Posted by: burusi | September 8, 2013

სადაზღვევო საქმე – საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში (2012 წ.)

National Bank Of Georgia

National Bank Of Georgia

სადაზღვევო საქმე – საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში (2012 წ.)

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ბანკის პრიორიტეტი დაზღვევის ზედამხედველობის რეფორმის გაგრძელება იყო. რეფორმების შედეგად ანგარიშგების ახალ სტანდარტებზე გადასვლა და სადაზღვევო კომპანიების რეგულირების თანამედროვე, საერთაშორისო დონეზე გავრცელებული მეთოდების დანერგვა ბაზრის მონაწილეებისათვის არ აღმოჩნდა მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლისთვის სადაზღვევო სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა, ეროვნული ბანკი კვლავ განაგრძობდა სისტემატიურ მუშაობას სადაზღვევო სფეროს მეტი განვითარებისა და გამართულად ფუნქციონირებისათვის.

მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებულ ძირითად ცვლილებებამდე (2007 წლის ბოლო) არ არსებობდა სადაზღვევო ბაზრის გამართული საზედამხედველო სისტემა და პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მისცემდა ზედამხედველს სრულფასოვნად განეხორციელებინა მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობა. მოქმედი საკანონმდებლო ბაზა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დონეზე გავრცელებულ სტანდარტებს, ვინაიდან ის მოკლებული იყო შესაძლებლობას განესაზღვრა სრულყოფილი ფინანსური და საანგარიშგებო მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიებისთვის და მიეცა საკმარისი უფლებამოსილება ბაზრის ზედამხედველისთვის, რომ ამ უკანასკნელს აღესრულებინა კანონმდებლობის მოთხოვნები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. კომპანიების უმრავლესობა არ ადგენდა ფინანსურ ანგარიშგებებს, ვინაიდან არ არსებობდა პერიოდული ფინანსური ანგარიშის წარდგენის საკანონმდებლო მოთხოვნა და ზედამხედველი ითხოვდა მხოლოდ მწირ სტატისტიკურ ინფორმაციას ბაზრის მონაწილეებისაგან; ის ხარვეზები და შეუსაბამობები, რომლებიც დაშვებული იყო სადაზღვევო რეზერვების დათვლის, მათ დასაფარად აუცილებელი ლიკვიდური აქტივების მოთხოვნის, და ე.წ „კაპიტალის ადეკვატურობის“ წესებში, რთული აღსაქმელი და შესასრულებელი იყო, როგორც ბაზრის მონაწილეებისათვის, ასევე ზედამხედველისთვის. შეიძლება ითქვას, რომ სადაზღვევო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობა წარმოადგენდა ნორმატივების კრებულს, რომლის მოთხოვნებიც მხოლოდ ზედაპირულად სრულდებოდა რეგულირებადი სუბიექტებისა და მარეგულირებლის მიერ და არ ეფუძნებოდა იმ ფაქტორების დეტალურ განხილვასა და შესწავლას, რომელიც ესოდენ აუცილებელია სადაზღვევო კომპანიების სრულფასოვანი და გამართული ფუნქციონირებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო სადაზღვევო სექტორის ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება. სისტემა საჭიროებდა რადიკალურ ცვილებებსა და ზედამხედველობის სამსახურში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას. ამის გათვალისწინებით, სადაზღვევო ბაზრის გაჯანსაღების მიზნით, ახალმა ზედამხედველმა (ფინანსური მონიტორინგის სამსახური) საფუძველი ჩაუყარა სხვადასხვა სახის რეფორმებსა და ღონისძიებებს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ფინანსური ბაზრის ამ მიმართულების რეალური ზედამხედველობის განხორციელება.

2012 წლისთვის დაფიქსირებული დადებითი და პოზიტიური მაჩვენებლები, განპირობებულია ზედამხედველის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ სისტემური მიდგომებითა და რეფორმებით. შეიქმნა ძირითადი სადაზღვევო პარამეტრების, სადაზღვევო სახეობების და მათი სწორი დაჯგუფების ამსახველი საცდელი სტატისტიკური ფორმები, საფუძველი ჩაეყარა ახალი სტატისტიკური კვარტალური და წლიური ფორმების შემუშავების პროცესს. სადაზღვევო კომპანიები ყოველკვარტალურად ავსებდნენ დამატებით ფორმებს, რომლებიც თანმიმდევრულად ასახავდა ზედამხედველის ახალი წესებით დადგენილ პარამეტრებს. თუმცა, მიუხედავად მარეგულირებლის დაუზოგავი ძალისხმევისა, სადაზღვევო ბაზრის ერთიან სტანდარტებზე გადაყვანის პროცესი საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა, რადგან პრაქტიკულად არ არსებობდა ქართული სადაზღვევო ბაზრის ზოგადი ქცევის (Business Code) ან რომელიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ასოციაციის ფარგლებში შემუშავებული და ბაზრის ყველა მონაწილის მიერ მიღებული სტანდარტი. შესაბამისად, სადაზღვევო სფეროსთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების არარსებობის პირობებში, ზედამხედველს უწევდა ისეთი ზოგადი პრინციპების განმარტება და დანერგვა, რომლებიც წარმოადგენენ ბაზრის ფუნქციონირების აუცილებელ, ელემენტარულ წინაპირობას და რომლებიც ჯერაც არ ჰქონდათ გათავისებული ბაზრის მონაწილეებს, მიუხედავად სექტორის არსებობის ხანგრძლივი პერიოდისა. (მაგ. გამომუშავებული პრემია, რეზერვების ცვლილება, გადამზღვევლის წილი რეზერვებში, ზარალიანობის კოეფიციენტი და ა.შ.).

გატარებული რეფორმის შედეგად შემუშავდა წესი, რომელიც იძლეოდა მინიმალური კაპიტალის ფულადი ნაწილის ყოველდღიური ნაშთების კონტროლის საშუალებას. იმის გათვალისწინებით, რომ შიდა აღრიცხვიანობის პრობლემა დამახასიათებელი იყო სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობისთვის, ძალაში შევიდა ახალი წესი, რომელმაც დაადგინა მოთხოვნები სადაზღვევო კომპანიების მიერ სადაზღვევო ოპერაციების ამსახველი დეტალური ინფორმაციის შეგროვებისა და კრებსითი ფორმით წარდგენის მიმართულებით.

შემოღებულ იქნა სადაზღვევო კომპანიების ფინანსური ანგარიშგების ფორმები, რომლებშიც მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ევროკავშირის ქვეყნებში სადაზღვევო ბიზნესისთვის სპეციალურად შექმნილი სტანდარტები. პირველ ეტაპზე სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვათ ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა ელექტრონული ფორმით. ახალი ფინანსური ანგარიშგება საგრძნობლად განსხვავდება სადაზღვევო ბაზარზე წლობით ჩამოყალიბებული ფორმატისაგან – მასში აისახა სადაზღვევო რეზერვების დათვლის და ანგარიშგებაში ასახვის ახალი მიდგომა. ამ გარემოების გათვალისწინებით, ზედამხედველი რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა ტრეინინგებს სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის – ზედამხედველის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ჯგუფი ადგილზე ეხმარებოდა ორგანიზაციებს ახალი ანგარიშგების დანერგვაში.

გასულ წლებში სადაზღვევო სექტორი ეტაპობრივად გადავიდა რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობისა და შემოწმების პრინციპებზე (risk-based inspection and supervision), რამაც 2012 წლისთვის ზედამხედველს შედარებით გაუადვილა იმ ორიენტირი კომპანიისა და მასთან მიმართებაში გასატარებელი ღონისძიებების იდენტიფიცირება, რომელიც თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავდა. გეგმური შემოწმებების სისტემა ჩანაცვლდა კომპანიების პერიოდული შემოწმების სისტემით, რომელიც ეფუძნებოდა კონკრეტულ კომპანიაში, მისი ანგარიშგების ანალიზისა და შესწავლის შედეგად დისტანციურად დანახულ ხარვეზებს და პრობლემებს. ზედამხედველის მიერ სადაზღვევო ორგანიზაციებში შემოწმებები ძირითადად ტარდებოდა დისტანციურად დანახული პრობლემების საფუძველზე. ამასთან ერთად, ადგილზე შემოწმების დროს გამოიკვეთა ისეთი პრობლემატური საკითხები, რომლებიც საფუძვლად დაედო ახალი წესების შემუშავებასა და ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ ზედამხედველის შეზღუდული უფლებამოსილება სადაზღვევო ბაზრის მონაწილეებისათვის სანქციების დაწესებისა და განხორციელების მიმართულებით არაერთ დაბრკოლებას ქმნიდა სადაზღვევო ბაზრის სათანადო რეგულირებისთვის. სხვა მარეგულირებელი ნორმატივების პარალელურად საჭირო გახდა იმ რეგულაციების ცვლილებაც, რომლებიც სადაზღვევო კომპანიების მიერ კანონმდებლობის დარღვევის პროცესში იქნებოდა გამოყენებული და რეგულატორს მომავალი დარღვევის პრევენციისა და აღკვეთის საშუალებას მისცემდა. ამ მიზნით გატარდა შემდეგი ღონისძიებები:

 განისაზღვრა სადაზღვევო ორგანიზაციის ლიცენზირებისა და ლიცენზიის გაუქმების პირობები/პროცედურა, რაც ცვლილებებამდე რეგულირდებოდა მხოლოდ ლიცენზირების სფეროში არსებული ზოგადი ჩანაწერებით და არ ადგენდა რაიმე სპეციალურ მოთხოვნას სადაზღვევო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე. აღნიშნული ცვლილებების შედეგად ერთ ნორმატიულ აქტში თავმოყრილ იქნა ისეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე მოთხოვნები, როგორიცაა მზღვეველის მინიმალური კაპიტალის არსებობა, ზედამხედველის მიერ მზღვეველის მნიშვნელოვანი წილის უშუალო თუ ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიცირების შესაძლებლობა;

 დაზუსტდა მზღვეველის ფინანსური სიმყარის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მუხლები, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მზღვეველთა ქმედუნარიანობისა და გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის მხრივ;

 ჩამოყალიბდა დარღვევებისა და სანქციების მუხლი, რითაც საშუალება მიეცა რეგულატორს სადაზღვევო ორგანიზაციის ან მისი ადმინისტრატორის მხრიდან სადაზღვევო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში თანმიმდვერულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანმიმდვერულად გამოეყენებინა სხვადასხვა ტიპის და ხასიათის სანქციები, არსებული დარღვევის მნიშვნელობიდან გამომდინარე;

 სადაზღვევო კანონმდებლობის ინოვაციურ ცვლილებას და რეფორმას წარმოადგენდა მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ნორმების გაწერა, რასაც ცალკე თავი დაეთმო „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნულით რეგულატორს დამატებით საშუალება მიეცა სრულფასოვნად ყოფილიყო ჩართული და ეკონტროლებინა “არაჯანსაღი“/„სახიფათო“ მზღვეველი, წარემართა მისი იძულებითი ადმინისტრაცია, ლიკვიდაცია თუ გაკოტრების საქმე და ამით დაეცვა მომხმარებელთა ინტერესები;

 სადაზღვევო სფეროს მარეგულირებელი ძირითადი ნორმატიული აქტის – „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებმა პარალელურად გამოიწვია შესაბამისი ცვლილებები ცალკეულ წესებშიც. აღსანიშნავია, „მზღვეველის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“, რომელიც სადაზღვევო ბაზრის ეფექტური ზედამხედველობის მნიშვნელოვან ბერკეტად იქცა, ვინაიდან, მასში დეტალურად გაიწერა ფულადი ჯარიმების დაწესების პროცედურა და მათი ოდენობები სადაზღვევო ორგანიზაციის მხრიდან კანონმდებლობის, მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევისათვის. ბოლო წლების განმავლობაში მარეგულირებლის მიერ დაწესებულმა ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ 3.4 მილიონი ლარი შეადგინა;

 არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამავე მიზანს ემსახურება „მზღვეველის იძულებითი ადმინისტრაციის, ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი“, სადაც თანმიმდევრულად არის გაწერილი ამ განსაკუთრებულ რეჟიმებთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, მზღვეველის ლიკვიდაციის და გაკოტრების საქმის პროცესი. ზემოაღნიშნული წესი უკვე პრაქტიკულად იქნა გამოყენებული ლიკვიდაციაში და გაკოტრების რეჟიმში მყოფი სუბიექტების მიმართ და ეფექტური აღმოჩნდა მათი კრედიტორების უფლებების დაცვის თვალსაზრისით;

 მიღებულ იქნა „საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის წესი“, რომლითაც განისაზღვრა სადაზღვევო ორგანიზაციის საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობები დაზღვევის სხვადასხვა სახეობებისათვის და გაიწერა მინიმალურ ფულად სახსრებთან დაკავშირებული შეზღუდვები;

 უმნიშვნელოვანესი იყო „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესის“ შემუშავება, რომელმაც სხვა საერთაშორისო სტანდარტების დონეზე აღიარებულ პრინციპებთან ერთად დანერგა ანგარიშგების ერთიან ფორმატზე გადასვლა ახალი და მოქნილი ელექტრონული ფორმების მეშვეობით;

 შემუშავდა „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესი“, რომლითაც განისაზღვრა ჯანმრთელობის დაზღვევის სტატისტიკური ანგარიშის დეტალური ფორმა, რომელმაც საშუალება მისცა რეგულატორს გაეკონტროლებინა საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ძირითადი მიმართულებისთვის დამახასიათებელი სპეციფიური დეტალები და სტატისტიკური სურათის დანახვის მეშვეობით მიეცა მომავალი ძირითადი ტენდენციების დანახვის შესაძლებლობა. ამასთანავე, დამატებით შემუშავდა ანგარიშგების სხვადასხვა კვარტალური ფორმები, რომლითაც ზედამხედველს შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიების გადამზღვეველების და კომპანიის მიმართ არსებული სასამართლო დავების შესახებ;

 დაიხვეწა „სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის“ და „სადაზღვევო რეზერვების დასაფარად დასაშვები აქტივებისა და მათი სტრუქტურის განსაზღვრის“ წესები. ამის შედეგად, მზღვეველს გაუჩნდა საკუთარი საქმიანობისათვის უმნიშვნელოვანესი სადაზღვევო ვალდებულებების დასათვლელად დეტალურად გაწერილი სახელმძღვანელო და საკუთარი ლიკვიდურობის უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტი;

 სადაზღვევო ბაზარზე საშუამავლო საქმიანობის დარეგულირებას ემსახურებოდა „სადაზღვევო ბროკერის რეგსტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის“ შემუშავება და მიღება, რომლითაც განისაზღვრა, როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სადაზღვევო ბროკერის ფილიალის/წარმოამდგენლობის საქართველოში საქმიანობის დაწყებისას სავალდებულო რეგისტრაციის პირობები. იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო ბროკერი საფინანსო სფეროს მნიშვნელოვან მოთამაშეს წარმოადგენს, ახალმა ჩანაწერებმა საშუალება მისცა რეგულატორს ზედამხედველობის მიღმა არ დაეტოვებინა ზემოაღნიშნული სუბიექტი.

2012 წლისთვის საკანონმდებლო ბაზამ განსაზღვრა სადაზღვევო ბაზრის განვითარების არსებული სტადიისათვის რელევანტური, სადაზღვევო საქმიანობაში არსებული საერთაშორისო სტანდარტები და გამოცდილება. ამასთან, რეფორმების გატარებით მიღწეული შედეგების უნიკალურობა იმაშიც გამოიხატა, რომ საერთაშორისო დონეზე დამკვიდრებულ პრაქტიკასთან მაქსიმალურად ჰარმონიზაციის პარალელურად, რეგულატორი ცდილობდა სადაზღვევო ბაზრის ქართული რეალობისა და განვითარების მასშტაბების დაკავშირებას ახლად წაყენებულ მოთხოვნებთან. შესაბამისად, ახალი წესების თუ მოთხოვნების წაყენება და განსაზღვრა ხდებოდა ეტაპობვრივად და გრძელვადიან პერსპექტივაში ემსახურებოდა ბაზრის მონაწილეების უმტკივნეულო ადაპტირებას ახალი პირობების მიმართ.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სადაზღვევო კომპანიების მიერ მარეგულირებლისათვის წარმოდგენილი ანგარიშგებების შევსების ხარისხი. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშგების დახვეწის თვალსაზრისით საკმაოდ ეფექტიანი აღმოჩნდა სანქციების მიმართულებით მიღებული სპეციალური ნორმატივი, რომელმაც აიძულა კომპანიები სერიოზულად მოკიდებოდნენ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ხარისხის გაუმჯობესებამ საშუალება მისცა ეროვნულ ბანკს ყოველკვარტალური ანგარიშგებიდან გადასულიყო ყოველთვიურ ანგარიშგებაზე, რაც თავის მხრივ, საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს კომპანიების ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და რისკების არსებობის შემთხვევაში – მათი გამოვლენა. აღნიშნული მიზნით, 2011 წლის მიწურულს, შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენისა“ და „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის“ წესებში. შესაბამისად, 2012 წლიდან ზედამხედველს საშუალება აქვს კომპანიებისგან მიიღოს ანგარიშგებები წესებში შესული ცვლილებების გათვალისწინებით.

ერთ-ერთ პროგრესულ ცვლილებად შეიძლება განიხილოს ციფრული ხელმოწერით დამოწმებულ ელექტრონულ ანგარიშგებებზე გადასვლა, რამაც საგრძნობლად გაამარტივა ანგარიშგებების, როგორც მოწოდების, ისე მარეგულირებლის მიერ მათი შემოწმების პროცესი. 2011-2012 წლების განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ქმედებები განახორციელა ბაზრის მონაწილეებისათვის ზემოაღნიშნული კომფორტის და ანგარიშგების წარმოდგენის გამარტივების კუთხით და შესამჩნევად მარტივი გახადა, როგორც რეგულირებად მონაწილეებთან ურთიერთობა, ასევე სხვადასხვა ბიუროკრატიული პროცედურების გვერდის ავლა.

დიაგრამა N 4.1 მოზიდული პრემიის ოდენობის დინამიკა წლების მიხედვით

Picture1

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

დიაგრამა N 4.2 მზღვეველების ფინანსური მდგომარეობა წლების მიხედვით და პროცენტული ზრდა

მზღვეველების ფინანსური მდგომარეობა წლების მიხედვით და პროცენტული ზრდა

მზღვეველების ფინანსური მდგომარეობა წლების მიხედვით და პროცენტული ზრდა

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობის (ე.წ. საბანკო გარანტიების) რისკიანობიდან გამომდინარე, პერიოდულად ხორციელდებოდა პროდუქტის ანალიზი, შედეგად შემუშავდა და დაწესდა შეზღუდვები აღნიშნული სახეობის მიმართ, რაც გულისხმობს მზღვეველის მიერ აღებული ვალდებულების ზღვრულ თანაფარდობას საკუთარ კაპიტალთან მიმართებაში. „მზღვეველის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარდგენის წესში“ შევიდა ცვლილებები და აღნიშნულ წესს დაემატა ახალი ფორმა, რომლის წარმოდგენის ვალდებულება დაეკისრათ მზღვეველებს ყოველთვიურად. შედეგად შესაძლებელი გახდა ვალდებულებათა შესრულების დაზღვევის სახეობაში დაწესებული შეზღუდვების მონიტორინგი.

2009 წლის ბოლოდან დაიწყო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ჯანმრთელობის დაზღვევა, (დაზღვეულთა რაოდენობა 2010 წლის ბოლოსთვის შეადგენდა – 983 242, 2011 წლის ბოლოსთვის – 938 927, ხოლო 2012 წლის ბოლოსთვის 1 386 760 ადამიანს). ეს პროგრამა აგრეთვე მოიცავდა სადაზღვევო კომპანიების მიერ გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასაც. ამ პროგრამამ საშუალება მისცა სადაზღვევო ბაზარს მნიშვნელოვნად განვითარებულიყო ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობაში, მოეზიდა დამატებით კვალიფიციური პერსონალი, გაეუმჯობესებინა მომსახურების ხარისხი.
გარდა ზემოაღნიშნული პროექტებისა, სადაზღვევო კომპანიებმა (ძირითადად შვილობილი კომპანიების მეშვეობით), ააშენეს 49 სამედიცინო დაწესებულება, რისთვისაც განახორციელეს მასშტაბური ინვესტიციები (დაახლოებით 100 მლნ ლარი) ჰოსპიტალურ სექტორში. მიუხედავად განხორციელებული ინვესტიციებისა, ჯამურად სადაზღვევო სექტორმა გაუძლო ზემოთნახსენებ მნიშვნელოვან გამოწვევებს და აგრძელებს სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას.

დიაგრამა N 4.3 სადაზღვევო შემოსავალი და დამდგარი სადაზღვევო ზარალი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში

სადაზღვევო შემოსავალი და დამდგარი სადაზღვევო ზარალი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში

სადაზღვევო შემოსავალი და დამდგარი სადაზღვევო ზარალი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 15 სადაზღვევო კომპანია მოქმედებდა, საიდანაც 11 ახორციელებს როგორც არასიცოცხლის, ისე სიცოცხლის დაზღვევას, ხოლო დანარჩენი 4 მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევას. კომპანიების სადამფუძნებლო სტრუქტურა საკმაოდ დივერსიფიცირებულია: ორი მზღვეველი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიის ფილიალს, 3 სადაზღვევო კომპანიას 100 პროცენტით ფლობს არარეზიდენტი დამფუძნებელი, 2 სადაზღვევო კომპანიაში არარეზიდენტი დამფუძნებელი ნაწილობრივ მონაწილეობს, ხოლო 8 სადაზღვევო კომპანია 100 პროცენტით წარმოადგენს რეზიდენტების მიერ განხორციელებულ ინვესტიციას. გარდა ამისა 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულ სადაზღვევო ბროკერთა რაოდენობამ 15 შეადგინა, საიდანაც 7 ბროკერი 2012 წელს დარეგისტრირდა.

2012 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ გაფორმებული პოლისების რაოდენობა 3.5 მილიონს შეადგენს და წინა წლის მონაცემთან შედარებით 34 პროცენტით არის გაზრდილი, აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეულია ახალი სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ამოქმედებით. მისი წილი მთლიანად გაფორმებულ პოლისებში 26.8 პროცენტია.

უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული პოლისების მთლიან რაოდენობაში მაღალი პროცენტული წილი, სამედიცინო დაზღვევის შემდეგ (69.1 პროცენტი), სიცოცხლის დაზღვევაზე მოდის (14.4 პროცენტი). აღსანიშნავია, რომ სიცოცხლის დაზღვევაში დიდ ნაწილს სამედიცინო დაზღვევასთან კომბინირებული პოლისები მოიცავს.

2012 სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ 537.8 მილიონი ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიის მიხედვით, სადაზღვევო ბაზრის კონცენტრაცია (5 წამყვანი მზღვეველი) 65.3 პროცენტს შეადგენს, რაც 2011 და 2010 წლების მაჩვენებლებთან შედარებით, შესაბამისად 6.4 და 13.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

უნდა აღვნიშნოთ, რომ დაზღვევის უმეტეს სახეობებში წინა წელთან შედარებით შეინიშნება მოზიდული სადაზღვევო პრემიის ზრდა, და ჯამში მოზიდული პრემიის ოდენობა 2011 წლის მონაცემთან შედარებით 58 პროცენტით გაიზარდა.

2012 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური სადაზღვევო პრემიის 70.7 პროცენტი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის, სადაც 2/3-ს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაზღვევის სხვადასხვა პროგრამა შეადგენს. მეორე ადგილი მოზიდულ პრემიაში ქონების დაზღვევას უჭირავს 10.3 პროცენტული წილით, ხოლო შემდეგ სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა მოდის 5.8 პროცენტით.

დიაგრამა N 4.4 სადაზღევო ბაზრის სტრუქტურა მოზიდული პრემიის მიხედვით

სადაზღევო ბაზრის სტრუქტურა მოზიდული პრემიის მიხედვით

სადაზღევო ბაზრის სტრუქტურა მოზიდული პრემიის მიხედვით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სადაზღვევო კომპანიების პერიოდის სადაზღვევო შემოსავალი (გამომუშავებული სადაზღვევო ნეტო პრემია) 2012 წელს 333 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო პერიოდის დამდგარი ნეტო სადაზღვევო ზარალი 271.5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2011 წლის შესაბამის მაჩვენებლებს 25 და 28 პროცენტით აღემატება. როგორც მოზიდული პრემიის, ასევე სადაზღვევო შემოსავლის ძირითად ნაწილს სამედიცინო დაზღვევა წარმოადგენს 79.5 პროცენტით. რაც შეეხება დამდგარ ნეტო სადაზღვევო ზარალს, სამედიცინოს წილი აღნიშნულ პარამეტრში 90 პროცენტს აჭარბებს.

ზარალიანობის კოეფიციენტის მაღალი მაჩვენებლით შეიძლება გამოვყოთ სამედიცინო დაზღვევა (93.4 პროცენტი). აღნიშნული სახეობა, მოცულობიდან გამომდინარე, შესამჩნევ ზეგავლენას ახდენს მთლიანად სადაზღვევო ბაზრის ზარალიანობის მაჩვენებელზე, რომელიც თავის მხრივ 81.5 პროცენტს წარმოადგენს.

დიაგრამა N 4.5 სადაზღვევო შემოსავალი და სადაზღვევო ზარალი წლების მიხედვით

სადაზღვევო შემოსავალი და სადაზღვევო ზარალი წლების მიხედვით

სადაზღვევო შემოსავალი და სადაზღვევო ზარალი წლების მიხედვით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სადაზღვევო კომპანიების მიერ 2012 წლის განმავლობაში ანაზღაურებული ზარალის მთლიანმა მოცულობამ 264.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19 პროცენტით აღემატება 2011 წლის შესაბამის მონაცემს.

2012 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, მზღვეველების მიერ გადაზღვევაზე გაწეული ხარჯი 70.9 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება გადაზღვევის პრემიას, მისი ოდენობა 75.7 მილიონ ლარს შეადგენს და გასულ წელთან შედარებით 15.6 პროცენტით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ გადამზღვევლის წილი სადაზვევო ვალდებულებებში, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 74 პროცენტს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში, სადაზღვევო ბაზრის საინვესტიციო შემოსავალმა 11.9 მლნ ლარი, წმინდა საკომისიო ხარჯმა 1.3 მლნ ლარი, ადმინისტრაციულმა და სხვა საოპერაციო ხარჯმა 55.6 მლნ ლარი, ხოლო ფინანსურმა ხარჯმა 9.7 მლნ ლარი შეადგინა.

ფინანსური მაჩვენებლების შეჯერების შემდეგ 2012 წლის წმინდა ზარალმა შეადგინა 7.3 მლნ ლარი.

2012 წელს საოპერაციო ხარჯების კოეფიციენტი (Operating ratio) შეადგენს 98.7 პროცენტს. საოპერაციო ხარჯების კოეფიციენტის დაანგარიშებისას გამოყენებული პარამეტრებია: ზარალიანობის კოეფიციენტი 83.5 პროცენტი, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების კოეფიციენტი (Expence ratio) 22.0 პროცენტი და უკუგება ინვესტიციებიდან (Return on investment) 6.8 პროცენტი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების საერთო მოცულობა 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 630.2 მლნ ლარს, რაც გასულ წელთან შედარებით 25.7 პროცენტით არის გაზრდილი. სადაზღვევო კომპანიების აქტივებში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს: სადაზღვევო მოთხოვნებს – 255.2 მლნ ლარი, ფულად სახსრებს და დეპოზიტებს – 105.6 მლნ ლარი და ინვესტიციებს შვილობილ და მეკავშირე კომპანიებში – 96.8 მლნ ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 21.2 მლნ ლარით.

დიაგრამა N 4.6 აქტივების სტრუქტურა

აქტივების სტრუქტურა

აქტივების სტრუქტურა

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მზღვეველების საბალანსო ვალდებულებების საერთო მოცულობა 2012 წლის ბოლოს შეადგენს 510.9 მლნ ლარს, რაც 23.9 პროცენტით აღემატება გასული წლის მონაცემს. სადაზღვევო კომპანიების ვალდებულებებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სადაზღვევო ბრუტო რეზერვების მონაცემს – 382.1 მლნ ლარი და ფინანსურ ვალდებულებებს – 64.3 მლნ ლარი.

სადაზღვევო კომპანიების ჯამურმა კაპიტალმა 2012 წლის ბოლოს შეადგინა 119.3 მლნ ლარი, რაც 33.8 პროცენტით აღემატება გასული წლის მონაცემს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის განმავლობაში მზღვეველების სააქციო და საემისიო კაპიტალის ჯამი (დამფუძნებლების მიერ განხორციელებული პირდაპირი ინვესტიცია) 40 მლნ ლარით არის გაზრდილი.

დიაგრამა N 4.7 მზღვეველების ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2011-12 წლებში

მზღვეველების ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2011-12 წლებში

მზღვეველების ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება 2011-12 წლებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

4.2 საპენსიო სქემები

2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სადაზღვევო ბაზარზე რეგისტრირებულია სადაზღვევო კომპანიების მიერ დაფუძნებული 6 საპენსიო სქემა, საიდანაც მხოლოდ 2 საპენსიო სქემა ახორციელებს აქტიურად საპენსიო დაზღვევას. აღნიშნულ საპენსიო სქემებში მონაწილეთა რაოდენობამ 2012 წლის დასასრულს შეადგინა 18 397 მოქალაქე. 2012 წელს საპენსიო სქემების მონაწილეების მიერ განხორციელებულმა საპენსიო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2.4 მილიონი ლარი შეადგინა. საპენსიო სქემების ჯამური ვალდებულებები საპენსიო სქემების მონაწილეების მიმართ 2012 წლის 31 დეკემბრისათვის 11.3 მილიონ ლარს შეადგენს,

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი. წლიური ანგარიში. 2012 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: