Posted by: burusi | July 27, 2013

შოთა მურღულია – საპენსიო სისტემა საქართველოში

პენსია

შოთა მურღულია – საპენსიო სისტემა საქართველოში

შესავალი

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სოციალური პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას სერიოზული ყურადღება არასოდეს ექცეოდა, რასაც განაპირობებდა რიგი ობიექტური გარემოებებისა, კერძოდ: შეიარაღებული კონფლიქტები და მათი სავალალო შედეგები; პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი, კვალიფიციური სოციალური კადრების არარსებობა და სხვა.

ეს საკითხი უფრო მწვავედ დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარების თანამედროვე ეტაპზე, რადგან საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში პირდაპირ მოითხოვს თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკისა და მისი უზრუნველსაყოფი რეფორმების გატარებას. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი არის მოსახლეობის ნდობითა და მხარდაჭერით აღჭურვილი საპენსიო რეფორმის განხორციელება.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური გარდაქმნების ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში თანამედროვე, ლიბერალური ეკონომიკის ჩამოყალიბება, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში კონკურენტუნარიანი იქნება. საპენსიო სისტემის რეფორმა ამ გარდაქმნების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და დაკავშირებულია იმ როლთან, რომელსაც ასრულებს საპენსიო სისტემა ქვეყნის ფინანსურ და სოციალურ სფეროში.

საპენსიო სისტემის მიმდინარე მდგომარეობა და სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს საპენსიო სისტემა შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად – ძირითადი არის სახელმწიფო საპენსიო სისტემა, ხოლო არასახელმწიფო (კერძო) საპენსიო უზრუნველყოფის სისტემას მოკრძალებული ადგილი უჭირავს და განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება.

არსებობს ორი მთავარი ფაქტორი, რომელიც საქართველოს საპენსიო სისტემის რეფორმის აუცილებლობას განაპირობებს:

საქართველოს ეკონომიკა უაღრესად სუსტია იმისათვის, რომ ასეთი ტიპის საპენსიო სისტემის შენახვა შეძლოს;

ისევე, როგორც ევროპის ქვეყნებში, საქართველოშიც აქტუალურია მოსახლეობაში პენსიონერთა ხვედრითი წილის ზრდის პრობლემა. დასაქმებულთა თანაფარდობა პენსიონერებთან ცოტათი თუ აღემატება ერთს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2009 წლის დეკემბერში საქართველოში დარეგისტრირებული იყო 838 493 პენსიის მიმღები პირი:

ასაკით პენსიონერები – 659 964 ადამიანი;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – 139 932 ადამიანი;

მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრი – 35 499 ადამიანი;

პოლიტ. რეპრესირებული – 3 098 ადამიანი.

ზემომოყვანილი ცხრილის მიხედვით, პენსიის მიმღებთა რაოდენობით (24 პროცენტი) პირველ ადგილზე დედაქალაქია, ხოლო მეორე ადგილზე იმერეთის რეგიონი მოდის 19 პროცენტით. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, დედაქალაქში საქართველოს მოსახლეობის 26 პროცენტი, ხოლო იმერეთში 15,8 პროცენტი ცხოვრობს.

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, 2010 წელს სახელმწიფო პენსიების დაფინანსება განისაზღვრა 853 მილიონი ლარით, რაც ბიუჯეტის მოცულობის 12,6 პროცენტია. 2009 წლის დაზუსტებული მონაცემებით, სახელმწიფო პენსიებზე გაწეული ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 4,6 პროცენტს შეადგენს. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ რეალური პენსიის საარსებო მინიმუმზე ბევრად ჩამორჩენას, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა.

ცხრილი. პენსიის მიმღებთა რაოდენობა სქესის მიხედვით კატეგორიების ჭრილში

პენსიის მიმღებთა რაოდენობა სქესის მიხედვით  კატეგორიების ჭრილში

პენსიის მიმღებთა რაოდენობა სქესის მიხედვით
კატეგორიების ჭრილში

წყარო: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოციალური მომსახურების სააგენტო

პენსიის მიმღებთა 35 პროცენტი (290 034) მამრობითი სქესისაა, ხოლო 65 პროცენტი (548 459) – მდედრობითი სქესის. ეს დისბალანსი გამომდინარეობს კაცისა და ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობაში განსხვავებიდან (საშუალოდ 9 წელი).

ასაკით პენსიის მიმღებთა ჯგუფები ასაკობრივ ჭრილში შემდეგნაირად ნაწილდება:

79 წელზე ზემოთ – 108 675 ადამიანი (16,5%)
75-79 წელი – 119 338 ადამიანი (18,2%)
70-74 წელი – 185 020 ადამიანი (28,1%)
65-69 წელი – 145 815 ადამიანი (22,2%)
60-64 წელი – 98 747 ადამიანი (15,0%)

საპენსიო სისტემის საკანონმდებლო რეგულირება და კერძო საპენსიო დაზღვევა

სახელმწიფო პენსიის რეგულირება ხდება საქართველოს კანონით პენსიის შესახებ. ამ კანონის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. სახელმწიფო პენსიის დაწესებით ადგენს ასაკის, შესაძლებლობის შეზღუდვის და მარჩენალის დაკარგვის გამო პირის მინიმალური საარსებო საშუალებით უზრუნველყოფის საყოველთაო უფლებას და ამ უფლების რეალიზებას ახდენს ეტაპობრივად, არსებული რესურსების ფარგლებში.

სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის რეგულირება ვრცელდება:

საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე;

პენსიის დანიშვნის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზე. ამ პირებს აქვთ საქართველოს მოქალაქეების თანაბარი უფლებები, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სახელმწიფო პენსიის რეგულირების ძირითადი პრინციპებია: ადამიანის უფლებების დაცვა; კანონის წინაშე თანასწორობა; საყოველთაოობა; მუდმივობა; თაობათა შორის სოლიდარობა; პენსიის მიღების სახელმწიფო გარანტია.

პენსიის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახდენს პენსიის დანიშვნას, გაცემას, შეჩერებას, განახლებას, გადაანგარიშებასა და შეწყვეტას, აგრეთვე პენსიის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას.

პენსიის დანიშვნის ძირითადი საფუძვლებია ჩამოთვლილთაგან რომელიმე პირობის დადგომა, სახელდობრ:

საპენსიო ასაკის – 65 წლის – მიღწევა;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა;

მარჩენალის გარდაცვალება.

ქალებს ასაკის გამო პენსიის მიღების უფლება წარმოეშობათ 60 წლის ასაკის მიღწევიდან.

პირს პენსიის მიღების უფლება აქვს პენსიის დანიშვნის რომელიმე საფუძვლის არსებობისას, თუ იგი არ ეწევა საჯარო საქმიანობას. შესაბამისად, პენსიის მიღების უფლება წყდება პენსიონერის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს ენიშნებათ და ამ შემთხვევაში დანიშნული პენსიის მიღება უგრძელდებათ საჯარო საქმიანობის განხორციელების მიუხედავად.

დაუშვებელია ორი ან მეტი პენსიის ერთდროულად მიღება. აგრეთვე, პენსიასთან ერთად სახელმწიფო კომპენსაციის ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღება. ასეთ შემთხვევებში პირს შეუძლია აირჩიოს მხოლოდ ერთ-ერთი საფუძვლით და ერთ-ერთი კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება წერილობითი განცხადების შესაბამისად. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პენსიონერებიც.

პენსიის დანიშვნის საკითხს სააგენტო იხილავს განცხადებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის სრულყოფილად წარდგენიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

შეზღუდული შესაძლებლობის და საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება განცხადებისა წარდგენის დღიდან. მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით პენსია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილია ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში პენსია ინიშნება განცხადების წარდგენის დღიდან.

პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე. მოქალაქეს უფლება აქვს მოითხოვოს პენსიის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა წარმოებს იმავე თვეში, ხოლო ადგილზე მიტანა მომდევნო თვის ბოლომდე. პენსიონერისათვის პენსიის მიტანა ბინაზე ხორციელდება განსაკუთრებულ შემთხვევებში, პენსიონერის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

პენსიის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში, გარდაცვალებამდე კუთვნილი (მაგრამ მიუღებელი) საპენსიო თანხები გაიცემა კანონით პირველი რიგის მემკვიდრეებზე (შვილები, მშობლები, მეუღლე), ან სამემკვიდრო მოწმობის მფლობელზე (ანდერძით ან კანონით მემკვიდრე).

პენსიის შეჩერების საფუძველია შემდეგი გარემოებები:

საქართველოს მოქალაქის მიერ პენსიის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში მიუღებლობა, ანუ როდესაც არ ხდება მისი კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ 6 თვის განმავლობაში.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებით განისაზღვრა – „შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის წესი“. 2007 წლის 1 სექტემბრიდან განისაზღვრა შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული მინიმალური სახელმწიფო პენსიის დანამატი შემდეგი ოდენობით:

5 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 2 ლარი;

5-დან 15 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 4 ლარი;

15-დან 25 წლამდე საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 7 ლარი;

25 და მეტი საერთო შრომითი სტაჟის მქონე პენსიონერებისათვის – 10 ლარი.

ეს დადგენილება 2008 წლის პირველი იანვრიდან ვრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველია მხოლოდ კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევა (კატეგორიის, სტატუსის ან სხვა დამატებითი საფუძვლის გარეშე).

პენსიონერს უფლება აქვს პენსიასთან ერთად დამატებით მიიღოს სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პენსიონერი ვალდებულია აცნობოს კომპეტენტურ ორგანოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს პენსიის გაცემის შეწყვეტა, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

კერძო დაზღვევის საკითხის რეგულირება საქართველოში ხდება „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მიხედვით. არასახელმწიფო დაზღვევის სახეობები და საქართველოს ბაზარზე არსებული ტენდენციები განხილულია 5.1.4 თავში.

სახელმწიფო პენსიის კატეგორიები

საქართველოში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა კატეგორიები განსაზღვრულია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ – ბრძანებით დამტკიცებული – „სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესებით“.

სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძვლები იყოფა 2 ძირითად კატეგორიად:

პენსიის დანიშვნა ძირითადი საფუძვლების შესაბამისად

პენსიის დანიშვნა კატეგორიების შესაბამისად

პენსიის დანიშვნა ძირითადი საფუძვლების შესაბამისად

პენსია ასაკის გამო – საპენსიო ასაკის გამო პენსია ინიშნება 65 წლის ასაკის მიღწევიდან. ქალებს საპენსიო ასაკის გამო პენსიის მიღების უფლება წარმოეშობათ 60 წლის ასაკიდან. პენსია ასაკის გამო ინიშნება მინიმალური პენსიის ოდენობის შესაბამისად.

პენსია შეზღუდული შესაძლებლობის გამო – შეზღუდული შესაძლებლობის გამო პენსია ენიშნებათ:

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს;

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას, ენიშნებათ ერთმანეთის ადეკვატური ოდენობის პენსია.

მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პენსია განისაზღვრება მინიმალური პენსიის ოდენობით. ამავე ოდენობით პენსია ენიშნებათ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, რომლებიც არ საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას.

ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პენსიონერებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობა დადგენილი აქვთ უვადოდ, უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით.

ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვისაც 18 წლის შემდგომ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ავტომატურად უგრძელდებათ პენსიის მიღება მინიმალური პენსიის ოდენობით. ასეთივე უფლებით სარგებლობენ პირები, თუ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მინიჭებული აქვთ ბავშვობიდან და 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ დაუდგინდებათ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.

პენსია მარჩენალის გარდაცვალების გამო – მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ენიშნებათ გარდაცვლილის ყოველ არასრულწლოვან შვილს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

ერთი და იმავე პირის გარდაცვალების გამო ინიშნება ან პენსია ან „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაცია. დაუშვებელია მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსიის დანიშვნისას, გარდაცვლილის ოჯახის რომელიმე წევრისათვის მარჩენალის გარდაცვალების საფუძვლით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.

პენსიის დანიშვნა კატეგორიების შესაბამისად

თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა საპენსიო უზრუნველყოფა – დაზარალებულის პენსია ენიშნებათ:

აქციის დარბევის შედეგად დაინვალიდებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად;

აქციის დარბევის შედეგად მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/ და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო;

აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის შემდეგ წევრებს: შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/ და ნაშვილებს – მინიმალური პენსიის ოდენობით;

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების საპენსიო უზრუნველყოფა – პენსია ენიშნებათ:

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობის დროს დაინვალიდებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად;

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო;

ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის დროს, ან დაავადების გამო გარდაცვლილი მონაწილეებისა და ინვალიდების შრომისუუნარო მშობლებს და მეუღლეს, აგრეთვე ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილეობის შემდგომ პერიოდში დაბადებულ არასრულწლოვან შვილებს – მინიმალური პენსიის ოდენობით.

პოლიტიკური რეპრესიის გამო მსხვერპლად აღიარებულ პირთა და გარდაცვლილის ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფა – პენსია ენიშნებათ:

პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებს – ასეთი სტატუსის მინიჭების შემდეგ პენსიის მიღების ძირითადი საფუძვლების წარმოშობის მიუხედავად;

გარდაცვლილი რეპრესირებული პირის, აგრეთვე, პოლიტიკური რეპრესიის გამო გარდაცვლილი პირის შვილს (18 წლის ასაკის მიღწევამდე), შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს, შვილებს (ნაშვილებს).

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა პენსია – პენსია ენიშნებათ:

ომის ინვალიდებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიუხედავად;

ომის მონაწილეებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო;

ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან საპენსიო ასაკის გამო.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების საპენსიო უზრუნველყოფა – პენსია ინდივიდუალურად ენიშნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მებრძოლთა:

შრომისუუნარო მეუღლეს, მშრობლებსა და შვილებს;

არასრულწლოვან შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულია პენსიის ოდენობები სახეობების მიხედვით:

მინიმალური სახელმწიფო პენსია – 55 ლარი;

საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსია – 80 ლარი;

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დანიშნული სახელმწიფო პენსია – 80 ლარი;

შეზღუდული შესაძლებლობის (გარდა მკვეთრად გამოხატულისა) სტატუსის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსია – 70 ლარი;

მეორე მსოფლიო ომის:

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – 129 ლარი;

ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – 80 ლარი;

მონაწილეებისთვის – 80 ლარი;

ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების:

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – 129 ლარი;

ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – 80 ლარი;

სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების:

მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – 84 ლარი;

ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – 70 ლარი;

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო- უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ დაღუპულთა იმ მშობელზე, რომელსაც დაეღუპა ორი ან მეტი შვილი, – 55 ლარი (თითოეულ გარდაცვლილ შვილზე);

კერძო საპენსიო სქემები და სადაზღვევო ბაზრის მონაწილეები

კერძო საპენსიო დაზღვევის რეგულირების საკითხებს ადგენს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონი.

ფიზიკურ პირთა არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად. მათ უფლება აქვთ უზრუნველყოფილ იქნენ არასახელმწიფო პენსიებით.

კერძო საპენსიო სქემის სუბიექტები (დამფუძნებლები, აქტივების მმართველი კომპანიები და სპეცილიზებული დეპოზიტარები) ვალდებულნი არიან იმოქმედონ მხოლოდ მონაწილეთა ინტერესების სასარგებლოდ.

არასახელმწიფო პენსიის სახეებია:

მუდმივი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე;

განსაზღვრული ვადით გასაცემი პენსია, რომელიც ეძლევა ფიზიკურ პირს არანაკლებ ხუთი წლის განმავლობაში.

მუდმივი პენსია არის ინდივიდუალური ან ერთობლივი. ინდივიდუალური პენსია მონაწილეს ერიცხება და ეძლევა გარდაცვალებამდე. პენსიის დარიცხვა და გაცემა წყდება მონაწილის გარდაცვალებისთანავე.

ერთობლივი პენსია მიეცემა საპენსიო სქემის წევრ მეუღლეებს პენსიის გაცემის დაწყებიდან გარდაცვალებამდე. ერთ- ერთი მეუღლის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ პენსიის ნახევარი მიეცემა მეორე მეუღლეს. განქორწინების შემთხვევაში, თითოეულ ყოფილ მეუღლეს უფლება აქვს მიიღოს ერთობლივი პენსიის ნახევარი.

პენსია მონაწილეს მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, განცხადების წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში ან/ და საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მან ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგა შრომის უნარი. მონაწილეს უფლება აქვს გადაავადოს პენსიის მიღების დრო.

საპენსიო დანაგროვის ინვესტირება ხორციელდება მხოლოდ საპენსიო დანაგროვის შენახვისა და გაზრდის მიზნით მონაწილეთა და მათ მემკვიდრეთა სასარგებლოდ.

საპენსიო დანაგროვის შესაბამის აქტივებად არ ითვლება:

ფასიანი ქაღალდები, რომელთა ემიტენტები არიან დამფუძნებლები ან მეანაბრეები, ან მათი აფილირებული პირები;

წარმოებული ფასიანი ქაღალდები;

უძრავი ქონების ობიექტები, რომელთა გასხვისებაც აკრძალულია.

შენატანებისა და გასაცემი თანხების ოდენობის მიხედვით საპენსიო სქემები იყოფა შემდეგ სახეებად:

სქემები, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა და დამფუძნებლის ვალდებულება შექმნას მონაწილეთა სახელობითი საპენსიო დანაგროვი და მის ხარჯზე რეგულარულად გასცეს პენსიები;

სქემები, სადაც განსაზღვრულია გასაცემი პენსიის ოდენობა და დამფუძნებლის მიერ გათვალისწინებულია პენსიების გადახდა, რომელთა ოდენობა დამოკიდებული არ არის სახელობითი საპენსიო დანაგროვის ოდენობაზე.

პროფესიული საპენსიო სქემა

პროფესიული საპენსიო სქემა არის დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების ან სხვა იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული საპენსიო სქემა, რომლის მეანაბრეც არის დამსაქმებელი.

პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე შეიძლება იყოს 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელიც არანაკლებ 24 კალენდარული თვის განმავლობაში იმყოფება შრომით ურთიერთობაში მეანაბრე დამქირავებელთან. მონაწილეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე.

პროფესიული საპენსიო სქემების საპენსიო შენატანებს იხდიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელი და მონაწილე ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. თუ შენატანებს იხდის მხოლოდ დამსაქმებელი, ყველა მუშაკი, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული სქემის მონაწილე, გაერთიანებული უნდა იყოს ამ სქემაში.

დამსაქმებელთა გაერთიანების საპენსიო სქემა

დამსაქმებელთა გაერთიანება (ასოციაცია, კავშირი) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა, თუ საპენსიო სქემით დადგენილი წესები შეთანხმებულია პროფესიულ კავშირებთან.

დამსაქმებელთა გაერთიანებების საპენსიო სქემების საქმიანობის კონტროლის მიზნით, იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ნახევარს მონაწილეთა წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ.

დამსაქმებლის საპენსიო სქემა

დამსაქმებლის საპენსიო სქემას ადგენს დამსაქმებლის მმართველი ორგანო პროფესიულ კავშირებთან შეთანხმებით.

ხელშეკრულება არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ იდება დამსაქმებელსა და იმ მუშაკს შორის, რომელსაც უფლება აქვს იყოს პროფესიული საპენსიო სქემის მონაწილე, ან დამსაქმებელსა და პროფესიულ კავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულების სახით.

მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით, იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრთა ნახევარს პროფესიული კავშირების წარმომადგენლები უნდა შეადგენდნენ, პროფესიული კავშირების არარსებობისას კი – მონაწილენი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მოვალეობას ასრულებენ გასამრჯელოს გარეშე.

ბანკების საპენსიო სქემები

ბანკი შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი.

ბანკს უფლება აქვს განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა იმ საპენსიო სქემის გამოყენებით, სადაც განსაზღვრულია შენატანების ოდენობა. საპენსიო დანაგროვთა მართვა შეიძლება განახორციელოს დამფუძნებელმა ბანკმა ან აქტივების მმართველმა კომპანიამ.

სადაზღვევო კომპანიის საპენსიო სქემა

სადაზღვევო კომპანიები არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევასა და უზრუნველყოფას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული დაზღვევის ლიცენზიისა და რეგისტრირებული საპენსიო სქემების საფუძველზე.

სადაზღვევო კომპანია შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე საპენსიო სქემის დამფუძნებელი. მას უფლება აქვს განახორციელოს თავისი მუშაკების არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და უზრუნველყოფა როგორც დამსაქმებელ-დამფუძნებელმა.

საპენსიო სქემის დამფუძნებელ სადაზღვევო კომპანიას შეუძლია უშუალოდ მართოს საპენსიო დანაგროვის შესაბამისი აქტივები, ამასთანავე, იგი ვალდებულია ისარგებლოს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით.

საქართველოში საპენსიო სქემების ჩამოყალიბების პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, რაც, ერთი მხრივ, მძიმე სოციალური ფონით (უმუშევრობის მაღალი დონე) და, მეორე მხრივ, სამთავრობო პოლიტიკის არაადეკვატურობით არის გამოწვეული. ისეთ ქვეყნებში, როგორც საქართველოა, კერძო საპენსიო დაზღვევაზე გადასვლას ხელისუფლებიდან სტიმულირება სჭირდება.

საქართველოში ლიცენზირებული 16 მზღვეველისაგან (სადაზღვევო კომპანია) მოქმედი საპენსიო სქემა გააჩნია 6 სადაზღვევო კომპანიას:

სს სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაი“

სს „ჯიპიაი ჰოლდინგი“

სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი L International“

შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია „ირაო“

შპს სადაზღვევო კომპანია „ტაო“

შპს სადაზღვევო კომპანია „პარტნიორი“ საპენსიო სქემის დამფუძნებელია საქართველოს ეროვნული ბანკიც.

ცხრილი 2008 წელს საპენსიო სქემების დამფუძნებელთა მიერ განხორციელებული საქმიანობა

2008 წელს საპენსიო სქემების დამფუძნებელთა მიერ  განხორციელებული საქმიანობა

2008 წელს საპენსიო სქემების დამფუძნებელთა მიერ
განხორციელებული საქმიანობა

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი2

2008 წელი საკმაოდ რთული წელი აღმოჩნდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაისთვის“. მის სქემაში მონაწილე პირების საპენსიო ანგარიშებზე არათუ მოგება, არამედ წაგება აღირიცხა. ამ ფაქტმა საპენსიო სქემებისადმი ნდობა და „ალდაგი ბისიაის“ მიერ დაფუძნებული სქემის მონაწილეთა რაოდენობის კლება გამოიწვია.

2008 წლისგან განსხვავებით, 2009 წელი, ყველა სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებელმა დადებითი საინვესტიციო შემოსავლით დაასრულა. თუმცა, ბაზრის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა არ ფიქსირდება.

ძირითადი მიგნებები და დასკვნები

დღესდღეობით საქართველოში მოსახლეობის სოციალურ დაცვას სახელმწიფო სოციალური პოლიტიკა, ანუ სახელმწიფო უზრუნველყოფს. მიღებულია, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის სოციალურიც, სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს.

არსებული სისტემის ნაკლოვანებები არცთუ ისე რთულად შესამჩნევია:

პენსიების სიდიდე მნიშვნელოვნად ჩამორჩება საარსებო მინიმუმს;

დასაქმებულთა შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი აღურიცხავია;

აქტიური დასაქმებულების რიცხვის შეფარდება პენსიონერებთან საგანგაშოა, რაც არსებული საპენსიო სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უპერსპექტივოს ხდის.

პენსიების დაფინანსება-გაცემა უშუალოდ მიება სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებებს. თუ სოციალური გადასახადის არსებობის დროს, დასაქმებული ადამიანის მომავალში სოციალური უზრუნველყოფის წყარო იყო მისი დაქირავებისათვის დამქირავებლის მიერ გადახდილი სოციალური გადასახადი, გადასახადების გაერთიანების შემდეგ, შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს მისია საშემოსავლო გადასახადმა შეითავსა;

დღევანდელ სიტუაციაში გაურკვეველია რა წარმოადგენს დაქირავებული ადამიანისათვის მომავალში სოციალური უზრუნველყოფის – პენსიის – წყაროს. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გადასახადი არის „სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე“. რა თქმა უნდა, გადასახადი უპირობო ფულადი შენატანი უნდა იყოს, მაგრამ, თუ საშემოსავლო გადასახადი ითვლება დასაქმებული ადამიანის მომავალი პენსიის საფუძვლად, მაშინ ეს დებულება ირღვევა და ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საპენსიო სისტემას მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია სჭირდება.3

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა საქართველოში განვითარების ძალიან დაბალ დონეზეა და სამთავრობო ინიციატივების გარეშე, მისი გამოცოცხლება შეუძლებელია.

მძიმე სოციალური ფონი და ფინანსური ინსტიტუტების მიმართ გაზრდილი, მაგრამ არასაკმარისი ნდობა ხელს უშლის კერძო საპენსიო დაზღვევის განვითარებას.

რეკომენდაციები

საქართველოში აუცილებელია განხორციელდეს საპენსიო რეფორმა, რომელიც ორი მიმართულებით უნდა განვითარდეს: სახელმწიფო საპენსიო სისტემის რეორგანიზება; არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განვითარება.

ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი კერძო საპენიო სქემების შექმნაზე უნდა გაკეთდეს. სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად უნდა იყოს ხელშეწყობილი არასახელმწიფო საპენსიო სქემები, თუმცა, მოკლე პერიოდში სახელმწიფო პენსიაზე უარის თქმა და კერძო საპენსიო დაზღვევაზე გადასვლა შეუძლებელია. აუცილებელია შეიქმნას კერძო საპენსიო დაზღვევის განვითარების სტრატეგია, რომლის შედგენის პროცესში ჩართული იქნებიან სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

სასურველია შეიქმნას რამდენიმესაფეხურიანი საპენსიო სისტემა. პირველ საფუხერებზე აუცილებელი იქნება სახელმწიფო პენსიის გამოყენება, ხოლო მომდევნო ეტაპებზე, შესაძლებელია კერძო საპენსიო სქემების გამოყენება.

სახელმწიფომ უნდა მოახდინოს პენსიების კატეგორიების გამიჯვნა. აუცილებელია ცალკე ჯგუფში მოხვდნენ „სოციალური პენსიის“ მიმღები პირები (ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, პარლამენტის თანამშრომლები, სამუშაო სტაჟის არმქონე, ინვალიდობის მქონე პირები). ამ ადამიანებზე უნდა გაიცეს სახელმწიფო პენსია, თუმცა, მათ შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კერძო საპენსიო სქემებში.

_______________________

1. წყარო http://24saati.ge/index.php/category/society/2009-10-29/925.html

2. წყარო http://www.nbg.gov.ge/index.php?m=493

3. http://24saati.ge/index.php/category/society/2009-10-29/925.html

***
შოთა მურღულია. ეკონომიკის მაგისტრი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ეკონომიკური პროგრამების კოორდინატორი

წიგნიდან: ვუახლოვდებით ევროპას? ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კვლევები ეკონომიკაში. 2010 ფრიდრიხ ებერტის ფონდი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: