლევის შედეგები აჩვენებენ, რომ რესპონდენტები ცდილობენ, მეგობრებს როგორც გარეთ, კაფეში ან პიკნიკზე შეხვდნენ, ისე ერთმანეთის სახლში და ფილმის ყურებით, მუსიკის მოსმენით და ერთმანეთთან საუბრით დრო ერთად და მხიარულად გაატარონ [1]. გამოკითხულთა 57% ხშირად ატარებს დროს მეგობრებთან ერთად, ხოლო 25% აღნიშნულ ქმედებას იშვიათად ახორციელებს.

კვლევა ადასტურებს, რომ რესპონდენტთა აზრით, დისკრიმინაცია ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. ათიდან ცხრა ახალგაზრდას მტკიცებით, ისინი არასდროს ყოფილან დისკრიმინირებული რელიგიური, ეთნიკური, გენდერული, პოლიტიკური კუთვნილების, რეგიონიდან წარმოშობის, მშობლიური ქვეყნის ან სხვა რომელიმე უმცირესობის ჯგუფის წევრობის გამო. როგორც მოსალოდნელი იყო, მონაწილეები, რომლებმაც განაცხადეს, რომ განიცადეს დისკრიმინაცია საკუთარი სქესის გამო, ძირითადად ქალები იყვნენ. თუმცა, განათლების დონისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარა სამიზნე სეგმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი (24% და 31%). განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა 8%-ის განცხადებით, ისინი ხშირად განიცდიდნენ ეკონომიკური მდგომარეობის გამო დისკრიმინაციას. საგულისხმოა, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში მცხოვრები თანატოლებისგან განსხვავებით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები დიდი ალბათობით არ ხვდებიან მათი ეკონომიკური მდგომარეობის ან განათლების დონის გამო დისკრიმინაციას [1].

მეთოდოლოგია

კვლევის ფარგლებში განხორციელდა სტუდენტთა სიღრმისეული შესწავლა მათთვის პრობლემატურ საკითხებზე. შესაბამისად, ჩვენს საკვლევ ჯგუფს წარმოადგენენ რეგიონებიდან ქ. თბილისში ჩამოსული სტუდენტები. ისინი საუბრობდნენ როგორც ახლანდელ მდგომარეობაზე, ასევე ჩამოსვლის პირველ ეტაპებზეც. მათ გამოყვეს საკითხები, რომლებსაც თბილისში ყოფნის განმავლობაში გაუმკლავდნენ  და საუბრობენ მათი გადაჭრის გზებზეც. ისინი გვიყვებიან თუ რა შეიცვალა მათთვის დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ, რამდენად გაუჭირდათ გარემოსთან შეგუება და როგორ აისახა ეს ყველაფერი მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

აღნიშნული საკვლევი  საკითხები დიფერენცირებულია შემდეგნაირად: დამოუკიდებლობა, სოციალური დისკომფორტი, ემოციური და ფიზიკური სტრესი, საზოგადოებასა და ურბანულ სივრცესთან ინტეგრაცია.

დამოუკიდებლობის ბლოკი შეეხო სტუდენტთა შემოსავლის წყაროს, მათ როლს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას და ამასთან მშობლების ჩართულობას მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მეორე ბლოკი ძირითადად ფოკუსირებულია ურბანულ გარემოსა და საცხოვრებელ პირობებზე. მესამე ბლოკი ეხება სტუდენტთა ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას, რომელშიც გაერთიანებულია სტუდენტთა დამოუკიდებლობის ხარისხი და  მათზე ურბანული გარემოს ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე, რეგიონთან დაკავშირებული ემოციური ასპექტები. ბოლო ბლოკი კი გადმოგვცემს მათი ცხოვრების სტილს, სამეგობრო წრესა და სტუდენტთა ჩართულობის ხარისხს სხვადასხვა სახის აქტივობებში.

ოპერაციონალიზაცია:

  • ადაპტაცია – გულისხმობს მნიშვნლოვანი ცვლილების განხორციელებას, რომელიც საშუალებას მისცემს პიროვნებას, უპასუხოს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოთხოვნებს და მოერგოს საჭიროებებს; აგრეთვე, გააუმჯობესოს ჯანმრთელობა და გაზარდოს კარგად ყოფნის ხარისხი.
    პიროვნების ადაპტაცია – გულისხმობს ფიზიოლოგიურ, პერცეპტულ და კოგნიტურ პასუხებს გარემოს მიმართ;
  • სოციალიზაცია – ცხოვრების მანძლზე მიმდინარე პროცესი, რომლითაც ინდივიდისქცევის პატერნები, ღირებულებები, სტანდარტები, უნარები და განწყობები ისეთ ფორმას იღებენ, რომელიც მისაღები იქნება მოცემული საზოგადოებისთვის.
  • მიგრაცია(ლათ. Migratio – გადასახლება) – ადამიანის გადაადგილება ან გადასახლება სხვადასხვა ვადით (რამდენიმე საათიდან სიცოცხლის ბოლომდე), რომელიც სტატისტიკურად აღრიცხვადი საზღვრების (ძირითადად ქალაქის, ქვეყნის და სხვა ადმინისტრაციული საზღვრების) გადაკვეთაში გამოიხატება.

ინდიკატორები:

ადაპტაცია – მაგალითად, რამდენად მოერგო და შეეგუა რეგიონიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტი გარემოს, რამდენად მოსახერხებელია მისთვის ქუჩაში გადაადგილება, საცხვრებელი გარემო, საზოგადოებასთან ურთიერთობები და ა.შ

სოციალიზაცია – მაგალითად, გულისხმობს რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი რამდენად აქტიურად იღებს მონაწილებას საზოგადოებრივ აქტივობებში, რამდენადააა ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში და ამასთან, რამდენად ითვისებს, იღებს იმ წესებს, ცხოვრების სტილსა და ნორმებს, რომლებითაც ხასიათდება ახალი გარემო.

კვლევის ობიექტი და საგანი. კვლევის ობიექტს წარმოადგენენ რეგიონებიდან თბილისში ჩამოსული სტუდენტები, ხოლო საგანი არის გარემოსთან მათი ადაპტაციისა და სოციალიზაციის ხარისხი.

კვლევის მიზანი და ამოცანები. კვლევის მიზანია სოციალიზაციასა და ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამოყოფა, რომლებსაც რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები აწყდებიან, მათი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობების შესწავლა.

  • რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებთან გასაუბრება და მათი დახმარებით იმ ცვლილებების გამოყოფა, რომლებიც დედაქალაქში გადმოსვლისას განიცადეს.
  • ემოციური კავშირის დადგენა როგორც რეგიონთან, ასევე ახალ გარემოსთან და ამით გამოწვეულ პრობლემებთან.
  • დამოუკიდებლობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი როლის დადგენა დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ.
  • სტუდენტთა ყოველდღიური ცხოვრებისა და აქტივობების შესწავლა.

ჰიპოთეზა. ქვეყანაში არსებული მთელი რიგი ფაქტორების  გამო, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები აწყდებიან როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ პრობლემებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შერჩევა

  • მიზნობრივი – რეგიონებიდან განათლების მისაღებად მიგრირებული სტუდენტები.
  • სქესი – ორივე სქესის წარმომადგენელი სტუდენტები.
  • სხვადასხვა რეგიონი – სტუდენტები არ უნდა იყვნენ მხოლოდ ერთი ან ორი რეგონიდან მიგრირებულნი, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავადგენთ სიშორე / სიახლოვე რა გავლენას ახდენს ადაპტაციის ხარისხზე.
  • ასაკი – ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები.

გამოკითხვის ტიპი: სიღრმისეული ჯგუფური ინტერვიუ – ფოკუს-ჯგუფი.

  • ფოკუს ჯგუფის შექმნა ხელს უწყობს ამა თუ იმ საკითხის შესახებ იდეების, შთაბეჭდილებების, ხედვის გაცვლას და სასურველი განწყობის ფორმირებას; ამასთან გვეხმარება რამდენიმე ადამიანის ერთდროულად გამოკითხვაში, რაც ზრდის გულწრფელობის ხარისხს.
  • ჯგუფის წევრები ისმენენ განსხვავებულ აზრებს და დამოკიდებულებას საკითხის მიმართ, რაც საბოლოოდ ტრანსფორმირდება ერთიან პოზიციად, სადაც შეჯერებული იქნება მათი აზრები; ამასთან ჯგუფური ინტერაქცია ხელს უწყობს პასიური სტუდენტის ჩართვას დისკუსიაში.
  • ფოკუს ჯგუფის დახმარებით ფორმულირდება განსახილველი საკითხის შესახებ კომპლექსური პოზიცია. შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში ადაპტირებადი და მოქნილია.

მოცემულ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა 4 ფოკუს-ჯგუფი და გამოიკითხა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 24 სტუდენტი. ამასთანავე, ისინი იყვნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის, კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტები (12 – ქალი, 7 – კაცი, 2 – პირველკურსელი, 5 – მეორე კურსელი, 12 – მესამე კურსელი). თითოეული ფოკუს-ჯგუფის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს საათსა და 30 წუთს.

შედეგები

საკვლევ თემას წარმოადგენს რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტების ადაპტაციისა და სოციალიზაციის ხარისხი თბილისის ურბანულ გარემოში. კვლევის ფარგლებში ჩატარდა 8 ფოკუს ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 48-მა სტუდენტმა.

პირველი ბლოკი

სტუდენტებში, რომელთაც თბილისთან ჰქონდათ შეხება, სანამ სასწავლებლად ჩამოვიდოდნენ, გამოიყო  სამი  ძირითადი კატეგორია:

პირველი კატეგორია აერთიანებს სტუდენტებს, რომლებიც  იშვიათად ჩამოდიოდნენ თბილისში.
„ხშირი შეხება არ მქონდა, მაგრამ მიწევდა ჩამოსვლა, სხვადასხვა ფესტივალებზე ჩამოვდიოდი, ნათესავებთან ჩამოვდიოდი რამდენიმე დღით, მაგრამ დიდი ხნით არ ვჩერდებოდი ხოლმე, სხვა მხრივ შეხება არ მქონია“

მეც მქონია შეხება, ჩამოვდიოდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ხშირადმეთქი, იმიტომ, რომ საჭიროება არ იყო ამისი, რომ ხშირად ჩამოვსულიყავი. ნუ თუ ჩამოვიდოდი, ორისამი დღით თუ დავრჩებოდი ახლობლებთან.” –  მარიამი – სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (1352-1354).

გაჟღერებულ მოსაზრებას იზიარებს უმრავლესობა (46%, n=22). მათი უმრავლესობა  ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში.

მეორე კატეგორია მოიცავს სტუდენტების იმ ნაწილს, რომლებიც რამდენჯერმე იყვნენ თბილისში ნამყოფი. „თბილისში მეც ნამყოფი ვიყავი ჩამოსვლამდე, სადღაც ხუთი-ექვსჯერ.“ აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს სტუდენტთა მცირე ნაწილი.

[…] უფრო ხშრად ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებზე 1-2 თვითაც ვყოფილვარ, ანუ მამიდა მყავს აქეთ და მასთან ჩამოვდიოდი.” – მარიამი იმერეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი მესამე კურსი (2301-2302).

მესამე კატეგორიას წარმოადგენენ სტუდენტები, რომლებიც ხშირად ჩამოდიოდნენ თბილისში. „მეც მქონდა თბილისთან შეხება საკმაოდ აქტიური, ასევე ნათესავებიდან გამომდინარე, და პრინციპში საკმაოდ ხშირად ვიყავი თბილისში, დღესასწაულებს ვატარებდი აქ და აქედან გამომდინარე ხშირად მქონდა თბილისთან კონტაქტი” ,,მქონდა თბილისთან შეხება. ბიძია და დეიდა აქ მყავს და ხშირად ჩამოვდიოდი ერთი თვით, ერთი კვირით ან სულაც რამდენიმე დღით.” – [მირანდა – სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2290-2291)]

მმმ…ხშირად ჩამოვდიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ მამიდაჩემი ცხოვრობს, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას.“  [ქრისტინა – გურია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსი (32-33)]

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს 19 სტუდენტი (39.6%).

ფოკუს ჯგუფის ერთმა მონაწილემ განსხვავებული აზრი გამოთქვა. მას თბილისთან შეხება ჰქონია იშვიათად. ჩამოსულა მხოლოდ ქორწილში.

არა, შეხება არ მქონია ძაან ხშირი. 1-2 ჯერ ვყოფილვარ ჩამოსული, ქორწილი ყოფილა ახლობლის. სხვა მხრივ შეხება არ მქონია ძალიან ხშირი.” მიხეილიშიდა ქართლი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მეორე კურსი (2287-2288).

აგრეთვე, ერთმა დისკურსანტმა თქვა, რომ დედაქალაქთან შეხება ჰქონდა იშვიათად, თუმცა მიზეზი იყო, როგორც ახლობლის ქორწილი, აგრეთვე ჯანმრთელობის პრობლემა.

მეც ვიყავი ჩამოსული, ბიძაშვილის ქორწილი იყო და ერთი კვირა დავრჩი […] ერთხელ ბავშვობაში ვიყავი, ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა […]“. (შაკო -იმერეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსი (50-51); (53-54).

კითხვაზე, თუ როგორ უმკლავდებიან სტუდენტები საოჯახო საქმეებს, როგორებიცაა: სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და ა.შ., გამოიყო ორი კატეგორია: სტუდენტები, რომლებსაც გადანაწილებული აქვთ სახლის საქმეები იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ და სტუდენტები, რომლებიც მარტო უმკლავდებიან საოჯახო საქმეებს.

პირველი კატეგორიის სტუდენტებმა (42%, n=20) დააფიქსირეს, რომ  საოჯახო საქმეებში მათ ეხმარებიან. მათგან უმეტესობა ქალია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის საოჯახო საქმეების კეთება არ არის დაკავშირებული რაიმე სახის დისკომფორტთან. უმეტესობა ამას დამოუკიდებლობის ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმად თვლის და ის სტუდენტებიც კი, რომლებიც ოჯახთან ერთად ცხოვრობენ თბილისში, ცდილობენ თავიანთი სურვილით აქტიურად ჩაებან საოჯახო საქმეებში, განსაკუთრებით კი მამაკაცები. ამის ძირითად მიზეზად შეიძლება დავასახელოთ ასაკის გამო გარკვეული როლისა და გარკვეული გამოცდილების მიღების სურვილი. ამასთან, სტუდენტები  პასუხისმგებლობას გრძნობენ იმ ადამაინებთან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობენ, იაზრებენ უფლება-მოვალეობების გადანაწილების აუცილებლობას.

“მე ვცხოვრობ ჩემ დასთან ერთად. ისიც სტუდენტია და მოვალეობები                   გადანაწილებული… დისკომფორტს არ მიქმნის რადგან მიყვარს საჭმლის კეთება… და ის რაც არ მიყვარს, ჩემი და აკეთებს.“ „მე, გამომდინარე იქიდან, რომ ვცხოვრობ მამიდასთან ერთად, საჭმლის მომზადება არ მიწევს და ჯერჯერობით ამ საკითხით თავს არ ვიწუხებ. რა თქმა უნდა, ჩართული ვარ სხვა საოჯახო საქმეებში, დასუფთავება და რაღაც ასეთი, მაგრამ საჭმლის გაკეთება არ მიწევს, რადგან მამიდასთან ვცხოვრობ” – მაგდა-სამცხე-ჯავახეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (208-210);

მეორე კატეგორიის სტუდენტები დამოუკიდებლად უმკლავდებიან საოჯახო საქმეეებს (25% n=12), მათგან უმეტესობა მარტო ცხოვრობს. თუმცა, პირველი კატეგორიის სტუდენტებისგან განსხვავებით, მათთვის გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს საოჯახო საქმეები. განსაკუთრებით მოცემული საკითხი პრობლემატურად დაასახელეს მამაკაცებმა, რადგან როგორც აღნიშნეს, მხოლოდ ჩამოსვლის შემდეგ მოუწიათ ისეთი საქმეების  გაკეთება როგორიცაა: საჭმლის მომზადება ან თუნდაც სახლის დალაგება. ამასთან, მოცემული კატეგორიის უმეტესი სტუდენტი დასაქმებულებულია და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ  საკითხის პრობლემატურობას  დროის სიმცირეც  განაპირობებს, რადგან ერთდროულად მრავალ საკითხზე უწევთ დროის გადანაწილება (სამსახური, უნივერსიტეტი, მეგობრები, საოჯახო საქმეები და ა.შ).

 “ოო სახლის დალაგება, უცებ ჩამოვედი აქ და იქ სახლში არაფერს ვაკეთებდი და უცებ აქ ყველაფერი მე დამაწვა, სახლის დალაგება მიხდება ალბათ კვირაში ორჯერ….“. “საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად არ მიყვარს. ძალიან არ მიყვარს. აი, კი არ მეზარება, უბრალოდ საჭმლის კეთება არ მიყვარს, აი ვერ დავამუღამე. აი სამი წელია აქ ვარ და ვერ დავამუღამე რატომ უყვართ ადამიანებს საჭმლის გაკეთება (იცინის). […] ვუმკლავდები კი, ახლა პრობლემას მიქმნის-მეთქი საჭმლის გაკეთება და რაღაც, ეგრე არა, მაგრამ ანუ რომ არ იყოს კარგი იქნება (იცინის). მარიამი – სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (1467-1469; (1477-1478)

ფოკუს ჯგუფის წევრთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი (33%, n=16) მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, შესაბამისად, ისინი უმკლავდებიან საოჯახო საქმეებს.

“მე-4 წელია მარტო ვცხოვრობ და უკვე ისე ვარ უკვე გაწვრთილი საოჯახო საქმეებში რომ რა ვიცი, აღარაფერი აღარ მიჭირს. როცა იქით ვცხოვრობდი კი დამოკიდებული ვიყავი ოჯახზე და ძირითადად საქმეებს მე კი არ ვაკეთებდი, რასაც ჰქვია საოჯახო საქმეებს, მაგრამ ახლა რაც მარტო ვარ წამოსული, მითუმეტეს 4 წელია, ყველაფრის გაკეთება მარტო მიწევდა და რა თქმა უნდა, შევეგუე, შევეჩვიე და მომწონს“ – ნუცა-სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსი (202-206).

მეორე ბლოკი

   თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ურბანულ ფაქტორებთან დაკავშირებით, რომლებმაც სტუდენტებს დისკომფორტი შეუქმნა, გამოიყო შემდეგი პრობლემები: ხმაურის პრობლემა, გადატვირთული ტრანსპორტი, ხალხმრავლობა და მანძილის პრობლემა. სტუდენტთა უმეტესობამ ძირითად ფაქტორად ხმაურის პრობლემა გამოყო (52%, n=25).

ძირითადად, მოცემული პრობლემა დაასახელეს იმ სტუდენტებმა, რომლებიც შედარებით უფრო ახლოს ცხოვრობენ ქალაქის ცენტრთან, სადაც შედარებით აქტიურია ღამის ცხოვრება. აღნიშნული ფაქტორი სტუდენტებში იწვევს უძილობას და მთელ რიგ სტრესულ პრობლემებს, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრებაზეც აისახება, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ადგილი მათთვის მანძილის გამო ხელსაყრელია.

„მე ვიტყვი. აღნიშნული საკითხი ჩემთვის არის ძალიან პრობლემური, იმიტომ რომ ვცხოვრობ შარდენთან ახლოს და მოგეხსენებათ, როგორი ქუჩაც არის. აუტანელი ხმაურია მუდამ, იწყება ღამის თერთმეტიდან და გრძელდება დილის ხუთ საათამდე…“. ჰო, ანუ, ჩემთვის ძირითადი პრობლემა ის იყო, ხმაური, იმიტო, რო თითქმის 3 თვე წესიერად ვერ ვიძინებდი ხოლმე, ხმაურის გამო, იმდენად არ ვიყავი შეჩვეული საერთოდ ხმაურს. ხმაური იყო ჩემთვის პრობლემა. [გიორგი – კახეთი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მესამე კურსი, 1564-1566]

რიგით მეორე პრობლემა გადატვირთული ტრანსპორტია. ეს პრობლემა აწუხებთ არა კონკრეტულ ტრანსპორტთან, არამედ ყველა ძირითად საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში. ამასთან, უნდა აღინიშნოს საცობებიც, რომელთა გამოც სტუდენტებს პრობლემები შექმნიათ უნივერსიტეტსა და სამსახურში.

“გადატვირთულია ტრანსპორტი და ეს ჩემთვის ძალიან შემაწუხებელია, გინდა მეტრო გინდა ავტობუსი და  აქედან გამომდინარე, ეს ჩემთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს, ნუ გადაადგილებაა ჩემთვის ძირითადი პრობლემა…“

.„მეორე, რაც შეეხება, ტრანსპორტის პრობლემა, იმდენად, ბევრი, იმხელა საცობებია ხოლმე, როცა დილით 9 საათზე, ან როცა შორს ვცხოვრობდი, 8 საათზე მოვდიოდი ვერ ავდიოდი ხოლმე ტრანსპორტში, ნახევარი საათით მაგვიანდებოდა ხოლმე, იმის გამო რომ ადგილი არ იყო ავტობუსში და მარტო ერთი ტრანსპორტი დადიოდა. ეს გარეუბანზე დამოკიდებულია […]“ – [გვანცა-სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი]

ორმა სტუდენტმა დაასახელა ხალხმრავლობის პრობლემა. როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ეს პრობლემა იყო მათთვის დისკომფორტის შემქმნელი და ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული დაძაბულობა და შიში გამოიწვია მოცემულმა საკითხმა მათში, რაც გამოიხატებოდა ძირითადად სახლში ყოფნით და ნაკლები კომუნიკაციით მეგობრებთანაც კი. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ მოცემული საკითხი განსაკუთრებით სტრესული იყო მათთვის, თუმცა მეორე და მესამე კურსიდან შეძლეს შეგუება და დაძლევა პრობლემის, ისევ და ისევ უნივერსიტეტისა და სამეგობრო წრის დახმარებით.

“ისეთი რთული პრობლემის წინაშე არ დავმდგარვარ, ვერც ვიხსენებ რაიმე პრობლემას, უბრალოდ პირველი რაც თვალში მომხვდა ძალიან ბერვი ხალხი იყო, რაც მე პირადად არ მიყვარს და ვცდილობ მოვერიდო ხალხმრავალ ადგილებს, სხვამხრივ ისეთი პრობლემა არ ყოფილა….“

მიუხედავად იმისა, რომ მანძილის ფაქტორი ძირითად პრობლემად მხოლოდ ერთმა სტუდენტმა დაასახელა, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული საკითხი ასევე პრობლემურია იმ სტუდენტებთან მიმართებაშიც, რომლებსაც აწუხებთ გადატვირთული ტრანსპორტი. მანძილის გამო სტუდენტებმა ასევე დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს იმ დიდ დროს, რომელსაც გადაადგილებაში კარგავენ დღის განმავლობაში. რაც მათთვის რეგიონთან შედარებით ძალიან შემაწუხებელია. აღნიშნავენ, რომ დღის განმავლობაში იმდენად დიდი მანძილის გავლა უწევთ, რომ ძალიან იღლებიან, ამასთან კარგავენ ძალიან დიდ დროს  და უნივერსიტეტის შემდეგ ფაქტიურად აღარ რჩებათ დრო დასვენებისა და გართობისთვის, მით უფრო იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლას სამსახურსაც უთავსებენ.

“რა თქმა უნდა აქ გადმოსვლის თანავე  ბევრმა ფაქტორმა მოიყარა თავი,თუმცა იმის გათვალისწინებით რომ მიყვარს ხალხმრავალი ადგილი და ვარ კომუნიკაბელური ამ მხრივ პრობლემა არ გამჩენია,რაც შეეხება მანძილს მეც ძალიან დიდი მანძილის გავლა მიწევს უნივერსიტეტამდე და ბევრი ტრანსპორტის გამოცვლა მიწევს…“

ყველაზე პრობლემური საკითხი, რომელსაც ფოკუს ჯგუფის წევრების უმრავლესობა აღნიშნავს, ისაა, რომ ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ, რადიკალური სხვაობა იგრძნეს ჰაერის დაბინძურების კუთხით.

„მთავარი მაინც სუფთა ჰაერის ნაკლებობაა, რაც სოფელსა და ქალაქს განასხვავებს, მე ზუსტად ეს პრობლემა მაქვს. ჩემს სოფელში ძალიან სუფთა ჰაერია თბილისთან შედარებით და როცა ჩამოვედი აქ, ვხვდები, რომ ძალიან დაბინძურებულია აქაური ჰაერი, იმასთან შედარებით, სადაც ვცხოვრობდი.“ – [ბაჩი – მცხეთა-მთიანეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი, 2450-2455].

ასევე პრობლემური საკითხი, რომელიც ფოკუს ჯგუფის წევრებმა დაასახელეს, არის სივიწროვე. ამის მიზეზი ისაა, რომ რეგიონში ცხოვრებისას მათ ჰქონდათ კერძო სახლი, დიდი ეზოთი და არ იყვნენ მიჩვეულნი ბინაში, უფრო ვიწრო სივრცეში ცხოვრებას.

გამომდინარე იქიდან, რომ კერძო სახლში ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული სოფელში და ეზო და მთელი ამბები, გამიჭირდა ქალაქში […]“ – [სალომე – რაჭა, იურიდიული ფაკულტეტი, მესამე კურსი, 1021-1024].

ამ მოსაზრებას იზიარებს ფოკუს ჯგუფის 12 წევრი (25%);

კითხვაზე თუ როგორ შეიცვალა სტუდენტთა საცხოვრებელი პირობები გადმოსვლის შემდეგ და არიან თუ არა კმაყოფილნი, გამოიკვეთა სამი კატეგორია: სტუდენტები, რომლებიც რეგიონში უფრო კომფორტულად იყვნენ (56%, n=27), სტუდენტები, რომელთა პირობები გაუმჯობესდა და სტუდენტები (25%, n=12), რომელთა საცხოვრებელი პირობები თითქმის არ შეცვლილა (19%, n=9).

პირველი კატეგორიის სტუდენტები თვლიან, რომ რეგიონში ბევრად უფრო კომფორტულად და უზრუნველყოფილად ცხოვრობდნენ, თუმცა, არ მიიჩნევენ, რომ მათი პირობები გაუარესდა ან მოცემული მდგომარეობით უკმაყოფილოები არიან. სტუდენტები მოცემულ გარემოს მისაღებად და საცხოვრებლად ვარგისად თვლიან და არსებით მნიშვნელობას პირობებს  არ ანიჭებენ, რადგან ისინი შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულია. სტუდენტთა ნაწილისათვის ეს საკითხი გარკვეულ ემოციებთანაა დაკავშირებული, რაც გულისხმობს ნოსტალგიას სახლისა და ადამიანების მიმართ და არა მატერიალურ მხარეს.

“ვერ შევადარებ, რა თქმა უნდა, იქ უფრო კომფორტულად ვიყავი და ბევრად უფრო უზრუნველყოფილი, ვიდრე აქ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქ არ ვარ კარგად, ყველაფერი მაქვს ის რაც მჭირდება…“.

„ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ემოციურ დონეზე დადის…. მენატრება ჩემი სახლი და ჩემი გარემო…“.

როგორც აღვნიშნე, ქირით ვარ. შესაბამისად, საკუთარ სახლში და საკუთარ ოჯახთან ცხოვრებას ვერ შეედრება, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ცუდ პირობებში ვარ. ასე, თუ ისე, უკმაყოფილო არ ვარ.”  – ბექა – გურია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მესამე კურსი (1082-1084);

მეორე კატეგორიის სტუდენტები თვლიან, რომ პირობები გაუმჯობესდა, თუნდაც კომუნიკაციების მხრივ (24 საათი წყალი, ინტერნეტი, გაზი და ა.შ.). ამასთან, თბილისში მათ უფრო მარტივად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა მომსახურეობის, გასართობ და ა.შ პუნქტებთან (მაღაზიები, ბანკები, კინო, თეატრი). ისინი თვლიან, რომ თბილისი უფრო მეტ საშუალებას აძლევთ მათ განვითარებისა და უკეთესი ცხოვრებისათვის, ვიდრე რეგიონი. რაც შეეხება უშუალოდ საცხოვრებელ სახლს, ყველა სტუდენტი აღნიშნავს, რომ ბევრად უფრო კომფორტულია აქ, ვიდრე რეგიონში…

„თბილისი პერსპექტივას გვაძლევს, უფრო მეტი  კომფორტია, ყველაფერთან ახლოს ვარ… თვითონ სახლიც ძალიან კომფორტულია ჩემს სახლთან შედარებით, რადგან  ჩემს მშობლიურ სახლში წყალი არ გვაქვს და წყაროდან გვიწევდა წყლის ზიდვა და  მარაგის ქონა. ძალიან კმაყოფილი ვარ აქ ცხოვრებით, მეეჭვება ვინმე შეაწუხოს  მუდმივმა წყალმა და გაზმა (იღიმის)“.

,,[…] მაინც ვფიქრობ, რომ ოდნავ გაუმჯობესდა ჩემი საცხოვრებელი პირობები ძველთან შედარებით, სადაც ვცხოვრობდი. “ ბექა – მცხეთა-მთიანეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი.

მესამე კატეგორიის სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები თითქმის არ შეცვლილა და შესაბამისად, პრობლემასაც არ წარმოადგენს:

,,კმაყოფილი ვარ, მივეჩვიე ძალიან. საყოფაცხოვრებო პირობების შეგუების მხრივ პრობლემა არ მქონია[…]” ანანო – კახეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2510-2511);

მესამე ბლოკი

კითხვაზე, სტუდენტებისთვის რამდენად სასიამოვნოა ან შემაწუხებელი  დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის განცდა, რესპონდენტთა პასუხები დაიყო ორ კატეგორიად: სტუდენტები, რომლებსაც მოსწონთ დამოუკიდებლობა და უნდათ, რომ უფრო მეტად შეძლონ საკუთარი ცხოვრების მარტო წარმართვა და პასუხისმგებლობებსაც შეეჭიდნონ. ამ მოსაზრებას ყველაზე მეტი მომხრე ჰყავდა (75%, n=36).

  „დამოუკიდებლობა ძალიან მომწონს და  ვმუშაობ იმაზე, რომ ეს ხარისხი ძალიან გაიზარდოს, უფრო დამოუკიდებელი გავხდე, რაღაცნაირად უფრო დარწმუნებული ვიყო ჩემს გადაწყვეტილებებში და მე პირადად ძალიან მომწონს და მინდა, რომ უფრო მეტად დამოუკიდებელი ვიყო“.

კარგია დამოუკიდებლობა […] იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებ, ეჩვევი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც უფრო გიიოლებს შემდგომში ასე ვთქვათ, წარმატების მიღწევას.“ – ანრი – კახეთი, იურიდიული ფაკულტეტი, მესამე კურსი (1091-1097);

მეორე კატეგორიის სტუდენტებისათვის (17%, n=8) დამოუკიდებლობის განცდა დამთრგუნველია, რადგან მათთვის  თავისუფლება და დამოუკიდებლობა გულისხმობს  გარკვეულ პასუხისმგებლობებსაც, რაც მათ აშინებთ და დისკომფორტს უქმნით. ამ კატეგორიის რვავე რესპონდენტი ქალია.

  “დამოუკიდებლობის გრძნობა გარკვეულწილად რაღაც პასუხისმგებლობასაც მოითხოვს და პასუხისმგებლობა თუ სერიოზულია, ეს მთრგუნავს ძალიან და არ ვიცი, რამდენად დამოუკიდებელი ვარ ამ მხრივ და რამდენად არა. მაგრამ ეს სერიოზული პასუხისმგებლობები ჩემთვის საკმაოდ დამთრგუნველია და ვცდილობ თავი ავარიდო და ამ მხრივ არის შემაწუხებელი ჩემთვის. სხვამხრივ დამოუკიდებლობას ვცდილობ მივეჩვიო და მგონია, რომ გამომდის ასე თუ ისე კარგად“.

„თავისუფლებას ახლავს ბევრი პასუხისმგებლობა ყოველთვის“ – ლიკა-სამეგრელო (1655-1663);

კითხვაზე, თუ როგორ აისახა საცხოვრებელი ადგილის ცვლილება მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორიცაა უძილობა, თავის ტკვილი, შფოთვა და ა.შ., რესპონდენტების მოსაზრებები დაიყო რამდენიმე  კატეგორიად. პირველი კატეგორიისთვის (15%, n=7), საცხოვრებელი ადგილის ცვლილება აისახა მხოლოდ მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ადაპტაციის პირველი ეტაპი მათთვის ბევრ სირთულეს მოიცავდა, არ სურდათ ქალაქში მარტო დარჩენა და ჰქონდათ ემოციური სტრესი. არ უნდოდათ არც უნივერსიტეტში სიარული და არც ქალაქში გასეირნება. თუმცა, დროთა განმავლობაში ისინი შეეჩვივნენ ამ გარემოს და იმდენად აღარ უჭირთ. მსგავსი მოსაზრება გამოთქვეს რესპონდენტების ყველაზე მცირე ნაწილმა.

  ”სანამ საცხოვრებელ ადგილს შევიცვლიდი ყოველთვის მეგონა, რომ მარტივად შევეგუებოდი  და არანაირ პრობლემას არ გადავაწყდებოდი, მაგრამ როგორც კი ჩამოვედი, სანამ ჩემი მშობლები დამტოვებდნენ, არ მინდოდა აქ გაჩერება და მინდოდა ჩემს სახლში წასვლა. ძალიან ემოციურად ვიყავი დათრგუნული, არ მინდოდა სახლიდან გასვლა, უნივერსიტეტშიც არ მინდოდა სიარული, მაგრამ ძალიან მალე შევეჩვიე ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი შეჩვევადია. ძალიან რთული იყო ჩემთვის პირველი ეტაპი, პირველი თვეები, მაგრამ მერე მარტივად შევეჩვიე.“

მეორე კატეგორიის სტუდენტებისათვის (15%, n=7) საცხოვრებელი ადგილის ცვლილება აისახა, როგორც მათ ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ქალაქისთვის დამახასიათებელმა ხმაურმა მათ უძილობაზე იქონია ზეგავლენა, ასევე სტრესიული აღმოჩნდა მათთვის ერთი პუნქტიდან მეორესკენ გადაადგილება, რადგან მანძილი დიდია და ეს მათთვის დამღლელი აღმოჩნდა. ყოველივე ეს კი აისახა მათ უძილობაზე, დაღლასა და ორგანიზმის გამოფიტვაზე.

 „ჩემთვის ძალიან ისეთი უკუჩვენებები ქონდა იმიტომ, რომ ხმაურმა როგორც ავღნიშნე უძილობა გამოიწვია ჩემში. ძალიან დაღლა, დიდ მანძილს გადიხარ ერთი პუნქტიდან მეორემდე და შემდეგ ეს აისახება რა თქმა უნდა ორგანიზმზე, იწვევს დაღლას, გამოფიტვას, უძილობას. ჩემს შემთხვევაში მაგალითად.“

მესამე კატეგორიის სტუდენტებისათვის (35%, n=17) საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური სტრესი არ გამოუწვევია. მათ ემოციური სტრესი არ ჰქონიათ ადგილის ცვლილების გამო, მარტივად შეეგუვნენ იმ გარემოს, რომელიც დედაქალაქში დახვდათ. მაგალითად, ამ კატეგორიის რესპონდენტებისთვის უძილობის გამომწვევი მიზეზი არ შეიძლება გახდეს ახალი სახლი ან საძინებელი. ამიტომ, მათ არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონიათ.

“მე არც ფსიქოლოგიური პრობლემა მქონია და არც ფიზიკური. მე ვიცი ჩემს ირგვლივ, მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც არ შეუძლიათ დაიძინონ სხვის სახლში და შეიცვალონ გარემო, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც ყველაზე ნაკლებად მიჭირს ეგ არის, არც ძილის პრობლემა მაქვს და არც ემოციური.“

[…] შეგუება არ გამჭირვებია არანაირად ქალაქთან.” – სალომე – რაჭა, იურიდიული ფაკულტეტი, მესამე კურსი (1125-1126);

ფოკუს ჯგუფის წევრთა  ნაწილი (17%, n=8) გამოყოფს, როგორც ფიზიკურ პრობლემებს, დაკავშირებული კლიმატის ცვლილებებთან, იქნება ეს უძილობა, უმადობა, თავის ტკივილი, ჰაიმორიტი, იმუნიტეტის დაქვეითება, ასევე, ფსიქოლოგიურს – სტრესი, ოჯახის წევრების მონატრება.

,,[…] მე მქონდა პრობლემები, ანუ ძაან ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, ანუ ფსიქიკური კი, მართლა, იმიტომ, რომ რაღაც შიზოიდს დავემსგავსე, იმიტო რო სახლზე ვგიჟდები, აი ყოველთვის მენატრება, ზღვაზე ვგიჟდები[…] კიდე ფიზიკური, ფიზიკურად როგორ დამეტყო, ანუ დამეწყო თავის ტკივილები, რაღაცა ჰაიმორიტი ავიკიდე, ეტყობა ჰავის ცვლილებაზე, წესით პირიქით უნდა ყოფილიყო, სინესტეში უნდა მქონოდა ეგეთი რაღაც, მარა აქ რო ჩამოვედი აქ დამემართა. ხშირი გაციება, იმუნიტეტი ჩამომიქვეითდა, ალბათ ეს ყველაფერი ახდენს გავლენას და მეც რაღაცა დეპრესიული რაღაცები, შემოტევები მქონდა ამის გამო, რო, ხო ხედავთ სახლში მინდა, რაღაცეები მჭირს, მარა ეს 1 წელი გაგრძელდა, მერე მივეჩვიე ყველაფერს და ეხლა ნორმალურად ვგრძნობ თავს, საბედნიეროდ.”

ფოკუს ჯგუფის წევრთა ნაწილი (13%, n=6) გამოყოფს მხოლოდ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რასაც უკავშირებს ოჯახის წევრებისა და მშობლიური გარემოს მონატრებას. აგრეთვე, საუბრობენ ურბანული სივრცისთვის დამახასიათებელ სოციალური ინტერაქციის პრობლემებზე.

,,ფიზიკური ადაპტაცია მაინცდამაინც არ გამიჭირდა უფრო ალბათ ფსიქოლოგიური, რადგან როცა შეჩვეული ხარ იქაურ გარემოს და როცა აქ ჩამოდიხარ უცხო გარემოში ცოტა არ იყოს რთულია. ყველაზე მეტად გამიჭირდა საზოგადოებასთან შეგუება იმიტომ, რომ როდესაც პატარა სოფელში ცხოვრობ ყველას იცნობ, ყველას ესალმები. აქ კიდე ყველა მოძრაობს მოღუშული, ცივი სახით, არც გესალმება არავინ, ყველა თავისთვისაა, შენ შენთვის ხარ და ამ კუთხით უფრო გამიჭირდა შეგუება. რაც შეეხება საცხოვრებლის შეცვლას, როცა დეიდასთან ვიყავი მიჭირდა და ახლა უფრო ახლოს გადმოვედი და იმდენად კიარა საერთოდ აღარ მიჭირს შეგუება.” მირანდა – სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2584-2593);

ფოკუს ჯგუფის წევრთა უმნიშვნელო ნაწილი (6%, n=3) საუბრობს მხოლოდ ფიზიკურ ადაპტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და გამოყოფს უძილობას, წონაში კლებას, დასუსტებას, დაღლილობას და ა.შ. მათთვის პრობლემას არ წარმოადგენდა ფსიქოლოგიური ადაპტაცია.

,,ჩემი პრობლემა ის იყო, რომ უძილობა მქონდა, ასევე მადის დაკარგვა და დაახლოებით 3 თვეში დავიკელი 10 კგზე მეტი, რამაც ძაან დიდი დისკომფორტი და დაღლილობა, მოთენთილობა და პრობლემები შემიქმნა და თითქმის 2 წელი დამჭირდა, რომ ჩავმჯდარიყავი იმ კალაპოტში[…]”  – გიორგი – კახეთი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მესამე კურსი (1776-1782);

მეოთხე ბლოკი

სამეგობრო წრის ცვლილებასთან დაკავშირებულ კითხვაზე გამოიყო სტუდენტთა სამი კატეგორია. პირველ კატეგორიას განეკუთვნებიან სტუდენტები, რომლებმაც შეიძინეს ახალი მეგობრები და აღარ აქვთ ხშირი ურთერთობა რაიონელ მეგობრებთან (54%, n=26). მათი სამეგობრო წრე თანდათან გაფართოვდა. ამ კატეგორიის სტუდენტთა უმრავლესობა მესამე კურსელია.

„რეგიონიდან ვინც მყავდა მეგობრები, აღარ მაქვს მათთან ისეთი კონტაქტი როგორიც მქონდა. აქ გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი და ძალიან მიხარია ეს. ყოველთვის ვცდილობ ჩემი სამეგობრო წრე გავზარდო, რადგან არ მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა.“

,,[…]ბევრი ძალიან მაგარი მეგობარი შევიძინე[…]თსუში, ნაცნობების წრეც, რა თქმა უნდა, გაიზარდა, მაგრამ უფრო მეტად გაიზარდა ნაცნობების წრე, ვიდრე მეგობრების, რა თქმა უნდა, მეგობარი ვერ იქნება ყველა[…]” – ნინო-სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (1939-1950);

მეორე  კატეგორიას შეადგენენ სტუდენტები, რომლებმაც ბევრი ახალი მეგობარი შეიძინეს, მაგრამ კავშირი არ დაუკარგავთ რაიონელ მეგობრებთან (33%, n=16). მათი სამეგობრო წრე გაფართოვდა არა მარტო უნვერსიტეტში გაცნობილი ადამიანებით, არამედ ინტეგრაცია მოახდინეს სამეზობლოშიც. მათი უმეტესობა ქალია და წარმოადგენენ მეორე, მესამე და მეოთხე კურსელებს.

 „დიახ შევიძინე, უამრავი მეგობარი, გარდა უნივერსიტეტის მეგობრებისა მყავს  ძალიან კარგი მეზობლები რომლებთან ერთადაც ხშირად ვარ. სამეგობრო წრე ვერ  ვიტყვი რომ შემეცვალა, უფრო გაფართოვდა. ადრე თუ 5 მეგობარი მყავდა, ახლა  მყავს 15.“

მესამე  კატეგორიას შეადგენენ სტუდენტები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სამეგობრო წრე დიდად არ შეცვლილა, გაიზარდა მხოლოდ სანაცნობო (13%, n=6). ამის მიზეზად ისინი ინდივიდუალურ ფაქტორებს ასახელებენ.

სანაცნობო წრე გაიზარდა, მაგრამ სამეგობრო წრე ისე არ გაზრდილა, როგორც სანაცნობო. […] არ ვარ კომუნიკაბელური.”  – იოანე – იმერეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2713-2715; 2718)

კითხვაზე თუ როგორ ატარებენ თავისუფალ დროს, სტუდენტებმა პასუხების სამი ვარიანტი შემოგვთავაზეს. სტუდენტების ერთი ნაწილი თავისუფალ დროს საკმაოდ ნაყოფიერად ატარებს საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე, საკუთარ მეგობრებთან ერთად ესწრება სხვადასხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებას (71%, n=34).

“მე პირადად ვცდილობ წავიდე იქ და ვიყო იქ რაც მაინტერესებს, ანუ ინტერესის  სფეროების მიხედვით ვატარებ თავისუფალ დროს. დავდივარ  გამოფენებზე, კონცერტებზე და ა.შ., რომლებიც მაინტერესებს. ჩემს მეგობრებთან  ერთად ვცდილობ, რომ ჩემი თავისუფალი დრო იყოს შემოქმედებითი, ნაყოფიერი  და რელაქსაციური. ამიტომ ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ დრო ფუჭად არ  დაიკარგოს. თავისუფალი დროის დანაკლისს არ ვგრძნობ“

თავისუფალ დროს ძირითადად ვატარებ ან მეგობრებთან, ან ნათესავებთან, მაგრამ უფრო ალბათ მეგობრებთან. დავდივართ კინოში, თეატრში, გააჩნია როგორ გვაქვს თავისუფალი დრო. აგრეთვე დავდივართ სტადიონზე, იქნება ეს საფეხბურთო თუ სარაგბო მატჩი. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სპორტზე წავალთ.” – მირანდა-სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2722-2725).

ასევე გამოიყო სტუდენტთა ის კატეგორია რომლებიც თავისუფალს დროს მარტო ატარებენ, ძირითადად სახლში, რადგან სწავლის გამო თავისუფალი დრო თითქმის არ აქვთ (8%, n=4). ისინი ყველა მესამე კურსელები არიან.

 “თავისუფალ დროს დაკავებული ვარ ჩემი ჰობით (ხატვა, მანქანები) და ჩემი თავისუფალი დრო რადიკალურად შემცირდა. ამის ძირითადი მიზეზი კი სწავლაა“.

ფოკუს ჯგუფის წევრთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ხშირად დადის კაფე-ბარებში მეგობრებთან ერთად, ხოლო კინოში და თეატრში იშვიათად, რის მიზეზადაც  თავისუფალი დროის სიმცირეს ასახელებენ (21%, n=10).

მეგობრებთან ერთად ვატარებ, უმეტესად კაფე-ბარებში დავდივართ, კინოში და თეატრში  კი დავდივართ, მაგრამ ისეთი სიხშირით არა, არ გვაქვს მაგდენი თავისუფალი დრო ან ვერ ემთხვევა ჩვენი თავისუფალი დრო.” – ანანო – კახეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2735-2737).

ქალაქში გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაფიქსირდა პასუხთა სამი ვარიანტი. სტუდენტთა უმეტესობას მსგავსი პრობლემები არასდროს შექმნია, რადგან მალევე აითვისეს დედაქალაქში მოძრაობა (42%, n=20).

„მე არ მქონია არანაირი პრობლემა აღნიშნულ თემებთან, რადგან თავიდანვე მალევე ავითვისე ყველა საჭირო გზა და ტრანსპორტი.“

„არ გამჭირვებია, როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი ვცდილობდი დამოუკიდებლად გადავაადგილებულიყავი და შეიძლება ითქვას, რომ სივრცული ნიჭიც მაქვს იმიტომ, რომ ადვილად ვიმახსოვრებ ადგილებს და გზებს“ – მარიამი – იმერეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2787-2792);

სტუდენტთა ნაწილს შეექმნათ სივრცის ორიენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, არევიათ მარშუტების მიმართულება, გაუჭირდათ ქუჩებში ორიენტაცია, რის გამოც ისინი სხვადასხვა პრობლემის წინაშე დამდგარან (33%, n=16). მათგან უმეტესობა ქალია.

 “ვეთანხმები გოგოებს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისთან შეხება მქონდა სანამ  საცხოვრებლას გადმოვიდოდი, ის ჩემთვის მაინც უცხო ქალაქია, მიჭირდა  კოორდინაცია, მავიწყდებოდა მარშუტების მიმართულება და ხშირად წავსულვარ  არასასურველ ადგილას ,დამიგვიანია ამის გამო ლექციებზე (იცინის)“

თავდაპირველად გზები მერეოდა. არასწორ ტრანსპორტში ავდიოდი. ახლა უკვე შევეჩვიე და ვისწავლე ქუჩები, ტრანსპორტი და ასე შემდეგ“ – ბექა-გურია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (1238-1239).

მესამე კატეგორიაში გაერთიანდა სტუდენტების ის ნაწილი, რომლებიც დღესდღეობით უპრობლემოდ გადაადგილდებიან თბილისში ფეხით თუ ტრანსპორტით (17%, n=8). ისინი არ საუბრობენ თავდაპირველ მდგომარეობაზე და მხოლოდ აწმყოზე აკეთებენ აქცენტს.

„მე არა, გადაადგილებაზე პრობლემა არ მაქვს“ –  მარიამი-სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2107-2108);

კითხვაზე აქვთ თუ არა სტუდენტებს მომავალში მშობლიურ რაიონში დაბრუნების სურვილი მივიღეთ პასუხების შემდეგი ვარიანტები.

ფოკუს ჯგუფის ყველა წევრი თბილისში ცხოვრებით კმაყოფილებას გამოხატავს. მაგრამ მათი მცირე ნაწილი (8%, n=4) აღნიშნავს, რომ აუცილებლად აპირებს რეგიონში დაბრუნებას, კონკრეტულად კი მას შემდეგ, რაც უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლას დაასრულებს და ექნება შესაბამისი განათლება. ამის მიზეზი სოციალური კაპიტალია, რომელიც მშობლიურ გარემოში უფრო მდიდარია.

ვფიქრობ, რომ დავამთავრებ, დავბრუნდე ჩემს რაიონში.  იქ ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, ბევრი მიცნობს და იქ უფრო დავფუძნდები“ – ია – იმერეთი, სამედიცინო, მეოთხე კურსი (1281-1290);

ფოკუს ჯგუფის წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი (21%, n=10) საუბრობს იმის შესახებ, რომ დაბრუნდებიან რეგიონში თუ ადეკვატური სამუშაო პირობები შეიქმნება, რაც საშუალებას მისცემთ კარიერული წინსვლის.

„ძალიან მიყვარს და აქამდეც მიყვარდა თბილისი, როგორც დედაქალაქი, საქართველოს გული, […] და ჩემი მშობლიური გარემოც არანაკლებად მიყვარს თბილისზე, პირიქით, შეიძლება უფრო მეტადაც. რაც შეეხება დაბრუნებას, დიდი სურვილი მაქ დაბრუნების, იმ შემთხვევაში, თუ მექნება ჩემი კარიერის წარმართვის შესაძლებლობა იქ„ – ნინო – სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2159-2167);

დისკურსანტთა გარკვეულ ნაწილს (29%, n=14) ჯერ არ უფიქრია მსგავს საკითხზე. ისინი საუბრობენ რეგიონში არსებული პირობების შეუსაბამობაზე მათ პროფესიასთან, თუმცაღა, რამდენიმე მათგანი აღნიშნავს, რომ სამუშაო პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში დაფიქრდება დაბრუნებაზე.

„ხო, იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი თავის თვითრეალიზაციის პერსპექტივა ქალაქში უფრო მაქვს და შემიძლია აქ უფრო დავსაქმდე, თუნდაც უკეთესი სამსახური მქონდეს, უკეთესი შემოსავალი, ყველაფერი უკეთესი მქონდეს, ქალაქში უკეთესია ჩემთვის. მაგრამ აქ ერთი ფაქტორია, ის, რომ მე მინდა, სურვილი მაქ, რო ვიყო სოფელში, ამიტომ 50/50-ზე ვარ რა„ –  გიორგი-კახეთი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, მესამე კურსი (2202-2205);

„რა თქმა უნდა, ვაპირებ უკან დაბრუნებას. აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ გარკვეული ცოდნა შევიძინო და შემდეგ ჩემს კუთხეს მოვახმარო. მემგონი ქვეყნისთვისაც კარგი იქნება, რომ რეგიონებიც განვითარდნენ. მათი განვითარება, ხომ ქვეყნის განვითარებას ნიშნავს. რატომ უნდა იყოს თბილისში ყველაფერი, როცა ამდენი შესანიშნავი ადგილი გვაქვს. ამიტომ აუცილებლად ვაპირებ უკან დაბრუნებას, რომ ჩემ რეგიონს დავეხმარო და განვავითარო.“

თბილისში ცხოვრება მომწონს, საკმაოდ კარგად შევეგუე, ადაპტირებული ვარ, შემიძლია ვთქვა, მაგრამ ეხლა დავბრუნდები თუ არა აბაშაში, ჯერ საერთოდ წინასწარმეტყველება ძალიან რთულია, რომ მომავალში რა იქნება“ – მარიამი, სამეგრელო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მესამე კურსი (2188-2193);

ფოკუს ჯგუფის წევრთა მცირე ნაწილი (27%, n=13) არ აპირებს უახლოეს პერიოდში რეგიონში დაბრუნებას, რადგან დედაქალაქს პროფესიული განვითარებისთვის უფრო ადეკვატურ გარემოდ მიიჩნევს.

მე ვთვლი, რომ პერსპექტივას ვერ ვხედავ ქუთაისში ჩემი პროფესიით, შესაბამისად, არ ვგეგმავ დაბრუნებას ქუთაისში და იქ ცხოვრებას.  შაკო – იმერეთი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მეოთხე კურსი (738-739);

“არ ვგეგმავ დაბრუნებას. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩემი რაიონი არ არის იმდენად  განვითარებბული, რომ რამე პერსპექტივა მომცეს, რომც იყოს მაინც არ დავბრუნდებოდი  მიუხედავდ იმისა, რომ ჩემი კუთხეა და ძალიან მიყვარს, რადგან განვითარების დონე და  სხვა რაღაცეები რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია აქ უფრო მეტია ვიდრე იქ“

დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ კითხვებზე მივიღეთ პასუხების სამი ვარიანტი. ერთი ვარაინტის მიხედვით სტუდენტთა მცირე ნაწილი (4%, n=2) დისკრიმინაციის მსხვერპლი გამხდარა დიალექტის, ე.წ. კილოს გამო. რის გამოც მათ ხშირად მიუღიათ დამცინავი და ცინიკური კომენტარები.

„ეს თემა ძალიან მტკივნეულია ჩემთვის იმიტომ რომ, ყველა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტი ბუნებრივია თავისებური კილოთი ხაისთდება. მე, მაგალითად, ეხლა სხვანაირად ვლაპარაკობ ვიდრე ორი წლის წინ. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან რომ მოვხვდი ისეთ გარემოში სადაც ადამაიანებს ჩემს ლაპარაკზე ეცინებოდათ…“

ასევე ერთ სტუდენტს (მამაკაცი, მესამე კურსი) დისკრიმინაცია განუცდია გემოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კონკრეტულად ჩაცმულობაზე მან მიიღო ლექტორისგან დამცინავი კომენტარი, რამაც გამოიწვია სხვა სტუდენტების სიცილი და ამ ყველაფერმა ცუდად იმოქმედა დისკუსანტზე. გარდა ამ შემთხვევისა, სხვა დროსაც მიუღია მას დამცინავი კომენტარები ამ საკითხთან  დაკავშირებით ან გამხდარა მსგავსი სიტუაციის მოწმე.

„სხვათაშორის მე მინდა დავამატო ამაზე პატარა დეტალი. როცა პირველ კურსზე ვიყავი პირველად მივედი ამ ლექტორის სემინარზე და ეს იყო ჩემთვის დიდი სტრესი, როცა შევედი ლექციაზე და აკადემიურად მეცვა ცოტა და ლექტორმა მითხრა რომ რა იყო პაემანზე ხო არ მიდიხარო და ეს ჩემთვის იყო დისკრიმინაცია, გამეხუმრა ხო ეს ლექტორი, მაგრამ მე ამხელა აუდიტორიაში ვერ მივიღე ეს როგორც ხუმრობა. თანატოლებისგანაც გამიგია ხშირად ფრაზები, აუ ამას რა აცვია, ანუ გამოდის რომ ვიღაცის გემოვნებაში იჭრები ხოო? უნდა და აცვია რა, რა შენი საქმეა.“

სტუდენტების დიდი ნაწილი არ გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი (25%, n=6). მათგან უმეტესობა ქალია. ამას ხსნიან იმით, რომ არ უწევთ იმ ადამიანებთან კონტაქტი ვინც სტერეოტიპული შეხედულებებით გამოირჩევა.

„მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და ალბათ იმიტომ, რომ ისეთ ადამიანებთან მიწევდა  ურთიერთობა, რომლებიც ამას ყურადღებას არ აქცევდა და არც შევსწრებივარ მსგავს  მომენტს, არცერთი მომენტი აგრესიის მდგომარეობადე არ მისულა“.

სტუდენტების უმრავლესობამ (83%, n=40) არ ისურვა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, ამიტომ არ ვიცით გამხდარან თუ არა ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლი დედაქალაქში ჩამოსვლის შემდეგ.

დასკვნა

გამოკითხულ სტუდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დედაქალაქში საცხოვრებლად ჩამოსვლამდე  იშვიათად ჰქონდათ შეხება თბილისთან. მონაწილეთა ძირითადი ნაწილი დასავლეთ საქართველოდანაა და ერთ-ერთ მიზეზს სწორედ დედაქალაქიდან სიშორეს ასახელებენ. თუმცა, გამოიკვეთა სტუდენტთა ის ნაწილი რომელთაც ქალაქთან მანამდეც ხშირი შეხება ჰქონდათ და არ გაუჭირდათ ურბანულ სივრცესთან შეგუება. მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე დისკურსანტი დასაქმებული და ფინანსურად დამოუკიდებელია ან პერიოდულად მაინც ახერხებს მუშაობას, მათი შემოსავლის ძირითადი  წყარო კვლავ ოჯახია. იგივე შედეგები იქნა მიღებული საქართველოში ჩატარებული ერთი კვლევის მიხედვით, სადაც ახალგაზრდების 62%-ს ფინანსურად მშობლები ეხმარებიან [1. გვ. 17].

სტუდენტები დიდ დროს უთმობენ სწავლას ან გადიან სტაჟირებას სხვადასხვა დაწესებულებაში, შესაბამისად, დრო მუშაობისთვის არა აქვთ. სტუდენტების უმრავლესობა ასევე დამოუკიდებელია სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებისას, ეს იქნება პირადი ცხოვრება თუ საუნივერსიტეტო საკითხები. ისინი მშობლებს აწვდიან მხოლოდ იმ ინფორმაციას, რასაც მათთვის საჭიროდ და საინტერესოდ თვლიან. მაგრამ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას დახმარებას მაინც ითხოვენ მშობლებისგან.

იმის მიუხედავად, რომ დისკურსანტების ნაწილს, განსაკუთრებით მამაკაცებს, დროის სიმცირისა და გამოცდილებს არქონის გამო, გაუჭირდათ საყოფაცხოვრებო საქმეებთან გამკლავება, სტუდენტების უმრავლესობას მაინც არ ჰქონია მსგავსი პრობლემები, რადგან ისინი მარტო არ ცხოვრობენ. მათ საოჯახო საქმეები გადანაწილებული აქვთ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთანაც უწევთ თანაცხოვრება. ამიტომ, მათთვის ეს არ არის დაკავშირებული რაიმე დისკომფორტთან. სტუდენტები საოჯახო საქმეებში ჩართულობას დამოუკიდებლობის ერთ-ერთ კრიტერიუმად თვლიან და თავიანთი სურვილით აკეთებენ ყველაფერს. ისინი იაზრებენ უფლება-მოვალეობების გადანაწილების აუცილებლობას.

სტუდენტებს დისკომფორტი შეუქმნა ურბანული სივრცისთვის დამახასიათებელმა ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა ხმაური, გადატვირთული ტრანსპორტი, საცობები, ხალხმრავლობა. მოცემული პრობლემები ძირითადად დაასახელა სტუდენტთა იმ კატეგორიამ, რომელიც ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრობს, ხოლო გარეუბანში მცხოვრებთათვის აღნიშნული საკითხების გარდა გამოიკვეთა მანძილის სიშორეც. ეს ყველაფერი სტუდენტებში იწვევს სტრესს, დაღლილობას, უძილობას, რაც შემდგომ აისახება საუნივერსიტეტო ცხოვრებაზეც. სტუდენტების უმეტესობა თვლის, რომ დედაქალაქში გადმოსვლის შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები გაუარესდა. ელემენტარული მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული აქვთ, თუმცა რეგიონში უფრო კომფორტულ და კარგ პირობებში ცხოვრობდნენ. ამასთან, აღნიშნავენ იმასაც, რომ დედაქალაქში ბევრად მეტი რესურსია და უფრო მარტივად მიუწვდებათ ხელი გასართობ და მომსახურების პუნქტებთან.

სტუდენტთა ნაწილს აშინებს დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ის განცდა, რაც დედაქალაქში გადმოსვლას თან ახლდა, მაგრამ დისკურსანტთა უმრავლესობისათვის ეს საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. პირიქით, მათ სურთ უფრო მეტად შეძლონ საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმართვა და უფრო მეტ პასუხიმგებლობებს შეეჭიდნონ. დისკურსანტებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ რაიმე ცვლილებები. მარტივად შეეგუვნენ იმ გარემოს, რაც დედაქალაქში დახვდათ, თუმცა, აუცილებელია აღვნიშნოთ სტუდენტთა ის ნაწილი, რომელთათვისაც აქ გადმოსვლა სტრესული აღმოჩნდა და ადაპტაციის პირველი ეტაპები ძალიან გაუჭირდათ.

აღმოვაჩინეთ, რომ სტუდენტების უმრავლესობა სულაც არ ბრუნდება ხშირად მშობლურ რეგიონში და მხოლოდ  დღესასწაულებზე ან არდადეგების დროს უწევთ ჩასვალა. ამის მიზეზად კი ასახელებენ მანძილის სიშორეს და დროის უქონლობას. გარდა ამისა, იმ სტუდენტებს, რომლებიც რამდენიმე წელია დედაქალაქში სწავლობენ, აღარ აქვთ ნოსტალგია მშობლიურ გარემოსთან ისე მძაფრად, როგორც ადრე და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დისკურსანტები აღნიშნავენ, რომ თბილისში გადმოსვლის შემდეგ მათი სამეგობრო წრე გაფართოვდა. გარდა იმისა, რომ აქ გაიცნეს ბევრი ახალი მეგობარი, კავშირი არ გაუწყვიტავთ ძველ მეგობრებთანაც, ზოგიერთმა მათგანმა სამეზობლოშიც მოახერხა ინტეგრაცია. სტუდენტები ასევე ნაყოფიერად ატარებენ თავისუფალ დროს თავიანთ მეგობრებთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ისინი ესწრებიან სხვადასხვა კულტურულ თუ შემეცნებით ღონისძიებებს, რაც გვაჩვენებს, რომ არ უჭირთ სოციალიზაცია ურბანულ სივრცეში. დედაქალაქში სტუდენტებს ასევე არ ექმნებათ  გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები. მსგავს მოსაზრებას უფრო მაღალკურსელები იზიარებენ, რომლებმაც უკვე აითვისეს დედაქალაქში მოძრაობა, ხოლო ის სტუდენტები, ვისაც უჭირს ქალაქში ორიენტაცია, ძირითადად პირველ კურსზე არიან და დიდი ხანი არაა, რაც ჩამოვიდნეენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ თანდათან უმკლავდებიან ამ საკითხს. დისკურსანტთა ნაწილისთვის უცხო არ ყოფილა დედაქალაქში მაცხოვრებლების მხრიდან დისკრიმინაციული დამოკიდებულებები. ძირითადად ეს შეეხებოდა კილოს, გემოვნებას, ჩაცმულობის სტილს, თუმცა ჩვენი ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა დიდი ნაწილი არასოდეს გამხდარა მსგავსი შეხედულებების მსხვერპლი, ან არ საუბრობს ამაზე, რადგან მოცემული საკითხი ძალიან პირადულია.

სტუდენტებმა კითხვაზე დაბრუნდებიან თუ არა მშობლიურ რეგიონში სწავლის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა პოზიცია დააფიქსირეს. მათი ნაწილი გეგმავს დაბრუნებას, რადგან აქ ჩამოსვლის მიზეზი იყო გარკვეული ცოდნის შეძენა და შემდგომ  მიღებული გამოცდილების საკუთარი რეგიონის განვითარებისთვის მოხმარება. აღსანიშნავია, რომ მსგავსად ფიქრობს სტუდენტთა ის კატეგორია, რომელთა დასაქმების შესაძლებლობა რეგიონებშიც შეიძლება იყოს.  მაგ: სამშენებლო, სამართლის, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები. თუმცა, სტუდენტთა მეორე ნაწილი არ აპირებს დაბრუნებას რეგიონში, რადგან ფიქრობენ, რომ არ ექნებათ იქ განვითარების პრესპექტივა და რეგიონში არსებული მდგომარეობა ხელს შეუშლით კარიერულ წინსვლაში.

ბიბლიოგრაფია

  1. ომანაძე, ს. გაჩეჩილაძე, მ. ლებანიძე, ა. ჩაჩანიძე, ს. (2016); თაობა გარდამავალ პერიოდში – ახალგაზრდობის კვლევა 2016 საქართველო; თბილისი, საქართველო; ფრიდრიხ ებერტის ფონდი სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი. გვ.17
  2. Faculty of Economics and Administrative Sciences, Department of Social Work, Hacettepe University, Ankara, Turkey. Correlates of loneliness among university students. (13-10-2008)
  3. Psychological and Emotional Stress among the Students Living in Dormitory: A Comparison between Normal and Depressive Students. Department of Psychiatry, Chonbuk National University Hospital, Jeonju, Korea.

 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: