Posted by: burusi | July 27, 2013

გუბად იბადოგლუ – საპენსიო სისტემა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

Map of Azerbaijan

გუბად იბადოგლუ – საპენსიო სისტემა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

შესავალი

აზერბაიჯანის საპენსიო კანონმდებლობა პენსიის რამდენიმე სახეობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, კანონში განსაზღვრულია ადამიანთა კატეგორიები, რომელთაც ეკუთვნით პენსია. კანონით რეგულირდება სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც1. კანონის თანახმად, საპენსიო სისტემაში, კონცეპტუალური თვალსაზრისით, პენსიის სამი სახეობაა: (ა) კორპორატიული – სახელმწიფოს მიერ დომინირებული სადაზღვევო მოდელი, (ბ) რეზიდუალური – სახელმწიფო პენსიას უხდის მხოლოდ საჭიროების მქონე პირებს, (გ) უნივერსალური – მთავარი სოციალური უფლებები და სახელმწიფოს დომინანტობაა2. ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უპირატესობას ამ მოდელებიდან ერთ-ერთს ანიჭებს, არის ფისკალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პირობებს შორის არსებული განსხვავებების შედეგი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიმოხილვის შედეგად, გამოვლინდა, რომ სახელმწიფო უფრო მეტად მესამე, ანუ უნივერსალურ მოდელს სწყალობს.

საპენსიო სისტემის საკანონმდებლო რეგულირება

პენსიის შესახებ კანონის თანახმად, პენსია ეკუთვნით რესპუბლიკის მუდმივ მცხოვრებლებს, მათ შორის, სხვა ქვეყნების მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომელთაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაგროვილი აქვთ კანონით განსაზღვრული სამუშაო სტაჟის ერთი მესამედი.

1992 წლის პირველ იანვრამდე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაგროვილი სამუშაო სტაჟი საკმარისი იყო პენსიის მისაღებად. ეს დებულება ასევე მოიცავს იმ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სოციალური ქარტიის პირველ პარაგრაფსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 102-ე კონვენციაში არიან ჩამოთვლილი.

კანონი „შრომითი პენსიების შესახებ“ განსაზღვრავს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებულ პრინციპებს, რომელთაც აქვთ უფლება შრომით პენსიებზე, ასევე, ამ უფლების გამოყენების წესებს და შრომითი პენსიის უზრუნველყოფის სისტემას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. კანონში „შრომითი პენსიის შესახებ“ განსაზღვრულია შემდეგი ტიპები: მომსახურე პირის პენსიაში გასვლა; შეზღუდული შესაძლებლობების გამო პენსიაში გასვლა და პენსია ოჯახის მარჩენალის დაკარგვის გამო; საპენსიო ასაკისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება: ძირითადი, დაზღვევის და აკრეფის ნაწილები, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახისათვის შრომითი პენსია ძირითადი და დაზღვევის კომპონენტებისგან შედგება. შრომითი პენსია ეკუთვნით მამაკაცებს 62 წლის ასაკში და ქალებს 57 წლის ასაკში, იმ შემთხვევაში, თუ მათ დაზღვევის თორმეტწლიანი ისტორია აქვთ. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ კანონში ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 2010 წლის პირველი იანვრიდან – 2012 წლის პირველ იანვრამდე, მამაკაცებისა და ქალების ასაკის ლიმიტი წელიწადში 6 თვით გაიზრდება.

კანონის მიხედვით, შრომითი პენსიის ძირითადი ნაწილის ოდენობა განისაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ.

შრომის პენსიის დაზღვევის ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით: SH=PSK/T. ამ ფორმულაში:

SH ნიშნავს შრომითი პენსიის დაზღვევის ნაწილს; PSK არის პენსიის კაპიტალი, რომელიც დაგროვილია დაზღვეული პირის ინდივიდუალურ ანგარიშზე შრომითი პენსიის გაცემის თარიღისათვის. T ნიშნავს პენსიის გადახდის პროგნოზირებული წლების რაოდენობას.

შრომითი პენსიის აკრეფის ნაწილი განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ფორმულით, კანონით განსაზღვრული ასაკობრივი ლიმიტების მიხედვით:

YH=PYK/T, სადაც: YH ნიშნავს შრომითი პენსიის აკრეფის ნაწილს; PYK არის პენსიის კაპიტალი, რომელიც დაგროვილია დაზღვეული პირის ინდივიდუალურ ანგარიშზე შრომითი პენსიის გაცემის თარიღისთვის. T ნიშნავს პენსიის გადახდის პროგნოზირებულ წლების რაოდენობას.

შრომითი პენსიის საბოლოო ოდენობის გამოთვლისას, პენსიის ძირითად ნაწილს ემატება შრომითი პენსიის დაზღვევისა და აკრეფის ნაწილების თანხები.

სახელმწიფო პენსიების სხვადასხვა კატეგორია

შრომითი პენსია ეკუთვნის იმ ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც დასაქმებული იყვნენ საზოგადოებრივ მომსახურებებში და იხდიდნენ სოციალური დაზღვევის გადასახადს სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდში. ეს ჯგუფებია: შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, საწარმოებში, დეპარტამენტებში, ორგანიზაციებში, კოოპერატივებში დასაქმებული მუშახელი, მათი ქონებრივი და ოჯახური მეურნეობის სტატუსის მიუხედავად; თვითდასაქმებული ადამიანები ან მეწარმეები, ასევე, ინდივიდუალურ (ჯგუფურ) იჯარაში ჩართული პირები, სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანები; ხელოვნების კავშირების (ასოციაციების) წევრები და ისინიც, ვინც ხელოვნების სფეროში მოღვაწეობს, მაგრამ არ არის ასოციაციის წევრი; სახელმწიფო დაზღვევის სქემაში მოხვედრილი სხვა ჯგუფები; სამხედრო სფეროს თანამშრომლები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ არ არიან დაზღვეულნი, განსაკუთრებით, კომუნიკაციის სფეროს ჩვეულებრივი და ძირითადი ჯგუფები; უმაღლესი განათლების, ტექნიკური განათლების და პროფესიული განვითარების კურსების სტუდენტები, ასპირანტები, ორდინატურის სტუდენტები, ფილოსოფიის დოქტორები; საზოგადოებრივ მომსახურებებში ჩართული პირები, მაშველები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანებაც სამსახურებრივი თუ მოქალაქეობრივი მოვალეობების, ქონების დაცვის მიზეზითაა გამოწვეული; პირველი ჯგუფის ინვალიდი პირის, 16 წლამდე ბავშვებისა და 70 წელს გადაცილებული მოხუცების მომვლელები; ამ ჯგუფების და პენსიონერთა ოჯახების წევრები, თუ მათ მინიჭებული აქვთ „გმირი დედის“ წოდება.

კანონის თანახმად, აზერბაიჯანში მოქმედებს პენსიის შემდეგი ტიპები:

ა) შრომითი პენსიები (სოციალური უსაფრთხოება):

ასაკისათვის (ხანდაზმული ადამიანებისთვის);

შეზღუდული შესაძლებლობების გამო;

ოჯახის მარჩენალის დაკარგვისთვის;

მუშაობის წლების რაოდენობისათვის.

ბ) სოციალური პენსიები

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უნივერსალური და სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საპენსიო სისტემა ეფუძნება სოციალურ პენსიებს. ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც ვერ მუშაობენ ქვემოთ ჩამთვლილი მიზეზების გამო, აქვთ უფლება მიიღონ პენსია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ საპენსიო ასაკი ჯერ არ დადგომიათ:

ავადმყოფობის გამო – I, II და III ჯგუფის ინვალიდობა;

მამაკაცები 60 წლის და ქალები 57 წლის ასაკში;

57 წლის ასაკის ქალები, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი;

თანდაყოლილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დედები, რომელთაც მიაღწიეს 57 წლის ასაკს;

ასევე, თუ მათ ასეთი ბავშვი 8 წლის ასაკამდე აღზარდეს.

18 წლის ასაკამდე ბავშვები, რომელთა ოჯახის მარჩენალიც დაიღუპა და სხვა.

პირველი, მეორე და მესამე თანდაყოლილი ინვალიდობის ჯგუფებს და 16 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს არ ეკუთვნით შრომითი პენსია. ისინი ექვემდებარებიან სოციალურ პენსიებს. სოციალური პენსიები გაიცემა შემდეგი ოდენობით: ა) მინიმალური პენსიის 100% პირველი, მეორე ჯგუფის თანდაყოლილი ინვალიდობის მქონე პირებისათვის და მესამე ჯგუფის ინვალიდებზე, ასევე, 16 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე; ბ) მეორე ჯგუფის ინვალიდები (თანდაყოლილი ინვალიდობის მქონე პირების გარდა), მარჩენალდაკარგული ბავშვები და ზემოთხსენებული ჯგუფების უახლოესი ნათესავები მინიმალური საპენსიო ოდენობის 80%-ს იღებენ.

საპენსიო რეფორმის ეტაპები

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საპენსიო სისტემის რეფორმა 2000 წელს დაიწყო. რეფორმის ამოქმედების პერიოდად აიღეს 2001-2005 წლები. ეს პერიოდი რამდენიმე ეტაპად დაიყო. პირველი ეტაპი გახლდათ საპენსიო უზრუნველყოფის საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ეს პროცესი 2001 წელს დაიწყო. კანონი „მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ ახალი რედაქციით შემუშავდა და ცვლილებები და დამატებები შევიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონში „სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“. შემუშავდა ახალი კანონი „სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სფეროში პირადი ანგარიშების სისტემის შესახებ“ და აქტები არასახელმწიფო საპენსიო თანხების შესახებ.

საპენსიო რეფორმის მეორე ეტაპი ეხებოდა პირადი ანგარიშების შექმნას, რომელიც უნდა გამხდარიყო საპენსიო სისტემის საფუძველი; ასევე, მეორე ეტაპზე უნდა დაწყებულიყო საპენსიო თანხების ავტომატური გამოთვლა, თანხების დაზოგვა და პენსიების ოდენობების განსაზღვრა.

მესამე ეტაპზე, პირადი ანგარიშების შესაქმნელად, გაანალიზდა მონაცემები ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემოსავლებზე; ასევე, შეისწავლეს საპენსიო სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო სხვა ინდიკატორები; დაბოლოს, მეოთხე ეტაპზე, დაიწყო პენსიების გამოთვლა პირადი ანგარიშების დოკუმენტებზე დაყრდნობით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საპენსიო რეფორმების მეორე ეტაპი 2006 წელს დაიწყო და მას შემდეგ საპენსიო სისტემა სამსაფეხურიან (ძირითადი, დაზღვევა და დანაზოგები) სტრუქტურაზეა აგებული. აღნიშნული სტრუქტურა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული, როგორც ეფექტური და წარმატებული. ახალი სისტემის ამოქმედების პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდებოდა როგორც პენსიის ძირითადი ნაწილი, ისე, სახელფასო პენსიების ყოველთვიური ოდენობა. 2003-2009 წლებში, ყოველთვიური საშუალო პენსიის ზრდის დინამიკა ცხრილში 5.3.1. არის წარმოდგენილი.

ცხრილი 1. თვიური პენსიის საშუალო ოდენობა

თვიური პენსიის საშუალო ოდენობა. აზერბაიჯანი

თვიური პენსიის საშუალო ოდენობა. აზერბაიჯანი

წყარო: აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი, აზერბაიჯანის წლიური სტატისტიკური ანგარიში, 2009 წელი

მიუხედავად იმისა, რომ არსებული სახელფასო პენსიის საოპერაციო სისტემა აგებულია დაზღვევის პრინციპებზე, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მაღალი არასადაზღვევო გადასახადები და მისი ფინანსური სიმძიმე. ის ფაქტი, რომ სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის გადასახადებიდან კონცესუალური გადასახდელი იფარება იმ პირთა სახელფასო პენსიებისათვის, ვინც (პირები, რომელთაც სახელფასო პენსიები ეკუთვნით კონცესუალური პირობების საფუძველზე) პენსიაში დადგენილ საპენსიო ასაკზე ადრე გადის, ასევე, სახელფასო პენსიების დანამატები და არასადაზღვევო გადასახადები, როგორც ამბობენ, მნიშვნელოვნად აუარესებს არსებულ სადაზღვევო-საპენსიო სისტემის დაზღვევის პრინციპებს.

სადაზღვევო-საპენსიო სისტემის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფუნქციების და სახელმწიფო ბიუჯეტიდან საპენსიო უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხების სწორად და სრულად გადანაწილებაა. ასევე მნიშვნელოვანია მზარდ ფინანსურ მოთხოვნასა და სოციალური დაზღვევის სტანდარტებს შორის ბალანსის დაცვა და სოციალური დაზღვევის თანხების აკრეფის სისტემის განვითარება, რათა საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ იქნას მიღწეული სოციალური მიზნები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აუცილებელია პრაქტიკულ ანალიზზე დამყარებული მექანიზმების შემუშავება და, ანალიზის შედეგების საფუძველზე, სრულყოფილი სამოქმედო გეგმის შექმნა სადაზღვევო-საპენსიო სისტემის გრძელვადიანი განვითარებისთვის. ამასთან, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც ადეკვატურ ყურადღებას მოითხოვს, არის იმ მოქალაქეთა სათანადო შეფასება, ვინც 2006 წლის 1 იანვრიდან მიიღო საპენსიო უფლებები (ახალ სისტემაზე გადასვლამდე პერიოდი), ასევე, იმ განსხვავების ეტაპობრივად აღმოფხვრა, რაც ძველი სისტემის პენსიონერებისა და ახალი სისტემის პენსიონერების პენსიების ოდენობას შორის არსებობს. დაბოლოს, მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული ახალი სისტემის დამატებითი ფინანსური ტვირთი, რაც, შეიძლება, ახალმა აქტივობებმა გამოიწვიოს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელფასო საპენსიო სისტემის ძირითადი და სადაზღვევო ნაწილები საკმაოდ კარგად მუშაობს და პოზიტიურ მაჩვენებლებსაც ავლენს, უაღრესად მნიშვნელოვანია მისი მესამე ელემენტის – დანაზოგების ნაწილის – ამუშავება. ეს საკითხი კანონით არის განსაზღვრული და მთავრობის დღის წესრიგშია. უფრო მეტიც, რეფორმების განხორციელება აუცილებლად გულისხმობს ისეთ ელემენტებსაც, როგორიცაა ნებაყოფლობითი საპენსიო დაზღვევა და არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფა. ეს საკითხები უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

საპენსიო სისტემის არსებული მდგომარეობა და სტატისტიკური მონაცემები

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სადაზღვევო-საპენსიო სისტემის ასამოქმედებლად არსებობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ჯერ კიდევ საკმაოდ პრობლემატურია სრულად ავტომატიზებული სისტემის მოწყობა და ამ სისტემის მოხმარების მცოდნე პერსონალით უზრუნველყოფა. აუცილებელია, სისტემაში მომუშავე ადამიანებს ჰქონდეთ საკმარისი ცოდნა, რათა დაზღვეულ პირებს მიაწოდონ ინფორმაცია პირადი ანგარიშების შესახებ.

2009-2015 წლების სახელმწიფო პროგრამაში „სადაზღვევო-საპენსიო სისტემის განვითარება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში“ (ქვემოთ მოხსენიებული, როგორც „სახელმწიფო პროგრამა“) განსაზღვრულია სადაზღვევო-საპენსიო რეფორმების შემდეგი ეტაპი და ზემოთ ხსენებული პრობლემების გადაჭრის გზები.

სახელმწიფო პროგრამაში განსაზღვრულია 2009-2015 წლებისთვის საპენსიო სისტემის რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებები:

სადაზღვევო-საპენსიო სისტემის განვითარებაზე დაფუძნებული აქტუალური (სადაზღვევო ანგარიშების) მოდელი;

სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სფეროს უფრო ეფექტური მუშაობა;

სახელფასო პენსიების უფრო ეფექტური უზრუნველყოფა;

სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სფეროში პირადი ანგარიშების გახსნა;

სადაზღვევო-საპენსიო სისტემაში დანაზოგების კომპონენტის გამოყენება;

არასახელმწიფო საპენსიო ინსტიტუტების დაფუძნება და განვითარება.

უაღრესად მნიშვნელოვანია სადაზღვევო-საპენსიო სისტემის განვითარება აქტუალური მოდელის საშუალებით, რადგან, პერსპექტიული განვითარების მიმართულები პირდაპირ კავშირშია სადაზღვევო ხარჯების სწორ გამოთვლასთან. ამ მოდელის საშუალებით, შესაძლებელია მაკროეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა ინდიკატორების კუთხით არსებული ცვლილებების შესწავლა სისტემის უკეთ ამოქმედების მიზნით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მექანიზმების შემოღება, რომელიც პერიოდულად, დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, დამატებით პრეროგატივებსა და უფლებებს შესძენს სისტემას.

აუცილებელია, განხორციელდეს კვლევა და სათანადოდ შეფასდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ახალი სისტემის შემოღებამდე არსებული პენსიები, დაზღვეულ პირთა საპენსიო უფლებები წინა სისტემის ფუნქციონირების პერიოდში, დამატებითი გადასახადებისა და ხანდაზმულობის სხვა, არასოციალური სადაზღვევო გადახდების ფინანსური სიმძიმე, სახელმწიფოს სოციალური მიზნების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო საბიუჯეტო გადარიცხვების მოცულობა, სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემაში პირადი ანგარიშების გამოყენების შედეგად გაჩენილი ფინანსური მოთხოვნა, ფინანსურ მოთხოვნასა და სოციალური დაზღვევის სტანდარტებს შორის ბალანსის შენარჩუნება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

შემდეგ პერიოდში, ასევე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემის დახვეწა. სადაზღვევო-საპენსიო სისტემის დაფუძნება სადაზღვევო პრინციპებზე, მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფო სოციალური დაზღვევის როლს მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში. მიმდინარე სადაზღვევო-საპენსიო სისტემის სტაბილური განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მჭიდროა კავშირი სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფასებსა და სოციალური დაზღვევის გადასახადებს შორის. გარდა ამისა, უაღრესად მნიშვნელოვანია ფინანსური მოთხოვნის გაზრდა სოციალური დაზღვევის სტანდარტებთან შესაბამისად. მეორე მხრივ, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობების ფორმალიზებაში არსებული პრობლემები და შრომის კომპენსაცია, უარყოფით გავლენას ახდენს სავალდებულო სახელმწიფო სადაზღვევო სისტემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო სოციალური სადაზღვევო გადასახადები გაიზარდა, სოციალური დაზღვევის გადასახადებსა და სოციალური დაზღვევის ღირებულებას შორის თანაფარდობის კოეფიციენტი ჯერ კიდევ არ არის საკმარისი სისტემის განვითარებისთვის. 2009 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, 2008 წელთან შედარებით, 26 455-ით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც იღებს სახელფასო პენსიებს. მათი რაოდენობა 1.275 138 გახდა. ამათგან, 496 788 მამაკაცია და 778 350 – ქალი. 374 490 ქალი მრავალშვილიანია. გარდა ამისა, დამატებით კიდევ 9241 ადამიანია, რომლებიც სახელფასო პენსიებთან ერთად, იღებენ საჯარო მოხელის პენსიას. ჯამში, სახელფასო პენსიონერთაგან 125 548 – დასაქმებული პენსიონერია. ამჟამად, 835 844 ადამიანი იღებს პენსიას ასაკის და 301 661 – შეზღუდული შესაძლებლობების გამო. ამ უკანასკნელთაგან, 22 354 ადამიანი ინვალიდობის პირველი ჯგუფს მიეკუთვნება და 7644 -მხედველობადაქვეითებულია. დაახლოებით, 4705 პირი იღებს პენსიას სამსახურში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო. ოჯახის მარჩენალის დაკარგვის მიზეზით პენსიის მიმღებთა რაოდენობა შეადგენს 137 63-ს, ამათგან, 22 აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ოჯახია. 2008 წლის მონაცემებთან შედარებით, სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდში პირადი ანგარიშების მქონე დაზღვეულ პირთა რაოდენობა 185 000-ით გაიზარდა და 1 516 100 ადამიანს მიაღწია. პირადი ანგარიშების მქონე ადამიანთა უმრავლესობა 40-50 ასაკობრივ ჯგუფშია, მათი რიცხვი 432.763-ს შეადგენს. გარდა ამისა, 30 წლამდე ასაკის დაზღვეულ პირთა რაოდენობა შეადგენს 376.257-ს, 30-40 ასაკობრივი ჯგუფი – 343.525 ადამიანს, 50-60 ასაკობრივი ჯგუფი – 261.984 ადამიანს და 60 წელს გადაცილებული – 101 571-ს.

ამგვარად, სტატისტიკურმა მონაცემებმა გამოავლინა, რომ ერთ პენსიონერზე მოდის 1.188 დაზღვეული ადამიანი, რაც არ არის საკმარისი საპენსიო სისტემის მყარი განვითარებისთვის. საერთაშორისო პრაქტიკაში ამ ორის (პენსიონერსა და დაზღვეულ პირს შორის) თანაფარდობას შორის სხვაობა, სულ მცირე, სამჯერ მეტია. სამომავლო პროგნოზები მიუთითებს, რომ აზერბაიჯანში ნაკლებადაა იმის პერსპექტივა, რომ უახლოეს მომავალში ეს თანაფარდობა დაზღვეული პირის სასარგებლოდ შეიცვალოს. მიუხედავად ბოლო წლებში სოციალური სადაზღვევო ხარჯების ზრდისა, სოციალური დაცვის ფონდი ჯერ კიდევ სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული. სოციალური დაზღვევის დანაზოგების მოდელის განვითარება 2003-2009 წლებში, ქვემოთ მოცემულ ცხრილშია წარმოდგენილი.

ცხრილი 2. სოციალური დაზღვევის ტარიფები

სოციალური დაზღვევის ტარიფები, აზერბაიჯანი

სოციალური დაზღვევის ტარიფები, აზერბაიჯანი

წყარო: აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი, აზერბაიჯანის წლიური სტატისტიკური ანგარიში, 2009 წელი

როგორც ზემოთ მოცემულ ცხრილშია ნაჩვენები, სოციალური დაზღვევის ხარჯები 2003-2009 წლებში 582 პროცენტით გაიზარდა. ამავე დროს, გაიზარდა სახელმწიფო საბიუჯეტო გადარიცხვები სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდში. 2010 წლის საბიუჯეტო პროგნოზების მიხედვით, 664,71 მილიონი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი საფონდო შემოსავლების 30,37 პროცენტი, სახელმწიფო საბიუჯეტო გადარიცხვებიდან იქნება მიღებული, რაც აშშ დოლარებში 48,20 მილიონს შეადგენს და 2009 წელთან შედარებით, 7,8%-ით მაღალია. ბუნებრივია, სპეციალურ ნაწილებში ზრდა, ანუ 2009 წლის 27.9%-დან 2010 წლის 30.37%-მდე, უარყოფითი მოვლენაა იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდი დანახარჯებს საკუთარი შემოსავლებიდან ანაზღაურებს. გარდა ამისა, სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდი ბევრ სხვა ასპექტშიც სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული, რაც, თავისთავად, პრობლემას წარმოადგენს.

აზერბაიჯანის მიმდინარე სახელფასო საპენსიო სისტემაში პენსიების მოცულობაზე მთავარ გავლენის მომხდენ ფაქტორებად მოქალაქეთა პირად ანგარიშებზე არსებული თანხები და პენსიის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია სისტემაში დამატებითი უფლებებისა და პრეროგატივების ალტერნატიული მექანიზმის დადგენა ხსენებული ძირითადი ფაქტორების საშუალებით, ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობები, სამწუხაროდ, არადამაკმაყოფილებელია. ამასთან, საჭიროა ახალი სისტემის შემოღებამდე არსებული საპენსიო უფლებების შეფასების პროცესის დაწყება, საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის ავტომატიზება, ხელშეკრულებების დადება იმ ქვეყნებთან, სადაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები შრომით ემიგრანტებად არიან წარმოდგენილნი, ამ ადამიანების სამომავლო საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით; ასევე, სხვა ღონისძიებები, რაც დღემდე სათანადოდ არ არის განხორციელებული. ძალზედ მნიშვნელოვანია ძველი და ახალი სისტემების პენსიონერთა პენსიების ეტაპობრივი დაბალანსება. პროგრამის მნიშვნელოვან ამოცანად უნდა ჩაითვალოს სახელფასო პენსიების გადახდის სისტემის დახვეწა და უახლესი მეთოდების გამოყენება. ამისათვის, საჭიროა პენსიების ბანკომატების საშუალებით გაცემა, პენსიონერებისთვის პლასტიკური ბარათების დამზადება, ტერმინალებისა და ბანკომატების ქსელის გაფართოება, გადახდებისთვის მრავალფუნქციური ჩიპიანი ბარათების გამოყენება და მოშორებით მდებარე დასახლებებისთვის პენსიების წინასწარ გადახდის ორგანიზება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სიტემაში, პირადი ანგარიშების შექმნისა და გამოყენების მიზნით, ბოლო პერიოდში შემუშავდა ნორმატიული კანონმდებლობა, შეიქმნა საჭირო ინფრასტრუქტურა, გაიხსნა პირადი ანგარიშები და დაზღვეულ პირებზე გაიცა დაზღვევის სერტიფიკატები, ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი ისეთი პრობლემები, როგორიცაა, დაზღვეულ პირებზე წლიური ანგარიშების მიღება, პირად ანგარიშებზე შესაბამისი მონაცემების ასახვა და დაზღვეული პირებისთვის მათი მიწოდება. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია კონფიდენციალობის მექანიზმების შექმნა, რათა დაცული იყოს დაზღვეულ პირთა პირადი მონაცემები. გარდა ამისა, დამსაქმებლებს უნდა დაეკისროთ მეტი პასუხისმგებლობა, რათა წარმოადგინონ მონაცემები დაზღვეული პირების შესახებ.

სადაზღვევო-საპენსიო სისტემის შემოღებამდე, დაზღვეული პირის საპენსიო უფლებების შესახებ მონაცემები აუცილებლად უნდა აისახოს პირად ანგარიშებში. ამისათვის, უნდა დასრულდეს სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდის რეგიონალური ფილიალების დაფუძნება და ფონდის ოპერაციების ავტომატიზება.

2010 წლის სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდის ხარჯვითი ნაწილის 96,07%, ანუ 2 102 მილიონი აშშ დოლარი, სახელფასო პენსიებს მოხმარდება. აღმოჩნდა, რომ საერთო საპენსიო დანახარჯებში დაზღვევის ნაწილზე 27.1 პროცენტია გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიების ძირითადი კომპონენტი ჯერ კიდევ დომინირებს. რაც შეეხება დანაზოგების კომპონენტს, მიუხედავად იმისა, რომ, წესით, მისი ამოქმედება 2010 წლისთვის არის დაგეგმილი, არსებული სიტუაციის ანალიზი და შეფასებები ადასტურებს, რომ, რეალურად, ამ კუთხით, პროგნოზები ნაკლებად საიმედოა. არსებულ სადაზღვევო-საპენსიო სისტემაში ეს არის ყველაზე რთული კომპონენტი და მისი განხორციელება დამოკიდებულია საინვესტიციო კლიმატზე, ფინანსური და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასა და სადაზღვევო-საპენსიო სისტემის მიღმა ქვეყანაში არსებულ სხვა ფაქტორებზე. აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება, სოციალური დაზღვევის გადასახადების მიმართვა პირადი ანგარიშების დანაზოგების კომპონენტისკენ და ამ დანაზოგების მართვის საკითხებში დირექტივების დადგენა მანამ, სანამ სოციალური დაზღვევის თანხები პირად ანგარიშებზე დაიწყებს აკუმულირებას. ასევე, მნიშვნელოვანია მმართველი კომპანიებისა და ნორმატიული საკანონმდებლო ბაზისთვის საჭირო მოთხოვნების შემუშავება, რათა დაზღვეულ პირებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აირჩიონ მმართველი კომპანიის საინვესტიციო პორტფელი. ამ ყველაფრის შემდეგ, უკვე შესაძლებელი იქნება სოციალური დაზღვევის თანხების აკუმულირება პირად ანგარიშებზე და ეს ანგარიშები უკვე მზად იქნება დანაზოგების გამოყენების შედეგად მიღებული თანხების განსაკარგავად. ასევე, შესაძლებელია დამატებითი მექანიზმების ამუშავება იმისათვის, რომ სოციალური დაზღვევის თანხები პირადი დანაზოგების ანგარიშებზე უფრო მარტივად აისახოს.

საპენსიო სისტემის ავტომატიზებაზე გავლენას ისიც ახდენს, რომ გვიანდება ელექტრონული მმართველობის სისტემის შემოღება და ამ კუთხით განსახორციელებელი სამუშაოების ჩატარება, არადა, ელექტრონული მმართველობის ეფექტური მექანიზმები ამ სფეროში ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილების მომტანი იქნებოდა.

ძირითადი მიგნებები და დასკვნები

მიუხედავად იმისა, რომ არასახელმწიფო საპენსიო ინსტიტუტების (კერძო საპენსიო დაზღვევა) ფორმირება და ეფექტური ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია პენსიონერთა სოციალური დაცვისა და ქვეყანაში ფინანსური ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, რეალურად, პრაქტიკული სამუშაო ამ სფეროში ნაკლებად ხორციელდება. არასახელმწიფო საპენსიო სისტემა განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებებით და სხვა სამართლებრივი დოკუმენტებით, თუმცა, არასახელმწიფო საპენსიო ფონდების დაარსებისა და რეგულირების შესახებ კონკრეტული კანონმდებლობა ჯერ არ შექმნილა. არადა, ამგვარი ფონდების არსებობა პენსიონერებს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემდა; არ შემუშავებულა სპეციალური დირექტივები არასახელმწიფო საპენსიო ფონდების რესურსების მართვისა და კონტროლის მიზნით; შექმნილია მექანიზმები არასახელმწიფო პენსიების გამოსაყოფად, დასაფინანსებლად და გადასახდელად.

ამგვარად, საპენსიო რეფორმის კონცეფციის მიმოხილვის შედეგად, შემდეგი ფაქტორები გამოვლინდა:

ახალ სისტემაზე გადასვლა ყველა ქვეყანაში ეტაპობრივად ხდება;

ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესი და დაფინანსების წყაროები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია;

განვითარებულ ქვეყნებში რეფორმის კონცეფციის შემუშავებას თან ახლდა მკაცრი პოლიტიკური განხილვები და კონცეფციის ავტორები ვალდებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ მიმდინარე ცვლილებებს;

ბევრ ქვეყანაში კარგად არ განვითარებულა რეფორმების ინდივიდუალური ასპექტები და, შესაბამისად, რეფორმის განხორციელებისას გარკვეული შეცდომები გამოვლინდა;

ბევრ ქვეყანაში საპენსიო რეფორმები ეკონომიკის განვითარებისა და ხელფასების ზრდის პარალელურად მიმდინარეობდა;

სხვადასხვა ქვეყანას შორის არსებობს განსხვავებები სისტემის გამოყენების მეთოდებსა და დანაზოგების კომპონენტის განვითარების ტემპებს შორის.

კვლევამ აჩვენა, რომ განვითარებული ქვეყნები ითვალისწინებენ დემოგრაფიულ და სოციალურ პირობებს და ცდილობენ სხვადასხვა მეთოდით მოძველებული საპენსიო სისტემის განახლებას. გარდა ამისა, განვითარებულ ქვეყნებში გამოყენებული თანამედროვე საპენსიო რეფორმები შემდეგი თვისებებით ხასიათდება: (1) საპენსიო უზრუნველყოფის სამი მოდელი – სავალდებულო, ნებაყოფლობითი კორპორატიული და პირადი; (2) საპენსიო უზრუნველყოფის სისტემაზე სახელმწიფო კონტროლი და რეგულირება; 3) საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის პირადი და კორპორატიული ფორმების ხელშეწყობა; 4) საპენსიო სისტემის პერსონალიზაცია. ახლად განვითარებული ინდუსტრიული და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების წინაშე არსებული პრობლემები: 1) სადისტრიბუციო სისტემიდან დაგროვებით სისტემაზე გადასვლა; 2) საპენსიო ასაკის ზრდა; 3) ინფლაციის ფონზე, საპენსიო დანაზოგების გაუფასურების წინააღმდეგ ბრძოლა; 5) საპენსიო ანაბრების მოცულობის გაზრდის მიზნით, ფინანსური ბაზრის განვითარება დანაზოგების საშუალებით.

ახალი საპენსიო სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები

ბოლო პერიოდში, საპენსიო სისტემაში განხორციელებული ცვლილებების უპირატესობები და ნაკლოვანებებია:

უპირატესობები: პენსიის გამოთვლის ფორმულა მნიშვნელოვნად გამარტივდა და ახალი მოდელი უფრო მეტად დაზღვევაზე ორიენტირებული გახდა. საბოლოო პენსიის მოცულობა აღარ არის მხოლოდ მოსამსახურის სამუშაო სტაჟზე დამოკიდებული, არამედ, ის გამოითვლება რეალური შემოსავლის და დასაქმებულ პირთა მიერ სოციალური დაცვის ფონდში გაკეთებული შენატანების მიხედვით. ზოგადად, საპენსიო სისტემა დაცულია უარყოფითი დემოგრაფიული ცვლილებებისგან. სახელმწიფო თავის მიზნებს ახორციელებს; მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობენ ამ პროცესში, რათა უზრუნველყონ საკუთარი თავის სოციალური დაცვა. ახალი საპენსიო მოდელი, პენსიების გამოთვლის კუთხით, მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს; გაზრდილი საპენსიო ასაკი, მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს გვიან გავიდნენ პენსიაში და მომავალშიც, გარკვეულ პერიოდში, შედარებით ნაკლები იქნება პენსიონერთა რაოდენობა.

ნაკლოვანებები: უახლოეს მომავალში, დაიწყება მომსახურე პირების მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება. დღევანდელი კანონმდებლობით ადამიანებს, ვისაც მუშაობის შესაძლებლობა არ აქვთ, კანონით დადგენილ ასაკამდე ადრე გავიდნენ პენსიაში გასვლის უფლება არ აქვთ; საზღვარგარეთ მომუშავე ადამიანებს პენსიის მიღების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ დაიდება ორმხრივი ხელშეკრულება აზერბაიჯანსა და იმ სახელმწიფოს შორის, სადაც ეს პირები მუშაობენ; საზღვარგარეთ ემიგრაციაში წასული პირები, რომლებიც უარს იტყვიან აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე, პენსიის გარეშე დარჩებიან; ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პენსიების სადაზღვევო ნაწილი ინფლაციისაგან დაცულია საბიუჯეტო რესურსების ხარჯზე, ინფლაცია მაინც იწვევს გარკვეულ დაძაბულობას. არსებული კანონმდებლობით, დამსაქმებლებსა და დასაქმებულ პირებს არ აქვთ საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ გადაიხადონ გადასახადეები, მათ შორის, სოციალური გადასახადები.

მომავალში შესაძლოა განვითარდეს როგორც პოზიტიური, ისე, ნეგატიური სცენარები. უარყოფითი სცენარი იქნება, თუ სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდი მონოპოლისტურ პოზიციას შეინარჩუნებს და სახელმწიფო ბიუჯეტზე კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული. სახელმწიფო ბიუჯეტის გამოთავისუფლება არ მოხდება; ადგილი ექნება გადასახადებისგან თავის არიდებას, რაც ამჟამადაც ხდება (ან იქნება შედარებით ნაკლები); კერძო საპენსიო ფონდების განვითარება დაგვიანდება; შრომით კანონში ცვლილებები პირობითი იქნება; მათ ექნებათ უფრო მეტად სავალდებულო ან ამკრძალავი ხასიათი და ნაკლებად წამახალისებელი.

რაც შეეხება პოზიტიურ სცენარს, კარგი იქნება, თუ კერძო საპენსიო ფონდების დაარსება არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტების საფუძველზე მოხდება. საპენსიო ბაზარი უფრო მეტად კონკურენტული გახდება. ბანკებს შეეძლებათ სესხების გაცემა ანაბრებიდან, ნავთობის სფეროს გარდა, სხვა სექტორებიც განვითარდება. სახელმწიფო სოციალური დაცვის ფონდი ნაკლებად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტზე და ამ გზით, სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გამოთავისუფლდება.

რეკომენდაციები

საერთაშორისო გამოცდილების, საერთაშორისო სტანდარტების, საპენსიო სისტემის არსებული ვითარებისა და ამ სისტემის განვითარების შესაძლებლობების მიმოხილვის საფუძველზე, შემდეგი რეკომენდაციების მომზადებაა შესაძლებელი:

მაკროეკონომიკური, დემოგრაფიული და სხვა ინდიკატორების სფეროში საპენსიო სისტემის საქმიანობასთან დაკავშირებული ცვლილებების შედარებითი კვლევა, ანდერძთან დაკავშირებული ფაქტორების კვლევა, სადაზღვევო ხარჯების გამოთვლის პროცესის ორგანიზება, რათა კარგად იყოს გათვლილი სადაზღვევო-საპენსიო სისტემების განვითარების მიმართულებები;

ელექტრონული საპენსიო ბაზის პროგრამის შექმნა, ელექტრონული მმართველობის მექანიზმების გამოყენება და საპენსიო კალკულაციების გაკეთება ავტომატიზებულ სისტემაში, პენსიონერთა ინფორმირებულობის დონის გაზრდა უფრო მოქნილი მეთოდების გამოყენებით;

სახელმწიფო სოციალური ამოცანების განხორციელებისათვის საჭირო საბიუჯეტო გადარიცხვების წილის დადგენის მიზნით, უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება; მომავალში, სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემაში პირადი ანგარიშების შემოღების შედეგად გაჩენილი ფინანსური მოთხოვნების დადგენა, მზარდი ფინანსური მოთხოვნის დაბალანსება სოციალური დაზღვევის სტანდარტებთან და სხვა საკითხებთან მიმართებაში;

სავალდებულო სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფასებსა და სოციალური დაზღვევის გადასახადებს შორის პირდაპირი კავშირის უზრუნველყოფა სტაბილური და მყარი სადაზღვევო საპენსიო სისტემის განსავითარებლად; ამჟამად დასაქმებული პირების სტიმულირება და წახალისება. ასევე, ახალი მეწარმეების წახალისება, რათა საკუთარ საწარმოებში შექმნან ახალი სამუშაო ადგილები;

საჭირო ნორმატიული კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სისტემაში პირადი ანგარიშების სისტემის შესაქმნელად და გამოსაყენებლად;

არასახელმწიფო საპენსიო ფონდების დროული დაფუძნება;

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, სოციალურ გადასახადებთან ერთად, დანაზოგები პირად ანგარიშებზე შეიტანონ.

აუცილებელია, ახალი კანონების შემუშავება, ან არსებულ კანონებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა თვითდასაქმებულ ადამიანებთან მიმართებაში. გარდა ამისა, აუცილებელია კანონით დარეგულირდეს დასაქმებული ადამიანების უფლებები და მოვალეობები, სამუშაო დღეების გამოთვლის პრინციპები, სამუშაო გამოცდილება, შემოსავლები და გასავლები, შემოსავლის რა ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს გადასახადებზე ან სოციალურ დაზღვევაზე და ა.შ.

სოციალური გადასახადები 25%-დან 18%-ზე უნდა ჩამოვიდეს. გარდა ამისა, იგი თანაბრად უნდა გაიყოს (50X50) დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის;

უახლოეს 10-15 წელიწადში საპენსიო ასაკი აღარ უნდა გაიზარდოს;

აუცილებელია საინფორმაციო კამპანიის ჩატარება ქვეყნის მასშტაბით;

სასურველია ინდივიდუალური სოციალური დაზღვევის პრინციპების გამოყენება ყველა დასაქმებულ და მომსახურე პირზე.
____________________

1. კანონი „მოქალაქეთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, 1992 წელი; კანონი „სოციალური დაზღვევის შესახებ“, აზერბაიჯანის რესუბლიკა, 1997 წელი; კანონი „სოციალური შემწეობების შესახებ“, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, 2007 წელი; „შრომითი პენსიების კანონი“, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, 2006 წელი.

2. სოედე ა. და ვრუმანი კ., „სხვადახვა საპენსიო რეჟიმების შედარება, ენეპრის კვლევის ანგარიში, No.54, AIM WP2, აპრილი 2008 წ.

გუბად იბადოგლუ – ეკონომიკის დოქტორი. ეკონომიკური კვლევის ცენტრის თავმჯდომარე

წიგნიდან: ვუახლოვდებით ევროპას? ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. კვლევები ეკონომიკაში. 2010 ფრიდრიხ ებერტის ფონდი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: