Posted by: burusi | July 9, 2010

თენგიზ ვერულავა – “ჯანმრთელობის დაზღვევის ისტორია”

Edward Lloyd’s Subscription Room

თენგიზ ვერულავა – Tengiz Verulava

“ჯანმრთელობის დაზღვევის ისტორია”

დაზღვევის ისტორია იმდენად ძველია, რომ შეუძლებელია დადგინდეს მისი წარმოშობის ზუსტი თარიღი. საზოგადოების განვითარების ყოველ საფეხურზე არსებობდა ურთიერთდახმარების ტრადიცია. სტიქიური უბედურებებისა თუ ავადმყოფობის დროს ადამიანები აერთიანებდნენ თავიანთ ძალებს, შესაძლებლობებს, სახსრებს, რათა დახმარებოდნენ დაზარალებულებს, ღარიბებს, ობლებს და ავადმყოფებს. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან მოქმედებდა გარკვეული წესები, რომლებიც არეგულირებდნენ სოციალური და სამედიცინო დახმარების გაწევას. მართალია პრიმიტიულ დონეზე, მაგრამ ხდებოდა ინდივიდუალური რისკის საზოგადოების სხვადასხვა ფენებზე გადანაწილება.

მოუსავლიანობისა და ომიანობის პირობებში მოსახლეობის გადასარჩენად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენდა საერთო მარაგის შექმნა. ამისათვის მშვიდობიან პერიოდში საზოგადოებისგან იკრიფებოდა გადასახადი და იქმნებოდა ფონდები. ამგვარად, საერთო ფონდის პრინციპი უძველესი დროიდან გამყარდა კაცობრიობის ცნობიერებაში.

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად შეინიშნებოდა ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება, რაც თავისთავად იწვევდა სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნილების ზრდას. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეეძლოთ მკურნალობისათვის საჭირო თანხების გადახდა და შესაბამისად ვერ იღებდნენ სათანადო მკურნალობას. მაშინ წარმოიშვა იდეა საერთო ფონდების შექმნის შესახებ, სადაც ადამიანები ერთიანდებოდნენ ნათესაური, პროფესიული, ან ტერიტორიული ნიშნებით და სამედიცინო დახმარებისათვის განკუთვნილ საერთო ფონდში აგროვებდნენ საჭირო თანხებს. ასეთი მარტივი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ჩვენ სამედიცინო დაზღვევას ვუწოდებთ.

დაზღვევის ცალკეული ელემენტები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომის იმპერიაში არსებოდა. მაგალითად, ძველ ეგვიპტეში (ძვ. წ. IV ათასწლეული) შეიქმნა ქვისმთლელთა ურთიერთდახმარების ფონდები. ძველ რომში სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებში (ე.წ. კოლეგიები), ფართოდ იყო გავრცელებული ურთიერთდაზღვევა. წესის მიხედვით, კოლეგიაში გაწევრიანებისას, ახალ წევრს უნდა გადაეხადა ერთდროული, ხოლო შემდეგ ყოველთვიური გადასახადი. კოლეგიების სალაროები ხმარდებოდა გარდაცვლილთა დაკრძალვასთან, რელიგიური დღესასწაულების ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას. სამხედრო კოლეგიებში ყოველთვიური შესატანებით დაგროვილი თანხები ხმარდებოდა სამხედრო მოსამსახურეებს (ადგილის შეცვლის ან ჯარიდან დათხოვნისას).

რომაელი საზოგადო მოღვაწისა და ისტორიკოსის ტერტულიანეს (დაახლ. ჩვ. წ. 200 წ.) მიერ მოწოდებული ცნობებით, რომის იმპერიის მსგავსად საბერძნეთშიც იქმნებოდა სპეციალური ფონდები, სადაც დაგროვილი თანხებით შესაძლებელი ხდებოდა სამედიცინო დახმარების გაწევა ავადმყოფებზე, ღარიბ ფენებზე.

შუა საუკუნეებში, დასავლეთ ევროპის მონასტრებთან არსებული საავადმყოფოებისათვის სისტემატურად გროვდებოდა გარკვეული შესაწირი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, დავით აღმაშენებლის მეფობის დროს (XI ს.) სასნეულოების წამლებითა და სამედიცინო ინვენტარით მომარაგება ხდებოდა სამეფო ხაზინის ხარჯზე. მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ რელიგიური ინსტიტუტები. ეკლესია უზრუნველყოფდა მოსახლეობის სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმების დანერგვას, რომლებიც დაფუძნებული იყო ქრისტიანული თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებზე. რენესანსის გზაზე მყოფი საქართველოს სამეფო ფინანსური ურთიერთობების განვითარებულ სახეობებს იყენებდა ყოველდღიურ ცხოვრებაში და რომ არა გარეშე მტრების შემოსევები, საქართველო შეიძლება გამხდარიყო როგორც პარლამენტარიზმის ისე სადაზღვევო, საბანკო საქმეების სათავე მსოფლიოში (1).

XV ს-ის ბოლოს, ევროპელების მიერ აზიაში და ამერიკაში დიდი საზღვაო მოგზაურობების დაწყების ხანაში, რომლებმაც “სავაჭრო რევოლუცია”, ხოლო მოგვიანებით “სამრეწველო რევოლუცია” განაპირობეს, შეიქმნა კაპიტალის შენახვის ახალი ფორმები, მათ შორის ქონების და გადაზიდვების დაზღვევა. ჩამოყალიბდნენ პირველი სადაზღვევო ამხანაგობები, რომლებიც ბანკებთან და ბირჟებთან ერთად ახალი საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაციის განუყრელი ნაწილი გახდნენ.

კაპიტალისტური საზოგადოების განვითარების საწყის ეტაპზე დაზღვევის ძირითად ფორმას წარმოადგენდა საზღვაო დაზღვევა. შორ გზებზე საზღვაო მოგზაურობა ყოველთვის შეიცავდა რისკს (ქარიშხლები, ჭარბი ტვირთის და გაუმართავი, ან დაზიანებული კონსტრუქციის გამო ჩაძირვები). კრედიტორი გემის მფლობელს საზღვაო მოგზაურობისათვის აძლევდა თანხას იმ პირობით, რომ მშვიდობიანად დაბრუნების შემთხვევაში აღნიშნული თანხა უკან უნდა დაბრუნებოდა შეთანხმებული პროცენტების გადახდით.

XIV საუკუნეში საზღვაო სესხის რთული ნოტარიალური ფორმა შეცვლილ იქნა ფულადი პოლისით, რომელსაც დამზღვევი აძლევდა გემის მფლობელს დადებული ხელშეკრულების დასამტკიცებლად. პირველი პოლისი გაცემულ იქნა ბარსელონაში 1374 წელს. 1468 წელს მიღებულ იქნა საზღვაო დაზღვევის ვენეციის კოდექსი. 1584 წელს მარსელში გაიცა სადაზღვევო პოლისი, იგი უზრუნველყოფდა მარსელიდან ტრიპოლში მიმავალი სანაოსნო ტვირთის დაცვას.

კრედიტორები, რომლებიც დიდ ფულს დებდნენ სარისკო მოგზაურობებისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ ერთმანეთში გადაენაწილებინათ რისკი. გაჩნდა “საერთო რისკის”, “საერთო ფონდის” ცნება.

საზღვაო დაზღვევა განსაკუთრებით განვითარდა ინგლისში, სადაც 1601 წელს, ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ I მიერ მიღებულ იქნა პირველი სახელმწიფო სამართლებრივი დოკუმენტი, პარლამენტის აქტი, რომელიც არეგულირებდა დაზღვევის მექანიზმებს. აქტის შესაბამისად შეიქმნა სპეციალური სასამართლოები, რომლებიც საზღვაო დაზღვევის სფეროში დავების გარჩევას აწარმოებდა. გარდა ამისა, ელიზაბეტ I მიიღო აქტი სიღარიბის შესახებ, რომელმაც საფუძველი დაუდო ევროპის მრავალი ქვეყნის სოციალურ კანონმდებლობას. აქტით მიხედვით განისაზღვრა მოსახლეობის ღარიბი კატეგორია, რომელიც საჭიროებდა სოციალურ დახმარებას.

Great Fire of London, 1666

XVII საუკუნის 80-იან წლებში ინგლისში წარმოიქმნენ სახანძრო დაზღვევის პირველი სადაზღვევო ორგანიზაციები. მათ შექმნაში დიდი გავლენა მოახდინა 1666 წლის ლონდონის დიდმა ხანძარმა, რომელმაც 70 ათასი ადამიანი იმსხვერპლა. ხანძრის რისკი დიდი იყო ქალაქად, რადგან მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში სახლების უმრავლესობა ხისგან იყო გაკეთებული, გარდა ამისა, ცეცხლი უზრუნველყოფდა გათბობას, საკვების მომზადებას, სანთლები გამოიყენებოდა გასანათებლად. 1680 წელს ნიკოლას ბარბონმა გახსნა პირველი ხანძრის საწინააღმდეგო სადაზღვევო კომპანია.

Edward Lloyd’s Subscription Room

1688 წელს ედვარდ ლლოიდმა (გარდაიცვალა 1713 წელს) ლონდონში გახსნა ყავახანა, სადაც პროფესიული პრობლემების განსახილველად რეგულარულად იკრიბებოდნენ დამზღვევები, გემების მფლობელები, ვაჭრები. ყავახანა მალე გადაიქცა სადაზღვევო ბაზრის პროტოპიპად, ხოლო მისი მფლობელი ედვარდ ლლოიდი – სადაზღვევო კომპანიების ფუძემდებლად. 1696 წელს ედვარდ ლლოიდმა გამოსცა სადაზღვევო გაზეთი “Lloyd’s News”. ლლიოდმა პირველმა შემოიღო და გამოიყენა სატარიფო მახასიათებლები საზღვაო გადაზიდვების დაზღვევისათვის. ლლიოდის სახელი უკვდავყოფილია მსოფლიოს უმსხვილესი სადაზღვევო კორპორაციის “ლონდონის ლლოიდის” (Lloyd’s of London) სახელწოდებაში, რომელიც დღეს წარმოადგენს საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარს და საზღვაო ნაოსნობის და კომერციის უმსხვილეს საგამომცემლო ცენტრს. 1760 წელს ლლოიდის სისტემაში წარმოიქმნა მსოფლიოში პირველი საკლასიფიკაციო საზოგადოება – გემების რეგისტრი (ინგლისური ლლოიდის რეგისტრი). 1871 წელს ბრიტანეთის პარლამენტის აქტით დამზღვევების გაერთიანებამ Lloyd’s მიიღო დამზღვევების კორპორაციის სტატუსი.

მალე საზღვაო დაზღვევის ორგანიზაციები შეიქმნენ საფრანგეთში (1686 წ., პარიზი), იტალიაში (1741 წ., გენუა), დანიაში (1746 წ.), შვეციაში (1750 წ.).

საზღვაო გემების, ტვირთების და სახანძრო დაზღვევის პარალელურად ჩამოყალიბდნენ სიცოცხლის დაზღვევის ფონდები. სიცოცხლის დაზღვევის სამშობლოდ მიიჩნევენ ინგლისს, სადაც 1699 წელს შეიქმნა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ქვრივებისა და ობლების დაზღვევას ახორციელებდა. მოგვიანებით, 1762 წელს ინგლისში დაფუძვნდა სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო კომპანია «Equitable Society». აღნიშნული კომპანიის დაარსების შემდეგ სიცოცხლის დაზღვევის კომპანიების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1830 წლისათვის ინგლიში უკვე 35 მსხვილი სადაზღვევო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა.

საბაზრო ურთიერთობების განვითარებასთან ერთად ეკლესიაზე დაფუძნებული სოციალური დახმარების სისტემა თანდათანობით სამოქალაქო სტრუქტურებმა შეცვალა. ევროპის კონტინენტზე სიცოცხლის დაზღვევის საზოგადოებები ჩამოყალიბდნენ საფრანგეთში (1819 წ.), ავსტრიაში და ბელგიაში (1824 წ.), გერმანიაში (1828 წ.) და ა. შ.

ინდუსტრიალიზაციის ზრდის შედეგად გაჩნდნენ მსხვილი საწარმოები, ფაბრიკები, ჩამოყალიბდა ახალი სოციალური ჯგუფი მეწარმეების და დაქირავებული მუშების სახით. დაქირავებული მუშები ერთიანდებოდნენ ამხანაგობებად, ე. წ. გილდიებად, რომლებიც ურთიერთდახმარების საზოგადოებებს წარმოადგენდნენ და რომელთა წევრები ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ ავადმყოფობის, ან ერთ-ერთი წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. ასე ჩამოყალიბდა მეწარმეთა სადაზღვევო სალაროები, რომლებიც მოგვიანებით ე. წ. საავადმყოფოთა სალაროების (Sickness Funds) წინამორბედი გახდა. საწარმოში დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მეპატრონე ხელშეკრულებით იწვევდა ექიმს, რომლის ანაზღაურება საავადმყოფოს სალაროების მეშვეობით ხორციელდებოდა. დროთა განმავლობაში, თანხების დიდი რაოდენობით დაგროვების გამო, შესაძლებელი გახდა ზოგ საწარმოებთან მძლავრი საავადმყოფოების აშენება.

საავადმყოფო სალაროები (Sickness Funds) ძირითადად დამქირავებლებისა და დაქირავებულების შენატანებით იქმნებოდა. ყოველი წევრი ვალდებული იყო რეგულარულად გადაეხადა განსაზღვრული შენატანები. საკუთარი შემოსავლების დაცვის მიზნით იგი დაინტერესებული იყო სადაზღვევო სალაროში გაწევრიანებით, რადგანაც ავადმყოფობის დადგომისას მკურნალობის ხარჯებზე მოსალოდნელი რისკი თანაბრად ნაწილდებოდა წევრებს შორის.

საავადმყოფოს სალაროს მართვა საზოგადოებრივ საწყისებზე ხორციელდებოდა. მას მართავდა საერთო კრება და გამგეობა. გამგეობაში შედიოდნენ როგორც დაქირავებულთა, ასევე დამქირავებელთა წარმომადგენლები. სალაროები თავიანთ წევრებს ფულად დახმარებას სთავაზობდნენ, რის გამოც ისინი დაზღვეული იყვნენ არამარტო უბედური შემთხვევისაგან, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებისაგან.

საფრანგეთში სამუშაოს დაკარგვის, ავადმყოფობის ან პენსიაზე გასვლის შემთხვევაში 5000-ზე მეტი ურთიერთდახმარების საზოგადოება იყო შექმნილი. ასეთივე სახის სადაზღვევო ამხანაგობები იქმნებოდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, რუსეთში, სკანდინავიის ქვეყნებში…

გერმანია არის პირველი ქვეყანა, სადაც 1845 წელს პირველად შემოღებულ იქნა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის კანონი, რომელიც სამედიცინო დაზღვევას ავალდებულებდა გარკვეული პროფესიების (მაგრამ არა ყველას) და სპეციალობის პირებს.

ოტო ფონ ბისმარკი – Otto von Bismarck

გერმანიის კანცლერმა ოტო ფონ ბისმარკმა (1815-1898) 1881 წელს წარმოადგინა დასაქმებულთა და მათი ოჯახების ავადმყოფობისაგან სავალდებულო დაზღვევის პროგრამა, რომელსაც საფუძვლად დაედო 1838 წელს მიღებული კანონი რკინიგზის მუშაკთა კომპენსაციის შესახებ.

პარლამენტმა 1883 წელს ცნო პატერნალიზმითა და იმპერატორის ქარტიით მოტივირებული პროგრამა და შესაბამისად შემოღებულ იქნა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ სახელმწიფო კანონი. იგი მიზნად ისახავდა უბრალო მუშების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, რომელთაც თვლიდნენ პოტენციურ ჯარისკაცებად. მას შემდეგ ჯანდაცვის ორგანიზაციის სისტემას, რომელსაც საფუძვლად უდევს დაზღვევის პრინციპები უწოდებენ “ბისმარკის” სისტემას.

კანონის თანახმად, წარმოების გარკვეულ სფეროებში დასაქმებულები, რომელთა საათობრივი ანაზღაურება მიაღწევდა კანონით დადგენილ საშემოსავლო ზღვარს, სავალდებულო წესით უნდა დაზღვეულიყო. სადაზღვევო ფონდების დაფინანსება ხორციელდებოდა დამქირავებელთა და დაქირავებულთა სადაზღვევო შენატანებით.

დაზღვეულები დაავადების შემთხვევაში ღებულობდნენ შრომისუუნარობის ფურცელს, რომელიც გრძელდებოდა 13 კვირის განმავლობაში და შეადგენდა ხელფასის 50%-ს. დადგენილი იყო პირველადი სამედიცინო მომსახურების პუნქტების და სამკურნალო დაწესებულებების რაოდენობა, ხოლო საავადმყოფოების რაოდენობა კი დამოკიდებული იყო “საავადმყოფოთა სალაროებზე”. “საავადმყოფოთა სალაროები” წარმოადგენდნენ არამომგებიან ორგანიზაციებს. მათ ჰქონდათ სამედიცინო დაწესებულების შერჩევის და კონტრაქტების დადების უფლება. სახელმწიფოს როლი შემოიფარგლებოდა საკონონმდებლო სტანდარტების შემუშავებით.

შემდგომ წლებში სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის პრინციპები გავრცელდა საწარმოო შემთხვევებსა და ინვალიდობასთან დაკავშირებულ რისკებზე. 1884 წელს მიღებულ იქნა კანონი უბედური შემთხვევების დროს ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, 1889 წელს ინვალიდთა და ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, ხოლო 1927 წელს უმუშევართა დაზღვევის შესახებ.

ბისმარკის მიერ მიღებულმა საკანონმდებლო აქტებმა ფაქტიურად შეცვალა ადრეული კაპიტალისტური საზოგადოება გერმანიაში, მთელს ევროპაში და შემდეგ მსოფლიოში. ექსპერტების აზრით ჯანმრთელობის დაზღვევის ჩამოყალიბებამ ხელი შეუშალა ევროპული რევოლუციური მოძრაობის განვითარებას, ხელი შეუწყო სოციალურად გაწონასწორებული საზოგადოების შექმნას.

ო. ბისმარკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მოგვიანებით მოჰყვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ავადმყოფობის, ინვალიდობის, სიბერის, უმუშევრობის შემთხვევაში დაზღვევის კანონების შემოღება. ასე, მაგალითად, მსგავსი კანონმდებლობა შემოღებულ იქნა ინგლისში (1911 წელს), საფრანგეთში (1930 წელს). ამ კანონების მიხედვით სადაზღვევო შენატანების ფორმირებაში დაქირავებულების გარდა მონაწილეობას იღებდნენ დამქირავებლები, მეწარმეები, ფაბრიკების, მანუფაქტურების მფლობელები, რომლებიც 25-დან 40 % სადაზღვევო შენატანებს იხდიდნენ.

დაქირავებულებისა და დამქირავებლების გარდა, სადაზღვევო ფონდების დასაფინანსებლად სახელმწიფომაც დაიწყო მონაწილეობის მიღება სუბსიდიებისა და დოტაციების სახით, შემუშავდა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პროგრამები. სოციალური დაცვის სისტემამ, რომელიც უზრუნველყოფდა მოსახლეობის საყოველთაო ხელმისაწვდომობას და უნივერსალობას სოციალური დაზღვევის სახელწოდება მიიღო.

სახელმწიფოს რაც უფრო მეტი თანხა შეჰქონდა სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში, მით უფრო აკონტროლებდა პროცესს. ჯანმრთელობის რეგულირებადი დაზღვევის შექმნა გახდა სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის ფორმირების ერთ ერთი მთავარი წინაპირობა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, შვეცია, დანია, ირლანდია (“ბევერიჯის” მოდელი). გერმანიაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში და ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებში ე. წ. “ბისმარკის” მოდელი გავრცელდა, რომლის დროსაც არსებით როლს თამაშობდა დამქირავებელთა ფინანსური მონაწილეობა, რომლებიც კანონით დადგენილ სადაზღვევო შენატანებს იხდიან სადაზღვევო ფონდებში.

სადაზღვევო მედიცინის განვითარების ისტორია ნათლად ასახავს, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს ეკონომიკასა და პოლიტიკას შორის. ეს ორი ფაქტორი გადამწყვეტ გავლენას ახდენდა არამარტო დაზღევის შემოღებაზე, არამედ მის განვითარებაზე, დაფინანსებაზე, ორგანიზაციაზე და პრიორიტეტების განსაზღვრაზე.

ჯანდაცვის ეროვნული სისტემების შემოღება პირველ რიგში სოციალისტური პარტიებისა და პროფკავშირების შექმნასთან იყო დაკავშირებული. როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, სოციალური დაზღვევის სისტემა ყოველთვის მიყვებოდა პროფკავშირებისა და სოციალისტური პარტიების ჩამოყალიბებას და განვითარებას.

ცხრილი: სოციალური დაზღვევის სისიტემის ჩამოყალიბების ეტაპები სხვადასხვა ქვეყნებში

სოციალური დაზღვევის სისიტემის ჩამოყალიბების ეტაპები სხვადასხვა ქვეყნებში

ცხრილი: სოციალური დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ კანონების შემოღების წლები სხვადასხვა ქვეყნებში

სოციალური დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ კანონების შემოღების წლები სხვადასხვა ქვეყნებში

1911 წლის 15 იანვარს დიდ ბრიტანეთში მიღებულ იქნა “აქტი სახელმწიფო დაზღვევის შესახებ”, რომლის მიხედვით დაზღვეულთა გარკვეულ ჯგუფზე (დაბალშემოსავლიან პირებზე, რომელთა შემოსავალი დღეში 1,5 შილინგს არ აღემატებოდა) დაზღვევა ვრცელდებოდა სადაზღვევო შენატანების გარეშე. მოსახლეობის ამ ფენებზე დახმარება ხორციელდებოდა მეწარმეთა, აგრეთვე მაღალანაზღაურებადი დაქირავებულების შენატანების ხარჯზე. ამგვარად, 1911 წლის აქტის შედეგად დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში პირველად დაფიქსირდა საზოგადოებრივი სოლიდარობის პრინციპი, როდესაც მდიდარი იხდის ღარიბზე, ჯანმრთელი – ავადმყოფზე. დიდ ბრიტანეთში (აგრეთვე ევროპის ქვეყნებში) სადაზღვევო შენატანები გროვდებოდა საფოსტო უწყებების საშუალებით სპეციალური მარკების ყიდვის გზით, შემდეგ ეს სახსრები ეგზავნებოდა სადაზღვევო კომისრებს სადაზღვევო კომისიებში. სადაზღვევო კომისიები ახდენდნენ მიღებული თანხების (ფაქტიურად გადასახადების) ურთიერთდახმარების საზოგადოებებს შორის განაწილებას დაზღვეულთა რაოდენობის მიხედვით. ორი წლის შემდეგ (1913 წ.) ჩატარდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო დაზღვევის რეფორმა, რომლის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფარავდა ავადმყოფობის და ინვალიდობის დაზღვევის ხარჯებს. აღნიშნული რეფორმა უფრო მოგვიანებით (1948 წ.) დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის სახელმწიფო (ბიუჯეტური) სისტემის შექმნის წინაპირობა გახდა.

საფრანგეთში ჯანმრთელობის დაზღვევის ორგანიზაციის, მოხუცებულობის ასაკში და ინვალიდობისას პენსიების გაცემის შესახებ საკითხი ჯერ კიდევ კონვენტის დროს დაისვა, რომელმაც შექმნა “ნაციონალური კეთილმოქმედების წიგნი” და სპეციალური კანონი, რომელიც განსაზღვრავდა მოსახლეობის თუ რა კატეგორია უნდა მოხვედრილიყო რეესტრში. მაგრამ კონვენტმა ფინანსური თვალსაზრისით უარყო კანონის განხორციელება. საფრანგეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 100 წლის შემდეგ დაიწყო საფრანგეთის დიდი რევოლუციის პრინციპების განხორციელება. 1913 წელს საფრანგეთში მიღებულ იქნა კანონი უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების დაზღვევების შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საფრანგეთში ჯანმრთელობის დაზღვევის განვითარებაში.

კანადის ჯანმრთელობის დაზღვევის ნაციონალური სისტემა 1946 წელს შეიქმნა. 1990-იან წლებში შეინიშნებოდა ჯანდაცვის ხარჯების ზრდა, რომელმაც მშპ-ის 10 %-ს გადააჭარბა (1991 წ.). იგი გამოწვეული იყო მოსახლეობის დაბერებით, მედიკამენტების გაძვირებით, ახალი ძვირადღირებული სამედიცინო მოწყობილობების დანერგვით, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ჯანდაცვის სერვისების გაზრდით. ხარჯების შეკავების მიზნით რამოდენიმე საავადმყოფო დაიხურა, ზღვარი დაუწესდა ექიმთა შრომის ანაზღაურებას. კვალიფიცირებული კადრების გარკვეულმა ნაწილმა დატოვა ქვეყანა და სამუშაოდ ა.შ.შ-ში გადავიდა, სადაც მათი ანაზღაურება უფრო მაღალი იყო. შედეგად შეინიშნებოდა კვალიფიცირებული პერსონალის დეფიციტი, სამედიცინო დახმარების ხარისხის დაქვეითება, სამედიცინო მომსახურების დაცდის დროის (Waiting Time) მატება. ზოგჯერ ექიმები წყვეტდნენ სამუშაოს შრომის ანაზღაურებაზე ზღვარის დაწესების გამო.

ჯანდაცვის სექტორში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შეიქმნა ექსპერტთა კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა კანადაში ჯანდაცვის რეფორმირების კონცეფცია. კომისიის რეკომენდაციით გაიზარდა ჯანდაცვაზე ფედერალური დანახარჯები, ხოლო მათ მიზნობრივ გამოყენებაზე დაწესდა მკაცრი მონიტორინგი. კომერციულ სტრუქტურებს ნება დართეს მონაწილეობა მიეღოთ სავალდებულო დაზღვევით გარანტირებული ჯანდაცვის სერვისების მიწოდებაში, რომელსაც დააფინანსებდა სახელმწიფო. ამ რეკომენდაციას მხარს უჭერდა კანადის სამედიცინო ასოციაცია.

კანადის ლიბერალურმა პარტიამ გადაწყვიტა მთელი მოსახლეობის საყოველთაო მოცვა კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარებით. 2000 წლის სექტემბერში დამტკიცებულ იქნა ჯანდაცვის სტრატეგიული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს პროვინციების მიერ ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახსრების გაზრდას, სამედიცინო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო უზრუნველყოფის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის პროფილაქტიკური მიმართულების გაძლიერებას.

აღსანიშნავია სოციალური დაზღვევის სისტემის სტაბილური განვითარება იმ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური რეჟიმების ცვლა განხორციელდა. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა განვითარებულია არამარტო განვითარებულ ქვეყნებში, იგი ფართოდ ინერგება განვითარებად ქვეყნებში (ვიეტნამი – 1993; ნიგერია – 1997; ტანზანია – 2001; განა – 2005) (ადამ უოგსტაფი, “ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის ხელახალი შესწავლა”, მსოფლიო ბანკი, 2007 წ.).

თენგიზ ვერულავა

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

About these ads

Responses

  1. ძალიან, ძალიან კარგი პოსტია : )

  2. თენგო, დიდი მადლობა. ასე უშურველი, უსასყიდლო და რაცმთავარია, ღრმადპროფესიონალური სტატიებისთვის. მაია

    • მადლობა მაია


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 2,640 other followers

%d bloggers like this: