Posted by: burusi | July 10, 2013

ნატო კაკაშვილი – სადაზღვევო ბიზნესის ფინანსური ასპექტები

economic

ნატო კაკაშვილი – სადაზღვევო ბიზნესის ფინანსური ასპექტები

2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე 14 სადაზღვევო კომპანია მოქმედებდა. 2009 წელს ლიცენზია მიიღო ორმა ახალმა სადაზღვევო კომპანიამ, თუმცა, იმავე დროს მოხდა ორი კომპანიის შერწყმა.მოქმედი 14 სადაზღვევო კომპანიიდან 11 ახორციელებს როგორც არასიცოცხლის, ისე სიცოცხლის დაზღვევას, ხოლო დანარჩენი 3, მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევას.

მოქმედი სადაზღვევო კომპანიებიდან 6 კომპანიას გააჩნია რეგისტრირებული საპენსიო სქემები, საიდანაც 3 სქემაა აქტიური, ამასთან, სადაზღვევო კომპანიებიდან ერთი უცხო ქვეყნის სადაზღვევო კომპანიის ფილიალია, 2 სადაზღვევო კომპანიას 100%-ით ფლობს არარეზიდენტი დამფუძნებელი, 4 სადაზღვევო კომპანიაში ნაწილობრივ მონაწილეობს არარეზიდენტი დამფუძნებელი, ხოლო 7 სადაზღვევო კომპანია დაფუძნებულია რეზიდენტი დამფუძნებლების მიერ.

მზღვეველთა მიერ მოწოდებული მონაცემებიდან გამომდინარე, მოზიდული პრემიის მიხედვით, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ჯამურ სადაზღვევო პრემიას წარმოადგენს, სადაზღვევო ბაზრის კონცენტრაცია 83.6%-ით ხუთ სადაზღვევო კომპანიაზე მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ იგივე მაჩვენებელი 2008 წლის მდგომარეობით 80%-ს შეადგენდა, ამ კოეფიციენტის ზრდა გარკვეულწილად 2 მსხვილი კომპანიის შერწყმითაა გამოწვეული.

სადაზღვევო კომპანიის შემოსავლად ითვლება ფულადი შემოსავლების ერთობლიობა, რომლის წყაროა სადაზღვევო, ან სხვა კანონით დაშვებული მოღვაწეობა.

სადაზღვევო კომპანიის შემოსავლები 3 ჯგუფად იყოფა:

შემოსავლები სადაზღვევო ოპერაციებიდან;

შემოსავლები საინვესტიციო საქმიანობიდან;

სხვა შემოსავლები (რომელსაც მიეკუთვნებიან შემოსავლები, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული სადაზღვევო ოპერაციებთან).

შემოსავლები სადაზღვევო ოპერაციებიდან მზღვეველის საშემოსავლო ბაზის შევსების ძირითადი წყარო და სადაზღვევო ბიზნესის არსებობის ძირითადი პირობაა, რომლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს დაზღვეულთა შენატანები, ანუ, სადაზღვევო პრემიები, რომლებიც მიღებულია პირდაპირი დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე.

სადაზღვევო კომპანიაში შემოსავლების მოცულობა დამოკიდებულია სადაზღვევო პორტფელის შემადგენლობაზე და სტრუქტურაზე, მარკეტინგულ სტრატეგიაზე და სხვა ფაქტორებზე. ამ ფაქტორთა მოქმედება ურთიერთდამოკიდებულია. მაგალითად, შემუშავებული მარკეტინგული სტრატეგიის რეალიზება შეუძლებელია შესაბამისი სატარიფო პოლიტიკის გატარების გარეშე, ხოლო, მომგებიანი მარკეტინგული სტრატეგია უზრუნველყოფს სადაზღვევო პორტფელის დაბალანსებას.

სადაზღვევო კომპანიას აქვს საშუალება განახორციელოს სადაზღვევო ოპერაციები თანადაზღვევის მექანიზმის მეშვეობით (სადაზღვევო კომპანია ღებულობს თავის თავზე გარკვეულ წილს საერთო რისკისა და ამის საფუძველზე იღებს ერთობლივი სადაზღვევო პრემიის ადეკვატურ ნაწილს).

თუ სადაზღვევო კომპანია ჩაბმულია გადაზღვევის სისტემაში, იგი ღებულობს ასევე გადაზღვევის პრემიას. გადაზღვევის პრემიის სიდიდე და არსებობა დამოკიდებულია გადაზღვევის განვითარებაზე რეგიონში. სადაზღვევო კომპანია, რომელიც მოქმედებს გადაზღვევის სისტემაში როგორც გადამზღვევი, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ღებულობს ზარალების გარკვეული წილით ანაზღაურებას.

სადაზღვევო კომპანია ასრულებს ასევე საშუამავლო ფუნქციებს. მაგალითად, რისკის გადაცემის სქემაში პირველადი მზღვეველი ღებულობს საკომისიოს გადამზღვეველისთვის რაფინირებული რისკის გადაცემისთვის. ასევე არსებობს შესაძლებლობა საკომისიოს, ან საბროკერო ანაზღაურების მიღებისა სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ რისკის მიუღებლად, მაგალითად, გარკვეული რისკის დათმობის შედეგად სხვა ორგანიზაციებისთვის.

სადაზღვევო კომპანიის საინვესტიციო საქმიანობა პირდაპირ არ არის დაკავშირებული დაზღვევასთან. ამ შემთხვევაში კაპიტალდაბანდების წყაროს წარმოადგენს დაზღვეულების შენატანები. მზღვეველის განკარგულებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მყოფი სადაზღვევო პრემიები დადგენილი წესის მიხედვით ინვესტირდება შემოსავლიან აქტივებში და მოაქვთ სადაზღვევო კომპანიისთვის საინვესტიციო შემოსავალი.

საინვესტიციო შესაძლებლობების თვალსაზრისით, სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევის რეზერვები გამოირჩევიან უფრო დიდი მიმზიდველობით, რადგანაც იმყოფებიან მზღვეველის განკარგულებაში დიდი დროის განმავლობაში. საინვესტიციო შემოსავლები კომპანიისთვის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. ამ სახით მიღებული შემოსავლებით მზღვეველი გასცემს ბონუსებს თავიანთი კლიენტებისთვის. ქვეყნებში, სადაც არსებობს განვითარებული საფონდო ბაზარი, საინვესტიციო შემოსავალი ხელს უწყობს სადაზღვევო ოპერაციებიდან დაზღვევის ზოგიერთ სახეობაში მიღებული უარყოფითი რეზულტატების გადაფარვას.

ზემოთჩამოთვლილი შემოსავლების გარდა, მზღვეველს ასევე აქვს საშუალება მიიღოს სხვა შემოსავლები. მაგალითად:

„დეპო პრემიებზე“ დარიცხული პროცენტები;

რეგრესის წესით მიღებული თანხები;

ძირითადი ფონდების, მატერიალური ფასეულობების და სხვა აქტივების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;

იჯარაში გადაცემით მიღებული შემოსავლები;

სადაზღვევო რეზერვებიდან თანხების დაბრუნებით მიღებული შემოსავლები;

საკონსულტაციო მომსახურებიდან, ან სწავლებიდან მიღებული შემოსავალი;

სადაზღვევო კომპანიის ხარჯები:

მზღვეველის ხარჯების კლასიფიკაცია ხდება სხვადასხვა ნიშნების მიხედვით:

განხორციელების დროის მიხედვით (დაფინანსების მიმდევრობით);

ძირითად საქმიანობასთან მიმართებით (სადაზღვევო ოპერაციებთან დაკავშირებულების მიხედვით) განხორციელების დროის მიხედვით სადაზღვევო კომპანიის ხარჯები იყოფიან:

ხარჯებზე, რომლებიც წინ უსწრებენ სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებას;

ხარჯებზე, რომლებიც გაიწევიან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, ან მსვლელობაში;

მზღვეველის ხარჯებზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას;

ხარჯებზე, რომლებსაც არ გააჩნია მჭიდრო კავშირი სადაზღვევო საქმიანობასთან.

მიმდინარე ხარჯებზე ძირითად საქმიანობასთან მიმართებით ხარჯები 2 დიდ ჯგუფად იყოფა:

ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია სადაზღვევო საქმიანობასთან;

ხარჯები, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სადაზღვევო საქმიანობასთან.

სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის სირთულე და მის მიერ შემოთავაზებული მომსახურების ნაირსახეობა მნიშვნელოვნად ართულებს ფინანსური შედეგის განსაზღვრას. ფინანსური შედეგი მთელი საფინანსო-სამეურნეო მოღვაწეობის შედეგია და ასახავს კომპანიის წარმატებას, ან წარუმატებლობას.

დაზღვევაში ფინანსური შედეგი განისაზღვრება გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემოსავლებისა და ხარჯების შეფარდების საფუძველზე. ზემოთაღნიშნული მეთოდი გამოიყენება ფინანსური შედეგის გამოსაანგარიშებლად, რომლებიც გამოიყენება მზღვეველის მოგების დასაბეგრად. ფინანსური შედეგი, როგორც დასაბეგრი ბაზა, გამოითვლება როგორც სხვაობა სადაზღვევო მომსახურების ამონაგებისა და სხვა საქმიანობიდან შემოსავლისა და იმ ხარჯების, რომლებიც აისახება პროდუქციის თვითღირებულებაში.

ფინანსური კუთხით კომპანიის შეფასებისას აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას კონკრეტული ფირმის საქმიანობის სახე და ადგილი. ისინი უნდა შეფასდეს იმ დარგის საერთო მაჩვენებელით, რომელშიც ეს ფირმა საქმიანობს და შემდეგ მოხდეს ამ ფირმის კოეფიციენტების გაანალიზება საერთო დარგობრივი მაჩვენებლის, ან სხვა მსგავსი ფირმების კოეფიციენტების ფონზე.

კომპანიის შეფასების შედეგად მიღებული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ფირმის მენეჯმენტის, ასევე, გარეშე ინვესტორების, ბანკების და სახელმწიფო მოხელეების მიერ. ზოგადი ფინანსური კოეფიციენტები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ფირმის, მათ შორის სადაზღვევო კომპანიის საქმიანობის შესაფასებლად შემდეგია:

ლიკვიდურობის კოეფიციენტები;

აქტივების მენეჯმენტის კოეფიციენტი;

ვალის მენეჯმენტის კოეფიციენტები;

მომგებიანობის კოეფიციენტები;

საბაზრო ღირებულების (ინვესტორთა უკუგების) კოეფიციენტები.

ეს არის ის ძირითადი და ზოგადი კოეფიციენტები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ დარგში მომუშავე ფირმისთვის. თუმცა, ხშირად გვიწევს სპეციფიკის გათვალისწინებაც და შეფასების კოეფიციენტებიც უფრო მრავალფეროვანი და დეტალური ხდება. სადაზღვევო კომპანიების შეფასებისას ერთგვაროვანი და ობიექტური აზრის გამოსახატავად შემოღებულია სარეიტინგო სისტემა. რეიტინგი – ეს არის შეხედულება სადაზღვევო კომპანიის საიმედოობაზე და ფინანსურ სიმყარეზე, რომელსაც შეუძლია შეასრულოს სადაზღვევო ვალდებულებები დროის მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში. მსოფლიოში დაზღვევის სფეროში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოებია: Standard & Poor’s Corp., Moody’s Investor Service Inc., A.M.Best Company, Duff & Phelps Credit Rating Co., Fitch IBCA.

2009 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების მიერ მიღებული სადაზღვევო შემოსავალი (გამომუშავებული პრემია ნეტო) 269.9 მლნ ლარი იყო, რაც 80,26%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. შემოსავლების ასეთი ზრდა განპირობებულია ბოლო წლებში სადაზღვევო ბაზრის მკვეთრი ზრდით. საანგარიშო წელს კომპანიებმა გამოიმუშავეს და შემოსავალი მიიღეს როგორც მიმდინარე წლის, ისე წინა წლების მოზიდული პრემიებიდან. დამდგარმა სადაზღვევო ზარალებმა საანგარიშო პერიოდში 173.2 მლნ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება 54,59%-ით. როგორც ჩანს, საანგარიშო პერიოდში სადაზღვევო შემოსავლის ზრდამ გადააჭარბა სადაზღვევო ზარალების ზრდას, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ზარალიანობის კოეფიციენტის გაუმჯობესებას და კომპანიის მომგებიანობის ზრდას. მომგებიანობის ზრდასთან ერთად გაუმჯობესდა სხვა ფინანსური კოეფიციენტები: საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების უკუგებამ შეადგინა: უკუგება კაპიტალზე (Return on equity) 44,19%-ი, უკუგება აქტივებზე (return on assets) 6,35%-ი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების საერთო მოცულობა 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 331.5 მლნ ლარი იყო, რაც 32,28% – ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სადაზღვევო საქმიანობა მზღვეველისთვის მომგებიანია, დამზღვევებისთვის დაზღვევა ფინანსურად საშუალოდ წამგებიანია, მაგრამ მთლიანობაში მაინც ხელსაყრელია, ვინაიდან:

ათავისუფლებს მას განუსაზღვრელობისგან და აძლევს ფინანსური დაგეგმარების საშუალებას.

ანიჭებს მას „სულიერ სიმშვიდეს“, უნერგავს მშვიდი მომავლის რწმენას.

იცავს მას ფინანსური კატასტროფებისგან, უქმნის სტაბილურ ფინანსურ მომავალს.

სადაზღვევო საქმიანობა ფინანსური და სოციალური სტაბილურობის ერთ – ერთი საფუძველია, წარმოუდგენელია განვითარებული, სტაბილური ქვეყანა, რომელშიც არ არის განვითარებული სადაზღვევო ბაზარი.

ნატო კაკაშვილი
თსუ ასოცირებული პროფესორი

წყარო: ბიზნესი და კანონმდებლობა 2010 №19-20


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: