Posted by: burusi | July 10, 2013

ნატო კაკაშვილი – აქტუარული ანგარიშსწორება საზღვარგარეთის ქვეყნებში

Dollar ladder - 3d render

ნატო კაკაშვილი – აქტუარული ანგარიშსწორება საზღვარგარეთის ქვეყნებში

აქტუარებზე მოთხოვნაა, როდესაც საქმე გვაქვს რისკზე დაფუძნებულ დაზღვევასთან („risk-based insurance“), ანუ, როდესაც სადაზღვევო რეგულირების პროცესში ჩადებულია რისკი, რომელიც დაკავშირებულია დამზღვევთან, მზღვეველთან და გამოხატულია მომავალ გადახდებში.

რეალური რისკი, რომელიც დაკავშირებულია სიცოცხლის დაზღვევასთან და საპენსიო დაზღვევასთან ტრადიციულად გამოიხატება სიკვდილიანობის ცხრილებში, არამარტო შედგენილი და გამოცემულია, არამედ, მათი შესაბამისობა გადამოწმებული და დადასტურებულია სახელმწიფოს მიერ. შესაბამისი ცხრილების შედგენა, შემოწმება, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე სადაზღვევო ინდუსტრიის, თუ მას სურს შეინარჩუნოს მისაღები სოციალური რეპუტაცია.

სადაზღვევო სიკვდილიანობის ცხრილების არსებობა და მისი შესაბამისობა სადაზღვევო ბაზრის განვითარების და მოსახლეობის ინტერესების დაცვის ერთერთი მთავარი შემადგენელია.

რისკის აღწერის არასრულყოფილებამ შეიძლება იქონიოს ზეგავლენა ბიზნესის სფეროზე. მაგალითად:

გადაზღვევაზე პორტფელის მოთხოვნა, რომელმაც არ გაიარა აქტუარული ანალიზი, იწვევს უსაფუძვლოდ მაღალ გადაზღვევის პრემიებს.

რეალური რისკის არცოდნამ შეიძლება გამოიწვიოს დემპინგი ბაზარზე.

სიკვდილიანობის ცხრილები არის რისკის შეფასების ფორმა, რომელიც მიღებულია სიცოცხლის დაზღვევაში. სიცოცხლის გარდა სხვა სადაზღვევო მომსახურებაში რისკების რაოდენობა საკმაოდ იზრდება და შესაბამისად, მისი შეფასებაც ძნელი ხდება, ხოლო პრინციპი რჩება იგივე.

ნებისმიერი დამზღვევი, ჩათვლის დაზღვევას კეთილსინდისიერად, თუ იგი იქნება დარწმუნებული, რომ შემოთავაზებული მომსახურება არის მის მიერ გადახდილი პრემიების ექვივალენტური. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია სავალდებულო დაზღვევაში, რადგან, კლიენტის უკმაყოფილება იქნება მიმართული სახელმწიფოსკენ, რომელიც ყიდულობს სადაზღვევო პოლისს. რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო ბაზრის მოდელები გამოხატულია „ექვივალენტობის პრინციპში“. თუმცა, ასეთი ექვივალენტობის დაცვა საკმაოდ რთულია. საკმაოდ რთულია მოუმზადებელი ადამიანისთვის იმის ახსნა, თუ რაში მდგომარეობს ეს პრინციპი, რადგან, მართვის ერთ მხარეს არის კონკრეტული რიცხვი (სადაზღვევო პრემია), ხოლო, მეორეს მხრივ, შემთხვევითი სიდიდე (გადახდა, რომელიც იცვლება ნულიდან – სადაზღვევო შემთხვევის არ მოხდენის შემთხვევაში, უზარმაზარ რიცხვებამდე – რომელსაც ადგილი აქვს კატასტროფების შემთხვევაში).

ექვივალენტურობის პრინციპის მეორე მხარეა გადახდისუნარიანობა, რომლის თანახმად, პრემიები უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ სადაზღვევო კომპანიამ შეძლოს შეასრულოს თავისი ვალდებულებები.

სწორედ ამაში მდგომარეობს აქტუარული მათემატიკის უმთავრესი ამოცანა, სადაზღვევო რეგულირებასთან მიმართებაში. „ექვივალენტობის – გადახდისუნარიანობის“ ბალანსის შეფასება მოითხოვს რისკის ზუსტ ცოდნას. ამასთან, სტატისტიკური და ალბათობითი ანალიზის საკმაოდ კარგად დამუშავებას.

1980-იან წლებში ფინეთში და შემდგომ დიდ ბრიტანეთში შეიქმნა „Finnish Solvency Working Party“ და „British Solvency Working Party“, რომელთა მიზანი იყო სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის შესწავლა. ამ ჯგუფების მიზანი გახლდათ სადაზღვევო პროცესის მოდელების შექმნა და ამ მოდელების მეთოდიკის შესწავლა. ამ დირექტივების საფუძველზე შემდგომში შეიქმნა თანამედროვე ევროპული კანონმდებლობა, რისთვისაც აუცილებელი იყო ახალი პროგრამული პროდუქტების შექმნა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ახალი სტანდარტები და ა.შ. რომლებიც შემუშავებული იყო „Finnish Solvency Working Party“ და „British Solvency Working Party“-ს საფუძველზე.

განვითარებულ ქვეყნებში არსებობს აქტუარული პროფესიის საზედამხედველო ორგანოებში და სადაზღვევო ბაზრის მაკონტროლებელ ორგანოებში გამოყენების სხვადასხვა მოდელები – პასუხისმგებელი აქტუარიის მოდელი (კანადური) და ორაქტუარული მოდელი (ფრანგული). კანადურ მოდელში აქტუარს ეკისრება პასუხისმგებლობის დიდი წილი სადაზღვევო კომპანიის ზედამხედველობაში და კონტროლში. აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე მოსახვედრად აქტუარებს უხდებათ საკმაოდ მკაცრი შერჩევის გავლა. ზედამხედველობის მეორე მოდელში პასუხისმგებლობა დაკისრებულია სახელმწიფო ორგანოზე, აქტუარი კი არის წარმოდგენილი, როგორც მრჩეველი და შუამავალი პრობლემების გადაჭრისას საზედამხედველო ორგანოსა და კომპანიებს შორის.

მოდელის არჩევაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, როგორიცაა: სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა, ბაზარზე სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა, აქტუარული პროფესიის განვითარება ქვეყანაში, საზედამხედველო სამსახურების სურვილი სრულყოს ფინანსური კონტროლისა და მდგრადობის შეფასების სისტემა აქტუარების აქტიური გამოყენებით.

თუ სადაზღვევო ბაზარი იყენებს უმარტივეს მეთოდებს ტარიფებისა და რეზერვების გამოსათვლელად, ეს იმას ნიშნავს, რომ ბაზარი არ არის მზად აქტუარებისთვის. არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ბაზარზე მონაწილე სადაზღვევო კომპანიების რაოდენობას: რაც უფრო მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, მით უფრო მეტია იმის შესაძლებლობა, რომ აქტიურად იქნება გამოყენებული აქტუარები საზედამხედველო მიზნებისათვის. ეს მისცემს საშუალებას საზედამხედველო სამსახურს უფრო ეფექტურად გამოიყენოს თავისი ისედაც შეზღუდული რესურსები. ასევე აღსანიშნავია, რომ როდესაც სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა არის მცირე, მაგრამ ამასთან, ისინი არიან საკმაოდ მძლავრები და ასრულებენ რთულ ოპერაციებს, საზედამხედველო ორგანოებისთვის აქტუარების დახმარება შეიძლება უფრო მეტად საჭირო გახდეს, ვიდრე, პირველ შემთხვევაში, როცა, საქმე გვქონდა კომპანიების დიდ რაოდენობასთან, რომლებიც ასრულებენ მარტივ ოპერაციებს.

მეორე გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია თვითონ აქტუარის პროფესიის განვითარების დონე სადაზღვევო ბაზარზე. საზედამხედველო სისტემის შემუშავებისას საჭიროა გააზრებულ იქნას, არის თუ არა სადაზღვევო ბაზარზე შესაბამისად მომზადებული აქტუარები. თუ ბაზარზე ცოტაა იმ აქტუარების რაოდენობა, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ ოფიციალური ფუნქციები, ამან შეიძლება მიგვიყვანოს პრაქტიკულ სირთულეებთან. აქტუარების საქმიანობის სრულყოფილებისთვის გამოიყენება ისეთი პრაქტიკული მეთოდები, როგორიცაა: მოქმედი აქტუარების სერტიფიცირება, შედარებითი მიმოხილვის განხორციელება, კვალიფიკაციის ამაღლება, რომელიც შეიძლება იყოს განხორციელებული როგორც აქტუართა ასოციაციებით, ისე საზედამხედველო ორგანოთი.

საფრანგეთისა და ესპანეთის ზედამხედველობის მიდგომა განსხვავდება კანადური მოდელისგან იმით, რომ ხაზს უსვამს პირდაპირი კონტროლის მნიშვნელობას. ამასთან, აქტუარი შეიძლება იყოს როგორც კომპანიის თანამშრომელი, ისევე, გარე კონსულტანტი. ითვლება, რომ პასუხისმგებელი აქტუარის მოდელის გამოყენება ავიწროებს საზედამხედველო ორგანოების შესაძლებლობებს, როდესაც ბაზარს შეიძლება სჭირდებოდეს ფინანსური ანგარიშგების მკაცრი კონტროლი, აქტუარული სისტემების შეფასება, შიდა მონაცემთა ბაზის შესწავლა, აქტუარული მეთოდების ტესტირება კონკრეტულ შემთხვევებში. სწორედ აქტუარების არსებობამ როგორც საზედამხედველო სამსახურში, ისევე კომპანიებში, მისცა სახელი – ორაქტუარული.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოსახლეობის დაბერებისა და საპენსიო სახსრების დეფიციტის პერსპექტივა გახდა პრობლემა არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. კარგი იქნება, თუ საპენსიო სქემების აქტუარული შეფასების გამოცდილების სხვადასხვა ასპექტებს ჩვენთანაც გამოვიყენებთ. დღესდღეობით უმსხვილესი, არამარტო აქტივების რაოდენობის მხრივ (5.5 ტრილიონ დოლარზე მეტი), არამედ საპენსიო უზრუნველყოფის ფორმების ვარიაციის მიხედვით, საპენსიო ფონდი გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამიტომაც შესაბამისი აქტუარული შეფასებები და საზედამხედველო სამსახურის გამოცდილება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა მომუშავე მოსახლეობაზე ფინანსური ზეწოლის ზრდას, რაც დაკავშირებულია (1946 – 1964 წწ.) ომის შემდგომი დემოგრაფიული ბუმის თაობის საპენსიო ასაკში შესვლასთან. თუ 2000 წელს 100 მომუშავე პირზე მოდიოდა 22 პენსიონერი, 2020 წლისათვის მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება 29-მდე, 2040 წლისათვის კი იქნება უკვე 38. ეს პრობლემას შეუქმნის, როგორც სახელმწიფო სოციალური დაცვის სისტემას, ასევე, სახელმწიფო გარანტიების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს არასახელმწიფო პენსიებს, რომელიც ხორციელდება ეგრეთწოდებული „საპენსიო საგარანტიო დახმარების კორპორაციით“ (Pension Benefit Guarantee Corporation, PBGC).

რუსეთში აქტუარების მოღვაწეობის რეგულირება ძირითადად ხორციელდება არასახელმწიფო საპენსიო ფონდებში. აქტუარებისთვის წაყენებული კანონმდებრივი მოთხოვნები წარდგენილია კანონში „არასახელმწიფო საპენსიო ფონდების შესახებ“ და გამოიხატება სადაზღვევო ფონდების ზედამხედველობაში აქტუარის მიერ. კანონის თანახმად, ყოველი საპენსიო ფონდი უგზავნის ზედამხედველობის სამსახურს ყოველწლიურად აქტუარის დასკვნას ფონდის საქმიანობაზე.

„არასახელმწიფო ფონდების შესახებ“ კანონში შესწორებების შეტანამდე (2002 – წლამდე) ზოგიერთ შემთხვევაში ფონდის აქტუარები ადეკვატური შეფასების მიცემის საშუალებას იყვნენ მოკლებულნი. საქმე იმაშია, რომ ისინი იყვნენ სრულებით დამოკიდებულები ხელმძღვანელობაზე. ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო ხელმძღვანელს (რომელსაც სურს დამალოს ნეგატიური ტენდენციები ფონდის საქმიანობაში) და აქტუარს შორის, (რომელმაც უნდა ობიექტურად და პროფესიონალურად შეაფასოს ფონდი), ნაკლებად იქნებოდა გადაწყვეტილი აქტუარის სასარგებლოდ. ამ შემთხვევაში აქტუარი დგებოდა არჩევანის წინაშე – გააკეთოს არასწორი დასკვნა, თუ დაკარგოს სამსახური.

ფონდის ხელმძღვანელობის მიერ აქტუარებზე ზეგავლენისგან თავის დასაცავად კანონში მიღებულ იქნა სპეციალური პუნქტი. კერძოდ, აქტუარი, რომელიც ასრულებს სადაზღვევო ფონდის საქმიანობის შეფასებას, არ შეიძლება იყოს ამ ფონდის წარმომადგენელი. ეს კანონი მატებს ნდობას აქტუარის საქმიანობას და უზრუნველყოფს მისი შეფასების დამოუკიდებლობას. ახლანდელ პირობებში აქტუარულ გამოთვლებში ყველაზე პერსპექტიულ სფეროდ ითვლება ინვესტიციებისა და ფასიანი ქაღალდების მენეჯმენტის დარგები. მოსალოდნელია, რომ დროთა განმავლობაში ეს ბაზარი სწრაფ განვითარებას დაიწყებს, რადგან, იმისათვის, რომ თავისუფალმა ფულადმა სახსრებმა დაიწყონ შემოსავლის მოტანა, აუცილებელია ამ სახსრების ინვესტირება. ფასიანი ქაღალდების მენეჯმენტის მთავარი მიზანია – ფასიანი ქაღალდების ოპტიმალური პორტფელის შექმნა. ეს ამოცანა საკმაოდ რთული საქმეა აქტუარიისთვის.

აქტუარი თამაშობს რისკის სტაბილიზატორის როლს, რადგან, სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სქემები, დაზღვევა (ნებაყოფლობითი და იძულებითი) და სხვა სფეროები წარმოადგენს რისკის სტაბილიზაციის მექანიზმის მაგალითს. მოთხოვნა აქტუარულ გამოთვლებზე მოსალოდნელია ქვეყანაში გრძელვადიანი სიცოცხლის დაზღვევისა და ანუიტეტების განვითარებასთან ერთად. მაგალითად, აშშ-ში და კანადაში მუშაობს დაახლოებით 20 000 სერტიფიცირებული აქტუარი (დაახლოებით 1 სპეციალისტი 18 000 მოსახლეობაზე). Wall Street Journal-ის ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, 2002 და 2009 წლებში აქტუარიის პროფესია შედიოდა პროფესიების ყველაზე საუკეთესო სამეულში.

ნატო კაკაშვილი,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

წყარო: ბიზნესი და კანონმდებლობა 2010 №21


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: