Posted by: burusi | September 17, 2010

თენგიზ ვერულავა – “საზღვრებით ჩაკეტილი სადაზღვევო ბაზარი”

თენგიზ ვერულავა – Tengiz Verulava

თენგიზ ვერულავა – “საზღვრებით ჩაკეტილი სადაზღვევო ბაზარი”

ყველამ კარგად იცით, თუ რა როლი ეკისრებოდა აშშ-ში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჯანდაცვის სფეროს. მიუხედავად განსხვავებული მიდგომებისა, ქვეყნის ორივე მსხვილი პარტია, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული, ერთ რამეში თანხმდებოდნენ: ამერიკის ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს ძირეულ რეფორმირებას. ამ წერილში ვრცლად არ შევეხები აშშ-ში ჯანდაცვის რეფორმას. ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ცალკე წერილი. აქ შევეხები ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას, რომელიც მიჩნეულია აშშ-ში ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად და რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იგივე პრობლემა შესაძლებელია დაუდგეს საქართველოს ჯანდაცვასაც.

საქმე იმაში გახლავთ, რომ აშშ-ში ჯანდაცვის მაღალი დანახარჯების ერთერთი მიზეზი თავად სახელმწიფოა, ანუ სახელმწიფოს მხრიდან გაზრდილი, უსაფუძვლო რეგულაციები. აქვე ავღნიშნავ, რომ ჯანდაცვის სპეციფიკურ ბაზარზე მინიმალურ რეგულაციებს მაინც ვერსად გაექცევი, თუნდაც იმ მარტივი მიზეზით, რომ ასეთი უსაფუძვლო რეგულაციები აიცილო თავიდან. აქ კი გვახსენდება მილტონ ფრიდმანის სიტყვები – სახელმწიფოს ფუნქციაა დაიცვას კონკურენცია. მეც სწორედ ამ თვალსაზრისით ვიყენებ ლიბერალური ეკონომიკის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლის გამოთქმულ სიტყვებს, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბაზარი არასაჭირო რეგულაციებისაგან.

ცოტა უცნაურადაც კი მოგვეჩვენება ეს განაცხადი. სახელმწიფომ როგორ უნდა დაიცვას ბაზარი საკუთარი უსაფუძვლო ჩარევებისაგან? ასეც ხდება.

მაინც რაში მდგომარეობს ეს ჩარევები?

შტატების კანონმდებლობით ბენეფიციარს უფლება აქვს მხოლოდ შტატის შიგნით აირჩიოს სადაზღვევო კომპანია, ხოლო შტატის გარეთ არ შეუძლია არჩევანის გაკეთება.

ზოგიერთი იკითხავს, კი მაგრამ შტატის შიგნით ხომ აქვს არჩევის უფლება და აირჩიოს რომელიც მოეწონება.

სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული.

კერძოდ,  სხვადასხვა შტატში სამედიცინო დაზღვევის რეგულირების განსხვავებული წესებია. ზოგიერთი შტატი, დადგენილი სალიცენზიო წესების შეაბამისად, სადაზღვევო კომპანიას ავალდებულებს სადაზღვევო პაკეტში სამედიცინო სერვისების გარკვეული სახეების ჩართვას. მაგალითად, უკვე დადგენილია, რომ შტატების მიერ შემოღებულია 1.823 სხვადასხვა მოთხოვნა დაზღვევით მოცვისათვის (11). ზოგიერთი ექსპერტის მიხედვით, ასეთი სავალდებულო წესით ჩართული სერვისების რაოდენობა საშუალოდ 38-ს აღწევს (1). ასე მაგალითად, 45 შტატი სავალდებულოდ მიიჩნევს სადაზღვევო პაკეტში ანტიალკოჰოლურ მკურნალობის ჩართვას, 30 შტატი – კონტრაცეპტივებით მოცვას, 13 შტატი – ინ-ვიტრო ფერტილიზაციის მოცვას (2). ნიუ ჯერსის შტატი სავალდებულოდ მიიჩნევს 40-ზე მეტი სერვისის ჩართვას, მათ შორის: ინ-ვიტრო ფერტილიზაცია, კონტრაცეპტივები, ქიროპოდისტები, 25 წლამდე ბავშვთა მოცვა (3) და ა.შ.

მერე რა მოხდა? ჩართოს ეს სერვისები, ბენეფიციარისათვის უკეთესი არაა?

აღნიშნული სერვისების სავალდებულოდ ჩასმა ზრდის თავად სადაზღვევო პაკეტის ღირებულებას. ერთი კვლევის მიხედვით, სავალდებულო წესით ასეთი სახის სერვისების ჩართვა სტანდარტული სამედიცინო დაზღვევის პოლისის 15 %-ით გაძვირებას განაპირობებს (4). Wall Street Journal-ის მიხედვით,  ნიუ იორკში რეგულაციების გამო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი დაახლოებით 10 ჯერ უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მეზობელ კონეკტიკუტის შტატში (11).

აბა რაში ჭირდება ბენეფიციართა უმეტესობას ანტიალკოჰოლური მკურნალობა, ან კონტრაცეპტივები? ზოგიერთი ბენეფიციარისათვის (მაგ. კათოლიკეებისათვის) ზოგი სერვისების (მაგ. კონტრაცეპტივები) სადაზღვევო პაკეტში სავალდებულოდ ჩართვა  როგორც რელიგიური, ასევე მორალური თვალსაზრისით მიუღებელია (5).

ნიუ ჯერსის შტატში, სადაც სახელმწიფოს მეტი ჩარევებია, ახალგაზრდა ასაკის დაზღვეულთათვის სადაზღვევო პოლისის ღირებულება დაახლოებით 5580 დოლარამდე აღწევს, მაშინ როდესაც კენტუკში, სადაც შედარებით მცირე რეგულაციებია, ახალგაზრდებისათვის სადაზღვევო პოლისი 960 დოლარი ღირს (7;8). ამასთან, ნიუ ჯერსის მოქალაქეს შტატების კანონმდებლობა უფლებას არ აძლევს კენტუკში იყიდოს შედარებით იაფი სადაზღვევო პოლისი (7).

ამ მიზეზებითაა, რომ ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარები უარს აცხადებენ დაზღვევაზე და ემატებიან დაუზღვეველთა მილიონიან არმიას, რაც წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება. მკვლევართა აზრით, დაუზღვეველთა 25 % მიიჩნევს, რომ მათი დაუზღვევლობის მიზეზი სადაზღვევო პაკეტში ასეთი სერვისების სავალდებულო წესით ჩართვაა და შესაბამისად ამავე მიზეზით მისი გაძვირება (6).

მდგომარეობას ართულებს ის გარემოებაც, რომ შტატების სალიცენზიო წესები ბენეფიციარებს და დამქირავებლებს უკრძალავს სხვა შტატში დაბალხარჯიანი, შედარებით იაფი სადაზღვევო პაკეტის შეძენას (5). თუ ბენეფიციარი მინესოტაში ცხოვრობს და არ სურს შეიძინოს სადაზღვევო პაკეტში სავალდებულო სახით შემავალი ყველა 60 სახის სერვისები, მას უფლება არ აქვს აირჩიოს აიდაჰოს შტატში ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი, რომელიც სავალდებულო სახით მცირე რაოდენობის სერვისებს მოიცავს (11), ან სხვა შტატში, რომლის კანონმდებლობით სადაზღვევო პაკეტი საერთოდ არ მოიცავს სავალდებულო სერვისებს.   იქმნება შტატისშიდა ე.წ. ჩაკეტილი ბაზარი, რომლიდან გარეთ, სხვა შტატში გასვლის უფლება არ გაქვს.

დაუჯერებელი ამბავია ამერიკული თავისუფლების იდეალებისთვის, მაგრამ ასეა.

ბევრი ექსპერტი მიუთითებს, რომ  საჭიროა ერთ შტატში ”ჩაკეტილი” სადაზღვევო ბაზრის გარღვევა და ”კონკურენტული ფედერალიზმის” ხელშეწყობა. ამისათვის კი აუცილებელია ისეთი ფედერალური კანონის მიღება, რომელიც მოახდენს შტატებს შორის სადაზღვევო პროდუქტის ყიდვისათვის დაწესებული ბარიერებისგან პრევენციას (5). ასეთი კანონი მომხმარებელს (განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან დაუზღვეველს) შესაძლებლობას მისცემს შეადაროს თავისი შტატის სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო პაკეტი სხვა შტატების სადაზღვევო პაკეტებს და შეიძინოს სასურველი პაკეტი.

ამის შემდეგ ჯაჭვის რეაქციასავით ერთმანეთს მიყვება დადებითი გამოსავლები. ერთ შტატში ჩაკეტილი სადაზღვევო ბაზრის გარღვევა, ანუ ”კონკურენტული ფედერალიზმი” თავის მხრივ შეამცირებს უსაფუძვლო რეგულაციებს, შტატების მიერ სამედიცინო დაზღვევის საკუთარი, მარეგულირებელი წესების დანერგვის ტენდენციას, აამაღლებს სამედიცინო დაზღვევის, სერვისების მიწოდების ხარისხს, და რაც ყველაზე მთავარია, გაზრდის დაბალშემოსავლიანი პირებისათვის სადაზღვევო პაკეტის ხელმისაწვდომობას, შესაამისად შეამცირებს დაუზღვეველთა რაოდენობას (9).

ანუ, მილიონობით ასანთის ღერებისგან ხელოვნურად აწყობილი სისტემის შეცვლას ერთი ხელის კვრა უნდა, მეტი კი არაფერი.

მაგრამ ასეთი სახის მარეგულირებელი კანონებისგან დაცვის საშუალებას თავად აშშ-ის კონსტიტუციაც იძლევა, რომლის I მუხლის, 8 ნაწილი კონგრესს ”შტატებს შორის ვაჭრობის რეგულირების” უფლებას აძლევს. ამ კანონით შესაძლებელია შტატებს შორის ვაჭრობაზე ბარიერების (მაგ., სალიცენზიო წესები) პრევენცია (10).

გამოდის, რომ ამერიკელები არ იყენებენ ამ კანონს. თუ რატომ არ იყენებენ და გვერდს უვლიან, სხვა წერილში განვიხილოთ.

ჩვენთვის იმით არის საინტერესო აშშ-ის სადაზღვევო ბაზრის გამოცდილება, რომ საქართველოშიც იგივე, მე ვიტყოდი უფრო უარესი მდგომარეობაა. თუ აშშ-ში ერთი შტატის შიგნით მაინც შესაძლებელია სადაზღვევო კომპანიებს შორის არჩევანის გაკეთება, საქართველოში ერთ რაიონში, თუ ქალაქში მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანიაა და საერთოდ დაკარგულია თავისუფალი არჩევანის უფლება.

დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

ლიტერატურა:

  1. Victoria Craig Bunce, J. P. Wieske, and Vlasta Prikazsky, “Health Insurance Mandates in the States 2007,” Council for Affordable Health Insurance, http://www.cahi.org/cahi_contents/resources/pdf/MandatesInTheStates2007.pdf.
  2. Michael F. Cannon, Sinking SCHIP A First Step toward Stopping the Growth of Government Health Programs, Cato Institute, 2007
  3. Victoria Craig Bunce and J. P. Wieske, “Health Insurance Mandates in the States 2008,” Council for Affordable Health Insurance, 2008.
  4. U.S. Congressional Budget Office, “Increasing Small-Firm Health Insurance Coverage through Association Health Plans and HealthMarts,” January 2000, pp. 16–17, http://www.cbo.gov/ftp docs/18xx/doc1815/healthins.pdf. See also William J. Congdon, Amanda Kowalski, and Mark H. Showalter, “State Health Insurance Regulations and the Price of High-Deductible Policies,” working paper, January 15, 2005.
  5. Michael F. Cannon, Sinking SCHIP A First Step toward Stopping the Growth of Government Health Programs, Cato Institute, 2007
  6. Frank A. Sloan and Christopher J. Conover, “Effects of State Reforms on Health Insurance Coverage of Adults,” Inquiry 35, no. 3 (Fall 1998): 280–93. See also Christopher J. Conover, “Health Care Regulation: A $169 Billion Hidden Tax,” CatoInstitute Policy Analysis no. 527, October 4, 2004, http://www.cato.org/pubs/pas/pa527.pdf, p. 21.
  7. Michael Tanner. A Fork in the Road Obama,McCain, and Health Care, Cato Institute, 2008
  8. Devon Herrick, ‘How to Create a Competitive Insurance Market,” National Center for Policy Analysis Brief Analysis no. 558, June 15, 2007, citing data fromthe Commonwealth Fund.
  9. Nina Owcharenko, “Making Association Health Plans a Success,” Heritage Foundation Backgrounder no. 1824, February 14, 2005.
  10. Steven G. Craig and Joel W. Sailors, “Interstate Trade Barriers and the Constitution,” Cato Journal 6, no. 3 (Winter 1987): 821,
  11. “Health Care,” Chapter 7 of the Cato Handbook for Congress, 109th Congress.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: