Posted by: burusi | September 29, 2013

სტატია აკადემიური ჟურნალისთვის

აკადემიური სტილი

სტატია აკადემიური ჟურნალისთვის

აკადემიურ ჟურნალში წარსადგენი სტატიები განსხვავდება შინაარსისა და მიზნის მიხედვით. სტატია მიზანი შეიძლება იყოს ახალი მიგნებების წარმოდგენა, არსებული ლიტერატურისა თუ შრომების განხილვა და სხვა. შესაბამისად სტრუქტურა და ფორმატი განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა მიზანს ისახავს სტატია. თუმცა, არსებობს ზოგადი მოთხოვნები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის მიხედვით შესრულებული ყველა სტატია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული სტილის მოთხოვნების დაცვა საჭიროა, მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული აკადემიური ჟურნალებისთვის მომზადებულ სტატიებში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის მიხედვით შესრულებული სტატია შემდეგ სტრუქტურულ ელემენტებს უნდა მოიცავდეს:

1. თავფურცელი
2. აბსტრაქტი
3. შესავალი
4. ძირითადი ნაწილი
5. დასკვნა
6. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი / ბიბლიოგრაფია

1. თავფურცელი

თავფურცელზე მოცემული უნდა იყოს

● სტატიის სრული სათაური, რომელიც გამოხატავს სტატიის შინაარსს;
● ავტორის (ავტორების) სახელი გვარი;
● ინსტიტუცია, რომელსაც ის წარმოადგენს, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონი ნომრები);
● ჟურნალის სახელწოდება, რომელში დასაბეჭდადაც მომზადდა სტატია და წარდგენის სტანდარტული ტექსტი;
● ადგილი და თარიღი.

იმ შემთხვევაში, თუ სტატიას წარმოადგენს სტუდენტი, მაშინ თავფურცელზე მოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

● სტატიის სრული სათაური;
● სტუდენტის სახელი და გვარი;
● ფაკულტეტის, პროგრამის დასახელება საფეხურის მითითებით;
● სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი, გვარი. (სხვა დაწესებულებიდან მოწვეული ხელმძღვანელის შემთხვევაში მიეთითება ხელმძღვანელის სახელი, გვარი და შესაბამისი დაწესებულების სახელი);
● უნივერსიტეტის სახელწოდება;
● ჟურნალის სახელწოდება, რომელში დასაბეჭდადაც მომზადდა სტატია და წარდგენის სტანდარტული ტექსტი;
● ადგილი და თარიღი.

თავფურცლის დაფორმატებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:

● შრიფტი – (Unicod-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen ან მსგავსი);
● შრიფტის ფორმა და ზომა: ნაშრომის სათაური – 14, გამუქებული და სწორი; ავტორის სახელი და გვარი – 12, გამუქებული და სწორი; ინსტიტუცია და საკონტაქტო ინფორმაცია – 12 და დახრილი; ჟურნალის სახელწოდება და სტანდარტული ტექსტი – 12 და სწორი; ადგილი და წელი – 12, გამუქებული და სწორი; თუ მოცემულია ფაკულტეტის, პროგრამის და სამეცნიერო ხელმძღვანელის მონაცემები – 12 და სწორი.
● ველები: მარჯვენა ველი – 2 სმ, მარცხენა ველი – 2.50 სმ, ზედა ველი – 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ;
● დაშორება სტრიქონებს შორის – 1.5;
● ტექსტი უნდა განთავსდეს გვერდის შუაში;
● თავფურცელი არ ინომრება.

თავფურცლის სწორი ფორმატისთვის იხ. ნიმუშები 1 და 2.

ნიმუში 1

სტატიის სრული სათაური

ავტორის სახელი და გვარი

ინსტიტუციის სახელწოდება
საკონტაქტო ინფორმაცია

სტატია მომზადდა ჟურნალში „ჟურნალის სახელწოდება“ წარსადგენად

თბილისი, 2011

ნიმუში 2

სტატიის სრული სათაური

სტუდენტის სახელი და გვარი

ინსტიტუციის სახელწოდება
საკონტაქტო ინფორმაცია

ფაკულტეტი, პროგრამა
სამეცნიერო ხელმძღვანელი: სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი
სტატია მომზადდა ჟურნალში „ჟურნალის სახელწოდება“ წარსადგენად

თბილისი, 2011

2. აბსტრაქტი

აბსტრაქტი არის ინფორმაციული აბზაცი, რომელიც მოკლედ ასახავს სტატიის თემატიკას და საკვლევ საკითხს. სტატიის სპეციფიკიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მონაცემები, კვლევის მეთოდი, მიზანი, ძირითადი მიგნებები, დასკვნები და სხვა. აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

აბსტრაქტის დაფორმატებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:

● შრიფტი – (Unicod-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen ან მსგავსი);
● შრიფტის ფორმა და ზომა: სათაური – 14, გამუქებული და სწორი; აბსტრაქტის ტექსტი – 12 და სწორი;
● ველები: მარჯვენა ველი – 2 სმ, მარცხენა ველი – 2.5 სმ, ზედა ველი – 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ;
● ტექსტის კიდეები გასწორებულია ორივე მხარეს;
● სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5;
● სათაურსა და ტექსტს შორის დაშორება – 2 სტრიქონი;
● აბსტრაქტის გვერდიდან იწყება გვერდების ნუმერაცია. დანომრეთ გვერდები არაბული ციფრებით.

იხ. ნიმუში 3.

ნიმუში 3

აბსტრაქტი

აბსტრაქტის ტექსტი ქართულ ენაზე __________________________
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
ძირითადი საძიებო სიტყვები: _______ , _________, _______.

Abstract

The text of the abstract in English _________________________
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
Key Words: _______ , _________, ________.

3. შესავალი

სტატიის შესავალი არის სტატიის საკვანძო საკითხების ზოგადი მიმოხილვა. ავტორი შესავალში ნათლად აცნობს მკითხველს იმ პრობლემის თუ საკითხის არსს, რომელსაც ეხმაურება სტატია, ასევე წარმოადგენს საკითხთან დაკავშირებულ ლიტერატურას. სპეციფიკიდან გამომდინარე შესავალში შესაძლებელია გაწერილი იყოს კვლევის მიზანი, ჰიპოთეზა, პრობლემის გადაწყვეტის საშუალება, სამიზნე აუდიტორია და სხვა.

4. ძირითადი ნაწილი

ამ ნაწილში გაშლილია სტატიის ძირითადი საკითხები და თემატიკა. ძირითადი ნაწილი შეიძლება იყოს დაყოფილი ქვეთავებად. სტატიის ძირითად ნაწილში შეიძლება წარმოდგენილი იყოს თვალსაჩინოებებიც (ცხრილები, გრაფები, სურათები და სხვა), თუმცა, სასურველია მცირე რაოდენობით. თვალსაჩინოება უნდა იყოს დასათაურებული და ასევე შესაძლებელია მას ახლდეს შენიშვნა, რომელიც უნდა განთავსდეს თვალსაჩინოების ქვემოთ. იმ შემთხვევაში თუ თვალსაჩინოება განსხვავებული ფორმატის ფაილია (GIF, TIFF, JPEG ან სხვა), სამეცნიერო ჟურნალის გამომცემლობამ შეიძლება მოითხოვოს თვალსაჩინოების დანართის სახით წარმოდგენაც.

5. დასკვნა

სტატიის დასკვნითი ნაწილი ემსახურება მანამდე წამოყენებული და განხილული მოსაზრებების შეჯამებაზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანას. დასკვნა მოკლედ უნდა აჯამებდეს მანამდე წარმოდგენილ საკითხებს და განსაზღვრავდეს ახალ მოსაზრებას.

6. გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი/ბიბლიოგრაფია

სტატიას ბოლოს უნდა დაერთოს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი/ბიბლიოგრაფია, სადაც წარმოდგენილი იქნება სტატიაში გამოყენებული წყაროები. სტატიაში წყაროების მითითებისას და ბიბლიოგრაფიის შედგენისას იხელმძღვანელეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის წყაროების მითითების წესებით.

სტატიის ტექსტის დაფორმატებისას გამოიყენება შემდეგი პარამეტრები:

● შრიფტი – (Unicod-ში კოდირებული შრიფტი, Sylfaen ან მსგავსი);
● ტექსტის შრიფტის ზომა – 12;
● სათაურების შრიფტის ფორმა და ზომა: პირველი დონის სათაური – 14, გამუქებული და სწორი; მეორე დონის სათაური – 12, გამუქებული და დახრილი; მესამე დონის სათაური – 12 და დახრილი;
● რთული სტრუქტურის მქონე სტატიაში შეიძლება შეგვხვდეს სამ დონეზე მეტი ქვედაყოფა. ქვეთავების რაოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა თავში. თუ თავის ან ქვეთავის დაყოფა ხდება, მაშინ დაყოფის ამ დონეზე მინიმუმ ორი ნაწილი/სექცია მაინც უნდა გამოიყოს. სათაურების დონეების გარჩევა ხდება იმით, რომ ერთი დონის სათაურები ერთნაირად არის გაფორმებული.
● ქვეთავების და მათი ქვეერთეულების სათაურები იწერება ცალკე, ტექსტიდან გამოყოფილ სტრიქონზე. პირველი დონის სათაური ტექსტიდან დაშორებულია ორი სტრიქონით, მეორე დონის სათაური ერთი სტრიქონით და მესამე დონის სათაურსა და ტექსტს შორის კი არ არის გამოყოფილი სტრიქონი. მხოლოდ ყველაზე დაბალი დონის ქვეერთეულის სათაური იწერება იმავე სტრიქონზე, რომელზეც ძირითადი ტექსტი გრძელდება. ტექსტისგან მისი გამოყოფა კი ხდება იმით, რომ ის დახრილად იწერება და მის ბოლოს წერტილი დაისმის.
● ტექსტის სტრიქონებს შორის მანძილი – 1.5;
● ველები: მარჯვენა ველი – 2 სმ, მარცხენა ველი – 2.5 სმ, ზედა ველი – 2 სმ, ქვედა ველი 2 სმ;
● სტატიის გვერდები ინომრება არაბული ციფრებით.

გამოყენებული ლიტერატურა

 ტექსტში: (Doniger 1999, 65)
 გამოყენებული ლიტერატურის სიაში:
Doniger, Wendy. 1999. Splitting the difference. Chicago: University of Chicago Press.
ჩიქობავა, არნოლდ. 1965. იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია: სახელმძღვანელო ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. თბილისი: განათლება.
Johns, Adrian. 1998. The Nature of The book: Print and Knowledge in Making. Chicago: Univ. of Chicago Press.

იხილეთ PDF ვერსია “სტატია აკადემიური ჟურნალისთვის”

წყარო: http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/102


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: