Posted by: burusi | August 26, 2013

საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსი

MEDICAL ETHICS - სამედიცინო ეთიკა

MEDICAL ETHICS – სამედიცინო ეთიკა

საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსი

2003 წლის 6 მაისს საქართველოს ექიმთა კონგრესი იღებს «საქართველოს ექიმის ეთიკის კოდექსს». კოდექსში ჩამოყალიბებულია პაციენტთან, კოლეგასთან, მთლიანად საზოგადოებასთან ექიმის ურთიერთობის განმსაზღვრელი ეთიკური პრინციპები.
________________________________________

პრეამბულა

უფლება სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ადამიანის ბუნებითი – ფუძემდებელი უფლებაა.

ეს კოდექსი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისათვის ექიმის საქმიანობის ღირსეულად წარმართვის საფუძველია. მასში ჩამოყალიბებული დებულებები იმისი წინაპირობაა, რომ სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას არ შეილახება პაციენტისა და ექიმის უფლებები და ღირსება.

საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრდა ექიმის პროფესიისათვის ტრადიციული ზნეობის კანონები, რომელთაგან მრავალი დღესაც ძალაშია. ამასთან, სამედიცინო მეცნიერების და ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ექიმს, პაციენტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ახალი წახნაგები წარმოაჩინა, რამაც გარკვეულწილად ახალი ეთიკური ნორმების ჩამოყალიბების აუცილებლობა განაპირობა.

ზოგადი დებულებანი

1. ექიმის უზენაესი მოვალეობაა ინდივიდის, ოჯახის, მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
2. საექიმო საქმიანობის აღსრულებისას ექიმის გზამკვლევია მხოლოდ პროფესიული სტანდარტები და საყოველთაოდ აღიარებული ეთიკური ნორმები.
3. ექიმი განსაკუთრებულად ზრუნავს დაუცველ, მოწყვლად ადამიანებზე – ბავშვზე, მოხუცზე, სულით ავადმყოფზე, ხეიბარზე, მარტოხელაზე, მიუსაფარზე, პატიმარზე, ტყვეზე.
4. უკურნებელი სენით დაავადებული თუ სასიკვდილოდ განწირული ავადმყოფისათვის სათანადო სამედიცინო დახმარებას და სულიერ თანადგომას ექიმი აგრძელებს პაციენტის სიცოცხლის ბოლომდე.
5. ექიმი განუხრელად ზრუნავს საკუთარი შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების კეთილგონივრულად გამოყენებისათვის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
6. ექიმისათვის მიუღებელია პროფესიული ცოდნისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება არაჰუმანური მიზნებით.
7. ექიმი იცავს თავისი ქვეყნის საკანონმდებლო ნორმებს, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი ხელს უშლიან მას პროფესიული მოვალეობის აღსრულებაში, ძალღონეს არ იშურებს მათ შესაცვლელად.
8. პროფესიული ცოდნის განახლება და სრულყოფა, შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწა ექიმის ყოველდღიური საზრუნავია მთელი მისი პროფესიული საქმიანობის მანძილზე.
9. პაციენტთან, კოლეგასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას ექიმი სამართლიანი, უანგარო და კეთილგანწყობილია.
10. ექიმი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ეხმიანება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემებს.

ექიმი და პაციენტი

1. ექიმი პატივს სცემს პაციენტის პიროვნებას, მის კულტურულ, სულიერ და მორალურ და ფასეულობებს.
2. ექიმი თანაბარი გულისყურითა და მზრუნველობით ეპყრობა ყოველ პაციენტს უგამონაკლისოდ.
3. ექიმი აღიარებს პაციენტის უფლებას მონაწილეობდეს მისთვის (პაციენტისათვის) სამედიცინო დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში. ინფორმირებული თანხმობა პაციენტთან ურთიერთობის ფუძემდებელი პრინციპია.
4. ექიმი საიდუმლოდ ინახავს პაციენტის ჯანმრთელობასთან და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ფაქტებს, პაციენტის სიკვდილის შემდეგაც კი, თუ საიდუმლოს გამჟღავნებას მას კანონი არ ავალებს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ექიმი აცნობებს პაციენტს (ან მის ჭირისუფალს) საიდუმლოს გამჟღავნების განზრახვის შესახებ.
5. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის ან სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის შემთხვევაში ექიმი შეძლებისდაგვარად ეხმარება ნებისმიერ ადამიანს არასამუშაო ადგილზეც.
6. არასრულწლოვანისათვის (ბავშვისათვის) სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას ექიმი შეძლებისდაგვარად ცდილობს მაქსიმალურად დაზოგოს ბავშვი და შეუქმნას მას უშფოთველი, ნაკლებად დამთრგუნველი გარემო, კეთილგანწყობილად ისმენს ბავშვის აზრს, რითაც გარკვეულწილად თანამონაწილედ იხდის მას.
7. ექიმს შეუძლია უარი თქვას ამა თუ იმ სახის სამედიცინო ჩარევაზე, თუ ასეთი ჩარევა ეწინააღმდეგება ექიმის მორალურ და კულტურულ ფასეულობებს და შესაძლებელია, რომ პაციენტს სამედიცინო დახმარება გაუწიოს სხვა ექიმმა. ამის შესახებ ექიმი აცნობებს კიდევაც პაციენტს.
8. ექიმი ცდილობს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც აუცილებელია პაციენტისათვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების გასაწევად.

ექიმი და კოლეგა

1. ექიმი უფრთხილდება თავისი პროფესიის პრესტიჟს, ისევე როგორც ექიმსა და პაციენტს შორის დამკვიდრებულ ნდობას. იგი ისე წარმართავს საექიმო საქმიანობას, რომ ჩრდილი არ მიაყენოს თავის პროფესიას. ექიმი უყოყმანოდ უთითებს კოლეგას მის პროფესიულ ნაკლსა და არაეთიკურ საქციელზე. საჭიროებისამებრ ექიმი კოლეგის საქმიანობაში შემჩნეულ პროფესიულ ნაკლს განსჯის კოლეგების წრეშიც. მიუღებელია სხვა ექიმის საექიმო შეცდომაზე საჯაროდ (სახალხოდ) მსჯელობა, თუ ამას კანონმდებლობა არ მოითხოვს.
2. ექიმი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველ ღონეს ხმარობს, რათა დაეხმაროს სხვა ექიმს პროფესიული მოვალეობის აღსრულებაში.
3. ექიმს გაცნობიერებული აქვს საკუთარი პროფესიული შესაძლებლობები. თუ მას აკლია სათანადო ცოდნა და გამოცდილება, ის დასახმარებლად სხვა ექიმს უხმობს.
4. ექიმი პაციენტს კოლეგასთან გზავნის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებულია ამ უკანასკნელის კომპეტენციაში. ამასთან, კონსულტაციის წინ იგი კოლეგას აწვდის პაციენტის სათანადო სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ყველა ინფორმაციას.
5. ექიმი დაწვრილებით ინფორმაციას და დასკვნას აწვდის კოლეგას, რომელიც პაციენტს მასთან გზავნის საკონსულტაციოდ.
6. ექიმი ეხმარება კოლეგას, რომელიც ცდილობს იმოქმედოს პროფესიული ეთიკის უზენაესი პრინციპების შესაბამისად და რომელსაც აიძულებენ უგულებელყოს აღნიშნული პრინციპები.

ექიმი – მკვლევარი

1. მეცნიერული კვლევა ექიმის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია და მისი პროფესიული სრულყოფის საშუალებაა. კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ექიმი საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო პრინციპებით ხელმძღვანელობს. კვლევის ჩატარების დროს და მისი შედეგების გამოქვეყნებისას ექიმი ობიექტურია.
2. ადამიანზე მეცნიერული კვლევის წარმოებისას პაციენტის ინტერესები უზენაესია; კვლევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები არც ერთ შემთხვევაში არ ახდენს გავლენას ექიმის ძირითად მოწოდებაზე – ემსახუროს პაციენტის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ექიმი – მასწავლებელი

1. ექიმი ზრუნავს კოლეგის, სხვა სამედიცინო პერსონალის, რეზიდენტის, სტუდენტის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების სრულყოფისათვის.
2. სწავლების პროცესში ექიმი ყოველთვის ესაუბრება პაციენტს სწავლების მიზნებისა და მეთოდების შესახებ და წინასწარ იღებს მის თანხმობას. პაციენტის უარი სწავლების პროცესში მონაწილეობაზე არანაირ გავლენას არ ახდენს სამედიცინო დახმარების ხარისხსა და ექიმის დამოკიდებულებაზე პაციენტის მიმართ.

ექიმი და საზოგადოება

1. ექიმი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მისთვის ცნობილ იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც მთლიანად საზოგადოების თუ მისი ცალკეული ჯგუფების ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს და რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია; ამასთან, იგი თავადაც მონაწილეობს ამ გარემოებათა შეცვლის პროცესში.
2. ექიმი ეხმიანება სამედიცინო დახმარების საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრობლემას და, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველ ღონეს ხმარობს, რათა მინიმუმამდე შეამციროს დაბრკოლებები სამედიცინო დახმარების მიღებისას.
3. სათაკილოა ექიმის მცდელობა, რეკლამა გაუწიოს წამალს, სამედიცინო დახმარებას ან სამედიცინო ხელსაწყოს. ამასთან, ექიმს შეუძლია მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია მის მიერ შეთავაზებული სამედიცინო დახმარების შესახებ, თუკი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და არ შეიცავს ექიმის პროფესიულ უპირატესობათა ამსახველ მასალას.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: