Posted by: burusi | July 12, 2013

იაკობ ფუტკარაძე, თამარ ზაალიშვილი – სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის წარმოშობის წინაპირობები და განვითარების პერსპექტივები

Welfare state

იაკობ ფუტკარაძე, თამარ ზაალიშვილი – სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის წარმოშობის წინაპირობები და განვითარების პერსპექტივები

სოციალური სახელმწიფოს განვითარების ისტორიული მიმოხილვა.

სოციალური სახელმწიფოს პრინციპი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით ჩამოყალიბდა. სოციალური სახელმწიფოს არსებობა წარმოუდგენელია სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვისა და განვითარების გარეშე. მისი დანიშნულება სწორედ ამ ფუნქციის შესრულებით გამოიხატება. სოციალურ-ეკონომიკური უფლებები განმტკიცებულია საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით და ასახულია კონსტიტუციებში, ანუ სახელმწიფოთა ძირითად კანონებში. მათი საკანონმდებლო რეგლამენტაცია შესაბამისი სახელმწიფოს სოციალური ბუნების მაჩვენებელია [1.278].

ამჟამად პრინციპის სახით არსებულ სოციალურ სახელმწიფოს წარმოშობისა და ჩამოყალიბების ხანგრძლივი ისტორია აქვს. მისი საწყისები, სოციალური სახელმწიფოს იდეის ფესვები იდეალური სახელმწიფო მოწყობის შესახებ ანტიკური დროის მოაზროვნეთა წარმოდგენებში უნდა ვეძიოთ, სოციალური სახელმწიფოს რეალური ფორმირება კი საზოგადოებრივი ურთიერთობების რეგულირების პროცესში ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ საზოგადოებებში სახელმწიფოს სოციალური როლის ზრდის ობიექტურ პროცესს უკავშირდება [2.43].

«სოციალური სახელმწიფოს» ცნებამ, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში შემოტანილი იქნა 1850 წელს ცნობილი გერმანელი მეცნიერის ლორენც ფონ შტაინის მიერ [3.204], მოიცვა ყველა არსებითი მახასიათებელი (ატრიბუტი), რომლებიც მის ფენომენს გამოხატავდა. შტაინის აზრით, სახელმწიფოს იდეა გულისხმობდა თანასწორობისა და თავისუფლების დამკვიდრებას, ქვედა, დაჩაგრული კლასების «ამოწევას» მდიდრებისა და ძლიერების დონემდე, სახელმწიფოს მხრიდან მისი ყველა წევრის ეკონომიკური და საზოგადოებრივი პროგრესის უზრუნველყოფას. სოციალური სახელმწიფოს შტაინისეულ განმარტებაში მოცემული იყო მთელი რიგი პრინციპული დებულებებისა, რამაც გააფართოვა სახელმწიფოს ვალდებულებების ტრადიციული გაგება და შეცვალა სახელმწიფოსადმი, როგორც კლასობრივი ბრძოლის არენისადმი არსებული სოციოლოგიური მიდგომა. კერძოდ, შტაინის მიხედვით სოციალურმა სახელმწიფომ «მხარი უნდა დაუჭიროს ყველა განსხვავებული საზოგადოებრივი კლასის, ცალკეული პიროვნების უფლებების აბსოლუტურ თანასწორობას ხელისუფლების მეშვეობით. იგი ვალდებულია უზრუნველყოს ეკონომიკური და საზოგადოებრივი პროგრესი, ვინაიდან საბოლოოდ ერთის განვითარება წარმოადგენს მეორის განვითარების პირობას, და სწორედ ამ გაგებით უნდა ვისაუბროთ სამოქალაქო და სოციალურ სახელმწიფოზე» [4.215].

ზემოაღნიშნული განმარტებით, სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთ მახასიათებლად გამოიყოფა ყველა ადამიანის თანასწორობა და აღიარებულია «პიროვნება – სახელმწიფოს» პრიმატი ადრინდელ – «სახელმწიფო – საზოგადოებასთან» მიმართებით. შტაინის შეხედულებები გაზიარებული იქნა როგორც სახელმწიფო და ქრისტიანული სოციალიზმის მიმდევარი, ისე ლიბერალი მეცნიერების მიერ (მაგალითად, ფრიდრიხ ნაუმანის შეხედულებები სამეურნეო და სოციალურ ურთიერთობებში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის შესახებ შეადგენდა ადრეული გერმანული ლიბერალიზმის არსებით ელემენტს [5.224]). აღსანიშნავია ადოლფ ვაგნერის ინტერვენციონისტული სოციალური სახელმწიფოს კონცეფცია [6.76], რომელიც ბურჟუაზიული სახელმწიფოს «კულტურის სახელმწიფოდ» და «საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოდ» გარდაქმნას, რკინიგზისა და სამთო საწარმოების, ბანკებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების განსახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოსა და საზოგადოებაში მუშათა კლასის ინტეგრაციას ითვალისწინებდა. «სოციალური სახელმწიფოს» ტერმინის შემოტანით ფაქტობრივად აღიარებული იქნა სახელმწიფოებრიობის არსისა და ბუნების ცვლილება. ამ ცნებამ ასახა «პოლიციური სახელმწიფოდან» «საზოგადოებრივი თანხმობის სახელმწიფოზე» გადასვლის რეალობა. კერძოდ, სოციალური სახელმწიფო აღიჭურვა პასუხისმგებლობით, რომ უზრუნველეყო მოქალაქეთა კეთილდღეობა და საზოგადოების ყველა წევრისთვის სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა, შეექმნა სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო სისტემები, განეხორციელებინა სოციალური პროგრამების საბიუჯეტო დაფინანსება.

სოციალური პოლიტიკის ახალი მექანიზმების შემოტანა სახელმწიფო სოციალური დაზღვევის სახით, გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სოციალური ფუნქცია. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე ყალიბდება «სოციალური პოლიტიკის», «სოციალური პარტნიორობის», «სოციალური სოლიდარობის» იდეები და განისაზღვრება მათი არსი. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ეს იდეები თანდათანობით აისახებოდა სხვადასხვა ქვეყნების კონსტიტუციებში. ამასთან, კონკრეტული პრაქტიკული ღონისძიებები სოციალური რეფორმირებისა და სოციალური სამართლიანობის იდეის რეალიზების სფეროში დაიწყო ლიბერალური იდეების საფუძველზე. ამ ღონისძიებათა მიზანს წარმოადგენდა თავისი საქმიანობით სოციალურთან დაკავშირებული ახალი ტიპის სახელმწიფოს შექმნა, უარი «ღამის გუშაგის» პოზიციის მქონე სახელმწიფოზე.

ლიბერალური სოციალური სახელმწიფოებრივი იდეები, რომლებიც გამომდინარეობდნენ საყოველთაო თავისუფლების პრინციპიდან, პირველად საკანონმდებლო წესით განმტკიცდა 1919 წლის 11 აგვისტოს ვაიმარის რესპუბლიკის კონსტიტუციაში. ვაიმარის კონსტიტუციის მიხედვით, «ეკონომიკური ცხოვრების წესი უნდა შეესაბამებოდეს სამართლიანობის პრინციპებს და ყველასთვის ღირსეული არსებობის უზრუნველყოფის მიზანს» [7.83].

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის ძირითადი კანონი ‘საკმაოდ საინტერესო მოდელია კონსტიტუციისა, რომელშიც გონივრულადაა შეჯერებული მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და საერთო-ეროვნული ქართული საწყისები» [8.51]. ჯერ კიდევ მაშინ საქართველოში კონსტიტუციის დონეზე განმტკიცდა, რომ ადამიანი არის ძირითადი სოციალური ღირებულება [8.52]. ამასთან, «თუ გავეცნობით მეცამეტე თავის შინაარსს – «სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს», სოციალური ორიენტაცია ნამდვილად სახეზეა. თუმცა, რაიმე სხვა მინიშნება კონსტიტუციის ტექსტში «სოციალური» სახელმწიფოს შესახებ არ არსებობს» [9.102].

მე-20 საუკუნის პირველი მესამედი გამოირჩევა სოციალური ურთიერთობების მარეგულირებელი კანონების მიღების დიდი ტალღითა და მრავალი ქვეყნის პოლიტიკაში სოციალური სახელმწიფოს პრინციპების დანერგვით. კანონები, რომლებიც დაკავშირებული იყო სოციალურ და სამედიცინო დაზღვევასთან, საპენსიო უზრუნველყოფასთან, უმუშევრობისა თუ საოჯახო შემწეობებთან და უბედური შემთხვევის გამო დაზღვევასთან, აღნიშნულ პერიოდში მიღებული იქნა ავსტრიაში, დანიაში, კანადაში, იტალიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, საბჭოთა კავშირში, აშშ-ში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში.

სოციალური სახელმწიფოს თეორიისა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა. აშშ-ში საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მუშათა უფლებები კოლექტიურ შეთანხმებასა და პროფკავშირების ორგანიზაციაზე, საერთო სახელმწიფოებრივი ღონისძიებები უმუშევრობასთან ბრძოლისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.

სოციალური სფეროს მარეგულირებელმა კანონმდებლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სახელმწიფოს ნორმატიული ბაზის მთლიან შინაარსზე. 1930 წელს გერმანელი მეცნიერის ჰერმან ჰელერის მიერ სამეცნიერო ლიტერატურაში შემოტანილი იქნა «სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს» ცნება [10.26]. იგი ყურადღებას ამახვილებდა მოქალაქის უფლებაზე, რომ ჰქონოდა სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სოციალური გარანტიები. სოციალური სახელმწიფოს სამართლებრივი ბუნების კონსტატაციამ, მისი არსებობის უდავო დადგენამ განაპირობა სახელმწიფოს სოციალური ფუნქციების ფაქტობრივი განმტკიცება. სოციალური სახელმწიფოს განვითარების ამ პერიოდს (მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან 40-იან წლებამდე) შეიძლება ეწოდოს სამართლებრივი სოციალური სახელმწიფოს ფორმირების ეტაპი.

დასავლეთის ქვეყნებში სოციალური სახელმწიფოს შექმნაში განსაკუთრებული როლი შეასრულა ე.წ. «ბევერიჯის გეგმამ». იგი მიიღო ბრიტანეთის პარლამენტმა და 1945 წლიდან განახორციელა ლეიბორისტულმა მთავრობამ. კეთილდღეობის სახელმწიფოს პოლიტიკურ და სამართლებრივ დოქტრინაში გაჩნდა არა მარტო ახალი მიდგომები, არამედ ახალი მოთხოვნებიც, რომლებიც გამოიხატა იმით, რომ სახელმწიფოს მხრიდან სოციალური მზრუნველობა უნდა გავრცელდეს ყველა მოქალაქეზე და მოიცვას მთელი მოსახლეობა. გარდა ამისა, პირობები, რომლებიც იძლეოდა სოციალური დაცვის უფლებას, იყო არა მხოლოდ სოციალური რისკები, არამედ ადამიანის მოთხოვნილებები მრავალ მომსახურებაზე [11.194]. აღნიშნული გეგმაითვალისწინებდა სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ახალ ორგანიზაციას და სოციალური დაზღვევის სისტემის გავრცელებას სახელმწიფოს თითქმის მთელ მოსახლეობაზე, ასევე, ერთიანი ნაციონალური მინიმალური შემოსავლის გარანტირებას, რაც საკმარისი იქნებოდა მოკრძალებული ცხოვრებისათვის. გეგმის ქვაკუთხედს წარმოადგენდა სოციალური პოლიტიკის მჭიდრო კავშირი სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკასთან, რაც მიმართული იყო სრული დასაქმების უზრუნველყოფისაკენ. გეგმა, ითვალისწინებდა აგრეთვე უფასო და ხელმისაწვდომი სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნას, შრომის ანაზღაურებისა და ფასების კონტროლს და სხვა ღონისძიებებს. ამ დროიდან ტერმინი «კეთილდღეობის სახელმწიფო» – „welfare state” ინგლისურენოვან ქვეყნებში გახდა სოციალური სახელმწიფოს სინონიმი. «ბევერიჯის გეგმა» გამოიყენა მრავალმა სახელმწიფომ, მათ შორის ბელგიის, დანიისა და ნიდერლანდების მთავრობებმა. იგი საფუძვლად დაედო შვედეთის სოციალური უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემის შექმნას.

სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის დამკვიდრება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო სოციალური სახელმწიფოს ფენომენის განვითარების ახალი ეტაპი – სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის განმტკიცება.

«სოციალური სახელმწიფო» კონსტიტუციური პრინციპის სახით პირველად აისახა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1949 წლის 23 მაისის კონსტიტუციაში. კერძოდ, კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ‘გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა არის დემოკრატიული და სოციალური ფედერაციული სახელმწიფო» [12.587]. 1958 წლის კონსტიტუციის მიხედვით «საფრანგეთი არის განუყოფელი, საერო, სოციალური, დემოკრატიული რესპუბლიკა» [13.411]. 1976 წლის კონსტიტუციით პორტუგალია გამოცხადდა სუვერენულ რესპუბლიკად, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი, სამართლებრივი და სოლიდარული საზოგადოების აშენებას [14.748]. დიქტატორული რეჟიმის დემოკრატიული მმართველობის ფორმით შეცვლის შემდგომ, 1978 წელს – სამართლებრივ, დემოკრატიულ, სოციალურ სახელმწიფოდ გამოცხადდა ესპანეთი [15.50].

კონსტიტუციებიб უმრავლესობა შეიცავს ბევრი სოციალური ძირითადი უფლების მკაფიო გარანტიებს. დღეისათვის, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აცხადებს, რომ არის სოციალური სახელმწიფო. სოციალური სახელმწიფოს ცნებამ და თავად ამ ფენომენმა მყარად მოიკიდა ფეხი მსოფლიოს ქვეყნების კონსტიტუციურ სამართალში.

მე-20 საუკუნის 40-იანი წლების შუა პერიოდი 60-იანი წლების ჩათვლით შეიძლება გამოიყოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების განსაკუთრებული ეტაპი. იგი უკავშირდება სახელმწიფოს მიერ ახალი სოციალური ფუნქციების განხორციელებას (დასაქმებას, სოციალურ პატრონაჟს, ინვალიდებისათვის საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფას, ცალკეული კატეგორიის ადამიანებისა და რეგიონებისათვის სახელმწიფო დახმარების პროგრამებისა და აუცილებელი საცხოვრებელი პირობების შექმნას). აღნიშნული პერიოდი ხასიათდება, ერთი მხრივ, სოციალური სახელმწიფოსა და კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის განვითარებით და, მეორე მხრივ, ნაციონალურ დონეზე სოციალური სახელმწიფოს იდეის რეალიზაციით.

მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოდან 80-იანი წლების შუა პერიოდამდე ეტაპს შეიძლება ეწოდოს „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს» პერიოდი. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეის წარმოშობას ხელი შეუწყო განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების დონის მკვეთრმა ზრდამ. ამ პერიოდში შექმნილმა სოციალური რისკებისაგან დაცვის სისტემამ პრაქტიკულად სრულად უზრუნველყო საზოგადოების ნათელი მომავალი და ერთსულოვნება, ერთიანობა. ადრინდელისგან განსხვავებით, სახელმწიფომ იკისრა საზოგადოების ყველა წევრისთვის მაღალი ცხოვრების დონის უზრუნველყოფის ფუნქცია. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსთვის განმსაზღვრელი გახდა სოლიდარობის პრინციპი. თავის მხრივ, სოლიდარობამ, როგორც საზოგადოების მიზანმა გადანაწილება აქცია სახელმწიფოს მთავარ ფუნქციად.

საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ნაციონალური მოდელების განვითარებამ ხელი შეუწყო სოციალური სახელმწიფოს არსის უფრო ღრმა გააზრებას და მისი სისტემური თვისებების გამოვლენას. ერთ-ერთ ამგვარ მოდელს წარმოადგენდა აშშ-ში დანერგილი და განვითარებული ე.წ. „ზიანის საყოველთაო ანაზღაურების საზოგადოება», რომლის ფარგლებშიც სოციალური რისკის ცნება იცვლება „მსხვერპლის» ცნებით, ხოლო სოციალური დაცვის ინდივიდუალური მიდგომა – ჯგუფური მიდგომით.

როგორც სოლიდარობის პრინციპის, ისე ზიანის ანაზღაურების პრინციპის რეალიზება ერთნაირად უკავშირდება სახელმწიფოს მიერგანსაზღვრული სოციალური პასუხისმგებლობების აღებას, თუმცა ამ პასუხისმგებლობების განსხვავებული ბუნება და, მაშასადამე, საზოგადოებრივი სიმდიდრის გადანაწილების შესაბამისი წესი განსაზღვრავს სხვადასხვაგვარ სოციალურ პოლიტიკასა და ურთიერთობებს საზოგადოებაში.

სოციალური სახელმწიფოს განვითარების შემდგომ ეტაპად გამოიყოფა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების შუა ნახევრამდე პერიოდი. ესაა როგორც საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს კრიზისი, რაც განპირობებული იყო პრობლემებით ეკონომიკურ და დემოგრაფიულ, დაზღვევის მექანიზმის, მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდის უზრუნველყოფის სფეროში. ამ პერიოდში შეიცვალა სახელმწიფოს როლი და სოციალური ფუნქციები. ეს დაკავშირებული იყო ახალი სოციალური რისკების წარმოშობასთან. შეიქმნა სოციალური დაცვის ახალი იდეოლოგია, გადაისინჯა სოციალური უფლებების ტრადიციული კონცეფცია. სოციალური დაზღვევის სოლიდარულმა პრინციპმა დაკარგა თავისი უნივერსალობა და ეფექტურობა მთელი რიგი რისკების მიმართ.

იმ პროცესების საფუძველს, რომლებიც გახდა სოციალურ სახელმწიფოში პრობლემების გამწვავების მიზეზი, წარმოადგენს ეკონომიკის ციკლური და არათანაბარი განვითარება, ეკონომიკური და სოციალური სფეროების დაქვემდებარება საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმდინარეობაზე. მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გაანადგურა ილუზია ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ-ეკონომიკური სიკეთეების ცენტრალიზებული განაწილების პრაქტიკას შორის ჰარმონიის შესახებ და წარმოაჩინა სერიოზული მონეტარული პრობლემები.

კრიზისის დამატებითი საფუძველი გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სოციალისტური სისტემის რღვევა, აგრეთვე ეკონომიკური სიძნელეები გერმანიაში, რაც გამოწვეული იყო ამ ორად გაყოფილი ქვეყნის გაერთიანებით. კრიზისის კიდევ ერთი საფუძველი იყო და კვლავაც არის ევროკავშირის გაფართოების პროცესი. აღნიშნულმა გლობალურმა გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ძვრებმა გააშიშვლა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ყველა სირთულე.

მეოცე საუკუნის ბოლოს, საზოგადოების დიფერენციაციამ განაპირობა დაზღვევის სისტემის სეგმენტაცია, კორპორაციული და სოციალურ-პროფესიული ინტერესების განვითარება და სოციალური სახელმწიფოს არსის ახლებური გაგება – იგი მიიჩნევა იმ მექანიზმად, რომელიც უზრუნველყოფს საბაზრო კანონებისა და სოციალური მიზნების წინააღმდეგობების დაძლევას. ამდენად, სოციალური სახელმწიფოს განვითარების ამ პერიოდს შეიძლება ეწოდოს ლიბერალური სოციალური სახელმწიფოს ფორმირების ეტაპი.

დღეისათვის, მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყანა ამა თუ იმ ხარისხით ფაქტობრივად წარმოადგენს სოციალურ სახელმწიფოს – მიუხედავად იმისა, განმტკიცებულია თუ არა შესაბამისი დებულებები მის ძირითად კანონში. თანამედროვე მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სოციალური სახელმწიფოს წარმოქმნას იწვევს საზოგადოების ჰუმანიზაცია და «მეორე თაობის» ადამიანის უფლებათა განხორციელების აუცილებლობა. სახელმწიფო სოციალური ნიშნით ყალიბდება ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისთვის და, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის ღირსეული არსებობის უფლების რეალიზების მიზნით. ეს წარმოადგენს სახელმწიფოს ე.წ. სოციალური ფუნქციების წარმოქმნის ოფიციალურ მოტივს, ოფიციალურად დეკლარირებულ მიზეზს. მკვლევარ ო. როდიონოვას მიხედვით, აღნიშნული გარემოებანი სოციალური სახელმწიფოს მხოლოდ მეორადი ნიშნებია – მართალია განუყოფელი, მაგრამ მაინც წარმოებული ფუნქციებია. მისი აზრით, «სოციალურად სახელმწიფო ყალიბდება კოლექტიური ინტერესის განხორციელებისთვის – სახელმწიფოს, საზოგადოების შემადგენელი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესთა (კონსენსუალური ინტერესი) გარკვეული შეთანხმებით». მოცემული დებულება არის სახელმწიფოს სოციალური ფუნქციის წარმოშობის ამოსავალი მოტივი და რეალობაში არსებული მიზეზი. „თავისთავად, ამ ფუნქციების სახელწოდება – «სოციალური» შეიძლება არც თუ მართებული იყოს, ვინაიდან სახელმწიფოს ყველა ფუნქცია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, სოციალურია – პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა დანარჩენიც. შესაძლოა, სახელწოდება, რომელიც უფრო არსებითად უპასუხებს მოცემულ ფუნქციას, ასე განისაზღვროს – «სახელმწიფოს ფუნქციები, რომლებიც ემსახურება კონსენსუალური ინტერესების განხორციელებას». მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დასახელება საკმაოდ ვრცელი და მოუხერხებელია, ის ზუსტად გადმოსცემს განმარტებული ფუნქციის არსს და სრულიად გამართლებულია ამ განსაზღვრების გამოიყენება სამეცნიერო კვლევების სფეროში» [16.1].

სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ კონსენსუალური ინტერესი აქციონ კანონიერ ინტერესად, რაც ნიშნავს ყველა არსებული სოციალური ჯგუფის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინტერესების ლეგალურ აღიარებას. როგორც წესი, კონსენსუალური ინტერესი აისახება კანონში და მას აქვს ადეკვატური იურიდიული ფორმა, მაგრამ იგი ასევე შეიძლება გამომდინარეობდეს კონსტიტუციური ნორმებიდან ან ფიზიკური და იურიდიული პირების სამართლებრივი სტატუსის ბუნებიდან. ი. ტიხომიროვის მიხედვით, «ინტერესები საკმაოდ მრავალფეროვანია და სამართალი მოწოდებულია წარმოადგინოს ისინი ნორმატიულ-კონცენტრირებული ფორმით» [17.63].

სოციალური სახელმწიფოს არსი. სოციალური სახელმწიფოს არსის გამომხატველ სინონიმად ინგლისურენოვან ქვეყნებში ხშირად გამოიყენება ტერმინი «კეთილდღეობის სახელმწიფო» – Welfare State (გერმ. Wohlfahrtsstaat), ხოლო მოქმედ გერმანულ საჯარო სამართალში უმეტესად მიმართავენ ტერმინს «სოციალური სახელმწიფო» (Sozialstaat). შეიძლება ითქვას, რომ ტერმინი «სოციალური სახელმწიფო» უფრო ზუსტად და სრულად ასახავს თანამედროვე სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მრავალმხრივ საქმიანობას და შედარებით ფართო კვლევის ობიექტს, ფენომენს წარმოადგენს. სოციალური სახელმწიფო ემსახურება საზოგადოებას და ცდილობს გამორიცხოს ან მინიმუმამდე დაიყვანოს გაუმართლებელი სოციალური განსხვავებები.

სოციალური სახელმწიფოს ცნება არ გულისხმობს კეთილდღეობის ტოტალური სახელმწიფოს შექმნას და არ ითვალისწინებს იმგვარი ეკონომიკური სისტემის დამკვიდრებას, რომელიც მთლიანად იმართება (ან რომლის ორგანიზება ხორციელდება) სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო მიისწრაფვის მხოლოდ იმისკენ, რომ თითქმის თანაბრად შეუწყოს ხელი მთელი მოსახლეობის კეთილდღეობას და სიძნელეები (ტვირთი) დაახლოებით თანაბრად გადაანაწილოს. ამასთან, პირადი თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებასა და სოციალური სახელმწიფოს მოთხოვნას შორის არსებობს «გადაულახავი, დაუძლეველი და პრინციპული დაძაბულობა», ანუ წინააღმდეგობა. კანონმდებელმა უნდა დააბალანსოს ეს ორი პრინციპი. ამგვარად, პირადი თავისუფლება გარანტირებული უნდა იყოს კანონით იმდენად, რამდენადაც ეს არ არღვევს მოთხოვნებს, რომლებიც გამომდინარეობს სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან.

ზემოაღნიშნული წინააღმდეგობა ბუნებრივია, ვინაიდან შეუძლებელია ცივილიზებული კაცობრიობის ყველა პარამეტრის ჰარმონიული შეხამება. ამის ქრესტომათიულ დასაბუთებას წარმოადგენს თავისუფლებასა და თანასწორობას შორის «დაუძლეველი და პრინციპული დაძაბულობის მდგომარეობის» არსებობა. ‘შეუძლებელია აღნიშნული წინააღმდეგობის სამუდამოდ დაძლევა. თუმცა, არსებობს გზა, რომელიც უზრუნველყოფს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მყოფი პრინციპების შერბილებას; კერძოდ, საჭიროა მათ შორის მისაღები კომპრომისის მოძებნა და დაცვა, რაც ხელს შეუწყობს მთლიანობაში სოციუმის განვითარებას» [18.5].

სოციალური სახელმწიფოს პრინციპით უზრუნველყოფილია:

ა) ადამიანის უფლება – მოითხოვოს სახელმწიფოსაგან საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფოს ვალდებულება – უზრუნველყოს ადამიანი არსებობის ნორმალური პირობებით (კომუნალური მომსახურებით, ჯანმრთელობის დაცვით, განათლებით, დასაქმებით და სხვ.), თუნდაც არა უფასოდ;

გ) ხელშეკრულებათა თავისუფლების შესაძლო შეზღუდვები (მაგალითად, ფასების რეგულირება);
დ) გარკვეული ჯგუფების იძულებითი სოციალური დაზღვევა;
ე) სოციალური საგადასახადო პოლიტიკის მოთხოვნის უფლება.

სახელმწიფოს დახასიათება სოციალურის თვალსაზრისით გულისხმობს ეკონომიკური და სოციალური უფლებებისა და თავისუფლებების გარანტირებას, მათ უზრუნველყოფას და შესაბამის სახელმწიფო ვალდებულებებს. აქვე შეიძლება ვიგულისხმოთ ეკონომიკური დაგეგმვის (პროგრამირების) კონსტიტუციური პრინციპიც [19.156].

სოციალური სახელმწიფო, თავისი ისტორიული განვითარებიდან გამომდინარე, ზოგადად კონსტიტუციური თავისუფლებების განვითარების კომპენსაციად მიიჩნევა [20.58]. თუკი სამართლებრივი სახელმწიფო განვითარების შესაძლებლობების გარანტიებს კონსტიტუციური თავისუფლებების მეშვეობით იძლევა, მაშინ მან (სახელმწიფომ), საზოგადოების მდგომარეობაზე პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე, იმავდროულად უნდა დაარეგულიროს თავისუფლების გამოყენების შედეგები და მოახდინოს სათანადო კომპენსაცია. შესაბამისად, სახელმწიფოს სოციალური ნიშნით ფორმირების ძირითად მიმართულებას სოციალურად სუსტი ფენებისათვის განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

ამდენად, სოციალური სახელმწიფოს პრინციპში შეტანილი იქნა სოციალური სამართლიანობის იდეა. შესაბამისად, სოციალურ სახელმწიფოში იგულისხმება სახელმწიფო, რომელიც დახმარებას უწევს შედარებით სუსტს და სამართლიანობის პრინციპების დაცვით ცდილობს ეკონომიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღებას [21.1060].

სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა ავტორების მიერ სხვადასხვაგვარადაა განმარტებული სოციალური სახელმწიფოს არსი. ჰ. ბაირის აზრით, «თანამედროვე სოციალური სახელმწიფო არის ყველა მოქალაქის მიმართ ცენტრალიზებულად წარმართული მზრუნველობა ყველა სასიცოცხლო მიმართულებით, რაც წარმოჩინდება, როგორც თანამედროვე დემოკრატიის უპირველესი გამოვლინება.

ამასთან, სოციალური სამართლიანობა ეფუძნება ეკონომიკურ ლიბერალიზმს» [22.9]. აღსანიშნავია, რომ გერმანული სამეცნიერო სკოლა სოციალური სახელმწიფოს არსის განსაზღვრისას უპირატესად ეყრდნობა მოქალაქეთა სოციალური უფლებების დაცვის სფეროში ასეთი სახელმწიფოს საქმიანობის თავსებადობას საბაზრო ეკონომიკასთან, რომელიც ეფუძნება კერძო ინიციატივასა და უზრუნველყოფს სახსრებს სოციალური პროგრამებისათვის [23.42].

სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპი თავისთავად არ მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურისა და ფუნქციონირების განსაკუთრებულ ცვლილებებს. იგი მოქმედებს მხოლოდ როგორც პრინციპი, რომელიც მიმართულია სოციალური უსამართლობის შემცირებისაკენ. სოციალურ სახელმწიფოს არცთუ იშვიათად უპირისპირებენ ლიბერალურ სახელმწიფოს. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში ისინი არ შეიძლება განხილული იქნეს ალტერნატიულ კატეგორიებად. ისეთი ტიპური «ლიბერალური» სახელმწიფო, როგორიცაა აშშ, ახორციელებს მნიშვნელოვან ნაციონალურ სოციალურ პროგრამებს.

არაგონის აზრით, «თანამედროვე სოციალური სახელმწიფო არ შეიძლება უშუალოდ ეკამათოს «არასოციალურს». იგი იძულებულია ეს გააკეთოს თავისი თავის მიმართ, ანუ მისი კრიზისი ჩნდება არა სოციალურად «ყოფნა-არყოფნის» პრობლემის სახით, არამედ როგორც რეფორმირების, მოდიფიკაციისა და სრულყოფის აუცილებლობა» [24.24]. სოციალური სახელმწიფოს, როგორც კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის სისტემური, თანმიმდევრული განხორციელება ვლინდება არა მარტო სახელმწიფოს მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრით, არამედ მისთვის შესაბამისი უფლებამოსილებებისა და კომპეტენციების მინიჭებით [25.46].

სოციალური სახელმწიფოს ტიპები. თანამედროვე მკვლევართა უმრავლესობა გამოყოფს სამ მოდელს, ანუ სოციალური სახელმწიფოს სამ ტიპს [26.107].

1) ლიბერალური ანუ ანგლოსაქსური მოდელი (ითვლება, რომ ამ ტიპის სოციალურ სახელმწიფოსთან უფრო მიახლოებულია დიდი ბრიტანეთი). აქ სახელმწიფო თავის ფუნქციებს შემოსაზღვრავს მხოლოდ ყველაზე უმწეოთა დახმარებით და მისი მიზანია სიღარიბის აღმოფხვრა;

2) სკანდინავიური ანუ სოციალ-დემოკრატიული მოდელი (მაგ. შვედეთი). ასეთ სახელმწიფოებში ყველა მოქალაქე გარანტირებულია საბაზო უზრუნველყოფით. ამ ტიპის სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელია უნივერსალიზმი და გადასახადების გადანაწილება პროგრესული საგადასახადო დაბეგვრის მეშვეობით. ამგვარი სახელმწიფოს ძირითადი იდეაა ყოველი მოქალაქისთვის ღირსეული ადამიანური არსებობის უფლების უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ ისინი ჩართული იქნებიან დასაქმების ერთიან სისტემაში;

3) კონტინენტურ-ევროპული სოციალური სახელმწიფო (მაგ. გერმანია). იგი უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის (გამონაკლისის გარეშე) ცხოვრების ღირსეულ დონეს განვითარებული სოციალური დაზღვევის სისტემის შექმნით, რომლის ორგანიზება ხდება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წილობრივი შენატანების საფუძველზე. სახელმწიფო აქტიურად ერევა შრომის ბაზრის რეგულირების პროცესში. იგი ამ საქმიანობას სოციალურ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, რითაც მუდმივად ამცირებს უმუშევრობას.

მიუხედავად მოდელებს შორის არსებული გარკვეული განსხვავებებისა, სოციალურ სახელმწიფოთა არსი მაინც ერთია. ამ არსის გამოვლენა ოპტიმალურია სოციალური სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების დახასიათების გზით, თუმცა ეს სახელმწიფოსა და სამართლის თეორიაში სადავო საკითხს წარმოადგენს. ამასთან, თავად ამ ფუნქციებს არ გააჩნიათ ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება და დახასიათება. არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმად სოციალური სახელმწიფოს საქმიანობა შემოისაზღვრება მხოლოდ «საზოგადოებაში არსებული მატერიალური და სხვა სიკეთეების» გადანაწილებით და შემოსავლების გათანაბრებით სოციალური სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად [27.47]. მაგრამ სოციალური სახელმწიფოს ფუნქციები ამით არ ამოიწურება. ყურადღებას იმსახურებს შეხედულება, რომლის მიხედვით გამოიყოფა სოციალური სახელმწიფოს კომპენსაციის, საინვესტიციო, ემანსიპაციის და განაწილება-გადანაწილების ფუნქციები.

1. კომპენსაციის ან, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ, ანაზღაურების ფუნქცია. ეს ფუნქცია არსებობს სავალდებულო სოციალური დაზღვევის საფუძველზე;

2. საინვესტიციო ფუნქცია გულისხმობს სტრატეგიულ ინვესტიციებს საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნით;

3. ემანსიპაციის ფუნქცია გამოიხატება მოქალაქის დაცვით იმ სოციალური რისკებისაგან, რაც დაკავშირებულია შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან საბაზრო ეკონომიკის პირობებში. ეს ის მატერიალური გარანტიებია სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ღირსეული ადამიანური არსებობის უფლებას;

4. განაწილებისა და გადანაწილების ფუნქცია ყოველთვის რჩება სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად.

ზემოჩამოთვლილ ფუნქციებს გვთავაზობს ჰანს იურგენ ურბანი [28.301] და ისინი გვხვდება კონტინენტურ-ევროპული მოდელის თანამედროვე სოციალურ სახელმწიფოებში. კომპენსაციის, საინვესტიციო და განაწილება-გადანაწილების ფუნქციები ახასიათებს სოციალური სახელმწიფოს ნებისმიერ ტიპს. ისინი წარმოადგენენ სოციალური სახელმწიფოს უნივერსალურ ფუნქციებს [29.7] და განსაზღვრავენ მის არსს.

კონკრეტული სოციალური სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციების რაოდენობიდან და მათი შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება განისაზღვროს, თუ რომელ ტიპს განეკუთვნება და ჩამოყალიბების, განვითარების ან მოდერნიზების რა ეტაპზე იმყოფება იგი. ცხადია, სახელმწიფოებს შორის ზოგადად ბევრი საერთო ნიშანი არსებობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოსა და სამართლის დარგის მკვლევარები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია სახელმწიფოებრივ-სოციალური მოწყობის რაიმე მზა მოდელის მექანიკური გადატანა და მორგება პირდაპირი სახით რომელიმე რეალურად არსებულ სახელმწიფოზე.

21-ე საუკუნის დასაწყისში სოციალური სახელმწიფოს კონტური მკაფიოდ გამოიკვეთა და იგი მყარად დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამასთან, არ არსებობს მოდელი, რომელიც იქნება აღიარებული იმ ახალი დემოკრატიების უმეტესობაში, რომლებიც ახლა იწყებენ სოციალური სახელმწიფოს შენებას. თუმცა, ინტეგრაციული პროცესების გაძლიერება, გლობალიზაცია, დემოგრაფიული პრობლემები ადამიანის უფლებათა კონტექსტში სახელმწიფოსა და მეცნიერების წინაშე აყენებს ამგვარ გამოწვევას. დასავლეთის ქვეყნებში შეინიშნება სოციალური სახელმწიფოებრიობის კრიზისი. ისინი დგანან მოდიფიკაციის, გარდაქმნის პრობლემის წინაშე. პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ნაწილი კი ამგვარი სახელმწიფოს ფორმირების მხოლოდ საწყის ეტაპზე იმყოფება [30.9].

სოციალური სახელმწიფოს შენების პროცესში მნიშვნელოვანია, თუ როგორია ქვეყნის ეროვნული და ეკონომიკური თავისებურებები. სწორედ აქედან გამომდინარე გაირკვევა – როგორი იქნება სოციალური სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივები. ამ პერსპექტივების მეცნიერული ანალიზის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია დასავლეთის სახელმწიფოების გამოცდილება.

ქვეყნებმა, რომლებიც სოციალურ სახელმწიფოებად ჩამოყალიბების გზას ადგანან, პირველ რიგში უნდა გააანალიზონ, თუ რომელი ტიპის სახელმწიფოდ ფორმირება იქნება მათთვის ოპტიმალური. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში არსებული ვითარების სრული ანალიტიკური შეფასება, შექმნილი სოციალური პრობლემების გადაჭრისათვის აუცილებელი სამართლებრივი ასპექტების გამოვლენა. საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის პრეამბულაში გაცხადებულია საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნება – «დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო». თუმცა, საქართველოში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზების სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის საჭიროა მისი არსისა და მნიშვნელობის, ფუნქციებისა და ელემენტების სიღრმისეული ანალიზი, რაც ნაკლებადაა წარმოდგენილი ქართულ იურიდიულ სამეცნიერო ლიტერატურაში. შესაბამისი მეცნიერული კვლევა-ძიება შექმნის იმ თეორიულ საფუძველს, რომლის გათვალისწინებითაც უნდა დაისახოს საქართველოში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზების პერსპექტივები და სამართლებრივი უზრუნველყოფის გარანტიები.

იაკობ ფუტკარაძე, სრული პროფესორი
თამარ ზაალიშვილი, დოქტორანტი

სოციალური სახელმწიფო როგორც კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპი – წარმოშობის წინაპირობები და განვითარების პერსპექტივები

სტატიაში გაანალიზებულია სოციალური სახელმწიფოს განვითარება ისტორიულ ჭრილში და მისი, როგორც კონსტიტუცურ-სამართლებრივი პრინციპის განმტკიცება. დასაბუთებულია, რომ საქართველოში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის რეალიზების უზრუნველყოფისა და სამართლებრივი გარანტიების შექმნისათვის საჭიროა მისი არსის, სამართლებრივი მნიშვნელობის, ფუნქციებისა და ელემენტების სიღრმისეული მეცნიერული ანალიზი, რაც ნაკლებადაა წარმოდგენილი ქართულ იურიდიულ სამეცნიერო ლიტერატურაში.

Iakob Futkaradze, Full Professor
Tamar Zaalishvili, Doctoral Student

Welfare State As a Constitutional Principle – Premises of Emergence and Development Prospeqts

Development of the welfare state in historical terms and its establishment as a constitutional principle is analyzed in the article. It is argued that in order to ensure implementation of the welfare state principle and provide its legislative guarantees in Georgia, there is a need for deep scientific analysis of its essence, legal significance, functions and elements. These are the issues, which have almost not been analyzed in the Georgian legal science so far.

ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა

1. ი. ფუტკარაძე. სოციალურ-ეკონომიკური უფლებების საერთაშორისო-სამართლებრივი და კონსტიტუციური რეგულირება. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. Gგამომცემლობა «უნივერსალი», თბ., 2009;

2.Гончаров П.Л. Социальное государство. сущность и принципы. Вестник Российского университета дружбы народов. Сер.: Политология. 2000. №2;

3. Stein L. von. Geschichte der Sozialen Bewegung in Frankreich vom 1789 bis auf unsere Tage. 3 Bd. Leipzig, 1850;

4. Stein L. von. Gegemwart und Zukunf der Rechts – und Staatswissenschaften Deutschlands. Stuttgart, 1876;

5. Gall L. Liberalismus und “burgerliche Gesellschaft”. Zu Charakter und Entwicklung der liberalen Bewegung in Deutschland. Histirische Zeitschrift. Bd. 220. 1975;

6. Ritter G. Der Sozialstaat – Entstehung und Entwicklung im internacionalen Vergleich. Munchen. 1989;

7.Конституции буржуазных стран. Т.I. М., 1935;

8. ა. დემეტრაშვილი, ი. კობახიძე. კონსტიტუციური სამართალი. თბ., საგამომცემლო სახლი «ინოვაცია». 2008;

9. პ. ცნობილაძე. საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. ტ. I. თბ., გამომცემლობა «უნივერსალი». 2005;

10. Heller H. Rechtsstaat oder Diktatur?, Recht und Staat in Geschichte und Gegenwart. Tьrbingen: J. C. B. Mohr, 1930;

11.Каленский В.Г. Социальное законодательство Англии. М. 1998;

12.Конституции государств Европы. М., Т.1.2001;

13.Конституции государств Европы. М., Т.3.2001;

14.Конституции государств Европы. М., Т.2. 2001;

15.Конституции государств Европы. М., Т.2. 2001;

16.Родионова О.В. Причины возникновения и функции социального государства и современная Россия. Вестник Ивановского Государственного Университета. Серия «Право.Экономика.Социология». 2002. Вып.4;

17.Тихомиров Ю.А. Стабильность интересов и конфликты в праве. Концепция стабильности закона. M., 2000;

18.Мамут Л.С. Социальное государство с точки зрения права. Государство и право.2001. №7;

19.Конституционое (государственное) право зарубежных стран. Руководитель и ответственный редактор доктор юридических наук, проф. Б.А.Страшун. М., 1996;

20.Bieback H. Sozialstaatsprinzip und Grundrechte. EuGRZ. 1985;

21. Zacher H. Handbuch des Staatsrechts, Hrsg. von Josef Isence/Paul Kirchof. Bd. I. Heidelberg. 1987;

22. Bair H. Ehrlichkeit im Sozialstaat. Zurich. 1988;

23. Braun H., Mathilde Niehaus. Sozialstaadt Bundesrespublik Deutschland auf dem Weg nach Europa. Campus Verlag. Frankfurt/Main. New Jork. 1990;

24. Aragon M. Los problemas del Estado Social. Sistema. Madrid.1994. N.118-119;

25.Гончаров П.Л. Социальное государство. сущность и принципы. Вестник Российского университета дружбы народов. Сер.: Политология. 2000. №2;

26.Мацонашвили Т. Проблемы перестроики социального государства в Западной Эвропе. Pro et Contra. 2001. Т.6. №3;

27.Новгородцев П.И., Покровский И.А. О праве на существование: Социально-философские этюды. М., СПб. Издание товарищества М.О. Вольф. 1911;

28.Urban H.J. Sozialpolitik in der globalisierten “Wissensgesellschaft”. Sozialer Fortschritt. Berlin; Munchen. 2000. N11/12;

29.Родионова О.В. Причины возникновения и функции социального государства и современная Россия. Вестник Ивановского Государственного университета. Серия «Право.Экономика.Социология». Вып.4. 2002;

30.Каргалова М.В. От социальной идеи к социальной интеграции. М., 1998

იაკობ ფუტკარაძე, სრული პროფესორი
თამარ ზაალიშვილი, დოქტორანტი

წყარო: თეუსუ. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალი. 2 (10). 2010 წ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: