Posted by: burusi | July 9, 2013

ნონა გელიტაშვილი – ჩილეს საპენსიო რეფორმა: არსი და მნიშვნელობა საქართველოსათვის

Pinochet -პინოჩეტი

ნონა გელიტაშვილი – ჩილეს საპენსიო რეფორმა: არსი და მნიშვნელობა საქართველოსათვის

საპენსიო სისტემა საქართველოში, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს “Pay-as-you-go”(1) სისტემა, რომლის დროსაც სოციალური გადახდები დამოკიდებულია სახელმწიფოს შემოსავლებზე, გაკოტრების პირასაა. ადრე თუ გვიან, ამ სისტემების რეფორმირება აუცილებელია. ამასთან, რაც უფრო დიდი ხნით გადაიდება ეს რეფორმა, მით უფრო რთული იქნება გადასვლა თვითდაფინანსებად საპენსიო სისტემაზე.

სამეცნიერო ლიტერატურაში საპენსიო რეფორმების ორ ტიპოლოგიას გამოყოფენ. ერთი მხრივ, ეს არის “ლათინოამერიკული” განვითარების გზა, შთაგონებული 1980-იან წლებში ჩილეში განხორცილებული რადიკალური საპენსიო რეფორმით. ამ ქვეყნის მაგალითს მიბაძეს ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებმაც, კერძოდ: პერუმ (1993წ.), კოლუმბიამ (1994), არგენტინამ (1994), ურუგვაიმ (1996), ბოლივიამ (1997), მექსიკამ (1997) და სალვადორმა (1998). რეფორმის არსია დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა და მისი მომსახურებისთვის საჭირო კერძო საპენსიო ფონდების ქსელის შექმნა. მეორე მხრივ, არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნების გამოცდილება, რომელთაც არსებულ სახელმწიფოებრივ გამანაწილებელ სისტემაზე `დააშენეს~ ახალი დაგროვებითი დონეები. აღნიშნულ ორ ტიპოლოგიას მკვლევართა ნაწილი მესამე ტიპსაც უმატებს, ესაა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების პრაქტიკა, რომელთაც რეფორმები 1990-იან წლებში დაიწყეს. ის წარმოადგენს “ჰიბრიდული” სისტემის ნიმუშს და განვითარებული ქვეყნების სისტემების მსგავსია.(2)

ჩილეს მოდელი საპენსიო რეფორმის ერთგვარ ეტალონად მიიჩნევა. იგი უკვე 30 წელზე მეტია გამოიყენება, მართალია, ყველა ქვეყანაში გარკვეული მოდიფიკაციებით, მაგრამ – თითქმის ერთნაირი წარმატებით. ჩილეს საპენსიო მოდელის ძირითადი პრინციპია ის, რომ გარკვეული მომენტიდან საერთოდ უქმდება ძველი, სახელმწიფოს მიერ გარანტირებული, გამანაწილებელი სისტემა და მის ადგილს იკავებს რამდენიმე კერძო ფონდის მიერ ორგანიზებული დაგროვებითი სისტემა. თუმცა, მართებულია დავსვათ კითხვა _ არის თუ არა ჩილეს საპენსიო რეფორმის გრძელვადიანი ეფექტი ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ამას მკვლევართა ერთი ნაწილი აფასებს. ნებისმიერი თეორიული მოდელის მსგავსად, ჩილეს ახალ საპენსიო მოდელსაც ჰყავდა თავისი მომხრეები და კრიტიკოსები. ამიტომ, საინტერესოა ამ ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების განხილვა და ჩილეს საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესისა და შედეგების შეფასება.

ლათინური ამერიკის ქვეყნები ხშირად აწყდებოდნენ ბიუჯეტის დეფიციტის პრობლემას, ასევე სირთულეებს გადასახადების აკრებაში, რაც დიდი ჩრდილოვანი სექტორის არსებობით იყო განპირობებული, რაც თავისთავად ართულებდა პენსიების გაცემას. დროდადრო ამ ქვეყნების მთავრობები ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად ფულის საბეჭდ მანქანას მიმართავდნენ, რაც ინფლაციის ტემპებს შესამჩნევად ზრდიდა. ამის შედეგად, საპენსიო დანაზოგები უფასურდებოდა, ხოლო დაქირავებული მუშაკები მთავრობას აღარ ანდობდნენ საკუთარი სახსრების განკარგვას და “ჩრდილში” დარჩენას ამჯობინებდნენ. ასეთ შემთხვევაში საპენსიო რეფორმის მთავარი ამოცანა იყო მყარი კავშირის შექმნა სისტემაში მონაწილეობასა და გადახდებს შორის, იმავდროულად, ამ პროცესის გამჭვირვალობა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ვარაუდობდნენ, რომ პირველი გამანაწილებელი დონე უნდა შემცირებულიყო დაგროვებითი დონის გაზრდის ხარჯზე.

ასეთი იყო 1981 წლის ჩილეს საპენსიო რეფორმის ძირითადი მიმართულება. სწორედ ამ მიმართულებით წავიდნენ შემდგომში არგენტინა, პერუ, კოლუმბია, მექსიკა, ურუგვაი და ბოლივია. აღსანიშნავია, რომ ყოფილი პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან, ჩილეს მაგალითს გარკვეულწილად მიბაძეს უნგრეთმა, პოლონეთმა და ყაზახეთმა. (1) ლათინოამერიკული მოდელის ერთ-ერთი უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანია დაქირავებული მუშაკის პასუხიმგებლობა მის მიერ საპენსიო ფონდის არჩევის თაობაზე. ჩრდილოვან სექტორთან ბრძოლით დაღლილმა მთავრობამ უბრალოდ გადაწყვიტა, შეექმნა სიტუაცია, როცა მოქალაქეებს მინიმალური საპენსიო გარანტიების შექმნასა და კერძო საპენსიო ფონდებში დაგროვებას შორის არჩევანის საშუალება მიეცემოდათ.

რეფორმებმა ლათინურ ამერიკაში ხელი შეუწყო კონსენსუსის ჩამოყალიბებას იმ საკითხში, რომ საპენსიო სისტემა უნდა მოძრაობდეს `პრივატიზების~ მიმართულებით და კერძო და სახელმწიფო საპენსიო ფონდების ფაქტობრივ კომბინირებამდე მიდიოდეს. ითვლებოდა, რომ ასეთი კომბინაცია ხელს შეუწყობდა მთელი რიგი პრობლემის გადაწყვეტას არა მარტო საპენსიო, არამედ საინვესტიციო სფეროშიც. გარდა ამისა, მოხდებოდა ეროვნული ბაზრების კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა. ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ბანკის 1994 წლის ანგარიში _ “საპენსიო კრიზისის თავიდან აცილება” (World Bank, 1994), გადაიქცა საეტაპო გამოცემად, სადაც პრაქტიკულად ყველა ქვეყანას მიეცა რეკომენდაცია, შემოეღოთ სამსაფეხურიანი სისტემა, რომელშიც იგულისხმება ტრადიციული გამანაწილებელი, სავალდებულო დაგროვებითი და ნებაყოფლობითი დანაზოგების დონეები.

ჩილეს შემთხვევა _ ეს არის შედარებით რადიკალური და გარკვეულწილად იძულებითი რეფორმის მაგალითი, რომელიც დაეფუძნა Pay-as-you-go ტიპის საპენსიო მოდელიდან Personal retirement account ტიპის მოდელზე (4) მკვეთრ გადანაცვლებას. ჩილეს რეფორმების განხილვის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ განსაკუთრებული დემოგრაფიული და ეკონომიკური კონტექსტები. აქ რეფორმების დაწყების პერიოდისთვის (1970-იანი წლების ბოლო) დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა პენსიონერთა რაოდენობას. გარდა ამისა, საპენსიო უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები და სოციალური მიზნები არცთუ ისე მაღალი იყო. საპენსიო ანარიცხებიც საკმაოდ დაბალი იყო, კერძოდ, ხელფასის 10%. ეს გაკეთდა რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოსაზიდად, მათ შორის, დაბალანაზღაურებადი კატეგორიებიდანაც. თუმცა, როგორც რეფორმატორები ვარაუდობდნენ, ისე არ წარიმართა პროცესი და ყველა დასაქმებულ პირს არ გამოუთქვამს ახალ სისტემაში მონაწილეობისთვის მზადყოფნა. მიუხედავად ამისა, ოფიციალურად დარეგისტრირებული მუშაკებისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენდა, ხოლო საპენსიო ფონდების საქმიანობას სახელმწიფო აკონტროლებდა.(5)

ახალი საპენსიო კანონის (Decree Law 3500) (6) ძალაში შესვლის შემდეგ, მოხდა ეტაპობრივი გადასვლა ძველი 1 სვეტიანი მოდელიდან ახალ 3 სვეტიან საპენსიო მოდელზე (იხ. ცხრილი). იმისათვის, რომ მომხდარიყო სიბერის მიხედვით დაზღვევისა და რედისტრიბუციის ფუნქციის რეალიზება, თავდაპირველად განხორცილედა სრული გათავისუფლება პირველი მოდელის მახასიათებლებისგან.

ჩილეს საპენსიო სისტემა

წყარო: K. S. Hebbel. Chile’s Pension Revolution coming of age. Central Bank of Chile. 1999, p. 4-5.

20 წლის მანძილზე ჩილეს საპენსიო სისტემა განუწყვეტლივ იცვლებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, დომინირებული მდგომარეობა დაიკავა სამმა საპენსიო ფონდმა, რომლებშიც კონცენტრირებული იყო კლიენტების 68% და მთელი საპენსიო სისტემის რესურსების 54%. მომუშავეებს აქვთ ფონდის არჩევის უფლება, ამასთან, ერთი ფონდიდან მეორეში გადასვლა უპრობლემოდაა შესაძლებელი, რაც ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 4-ჯერ შეიძლება მოხდეს.

ჩილეს მთავრობამ დაადგინა შემოსავლების მინიმალური ოდენობა, რომლის მიღებაც შეუძლიათ ფონდებს მათში განხორციელებული საინვესტიციო სახსრებიდან. ანგარიშები მოგებისა და ზარალის შესახებ ყოველთვიურად განიხილება, ხოლო საჯარო ანგარიშების წარმოდგენა წელიწადში სამჯერ ხდება. ასე რომ, შემოსავლების მინიმუმის შეუსრულებლობა კომპანიისთვის შეიძლება გახდეს ფონდის მმართველობიდან ჩამოცილების მიზეზი. გარდა ამისა, დაწესებულია შემოსავლების ზედა ზღვარიც, რაც დაკავშირებულია სარისკო აქტივებში დაბანდებების შეზღუდვასთან.

მოკლე და საშუალოვადიან პერიოდებში ჩილეს საპენსიო რეფორმამ ხელი შეუწყო შიდა ინვესტიციების ზრდას, განსაკუთრებით _ ბინათმშენებლობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში (გზები და კომუნიკაციები), ასევე სამთომომპოვებელი მრეწველობის აღორძინებაში. გარდა ამისა, გაიზარდა გრძელვადიანი ინვესტიციების წილიც. 2000-იანი წლების დასაწყისში თითოეული ფონდის საშუალო-სტატისტიკური პორტფელი შეადგენდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების 40%-ს და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების 40%-ს. დანარჩენი წილი მოდიოდა სადეპოზიტო შენატანებზე, საპენსიო ფონდების საშუალო შემოსავლიანობა კი წლიურ 12,5%-ს შეადგენდა. (7)

საერთოდ, ითვლება, რომ ჩილეში განხორციელებულმა საპენსიო რეფორმამ სამი უმთავრესი დადებითი ეფექტი მოიტანა: საინვესტიციო სტიმულები, პირადი თავისუფლების გაფართოება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. 2001 წლის მონაცემებით, ჩილეს მშრომელთა 95%-ს ჰქონდა პირადი საპენსიო დანაზოგები სხვადასხვა საპენსიო ფონდში, რომელთა მთლიანი აქტივები გაიზარდა 34 ბილიონ (ათას მლრდ) დოლარამდე, რაც ჩილეს მშპ-ს 42%-ს შეადგენდა. (8) 2005 წლისთვის ეს მაჩვენებელი 64,9%-მდე გაიზარდა და საპენსიო ფონდები ჩილეს საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდა.

სწორედ ამ მოვლენებმა განაპირობა კრიტიკოსების გააქტიურება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი საპენსიო სისტემა ფუნქციონირებდა 1981 წლიდან და 25 წლის მანძილზე მან მოახერხა არასახელმწიფო ფონდებში მშპ-ს 65%-ის აკუმულირება, შეუსრულებელი დარჩა რეფორმატორების მთავარი დანაპირები. ნაცვლად ბოლო 10 წლის მანძილზე გამომუშავებული თანხის 70%-ისა, რომელიც ამ რეფორმის თანახმად უნდა მიეღოთ მოქალაქეებს, მათ მხოლოდ ხელფასის 39%-ის მიღება შეძლეს, ქალებისთვის კი ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 14% შეადგინა. აღმოჩნდა, რომ საშუალო დაგროვებითი პენსია არაფრით განსხვავდებოდა იმ პენსიისგან, რომელსაც მთავრობა რეფორმამდე უხდიდა 65 წელს მიღწეულ პენსიონერებს. ასევე გაირკვა, რომ მთელი თავისი საქმიანი ცხოვრების მანძილზე ადამიანი ვერ შეძლებდა იმდენი თანხის დაგროვებას, რაც მას ეყოფოდა თავისი მინიმალური პენსიის უზრუნველსაყოფად.

კრიტიკოსთა აზრით, არასწორი გამოდგა წარმოდგენა იმის შესახებაც, რომ პირად საპენსიო ანგარიშებზე საკუთრების უფლება იქნებოდა სერიოზული სტიმული, რათა აღნიშნული საპენსიო სისტემით მოეცვათ მთელი მოსახლეობა. 2006 წლისთვის ცხადი გახდა, რომ დასაქმებული მოსახლეობის მხოლოდ 60% იყო ჩართული აღნიშნულ სისტემაში. ფიქრობენ, რომ 2020 წლამდე შესაძლოა ეს მაჩვენებელი 50%-მდეც შემცირდეს. ექსპერტთა შეფასებებით, ჩილეს საპენსიო სისტემის საერთო დეფიციტმა 5,7% შეადგინა.(9) აღნიშნული პრობლემების გამო, 2008 წელს ჩილემ დაიწყო რეფორმების განხორციელების ახალი ეტაპი. ახალი რეფორმის თანახმად, დაგროვებითი სისტემის პარალელურად, ფუნქციონირებას იწყებს ძველი, სოლიდარული საპენსიო სისტემაც, რომელიც საბაზო ასაკობრივ პენსიასა და ინვალიდობის მიხედვით საპენსიო უზრუნველყოფას გულისხმობს. რაც შეეხება ინდივიდუალური დანაზოგების სისტემას, ტარდება მისი სრულყოფის ღონისძიებები. ასევე ინერგება არასახელმწიფო ფონდებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის აუქციონის სისტემა, ახალი კლიენტების მომსახურების მიზნით. გარდა ამისა, ბაზარზე ჩნდება კიდევ ერთი მოთამაშე _ საგარეო იურიდიული პირების სახით. ახლა კი შეგვიძლია დავსვათ კითხვა იმის თაობაზე, კარგია თუ არა ჩილეს მაგალითი საქართველოსთვის? _ თუ გავითვალისწინებთ მის ყველა პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგს, პასუხი, ალბათ, დადებითი იქნება.

საქართველომ უდავოდ უნდა გაიზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკით დაგროვდა. ადამიანებს უნდა მიეცეთ უფლება, თავიანთი საპენსიო დანაზოგები განათავსონ ინდივიდუალურ პირად ანგარიშებზე, რომელთაც განკარგავენ ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი კერძო ფირმები. ეს ფირმები მოახდენენ საპენსიო დანაზოგების ინვესტირებას საფინანსო ბაზრებზე, თავისი კლინტების მთელი შრომითი საქმიანობის მანძილზე. გარდა ამისა, მოქალაქეებს უნდა დავუტოვოთ არჩევანის უფლება, რათა მათ, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ შენატანების წარმოება როგორც სახელწიფო საპენსიო სისტემაში, ასევე კერძო საპენსიო ფონდებში. იმავდროულად, საპენსიო რეფორმა უნდა მოვარგოთ ქვეყნის სპეციფიკას.

იმისათვის, რომ საპენსიო სისტემის პრივატიზებიდან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ, ცხადია, აუცილებელია სხვა სოციალური რეფორმების გატარებაც, და უმეტეს შემთხვევაში, სრულიად ახალი სისტემების ფორმირებაც კი. საპენსიო რეფორმას, სოციალური სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, კატალიზატორის როლის შესრულება შეუძლია.

ახალი სისტემის თანახმად, მომავალი პენსიის ოდენობას განსაზღვრავს იმ თანხის რაოდენობა, რომელსაც ადამიანი აგროვებს თავისი შრომითი საქმიანობის მანძილზე. სახელმწიფოს არც დასაქმებულები და არც დამსაქმებლები არ გადაუხდიან გადასახადს, რომელსაც იგი სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოიყენებდა. აქედან გამომდინარე, მომუშავეც არ მიიღებს მომავალში სახელმწიფო პენსიას. ამის ნაცვლად, მთელი თავისი შრომითი ბიოგრაფიის განმავლობაში, დამქირავებელი ყოველთვიურად ავტომატურად გადარიცხავს დაქირავებულის ხელფასიდან 10%-ს მის საკუთარ, პირად საპენსიო შემნახველ ანგარიშზე. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი შეეხება შემოსავლის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს. თუ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, დასაქმებულის შემოსავალიც გაიზრდება, მაშინ ამგვარი “იძულებითი დაზოგვის” როლი საპენსიო სისტემაში შემცირდება.

დასაქმებულს, რა თქმა უნდა, შეუძლია ნებაყოფლობითი შენატანების გაკეთებაც და დამატებით კიდევ 10%-ის გადარიცხვა ყოველთვიური ხელფასიდან, რაც ასევე არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. საერთო ანგარიშით, თუ მას უფრო ადრე სურს პენსიაზე გასვლა, ან უბრალოდ მაღალი ოდენობის პენსიის მიღება უნდა, უფრო მეტს დაზოგავს და საკუთარ ანგარიშზეც თავისი ხელფასის 10%-ზე მეტს შეიტანს.

მომუშავეებს უნდა შეეძლოთ ერთი საპენსიო ფონდიდან მეორეში საკუთარი ანგარიშების გადატანა. ამის გამო კომპანიები მუდმივად კონკურენციაში იქნებიან, რის გამოც უფრო მეტი შემოსავლის მიღებას შეეცდებიან ინვესტიციებიდან, კლიენტებს კი მომსახურების უფრო მაღალ ხარისხსა და დაბალ საკომისიოს შესთავაზებენ.

ამგვარი დაგროვებითი სისტემა საშუალებას იძლევა, უფრო იოლად გადაიჭრას მშრომელი მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული გამანაწილებელი სისტემის პრობლემა: მოსახლეობის დაბერებასთან ერთად, მცირდება იმ მომუშავეთა რიცხვი, რომელთაც უწევთ ერთი პენსიონერის უზრუნველყოფა. დაგროვებითი სისტემის პირობებში, დასაქმებულ მოსახლეობას არ უწევს პენსიონერთა შენახვა. პირიქით, გამანაწილებელი სისტემისგან გასხვავებით, ქრება თაობათა შორის კონფლიქტის წარმოქმნის ყოველგვარი საფუძველი, და ასევე _ მთელი სისტემის გაკოტრების შესაძლებლობაც. ახალ სისტემაში არ იარსებებს სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელ საპენსიო ვალდებულებათა პრობლემა, რასაც ბევრი ქვეყანა აწყდება.

ახალ სისტემაზე გადასვლის პროცესი მარტივი არ იქნება. გარდამავალ ეტაპზე შეიძლება გამოვიყენოთ სამი წესი:

1. სახელმწიფომ უნდა მისცეს გარანტია მათ, ვინც უკვე იღებს პენსიას, რომ მათ პენსიებს რეფორმა არ შეეხება;

2. ყოველი მომუშავე , რომელმაც უკვე გააკეთა შენატანები ძველ გამანაწილებელ სისტემაში, მიიღებს არჩევანის უფლებას, დარჩეს ამ სისტემაში ან გადავიდეს ახალ დაგროვებით სისტემაზე;

3. ყველა იმ ადამიანისათვის , რომელიც მიმდინარე პერიოდში შეუერთდება დასაქმებულებს, სავალდებულო იქნება რომელიმე მათგანში ჩართვა _ ახალ სისტემაში ან ძველ, სახელმწიფოებრივ გამანაწილებელ სისტემაში.

***
N. Gelitashvili – Pension Reform in Chile: the Essence and Importance for Georgia

In 1981, Chile passed the Decree Law 3500, partially replacing the state-run pay-as-you-go (PAYG), unfunded social security system with individually capitalized accounts in pension funds managed by private administrators. The seminal reforms have made a large contribution to Chile’s economic performance since then and inspired many other countries to follow the case. Similar reforms have been initiated or are being actively considered in Argentina, Colombia, Mexico, Peru, Bolivia and Uruguay as well as in Hungary, Poland, and Kazakhstan. The pension system in Georgia, like in many other countries, where still there are old distribution systems, in which social payments depend on state income, is about to go bankrupt. It’s essential to reform this system earlier or later. What’s more, the later the reform is carried out, the more diffi cult it will be to have self- fi nancing pension system. Pension reform in Chile – is it a good example for Georgia? Taking into consideration all its negative and positive results, the answer probably will be – yes. The article analyses the essence of the Chile reform and its importance for Georgia.

შენიშვნები:

1 “Pay-as-you-go” ტიპის საპენსიო მოდელი _ ითვალისწინებს დაბეგვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსული თანხებით პენსიების დაფინანსებას.
2. Katharina Müller. Pension Reform Paths in Comparison: The Case of Central Eastern Europe, Czech Sociological Review p. 7, 1999. 51–66.
3. M. A. Orenstein. “How Politics and Institutions Affect Pension Reform in Three Postcommunist Countries”, Policy Research Working Paper No. 2310, World Bank, Washington D.C. 2000.
4. personal retirement acoount ტიპის საპენსიო მოდელი – უზრუნველყოფს საკუთარი პენსიის უზრუნველყოფას პირადი ანგარიშების ფორმირების გზით.
5. C. Mesa-Lago. Reassessing Pension Reform in Chile and Other Countries in Latin America, International Social Security Review, 54, 4. 2001. 67–92.
6. htt p://www.svs.cl/siti o/english/asegurado/rentas_3500.php
7. Economic Commission for Latin America and Caribbean (ECLAC). 2001. Preliminary overview of the economies of Latin America and the Caribbean 2001. Santiago: December.
8. E.I. Mihaita. Lessons from the Latin American pension reforms: Developments in central and eastern Europe. The Chilean Case. 2001. 9-10.
9. R. Madrid. The Politics and Economics of Pension Privatization in Latin America, Latin American Research Review, 37, 2. 2002, p. 159–182.

ნონა გელიტაშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

წყარო: ეკონომიკა და ბიზნესი. ივლისი-აგვისტო. 2012.თსუ-ის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,638 other followers

%d bloggers like this: