Posted by: burusi | August 4, 2013

ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის შემცირება, სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა, მდგრადი განვითარება

სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა - Access to Health Care

ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის შემცირება, სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა, მდგრადი განვითარება
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელება განათლებისა და მეცნიერების სფეროში

ლელა მაისურაძე,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი

სიღარიბის შემცირება/დაძლევა და მოსახლეობის სოციალური დაცვა საქართველოს მთავრობის 2007-2010 წლების ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს მიზანი ჩადებულია, ასევე, 2005 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის სტრატეგიაში (EEconomic Development and Poverty Reduction Program (EDPRP)), ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიაში და ათასწლეულის განვითარების მიზნებში (Millennium development goals MDG). შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს გარკვეულ ქმედებებს სიღარიბის შემცირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

ამჟამად გამოიკვეთა ტენდენციები: 1. ჯანდაცვა და სოციალური დაცვა დღეს ქვეყნის ერთერთ პრიორიტეტად არის მიჩნეული. ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები ირიცხება და სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა ხდება ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში (BDD) არსებული პრიორიტეტული სფეროების მიხედვით. სახარჯო პოლიტიკის კუთხით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროსკენ მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 2007 წლის ბიუჯეტში (წლის დასაწყისისათვის) 999,718 მილიონი ლარით (ბიუჯეტის პროექტიში ცვლილებებამდე 450 მლნ) პირველ ადგილზე იყო, 2006 წლის ბიუჯეტში კი _ მეორე ადგილზე 775 მლნ. ლარით.

2. სიღარიბის დაძლევასთან საბრძოლველად საქართველომ აირჩია მოდელი, რომელიც გულისხმობს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის) სამედიცინო მომსახურების ძირითადი ხარჯების დაფინანსებას. დღეისათვის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მნიშვნელოვანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის გამოყოფილი სამედიცინო დაზღვევის პროგრამა, რომელიც ღარიბი მოსახლეობისათვის სახელმწიფოს მიერ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას გულისხმობს.

3. “სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა” ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს ამ ტიპის მოსახლეობის იდენტიფიკაციას, მონაცემთა ბაზის შექმნას, მათთვის ე.წ. “საბაზისო ჯანდაცვის პაკეტის” შექმნას. ღარიბი მოსახლეობისათვის სახელმწიფო შეისყიდის “საბაზისო პაკეტით” გათვალისწინებულ სერვისებს. ეს პროგრამა 2006 წლის ივლისში დაიწყო და ის ერთერთი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მისი ბიუჯეტი 2006 წელს 18 მილიონ ლარს, ხოლო 2007 წლისათვის 43 990.0 მილიონ ლარს შეადგენს.

4. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების პროგრამა გულისხმობს “დასაქმების სააგენტოს” მიერ რეგისტრირებული ე.წ. უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობის აუცილებელი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფას.

საქართველოში 2003-2005 წლებში მუშაობდა აღნიშნული პროგრამის ალტერნატიული პროგრამა, კერძოდ, “სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამა”, რომელშიც ბენეფიციართა კონტინგენტი არ იყო განსაზღვრული. ბუნებრივია, ეს ზრდიდა არამიზნობრივად მიმართული დახმარების ალბათობას, რამაც აუცილებელი გახადა მიზნობრივი ჯგუფების ფორმირება. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პროგრამა 2006 წლიდან ფუნქციონირებს.

პროგრამის განხორციელებისას გამოიყოფა შემდეგი პრობლემები:

• მოსახლეობის დიდი ნაწილი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღარიბი მოსახლეობა) არასაკმარისად არის ინფორმირებული იმ სერვისებისა და დახმარების შესახებ, რომელსაც მათთვის სახელმწიფო შეისყიდის.

• სახელმწიფო პროგრამათა უმრავლესობა დაიგეგმა წინასწარი ეკონომიკური ანალიზისა და გათვლების ჩატარების გარეშე. ამის მიზეზად შეიძლება დავასახელოთ პროფესიონალი კადრების სიმცირე, პროგრამის დაგეგმვის მოკლე ვადა და ა.შ. შესაბამისად, არასწორი დაგეგმვის შემთხვევაში მსგავსი პროგრამების საბოლოო ეფექტი ხშირად არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, საჭიროა რეკომენდაციების შემუშავება მომავალში ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.

• პროგრამების დანერგვისას აუცილებელია სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორებისა და მაჩვენებლების გათვალისწინება. მაგალითად, 2006 წლის ივლისიდან დეკემბრამდე (6 თვე) პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტში გაწერილია 18 მილიონი ლარი 6 თვეზე. 2007 წელს დაგეგმილია ამ თანხის ავტომატურად გადატანა, რაც 12 თვეზე 36 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ პროგრამის დაგეგმვისას არ იქნა გათვალისწინებული 2007 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 2006 წელთან შედარებით და ამ პროგრამის დაფინანსებაც 2007 წელს შესაბამისად დაიგეგმა.

• სტატისტიკური მონაცემებისა და სტატისტიკური ბაზების შესადგენად საჭიროა მეტი ობიექტურობა და სიზუსტე.

• მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში არსებობს მტკიცე კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ თითოეულ ადამიანს (მდიდარსა თუ ღარიბს) უნდა ჰქონდეს ძირითადი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა (ეგალიტარიზმი). ჯანდაცვის სისტემა, ისევე როგორც ყველა სხვა საბიუჯეტო სფერო, დაფინანსებულია გადასახადების გადამხდელთა მიერ. სწორედ ამ სახსრების საშუალებით ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემა უზრუნველყოფს ღარიბთათვის სამედიცინო მომსახურებას. საქართველოში სახელმწიფო, ფაქტიურად, არ ახმარს სახსრებს საშუალო ფენას მსგავსი მომსახურების გასაწევად, ანუ საშუალო ფენა ამ შემთხვევაში არათანაბარ მდგომარეობაშია.

2007 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის მიერ წამოწყებული ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობას. პროგრამის მიზანია თბილისსა და რეგიონებში ჩატარდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა საავადმყოფოს პრივატიზაცია პირდაპირი მიყიდვის წესით. საქართველოს მთავრობის ჰოსპიტალური პრივატიზაციის პროგრამა ჯანდაცვის რეფორმის მიზნები გაწერილია ევროპის თანამეგობრობისა და საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში, კერძოდ: “ჯანდაცვის სამსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ჯანდაცვის მენეჯმენტისა და ადმინისტრაციის რესტრუქტურიზაცია და ჯანდაცვის სფეროს ფინანსირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბება”.

ძირითად პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს პრივატიზაციის პროგრამის ტენდენცია, რაც გულისხმობს ინვესტორთა ყურადღების გამახვილებას რაოდენობით მაჩვენებლებზე. ესენია: ახალი დაწესებულებებისა და საავადმყოფო საწოლების რაოდენობა, ახალი მშენებლობების დასრულების მოკლე ვადები და სხვა. ეს კი უარყოფით გავლენას ახდენს წარმოებული სამუშაოების ხარისხზე. მეორე საყურადღებო საკითხს წარმოადგენს ახალი საავადმყოფოებისა და ინვესტორთა იმ დაპირებების მდგრადობა, რომლებიც ითვალისწინებს მომავალში მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისების შეთავაზებას. 2007 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც დაამტკიცა მთავრობის მესამე, რვა წელზე გათვლილი “საავადმყოფოთა რეფორმის გეგმა”, რომლის მიხედვითაც, მომავალი სამი წლის განმავლობაში კერძო ინვესტორებმა უნდა უზრუნველყონ თბილისი და რეგიონები 100 ახალი საავადმყოფოთი და 7,800 ახალი საწოლით (4,185 თბილისში და 3,615 რეგიონებში).

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმის სახელმწიფო კომისიამ თითოეული რაიონისთვის განსაზღვრა საწოლების რაოდენობა და ტიპი, ჰოსპიტალების ტენდერის პროცესს ადმინისტრირებას უწევს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორის აქტივების პრივატიზაციის შედეგად სახელმწიფო არანაირ ფინანსურ დივიდენდებს არ იღებს. ნაცვლად იმისა, რომ არსებული საავადმყოფო დაწესებულებების შესყიდვაზე განაცხადები შემოიტანონ, ინვესტორები მთავრობას სთავაზობენ გეგმას, თუ რამდენი ჰოსპიტალის ხელახლა აშენებას (რამდენი საწოლის შესყიდვას) აპირებენ აქამდე არსებული და სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საავადმყოფო დაწესებულებების ტერიტორიაზე. ამასთან, ინვესტორებმა შეძენილი მიწაზე საავადმყოფოები უნდა ააშენონ, მაგრამ 7 წლის შემდეგ მათ უფლება აქვთ, მიწაცა და საავადმყოფო დაწესებულებაც ნებისმიერი სხვა (არასამედიცინო) მიზნით გამოიყენონ. ქონება იყიდება პაკეტებად, რომელშიც შედის მიწა/შენობა-ნაგებობა როგორც თბილისში, ისე ნაკლებად მიმზიდველ პერიფერიულ რეგიონებში. ასეთი ტიპის ,,შერეული პაკეტის” პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს ის, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდება თანამედროვე ტიპის დაწესებულებების მშენებლობასა და სამედიცინო მომსახურების გაწევის სფეროში ქვეყნის ისეთ რეგიონებში, რომლებიც ადრე უგულებელყოფილი იყო.

სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო განცხადებებისა და შედგების მიხედვით ჩანს, რომ პრივატიზაციის პროცესის მსვლელობასთან ერთად ხდება ინვესტორთა შერჩევის კრიტერიუმების ცვლა. პირველი ოთხი ტენდერის დროს (დასრულდა 11 იანვრიდან 30 მარტამდე) ინვესტორთა შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი იყო შემოთავაზებული შესაძენი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ კრიტერიუმი არ იყო მითითებული არც ერთ სატენდერო განცხადებაში, ტენდერის შედეგების შესახებ მოცემულ შესაბამის განცხადებებში ის მოყვანილია, როგორც შერჩევის კრიტერიუმი. ამასთან ერთად, მთავრობამ პროგრამის აღსრულების დასაწყისში ახალი საავადმყოფოების მშენებლობისთვის 2- წლიანი ვადა დაადგინა; შემდგომში მსოფლიო ბანკის მოთხოვნით ამას დაემატა კიდევ ერთი წელი. არსებობს ევროპული სტანდარტი, რომლის თანახმადაც, ახალი საავადმყოფოს აშენებისა და აღჭურვისათვის საჭიროა მინიმუმ 5-6 წელი, მაგრამ ინვესტორთა შერჩევის ერთ-ერთ კრიტერიუმად მშენებლობის ტემპის გამოყენება მთლიანად უგულვებელყოფს მსოფლიო ბანკის რეკომენდაციას. ამჟამად ინვესტორები სატენდერო წინადადებების წამოყენებისას ერთმანეთს სწორედ მშენებლობის ვადებში ეჯიბრებიან. ინვესტორთა შერჩევის ერთერთ კრიტერიუმად მშენებლობების ტემპის დამატება, ბუნებრივია, ბადებს კითხვას, თუ რამდენად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობა ახალი საავადმყოფოების ხარისხს. ამ კითხვას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ ყველა გამოცხადებული ტენდერის (გარდა მე-5 ტენდერისა) შემთხვევაში ინვესტორებმა გადაწყვიტეს, შეეძინათ გაცილებით უფრო მეტი საწოლების რაოდენობა, ვიდრე ამას მთავრობა მოითხოვდა. შესაბამისად, ყველაზე წარუმატებელი ტენდერის მონაწილეც კი სთავაზობდა მთავრობას იმაზე მეტი საწოლის შესყიდვას, ვიდრე ეს მოთხოვნებით იყო გათვალისწინებული. მაგალითად, მე-2 ტენდერის დროს მთავრობამ განსაზღვრა, რომ ინვესტორს უნდა შეეძინა 140 საწოლი. ყველაზე დაბალი შეფასების მიმღები ინვესტორი _ “ავერსიც” კი _ სთავაზობდა მთავრობას 190 საწოლის შეძენას. გამარჯვებულმა კომპანია “ევორდმა” კი 415 საწოლის შეძენა გადაწყვიტა, რითაც ჯანდაცვის მინისტრის, ლადო ჭიპაშვილის განცხადებით, ,,სამჯერ გადააჭარბა მთავრობის მოლოდინს”. მე-2 ტენდერის შემთხვევაში შესასყიდ საწოლთა რაოდენობა პროპორციული იყო ტენდერში მონაწილე ინვესტორის მიერ შემოთავაზებული თანხისა, რომელიც ცალკეულ საწოლზე უნდა დახარჯულიყო. ტენდერში მონაწილეებს შეუძლიათ მოიპოვონ სატენდერო უირატესობა, თუ მთავრობას შეთავაზებენ დამატებითი საავადმყოფოების მშენებლობას (ჰოსპიტალური განვითარების გეგმის 100 საავადმყოფოიანი სიიდან). მართლაც, როგორც ეს ზევით არის განმარტებული, იმ ტენდერთა უმეტესობაში, რომლებიც აქამდე ჩატარდა, შესასყიდი საავადმყოფოების/საწოლების რაოდენობა წარმოადგენდა ინვესტორთა შერჩევის ექსკლუზიურ კრიტერიუმს. მარიამ გაბედავას განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ახალი საავადმყოფოები არ იქნებიან მომგებიანნი, განსაკუთრებით _ რეგიონებში. მათ უმრავლესობაში იქნება 15-25 საწოლი; არაურბანულ რეგიონებში მხოლოდ მინიმალური შესაძლებლობების მქონე საავადმყოფოების მშენებლობაა დაგეგმილი. რეგიონალურ ცენტრებშიც კი საავადმყოფოთა უმრავლესობაში საწოლზე ნაკლები იქნება. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, 200-ზე ნაკლები საწოლის მქონე საავადმყოფოები იშვიათად არის ფინანსურად მომგებიანი. პატარა სასოფლო საავადმყოფოები მხოლოდ პირველად და სასწრაფო დახმარების სერვისებს შეთავაზებენ მოსახლეობას. ასეთი ტიპის დაწესებულებებში 15-20-დან მხოლოდ ერთი საწოლი იქნება გათვალისწინებული უფრო ფუნდამენტური მკურნალობის ჩატარებისთვის. მსგავსმა მოწყობამ შესაძლოა გარკვეული პრობლემები წარმოქმნას. შესაბამისი მარეგულირებელი სისტემის არარსებობის შემთხვევაში ინვესტორები შეეცდებიან, არამომგებიანი სერვისების უგულვებელყოფის ხარჯზე დაამატონ უფრო მომგებიანი ტიპის სერვისები (მაგალითად, გაზარდონ ,,ზოგადი პროფილის” საწოლების რაოდენობა). საბოლოო ჯამში პაციენტები, რომელთაც საჭიროებათ ნაკლებად მომგებიანი სამედიცინო მომსახურება, შესაძლოა, საერთოდაც ასეთი მომსახურების გარეშე დარჩნენ. დებულება იმის შესახებ, რომ ინვესტორებს მოეთხოვებათ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისის მხოლოდ 7 წლის განმავლობაში გაწევა, მინიმუმ ორ კონკრეტულ კითხვას ბადებს: 1. რა მოტივაცია ექნებათ 7 წლის შემდეგ ინვესტორებს სამედიცინო სერვისით მოსახლეობის უზრუნველყოფის გასაგრძელებლად? @და 2. თუ 7 წლის შემდეგ ჯანდაცვის სერვისების ბაზარი ცუდი ფინანსური დაგეგმვის ან მთავრობის მხრიდან არაეფექტური რეგულირების გამო ჩავარდა, ვინ აანაზღაურებს გაწეულ ხარჯებს? ვინ აიღებს თავის თავზე საქართველოს მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურების გაწევის პასუხისმგებლობას? ამჟამად არ არსებობს პირველადი ჯანდაცვის სფეროს პრივატიზაციის ფორმალური გეგმა. ევროკავშირის დელეგაციამ უკანასკნელ წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა პირველადი ჯანდაცვის სამსახურებში და, შესაბამისად, დაინტერესებულია ახლად მომზადებული სამედიცინო პერსონალისა და გარემონტებული დაწესებულებების ბედით. ევროპელ დონორებს ნაკლებად აინტერესებთ საკუთრივ დაწესებულებათა საკუთრების ფორმა და პირველადი ჯანდაცვის სამსახურების მენეჯმენტი. თუმცა მათ სურთ, პასუხი გასცენ ნაცნობ კითხვას _ შეინარჩუნებს თუ არა ახალი ინფრასტრუქტურა მომავალში ჯანდაცვის ფუნქციას?

საქართველოს ჰოსპიტალური ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც ჯანდაცვის ადმინისტრირებისა და ფინანსირების სისტემები, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ადვილად სავარაუდოა ამ სფეროში გაუმჯობესების პროცესის დაწყება. მიუხედავად ამისა, აქაც, როგორც საქართველოს რეფორმირების ნებისმიერ სხვა სფეროში, უმთავრესია საზოგადოების ნდობის მოპოვება. ახალმა სავადმყოფოებმა მიმზიდველი ინტერიერ- ექსტერიერით შეიძლება დროებით შთაბეჭდილება მოახდინოს მოსახლეობაზე, მაგრამ სამომავლოდ კოსმეტიკური ცვლილებები ვერ შეცვლის ხალხის დამოკიდებულებას ჯანდაცვის სისტემის მიმართ. დამატებითი ნახევრადლეგალური გადასახადების ზრდა ჩამოუყალიბებელი პირველადი ჯანდაცვის სისტემასთან კომბინაციაში აიძულებს მრავალ ადამიანს, თვითმკურნალობას მიმართოს, რაც ხშირად მათი მდგომარეობის დამძიმებას იწვევს.

საქართველოს ჯანდაცვის რეფორმის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს პირველადი ჯანდაცვის სამსახურების გაუმჯობესება და მათდამი ნდობის მოპოვება გადასახადების სისტემატიური რეგულირების პირობებში, რათა ჯანდაცვა გახდეს ეფექტური, ხელმისაწვდომი და მდგრადი.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო. ბიულეტენი. N13. ივნისი. 2007 წ. 


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: