Posted by: burusi | July 7, 2010

თენგიზ ვერულავა – “ჯანდაცვის დაფინანსების სისტემები, დაფინანსების წყაროები”


თენგიზ ვერულავა – Tengiz Verulava

“ჯანდაცვის დაფინანსების სისტემები, დაფინანსების წყაროები”

ჯანდაცვის დაფინანსების სისტემები

ძნელია რომელიმე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა განსაზღვრულ მოდელს მიაკუთვნო. თანამედროვე ჯანდაცვის სისტემები შერეული სახისაა, რადგან თითოეული აერთიანებს დაფინანსების და სამედიცინო დახმარების მიწოდების სხვადასხვა ფორმებს. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ცალკეული ქვეყნის ჯანდაცვა გარკვეულ სისტემას მივაკუთვნოთ, იმის მიხედვით, თუ მოცემულ ქვეყანაში დაფინანსების (კერძო ან სახელმწიფო) და მიწოდების (კერძო, სახელმწიფო ან არაკომერციული) რომელი ფორმაა უპირატესად განვითარებული:

  • სახელმწიფო დაფინანსება, სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო მიმწოდებლები (ყოფილი საბჭოთა კავშირი);
  • სახელმწიფო (საზოგადოებრივი) დაფინანსება, სამედიცინო დახმარების კერძო მიმწოდებლები, ანუ დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო (საზოგადოებრივი) სახსრებიდან (გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი…);
  • კერძო დაფინანსება, სამედიცინო დახმარების კერძო მიმწოდებლები (ა.შ.შ.).
  • კერძო დაფინანსება, სამედიცინო დახმარების არაკომერციული მიმწოდებლები (ა.შ.შ-ში ზოგიერთი ჯანდაცვის მხარდამჭერი ორგანიზაცია – HMO).

მ. ფოტაკი ჯანდაცვის სისტემების შემდეგ კლასიფიკაციას გვაძლევს:

  • უნივერსალური (ბევერიჯის) მოდელი;
  • სოციალური დაზღვევის (ბისმარკის) მოდელი;
  • სამხრეთი მოდელი – ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი და ნაწილობრივ იტალია;
  • სოციალ-დემოკრატიული (სკანდინავიის) მოდელი – ფინეთი, შვეცია, დანია;
  • კონსერვატიულ-კორპორატიული (იაპონია);
  • ლათინურ-ამერიკული;
  • აღმოსავლეთ აზიის განვითარებული სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემები;
  • გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემები – აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ზოგიერთი ქვეყანა.

მ. გ. ფილდი (Field M. G) საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურის მიხედვით პირობითად გამოყოფს ჯანდაცვის სისტემების 5 ჯგუფს:

  • კლასიკური;
  • პლურალისტური;
  • სადაზღვევო;
  • ნაციონალური;
  • სოციალისტური.

დღეისათვის უფრო მიღებულია ჯანდაცვის სისტემების კლასიფიკაცია დაფინანსების წყაროების მიხედვით, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ.

ცხრილი 1: ჯანდაცვის სისტემები დაფინანსებისა და ადმინისტრირების პრინციპების მიხედვით

ჯანდაცვის სისტემები დაფინანსებისა და ადმინისტრირების პრინციპების მიხედვით

ცხრილი 2: ჯანდაცვის სისტემები და ქვეყნის ეკონომიკური დონე

ჯანდაცვის სისტემები და ქვეყნის ეკონომიკური დონე

წყარო: Sachs, 2001

ჯანდაცვის ფინანსური წყაროები

ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების 5 წყარო არსებობს:

  • სახელმწიფო სავალდებულო გადასახადები (საერთო გადასახადები);
  • სამედიცინო სადაზღვევო შენატანები (სოციალური და ჯანმრთელობის კერძო დაზღვევა);
  • მიზნობრივი გადასახადები;
  • მოსახლეობის პირდაპირი გადახდები (ჯიბიდან გადახდები);
  • ქველმოქმედება.

ქვემოთ მოცემულ სქემაზე მოცემულია ჯანდაცვის დაფინანსების მთავარი სისტემები და ფინანსური ნაკადები.

სქემა 1: ჯანდაცვის დაფინანსების სისტემები და ფინანსური ნაკადები

ჯანდაცვის სისტემები და ფინანსური ნაკადები

ცხრილი 3: დაფინანსების სისტემების დამახასიათებელი ნიშნები

დაფინანსების სისტემების დამახასიათებელი ნიშნები

წყარო: С. Виттер; Т. Енсор; Введение в Экономику Здравоохранения для Стран Восточной Европы и СНГ. Центр Экономики Здравоохранения, Университет Уорка.

ცხრილი 4: დაფინანსების სისტემების ძირითადი თავისებურებები

დაფინანსების სისტემების ძირითადი თავისებურებები

სქემა 2: დაფინანსების სისტემები

დაფინანსების სისტემები

წყარო: Maeda 1998.

ცხრილი 5: ქვეყნების დაჯგუფება დაფინანსების სისტემების მიხედვით, 2002 წ.

დაფინანსების მექანიზმებით დაჯგუფებული ქვეყნები, 2002 წ.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჯანდაცვის დაფინანსება უპირატესად ორი ძირითადი წყაროს: სოციალური სადაზღვევო შენატანებისა (საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები) და საერთო გადასახადების (general taxation) საშუალებით (დანია, ფინეთი, ირლანდია, იტალია, ნორვეგია, პორტუგალია, ესპანეთი, შვეცია, დიდი ბრიტანეთი) ხორციელდება. განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის ხარჯებში მნიშვნელოვანი წილი უდევს მოსახლეობის პირად შენატანებს.

ნახ. 1: ჯანდაცვის ხარჯებში საერთო გადასახადების (general taxation) და სოციალური დაზღვევის წილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ა.შ.შ.-ში

ჯანდაცვის ხარჯებში საერთო გადასახადების (გენერალ ტახატიონ) და სოციალური დაზღვევის წილი დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და ა.შ.შ.-ში

წყარო: Reinhard Busse, Jonas Schreyögg, and Christian Gericke, Analyzing Changes in Health Financing Arrangements in High-Income Countries, 2007, The International Bank for Reconstruction and Development / The World Bank

შენიშვნა: L – ლუქსემბურგი, NL – ნიდერლანდები, F – საფრანგეთი, D – გერმანია, J – იაპონია, B – ბელგია, A – ავსტრია, GR – საბერძნეთი, IS – ისლანდია, ROK – კორეა, CH – შვეიცარია, SGP – სინგაპური, FIN – ფინეთი, CDN – კანადა, N – ნორვეგია, E – ესპანეთი, P – პორტუგალია, IRL – ირლანდია, S – შვეცია, UK – დიდი ბრიტანეთი, NZ – ახ. ზელანდია, I – იტალია, AUS – ავსტრალია.

ფაქტიურად ჯანდაცვის ყველა სისტემაში გამოიყენება დაფინანსების სხვადასხვა წყაროები. თუმცა, ჯანდაცვის დაფინანსება ძირითადად სახელმწიფო სავალდებულო გადასახადებით (საერთო გადასახადები) ან სამედიცინო სადაზღვევო შენატანით ხორციელდება, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვის დაფინანსების ძირითად წყაროს მოსახლეობის პირადი შენატანები წარმოადგენს.

ასე მაგალითად, გერმანიაში ჯანდაცვის საერთო ხარჯებში ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის წილი შეადგენს 57 %-ს (2002 წ.). საპენსიო დაზღვევიდან წილი – 1,7 %-ს (ძირითადად სარეაბილიტაციო მკურნალობაზე), საწარმოო ტრავმატიზმის დაზღვევიდან – 1,7 %-ს, ხანგრძლივი სამედიცინო მოვლის დაზღვევიდან – 7 %-ს, სახელმწიფო ხაზინიდან – 7,8 %-ს, მოსახლეობის პირდაპირი შენატანები – 12,2 %, კერძო დაზღვევა – 8,4 %) (იხ. ცხრილი).

ცხრილი 6: ჯანდაცვის დაფინანსების სხვადასხვა წყაროების პროცენტული განაწილება, გერმანია (1992, 2002 წწ.)

ჯანდაცვის დაფინანსების სხვადასხვა წყაროების პროცენტული წილი გერმანიაში (1992, 2002 წწ.)

წყარო: Busse R, Reisberg A. Health Care System in Transition: Germany, Copenhagen, WHO. Regional Office on behalf of the European Observatory on Health Systems and Policies, 2004.

რუსეთის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება შერეულ ხასიათს ატარებს (სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ფონდები და საბიუჯეტო სახსრები). 1999 წლის მონაცემებით, ჯანდაცვის დაფინანსების საბიუჯეტო შემოსავლები შეადგენდა 50 %-ს (5 % – ფედერალური ბიუჯეტი; 45 % – რეგიონული ბიუჯეტი), სამედიცინო სადაზღვევო შენატანები შეადგენდა 16 %-ს, ხოლო ჯიბიდან გადახდები 34 % -ს (Россия, Системы здравоохранения: время перемен, Европейская обсерватория по системам здравоохранения, 2003.).

საქართველოში 1995 წელს დაწყებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმის შედეგად ძირეულად შეიცვალა სამედიცინო მომსახურების სისტემა. ე.წ. საბჭოური ცენტრალიზებული მოდელის ნაცვლად დაინერგა სადაზღვევო მოდელი. 1996 წელს შეიქმნა “სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია” (სდსკ). რომლის დაფინანსების ძირითად წყაროს წარმოადგენდა:

  • სახელმწიფო ბიუჯეტი;
  • სავალდებულო სადაზღვევო შენატანები (დამქირავებელი – 3 %, დაქირავებული – 1%).

სქემა 3: საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება (1995-2003 წწ.)

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოდელი (1995-2003 წწ.)

შენიშვნა: 1. დაქირავებულის სავალდებულო სადაზღვევო შენატანები 1% ; 2. დამქირავებლის სავალდებულო სადაზღვევო შენატანები 3%; 3. სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები; 4. ცენტრალური ბიუჯეტის თანხა; 5. სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამების დაფინანსება, კონტრაქტებით; 6. საბიუჯეტო ტრანსფერი; 7. დაფინანსება სამედიცინო დაწესებულებებისათვის; 8. ჯიბიდან გადახდები ან თანაგადახდა პროგრამების მიხედვით; 9. მომსახურება; 10. დაფინანსება ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მხრიდან.

2004 წელს “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ახალმა მთავრობამ შემოეღო “სოციალური გადასახადები”. რეფორმის შედეგად სოციალური და ჯანდაცვითი ხარჯები იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სქემა 4: ფინანსური ნაკადები საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

ფინანსების დინება საქართველოს ჯანდაცვის სექტორში

მიზნობრივი გადასახადები

მიზნობრივი გადასახადები წარმოადგენს გარკვეულ საქონელზე (თამბაქო, ალკოჰოლი) არსებული გადასახადებიდან შემოსავლებს. იგი მიზნობრივი სახით გადაეცემა ჯანდაცვის სისტემის დასაფინანსებლად. მიზნობრივი გადასახადები ჯანდაცვის დაფინანსების დამატებით წყაროს წარმოადგენს და მისი წილი შედარებით უმნიშვნელოა სხვა წყაროებთან შედარებით. საფრანგეთში მიზნობრივი გადასახადები დაწესებულია ავტომანქანის გამოყენებაზე, თამბაქოს და ალკოჰოლის მოხმარებაზე. ჯანდაცვის საერთო შემოსავლებში მიზნობრივი გადასახადები 3,3 %-ს შეადგენს (Sandier et al.).

ქველმოქმედება

ზოგიერთი განვითარებადი ქვეყნის ჯანდაცვის დაფინანსებაში დონორი ორგანიზაციების შენატანებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. უკანასკნელ პერიოდში ასეთი სახის დახმარება დიდ როლს თამაშობდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ანგოლა, ბანგლადეში, ეკვადორი, ინდოეთი, მოზამბიკი, პაპუა-ახალი გვინეა, ტანზანია და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა (ჯანმო, 2000).

ზოგ ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში, ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში დონორი ორგანიზაციების წილი 40 %-მდე აღწევს (უგანდა 1993 წ.), ზოგჯერ 84 %-მდეც კი (გამბია 1994 წ.), ზოგან იგი 20 %-ს აღემატება (ერითრეა, კენია, ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, მალი), ზოგ ქვეყნებში კი 10 %-დან 20 %-მდე მერყეობს (ბოლივია, ნიკარაგუა, ტანზანია, ზიმბაბვე) (ჯანმო, 2000).

უკანსკნელ პერიოდში დონორები ცდილობენ ისეთი გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების პროგრამების მხარდაჭერას, რომლებიც ინტეგრირებულია ქვეყნის ბიუჯეტურ პროცესში. ამ მხრივ უფრო ეფექტური გამოდგა სექტორთაშორისი მიდგომები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ბანგლადეში, განა, პაკისტანი (Cassels A. Janovsky K. Better Health in developing countries are sector-wide approaches the way of the future? The Lancet, 1998).

ცხრილი 7: დანახარჯები ჯანდაცვაზე და დონორი ორგანიზაციების დახმარება, 1997-1999

დანახარჯები ჯანდაცვაზე და დონორი ორგანიზაციების დახმარება, 1997-1999

წყარო: Jeffrey D. Sachs, Macroeconomics and health: Investing in health for economic development. Report of the Commission on Macroeconomics and Health, World Health Organization, 2001.

შენიშვნა: ცხრილი მოიცავს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობა 1997 წ. 500 000-ზე მეტს შეადგენდა.

თენგიზ ვერულავა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი
ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის დეპარტამენტი

წიგნიდან: თენგიზ ვერულავა – “ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა”, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისი, 2009.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

%d bloggers like this: