Posted by: burusi | July 7, 2010

თენგიზ ვერულავა – “სინგაპურის ჯანდაცვა – მაგალითი საქართველოსთვის”

თენგიზ ვერულავა – Tengiz Verulava

“სინგაპურის ჯანდაცვა – მაგალითი საქართველოსთვის”

არ არსებობს ეფექტური ჯანდაცვა სახელმწიფო და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების კომბინაციის გარეშე. ამ კომბინაციის შედეგი- სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა, საქართველოსათვის კარგი მაგალითია.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში პერმანენტული რეფორმები მიმდინარეობს. წელს მარტის თვემდე სადაზღვევო სისტემა გარკვეულწილად კონკურენტულ მოდელს მისდევდა, სადაც ბენეფიციარის უფლება ჰქონდა აერჩია სადაზღვევო კომპანია და სამედიცინო დაწესებულება. 2010 წლის 30 მარტის N 85 დადგენილების შემდეგ რაიონები კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიებს შორის გადანაწილდა, ანუ ერთ რაიონში სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ მოსახლეობას სადაზღვევო მომსახურებას მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანია გაუწევს, რითაც სადაზღვევო სისტემა კონკურენტულიდან არაკონკურენტულ მოდელზე გადავიდა.

სრულიად განსხვავებულ სისტემაზე ასეთი გადასვლა ბადებს კითხვას – აქვს თუ არა საქართველოს ჯანდაცვას რაიმე სტრატეგია?

ხშირად გაისმის, რომ ევროპული მოდელები მიუღებელია საქართველოსთვის, რადგან წინააღმდეგობაშია ქვეყანაში გამოცხადებულ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებთან (თუმცა, ამა წლის მარტის თვიდან რაიონებად გადანაწილებული სადაზღვევო სისტემა სრულიად ეწინააღმდეგება ლიბერალურ მიდგომებს). ლიბერტარიანელთათვის ასევე მიუღებელია აშშ-ში ბარაკ ობამას მიერ მოსახლეობის უნივერსალური მოცვისკენ გადადგმული ნაბიჯები.

თუ არც ევროპული და არც ამერიკული, მაშინ რომელი სისტემაა უფრო მისაღები საქართველოსთვის?

საქართველოსთვის, სადაც ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები სახელმწიფო პოლიტიკადაა გამოცხადებული, საინტერესოა მსოფლიოში ყველაზე ლიბერალური ქვეყნის, სინგაპურის გამოცდილების გაზიარება.

დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ სინგაპური ჩამოყალიბდა როგორც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა. ამ პატარა ქვეყნის მიღწევები იმითაც არის შთამბეჭდავი, რომ მისი ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია. ასევე წარმატებულადაა აღიარებული სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა, სადაც განვითარებულ ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები ხარჯებით (მშპ-ის 4 %-ზე დაბალი) მიღწეულ იქნა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი (სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, ბავშვთა სიკვდილიანობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა).

ჯერ კიდევ 2000 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სისტემის მაჩვენებლებით 191 ქვეყნებს შორის სინგაპურს მეექვსე ადგილი მიანიჭა. ხოლო 2003 წელს პოლიტიკური და ეკონომიკური რისკის საკონსულტაციო ჯგუფმა (Political and Economic Risk Consultancy – PERC) ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო სამეულში შეიყვანა.

მკვლევართა აზრით, დაბალი ხარჯებით ეფექტური ჯანდაცვის მიღწევა განპირობებულია ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების თანმიმდევრული განხორციელებით. ლიბერალური ეკონომიკის მიმდევრები, მათ შორის თომას მასსარო (Thomas A. Massaro) და უონგი (Wong) ევროპული, თუ ამერიკული სადაზღვევო სისტემის ნაცვლად უპირატესობას ანიჭებენ სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების სისტემას. ისინი მიიჩნევენ, რომ სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების სისტემა ახლოსაა ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებთან, რადგან დაკავშირებულია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ამაღლებასთან, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას.

სინგაპურის წარმატება – ჯანდაცვაზე სახელმწიფო და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების ეფექტურ კომბინაციის მაგალითია, რაც რეალური სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების სისტემამ გახადა შესაძლებელი.

სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშები (Medisave), როგორც დაზღვევის ალტერნატიული ფორმა პირველად 1984 წელს შემოიღეს სინგაპურში. სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშები გულისხმობს მოსახლეობის შემოსავლიდან გარკვეული ნაწილის ყოველთვიურ სავალდებულო შენატანს ინდივიდუალურ მიზნობრივ ანგარიშზე, რომელიც მიმართულია ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად. ბენეფიციარის გარდაცვალების შემდეგ ეს ანგარიში ანდერძით შეიძლება გადავიდეს მემკვიდრეზე.

დეპოზიტურ ანგარიშების შემოღების უმთავრესი მიზანი – სადაზღვევო ბაზრისათვის დამახასიათებელი რიგი პრომლემების ამოფხვრაა, მათ შორის ნეგატიური შერჩევა, მორალური რისკი, გადამხდელისაგან წარმოქმნილი პრობლემები, ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა.

მედისეივი (Medisave) სავალდებულო საპენსიო სქემის ერთ-ერთი ნაწილია, სადაც შენატანი შეადგენს ხელფასის 33 %-ს (13 პროცენტი დამსაქმებლის წილი და 20 პროცენტი – დაქირავებულის წილი). 33 %-დან 6,5-დან 9 %-მდე  (დამოკიდეულია ასაკზე) გადაირიცხება დაქირავებულის მედისეივის ანგარიშზე. 35 წლამდე ასაკის პირთათვის შენატანი შეადგენს ხელფასის 6,5 %-ს, 35-45 წლის ასაკში – 7,5 %-ს, 45-65 წლის ასაკში – 8,5 %-ს. 60 წელს ზევით – 9 %-ს. მედისეივის ანგარიშზე თანხის მაქსიმალურ რაოდენობას (დღეისათვის იგი შეადგენს $37,000-ს) განსაზღვრავს სპეციალური ორგანიზაცია. თვითდასაქმეული პირი რომლის წლიური შემოსავალია $6,000 ვალდეულია შენატანები შეიტანოს მედისეივის ანგარიშზე.

დღეს მედისეივით სინგაპურის მოსახლეობის დაახლოებით 85 %-ია მოცული. 2008 წლის დეკემბრის მონაცემებით, სინგაპურელს მედისეივის ანგარიშზე დაახლოებით S$ 14,900 (დაახლოებით US$ 10,000.) გააჩნდა. ცნობისათვის, აღნიშნული თანხა საკმარისია გადახდილ იქნეს 10-12 სუბსიდირებული მწვავე ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდი (50 %-იანი თანაგადახდით).

მედისეივი შესაძლებლობას იძლევა ბენეფიციარმა (შესაბამისად ოჯახის წევრებმა) მიიღონ ბაზისური სამედიცინო მომსახურება (ჰოსპიტალური მომსახურება და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების გარკვეული სახეები). დეპოზიტური ანგარიშის მფლობელი თავად ირჩევს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს.

სამედიცინო დეპოზიტურ ანგარიშების სისტემის გარდა ქვეყანაში გამოიყენება სადაზღვევო სქემები, სახელმწიფო ასევე სუბსიდირებით ეხმარება მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიასაც. სუბსიდირებით ფინანსდება სახელმწიფო საავადმყოფოები და საზოგადოებრივი ჯანდაცვა, რაც შეადგენს ჯანდაცვაზე მთლიანი ხარჯების ერთ მესამედს.

სამედიცინო დეპოზიტურ ანგარიშების გარდა სხვა სქემებს წარმოადგენს: მედიფანდი (Medifund), მედიშილდი (Medishield) და ელდერშილდი (Eldershield).

მედიშილდი (Medishield) ნაციონალური სადაზღვევო სქემაა (შემოღებულ იქნა 1990 წელს) და მოიცავს იმ მაღალხარჯიანი და ქრონიკული დაავადებების კომპონენტს, რომლებიც არ არის დაფარული მედისეივით. სქემა ითვალისწინებს თანაგადახდას, თანადაზღვევას. ბოლო წლებში სახელმწიფომ კერძო სადაზღვევო კომპანიებს ნება დართო შეექმნათ მედიშილდის მსგავსი სქემები, რის შედეგად მოსახლეობას გაუჩნდა მედიშილდსა და კერძო სადაზღვევო კომპანიას შორის არჩევანის შესაძლებლობა.

მედიფანდი (Medifund) წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდს რომლითაც იმ ღარიბ პირთა სამედიცინო მომსახურება ფინანსდება, რომლებზეც არ ხორციელდება სუბსიდირება, ან იმ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ Medisave ან Medishield-ის სქემებში, მაგრამ ჯანდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით აქვთ ფინანსური სირთულეები.

ელდერშილდი (ასაკოვანთათვის), წარმოადგენს კერძო სადაზღვევო სქემას, როგორც ზემოაღნიშნული სამი სქემის დამატება. მისი მიზანია მძიმე ინვალიდობის შემთხვევაში სამედიცინო ხარჯების დაფინანსება.

დასაქმებულთა (აგრეთვე მათი ოჯახის წევრები) მნიშვნელოვანი ნაწილი მოცულია კერძო სამედიცინო დაზღვევის სქემით (“Integrated Shield plans”). ამ სქემით ფინასდება ზემოაღნიშნული სქემებით მოუცველი სამედიცინო მომსახურების ხარჯები. მნიშვნელოვანია, რომ კერძო სამედიცინო დაზღვევის სქემაში (“Integrated Shield plans”) გაწევრიანებისათვის სავალდებულოა მედიშილდის სქემაში ჩართვა (ესეც შენი სახელმწიფო ჩაურევლობა ყველაზე ლიბერალურ ქვეყანაში). აღნიშნული ხელს უწყობს რისკების აუზის გაფართოებას.

ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეოლოგი მილტონ ფრიდმანი წერდა: “ჩვენ ვერ ავიცილებთ მთავრობისათვის გარკვეულ საკითხთა გადაცემას“ და ამ საკითხთაგან უპირველესად მიიჩნევდა კონკურენციის დაცვას. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სინგაპურის ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფოს მინიმალური მარეგულირებელი როლის განხილვა.

სამედიცინო დეპოზიტური ანგარიშების სისტემა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სახით ჩარევებს. აღნიშნული განპირობებულია მიმწოდებლების მიერ სტიმულირებული მოთხოვნის შესამცირებლად, რადგან სინგაპურის ჯანდაცვის სისტემაში ფასისმიერი კონკურენცია ნაკლებია, ხოლო ხარისხისმიერი კონკურენცია ხელს უწყობს ჯანდაცვაზე დანახარჯების და სერვისებზე ფასების ზრდას.

ჰოსპიტალურ სექტორში სახელმწიფოს დომინანტური როლის გამო (29 საავადმყოფოდან 13 სახელმწიფო საავადმყოფოს წარმოადგენს), მათზე ვრცელდება სახელმწიფო პოლიტიკა ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით, რომლითაც რეგულირდება საწოლთა ფონდი, სახელმწიფო გავლენას ახდენს ჯანდაცვის ხარჯების ზრდის შეკავებაზე, ყოველწლიურად აქვეყნებს საავადმყოფოთა ფინანსურ ანგარიშებს, საქმიანობის სხვა მაჩვენებლებს, რაც ხელს უწყობს ფასისმიერი კონკურენციის და ბენეფიციართა ინფორმირებულობის ამაღლებას. იგი ახორციელებს სახელმწიფო საავადმყოფოების ნაწილობრივ სუბსიდირებას (80 %-ით). ბოლო წლებში სახელმწიფომ დაიწყო სახელმწიფო საავადმყოფოების რესტრუქტურიზაცია, რის შედეგად საავადმყოფოები ჩამოყალიბდნენ როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი კერძო კომპანიები (მართვის ავტონომიით).

სინგაპურში სამედიცინო მომსახურების მიწოდების შერეული სისტემაა. გადაუდებელი დახმარების 80 %-ის მიწოდება ხორციელდება სახელმწიფო სექტორის მიერ. პირველადი ჯანდაცვის სექტორში კერძო მიმწოდებლები შეადგენენ 80 %-ს. მედდის სახლებში და მოვლის ცენტრებში მომსახურეობას ეწევიან კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომელთა უმრავლესობა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

პირველად ჯანდაცვას უზრუნველყოფს 18 სახელმწიფო პოლიკლინიკა (20 %) და 2,000 კერძო სამედიცინო კლინიკები (80 %). ამბულატორიული კონსულტაციის საშუალო საფასური შეადგენს S$8-ს. 65 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეებისათვის, აგრეთვე 18 წლამდე ბავშვებისათვის დაწესებულია 25%-იანი თანაგადახდა, ხოლო სხვა  მოქალაქეებისათვის 50%-იანი თანაგადახდა.

2006 წლის მონაცემებით ქვეყანაში ფუნქციონირებდა 29 საავადმყოფო  და სპეციალიზირებული ცენტრი, საწოლთა რაოდენობა შეადგენს 11545-ს (2,6 საწოლი 1000 მოსახლეზე). საწოლთა 72 % თავმოყრილია 13 სახელმწიფო საავადმყოფოსა და სპეციალიზირებული ცენტრებში (საწოლთა რაოდენობა შეადგენს 185-დან 2064 საწოლს). 13 სახელმწიფო საავადმყოფოდან 5 ზოგადი პროფილის საავადმყოფოა, 1 ქალთა და ბავშვთა საავადმყოფო, 1 ფსიქიატრიული და 6 ნაციონალური ცენტრები (ონკოლოგიური, კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, დერმატოლოგიური, ნევროლოგიური და სტომატოლოგიური).

სახელმწიფო საავადმყოფოებში პაციენტებს შეუძლიათ აირჩიონ პალატები. სახელმწიფო საავადმყოფოების 80 % სახელმწიფოს მიერ სუბსიდირდება (B2  და C კლასის საწოლები), დანარჩენი 20 % მცირედ სუბსიდირდება (В1 კლასის საწოლები), ხოლო A  კლასის საწოლები საერთოდ არ სუბსიდირდება. 2006 წლის მონაცემებით, გადაუდებელი დახმარების საავადმყოფოებში საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 4.7 დღეს, ხოლო საშუალო დატვირთვა 75 %-ს.

არარსებობს ეფექტური ჯანდაცვა სახელმწიფო და ინდივიდუალური პასუხისმგებლობების კომბინაციის გარეშე. ამის საუკეთესო მაგალითს კი სინგაპურის ჯანდაცვა წარმოადგენს, რაც გასათვალისწინებელია საქართველოსათვის, როგორც ლიბერალური ეკონომიკის გზით მიმავალი ქვეყნისათვის.

თენგიზ ვერულავა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის ეკონომისტი
საქართველოს უნივერსიტეტი


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: