Posted by: burusi | December 29, 2017

სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

 თამარ წიგნაძე

ხაზინისა და ტრანზაქციების მართვის განყოფილების სპეციალისტი, სს ნოვა ტექნოლოჯი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრი

“ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციოლოგია” No 4

შესავალი

სიცოცხლის დაზღვევის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2500 წლიდან იწყება, როდესაც ეგვიპტეში ქვისმთლელთა მიერ შეიქმნა ე.წ დამკრძალავი კოოპერატივები, გარდაცვლილი წევრების ოჯახის მხარდასაჭერად. მსგავსი საქველმოქმედო საზოგადოებები ან დამკრძალავი კლუბები (როგორც მათ უწოდებდნენ) გავრცელებული იყო ასევე ინდოეთსა და ძველ რომში ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით მეათე საუკუნეში.

მოგვიანებით, სიცოცხლის დაზღვევის უძველესი ფორმა ნიძლავის სახით არის დაფიქსირებული დიდ ბრიტანეთში (მე-17 საუკუნე). შორ მანძილებზე ცურვის განვითარებასთან ერთად, გაიზარდა მეკობრეებთან მოხვედრის რისკი. ამიტომაც პირი, რომელიც წინასწარ ითვალისწინებდა ამ საფრთხეს, აუცილებლად აფორმებდა სადაზღვევო სახის ხელშეკრულებას იმ ორგანიზაციასთან, რომელიც იკისრებდა გარკვეული მიზერული პრემიის წინასწარი გადახდის შემთხვევაში, მეკობრეებთან ტყვედ ჩავარდნილი პირის გამოსყიდვას. ამგვარ ხასიათს ატარებდა სიცოცხლის დაზღვევის ადრეული გარიგებები [22.გვ.97].

დღესდღეობით, განვითარებულ ბაზრებზე სიცოცხლის დაზღვევის სქემების მიერ მობილიზებული დანაზოგები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკაში განხორცილებული ინვესტიციების ძირითად წყაროს. სიცოცხლის დაზღვევის პოლისების გრძელვადიანი ხასიათიდან გამომდინარე, მათში ჩადებული დანაზოგები საწარმოებისა და მთავრობების მიერ გამოიყენება კაპიტალური ხარჯების ზრდისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისათვის. ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარებადი ეკონომიკებისათვის, არა მხოლოდ ადგილობრივი კერძო სექტორის ზრდის მხარდასაჭერად, არამედ უცხოური კომპანიების ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის წასახალისებლადაც.

კერძო სექტორისა და მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კაპიტალური ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით, მივყავართ დასაქმებისა და ზოგადად ცხოვრების დონის ზრდასთან. ქვეყნის საექსპორტო პოტენციალიც იზრდება, ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას აწარმოოს მეტი საქონელი, მათ შორის ისეთიც რომელიც ამჟამად იმპორტირებულია უცხოეთიდან. შედეგად, უმჯობესდება საგადამხდელო ბალანსიც და ქვეყნის ეროვნული ვალუტაც უფრო მყარდება.

სადაზღვევო კომპანიები პოლისის მფლობელთა მიმართ საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისათვის ახორციელებენ ინვესტირებას დივერსიფიცირებულ ფასიან ქაღალდებში. ცხადია, რომ მათთვის უფრო მომგებიანია ფიქსირებული შემოსავლების მქონე აქტივებში ჩადონ ფული, როგორიცაა: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, აქტივებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები და ა.შ. თუმცა, მსგავსი ტიპის ფასიანი ქაღალდები ყოველთვის არაა ხელმისაწვდომი სადაზღვევო კომპანიებისათვის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, სადაც არ არსებობს განვითარებული კაპიტალის ბაზარი და სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო პორტფელის დაახლოებით 67% საკრედიტო დაწესებულებებში განთავსებულ დეპოზიტებზე მოდის. განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევის სქემების განვითარების კუთხით. ასეთი ბაზარი შეიძლება დავახასიათოთ კომპანიების ბრუნვადი ფასიანი ქაღალდების სიმცირითა და ადგილობრივი, განსაკუთრებით კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის არარსებობით. ფაქტობრივად არ არსებობს არც გირაოთი და არც სხვა გარანტიით უზრუნველყოფილი ობლიგაციები.

2013 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მთლიანი დანაზოგი მშპ-ის დაახლოებით 10-15% იყო. საიდანაც საბანკო სექტორის დეპოზიტები, რომლებიც დანაზოგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, 2012 წელს მშპ-ის მხოლოდ 24%-ს შეადგენდა [11.გვ.91] სიცოცხლის დაზღვევის პრემიების წილი მშპ-ში 2013 წელს მხოლოდ 0.04%-ია. 2016 წელს აღნიშნული მონაცემი დაახლოებით 0.1%-ს შეადგენს [14].

საქართველოში ჩამოყალიბდა ცუდი ისტორიული გამოცდილება ფინანსური ინსტიტუტების მიმართ ნდობის კუთხით. ამას ემატება ისიც, რომ საზოგადოება არაა სათანადოდ ინფორმირებული სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტებზე.

ცხადია, რომ მაშინ როცა სადაზღვევო ინდუსტრია ეკონომიკის მხოლოდ ნაწილია, მასზე მეტ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკური გარემო მთლიანობაში, ვიდრე თავად განიცდის მის ზეგავლენას. უფრო კონკრეტულად, ქვეყანაში არსებულ ცხოვრების დონეს აქვს ძირითადი გავლენა დაზღვევის მოთხოვნაზე მოსახლეობის მხრიდან. მაღალი ინფლაცია წარმოადგენს ძირითად შემაფერხებელ ფაქტორს ყველა სახის დანაზოგის მობილიზებაზე, მათ შორის სიცოცხლის დაზღვევისთვის განკუთვნილ დანაზოგებზე. დაბალი ინფლაციის პირობებში ხალხი კარგად გრძნობს სიცოცხლის დაზღვევის სქემების რეალურ ღირებულებასა და სარგებელს (განსაკუთრებით დანაზოგის ელემენტების მქონე სქემებისას). მაშინ, როცა მაღალი ინფლაციის პირობებში ამ სქემებიდან მიღებული ბენეფიტი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

წარმოდგენილი პრობლემატიკა თვალსაჩინოს ხდის აღნიშნული კვლევის აქტუალობას, რადგან ის სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის ანალიზისა და განვითარების პერსპექტივების განსაზღვრასთან ერთად, კარგად ასახავს ეკონომიკაში არსებულ ისეთ პრობლემებს როგორიცაა: ცხოვრების დონე, კაპიტალის ბაზრის მდგომარეობა, ინფლაცია, ეროვნული დანაზოგები, ნდობის ხარისხი ფინანსური ინსტიტუტების მიმართ – საკითხებს, რომელიც მჭიდრო ურთიერთკავშირშია დაზღვევის გრძელვადიანი სქემების განვითარებასთან.

კვლევის მიზანი და ამოცანები. კვლევის მიზანია შესწავლილ იქნას ქართული სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის მდგომარეობა და შეფასდეს მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივები. აქედან გამომდინარე, ნაშრომი განიხილავს საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული მზღვეველების პუბლიკაციებსა და ანგარიშებს განვითარებადი რეგიონების მიერ სადაზღვევო სექტორში მიღწეული პროგრესის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორებისა და მათი ზეგავლენის შესახებ, ასევე განხორცილებულია ევროპული სადაზღვევო ბაზრისთვის დამახასიათებელი ტენდენციებისა და სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა და ანალიზი.

კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა. აღნიშნული კვლევა კარგად წარმოაჩენს სიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გამომწვევი მიზეზებითურთ და ხაზს უსვამს გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობას. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები სრულყოფს სადაზღვევო ბიზნესის გრძელვადიანი სქემების განვითარებისადმი არსებულ სამთავრობო და არასამთვარობო სექტორის სტრატეგიებსა და პრაქტიკულ მიდგომებს, რამაც მომავალში უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სფეროს მნიშვნელოვანი პროგრესი.

მეთოდოლოგია

კვლევის შერჩეული მეთოდების მიზანშეწონილობა გამომდინარეობს საკვლევი თემის სპეციფიკისა და ხელვისაწვდომი ინფორმაციის წყაროების გათვალისწინებით.

კვლევის მიზნიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა ისეთი მეორადი მონაცემები როგორიცაა: მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გადამზღვეველის „Swiss Re“- ის ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის “SIGMA Research”-ის წლიური ანგარიშები,  პუბლიკაციები,[1] კერძოდ: „Swiss Re. Sigma No 5/2011. Insurance in emerging markets: growth drivers and profitabality“ და „Swiss Re. Sigma No 1/2012. Understanding profitability in life insurance“. ეს რეპორტები იკვლევს განვითარებადი ბაზრების სადაზღვევო სექტორში არსებულ ტენდენციებსა და სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარებასა და ზრდაზე მოქმედ ძირითად ფაქტორებს. ასევე, კვლევის მიზნით გამოყენებულია ევროპული დაზღვევისა და გადაზღვევის ფედერაციის –  Insurance Europe – ის წლიური ანგარიშები. სიცოცხლის დაზღვევის სქემების შედარებითი ანალიზისთვის, გამოყენებულ იქნა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „Zurich Insurance Group Ltd.„- ისა და ქართული წამყვანი მზღვეველების (სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი” და სს “სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“) სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტები. აღნიშნული მასალები ქართულად  ნათარგმნია და დამუშავებულია კონკრეტულად ამ კვლევის ფარგლებში.

ნაშრომის მიზნებისათვის განხორციელდა ქართული სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის 6 წლიანი მონაცემების (2010-2016) ანალიზი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა  და სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე.

კვლევის ფარგლებში დაიგეგმა თვისებრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდის – არასტრუქტურიზებული e-mail ინტერვიურების განხორციელება, რაც გულისხმობდა სადაზღვევო კომპანიების: „ალდაგი ბისიაი“, „ჯი პი აი ჰოლდინგი“, „იმედი L”-ისა და „ირაო“-ს  წარმომადგენლების (ძირითადად სიცოცხლის დაზღვევის დირექტორების) ინტერვიურებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

 ინტერვიურება გულისხმობდა რესპოდენტების მხრიდან ინფორმაციის მოწოდებას სიცოცხლის დაზღვევის სქემების, მათი დამატებითი ბენეფიტებისა და ამ მხრივ კომპანიაში არსებული სიახლეების, დაგეგმილი ინოვაციების შესახებ. ერთ-ერთი საკითხი იყო პროდუქტების მომხმარებლებისათვის მიწოდების ალტერნატიული არხებისა და კონკრეტულად bancassurance – ის მნიშვნელობა თანამედროვე სადაზღვევო ინდუსტრიაში და კონკრეტული კომპანიის ჭრილში; მნიშვნელოვან თემას წარმოადგენდა მზღვეველების საინვესტიციო პორტფელის განაწილება და მასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ბაზარზე კონკურენციის კუთხით არსებული მდგომაროების მათეული შეფასება და სახელმწიფოს მხრიდან სავალდებულო დაზღვევების შემოღების მოლოდინები.

ელექტრონული ფოსტის საშუალებით კომპანიის წარმომადგენლებს თავდაპირველად მიეწოდა ზოგადი ინფორმაცია ჩასატარებელ კვლევასთან დაკავშირებით. თუმცა, „იმედი L”-ისა და „ირაო“-ს  მხრიდან აღნიშნულ მეილს გამოხმაურება საერთოდ არ მოჰყოლია. რაც შეეხება „ალდაგი ბისიაი“ – ის, კომპეტენტურ პირთან გადამისამართების შემდეგ, მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგვეძლო გვესარგებლა მხოლოდ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაციით. „ჯი პი აი ჰოლდინგი“- ის შემთხვევაში, ინტერვიურება წარმატებით განხორციელდა და რეალურად ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელმაც მოახდინა კვლევის მიზნებისათვის ღირებული ინფორმაციის მოწოდება.

კვლევის შედეგები

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციებისა და მზღვეველების ანგარიშების დამუშავებისა და ანალიზის შედეგად, გამოიკვეთა ის ძირითადი ფაქტორები რამაც მთავარი როლი ითამაშა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სადაზღვევო სექტორის განვითარებაში. ეს ფაქტორებია:

  • ქვეყანაში არსებული ჯანსაღი, სტაბილური ეკონომიკური გარემო დაბალი ინფლაციით;
  • დაზღვევის ზედამხედველობის სისტემის დახვეწა; დაზღვევის განვითარების ხელშემწყობი რეგულაციების მიღება (სავალდებულო დაზღვევების ამოქმედება, ჩილეს საპენსიო რეფორმა) და ბაზრის ლიბერალიზაცია კონკურენციისა და პროდუქტიულობის წასახალისებლად;
  • მოსახლეობისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება და მათი მიწოდების მრავალფეროვანი არხების გამოყენება. განსაკუთრებით – bankassurance-ის.

ქართული სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების ტენდენციები (2010-2016)

სსიპ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის მესამე კვარტლისთვის ქართულ სადაზღვევო ბაზარზე წარმოდგენილი იყო 14[2]  კომპანია. აქედან, 12 კომპანიის მიერ მოხდა ამავე წლის განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის სფეროში ხელშეკრულებების გაფორმება (სს სადაზღვევო კომპანია კოპენბური – ისა და  სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA-ის გარდა). ჯამურმა მოზიდულმა პრემიამ  19,773,391 ლარი, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის საბაზრო წილმა 6.25 პროცენტი შეადგინა. იმავე პერიოდისთვის ანაზღაურებული ბრუტო[3] ზარალი იყო –  4,917,367 ლარი [14].

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევის სექტორის მიერ მოზიდული პრემიები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (გასამმაგებულია) 2010-დან 2016 წლამდე. კერძოდ კი – 6,419,488-დან 19,773,391- ლარამდე 2016 წლის III კვარტლის მონაცემებით (იხ. დიაგრამა №1). ანალოგიური მაჩვენებელია სიცოცხლის დაზღვევის საბაზრო წილის კუთხითაც, რომელიც გაზრდილია 2.1-დან 6.25%-მდე.

დიაგრამა №1. სიცოცხლის დაზღვევის სექტორის მიერ ჯამურად მოზიდული   პრემია და ანაზღაურებული ზარალები 2010-2016 (*1000)[4]

Picture1

                წყარო: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. http://insurance.gov.ge/Statistics.aspx

2010 წლის მესამე კვარტლიდან 2016 წლის ანალოგიურ პერიოდამდე სადაზღვევო ბაზრის ლიდერია სამედიცინო დაზღვევა. თუმცა, წლების დინამიკაში შესამჩნევია მისი კლებადი წილი მოზიდული პრემიის მხრივ. მაგალითად, 2010 დან 2016 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით მისი წილი ბაზარზე შემცირდა დაახლოებით 25%-ით. მაშინ როცა სადაზღვევო სექტორის მიერ ჯამური მოზიდული პრემია გაიზარდა 11,223,196 ლარით (დაახლოებით 4%-ით). სიცოცხლის დაზღვევის წილმა კი როგორც ზემოთ ვახსენეთ 6.25% შეადგინა – 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 4.15% -იანი ზრდა გვაქვს. 2016 წლის III კვარტლის მონაცემებით, 6.25%-იანი წილით სიცოცხლის დაზღევვა ბაზარზე მე-5 ადგილს იკავებს, სამედიცინო (46.42%), ქონების (16.68%), სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა (14.5%) და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის (6.63%) შემდეგ.

დიაგრამა №2. სიცოცხლის დაზღვევის სექტორის მიერ  მოზიდულ პრემია 2010-2016 (*1000 ლარებში)

Picture2

წყარო: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. http://insurance.gov.ge/Statistics.aspx

დიაგრამა №3. წლის დასაწყისიდან გაფორმებული სიცოცხლის დაზღვევის პოლისების რაოდენობა ჯამურ პოლისების რაოდენობასთან მიმართებით

Picture3     წყარო: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები. http://insurance.gov.ge/Statistics.aspx

დიაგრამიდან ჩანს რომ სიცოცხლის დაზღვევის პოლისების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი 2010-2016 წლების ჭრილში, როგორც რაოდენობრივად, ასევე წილობრივად წლის დასაწყისიდან გაფორმებულ პოლისებთან მიმართებით. მაგალითად, თუ 2010 წელს სიცოცხლის დაზღვევის პოლისების რაოდენობა შეადგენდა  ჯამური სადაზღვევო პოლისების დაახლოებით 9%-ს, 2015-2016 წლებში მისი წილი გახდა საშუალოდ 58 %.

სიცოცხლის დაზღვევის პრემიის წილი მშპ-ში 2010-დან 2016-წლამდე გაზრდილია 0.04%-დან 0.1%-მდე. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო უტოლდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონის 2010 წლის საშუალო მაჩვენებელს. ეს რეგიონი განვითარებად რეგიონებს შორის ბოლო ადგილზე იყო 2001-2010 წლების განმავლობაში.

დიაგრამა №4. სიცოცხლის დაზღვევის სექტორის მიერ მოზიდული პრემიის წილი მშპ-ში (2010-2016 III კვ. მონაცემებით)

Picture4

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მთლიანი შიდა პროდუქტი http://www.geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები http://insurance.gov.ge/Statistics.aspx

2010 წელს სიცოცხლის დაზღვევის პრემია ერთ სულზე შეადგენდა 2.26 ლარს ხოლო 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში შეადგენს 6.82 – ს. ჯამური მოზიდული პრემიების ჭრილში კი, 2010 წლის ანალოგიური მაჩვენებელი ერთ სულზე შეადგენდა დაახლოებით 84.5 ლარს, ხოლო 2016-ში 105.64-ს . თუ 2016 წლის მონაცემებს განვიხილავთ 2010 წლის ფასებში, მაშინ სიცოცხლის დაზღვევის პრემია ერთ სულზე დაახლოებით იქნება 6 ლარი, ხოლო ჯამური მოზიდული პრემია – 93 ლარი (იხ. დიაგრამა №5).[5]

დიაგრამა №5. ჯამური მოზიდული და სიცოცხლის დაზღვევის პრემიები ერთ სულზე 2010-2016 (ლარი)

Picture5

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მოსახლეობა-ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები http://www.geostat.ge/?action=page&p_id=151&lang=geo. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები http://insurance.gov.ge/Statistics.aspx

სიცოცხლის დაზღვევის ქართული სქემების მოკლე ანალიზი

სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა ( Term Life)

რადგან პოლისი ვადიანია, სადაზღვევო ანაზღაურებას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაზღვეული გარდაიცვალა პოლისის მოქმედების განმავლობაში; დაუდგინდა განუკურნებელი სენი, რომელიც გამოიწვევს პაციენტის გარდაცვალებას 12 თვის ვადაში (ამ შემთხვევაში ადგილი ექნება სადაზღვევო დაფარვის წინსწრებით გადახდას); ან პოლისის მოქმედების პერიოდში  დაესვა კრიტიკული დაავადების დიაგნოზი (შესაბამისი სპეციალისტებისა და პირობების გათვალისწინებით). საქართველოში სიცოცხლის ვადიანი დაზღვევის  პირობების თანახმად, იფარება დაზღვეულის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით, უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება და ასევე, დამატებითი დაფარვის სახით გვხვდება კრიტიკული დაავადებებისაგან დაზღვევა. ამ შემთხვევაში დაზღვეული სადაზღვევო პერიოდშივე იღებს განსაზღვრულ თანხას, რომელსაც გამოიყენებს სურვილისამებრ. ევროპული სქემისაგან განსხვავებით, დაზღვეულის ასაკი  დაზღვევის დასრულების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 65 წელს („Zurich Insurance Group“- ის შემთხვევაში სიცოცხლის დაზღვევა შესაძლებელია 85 წლამდეც გაგრძელდეს), ასევე არ გვხვდება განუკურნებელი სენისაგან დაზღვევა დამატებითი ბენეფიტის სახით. ამავე დროს, ევროპული ანალოგისაგან განსხვავებით, თითქმის არ გვხდება არსებული ხელშეკრულების პირობების უცვლელად დატოვების საფუძველზე მისი განახლების ბენეფიტი. ასე რომ, თუ სიცოცხლის დაზღვევის ვადა ამოიწურა, ხელახლა მოგიწევთ პოლისის შეძენა და შესაბამისად, სადაზღვევო პირობებიც იქნება გასხვავებული [6].

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზემოთხსენებული მონაცემები  მოპოვებულ იქნა სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაის“ ვებ-გვერდზე. თუმცა, დღესდღეობით კომპანიის ვებ-გვერდზევე სხვა სქემებს შორის ვერ ვხვდებით სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტს. მიუხედავად ჩემი მცდელობებისა, კომპანიის წარმომადგნელების მხრიდან არ მოხდა სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის მოწოდება. მოგეხსენებათ, 2014 წელს პირველად საქართველოში სადაზღვევო სექტორში მოხდა კომპანიის გაყოფა და ალდაგი ბისიაი ჯანმრთელობის დაზღვევას იმედი L-ის სახელით ახორციელებს. აშკარაა, რომ ამჟამად სიცოცხლის დაზღვევის ტრადიციული პროდუქტების შეთავაზება ხდება „იმედი L“-ის საშუალებით ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისთან ერთად, ხოლო თავად ალდაგი საქართველოს ბანკის საშუალებით (ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორი და სადაზღვევო კომპანიის მფლობელი) მის მომხმარებლებს სთავაზობს სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევას და სწორედ ის წარმოადგენს მისი სიცოცხლის დაზღვევის 100%-იან წილს.

 სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი“-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანია 2 წელია სთავაზობს ბაზარს 5 წლიან სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტს მაღალი ლიმიტებით, ინდივიდუალური რისკის შეფასების საფუძველზე და ეს პროდუქტი არ არის კავშირში ჯანმრთელობის დაზღვევასთან. (მაქსიმალური სადაზღვევო თანხა არის პერსონის 10 წლის შემოსავალი). თანხა, რომელზეც შეგიძლიათ დააზღვიოთ საკუთარი სიცოცხლე გამოითვლება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაზღვეულის ასაკზე, სქესზე, შემოსავალსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ზემოთ ჩამოთვლილი ამ 4 მახასიათებლის (ასაკი, სქესი, შემოსავალი და ჯანმრთელობის მდგომარება) ნებისმიერი ცვლილება გავლენას ახდენს დაზღვევის ღირებულებაზე და სადაზღვევო თანხის რაოდენობის განსაზღვრაზე.

იმისათვის, რომ მიახლოებული წარმოდგენა შეგვექმნას იმაზე, თუ რა თანხაზე შეიძლება დავაზღვიოთ სიცოცხლე, ჯიპიაი ჰოლდინგი“-ის ვებ-გვერდზე მოყვანილია მაგალითი:

ვთქვათ, 30 წლის ადამიანს სურს დააზღვიოს საკუთარი სიცოცხლე. ჩავთვალოთ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი ყოველთვიური შემოსავალი კი შეადგენს 1 000 ლარს. აღნიშნული მონაცემების პიროვნებას კომპანიამ შესაძლოა შესთავაზოს სიცოცხლის დააზღვევა მაქსიმუმ 120 000 ლარზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ეს ადამიანი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გარდაიცვლება, მისი სამართალმემკვიდრე მიიღებს 120 000 ლარს. ხოლო პრემიამ (დაზღვევის ღირებულებამ) შესაძლოა შეადგინოს 220–250 ლარი წელიწადში [7].

 აქვე უნდა აღინიშნოს, რადგან კრიტიკული დაავადებისგან დაზღვევის ბაზარი ძალიან მცირეა და სიცოცხლის დაზღვევის პოლისებისა და კრიტიკული დაავადებებისაგან დაზღვევის მიქსის შეძენა ძალიან იშვიათად, ძირითადად საერთაშორისო კომპანიების მიერ ხდება, მზღვეველი უახლოეს მომავალში გეგმავს მისი სიცოცხლის დაზღვევისგან დამოუკიდებლად, მასობრივი საცალო პროდუქტის სახით გამოშვებას.

სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა (Credit Life Insurance)

საქართველოში სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა  სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტებს შორის ლიდერია. მეტიც, სიცოცხლის დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ძირითადად სწორედ დაზღვევის ამ ტიპის საშუალებით მუშაობს. სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებისვე აღნიშვნით სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის დაახლოებით 90% სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევაზე მოდის. ევროპული ანალოგისაგან განსხვავებით, სადაც სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევისათვის სადაზღვევო პერიოდი  განსაზღვრულია ჩვეულებისამებრ მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 40-50 წლით, საქართველოში სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის ხელშეკრულების პირობებით, ძირითადად არაა განსაზღვრული მინიმალური ან მაქსიმალური სადაზღვევო პერიოდი. სს „სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და თიბისი ბანკის მიერ მომხმარებლისთვის  შეთავაზებულ სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევის პირობების თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურებას ექვემდებარება დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედითუუნარობა. ხოლო, მაქსიმალურ სადაზღვევო თანხას შეადგენს 500 000.00 აშშ დოლარი [8].

Bancassurance-ის როლი სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევაში

Bancassurance-ზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ მისი უდიდესი როლი სიცოცხლის დაზღვევის განვითარებაში. სიცოცხლის დაზღვევის პრემიების 90% დღეს სწორედ მასზე მოდის.

საქართველო სხვა განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნების მსგავსად აქტიურად იყენებს Bancassurance-ის პრაქტიკას. ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის ამ ურთიერთმომგებიანი კავშირის შედეგად ბანკებიც მნიშვნელოვნად იგებენ იმ ფინანსური შემოსავლის სახით, რომელსაც იღებენ როგორც საშუამავლო გადასახადს სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციიდან. ბანკების საშუალებით ძირითადად ხდება არასავალდებულო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება მოსახლეობისათვის. მაგალითად, სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევა და უმუშევრობის დაზღვევა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართულ რეალობაში.

ჯი პი აი ჰოლდინგის გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის მიერ Forbes Georgia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ სადაზღვევო კომპანიების მხრიდან სახელმწიფოს მიერ 3-5 წლიან პერიოდში სავალდებულო დაზღვევების შემოღების დიდი მოლოდინი არსებობს და აქაც პროდუქციის გაყიდვის მთავარ არხად მათ ისევ ბანკები ევლინებიან. გარდა ამისა, მისი თქმით სავალდებულო დაზღვევები იწვევს სადაზღვევო ბიზნესის სწრაფ განვითარებას არასავალდებულო პროდუქტების თვალსაზრისითაც, რადგან ხალხი უფრო მასობრივად იღებს გარკვეულ სიკეთეებს სადაზღვევო პროდუქტებისგან და ისინი მეტ პოპულარობას იძენენ ხელშესახები მაგალითების არსებობის გამო. შესაბამისად, ქვეყანაში სავალდებულო პროდუქტების დანერგვისას (მაგალითად საპენსიო, ავტოდაზღვევის), სხვა არასავალდებულო პროდუქტების ბაზარი, როგორც წესი 30-40 პროცენტით იზრდება ხოლმე. მისივე თქმით მნიშვნელოვანი როლი სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვების ზრდაში უნდა ითამაშოს  დაზღევვის ონლაინ პორტალმა (რომლის დანერგვაც პირველად ჯი პი აის მიერ მოხდა 2016 წელს), რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ დაზღვევა და ანაზღაურებაც დისტანციურად მიიღონ [16].

სადაზღვევო კომპანიები როგორც ინსტიტუციური ინვესტორები

საინვესტიციო პორტფელი

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, სადაზღვევო სექტორი უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორია ევოპაში. მზღვევლთა პორტფელის ძირითადი ნაწილი შედგება ობლიგაციებში, საინვესტიციო ფონდებსა და სააქციო კაპიტალში ჩადებული სახსრებისაგან.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სადაზღვევო ბაზრის ფინანსური მაჩვენებლების – სრული შემოსავლის ანგარიშგების მონაცემების – მიხედვით, მზღვევლების მიერ 2016 წლის განმავლობაში საინვესტიციო საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 10 142 135 ლარი, სადაც საკრედიტო დაწესებულებებში განთავსებულ დეპოზიტებს  6 743 317 ლარით წამყვანი ადგილი უჭირავს.

ცხრილი №1. სრული შემოსავლის ანგარიშგება (მოგება-ზარალის უწყისი)

საანგარიშო პერიოდი 01.01.2016-31.12.2016

 შემოსავალი ინვესტიციებიდან      (ლარებში)
 – საკრედიტო დაწესებულებებში განთავსებული დეპოზიტები         6,743,317
 – ფინანსური აქტივები: – გასაყიდად არსებული                 3,317
 – ფინანსური აქტივები: – დაფარვის ვადამდე მფლობელობაში არსებული             317,109
 – ფინანსური აქტივები: – რეალური ღირებულებით ასახული მოგებაში ან ზარალში ასახვით                        –
 – ინვესტიციები მეკავშირე კომპანიებში             415,199
 – ინვესტიციები შვილობილ კომპანიებში         1,088,601
 – საინვესტიციო ქონება                        –
 – გაცემული სესხები         1,574,591
 – სხვა ინვესტიციები                        –
შემოსავალი ინვესტიციებიდან   10,142,135

წყარო: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის ფინანსური მაჩვენებლები. http://insurance.gov.ge/Statistics.aspx

 ცხრილიდანაც ჩანს და თავად სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ, რომ საინვესტიციო პორტფელის ძირითად ნაწილს წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულებების დეპოზიტებში განთავსებული სახსრები (66.5%), ევროპული ბაზრისგან განსხვავებით, სადაც ლიდერობს სასესხო ფასიანი ქაღალდები.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, სადაზღვევო კომპანიებისათვის პოლისის მფლობეთა მიმართ საკუთარი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად ხელსაყრელია ინვესტიციების განხორციელება ფიქსირებული შემოსავლების მქონე ფასიან ქაღალდებში (მათ შორის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში). საქართველოში მთავრობის ფასიანი ქაღალდების პორტფელის თითქმის 100%-იანი წილის მფლობელები არიან ბანკები.

კაპიტალის ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა (ბონდების ბაზარი)[6],[7]

კაპიტალის ბაზარი საბანკო დაკრედიტების პარალელურად განიხილება ფინანსური რესურსების მოზიდვის ეფექტიან საშუალებად. განვითარებული კაპიტალის ბაზარი ქმნის კონკურენტულ გარემოს, ხელს უწყობს დანაზოგების უფრო ეფექტიან გადანაწილებას, როდესაც საბანკო დაკრედიტება იზღუდება, ობლიგაციების ბაზარი შესაძლოა ასრულებდეს დამაბალანსებელ როლს. კაპიტალის ბაზარი არის მოსახლეობისათვის დანაზოგების განთავსების დამატებითი ინსტრუმენტი, ხოლო კომპანიებისათვის ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელოვანი საშუალება. განვითარებული (ღრმა, გამჭვირვალე და კარგად რეგულირებული) კაპიტალის ბაზრები ხელს უწყობს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას.

დღეისათვის საქართველოს ფინანსური სექტორის უდიდესი ნაწილი მოდის კომერციულ ბანკებზე (იხ. დიაგრამა №6). კაპიტალის ბაზრების როლი მოკრძალებულია.

დიაგრამა №6. ფინანსური სექტორის აქტივები 2015

Picture6

წყარო: კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია. კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი. 2016 წლის აპრილი. http://www.economy.ge

2009 წლიდან მოყოლებული გვაქვს სტაბილურად მზარდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ემისიები ხორციელდება რეგულარულად, ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული კალენდრის შესაბამისად, რომელიც ყოველკვარტალურად ხელმისაწვდომია ბაზრის მონაწილეებისათვის. ფინანსთა სამინისტრო უშვებს 1-დან 10 წლამდე ვადიანობის ფასიან ქაღალდებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ძირითადი ინვესტორები კომერციული ბანკები არიან. ისინი ასევე გამოდიან აგენტებად პირველად ბაზარზე და არასაბანკო ინვესტორებს ფასიანი ქაღალდების შეძენა მათი მეშვეობით შეუძლიათ. ბაზარზე მონაწილეობენ უცხოელი ინვესტორებიც, თუმცა მათი წილი 2011-2012 წლების პერიოდთან შედარებით შემცირებულია.

კორპორატიული ბონდების ბაზარი ამ ეტაპზე პასიურია. ამ სეგმენტზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა 2014 წელს დაიწყეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება, რამაც 2014-2015 წლების განმავლობაში შეადგინა 248 მლნ ლარი. მომავლისათვის დაგეგმილია ამ ემისიების გაგრძელება, მათ შორის საჯარო შეთავაზებების გზით. განვლილ პერიოდში ადგილობრივი კომპანიების მიერ კორპორატიული ბონდების გამოშვება ხდებოდა მცირე მოცულობებით. თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზრდილი აქტიურობა მაინც შეინიშნება: იმ დროს როცა 2014 წლამდე საქართველოში გამოშვებული კორპორატიული ბონდების საერთო მოცულობა შეადგენდა 8 მლნ ლარს, 2014 და 2015 წელს ბაზარზე გამოშვებული იყო 53 და 111 მლნ ლარის კორპორატიული ობლიგაციები. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ემისიებმა ერთგვარი ბიძგი მისცა ობლიგაციების გამოშვების გააქტიურებას და მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისათვის [9.გვ.11].

ეკონომიკური გარემოს სიჯანსაღე, ინფლაცია

არაერთხელ ვახსენეთ რომ დაბალი ინფლაციის პირობებში, ხალხი კარგად გრძნობს სიცოცხლის დაზღვევის სქემების რეალურ ღირებულებასა და სარგებელს (განსაკუთრებით დანაზოგის ელემენტების მქონე სქემებისას), მაშინ როცა მაღალი ინფლაციის პირობებში ამ სქემებიდან მიღებული სარგებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 2017 წლის მარტის მდგომარეობით შეადგენს 5.4%-ს. პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია გაიზრდება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში და 2017 წელს 4%-იან მიზნობრივ დონეს მცირედ გადააჭარბებს, 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს (იხ. დიაგრამა №7).

დიაგრამა №7. მთლიანი წლიური ინფლაცია

 Picture7

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. მონეტარული პოლიტიკის ანგარიში 2017წ. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=349

მოგეხსენებათ ქვეყნებში რომელთა მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაღალია, ჩვეულებრივ  ხარჯავენ უფრო მეტს საკუთარი შემოსავლიდან დაზღვევაზე და ამ მშპ-ის ზრდასთან ერთად, მოსალოდნელია სიცოცხლის დაზღვევის პრემიების ზრდაც.

2010 წელს სიცოცხლის დაზღვევის პრემია ერთ სულზე შეადგენდა 2.26 ლარს ხოლო 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე ფასებში შეადგენს 6.82 – ს. მშპ-ს რაც შეეხება, 2010 წელს 4676 ლარიდან გაიზარდა 9118 ლარამდე 2016 წელს. ანუ სიცოცხლის დაზღვევის პრემიები დაახლოებით გასამმაგებულია ამ ექვსწლიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო მშპ ერთ სულზე-გაორმაგებული.

დიაგრამა №8. მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), ლარი

 Picture8

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მთლიანი შიდა პროდუქტი http://www.geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo.

დიაგრამა №9 ასახავს სიცოცხლის დაზღვევის პრემიების (როგორც მშპ-ის ნაწილისა) და მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე შორის დამოკიდებულებას 2010-2016 წლებში. რა თქმა უნდა, სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად რაც უფრო მატულობს ქვეყანაში ცხოვრების დონე (მშპ ერთ სულზე), მით უფრო იზრდება დაზღვევაზე და ამ კონკრეტულ შემთვევაში – სიცოცხლის დაზღვევაზე- მოსახლეობის მხრიდან გაწეული ხარჯები.

დიაგრამა №9. სიცოცხლის დაზღვევის პრემიის მშპ-ერთ სულზე დამოკიდებულების ამსახველი მრუდი (2010-2016)

Picture9 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მთლიანი შიდა პროდუქტი http://www.geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები http://insurance.gov.ge/Statistics.aspx

საპენსიო რეფორმა (სავალდებულო დაზღვევები) და ბაზარზე არსებული კონკურენცია

2016 წლის მდგომარეობით სადაზღვევო ბაზარზე მოქმედებდა 14 მზღვეველი, საიდანაც 4 სადაზღვევო კომპანია იყო 50%-ზე მეტი უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2016 წლის ბოლოსთვის სადაზღვევო კომპანიების ფილიალებისა და სერვისცენტრების რაოდენობა შეადგენდა 51-ს, ხოლო დასაქმებული თანამშრომლების – 2 214 -ს [10.sheet №2].

დიაგრამა №10 – დან ჩანს, რომ 14 მზღვეველიდან (რეალურად 13-დან), ბაზრის 60% უკავია ორ სადაზღვევო კომპანიას: ჯი პი აი ჰოლდინგსა და ალდაგი ბისიაი-ს („იმედი L“- ის წილის ჩათვლით). დანარჩენ 40%-ს კი ინაწილებს 11 მზღევველი. რომლეთაგან არდი-ს, პსპ დაზღვევასა და ირაოს აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (8-8-7% შესაბამისად).

სადაზღევვო ბაზარზე 2016 წლის ოქტომბერში ახალი მოთამაშე გამოჩნდა. უფრო სწორედ „თიბისი ჯგუფ“-მა იყიდა არსებული სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“, რომელიც ძირითადად ავტოდაზღვევის სფეროში საქმიანობდა. „თიბისი დაზღვევა“ („კოპენბურის“ რებრენდინგის შედეგად) მომხმარებელს შესთავაზებს თითქმის ყველა სადაზღვევო პროდუქტს, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა. მათ შორის: ავტომობილის, ქონების, სიცოცხლის დაზღვევა და ა.შ. „თიბისი ჯგუფის“ სადაზღვეო ბიზნესში შესვლის გადაწყვეტილებას ეკონომისტები განსხვავებულად აფასებენ, თუმცა ყველა აღიარებს, რომ მხოლოდ საკუთარ კლიენტებზე კონცენტრირების შემთხვევაშიც კი, „თიბისი ჯგუფი“ საკმაოდ კარგ პორტფელს ჩამოაყალიბებს.

დიაგრამა №10. სადაზღვევო ბაზრის მთავარი მოთამაშეები მოზიდული პრემიის  მიხედვით (2016)[8]

Picture10

წყარო: სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები http://insurance.gov.ge/Statistics.aspx

2016 წლის მაისში ყაზახური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სადაზღვევო კომპანია „ენ ეს კა“ საქართველოში საკუთარი კომპანიის დაარსებას გეგმავს. ყაზახური მზღვეველი „ენ ეს კა“ 1996 წელს შეიქმნა და დღეისათვის ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილეს მზღვეველს წარმოადგენს [5].

სანამ ყაზახური მზღვეველი გამოჩნდება ქართულ სადაზღვევო ბაზარზე, 2017 წლის 29 მარტიდან ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG (Global Benefits Group) დაინტერესდა. გამოცდილ ქართველ ექსპერტებთან და უმსხვილეს ქართულ კომპანია “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად დაფუძნდა ახალი კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” (“Global Benefits Georgia”). კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით იმ ბენეფიტებით რაც აქამდე დანარჩენი მსოფლიოსთვის იყო ხელმისაწვდომი, ახლა უკვე საქართველოს მოქალაქეებიც ისარგებლებენ. „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ მომხმარებელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სადაზღვევო მომსახურებას შესთავაზებს.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ არის 36 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის – “Global Benefits Group”-ის (GBG) წევრი. GBG წამყვანი გლობალური ბრენდია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომელსაც წარმომადგენლობითი ოფისები აქვს მსოფლიოს 120 ქვეყანაში და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე [3].

საპენსიო რეფორმა (სავალდებულო დაზღვევები)

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის თქმით, „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევრაზიაში, რომელსაც ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის  სავალდებულო დაზღვევის კანონი არა აქვს. ბოლო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, რომელმაც ეს შემოიღო, ჩვენ კი ჯიუტად ვხუჭავთ თვალს იმაზე, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შეიძლება ადამიანი ხეიბარი გახდეს, ამიტომ დაზღვევის ამ მიმართულების განვითარება აუცილებელია“ [1].

სახელმწიფოს რომ სიცოცხლის დაზღვევის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა საპენსიო რეფორმის საშუალებითაც შეუძლია (აქ მნიშვნელოვანია სადაზღვევო კომპანიების ჩართულობის საკითხიც), ამის ერთ-ერთი მაგალითია ჩილე, რომლის საპენსიო რეფორმის მოდელიც შემდგომში ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა და ამ ქვეყნებში პენსიასთან დაკავშირებული დაზღვევის პროდუქტები წარმოადგენს სიცოცხლის დაზღვევის ბიზნესის ძირითად ნაწილს.

პროექტში – „საქართველოს სოციალური-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველო 2020“ ვკითხულობთ: „იმის გათვალისწინებით, რომ პენსიონერთა რაოდენობა მზარდია და გაეროს მონაცემებით, ასაკით პენსიონერები 2050 წლისათვის შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის 25%-ს, ადგილი ექნება სოციალური დანახარჯების მუდმივ ზრდას. გამომდინარე აქედან, აუცილებელია ეტაპობრივად დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საბაზისო პენსიის არამდგრადი ზრდისგან გამოწვეული წნეხის შემსუბუქებას. ასევე, მნიშვნელოვანია საბაზისო პენსიის ინფლაციასთან მიბმის პრინციპის შემოღება და პენსიის ზრდის ყველაზე ღარიბ პენსიონერებზე ორიენტირება, რაც დაიცავს პენსიის მსყიდველობითუნარიანობას და მოლოდინებს მისაღებ დონეზე შეინარჩუნებს“ [11.გვ.78].

განვითარების სტრატეგიის ფარგლებში გათვალისწინებულია სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს დანაზოგების მოცულობის ზრდას ქვეყანაში. აღნიშნული რეფორმა სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პარალელურად, შექმნის დამატებით წყაროს ინვესტირებისათვის.

შედეგების ინტერპრეტაცია და დისკუსია

ქვეყანაში არსებული ჯანსაღი, სტაბილური ეკონომიკური გარემო  – ევროპაში სადაზღვევო კომპანიები წარმოადგენს ქვეყნის მშპ-ის ფორმირების მნიშვნელოვან წყაროსა და უმსხვილეს ინსტიტუციურ ინვესტორებს, რომელთა მიერ სხვადასხვა აქტივებში ჩადებული ჯამური ინევსტიციები 2015 წელს  9800 მილიარდ ევროს შეადგენდა. მზღვეველების საინვესტიციო პორტფელს თუ გადავხედავთ, ვნახავთ რომ ის ძირითადად ობლიგაციებისგან შედგება [18.გვ.26]. შედარებისთვის, ქართული სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო პორტფელის 67% საკრედიტო დაწესებულებებში განთავსებული დეპოზიტებია. ევროპაში საშუალოდ 1223 ევროს ხარჯავს ადამიანი თავისი დანაზოგებიდან დაზღვევაზე, საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი 2016 წლის მონაცემებით 106 ლარია.

რაზე მიუთითებს ეს განსხვავება? იმაზე რომ ქვეყანაში დანაზოგების დონე და კონკრეტულად დაზღვევაზე გაწეული ხარჯი ძალიან მცირეა.  ასევე სადაზღვევო კომპანიების მიერ საკუთარი საინვესტიციო პორტფელის ძირითადად საკრედიტო დაწესებულებების დეპოზიტებით დაკომპლექტება იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში არ გვაქვს განვითარებული კაპიტალის ბაზარი. კვლევის შედეგად, აღნიშნული მიმართება სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარებასა და კაპიტალის ბაზრის მდგომარეობას შორის, დადასტურდა. საქართველოში ამ ეტაპზე კაპიტალის ბაზარი, კერძოდ კი კორპორატიული ბონდების ბაზარი ძალიან პასიურია. არადა, სწორედ კორპორატიული ობლიგაციები სახელმწიფო სასესხო ფასიან ქაღალდებთან ერთად წარმოადგენენ განვითარებული ქვეყნების სიცოცხლის დაზღვევის კომპანიების საინვესტიციო პორტფელის ძირითად აქტივებს.

დანაზოგების მფლობელები დგანან რისკის წინაშე და მათთვის გადაწყვეტილების მიღება დააბანდონ საკუთარი დანაზოგები ფასიან ქაღალდებში ნაკლებად მიმზიდველია, რადგან: ა) საქართველოში ჩამოყალიბდა ცუდი ისტორიული გამოცდილება კომერციული სექტორის ფასიანი ქაღალდების მიმართ, ბ) კერძო სექტორის გამჭვირვალობის დაბალი სტანდარტები მათ ხელს უშლის კერძო სექტორში ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში; გ) არასათანადოა ინსტიტუციური ბაზა უმნიშვნელო წილის მფლობელი აქციონერების უფლებების დაცვისთვის; დ) არ არსებობს კომპანიების სტაბილურად განვითარების მოლოდინი; ე) მცირეა არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების რაოდენობა [11.გვ.73].

სიცოცხლის დაზღვევის პოლისების გრძელვადიანი ხასიათიდან გამომდინარე, მათში ჩადებული დანაზოგები მნიშვნელოვანი დაფინანსების წყაროს წარმოადგენს მეწარმეობის განვითარებისათვის. გრძელვადიანი დაფინანსება აუცილებელია საინვესტიციო პროექტებისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ფირმის მწარმოებლურობისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. სიცოცხლის დაზღვევის საინვესტიციო აქტივობა სრულყოფს საბანკო სისტემის სასესხო პრაქტიკას, რადგან ბანკები უზრუნველყოფენ წარმოებისა თუ სხვა ბიზნესის მხოლოდ მოკლევადიან დაფინანსებას, დეპოზიტების მოკლევადიანი ხასიათიდან გამომდინარე.

2010-2016 წლების განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის პრემია ერთ სულზე გაიზარდა 2.26 – დან 6.82 -ლარამდე მიმდინარე ფასებში. მშპ-ს რაც შეეხება, იმავე პერიოდში ის დაახლოებით გაორმაგებულია 4676 – დან 9118 ლარამდე 2016 წელს. ეს მონაცემები კიდევ ერთელ ხაზს უსვამს სადაზღვევო ბაზარსა და მშპ-ს შორის არსებულ დამოკიდებულებას. რაც უფრო უმჯობესდება ქვეყანაში ასრებული ცხოვრების დონე, მით უფრო იზრდება დაზღვევაზე მოთხოვნა.

ეჭვგარეშეა, რომ ქვეყანაში არსებულ ცხოვრების დონეს აქვს ძირითადი ზეგავლენა დაზღვევის მოთხოვნაზე მოსახლეობის მხრიდან. თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია ინფლაციის ფაქტორიც. მისი მაღალი დონე ძალიან ძლიერი ბარიერია ყველა სახის დანაზოგის მობილიზებისთვის, განსაკუთრებით ისეთი გრძელვადიანი სახის დანაზოგებისათვის, როგორიცაა სიცოცხლის დაზღვევის ტრადიციული სქემები. ცხადია, რომ ინფლაცია/ ფასების საერთო დონის ზრდა მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქვეყნისათვის. რაც არ უნდა მრვალფეროვანი იყოს სიცოცხლის დაზღვევის სქემები ან განვითარებული კაპიტალის ბაზარი, ოჯახი/ბიზნესი არ იქნება დაინტერესებული ჩადოს საკუთარი დანაზოგი გრძელვადიან ფასიან ქაღალდში (პოლისში), იხადოს გარკვეული პერიოდულობით სადაზღვევო შენატანები და ჯამში მისმა მოსარგებლემ მიიღოს ისეთი სადაზღვევო ანაზღაურება, რომლის მსყიდველუნარიანობა სადაზღვევო ვადის ამოწურვისას იქნება ფრიად უმნიშვნელო. განვითარებად აზიასა და ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარებაში ინფლაციის გაკონტროლებამ და მისი დაბალ დონეზე შენარჩუნებისკენ მიმართულმა ღონისძიებებმა ითამაშა.

დაზღვევის განვითარების ხელშემწყობი რეგულაციების მიღება  და უცხოური მზღვეველბი ქართულ ბაზარზემნიშვნელოვან როლს სიცოცხლის დაზღვევის განვითარებაში (და არა მარტო), თამაშობს სავალდებულო დაზღვევებისა და დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება. ჩილე და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნები ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვამ ხელი შეუწყო სიცოცხლის დაზღვევის სექტორის განვითარებას. სავალდებულო დაზღვევები იწვევს სადაზღვევო ბიზნესის სწრაფ განვითარებას არასავალდებულო პროდუქტების თვალსაზრისითაც, რადგან ხალხი უფრო მასობრივად იღებს გარკვეულ სიკეთეებს სადაზღვევო პროდუქტებისგან და ისინი მეტ პოპულარობას იძენენ ხელშესახები მაგალითების არსებობის გამო.

ქართული სადაზღვევო ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მისი 60% უჭირავს ორ სადაზღვევი კომპანიას: „ჯი პი აი ჰოლდინგსა“ და „ალდაგი ბისიაის“ („იმედი L“-თურთ). დანარჩენ 40%-ს ინაწილებს 11 მზღვეველი, რომელთა წილი ბაზრის მთავარ მოთამაშეებთან მიმართებით უმნიშვნელოა. თუმცა, ბაზარზე „თიბისი დაზღვევის“ გამოჩენა და თიბისი ბანკის მიერვე ჯი პი აი-ს მსხვილი პარტნიორის – „ბანკ რესპუბლიკის“ შეძენა, ვფიქრობ მომავალში სიტუაციას შეცვლის, რადგან ჯი პი აი ჰოლდინგს, რომლის მთავარ პარტნიორ ბანკს თიბისი და რესპუბლიკა ბანკი წარმოადგენდა, მოუწევს სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვისათვის ალტერნატიული არხების მოძიება. იმის გათვალისწინებით რომ თიბისი ბანკს სადაზღვევო ბიზნესში საქმიანობის გამოცდილება აქვს (ის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი იყო ჯი პი აი ჰოლდინგში), საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი აცხადებს, რომ „თიბისი ჯგუფის“ გააქტიურება სადაზღვევო სექტორში კონკურენციას გაზრდის და სიტუაციას გამოაცოცხლებს [1].

„საქართველოს ბაზარი ძალიან მცირეა, თუმცა პროცენტულად რომ გადავანაწილოთ უცხოური მზღვეველებისათვის ბაზარზე შემოსვლის მოტივაციის არქონის ძირითადი მიზეზი სულ სხვა რამაა. 80%-ით ამას ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის სისტემის არარსებობა განაპირობებს. ეს ჩვეულებრივი სტანდარტია თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც ჩვენთან არ არსებობს. მათთვის ეს იგივეა, რომ ჩვენთან არ იყოს, მაგალითად, საგადასახადო კოდექსი. მათ ზუსტად იციან, როგორია ამ სისტემის კავშირი ბაზრის განვითარებასთან“ – ვკითხულობთ ხეჩინაშვილის მიერ კომერსანტისთვის 2015 წელს მიცემულ ინტერვიუში [4].

თუმცა, ქვეყანაში სავალდებულო დაზღვევის სისტემის შემოღების მოლოდინი სულ უფრო იზრდება და ამას უცხოური მზღვეველების: ყაზახური „ენ ეს კა“-ს ქართული სადაზღვევო სექტორით დაინტერესება და ბაზარზე 2017 წლიდან საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფისა (Global Benefits Group) და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან“ ერთად დაფუძნებული „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ გამოჩენაც ადასტურებს. სიცოცხლის დაზღვევის ბაზარი უფრო სწრაფად განიცდის ზრდას იმ შემთხვევაში, როდესაც ის გახსნილია უცხოური კონკურენციისათვის. ამას ქვეყანაში შემოაქვს ახალი სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტები (არამარტო), ახალი მარკეტინგული სტრატეგიები, მენეჯმენტისა და ორგანიზების ახალი მეთოდები და ა.შ.

მოსახლეობისათვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზება და მათი მიწოდების ალტერნატიული არხების გამოყენება – სიცოცხლის დაზღვევის ძირითადი სქემებიდან ქართულ სადაზღვევო ბაზარზე ვხვდებით სიცოცხლის ვადიან დაზღვევასა და საკრედიტო დაზღვევას. სიცოცხლის ვადიანი დაზღვევის სქემების მხრივ ერთგვარი ინოვაციური პროდუქტია 5 წლიანი დაზღვევის პოლისი (ჯი პი აი ჰოლდინგის პროდუქტი), რომელიც არანაირ კავშირში არაა სამედიცინო დაზღვევასთან, ბაზარზე გავრცელებულ ერთწლიან დაზღვევის პოლისებთან შედარებით, რომელიც ძირითადად იყიდება ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისთან ერთად და პირობების განახლება ხდება ყოველწიურად.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ქართულ ბაზარზე ისევე როგორც სხვა არაერთ განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში აქტიურად გამოიყენება bankassurance-ის პრაქტიკა, განსაკუთრებით სიცოცხლის დაზღვევის სფეროში. ასევე, პროდუქტების მიწოდების ალტერნატიული (არასააგენტო ქსელის მეშვეობით) გზებიდან  ხაზგასასმელია ინტერნეტისა და ონლაინ პორტალების მზარდი როლი, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ დაზღვევა და ანაზღაურებაც დისტანციურად მიიღონ.

როგორც ვხედავთ, ამ მხრივ ქართველი მზღვეველები ცდილობენ არ ჩამორჩნენ სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებს და მოსახლეობას შეძლებისდაგვარად სთავაზობენ სიცოცხლის დაზღვევის განახლებულ სქემებსა თუ მიწოდების ალტერნატიულ არხებს. თუმცა, ის რომ ქვეყანაში არ არსებობს სიცოცხლის უვადო დაზღვევის სქემები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პრობლემებს, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი: არასტაბილური ეკონომიკური გარემო ინფლაციის მაღალი განაკვეთით, განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი, დანაზოგების მფლობელთა შიში განათავსონ საკუთარი სახსრები გრძელვადიან აქტივებში.

მიმდინარე კვლევის ფარგლებში ჩვენ განვსაზღვრეთ სიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე არსებული მდგომარეობა და მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია შემდეგნაირად შევაფასოთ ქართული სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის გნავითარების პერსპექტივები:

  • საქართველოში არსებული ცხოვრების დონისა და ინფლაციური რყევების გათვალისწინებით, სიცოცხლის დაზღვევის განვითარებისათვის მოკლევადიან პერსპექტივაში არაა შექმნილი ხელსაყრელი პირობები. ეროვნული ბანკის პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაციის დონე თანდათან დაიკლებს და 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ი იქნება (2017 წლის მარტის მდგომარეობით 5.4% – ია) (იხ. დიაგრამა №7). თუმცა, ინფლაციის დონის დროებითი დაწევა ვერ იქნება სიცოცხლის დაზღვევის განვთარების გარანტი. აუცილებელია ინფლაცია მუდმივად დაბალ დონეზე იყოს შენარჩუნებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიცოცხლის დაზღვევის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება. მიმდინარე პერიოდში მაღალი ინფლაცია მოსახლეობისათვის ქმნის მაღალინფლაციურ მოლოდინებს. მაღალი და  მერყევი ინფლაციის პირობებში მოსახლეობას უჭირს სწორად დაგეგმოს ინვესტიციიდან მომავალში მისაღები შემოსავლები და შესაბამისად, მისი მიმდინარე ღირებულება, რაც ამცირებს ინვესტიციების მოცულობას [2.გვ.8]. შესაბამისად, საზოგადოება ნაკლებადაა დაინტერესებული დანაზოგები განათავსოს სიცოცხლის დაზღვევის გრძელვადიან სქემებში.
  • სადაზღვევო კომპანიების საინვესტიციო პორტფელი და კაპიტალის ბაზარზე არსებული მდგომარეობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია, საინვესტიციო პორტფელის საკრედიტო დაწესებულებებში განთავსებული დეპოზიტებით დაკომპლექტება, კაპიტალის ბაზარზე ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფასიანი ქაღალდების სიმწირის მაჩვენებელია. პოზიტიურ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს სტაბილურად მზარდი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი და 2014-2015 წლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება, რამაც ერთგვარი ბიძგი მისცა ობლიგაციების გამოშვების გააქტიურებას და მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის განვითარებისათვის [9.გვ.11]. თუმცა, ამ ეტაპზე ობლიგაციების ბაზარი მაინც ძალიან პასიურია და არ ქმნის უახლოეს მომავალში სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების კუთხით დადებითი მოლოდინების საფუძველს.
  • სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის (და არა მარტო) განვითარებაზე პოზიტიურად უნდა იმოქმედოს სავალდებულო დაზღვევების სისტემის ამოქმედებამ, რის შედეგადაც მზღვეველები ვარაუდობენ არასავალდებულო დაზღვევის სახეებში გაყიდვების 30-40%-იან ზრდას [16]. ამავე დროს, ეს მოლოდინები დადებითად აისახება ქართულ ბაზარზე უცხოური მზღვეველების გააქტიურებითაც, რაც თავის მხრივ გაზრდის კონკურენციას ბაზარზე და ხელს შეუწყობს მის სამომავლო განვითარებას.

დასკვნა და რეკომენდაციები

განვითარებადი აზიისა და ლათინური ამერიკის და მეორეს მხრივ ევროპული სიცოცხლის დაზღვევის სექტორის კვლევისა და მისთვის დამახასიათებელი ტენდენციების წარმოჩენისა და ანალიზის საფუძველზე, ასევე ქართული სადაზღვევო სექტორის სტატისტიკური მონაცემების ვრცელი მიმოხილვისა და ანალიზის შედეგად, არსებული პრობლემების გამოვლენისა და მათი გამომწვევი მიზეზების დადგენის საფუძველზე, კვლევის ძირითადი მიგნებები და შედეგები შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ შემდეგი პუნქტების სახით:

  • არსტაბილური ეკონომიკური გარემო მაღალი ინფლაციით ქართული სადაზღვევო ბაზრის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, არასტაბილური ეკონომიკური გარემოა, რაც საკუთარ თავში მოიაზრებს პოლიტიკური სტაბილურობის აუცილებლობასაც. სიცოცხლის დაზღვევის ტრადიციული გრძელვადიანი სქემების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში  მიღწეულ და შენარჩუნებულ იქნას დაბალი ინფლაცია. შეიძლება ითქვას რომ სწორედ მაღალი ინფლაცია წარმოადგენს სიცოცხლის დაზღვევის გრძელვადიანი სქემების განვითარების შემაფერხებელ ძირითად ფაქტორს.
  •  განუვითარებელი კაპიტალის ბაზარი სადაზღვევო კომპანიების მიერ განხორცილებული ინვესტიციების დონე, როგორც არაერთხელ ვახსენეთ, მოცემული ეკონომიკის ფარგლებში დამოკიდებულია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის -განსაკუთრებით კი სასესხო ფასიანი ქაღალდების – განვითარების ხარისხზე. თავის მხრივ, სიცოცხლის დაზღვევის კომპანიებისა და კერძო საპენსიო სქემების მიერ განხორციელებული ინვესტიციები მნიშვნელოვან სტიმულს წარმოადგენს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის, რადგანაც მოსახლეობის მხრიდან სიცოცხლის დაზღვევის პოლისის შეძენა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ მის პირად სურვილზე. ცხადია, რომ განუვითარებელი კაპიტალის ბაზრის არსებობის შემთხვევაში ხალხი არ იქნება დაინტერესებული საკუთარი დანაზოგები ჩადოს სიცოცხლის დაზღვევის კონტრაქტებში.
  • სავალდებულო დაზღვევების არარსებობა საქართველოში ფაქტია, რომ განვითარებად ქვეყნებში სიცოცხლისა და ზოგადად სადაზღვევო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანა სავალდებულო დაზღვევის სისტემების შემოღებამ. სავალდებულო დაზღვევების შემოღება ხელს უწყობს მოსახლეობის მიერ დაზღვევიდან მიღებული ბენეფიტების უკეთ აღქმას, რასაც საბოლოოდ მივყავართ არასავალდებულო დაზღვევებზეც მოთხოვნის ზრდისკენ. სიცოცხლის დაზღვევის განვითარების კუთხით, მისი გრძელვადიანი ბუნებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა ქვეყანაში. ეს ორი ურთიერთადაკავშირებული პროდუქტია და ერთ-ერთი მათგანის განვითარება ერთგვარი სტიმულია მეორისათვის. ამავე დროს, სავალდებულო დაზღვევების შემოღება და ამ მხრივ სადაზღვევო სექტორის გააქტიურება, უფრო საინტერესოს გახდის ბაზარს უცხოური მზღვეველებისათვის, რაც თავის მხრივ გაზრდის კონკურენციას ბაზარზე და უზრუნველყოფს სადაზღვევო სქემების  გამრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობას.
  • საზოგადოების გაუთვითცნობიერებლობა/უნდობლობა საინვესტიციო ინსტრუმენტების მიმართ და სადაზღვევო კულტურის (რისკ-მენეჯმენტის) დაბალი დონე ყველა ზემოთჩამოთვლილ მიზეზთან ერთად, ქართული საზოგადოებაში ერთგვარი შიში და უნდობლობაა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ისეთი გრძელვადიანი ინვესტიციის გამხორციელებას, როგორიცაა სიცოცხლის დაზღვევის ტრადიციული სქემები დანაზოგის ელემენტით. ამას ემატება ისიც, რომ საზოგადოება არაა საკმარისად ინფორმირებული ისეთი სადაზღვევო პროდუქტების თავისებურებებისა და ბენეფიტების შესახებ, როგორიცაა სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის გრძელვადიანი სქემები. აქვე აღნიშვნის ღირსია რისკ – მენეჯმენტის დაბალი დონე საქართველოში, საზოგადოება სათანადოდ ვერ აფასებს შესაძლო რისკებს, მათი მოხდენის  შედეგად დამდგარ ზარალსა და ამ ზარალის აცილების მიზნით დაზღვევის აუცილებლობას.

კვლევის შედეგებისა და ძირითადი პრობლემების გამოკვეთის საფუძველზე, სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების ხელშეწყობისათვის სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი რეკომენდაციები :

  • სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა, რომლის შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ინფლაციის დაბალი დონის მიღწევა და ამ დონეზე მისი შენარჩუნება;
  • აუცილებელია, რომ მინიმალურ ვადაში ამოქმედდეს სავალდებულო დაზღვევები და ძალაში შევიდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემის სოციალური რეფორმა. სახელმწიფოს შეუძლია სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობით, გრძელვადიანი უცვლელი სტრატეგიის ჩამოყალიბებითა და კერძო საპენსიო სისტემის განვითარების ხელშეწყობით, ბიძგი მისცეს სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარებასაც. ვინაიდან სიცოცხლის დაზღვევის კომპანიები ოპერირებენ გრძელვადიანი დანაზოგების ბიზნესში, ისინი ქმნიან მოქნილ საპენსიო სქემებსაც. რა თქმა უნდა, ადგილობრივმა სადაზღვევო კომპანიებმაც უნდა დაარწმუნონ მთავრობა, რომ მათ რეალურად შეუძლიათ პარტნიორობა გაუწიონ ამ საქმეში.
  • სიცოცხლის დაზღვევის ბაზარი უფრო სწრაფად განიცდის ზრდას იმ შემთხვევაში, როდესაც ის გახსნილია უცხოური კონკურენციისათვის. განვითარებადი ბაზრის შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდში მთავრობები ადგენენ ადგილობრივ და უცხოურ მფლოელობას შორის ბალანსს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში კი – საბაზრო ძალები.
  • სადაზღვევო კანონმდებლობა სიცოცხლის დაზღვევისა და საპენსიო სქემების მიმართ არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი. სადაზღვევო კომპანიის საინვესტიციო ფონდების მიმართ განხორცილებულმა მკაცრმა რეგულაციებმა შესაძლოა შეამციროს სიცოცხლის დაზღვევის სქემებიდან მიღებული უკუგება ალტერნატიულ გრძელვადიან ინვესტიციებთან შედარებით.
  • ინდივიდებს ხშირად სჭირდებათ სტიმული გრძელვადიანი დანაზოგების გასაკეთებლად. საგადასახადო შეღავათები შესაძლოა შეეხოს როგორც კონკრეტულად სიცოცხლის დაზღვევის კონტრაქტებში გადახდილი პრემიებიდან მიღებულ შემოსავალს, ისე მთლიანად მზღვეველებს, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პროდუქტებს. სადაზღვევო კომპანიებისათვის მიცემული საგადასახადო შეღავათები სახელმწიფოების მხრიდან განიხილება როგორც გრძელვადიანი ინვესტიცია, რომელიც მომავალში მეტ საგადასახადო შემოსავალს იძლევა, ვიდრე ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში აწმყოში.
  • ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს სადაზღვევო შუამავლობის თემა. აგენტები, ბროკერები და ყველა ის სადაზღვევო შუამავალი, რომელიც აწვდის საზოგადოებას სადაზღვევო პროდუქტებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპეტენციის გარკვეულ მინიმალურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პროფესიული განათლება.
  • მთავრობის მხრიდან სიცოცხლის დაზღვევის სექტორის განვითარების ხელშეწყობა უნდა მოხდეს ისეთი რეგულაციების შემოღებით, რომელიც მეტ თავდაჯერებულობასა და ნდობას შეჰმატებს საზოგადოებას, რათა მათ მოახდინონ საკუთარი დანაზოგების ინვესტირება სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტებში. გამოცდილებამ აჩვენა რომ ერთი ფინანსური ინსტიტუტის (ამ შემთხვევაში მზღვეველის) გაბანკროტებამაც კი, შესაძლოა საზოგადოებას დააკარგინოს მთელი დაზღვევის სექტორის მიმართ ნდობა. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განათლების დონის ამაღლებაც, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას მაგალითად, სასწავლო დაწესებულებების პროგრამაში შესაბამისი თემატიკის შეტანით (დანაზოგებისა და კერძო ფინანსების დაგეგმვის თემები). ცნობადობის დონის ამაღლებაში მნიშვნელოვანი როლი შეაქვთ სადაზღვევო კომპანიებსაც, რომლებიც ასპონსორებენ სხვადასხვა სასწავლო მასალებისა და ბროშურების გამოცემას განათლების სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

აღნიშნული კვლევა ღირებულია ორი მიზეზის გამო: ერთი მხრივ ის კარგად წარმოაჩენს ქართული სიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გამომწვევი მიზეზებითურთ და ხაზს უსვამს მისი განვითარებისათვის გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობას. მეორე მხრივ, აღნიშნული კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის დაზღვევის სექტორის მომავალი შესწავლისა და ანალიზისათვის. სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებების/სადაზღვევო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ დაახლოებით 2022 წლისათვის Swiss Re“- ის ავტორიტეტული კვლევითი ინსტიტუტის “SIGMA Research”- ის მიერ[9] კვლავ იგეგმება განვითარებადი რეგიონების დაზღვევის სექტორში 2011-2021 წლებში მომხდარი ცვლილებებისა და მათი შედეგების ვრცელი მიმოხილვა, ძალიან საინტერესო და ღირებული იქნება სხვა განვითარებადი რეგიონების პარალელურად, აღნიშნული პერიოდისათვის მოხდეს ქართული სიცოცხლის დაზღვევის სექტორის კვლევა და მიღწეული პროგრესის შეფასება.

ბიბლიოგრაფია

  1. 1 ბიზნესპრესნიუსი. რას შეცვლის სადაზღვევო ბიზნესში „თიბისი ჯგუფის“ გააქტიურება? 2016. https://bpn.ge/biznesi/30185-ras-shecvlis-sadazghvevo-biznesshi-thibisi-jgufis-gaaqtiureba.html?lang=ka-GE (07.05.2017).1 ბიზნესპრესნიუსი. რას შეცვლის სადაზღვევო ბიზნესში „თიბისი ჯგუფის“ გააქტიურება? 2016. https://bpn.ge/biznesi/30185-ras-shecvlis-sadazghvevo-biznesshi-thibisi-jgufis-gaaqtiureba.html?lang=ka-GE (07.05.2017).
  2. ბლუაშვილი, ა. ოპტიმალური ინფლაციის დონე საქართველოში. თიბისი ბანკი, 2015. https://www.nbg.gov.ge/uploads/journal/2015/2015_3/1.pdf (15.05.2017).
  3. კომერსანტი. საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ახალი კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” დღეიდან დაიწყებს ოპერირებას. 2017. http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=49607&cat_id=5 (30.04.2017).
  4. კომერსანტი. უცხოურ სადაზღვევო კომპანიებს ქართულ ბაზარზე შემოსვლის მოტივაცია არ აქვთ. http://www.insurance.org.ge/index.php?a=main&pid=341&lang=eng (07.05.2017).
  5. კომერსანტი. ყაზახეთის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია საქართველოში შემოსვლას გეგმავს. 2016. http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=36355&cat_id=6 (30.04.2017).
  6. სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაი. სიცოცხლის ვადიანი დაზღვევის პირობები. 2014 წ. http://www.aldagibci.ge/index.php?m=55 (14.04.2017).
  7. სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი. სიცოცხლის დაზღვევა-რა თანხაზე შეიძლება დაზღვევა https://www.gpih.ge/gpih/other_insurance/Life/whatamount.php (14.04.2017).
  8. სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი. სიცოცხლის დაზღვევის პირობები  თიბისი ბანკის საცალო საკრედიტო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირებისთვის. https://www.gpih.ge/TBC.pdf (09.05.2017).
  9. კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტი. კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია. 2016. http://www.economy.ge/uploads/meniu_publikaciebi/ouer/kapitalis_bazris_ganvitarebis_strategia.pdf (03.05.2017).
  10. საქართველოს ეროვნული ბანკი. ფინანსური ინსტიტუტები, 2017წ. https://www.nbg.gov.ge/uploads/…/financial_institutionsgeo.xls (27.12.2017).
  11. საქართველოს მთავრობა. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველო 2020. ნოემბერი 2013. file:///C:/Users/user/Downloads/Strategy24%2012%2013%20(2)%20(3).pdf (06.05.2017).
  12. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. მთლიანი შიდა პროდუქტი. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=118&lang=geo (13.04.2017).
  13. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ფასები, ინფლაცია. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=124&lang=geo (20.04.2017).
  14. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური მაჩვენებლები http://insurance.gov.ge/Statistics.aspx (14.04.2017).
  15. სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო ბაზრის ფინანსური მაჩვენებლები. http://insurance.gov.ge/Statistics.aspx (1.05.2017).
  16. ფორბსი საქართველო. ბანკების დამზღვევი. 2016. http://forbes.ge/news/1645/bankebis-damzRvevi (22.04.2017).
  17. ჯაყელი, კ. 2009. დაზღვევისა და ჯანდაცვის ეკონომიკა. თბილისი-ნიუ-იორკი-ჰანოვერი.
  18. European Insurance — Key Facts. August 2016. https://www.insuranceeurope.eu (14.04.2017).
  19. Swiss Re. Sigma No 5/2011. Insurance in emerging markets: growth drivers and profitabality. http://www.swissre.com/clients/Sigma_52011_Insurance_in_emerging_markets_growth_drivers_and_profitability.html (14.04.2017).

 

[1] SIGMA Research-ი წარმოადგენს მსოფლიო სადაზღვევო სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის ინფორმაციის სანდო წყაროს. ამ ორგანიზაციის კვლევების სერია უზრუნველყოფს გლობალურ სადაზღვევო ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და მომავალი  ტენდენციების ყოვლისმომცველ ანალიზს.

[2] სს “სადაზღვევო კომპანია ალდაგი”, სს “სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი”, სს სადაზღვევო კომპანია იმედი L, სს ”პსპ დაზღვევა”, სს სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფი”, სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია “ირაო”, სს სადაზღვევო კომპანია „არდი დაზღვევა“, სს სადაზღვევო კომპანია “უნისონი”, სს სადაზღვევო კომპანია “ტაო”, სს დაზღვევის კომპანია “ქართუ”, სს „სტანდარტ დაზღვევა საქართველო“, სს „სადაზღვევო კომპანია ალფა“, სს “სადაზღვევო კომპანია კოპენბური”, სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა – KAMARA.

[3] ბრუტო – გადახდილი ზარალის ოდენობა გადაზღვევის ჩათვლით.

[4] პირდაპირი დაზღვევის საქმიანობა

[5] რეალური პრემიის დაანგარიშების მიზნით გამოყენებულია საქსტატის სამომხმარებლო ფასების ინდექსის კალკულატორი. დროის პერიოდი 2010-2016 წწ.  XII თვე.  http://geostat.ge/cpi/?lang=ka

[6] აღნიშნულ ქვეთავში მოცემული ინფორმაცია აღებულია კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიშიდან „კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია“ .

[7] ვინაიდან საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევის სქემების მფლობელთა მიმართ არსებული ვალდებულებების შესასრულებლად მზღვეველებისათვის მომგებიანია ინვესტირება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებსა და კორპორატიულ სასესხო   ფასიან ქაღალდებში, ამიტომ ამ ქვეთავში ყურადრება გამახვილებულია კონკრეტულად ბონდების ბაზარზე არებულ მდგომარეობაზე

[8] სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიას მონაცემები აერთიანებს ალდაგისა და იმედი L-ის მიერ ჯამურად მოზიდულ პრემიას

[9] სწორედ ამ კვლევითი ინსტიტუტის 2001-2010 წლების განვითარებადი რეგიონების სადაზღვევო სექტორის ანგარიში წარმოადგენს აღნიშნული კვლევის ძირითად მეთოდოლოგიურ საფუძველს, რომლის მიხედვითაც აიგო მთლიანი ნაშრომი.

 

აბსტრაქტი

სადაზღვევო კომპანიების მიერ აკუმულირებული გრძელვადიანი დანაზოგები უზრუნველყოფს არა მხოლოდ ცალკეული სქემების მოსარგებლეთა ფინანსურ სტაბილურობას, არამედ უდიდესი წილი შეაქვს მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტების მიერ მობილიზებული თანხები წარმოადგენს როგორც კერძო, ასევე სახელწიფო სექტორში განხორცილებული გრძელვადიანი ინვესტიციების ძირითად წყაროს. ქვეყნის ეკონომიკისათვის მისი ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კვლევის მიზანია საქართველოს სიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე არსებული მდგომარეობის ანალიზი მისი განვითარების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის ფარგლებში მოხდა განვითარებადი რეგიონებისა და მეორეს მხრივ, ევროპული სიცოცხლის დაზღვევის ბაზრისთვის დამახასიათებელი ტენდენციების შესწავლა. რის ფონზეც, განხორციელდა ქართული სიცოცხლის დაზღვევის სექტორის სტატისტიკური და ფინანსური მონაცემების მრავალმხრივი ანალიზი და გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: არასტაბილური ეკონომიკური გარემოს, განუვითარებელი კაპიტალის ბაზრის, სავალდებულო დაზღვევების არარსებობისა და მოსახლეობის უნდობლობის სახით მზღვეველების მიმართ. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შემუშავდა  ისეთი ძირითადი რეკომენდაციები, როგორიცაა: ინფლაციის დაბალი დონის მიღწევისა და შენარჩუნებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორცილება; სავალდებულო დაზღვევების უმოკლეს ვადაში შემოღების აუცილებლობა და ადგილობრივ ბაზარზე უცხოური მზღვეველების შემოსვლის წახალისება; საგადასახადო შეღავათების დაწესება სიცოცხლის დაზღვევის სქემებიდან მიღებულ შემოსავლებზე; მუშაობა საზოგადოების მეტი ინფორმირებულობისა და ნდობის მოპოვებისათვის ფინანსური ინსტიტუტების მიმართ და სადაზღვევო შუამავლების პროფესიონალიზმის უზრუნველყოფა. ყველაფერი ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსალოდნელია სიცოცხლის დაზღვევის სექტორის მნიშვნელოვანი პროგრესი.

ძირითადი საძიებო სიტყვები: სიცოცხლის დაზღვევა, განვითარებადი რეგიონები, გრძელვადიანი ინვესტიციები, კაპიტალის ბაზარი.

The perspectives of the development of life insurance market in Georgia

Tamar Tsignadze

Specialist of the Treasury and Transaction Management Department, Nova Technology, Master of Business School of Ilia State University

Abstract

Long-term savings accumulated by insurance companies not only provide financial stability to the beneficiaries of certain schemes, but also play a major role in the development of the economy of a country as a whole. Funds mobilized by life insurance products are shown to be the main source for the long-term investments in private as well as state sectors. Flowing from its importance for the country’s economy, the research aims to analyze the current situation of the life insurance market in Georgia in order to determine the perspectives of its future development. Considering the aforementioned, within the research, studies were carried out on developing regions on one hand, and on the other the trends characteristic for the European life insurance market. On this background, a multilayered analysis of statistical and financial data of the Georgian life insurance sector was realized, consequently showing the main problems in the form of the unstable economic environment, undeveloped capital market, absence of compulsory insurance, and public distrust toward insurers. Considering the present situation, the subsequent recommendations were developed, such as: accomplishing efforts geared toward achieving and retaining a low level of inflation; necessity of establishing compulsory insurance in the shortest time possible and creating incentives for foreign insurers to enter the local market; setting tax reliefs for the revenues received from life insurance schemes; striving to have a better informed public and to gain their trust toward financial institutions, and ensuring the professionalism of insurance intermediaries. Bearing all of the aforementioned in mind, a significant progress is expected in the life insurance sector.

Key Words: life insurance, developing regions, long-term investments, capital market.

ციტირება: 

თამარ წიგნაძე (2018). სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების პერსპექტივები საქართველოში. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციოლოგია. No 4. ჯანდაცვისა და დაზღვევის ცენტრი. 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: