Posted by: burusi | July 7, 2013

გიორგი გიგოლაშვილი – 2013 წ. საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელია

Dollar ladder - 3d render

გიორგი გიგოლაშვილი – 2013 საქართველოს სადაზღვევო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელია

რა ხდებოდა სადაზღვევო სისტემაში 2013-მდე?

1990-იანების დასაწყისიდან 1997 წლამდე: სადაზღვევო სისტემის სამართლებრივი რეგულირების არარსებობის წლები. ამ პერიოდის ბაზრის ოფიციალურად აღრიცხული და დადასტურებული სტატისტიკური მაჩვენებლები არ გვაქვს. ამ წლებიდან დღეისთვის მხოლოდ 1 სადაზღვევო კომპანია მუშაობს ბაზარზე.

1997 წ. პარლამენტი იღებს კანონს‘’დაზღვევის შესახებ’’. იწყება სისტემის სამართლებრივი რეგულირება. იქმნება სადაზღვევო კომპანიათა საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები. განისაზღვრება მინიმალური კაპიტალის სიდიდე 1997 წლის 10 000 ლარიდან დღევანდელ 1 000 000 ლარამდე. იწყება სადაზღვევო ბაზრის სტატისტიკური, მოგვიანებით – ფინანსური მონაცემების აღრიცხვა. სახელმწიფოს ბაზარზე შემოაქვს ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა (1997 წ.-დან) და სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა (1999 წ.-დან), უამრავი ხარვეზით და არაგონივრული, გაბერილი ფასებით (პირველ სახეობაში სულ მოზიდული იყო დაახლ. 23 მლნ. ლარი, ხოლო ზარალებზე გაცემული იყო დაახლ. 4 მლნ. ლარი, მეორეში – მოზიდული იყო დაახლ. 23 მლნ. ლარი, ანაზღაურებებზე გაიცა დაახლ. 2,4 მლნ. ლარი). ამ კანონებიდან დღეს არცერთი არ მოქმედებს.

2008 წლიდან იწყება სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამების განხორციელება, რომელთა დასაფინასებლადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა და რომლებსაც სამართლიანი კრიტიკა არ მოკლებია.

2013 წ. 28 თებერვლიდან იწყება საყოველთაო დაზღვევის პროგრამის განხორციელება, რომელმაც საბოლოო ჯამში საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა დააზღვიოს საბაზისო სამედიცინო სადაზღვევო პაკეტით.

სად ვართ ახლა?

სადაზღვევო კომპანიების რაოდენობის მაქსიმუმი იყო 25 (1997 წელს), დღეს ბაზარზე საქმიანობს 14 სადაზღვევო კომპანია. (2012 წ. ბოლოს აზერბაიჯანში სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა იყო 10, სომხეთში – 7).

სადაზღვევო პრემიების სიდიდე 1998 წლის 9 მილიონიდან გაზრდილია 2012 წლის 3 კვარტლის მდგომარეობით 420 მილიონ ლარამდე, აქედან სამედიცინო (არა მხოლოდ სახელმწიფო) დაზღვევაზე დაახლ. 352 მლნ. ლარი მოდის. (აზერბაიჯანში 2012 წ. ჯამურმა პრემიამ 460 მლნ.-მდე აშშ დოლარი შეადგინა, სომხეთში – 90 მლნ.-მდე აშშ დოლარი).
დაახლ. 850 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დაზღვეულია 35 000 ერთეული. დაზღვეული შენობა-ნაგებობების რაოდენობა 38 000-მდეა.

ამ წერილის თემა არ არის საქართველოს სადაზღვევო ბაზრის პოტენციალის ანალიზი, მაგრამ ზოგადად ვიტყვი – საშუალოვადიან პერსპექტივაში, უახლოეს 3-4 წელიწადში, თუ ამ ეტაპზე ორიენტირად ავიღებთ განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნების ერთ-ერთ მაჩვენებელს – პრემიის სიდიდეს 1 სულ მოსახლეზე (117 აშშ დოლარი 2011 წ. მონაცემებით), საქართველოს სადაზღვევო ბაზარს შეუძლია მოზიდული პრემიის სახით 1 მილიარდლარიანი ზღვრის მიღწევა. ამ შესაძლებლობის გამოყენება დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ე.წ. სადაზღვევო კულტურაზე და სადაზღვევო კომპანიათა სიძლიერეზე. და რეალურად მიღწევადიცაა.

რა შეიძლება მოხდეს?

ამ წელს სრულდება 2008 – 2012 წლებში დაწყებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამები. საყოველთაო დაზღვევის პროგრამას კერძო სადაზღვევო კომპანიები აღარ განახორციელებენ (ამაში დღეს არსებული 14-დან 7 კომპანიაა ჩართული. 2010-ში არსებული 9-დან 2 უკვე გასულია ბაზრიდან.), ამას სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი გააკეთებს.
რა გავლენას მოახდენს ეს კერძო სადაზღვევო სექტორზე?

პირველ რიგში, კერძო სადაზღვევო სექტორს მოაკლდება წელიწადში 300 მლნ.-მდე ლარი, რაც 2012 წ. ჯამური პრემიის ნახევარი ან კიდევ მეტი იქნება (2012 წ. მონაცემები ჯერ არაა ოფიციალურად გამოქვეყნებული).

მეორეც, სადაზღვევო კომპანიებს მოაკლდებათ მანამდე მიმდინარე პროგრამებით დაზღვეული 1 700 000-მდე ადამიანი. ეს კი ნიშნავს შემდეგს: სადაზღვევო კომპანიებს აღარ დასჭირდებათ შესაბამისი სერვისების გასაწევი ინფრასტრუქტურა, შესამცირებელი ან გასაუქმებელი იქნება ოფისების/სერვის-ცენტრების ნაწილი, გადასახედი იქნება კონტრაქტები სამედიცინო პროვაიდერ დაწესებულებებთან, აუცილებელი გახდება ამ სახეობებში დასაქმებული კადრების გადამზადება და, სავარაუდოდ, მათი ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლება.

მესამე – იმ სადაზღვევო კომპანიებს (თუ ყველას არა, ნაწილს მაინც), რომელთა პორტფელის ლომის წილი სახელმწიფო პროგრამებზე მოდის, შეექმნებათ ფინანსური პრობლემები, რისი თავიდან აცილებაც მხოლოდ სხვა (არასამედიცინო დაზღვევის) სახეობების სწრაფად ათვისებით უნდა მოახერხონ, თუ ამას ვერ შეძლებენ, მათ მოუწევთ ბაზრიდან გასვლა ან უფრო ძლიერ კომპანიებთან შერწყმა.

მეოთხე – სადაზღვევო კომპანიებს მილიონობით (ზოგიერთს – ათეულობით მილიონი) ლარი აქვთ ინვესტირებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საავადმყოფო-კლინიკების მშენებლობაში. მათ მოუწევთ ამ ობიექტების მართვა ან გასხვისება, არა და მათი ფინანსური მომგებიანობა უახლოეს წლებში საეჭვოა.

მეხუთე – სადაზღვევო ბიზნესი აღარ იქნება დამოკიდებული სახელმწიფო პროგრამებზე, რაც კონკურენციას და სერვისების ხარისხს დროთა განმავლობაში ნამდვილად აამაღლებს.

მეექვსე – სადაზღვევო ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ამას გაამძაფრებს ისიც, რომ წელს შეიძლება ბაზარზე 1 ან მეტი უცხოური სადაზღვევო კომპანიაც შემოვიდეს (ამ ინფორმაციამ ახლახანს კიდევ ერთხელ გაიჟღერა). ძლიერი სადაზღვევო კომპანიები შექმნიან საყოველთაო დაზღვევის საბაზისო პაკეტის შემავსებელ სამედიცინო დაზღვევის პროდუქტებს, ასევე, მათი მხრიდან მეტი ყურადღება მიექცევა ქონების და პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზრებს.

სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი

სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი განახორციელებს საყოველთაო დაზღვევის პროგრამას. საბაზისო სადაზღვევო პაკეტი ამ წლის ივლისიდან უფრო მეტის მომცველი გახდება და უფრო კარგად შეასრულებს დაზღვევის რეალურ დანიშნულებას.

ამავე დროს ფონდი იქნება არაკომერციული ორგანიზაცია, მისი მიზანი არ იქნება ფინანსური მოგების მიღება და პრემიის მოგების შესაბამისი ნაწილი ისევ დაზღვეულთა სერვისს მოხმარდება.

ხარისხიანად მართვის შემთხვევაში ფონდი ბიუროკრატულობის საფრთხესაც აიცილებს თავიდან. მნიშვნელოვანია მას შეეძლოს ხარისხიანი ანუ სწრაფი, მარტივი და კომფორტული მომსახურების უზრუნველმყოფი სისტემის შექმნა. შედეგების შეფასება ჯერ ადრეა, თუმცა ამის წინაპირობები უკვე არსებობს (სამედიცინო დაწესებულებებთან კონტრაქტების სტანდარტიზაცია, სამედიცინო პროვაიდერის არჩევის თავისუფლება, გაიდლაინების შექმნაზე დაჩქარებული მუშაობა . . . ). მომავალში იმედია ფონდი თანამედროვე ინფორმაციული/კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებასაც დაიწყებს მხარეთა შორის მონაცემთა და ინფორმაციის მატერიალური ფორმით გაცვლის ნაცვლად (ამის წინაპირობა უკვე ჩადებულია სათანადო დადგენილებაში).

ის საფრთხე, რომ თითქოს და ამ ფონდის ამუშავება ჯანდაცვის სისტემაში კორუფციის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს, ჩემი აზრით არ არსებობს. ჯერ ერთი, ამას არავინ (ვერავინ) ასაბუთებს ლოგიკურად, მიზეზ-შედეგობრივი მსჯელობით. მეორეც – დაზღვევას ვინც არ უნდა ახორციელებდეს, სერვისის ძირითად თანხას სადაზღვევო ორგანიზაცია იხდის და, ხარისხიანად მართვის შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანიზაცია კერძო იქნება თუ სახელმწიფო (გავიხსენოთ წლების განმავლობაში არსებული სადაზღვევო კომპანიათა სამედიცინო დაწესებულებებისადმი დავალიანებების პრობლემები, რაც პირდაპირ ისახებოდა დაზღვეულებზე). მესამეც – სტანდარტული კონტრაქტები მკაფიოდ გაწერილი ფინანსური ვალდებულებებით, ვადებით და პროცედურებით კიდევ უფრო გაამარტივებს მხარეთა შორის ფინანსურ ანგარიშსწორებას, სამედიცინო პროვაიდერის მიერ თანხის დროულად და სრულად მიღება კიდევ უფრო აამაღლებს სერვისის ხარისხს (სათანადო სახელშეკრულებო კონტროლის თანხლებით).
მე ვგულისხმობ სისტემურ კორუფციას, თორემ რამდენიმე ერთეული შემთხვევა აქაც (ისევე, როგორც ყველა დროს და ყველა ქვეყანაში) გამოჩნდება ალბათ. სხვათა შორის, ქრთამის აღებაც და მიცემაც კანონმდებლობით ისჯება.

ფონდის მუშაობას იმედია არასამთავრობო სექტორის ფხიზელი სამოქალაქო მონიტორინგიც მნიშვნელოვნად წაეხმარება.

რა უნდა გაკეთდეს?

სადაზღვევო კომპანიების, როგორც ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობას, ბაზარი დაარეგულირებს. კონკურენცია ისედაც მაღალია. ტერიტორიული მონოპოლიების მოსპობა, საკუთარ პროდუქტებზე და საფასო პოლიტიკაზე დამოკიდებულება, კონკურენტული პოტენციალი, მოთხოვნა-მიწოდება, ხარისხი, კარგი კომუნიკაციები კლიენტებთან და საზოგადოებასთან წარმოაჩენს ძლიერ, მზარდ, განვითარებად და მეტ-ნაკლებად სუსტ კომპანიებს.

რაც შეეხება სადაზღვევო სისტემის სახელმწიფო რეგულირებას. ამ წელს ამოქმედდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური და სახელმწიფო რეგულირების ფუნქციების შესრულება მისი პირდაპირი დანიშნულება იქნება. პირველ რიგში სამსახურმა უნდა შეიმუშაოს სახელმწიფო სადაზღვევო კონცეფცია და პოლიტიკა (აქამდე არარსებული) და მკაფიო, კონკრეტული, რეალური პასუხები უნდა დასცეს კითხვებს: რა უნდა გაკეთდეს საქართველოს სადაზღვევო სისტემის გაძლიერებისთვის? რატომ? და როგორ? და ამ პასუხებს უნდა მოყვეს რეალური სამოქმედო გეგმის შემუშავება და მიზანმიმართულად შესრულება. სახელმწიფოებრივი აზროვნებით, უმაღლესი პროფესიონალიზმით და ობიექტურობით. დაზღვევა არსებობს დაზღვეულებისთვის და არა სახელმწიფოსთვის ან მზღვეველებისთვის. წარსულში სახელმწიფო თითქოს-და იხრებოდა სადაზღვევო კომპანიებისკენ: ზემოთ ნახსენები ორივე სავალდებულო დაზღვევა ძირითადად მზღვეველების ინტერესებზე იყო მისადაგებული.

ერთი შეხედვით იგივე ეხება სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებსაც (კიდევ ერთხელ გადავხედოთ 2010 წ. ტენდერის პირობებს), თუმცა ყველაზე დიდი პრობლემები სადაზღვევო კომპანიებს სწორედ ამ პროგრამებმა შეუქმნა,რისი წინაპირობებიც და შედეგებიც თვალსაჩინოა სისტემის მცოდნეთათვის.

ახალი სამსახურის საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფოს მიზნებს და უნდა ითვალისწინებდეს ზოგადად ქვეყნის, დაზღვეულთა და კერძო სექტორის ინტერესებსაც და არა მხოლოდ სისტემის რომელიმე ნაწილისას.

დღეს საუკეთესი დროა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ გაანალიზდეს წინა წლებში სადაზღვევო სისტემის განვითარებაში დაშვებული შეცდომები, სუსტი და ძლიერი მხარეები და მოხდეს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ამ სფეროს გეგმაზომიერად და მაღალშედეგიანად განვითარება.

თავისუფალი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა (და არავითარი მონოპოლიები), სადაზღვევო კომპანიათა ფინანსური მდგრადობის და გადახდისუნარიანობის მართვა (ასეულობით ათასი დაზღვეულის ინტერესთა დაცვისთვის), დაზღვევის სუსტად განვითარებული სახეობების (სიცოცხლის, საპენსიო) გაძლიერებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება, საქართველოსთვის აქტუალური რისკების დაზღვევის განვითარება (ძირითადად – აგრორისკების დაზღვევა, რომელიც თითქმის არცერთ ქვეყანაში არ განვითარებულა სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე), ავტოტრანსპორტის მფლობელთა/მძღოლთა პასუხისმგებლობის დაზღვევის (საზოგადოებრივი დატვირთვა) სისტემის ჩამოყალიბება, სახელმწიფო პროგრამების ფასთა გონივრული გათვლა, დაზღვეულთა უფლებების დაცულობის მაღალი დონის უზრუნველყოფა, თითოეული ინიციატივის ფინანსური-ეკონომიკური-სოციალური მხარეების ლოგიკურად და დამაჯერებლად დასაბუთება, პრობლემების სისტემატური იდენტიფიკაცია, მიზეზების ანალიზი და სისტემისთვის დამახასიათებელი რისკ-ფაქტორების მართვა, რეფორმების გავლენის გათვალისწინება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური მდგომარეობის კონტექსტში, ქართული სადაზღვევო სისტემის მჭიდრო ინტეგრაცია ევროპულ-ამერიკულ სისტემებთან – ეს იმ საკითხთა მხოლოდ მცირე ნაწილია, რომლებზეც დაზღვევაში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოს მოუწევს თავისი საქმიანობის პირველ ეტაპზე მუშაობა.

შევაჯამებ 2013-ში მიმდინარე და მოსალოდნელ ცვლილებებს:

1. სადაზღვევო კომპანიები აღარ განახორციელებენ სახელმწიფო სამედიცინო სადაზღვევო პროგრამებს და იმუშავებენ მხოლოდ ბიზნესის პრინციპებით.

2. ბაზარზე გამძაფრდება კონკურენცია, არსებულებიდან დარჩებიან ძლიერი კომპანიები, რომლებიც აიტანენ თავისი პორტფელიდან სახელმწიფო პრემიების დაკლებას. არაა გამორიცხული უცხოური სადაზღვევო კომპანი(ებ)ის შემოსვლაც.

3. შემცირდება ადრე სახელმწიფო პროგრამებში ჩართული კომპანიების ინფრასტრუქტურა. არაა გამორიცხული თანამშრომელთა ნაწილის დათხოვნაც.

4. სასწრაფოდ იქნება გადასაწყვეტი (კომპანიების მიერ. შესაძლოა – სახელმწიფოს თანამონაწილეობით) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში აშენებული სამედიცინო დაწესებულებების მართვის და შენარჩუნების პრობლემა.

5. სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი გაითვალისწინებს წინა პერიოდებში არსებულ პრობლემებს, პირველ რიგში, დაკავშირებულს დაზღვეულთა უფლებების დაუცველობასთან, და შექმნის დაზღვეულთათვის რეალური, მაღალხარისხიანი სერვისის უფრო გამართულ, თანამედროვე ელექტრონულ/კომპიუტერულ, მარკეტინგულ და მართვის ტექნოლოგიებზე დამყარებულ უზრუნველმყოფ სისტემას.

6. ამოქმედდება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გაატარებს თანამიმდევრულ სახელმწიფო სადაზღვევო პოლიტიკას, გაითვალისწინებს წინა წლების უარყოფით გამოცდილებას, სწორად მართავს რისკებს, სადაზღვევო ბაზარზე შემოიტანს ყველა ძლიერ ქვეყანაში მოქმედ დაზღვევის სისტემებს (ავტოპასუხისმგებლობის სავალდებულო, აგრორისკების, პროფესიული პასუხისმგებლობების, საბროკერო და სააგენტო საქმიანობის), ზოგადად – იზრუნებს ბაზრის ფინანსურ მდგრადობასა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მის განვითარებაზე.

ზოგადად – სახელმწიფოებრივი ნებისა და პროფესიონალიზმის გამოყენებით უზრუნველყოფილი უნდა იყოს, პირველ რიგში, ბაზარზე სტაბილურობა და მერე – სისტემის განვითარებისთვის აუცილებელი შესაძლებლობების შედეგიანად გამოყენება. კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მიერ ამის წარმატებით შესრულება, დარწმუნებული ვარ, უახლოეს რამდენიმე წელიწადში ამიერკავკასიის რეგიონში ქართულ სადაზღვევო სისტემას ლიდერად აქცევს, ხოლო მთლიანად ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო იქნება.

გიორგი გიგოლაშვილი – საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი

წყარო: ბანკები და ფინანსები


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: