Posted by: burusi | June 8, 2014

ბუბა ცირეკიძე – ზრუნვის პლატფორმა

Mental Health

ბუბა ცირეკიძე – ზრუნვის პლატფორმა

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის კულტურის დამკვიდრება და მისი განვითარება საქართველოში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური ზრუნვის სფეროს განვითარება არათანმიმდევრულად მიმდინარეობდა და ხშირად ფრაგმენტულ ხასიათს ატარებდა. ქვეყნის განვითარების ახალი სტრატეგიების ჩამოყალიბებისას ეკონომიკური შეჭირვების, ომებისა თუ პოლიტიკური ჭიდილის ფონზე საზოგადოების მნიშვნელოვანი საჭიროებები ხშირად ყურადღების მიღმა რჩებოდა.

დღესაც საქართველოში ათიათასობით ადამიანს – მათ შორის: ფსიქიკური დაავადების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ნარკოტიკების მოხმარებასთან ან წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებს, აივ/შიდსით დაავადების რისკის ქვეშ მყოფ ან უკვე ინფიცირებულ პირებს, აგრეთვე პირებს, რომლებიც ხანგრძლივ ზრუნვას საჭიროებენ (შინმოვლა, პალიატიური მზრუნველობა, ჰოსპის მომსახურება) და სხვ. – ნაკლებად მიუწვდება ხელი ზრუნვისა და მხარდაჭერის კვალიფიციურ სერვისებზე.

ეს ჯგუფები უმეტესწილად ჯერ კიდევ დაუცველები არიან და არსებული პოლიტიკა მათთან მიმართებაში დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება. როგორც წესი, ამ ჯგუფების წევრები საზოგადოებისაგან უარყოფილი, არასაკმარისად ინტეგრირებული არიან და ღირსეულად ცხოვრების ნაკლები შესაძლებლობები აქვთ. თითოეული ასეთი ჯგუფი სასწრაფო ყურადღებასა და დახმარებას მოითხოვს. დროული ჩარევის გარეშე კი ამ პრობლემების მართვა უფრო და უფრო გართულდება.

მიუხედავად იმისა, რომ ზრუნვის საჭიროების მქონე სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების უმრავლესობისთვის სიტუაცია კვლავაც არასახარბიელოა, ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარებითა და დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ზრუნვის სხვადასხვა სერვისების პროგრამების ინიცირება.

ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სერვისები ბენეფიციარების მცირე რაოდენობაზე იყო გათვლილი და მეტწილად სამოდელო ხასიათს ატარებდა. სწორედ ასეთი პროგრამების მეშვეობით გახდა შესაძლებელი ცოდნის, კონცეპტების შემოტანა, გამოცდილების დაგროვება და სპეციალისტების გარკვეული კოჰორტის შექმნა. პროგრამების დიდ ნაწილს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ახორციელებდნენ.

ბოლო წლების განმავლობაში ეკონომიკის გაჯანსაღებისა და პოლიტიკური სტაბილურობის ზრდის ფონზე ზრუნვის სერვისების მიწოდებაზე საერთაშორისო დახმარება უფრო და უფრო მცირდება და აქცენტი ადვოკატირებაზე გადადის. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ქვეყნის ჯანდაცვის და სოციალურ პოლიტიკაზე უნდა მოახდინონ გავლენა და ხელი შესაბამისი ხედვების სისტემურ გატარებას და სერვისების ინსტიტუციონალიზაციას შეუწყონ.

 ადვოკატირებაზე აქცენტის გადატანა ქართულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თავისთავად უბიძგებს, ეძებონ პარტნიორები, ითანამშრომლონ და გაერთიანებული ძალებით იმოქმედონ. ბოლო წლებში ჩვენ, მართლაც, არაერთი თემატური კოალიციის შექმნის მომსწრენი გავხდით.

2013 წელს „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის” დაფუძნებაც ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ. „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის” ოფიციალური პრეზენტაცია 2013 წლის გაზაფხულზე შედგა, ხოლო მისი არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით რეგისტრაცია 2013 წლის დეკემბერში მოხდა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმის შექმნის იდეა გაცილებით ადრე, 2010 წელს გაჩნდა, როდესაც პლატფორმის დამფუძნებელი ორგანიზაციები დებტ სვოპის პროექტის ადვოკატირების იდეის ირგვლივ გაერთიანდნენ.
პლატფორმა ზრუნვის სფეროში მოქმედი თემატური კოალიციების/ქსელების გაერთიანებას უწყობს ხელს, რათა ერთობლივი მოქმედებით საერთო მიზნებს მიაღწიონ. პლატფორმის წევრი ვერ გახდება ინდივიდუალური ორგანიზაცია. ამ მხრივ პლატფორმა უნიკალური სტრუქტურაა და ადვოკატირების ეფექტურ მექანიზმს ქმნის.

„საქართველოს ზრუნვის პლატფორმის” დამფუძნებელია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში მოღვაწე საზოგადოებრივი ორგანიზაციების რამდენიმე ქსელი:
• საქართველოს შინმოვლის კოალიცია;
• საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია;
• ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი;
• საქართველოს „კარიტასი”.

დამფუძნებელი ორგანიზაციები აღნიშნულ სფეროებში ამჟამად მოქმედ 33 ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებენ და წარმოადგენენ.

პლატფორმის დაფუძნებისა და განვითარების პროცესს ფასილიტაციას კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ჩთჩ უწევს. მისი მიზანია, დაეხმაროს პლატფორმას, ჩამოყალიბდეს როგორც ძლიერი ქსელური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ზრუნვის სისტემის განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების ეფექტურ მონაწილეობას უზრუნველყოფს და ზრუნვის სერვისების მიმწოდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაეხმარება. „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის” შექმნის პროცესში შესწავლილი იქნა მსგავსი საერთაშორისო გამოცდილება. ამისათვის შეირჩა რამდენიმე ქსელი/ გაერთიანება და მათი მუშაობის, სტრუქტურის გააზრება მოხდა, რაც პლატფორმის დამფუძნებლებს სამუშაო ფორმების და სტრატეგიის განსაზღვრაში დაეხმარა. ამ მაგალითების გაცნობა, ვფიქრობთ, მკითხველსაც დააინტერესებს.

„საქართველოს ზრუნვის პლატფორმის” მისიაა, ხელი შეუწყოს საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ზრუნვის მიდგომის დამკვიდრებას და განვითარებას სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის. ზრუნვა გულისხმობს ადამიანის ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობის მრავლობითი პრობლემის თანამდევ პრევენციასა და მართვას – ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახთან, ცხოვ რებისეულ მოვლენებსა და გარემოსთან ურთიერთობაში; დახმარებას – როგორც ყოველდღიურ საკითხებში, ასევე სამედიცინო შემთხვევების დადგომისას; რჩევებს; წახალისება­ მოტივირებას; ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ზრუნვაშეუქცევადად აღიარებს, რომ თითოეული ადამიანი, მისი ფიზიკური, სოციალური თუ ფსიქიკური მდგომარეობის მიუხედავად, უფლებების მატარებელია და უნდა შეეძლოს, საკუთარ თავზე გამოსცადოს ეს უფლებები, იყოს ინტეგრირებული გარემოში, სარგებლობდეს ადამიანის ყველა უფლებით და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც თავად იღებდეს. ზრუნვის პლატფორმის ძირითადი მიმართულებებია:

• პოლიტიკის ფორმირება: ადამიანის უფლებებზე და სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული ზრუნვის პოლიტიკის განვითარება/ადვოკატირება;
• ცნობიერების ამაღლება: საზოგადოების, ბენეფიციარების, ჯანდაცვისა და ზრუნვის სექტორის მონაწილეების ცნობიერების ამაღლება;
• ზრუნვის სერვისების მოდელირება: მოდელური პროექტების შემუშავება და განხორციელება;
• ზრუნვის სერვისების ხარისხის უზრუნველყოფა: ზრუნვის სერვისების ხარისხის მართვისა და სისტემების განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
• ჩართული პირების შესაძლებლობების განვითარება: ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ჩართული პროფესიონალებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება.

საქართველოს ზრუნვის პლატფორმაში გაწევრიანება შეუძლიათ:

• კოალიციებს, რომ ლებიც აერთიანებენ საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორის ორგანიზაციებს;
• ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ქსელის ნაწილს წარმოადგენენ (როგორიცაა, „კარიტასი”);
• საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ წარმომადგენლობა საქართველოში;
• ექსპერტთა პროფესიულ ასოციაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში;

პლატფორმაში გაწევრიანების მსურველი ორგანიზაცია უნდა:

• მუშაობდეს საქართველოში ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორ ში;
• იყოს არამომგებიანი, არაკომერციული ორგანიზაცია;
• იყოს საქართველოში რეგისტრირებული;
• ითვლიდეს საქართველოში მოღვაწეობის არანაკლებ 5 წელს;
• იზიარებდეს პლატფორმის ხედვასა და მიზნებს.

2013 წელს პლატფორმამ მოამზადა ზრუნვის სისტემის განვითარების კონცეფცია. დოკუმენტი ასახავს პლატფორმის ხედვას და რეკომენდაციებს საქართველოში ზრუნვის სისტემის განვითარების თაობაზე. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით პლატფორმა წამოიწყებს აქტიურ დიალოგს სხვადასხვა დაინტერესებული პირების ჩართვით. დოკუმენტის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია CTC ვებ გვერდზე.

წყარო: http://www.ctc.org.ge


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: